მთავარი,სიახლეები

ქართველი მუსლიმები: უნდა დასრულდეს ჩვენი საფრთხედ მიჩნევა და დისკრიმინაცია

21.06.2021 • 8001
ქართველი მუსლიმები: უნდა დასრულდეს ჩვენი საფრთხედ მიჩნევა და დისკრიმინაცია

„მე ვკითხულობ ყურანს და ვარ ქართველი“, „მე ვატარებ ჰიჯაბს და ვარ ქართველი“ – ამ ფრაზების გამეორება ხშირად უწევთ ქართველ მუსლიმებს. ეს ფრაზები გაიმეორეს „სოლიდარობის თემის“ წევრებმა მოცეკვავე თეა დარჩიას საპასუხოდ. მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ აჭარელ მუსლიმებში, რომლებიც ყურანს კითხულობენ, „აღარაფერი ქართული აღარ დარჩა“.

ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ მათი დისკრიმინაცია და საფრთხედ მიჩნევა უნდა დასრულდეს და აღარ უნდა უწევდეთ იმის მტკიცება, რომ ისინიც ქართველები, ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალქეები არიან.

ჰურიე აბაშიძე „სოლიდარობის თემის“ ერთ-ერთი აქტივისტი მიიჩნევს, რომ სტიგმა, რომელიც ქართველი მუსლიმების მიმართ არსებობს, ძალას კარგავს ახალ თაობაში. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ამ ნარატივით იკვებება.

„ჩვენ ცვლილებებს ვხედავთ ახალგაზრდებში. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა სავალალო მდგომარეობაში გვაქვს, ნელა, მაგრამ მაინც ცვლის ღირებულებებს.

თუმცა უფროსი თაობის დიდი ნაწილში ისევ მყარად არის გამჯდარი სტერეოტიპები. ისტორიას მოიშველიებენ ხოლმე მიზეზად და ეს ისტორიაც ხომ განათლებაა. ამიტომ ვფიქრობ, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ძირეული ცვლილებები“, – ამბობს ჰურიე.

მისი აზრით, ღრმად გამჯდარი წარმოდგენებია იმის მიზეზი, რომ ადამიანები დაუფიქრებლად, გადაუმოწმებელ, მცდარ წარმოდგენებზე აგებული შეხედულებებით სტკენენ სხვა ადამიანებს გულს.

„მხოლოდ საკუთარი თავი ჰგონიათ მნიშვნელოვანი. თუ მე მართლმადიდებელი ვარ, ესე იგი, ყველაფრის უფლება მაქვს – ამ განწყობით არიან და თავს უფლებას აძლევენ ღიად მიაყენონ სხვა თანამოქალაქეებს შეურაცხყოფა.

რამდენჯერაც გავუღიმეთ მათ, თავი დავხარეთ, უფრო მეტად მოგვიხსენიეს უარყოფით კონტექსტში. ამიტომ რეაქცია აუცილებელია, მაგრამ არა აგრესიული, არამედ ჯანსაღი კრიტიკა“, – ამბობს ჰურიე აბაშიძე.

ჰურიეს თქმით, სტიგმებით და ცრურწმენებით, რომ ქართველი ვერ იქნება მუსლიმი ან სხვა რელიგიის აღმსარებელი, გარდა მართლმადიდებლისა, გაჯერებულია საგანმანათლებლო სივრცე.

„სახელმძღვანელოებში ისლამი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც მტრის რელიგია. თუ ტექსტში არ დავწერთ, რომ თემურლენგი იყო პრობლემა ან აღა-მაჰმად ხანი, რომელიც იპყრობდა საქართველოს და დავწერთ ისლამისტები იყვნენ ქვეყნის დამპყრობლემი და მტრები, ბუნებრივია, ეს გააძლიერებს მუსლიმების მიმართ სტიგმას“, – ამბობს ჰურიე. მისი თქმით, ცალკე პრობლემაა სკოლის მასწავლებლების ლექსიკა და ამაზეც უნდა მიდიოდეს მუშაობა, რომ სწორად მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია.

