როგორ გაიზარდა ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით? – „ეს არის რუსული მოდელი“

„ოცნების“ მთავრობა აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შემდეგ, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

მაგალითად, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში 3 553 ნარკოდანაშაულის [სსკ-ის 260 – 274 მუხლები] შემთხვევა დაფიქსირდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 1738 ნარკოდანაშაულის ფაქტის ჩადენა დაფიქსირდა. მხოლოდ ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით გაიზარდა.

„ეს არის რუსული მოდელი – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა,“ – მკაფიო შეფასება აქვს ნარკოდანაშაულის გაზრდილ სტატისტიკაზე ექიმ-ნარკოლოგს და “ფედერალისტების” ერთ-ერთ ლიდერს – ზურაბ სიხარულიძეს. – „ციხეებში დაპატიმრებულები ვეღარ მოიხმარენ ნარკოტიკს?… თუ დასჭირდებათ, საარჩევნოდ, გამოუშვებენ. რეალიზატორებს კი, რომლებსაც წესით უვადო ან 20 წელი უნდა ჰქონდეთ, საპროცესოს უფორმებენ… როცა მხოლოდ მიწოდებას ებრძვი და მოთხოვნა ისევ დიდია, ასე პრობლემა არსად არ გვარდება.

ჩვენ უკვე დაბრუნებული ვარ 90-იან წლებში, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ ახლა, ვიდრე 90-იანებში გვქონდა, ისეთი ნარკოტიკული საშუალებები შემოვიდა ბაზარზე, არავინ იცის, რა არის, კიდევ უფრო მეტად გაზრდილია საფრთხე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი-ნარკოლოგი, ფედრალისტი ზურაბ სიხარულიძე.

რა იცვლება ნარკოდანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებით? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ექიმს, ფედერალისტს, ზურაბ სიხარულიძეს და ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს ესაუბრა.

  • კიდევ რა ჩანს სტატისტიკიდან? 

ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი საქართველოში 2025 წლიდან მკვეთრად იზრდება, მას შემდეგ, როცა ქვეყანაში ნარკოდანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა.

შსს-ს სტატისტიკით, 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით 10 4475 ნარკოდანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 5322 პირი გახდა მსჯავრდებული [უცნობია, მათ შორის, რამდენია პატიმრობაში]. 2024 წელს კი ნარკოდანაშაულის 5 598 ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 87 %-ით გაიზარდა.

სხვადასხვა დანაშაულის მიხედვით მსჯავრდებულთა რაოდენობას პერიოდულად აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

  • 2025 წელს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული 5322 პირი
  • 2024 წელს 2814 პირი
  • 2023 წელს – 2636
  • 2022 წელს – 2063
  • 2021 – 1254
  • 2020 – 1216.

ნარკოდანაშაულის 2025 წლის მაჩვენებელი – 5322, არც წინა მთავრობის წლებში არ დაფიქსირებულა, მაგალითად, 2012 წელს ნარკოდანაშაულისთვის 1 100 პირი იყო მსჯავრდებული, 2010 წელს – 2374.

  • რა უთხრა მოსამართლეს ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ქალმა? 

დღე არ გავა, მინიმუმ რამდენიმე ნარკოდანაშაულის საქმე არ განიხილონ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომების ჩამონათვალზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმის დასანახავად, რომ საქმეების თითქმის ნახევარი ყოველ დღე ნარკოდანაშაულს ეხება.

მაგალითად, გუშინ, 24 ივლისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ქალს ანასტასია ჩ.-ს მოუსმინა. პროკურატურის ვერსიით, მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა 0.282 გრამი კოკაინი, რაც ბრალდებულის ბინის ჩხრეკის დროს იპოვეს. მანამდე კი, ბრალდებული ქალი, ციხისძირში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს და 44,867 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამოუღეს.

ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა. მისი თქმით, იგი მეგობარ კაცთან ერთად, რომელიც IT სპეციალისტია, საქართველოში საცხოვრებლად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ წამოვიდა. წყვილი მახინჯაურში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში.

ანასტასია ჩ.-ს ჩვენების მიხედვით, მას ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და წარსულში პარტნიორმა რამდენჯერმე მხოლოდ მარიხუანა მოაწევინა.

„დანიელთან დაშორება მქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე დამაკავებდნენ… დაკავებამდე 2 კვირით ადრე დანიელი მოვიდა სახლში თავზე ჭრილობით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა, მაგრამ არ თქვა, რა მოხდა… მითხრა, არ მსურს პოლიციასთან კავშირი და შენც არ მოგიყვები, რა მოხდა, ასე სჯობია შენივე უსაფრთხოებისთვისო. დანიელმა კერძო ექიმის მოყვანაზეც უარი მითხრა, თავისით სვამდა ტკივილგამაყუჩებლებს.

იმ დღეს, ვიდრე დამაკავებდნენ, მთხოვა, რაღაც ნივთია გამოგზავნილი და სანატორიუმის ტერიტორიაზე უნდა შევხვედროდი მეგობარს… დავთანხმდი, რადგან მას სიარული არ შეეძლო… იქ ღობეზე დამხვდა ჩამოკიდებული ნაჭრის ჩანთა. დანიელს დავურეკე და ვკითხე, ეს უნდა იყოს შენი მეგობრის დანატოვარი ნივთი-მეთქი და კიო.

ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი, ამ დროს მოვიდა ჩემთან ორი პოლიციელი,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

ანასტასია ჩ.-ს თქმით, მას დანიელი, ანუ პარტნიორი დაჰპირდა, რომ სასამართლოში მოვიდოდა და ყველაფერს იტყოდა, თუმცა ჩვენების მიცემამდე დანიელი გაუჩინარდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა შოთა ხორავამ ანასტასიას პარტნიორის – დანიელის გამოკითხვის ოქმი თავად წაიკითხა. ამ ოქმის მიხედვით, დანიელი ამბობს, რომ ქალს ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ხოლო როცა ანასტასიას დაკავების შემდეგ მათი ბინა გაჩხრიკეს და იქიდანაც ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ის ნარკოტიკული ნივთიერება პოლიციელებმა ჩაუდეს.

„რაც დაფიქსირდა, არ იყო სინამდვილე… პოლიციელები მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ამიტომაც მოვაწერე ხელი გარკვეულ დოკუმენტებს,“ – უთქვამს დანიელს ადვოკატისთვის.

აქ საინტერესო ერთი გარემოებაა: პოლიციელებმა სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, სადაც მხოლოდ დანიელი იყო, მაგრამ მათ არათუ არ დააკავეს ეს კაცი, ნარკოლოგიური შემოწმებაც კი არ ჩაუტარეს.

ადვოკატი შოთა ხორავა ამბობს, რომ ეჭვი აქვს, ეს კაცი მართლაც იყო ჩართული ნარკოდანაშაულში და მუშაობდა „დამდებად“, ანუ რეალიზების ხელშემწყობი იყო:

„სავარაუდოდ, იმ დღეს, როცა ის გასისხლიანებული გავიდა, პოლიციელებმა შენიშნეს, ვერაფერი დაუდასტურეს, მაგრამ აიძულებდნენ თანამშრომლობას, შემდეგ კი, შედგა გარიგება…

პროკურატურას არ აქვს პასუხი: რატომ არ დააკავეს ეს კაცი. დღეს ამბობენ, ვერ ვპოულობთო, მაგრამ მანამდე? მას ნარკოლოგიური შემოწმებაც კი არ ჩაუტარეს. გარდა ამისა, ექსპერტიზა არ ჩაუტარეს ტელეფონს, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოართვეს, შინაარსობრივად მიმოწერა არავის გამოუკვლევია. გამოძიებას არც ექსპერტიზა დაუნიშნავს, რომ დაედგინა ბრალდებულის კავშირი ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან.

სავარაუდოდ, რადგან ეს ქალი მასთან დაშორებას აპირებდა, კაცმა ეს მოიფიქრა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა შოთა ხორავამ.

ბრალდებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ბიპოლარული, აფექტური აშლილობა აქვს და ეს დადასტურებულია შესაბამისი დასკვნებით.

ანასტასია ჩ.-ს თქმით, დარღვეულია ასევე დაკავების პროცედურები: ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს, კაცმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე ვიდეო გადაიღეს და ოქმებიც შეავსეს ქალი პოლიციელების გამოჩენის შემდეგ.

  • ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი: „მოსამართლეებს შეუძლიათ შეაჩერონ საქმის განხილვა და მიმართონ საკონსტიტუციოს… “ 

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, როგორ აუარეს გვერდი ბოლო პერიოდში „ოცნების“ პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულის შესახებ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, იმას, რომ მარიხუანას მცირე ოდენობაზე არ შეიძლება ადამიანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

„მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ტეტრაჰიდროკანაბინოლთან მიმართებით, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული რაოდენობის შეძენა-შენახვის შემთხვევაში, არ შეიძლება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. აღნიშნული მუხლი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამიტომ საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშავა ახალი მუხლი, თუ მანამდე ამოიღეს 273-ე მუხლი, ამჯერად კანაფი გადავიდა 260-ე მუხლში, ანუ ზოგად ნარკოტიკულ დანაშაულში და გამკაცრდა პოლიტიკა.

ირაკლი ჩომახაშვილი

რახან 273-ე მუხლი გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიიღეს ახალი მუხლები: 260 პრიმა, 260 სეკუნდა, 260 ტერცია –  ახლები მიიღეს. ეს არის საკანონმდებლო რეგულაციის ტექნიკის ამბავი… მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვაზე [5 გრამი მარიხუანა გამომშრალი და 10 გრამი – ნედლი მარიხუანა], ფაქტობრივად, ახალი რეგულაციებით, სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ისევ თავისუფლების აღკვეთა.

ასე მოხდა კიდეც: ერთ-ერთ საქმეზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა უარი, რადგან შეთანხმება ითვალისწინებდა ერთწლიან თავისუფლების აღკვეთას პირობით, მაგრამ სააპელაციომ დააკმაყოფილა საპროცესო: ჩვენ დღეს მოქმედ კანონმდებლობას აღვასრულებთო, თუ ვინმე მიმართავს საკონსტიტუციოს, შემდეგ ვიმსჯელოთო.

გამოდის, სიკვდილით დასჯა რომ შემოვიდეს, ვიდრე საკონსტიტუციოს არ მივმართავ და ის არ იტყვის, რომ ეს არაკონსტიტუციურია, სასამართლომ ასეთი კანონით უნდა აღასრულოს სამართალი?

265-ე მუხლი ეხებოდა მცენარე კანაფის კულტივირებას. რადგან საკონსტიტუციომ 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიც გააუქმა, ამათ ტექნიკა გამოიყენეს – გააუქმეს 265-ე მუხლი, მაგრამ 265 პრიმა დაამატეს, შინაარსობრივად აბსოლუტურად იგივე ჩაწერეს: ეს ახალი ჩანაწერია და შეგიძლიათ ხელახლა მიმართოთ საკონსტიტუციოსო. სავარაუდოდ, შეიძლება უკვე იციან, რომ საკონსტიტუციომ მიდგომა შეცვალა,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

რა შეუძლია ამ დროს მოსამართლეს? – ადვოკატი კითხვის პასუხად თეთრიწყაროს ცნობილ მოსამართლეს გვახსენებს, ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც მარიხუანას ნაწილშიც მიმართა საკონსტიტუციოს, „ოცნების“ პარლამენტის რეპრესიული კანონებით ვერ გავასამართლებ მე ადამიანებსო. ამ მოსამართლის წარდგინებები საკონსტიტუციომ არც კი განიხილა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად რამდენიმე მოსამართლე გააჩერებს საქმის განხილვას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს?

თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„სასამართლოს, რა თქმა უნდა, შეუძლია, შეაჩეროს საქმის განხილვა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც საუბარია ნარკოტიკული საშუალების პირად მოხმარებაზე და თავისუფლების აღკვეთის სასჯელის სახით განსაზღვრაზე. ეს შეუძლია სასამართლოს და არ აკეთებს,“ – დასძინა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

  • ექიმი ზურაბ სიხარულიძე: „ეს არის რუსული მოდელი… ამიტომ სჭირდებოდათ კიდევ უფრო გამკაცრება“ 

ნარკოპოლიტიკის გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი, ფედერალისტი ზურაბ სიხარულიძე შეკითხვას გვიბრუნებს:

„რამდენჯერ მოგისმენიათ შსს-ს ნიუსებში, ნარკოტიკების რეალიზებისთვის დავაკავეთ ხალხიო? ახლა ის ვიკითხოთ, რამდენი უვადო პატიმარი გვყავს? ნარკოტიკების რეალიზება უვადოს ითვალისწინებს, ან 20 წლით პატიმრობას?

მაგრამ უვადო პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია საქართველოში. სინამდვილე ისაა, რომ პატიმრობაში არიან მომხმარებლები. სხვებს ძირითადად საპროცესოს უფორმებენ,“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე, იგი ექიმი-ნარკოლოგია და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი.

ზურაბ სიხარულიძე

ექიმი ცდილობს, დაგვანახოს სურათი, რომელიც დღითიდღე მძიმდება, რადგან მთავრობა ზიანის შემცირებას კი არ ცდილობს, რაც დასავლური გამოცდილებაა, არამედ ებრძვის მხოლოდ ნარკოტიკების მიწოდებას. ზურაბ სიხარულიძე ხაზს უსვამს, რომ ზიანის შემცირების პროგრამა მხოლოდ რუსეთში არ აქვთ. „ოცნების“ მთავრობა კი, ნარკოპოლიტიკასაც რუსულ მოდელს ამსგავსებს.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 ათასი ინტრავენური მომხმარებელი, ეს არის პოპულაციის 2.2 %,“ – გვესაუბრება ზურაბ სიხარულიძე. – „ამას ემატება გაურკვეველი რაოდენობა, ვინც მოიხმარს სააფთიაქო ნარკოტიკს. პლუს ადამიანები, რომლებიც არაინტრავენურად, ანუ მოწევით, შესუნთქვით, ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარენ… შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დაახლოებით 250 000-მდე ადამიანი მოიხმარს დღეს ნარკოტიკს. ეს არის კატასტროფული ციფრი.

ბაზარზე დღეს ტრიალებს ძირითადად ოპიატები, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თუ ეს ადამიანი სათანადო დახმარებას არ მიიღებს, ის აუცილებლად მოძებნის ნარკოტიკს. როცა შენ მხოლოდ ებრძვი მიწოდებას, რაც რეალურად ნამდვილად კარგია, მეორეს მხრივ, როცა დეფიციტი აღმოჩნდება ბაზარზე, მაშინ ჯანდაცვა უნდა ჩაერთოს, რომ ეს მოთხოვნა ქუჩის ნარკოტიკით არ იქნას დაკმაყოფილებული… ამას უნდა დაუპირისპირო ზიანის შემცირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ზიანის შემცირება არ არის…ეს არის რეპრესიული მიდგომა, ზიანის შემცირების პროგრამების დაიგნორება, რომ ეს ლეგალური ნარკომანიაა, როგორც ამას ჩვენი მთავრობაც ამბობს უკვე. გასაგებია ხომ საითკენაც მივდივართ? ადამიანი, რომელიც უარყოფს ევროპულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს, ზოგადად დემოკრატიის პრინციპებს.

კვლევებში მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს ნარკომანიის პრობლემად და არსებობს გაცნობიერების პრობლემა, რომ მიწოდების აკრძალვით არ გვარდება პრობლემა. პატიმრობის შემდეგ რამდენი ადამიანი უბრუნდება ნარკოტიკს? ზედოზირების სტატისტიკას რატომ არ აქვეყნებენ? – იმიტომ, რომ ეს იქნება მათი ნარკოპოლიტიკის კრახი.

ციხეებში გამოკეტვით რა იცვლება? დააკვირდით საარჩევნო წლებს – რამდენ მომხმარებელს უშვებენ გარეთ იმიტომ, რომ ასე სჭირდებათ. პოლიტიკურ იარაღად არიან ქცეული ეს ადამიანები, მუდმივად ზეწოლის და შანტაჟის მსხვერპლი… ზეწოლის ქვეშ არიან მათი ოჯახებიც.

ამგვარად, ჩვენ მივალთ უკონტროლობამდე, დაბრუნებული ვართ უკვე 90-იანებში…“ – გვითხრა ექიმმა, „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ.

ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

თვითმხილველის ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი ახალგაზრდა კაცი, მათგან ერთი მსუბუქად არის დაშავებული, მეორე შედარებით მძიმედ,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 437 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 208 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 25 011 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 46 724 ერთეული [+78]
  • MLRS – 1 968 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 518 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 426 836 ერთეული [+1 596]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 023 ერთეული [+17]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 125 358 ერთეული [+571]
  • სპეცტექნიკა – 4 462 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 943 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოავარია დღეს, 25 ივლისს, გამთენიისას მოხდა ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ტურისტებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მგზავრები სამარშრუტო ტაქსიდან გადმოცვივდნენ.

კრასნოდარში დააკავეს ქალი, რომელმაც დრონით თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა

რუსული მედიის თანახმად, პოლიციამ დააკავა 19 წლის გოგო, რომელმაც დრონების თავდასხმის შედეგები, ანუ ხანძარი გადაიღო და შემდეგ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მედიის თანახმად, 22 ივლისს, კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ Telegram არხებზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქალი ხანძრისკენ მიუთითებს და სარკასტულად ამბობს: „მაგარია, დედა უმუშევარი დარჩა“.

პოლიციის ცნობით, ცენტრი E-ის თანამშრომლებმა ერთ-ერთი აპლიკაციის შეტყობინებაში აღმოაჩინეს პოსტი, „რომელშიც ქალი მიუთითებს საწყობზე, სადაც დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და მის გვერდით არსებულ სხვა ობიექტებზე“.

სამართალდამცავებმა დაადგინეს ამ ვიდეოს ავტორი – ის აღმოჩნდა 19 წლის გოგო, ადგილობრივ მცხოვრები.

ქალმა დაარღვია ყუბანის ტერიტორიაზე არსებული აკრძალვა, რაც არეგულირებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის, დრონების გამოყენების შედეგების და სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ მასალების გადაღებასა და გავრცელებას – აცხადებენ რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები.

პოლიციამ ასევე გამოაქვეყნეს ამ გოგოს ბოდიშის მოხდის ვიდეო.

სად აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტით

სახელმწიფოს საკუთრებაში ცალკე საკადასტრო კოდად დაარეგისტრირეს ნაკვეთი მდინარე ჭოროხზე, რომელიც ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის პროექტის არეალშია და სადაც საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს.

ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე მოქმედი [ე.წ. გონიოს] ხიდიდან ზემოთ, დაახლოებით 2,4 კილომეტრით იქნება დაშორებული.

ხიდი ბათუმის შემოვლით გზას ქალაქის სამრეწველო ზონიდან დააკავშირებს გვირაბს, რომლის მშენებლობაც ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში დაიწყება.

ახალი ხიდის საპროექტო ტერიტორია [აღნიშნულია წითელი ხაზით] მდინარე ჭოროხზე
ჭოროხის კალაპოტის სიგანე, იმ ადგილზე, სადაც ხიდი უნდა აშენდეს, დაახლოებით 1 კილომეტრია.

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი სწორედ ახალ ხიდზე და გვირაბში გაივლის.

მდინარე ჭოროხი. მარცხნივ, ფოტოზე ადგილი, სადაც ახალი ხიდი უნდა აშენდეს.  23.07.2026

ახალი გვირაბი, რომლის მშენებლობა სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე დაიწყება, სარფში, ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ გამოვა. ამ გვირაბის სიგრძე პროექტის მიხედვით 7,6 კილომეტრი იქნება

პროექტის გამო კერძო საკუთრების გამოსყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგან კი ექსპროპრიაცია გახდა საჭირო.

ბათუმი-სარფის გზის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.

„მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, ჯამური საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთებისათვის შეადგენს 61 410 384 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობებისათვის – 44 630 671 ლარს. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება დაიწყო 2025 წლის აგვისტოს თვეში“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელებისთვის“ 2025 წლის 11 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში. 

ავტობანი, გვირაბიდან თურქეთის საზღვრამდე მონაკვეთში, ბათუმი-სარფის არსებულ გზას დაემთხვევა.

დოკუმენტების მიხედვით ახალ გზას სარფის პლაჟთან შეხება არ ექნება.

ადგილები სადაც ბათუმი-სარფის ახალი გზა გაივლის / 23.07.2026

პროექტით, ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილია დარღვეული ნაპირდამცავი კონსტრუქციის შეკეთება. ასევე, ზოგ ადგილებში სანაპიროს დიდი ზომის ლოდებით და ტეტრაპოდებითაც გაამაგრებენ.

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობა 2031 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

მიუხედავად ამისა, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში გვირაბის მშენებლობა დაიწყება.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

6 თვეში ჯარიმებიდან 148 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან 2026 წლის ბიუჯეტში, 6 თვეში, 148 მილიონი ლარი შევიდა.

სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით ამ თანხიდან 59.3 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში, 89 მილიონი კი – თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტში შევიდა.

მათ შორის, პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმამ 11 მილიონ 193 937 ლარი შეადგინა;

უბილეთოდ მგზავრობის გამო გადახდილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 მილიონ 660 792 ლარი გადაიხადეს, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო კი – 82 044 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით შემოსავალი ავტომობილის გაჩერების წესების დაუცველობისათვის ბიუჯეტში შევიდა 20 მილიონ 099 941 ლარი.

თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება – დგომისათვის ბიუჯეტში 52 757 ლარი გადაუხდიათ.

ველობილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება – დგომისათვის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან TEST ნომრის გარეშე – 1 მილიონ 173 940 ლარია გადახდილი.

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის [N1, N2 და N3 კატეგორიების] მოძრაობა ან ეკონომიკური საქმიანობის განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევისათვის ბიუჯეტში 651 335 ლარი გადაუხდიათ.

“უყოყმანოდ დავთანხმდი” – დედის რძის პირველი ბანკის პირველი დონორი ბათუმიდან

10 ივლისს ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ქალის რძის პირველი ბანკი გაიხსნა.

ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველოში და რეგიონში ქალის რძის ბანკი იხსნება. როგორც ბათუმის ბავშვთა ჰოსპიტლის ადმინისტრაცია განმარტავს, ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას.

დედის რძე განსაკუთრებით აუცილებელია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდებათ.

საქართველოში და აჭარის რეგიონში პირველი რძის ბანკის პირველი დონორი 34 წლის ბათუმელი ხათუნა ფაღავაა.

ხათუნა დედა მესამედ 5 ივნისს გახდა. სწორედ მესამე ფეხმძიმობისას აღმოაჩნდა ჭარბი რძე და მიიღო შეთავაზება კლინიკისგან, რომ დედის რძის პირველი დონორი გამხდარიყო.

რა არის საჭირო იმისათვის რომ დონორი გახდე და რა პროცედურას გადის ქალის რძე, სანამ ის საჭიროების მქონე ახალშობილამდე მივა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დედის რძის პირველ დონორ ქალს, ხათუნა ფაღავას ესაუბრა.

  • ქალბატონო ხათუნა, როგორ გაიგეთ, რომ დედის რძის დონორობა იყო შესაძლებელი საქართველოში?

ამჟამად ლაქტაციას გავდივარ ჩემი მესამე შვილის წყალობით, რომელიც შემეძინა ხუთ ივნისს. გამოწერის დღეს როცა უკვე დაწყებული მქონდა ჰიპერლაქტაცია, ექიმმა მითხრა, რომ იგეგმებოდა რძის ბანკის გახსნა და შემეძლო ვყოფილიყავი დონორი.

  • თქვენი პირველი რეაქცია რა იყო, როდესაც შემოგთავაზეს დონორობა, რა დრო დაგჭირდათ დასათანხმებლად?

პირველი ბავშვის გაზრდა მომიწია „ფორმულით“ რაღაც მიზეზების და სირთულეების გამო, ახალბედა და გამოუცდელი დედა ვიყავი. მეორე ბავშვზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და დავაგროვე. ვიცოდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვილისთვის დედის რძე. როცა გავიგე რძის ბანკის შესახებ, უყოყმანოდ დავთანხმდი, არც კი მიფიქრია, იმიტომ რომ ამით დღენაკლულ პატარებს გამოკვებავენ.

  • რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფაქტი, რომ საქართველოში პირველი რძის ბანკის პირველი დონორი ხართ?

ძალიან მიხარია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ამ კარგ საქმეში და შესაძლებლობა მომეცა მცირედით დავეხმარო პატარებს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი მეძუძური დედა გაიგებს რძის ბანკის არსებობის შესახებ და გამოთქვამს სურვილს დონორობაზე, მით უკეთესი იქნება პატარებისათვის.