ჰურიე ასევე საუბრობს პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირების პასუხისმგებლობაზეც.

მისი თქმით, ამის კარგი მაგალითი იყო ბუკნარის მოვლენები, სადაც პარლამენტის წევრმა თქვა მსგავსი რამ, რომ „ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი“. „აი, აქამდეც მივდივართ ხშირად, როცა პარლამენტარიც კი ვერ მიჯნავს რელიგიას და ეთნოსს“, – ამბობს ჰურიე.

ზაზა მიქელაძე, ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც ამავე დროს „სოლიდარობის თემის“ აქტივისტიცაა, მიიჩნევს, რომ სტანდარტები, რომლითაც დღემდე ქართველობა განისაზღვრება, იმ პრობლემებიდან მოდის, რომლებიც ძალიან ღრმა და კომპლექსურია.

„ეს განსაზღვრება არა მარტო ქართველ მუსლიმებს არ მოიაზრებს ქართველებად, არამედ ყველას, ვინც არ არის მართლმადიდებელი. საუბარია სამოქალაქო ნაციონალიზმზე დაფუძნებულ ქართველობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი, აკადემიური სივრცის მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილი ხმამაღლა საუბრობს ამ პრობლემაზე, ქართველების მუსლიმობის თემა დღის წესრიგში მაინც დგას“.

ზაზა მიქელაძე იზიარებს იმ აზრს, რომ სტერეოტიპებს განათლების სისტემა უწყობს ხელს, რადგან მთლიანად გამორიცხავს ინკლუზიური და მრავალფეროვანი საზოგადოების წარმოჩენას ისტორიულ კონტექსტში.

„მუსლიმებისგან მუდმივად იქმნება მტრის ხატი და ეს უფრო მეტად უწყობს ხელს გაუცხოებას ქართველი მუსლიმების მიმართ. „თქვენ მტრის რელიგიაზე ხართ“, „გაყიდეთ რწმენა“, – ეს ერთი და მეორე: „უნდა დაუბრუნდეთ წინაპრების რელიგიას“, – ეს დამოკიდებულებაა.

ამას ხელს უწყობს საჯარო პირების განცხადებები, რომლებიც ასევე სიძულვილის ენას შეიცავს, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დგას მსგავსი თემები, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისა და ცალკეული მედიასაშუალებების.

ჩვენ ვხედავთ ძალიან მძაფრ პრორუსულ კამპანიას, რომელიც ქვეყანაშია, ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა ამის ერთ-ერთი მაგალითია და ფალავანდიშვილის სირბილი ქუჩებში, რომელიც სისხლის სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება ყოველდღე. მათი ანტიდასავლური განწყობების დატოვება რეაქციის გარეშე არის დანაშაულის წახალისება ხელისუფლების მხრიდან. ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ასეთი ადამიანების თუ დაჯგუფებების ადვოკატირება ახდენს საზოგადოებაზე ზეგავლენას“, – ამბობს ზაზა მიქელაძე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არა მარტო ქართველი მუსლიმების, ზოგადად ადამიანების უფლებები დგას საფრთხის წინაშე:

„ამაზე მეტყველებს თუნდაც ირაკლი კობახიძის განცხადება თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ის, ვინც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებას და ფეხქვეშ თელავს გამოხატვის თავისუფლებას, დემონსტრაციის უფლებას, ადამიანის უფლებებს და იცავს იმ ხალხის უფლებას, რომლებიც კომბლებით დადიან ქუჩაში. სწორედ ამაზე თვალის გასწორებით შევძლებთ გვქონდეს ჯანსაღი სახელმწიფოებრივი პოზიცია“.

„სოლიდარობის თემის“ კიდევ ერთ აქტივისტს, ლია დეკანაძესაც ესაუბრა „ბათუმელები“, რომელიც ამბობს, რომ შხამი, რომელიც საზოგადოებას წამლავს, ეთნონაციონალიზმია.