თან ძალიან მადლიანი საქმეა.

  • თავად პროცესი რომ აღგვიწეროთ დონორობის, რა დროს მოითხოვს ქალისგან?

რძის შეგროვება ხდება შესაბამისი წესების დაცვით. სტერილური რძის საწველით ყოველდღიურად ვაგროვებ, ვასხამ ისევ კლინიკის მიერ მოწოდებულ რძის პაკეტებში და ვყინავ მინუს-მაცივარში. პაკეტებიდან უნდა გამოიტუმბოს ჰაერი მაქსიმალურად, უნდა იყოს შენახული საკვები პროდუქტებისგან იზოლირებით, მაგალითად, თავდახურულ კონტეინერში შეუძლიათ გაყინონ რძის პაკეტები.

სამ-ოთხ დღეში ერთხელ ვუკავშირდები პერსონალს და თერმობოქსით მიაქვთ გაყინული პაკეტები.

დედებს, რომლებსაც სურთ დონორობა და ასევე დედებს, რომლებსაც აინტერესებთ რა პროცესს გადის რძე, სანამ მათი პატარა გამოიკვებება, ვეტყვი შემდეგს:

პირველ რიგში დონორი იტარებს კვლევებს, შემდეგ იღებს თანხმობას რძის დონორობაზე, შემდეგ აბარებს შეგროვებულ რძეს და უკვე ჩაბარებულ რძეს უტარდება ცალკე კვლევა ბაქტერიოლოგიაზე. ამის შემდეგ რძე გაივლის პასტერიზაციას.

ყველა პროცედურა ტარდება ევროპული სტანდარტებით და მკაცრად კონტროლდება.

მე ორივე გამოვცადე, ხელოვნური კვებაც და ლაქტაციაც. პირველი შვილი „ფორმულით“ გამოვკვებე, ხოლო დანარჩენ ორზე გავდივარ ლაქტაციის პროცესს. დედები, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება რომ ბავშვი ბუნებრივი რძით გამოეკვებათ, თავს იდანაშაულებენ ხოლმე… როგორც მე ვიყავი  პირველ ბავშვზე… მაგრამ მთავარია პატარას ჰყავდეს ბედნიერი დედა. ამის ხაზგასმა მინდა პირველ რიგში. ხელოვნურით გამოიკვებება თუ ლაქტაციით, დედებმა თავი არ დაიდანაშაულონ ამაში.

მეორეს მხრივ, მე ვხედავ განსხვავებას. ვინაიდან პირველი შვილი „ფორმულით“ გავზარდე, მომიწია შეჯახება კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან. დანარჩენ ორ ბავშვზე არ მქონია მსგავსი პრობლემა.

ბუნებრივი კვება გავლენას ახდენს ძილის პროცესზეც. ლაქტაციის დროს ჩემთვის უფრო მარტივია ბავშვის დაძინება. გავლენა აქვს ჯანმრთელობაზეც.

აი, ჩვილობაში მქონდა მეორე ბავშვზე რაღაც პრობლემა, ვირუსი და ვფიქრობ, ალბათ ხელოვნურზე რომ ყოფილიყო, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო რთული იქნებოდა.

  • ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში რძის ბანკი გაიხსნა. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ბანკების არსებობა სხვა რეგიონებშიც?

ძალიან კარგი იქნება თუ სხვა რეგიონებშიც ექნებათ დღენაკლულ ჩვილებს დედის რძით გამოკვების საშუალება. როგორც ვიცი, ისეთი დღენაკლული ბავშვები იკვებებიან დონორის რძით, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის და ასე შემდეგ.

დედებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვისი რძე არ არის სასარგებლო მათი შვილისთვის, ვეტყვი, რომ დონორის რძე ვრცელ გზას და პროცედურას გადის, სანამ მათ პატარასთან მოხვდება. ეს ხდება ევროპული სტანდარტებით და რძე იმდენ პროცედურას გადის სანამ პატარამდე მივა და იმდენ კვლევას გადის თუნდაც დონორი, რომ ნამდვილად არ წარმოადგენს საშიშროებას.

ლაბორატორია

დედის რძის ბანკი ბავშვთა ჰოსპიტალში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გახსნა.

„მაღალი რისკის ახალშობილთა დედის რძის ბანკით უზრუნველყოფა“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა დედის რძის ბანკი.

პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით მოხდება.

ქალის დონორული რძე გაიცემა ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით.

რატომ ჩაქრა მთელ ქვეყნაში დენი 4 საათით – ინტერვიუ ენერგეტიკოსთან

24 ივლისს, ღამით, მთელ საქართველოში ელექტროენერგია დაახლოებით 5 საათით გაითიშა. დენი არ მიეწოდებოდა არცერთ სტრატეგიულ ობიექტს. გასვლა ვერ შეძლო თბილისი-ბათუმის მატარებელმა. ამ დროის მანძილზე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ გაუკეთებია განმარტება, რამ გამოიწვია მთელი ქვეყნის ჩაბნელება.

რამდენად მოწყვლადია ქვეყნის ენერგოსისტემა და რას შეიძლება გამოეწვია მასობრივი გათიშვა ქვეყანაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მურმან, რა არის თქვენი ვერსია, რის გამო გაითიშა ქვეყნის ელექტროსისტემა ამდენი ხნით და რატომ არ გაკეთდა ამაზე განმარტება შესაბამისი უწყებების მხრიდან?

ცხადია, ნორმალური არ არის, თუმცა გამონაკლისი შემთხვევაა. ეს არის სისტემური ავარია, რომელიც უკიდურესად იშვიათად ხდება, მაგრამ ამისგან არ არის დაზღვეული არცერთი ქვეყანა და არცერთი ენერგოსისტემა – ეს არის უამრავი ერთმანეთთან დაკავშირებული, დაძაბულ და ცვალებად რეჟიმში მომუშავე კომპონენტების ერთობლიობა.

ხაზებია, ტრანსფორმატორებია, სარელეო დაცვაა, გენერატორები და ასე შემდეგ. უამრავი ერთმანეთთან დაკავშირებული დინამიკური კომპონენტია. ამ სისტემის მედეგობის უზრუნველყოფა, დიდი საინჟინრო დარგია და ამას ემსახურება სარელეო დაცვა.

მაგრამ შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი მოვლენა, ასევე ადამიანური შეცდომაც, რაღაც ტექნიკური დაზიანება, რომელიღაც ამ დანადგარიდან, მაგრამ ეს პირველწყარო უნდა ყოფილიყო აღმოფხვრილი სწრაფად.

  • თქვენ ამბობთ, რომ რაღაცამ არ იმუშავა, მაგრამ შეიძლება, რომ არავინ იცოდეს რამ არ იმუშავა?

ამის გამოკვლევა, თუ რატომ მოხდა ეს ავარია, ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურაა და მიღებული პრაქტიკაა, რომ ასეთი განსაკუთრებული ავარიების შემდეგ შეისწავლონ და გაითვალისწინონ შემდგომ მუშაობაში. ცალსახა პასუხი შეიძლება მაინც არ იყოს, მაგრამ იყოს რაღაც შეფასება, რომ ვთქვათ, აქ სხვანაირად იქნებოდა უკეთესი. ამისგან არ არის დაცული არცერთი ქვეყანა.

  • რომელი ქვეყანა გათიშულა ამდენი ხნით, რა გაქვთ მხედველობაში?

2025 წლის აპრილში ერთად გაითიშა მაგალითად პორტუგალია, ესპანეთი და საფრანგეთის ნაწილი. 10-12 საათი იყო გათიშული ესპანეთი, როგორც მახსოვს.

  • არც იქ გაუკეთებია ხელისუფლებას რაიმე განმარტება ამ 12 საათის განმავლობაში?

ამდენი არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, ინფორმირება სჯობს. ასეთ დროს უნდა იმუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებმა და დროულად აცნობონ მოსახლეობას. უთხრან, რომ შეიძლება ისევ განმეორდეს ან არ განმეორდეს. ახსნა-განმარტება ყოველთვის საჭიროა. შეიძლება დივერსია იყოს, რა ვიცი, ყველაფერი ხდება.

  • ითქვა, რომ ენგურჰესზე იყო პრობლემა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თქვენ თუ გაქვთ ამაზე რაიმე ვერსია?

არაფერი ვიცი ამაზე და ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. როგორც ვთქვი, ეს არის ერთიანი, დაკავშირებული სისტემა, შეიძლება ერთმა მოვლენამ გამოიწვიოს მეორე, იმას მესამე მოჰყვეს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზების საგანი. შეუძლიათ აგვიხსნან, დაგვამშვიდონ, უფრო გასაგები იქნება.

  • მაგალითად, დივერსია რომ მოაწყოს რუსეთმა ენგურჰესზე, პრევენციის რა ზომები არსებობს ქვეყანაში?

ასე პირდაპირ არ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაგრამ გავლენა აქვს. მაინც და მაინც ენგურჰესზე დივერსია არც დასჭირდება რუსეთს, თუკი ამას მოინდომებს. სხვა ადგილებშიც შეძლებს. გადამცემ ხაზთან, 100 მეტრში არიან თუ 400 მეტრში – აგერ ტანკები უყენიათ შიდა ქართლში.

  • ეს ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც, როგორც სახელმწიფო მოწყვლადი ვართ?

მოწყვლადი ყველაა, მაგრამ ეს არ არის ენერგოუსაფრთხოების თემა ამ წუთში. ჯერ, სანამ არ ვიცით რა მოხდა. ეს არის უფრო ტექნიკური საკითხი, ამიტომ დაველოდოთ ტექნიკურ  შეფასებას და თუ რაიმე მოსათხოვია, მოვითხოვოთ განმარტება პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

  • თქვენ ამბობთ, რომ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ თან ამბობთ, რომ ეს ტექნიკური საკითხია. თუ არ ვიცით რა მოხდა, მაშინ როგორ ვამბობთ, რომ მხოლოდ ტექნიკური საკითხია და არა პოლიტიკურიც?

გასაგებია, მაგრამ სანამ არ ვიცით, არ შეგვიძლია, რომ პოლიტიკური საკითხი დავარქვათ.

ის, რომ სისტემა ჩაქრა, ეს ჯერჯერობით არანაირ მინიშნებას არ შეიცავს არც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არც პოლიტიკაზე. ეს მინიშნება არის, რომ რაღაცამ არ იმუშავა სისტემაში.

ჯერ გავიგოთ რამ არ იმუშავა და მერე გავაკეთოთ დასკვნები. თუ ეს იყო გამოწვეული დივერსიით, ან ვიღაცის უცოდინარობით, ეს დასკვნა უნდა დაიდოს.

შეიძლება ეს იყოს დაგეგმვის შეცდომა, ათასი რამე შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს ახალი რეჟიმი, რომელიც არ ჰქონდათ გათვალისწინებული საერთოდ.

თვითონ ენერგოსისტემის მესვეურები უყურებენ ხოლმე სხვადასხვა ავარიულ სიტუაციას და გეგმავენ, როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.

  • მინიმუმ 4 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, რკინიგზა – რაში ვართ სუსტები, რა აჩვენა ამ ყველაფერმა?

თვითონ ენერგოსისტემაში არის გათვალისწინებული უამრავი დაცვის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ თუ ქსელის ერთ ადგილას დაზიანდა, გენერატორი ამოვარდა ვთქვათ სადღაც, უნდა ჩაირთოს სხვა, სარეზერვო გენერატორი.

სავარაუდოდ, ამის პრობლემა იყო. მეორეა ის, რომ თუ რომელიღაც გადამცემი ხაზი ამოვარდა სისტემიდან, მაშინ სხვა ხაზებმა უნდა აიღოს ის ტვირთი და ასე შემდეგ. ამას ავტომატურად აკეთებს სარელეო შესაბამისი დაცვის სისტემები და ამის გათვლა ხდება წინასწარ.

ავარიები ხშირად არის სისტემაში, უბრალოდ დაცვითი სისტემა მუშაობს, გადართვები ხდება და ჩვენ ვერ ვიგებთ ამას. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ხაზზე, მეხი დაეცეს და ასე შემდეგ.

ახლაც, რაღაც ასეთმა დაცვამ ვერ იმუშავა და ამიტომ გამოირთო სისტემა. ვაცალოთ, იმუშაონ პროფესიონალებმა და სწორი, პროფესიული დასკვნა დადონ.

ჩვენ მოვთხოვოთ ის, რომ სამინისტრო იქნება თუ სემეკი, თუ თვითონ ელექტროსისტემა, მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება, რომ ეს აჟიოტაჟი არ იყოს.

პრევენციული ღონისძიება არის ის, რომ მაგალითად იგივე ენგურჰესზე ერთი გენერატორი თუ გამოირთო, მეორე უნდა ჩაირთოს. ენგურჰესი არის ხუთი აგრეგატი და ერთი ყოველთვის შეიძლება იყოს გაჩერებული, თუ სხვა გამოირთო, ეს ჩაირთვება. რაღაც მოხდა ტექნიკურად, რომ ვერ ჩაირთო. არც ის ვიცით, იყო თუ არა ეს ენგურჰესზე.

ნუ გავაკეთებთ ზედაპირულ დასკვნებს. ტექნიკურმა პერსონალმა თავისი საქმე უნდა შეასრულოს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხელისუფლებამ მოსახლეობას დროული და სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

11-11 წელი მიუსაჯეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო.

საუბარია ბათუმში, 2026 წლის მარტში დაკავებულ პირებზე, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. სპეცოპერაცია ბათუმში სუს-მა ჩაატარა.

„მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს და ტერორისტული საქმიანობაში დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) ჰქონდათ წარდგენილი.

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ცოლის მკვლელობის მცდელობის და დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შემთხვევა 22 ივლისს მოხდა მარნეულში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვანის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,), 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

აღნიშნული ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მთავრობა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, ამ ადგილზე მშენებლობის პირობით ყიდის

აჭარის მთავრობა ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. პირობიანი აუქციონის საწყისი ფასით 5 მილიონ ლარია.

დაზუსტებული საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი 125 000 ლარი. აუქციონი 10 ივლისს გამოაცხადეს და 30 ივლისს უნდა დასრულდეს.

წითელი ფერით მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი
უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს. კერძოდ, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30% უნდა გადაიხადოს, 2026 წლის პირველ დეკემბრამდე კი დარჩენილი საპრივატიზებო საფასური.

მყიდველს ასევე დაევალება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში არანაკლებ 200 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში კი მყიდველმა შესყიდული ქონების ზონისთვის დაშვებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა შეძლოს და 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში კი, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში 2020 წელს გადაიტანეს. საბჭო ბათუმში იმ შენობაში განთავსდა, სადაც მანამდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მანამდე კი – ქალაქის N1 საავადმყოფო იყო. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15  – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

როგორ დავისვენოთ ტენერიფეზე, მარადიული გაზაფხულის კუნძულზე ესპანეთში 

სანამ საქართველოში ზაფხულის პიკი და პაპანაქება სიცხეა, ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ ტენერიფეზე იდეალური ამინდია – ოკეანის ნიავი და ზომიერი სითბო დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. 

ტენერიფეზე, „მარადიული გაზაფხულის კუნძულზე“, არის გამორჩეული ადგილი – Regency Country Club, სადაც ტროპიკული ეგზოტიკა და ევროპული კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

რატომ RCC Tenerife?

კუნძული ტენერიფე მსოფლიოში ცნობილია იდეალური კლიმატით – ვულკანური პეიზაჟები, ოკეანის სიგრილე და მზიანი დღეები წლის ნებისმიერ დროს საუკეთესო განწყობას ქმნის.

სწორედ ამ მშვიდ და მწვანე გარემოში, არონას მუნიციპალიტეტში, მდებარეობს Regency Country Club. სასტუმრო ცნობილი სანაპიროებიდან (ლოს კრისტიანოსი და პლაია დე ლას ამერიკასი) სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, თუმცა აქ მოხვედრისას სულ სხვა სამყაროში გადადიხართ:

  • აზიური ეგზოტიკა ევროპაში: ბალის სტილში შექმნილი არქიტექტურა, ხელნაკეთი ქვის ქანდაკებები, მარმარილოს იატაკი და ტროპიკული ბაღები სრულ სიმშვიდესა და იდეალურ განწყობას გიქმნით.
  • დაუვიწყარი ხედები: ჰორიზონტთან შერწყმული აუზიდან პირდაპირ ატლანტის ოკეანესა და მეზობელ კუნძულ ლა გომერას გადაჰყურებთ – ეს ის ხედია, რომელიც საღამოს მზის ჩასვლისას უბრალოდ უნდა ნახოთ.

რა გელით კურორტზე:

  • სრული რელაქსაცია: უსასრულო აუზი, ჯაკუზის ტერასა და ცალკე ზონა ბავშვებისთვის;
  • გასტრონომია: PURA Restaurant Lounge, სადაც ხმელთაშუა ზღვისა და საერთაშორისო სამზარეულოს საუკეთესო კერძებს დააგემოვნებთ;
  • განტვირთვა და ენერგია: სპა, მასაჟის რიტუალები, საუნა და თანამედროვე ფიტნესდარბაზი;
  • აქტიური დასვენება: საოჯახო გასართობი პროგრამები და საველოსიპედო მარშრუტები კუნძულის აღმოსაჩენად.

როგორ და როდის ვესტუმროთ?

ევროპის ძირითადი ჰაბებიდან (მადრიდი, ბარსელონა და ა.შ.) ტენერიფემდე ფრენა სულ რამდენიმე საათს გრძელდება, რაც ამ მიმართულებას ქართველი მოგზაურებისთვისაც ძალიან მოსახერხებელს ხდის.

ტენერიფე უნიკალურია იმითაც, რომ აქ სეზონი არასდროს სრულდება – იქნება ეს ზაფხულის შვებულება თუ ზამთარში მზიან დღეებში დაბრუნების სურვილი, კუნძული წელიწადის 12-ვე თვეს იდეალურ პირობებს გვთავაზობს.

 სასარგებლო ინფორმაცია:

სასტუმრო ნომრების ტიპების, ფასებისა და დაჯავშნის პირობების სანახავად ეწვიეთ სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდს : www.regencycountryclub.com

რუსეთში, Wildberries-ის საწყობებში კვლავ ხანძარი გაჩნდა დრონების თავდასხმის შედეგად

პარასკევს, 24 ივლისს, ღამით, სანქტ-პეტერბურგზე, ლენინგრადის ოლქსა და ტვერზე დრონებით თავდასხმების შედეგად Wildberry-ის საწყობებში ხანძარი გაჩნდა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ დაადასტურა ხანძარი ვსევოლოჟსკის ოლქის სოფელ ნოვოსარატოვკაში მდებარე Wildberries-ის საწყობში. მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ Wildberries-მა შეაჩერა მუშაობა სანქტ-პეტერბურგში არსებულ ორ საწყობში. ასევე, ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის დახარისხების ცენტრი ევაკუირებულ იქნა.

Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ტატიანა კიმმა კომპანიის საწყობებზე თავდასხმებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეტევა მოხდა მათ სამ საწყობზე, თუმცა საქონლის გადარჩენა შეძლეს და წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის.

ამავე დროს, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დრონების შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 436 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 201 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 25 000 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 46 646 ერთეული [+76]
  • MLRS – 1 968 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 516 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 425 240 ერთეული [+1 652]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 006 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 124 787 ერთეული [+544]
  • სპეცტექნიკა – 4 454 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 938 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბზარები კრემლის კედლებში: როგორ ანგრევს უკრაინის დარტყმები პუტინის სტაბილურობის ილუზიას

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქვეყნის მასშტაბით დენი ავარიულად გაითიშა – „ელექტროსისტემის“ განცხადება

საქართველოს ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს დღეს, 24 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ელექტორენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით.

„დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს.

ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“ – იუწყება „ელექტროსისტემა“.

დენი არ მიეწოდება ქვეყნის დიდ ნაწილს – გათიშულია ქალაქები და რეგიონები

24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ელექტროენერგია გაითიშა ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში.

მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ფეისბუქზე წერენ, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

„სახელმწიფო ელექტროსისტემიდან არ მოგვეწოდება ძაბვა“ – უთხრეს „ბათუმელებს“  „ენერგო პრო-ჯორჯიაში“. აქ განმარტეს, რომ დენის გათიშვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.

ამ დრომდე [00:50 სთ] გათიშვის მიზეზის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია სახელმწიფო ელექტროსისტემას.

დენის გათიშვის გამო თბილისიდან ვერ გამოდის თბილისი-ბათუმის მატარებელი.

თბილისი, 24 ივლისი, მატარებლის სადგური

განახლებული ინფორმაცია:

24 ივნისს, 01:30 საათზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ელექტროსისტემამ. უწყების განცხადებით, დენი ქვეყნის მასშტაბით ავარიულად გაითიშა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. „ელექტროსისტემისვე“ განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.

როგორ უნდა გადანაწილდეს კომერციული ობიექტები ბულვარში გენგეგმის მიხედვით

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარის გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უნებართვო კომერციული ობიექტების დაშლით დაწყო, თუმცა რამდენიმე გამონაკლისი დაუშვეს და გენგეგმაში შესაბამისი ცვლილებებიც შეიტანეს.

შეუსაბამო ნაგებობების ნგრევის პროცესს აქტიურად ეხმაურებოდა და მხარს უჭერდა საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობა. ამაში, თავისთავად, ცუდი არაფერია, იმ შემთხვევაში, თუ მიდგომა შერჩევითი არ იქნება და მერია რეალურად „გაჰყვება“ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს.

ობიექტების დემონტაჟის პროცესი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარის გენგეგმაზე ბიუჯეტიდან  ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ნგრევის პროცესის შეჩერების შემდეგ სოციალურ ქსელებში მოქალაქეებმა არაერთხელ დააფიქსირეს ეჭვები იმის თაობაზე, რომ ბულვარში კაფე-რესტორნების ძველ მფლობელებს ახლები ჩაანაცვლებენ და რეალურად არაფერი შეიცვლება.

შეძლებს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, რომ ეს მოლოდინი არ გაამართლოს? – საეჭვოა, რადგან რამდენიმე გამონაკლისი მერიის ინიციატივით საკრებულომ უკვე დაუშვა. მაგალითად, გენგეგმაში ახალი  ჩანაწერი გაჩნდა „სანრემოსთან “ დაკავშირებით. ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ მერია არ იმჩნევს რესტორან „G17“-ს , რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვადაგასული ხელშეკრულებით, ანუ უკანონოდ ფუნქციონირებს.

გარდა იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გასული აქვს, „ბათუმელები“ მშენებლობის მომენტიდან ამ დრომდე არკვევს, თუ იყო გაცემული ნებართვა პლაჟზე იმ მასშტაბის მშენებლობისთვის, როგორშიც რესტორანი „G17“ არის განთავსებული. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ დაგვიდასტურა, კომპანიას მხოლოდ პირსის აღდგენისა და მცირე ზომის მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობაზე ჰქონდა ნებართვა.

მშენებლობის პროცესში მერიაში გვითხრეს ისიც, რომ ადმინისტრაციული წარმოება იყო დაწყებული, თუმცა კონკრეტულად რა დარღვევაზე – არ დაგვიკონკრეტეს.

„G17-ს“ ბიზნესმენი ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. ცნობილია, რომ ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარია. საინტერესოა, იმიტომ ხომ არ ხუჭავს თვალს მერია, რომ რესტორნის მფლობელს ზურაბ პატარაძე ლობირებს? – ამაზე ზურაბ პატარაძეს ჰკითხეს კიდეც აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, როცა თავის გეგმებზე ისაუბრა.

მაშინ ზურაბ პატარაძემ ამ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქმე გვქონდა სამართლებრივ პროცესთან, თუმცა მას არ დაუზუსტებია, რა სამართლებრივ პროცესს გულისხმობდა.

სამაგიეროდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ უკანონო რესტორანში, გასულ კვირას, ქორწილში მივიდა. ბიზნესმენმა პაპუნაიშვილმა სწორედ ამ რესტორანში გადაიხადა შვილის ქორწილი, რომელსაც „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილიც ესწრებოდა მეჯვარის ამპლუაში, ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი კი თამადა იყო.

სხვათა შორის, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ყოფილი მერი, არჩილ ჩიქოვანი მიპატიჟების მიუხედავად არ მივიდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებულ რესტორანში იმართებოდა: „გვითხრა მანდ ვერ წამოვალ, უკანონოდ აშენებულიაო“, თუმცა ვერაფერი გააკეთა უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად – ამ შემთხვევაშიც საქმე დიდ ფულთან ერთად დიდ გავლენებს ეხებოდა.

ისეთ მასშტაბებს, როგორიც არის „G17“  და „სანრემო“ ბულვარის გენგეგმა არ უშვებს. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ საკრებულომ დოკუმენტის დამტკიცებამდე ამოიღო ჩანაწერი მშენებარე სასტუმრო „ამბასადორზე“ – გენგეგმაში ეწერა, რომ ის ბულვარისთვის შეუსაბამოა. შემდეგ „სანრემოსთან“ დაკავშირებული ჩანაწერიც შეცვალეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩვენი ურბანული მეხსიერების ნაწილიაო.

„ბათუმელები“ ამჯერად იმით დაინტერესდა, როგორ უნდა გადანაწილდეს კომერციული ობიექტები ბულვარში, თუ გადაწყვეტილებებს მართლაც მიიღებენ უკვე დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით.

გენგეგმით განსაზღვრულია ძირითადი გასასვლელები სანაპიროზე და თითოეული ასეთი გასასვლელი წერტილიდან დადგენილია ხედვის არეალები [120 გრადუსიანი კუთხე], ამ არეალებში კი დადგენილია შეზღუდვის ზონა, რომელშიც არ უნდა განთავსდეს არც ერთი შენობა – ბულვარიდან პრომენადზე გამოსვლისას, შენობებმა რომ არ შეუშალოს ხელი ზღვის ხედის აღქმას. სწორედ ამ მიდგომით განსაზღვრეს შენობების განთავსების არეალები.

სპეციალისტები ასევე განმარტავენ, რომ მსოფლიო ანალოგების გათვალისწინებით, განისაზღვრა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც შესაძლებელია სანაპირო ზოლში – მცირე ზომის კაფე, საჩრდილობელი, ტუალეტი, საშხაპე, გასახდელი, სამაშველო კოშკი, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ქვიშის სპორტული მოედანი.

დოკუმენტის მიხედვით, სანაპირო ზოლში განთავსებული კვების ობიექტები განკუთვნილი უნდა იყოს ძირითადად პლაჟის მომსახურებისთვის, თუმცა მათთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს პრომენადის მხრიდანაც.

ესკიზი გენგეგმიდან

ჯამში სანაპირო ზოლში გათვალისწინებულია 20 მცირე ზომის კაფე, რომლებიც ერთმანეთისგან საშუალოდ 240 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. თითოეულ კვების ობიექტს, პრომენადის გასწვრივ უნდა ეკუთვნოდეს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, სადაც შესაძლებელი იქნება შეზლონგების, სპორტული მოედნების ან საბავშვო ზონის განთავსება.

დოკუმენტის მიხედვით, სანაპირო ზოლში კაფე-რესტორნებისთვის ალტერნატიული ადგილი გამოინახა საოცრებათა პარკის ტერიტორიაზე, რომელიც უმეტესად თავისუფალია.

სპეციალისტები წერენ ისტორიული ბულვარის საზღვრის მიჯნაზე, ნინოშვილის ქუჩის საფეხმავლოდ გარდაქმნაზე სეზონურად, კვირის არასამუშაო დღეებში, ან მუდმივად. მათი მოსაზრებით, ეს შექმნის განსხვავებულ საჯარო სივრცეს. მეორე მხრივ კი მოხსნის ეკონომიკურ დაწოლას ბულვარში რესტორნებისა და კაფეების მშენებლობის კუთხით.

„ქუჩაზე შესაძლებელია ღია, სეზონური [საზაფხულო] კაფე-ბარების განთავსება, რომელიც დღის და საღამოს განმავლობაში აქტიურად მოემსახურება ბათუმის სტუმრებს.“

გენგეგმა ცალკე განიხილავს არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის შესაძლებლობებს:

„არდაგანის ტბას სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ე.წ. რესტორნების კლასტერი. ეს ტერიტორია თავიდანვე განვითარდა, როგორც კვების ობიექტების არეალი და აქ განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული არქიტექტურის იმიტაციით შესრულებული შენობები სარესტორნო ფუნქციებით, შენობების არქიტექტურული ხარისხი უმეტესად მდარეა.“

სპეციალისტები წერენ, რომ კვების ობიექტები ამ ტერიტორიაზე უსისტემოდ არის განლაგებული. ამასთან, ისინი ძირითადად პრომენადის პირას მდებარეობენ და ფასადებით უხეშად გამოდიან ზღვისპირა ღია ფრონტზე. ეს არღვევს ბულვარისთვის მნიშვნელოვან გეგმარებით პრინციპს, რომ სანაპირო ზოლს გასდევს პრომენადი, მას თავის მხრივ ველობილიკი, რომელსაც მოსდევდეს გამწვანების ზოლი.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ამ შენობებმა უნდა გადაინაცვლონ ხიმშიაშვილის ქუჩის პირზე. ასე უკეთესად მოხდება ამ რესტორნების მომსახურება ქუჩის მხრიდან, ხოლო გამოთავისუფლებული ადგილი უნდა შეივსოს გამწვანებით და ამგვარად აღდგეს მწვანე ზოლის განგრძობადობა პრომენადის გასწვრივ და კავშირი ტბასთან.“

გენგეგმა კაფესთვის სივრცის მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს საზაფხულო თეატრშიც:

„ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გახლდათ საზაფხულო თეატრი. თავდაპირველ საზაფხულო თეატრს გააჩნდა მსუბუქი, საპარკო არქიტექტურისთვის შესაფერისი გადაწყვეტა და ის ხის მასალით იყო შესრულებული. ახლანდელი თეატრი უფრო დიდი ზომისაა და მისი არქიტექტურული იერ-სახე ამოვარდნილია გარემო კონტექსტიდან.

მიგვაჩნია, რომ მომავალში უნდა აღდგეს ხანძრის შედეგად განადგურებული საზაფხულო თეატრის შენობა, რომელსაც გარდა გარკვეულ დღეებში, კონკრეტულ საათებში გამართული საკონცერტო ან თეატრალური წარმოდგენებისა, შეუძლია დღის და საღამოს განმავლობაში შეითავსოს საზაფხულო კაფე-რესტორნის, ხოლო ღამის საათებში ღამის საცეკვაო თუ კლუბური მუსიკის ფუნქციები. ამისათვის შესაძლებელია მოეწყოს ტრანსფორმირებადი შიდა სივრცე.“

 

როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს რუსულ უმსხვილეს ონლაინ სავაჭრო ქსელის Wildberries-ის სათაო ოფისებზე. უკრაინული და სხვა გამოცემების მიხედვით, განადგურებულია კომპანიის საწყობების 552 000კვ.მეტრი ფართობი, რაც ბაზრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების დაახლოებით 10%-ია.

კომპანია Wildberrie-ი, რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს ტატიანა კიმს ეკუთვნის. თუმცა 2024 წლის ზაფხულში Wildberries-ი შეუერთდა რუსეთის უმსხვილეს სარეკლამო ოპერატორს, Russ Group-ს. ამ გაერთიანების შედეგად შეიქმნა ახალი კომპანია სახელწოდებით RVB (РВБ).

ახალ კომპანიაში კიმს 65%-ი ეკუთვნის, 35%-ი კი კომპანია „სტუნს“, რომლის უკანაც ძმები მირზოიანები დგანან. როგორც დასავლური მედიები (მაგალითად, Forbes და The Bell) წერენ, ამ კომპანიების გაერთიანების მომხრე თავად პუტინი იყო, რადგან მას სურდა რუსეთში Amazon-სა და დასავლური SWIFT-ის ალტერნატივა შეექმნა, რომელიც მას სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარებოდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Wildberrries დასანქცირებულია აშშ-ის, პოლონეთისა და უკრაინის მიერ, რადგან როგორც სხვადასხვა გამოძიებიდან ირკვევა, ეს კომპანია ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა გახდა, რომლის საშუალებითაც რუსი სამხედროები, მოხალისეები და კერძო შემწირველები ფრონტის ხაზს, მაგალითად, დრონებით ამარაგებენ.

პლატფორმაზე მასობრივად იყიდება დრონები, თერმული ვიზორები, ჯავშანჟილეტები, ტაქტიკური ტანსაცმელი და კავშირგაბმულობის საშუალებები.

სანქციების პირობებში კი, Wildberries-ი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც არხი იმ საქონლის რეალიზაციისთვის, რომელიც ოფიციალურად რუსეთში აღარ უნდა შედიოდეს, მაგრამ მესამე ქვეყნების გავლით მაინც ხვდება საწყობებში.

ბოლო ერთი წელია, ამ დასანქცირებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო საქართველოში ოფისების გახსნა. ყველაზე მეტი ოფისი გახსნილი აქვს თბილისსა და ბათუმში.

„ბათუმელებმა“ გუგლის რუკაზე გადაამოწმა ოფისების განლაგება და მისამართები.

ამ დროისთვის ბათუმში ამ რუსული, დასანქცირებული კომპანიის 20-მდე ოფისი იძებნება, თუმცა რაოდენობრივად, შესაძლოა უფრო მეტიც იყო. საქართველოს მასშტაბით კი, გუგლის რუკაზე, მინიმუმ 100 კომპანია დავთვალეთ.

ლერმონტოვის ქუჩა/ბათუმი

ბათუმში ერთ-ერთი ასეთი ოფისი, რუსეთში გაქცეული აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის სიძის, თეიმურაზ კომახიძის სახლშია გახსნილი.

ამ ოფისებში ადამიანების დიდი მოძრაობა არ შეინიშნება. დავაკვირდით რამდენიმე ოფისს, სადაც მცირე ავეჯია განთავსებული, ზოგი ოფისი მასაჟის კაბინეტს ჰგავს, თუმცა მომხმარებლების აქტიური მიმოსვლა არ შეინიშნება.

ამიტომ დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევიან რუსული კომპანიის ბათუმის ოფისებში.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა.

Google-ის რუკის მიხედვით, Wildberries-ს თბილისში 50-ზე მეტი ფილიალი აქვს გახსნილი, ასევე ოფისები აქვს თითქმის ყველა პატარა ქალაქში – ყვარელში, რუსთავში, მარნეულში, სენაკსა და ფოთში. ფილიალები იძებნება ქუთაისშიც. ოფისები ძირითადად ქალაქების ცენტრალურ უბნებშია განთავსებული.

რუსული კომპანიის ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია გახსნილი.

მას შემდეგ, რაც Wildberries-ის ოფისები უკრაინული დრონების სამიზნე გახდა და ასევე შემჩნეულია უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ინტერესების გატარებაში, რამდენად საფრთხის შემცველია ამ კომპანიის ოფისების მომრავლება და აქტიური საქმიანობა საქართველოში?

„ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი შაიშმელაშვილს. მისი თქმით, Wildberries-ის ოფისები სწორედ იმიტომ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე, რომ კომპანიის ლოჯისტიკური ჰაბები და მისი გადაზიდვის სერვისები გამოიყენება რუსული შეიარაღების წარმოების მომარაგებისთვის.

„ამ შემთხვევაში უკრაინელებისთვის ლეგიტიმური სამიზნე მაგიტომ იყო ეს კომპანია და მათი საწყობები. ჩვენ შემთხვევაში, ეს არ არის უბრალოდ ერთი კონკრეტული ქსელის პენეტრაცია საქართველოში, არამედ ვხედავთ, რუსეთის მთელი სოციალურ-ეკონომიკური ქსოვილის და დარწმუნებული ვარ, რუსული სპეცსამსახურების ძალიან ღრმა პენეტრაციას საქართველოს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ჩემთვის, როგორც ამ სფეროს სპეციალისტისთვის, სრულიად ცხადია, რომ არის საფრთხე“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

გიორგი შაიშმელაშვილი.

მისი თქმით, ცალკე აღებულ Wildberries-ზე ლაპარაკს ერთი შეხედვით აზრი არ აქვს, რადგან მთელი სახელისუფლებო პოლიტიკური ლოგიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკაც მათ შორის, დაეფუძნა უკრაინაში მიმდინარე ომზე სარგებლის და მოგების ძებნას.

„რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, რაღაც საშუალებად იქცა ქვეყანა.

როდესაც ჩვენს მეზობლებთან საქართველოდან გაიზარდა მაგალითად ავტომანქანების ექსპორტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქედან ეს მანქანები შედის რუსულ ბაზარზე.

ფორმალურად, თითქოს ცდილობენ რაღაც ტიპის სანქციებისგან თავის არიდებას, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში რუსული ინვესტიციები შემოდის და ეს ზრდის ჩვენს ეკონომიკას.

შემოდიან რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ყიდულობენ უძრავ ქონებას, ხარჯავენ ფულს და ამას კარგად ვხედავთ თუნდაც ბათუმის მაგალითზე.

Wildberries-იც არის ამ საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა. უბრალოდ Wildberries კიდევ უფრო საინტერესოა იმის გამო, რომ მის მეპატრონეს ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ვლადიმერ პუტინთან. პუტინისთვისაც იმიტომ არის ეს კომპანია მნიშვნელოვანი, რომ, როგორც ჩანს, გარდა მომარაგების ჯაჭვისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვისა, ეს არის ფულის გათეთრებისა და გადარიცხვების ერთ-ერთი საშუალებაც“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

ეს კომპანია, როგორც სანდო მედიასაშუალებები წერენ, რუსეთის სამხედრო კომისარიატს აწვდიდა დასაქმებულების მონაცემებს, რის შემდეგაც, პირდაპირ დასაქმების ადგილებიდან მიჰყავდათ ადამიანები ფრონტზე.

ასეთი კომპანიის გაძლიერება საქართველოში, რა ტიპის რისკია საქართველოს მოქალაქეებისთვის? – ვკითხეთ გიორგი შაიშმელაშვილს.

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ არა მარტო ომის, მშვიდობიანობის დროსაც კი, რუსულ ბიზნესსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ზღვარი პრაქტიკულად მოშლილია.

„ისევე როგორც ჩინეთში. რუსეთში ეს არის ყოფილი საბჭოთა მემკვიდრეობის გაგრძელება და ავტორიტარული სახელმწიფოების დამახასიათებელი რამ. ახლა მით უმეტეს, როცა რუსეთი ომშია, ამ ტიპის ბიზნესები, რომელსაც შეუძლია სამხედრო ამოცანებიც შეასრულოს, მაგალითად ლოგისტიკას დაეხმაროს, მაღალი ინტერესის ქვეშაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან.

ცხადია, რომ დღეს Wildberries-ი ამ მხრივ, თავისი მომარაგების ჯაჭვებით, მანქანებით, გადაზიდვებით, სერიოზული დასაყრდენია რუსეთის სახელმწიფოსთვის“, – ამბობს შაიშმელაშვილი.

  • რამდენად შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოში არსებული ფილიალები უკრაინის წინააღმდეგ?

გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, რასაკვირველია, ეს დასაშვებია.

„სამხედრო შეიარაღებას ვერ დაასაწყობებენ და ეს არც სჭირდებათ. მიზანი ის არის, რომ დონბასში და ყირიმში მოხვდეს საჭირო ნივთები როგორმე. ომი რომ დაიწყო, გახსოვთ ალბათ, ჰუმანიტარული კოლონა რომ შევიდა დონბასში რუსეთიდან, მაშინაც მალევე გახდა ცნობილი ჩვენი პარტნიორებისა და უკრაინელებისთვის, რომ იმ ჰუმანიტარული ტვირთების ქვეშაც კი იყო შეიარაღება.

მოკლედ, ომის დროს შენიღბვის კარგი საშუალებაა, დაარქვა რაღაცას ბიზნესი და ამასობაში გამოიყენო ეს ომის მიზნებისთვის. მაგრამ, რაც დრო გადის უკრაინელების ტექნოლოგიები იხვეწება, რუსული ზურგი კი სულ უფრო დაუცველია.

ამიტომ, კითხვები, თუ რას საქმიანობს რუსული კომპანია საქართველოში ამ დოზით, ცხადია უნდა დავუსვათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თუმცა „ოცნებამ“ დღეს იმდენ ფრონტზე გაუხსნა რუსეთს შესაძლებლობები საქართველოში და იმდენად ღიად ხდება რუსული ინტერესების რეალიზება ქვეყანაში, რომ ერთ პრობლემაზე ფოკუსს ვეღარ ვასწორებთ, რომ საზოგადოებრივი წნეხი შევქმნათ.

ამაზეც იტყვიან, რომ ეს ბიზნესია, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში შემოსული პატიოსანი მოქალაქეები სარგებლობენ. მაგრამ ამდენი ოფისის გახსნა, ეს არ არის უბრალოდ მარკეტინგი, როგორც ჩანს, სხვა ინტერესებიც ამოძრავებთ. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ადგილზე საკუთრების შეძენას, ფულის გათეთრებას და ასე შემდეგ.

თვითონ ოფისებში ხდება თუ არა მერე ასეთი ადამიანების რეკრუტირება და არიან თუ არა