„სანამ ინტოქსიკაცია თავს იჩენს, მანამდე უნდა ვუწამლოთ ხოლმე, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ძალიან გამჯდარია ეს შხამი“, – გვეუბნება ლია.

მისი აზრით, შესაძლოა მუსლიმების მიმართ შიში პატარა ქვეყნის კომპლექსის იყოს, რომელიც გეოპოლიტიკურ საფრთხეებს უკავშირდებოდეს. „ხშირად გვსმენია, რომ ქართველი მუსლიმები თურქეთის ინტერესებს აძლიერებენ რეგიონში. თუმცა ამის კონკრეტული მაგალითი ვერასდროს ვერ მოჰყავთ, თუ რაში გამოიხატება თურქეთის გაძლიერება. „ნატოს“ წევრი რომ ვიყოთ, შესაძლოა ეს შიში შესუსტდეს, რადგან თურქეთიც „ნატოს წევრია“. თუმცა არ ვიცი, ესეც უშველის თუ არა ამ ნაციონალისტურ განწყობებს“, – ამბობს ლია დეკანაძე.

ის ამბობს, რომ მუდმივად თავის მართლების პოზიცია მომაბეზრებელია: „ვამბობ, რომ საკმარისია!“, რადგან ძალიან შემაწუხებელიაა იმის მტკიცება, რომ ქართველი ხარ. თუმცა შემდეგ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურ დონეზე, პირადი მაგალითით, იქნება შესაძლებელია რაიმეს შეცვლა.“

მისი თქმით, მტკივნეულია ადამიანების განწყობა, როცა სოციალურ ქსელებში მეჩეთებზე წერენ, რომ „დაინგრეს“, „დალპეს“.

„წერენ, უნდა წაიშალოს ყველა კვალი, რაც ისლამთან არის კავშირში. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მეჩეთები ამ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა, ძეგლებზეა საუბარი, რომელიც მართლა ინგრევა და ნადგურდება. არ აქვთ განცდა, რომ ეს მათია. მაშინვე ტაო-კლარჯეთი მოჰყავთ ხოლმე საპირწონედ. იქ ხომ ინგრევა, აქაც უნდა განადგურდეს. თუმცა იმ ფაქტს ვერ ვხსნი, რომ თურქეთში მცხოვრები ქართელების მიმართ არ აქვთ ასეთი სიძულვილი, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები არიან, ჩვენ მიმართ კი აქვთ“, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

თორნიკე აბულაძეც „სოლიდარობის თემის“ წევრია. ის ილიას უნივერსიტეტში სოციოლოგიაზე სწავლობს. თორნიკე არ არის მუსლიმი, თუმცა მიიჩნევს, რომ ქართველი მუსლიმების მხარდაჭერა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე არ ვარ მუსლიმი, თუმცა ჩემი ოჯახი მულტირელიგიურია. მყავს  მუსლიმი მეგობრებიც და ვხედავ, როგორ დისკრიმინაციას განიცდიან ისინი აღმსარებლობის გამო. უნივერსიტეტშიც ყოფილა შემთხვევები, როცა კურსელები ამბობდნენ, რომ „მუსლიმი არ არის ქართველი“ და ამის გამო პოლემიკა გამართულა.

ვფიქრობ, ამ საკითხში მნიშვნელოვანია საპატრიარქოს გავლენა, რადგან ისინი საუბრობენ ხოლმე მუსლიმების მიმართ ასეთი განწყობით და თუ მათი პოზიციები შეიცვლება, საზოგადოებაც გადახედავს თავის შეხედულებებს“, – ამბობს თორნიკე.

მისი აზრით, საპატრიარქო, ასევე სხვადასხვა რადიკალური ჯგუფი სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართაც საუბრობენ სიძულვილის ენით, „თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ქართველი მუსლიმები ხდებიან ამ აგრესიის სამიზნე“.

_______________

მსგავს თემაზე:

„ძალიან გვწყინს, როცა წერენ, „წავიდნენ თავიანთ აზერბაიჯანში“ – სიძულვილის კამპანია FB-ში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: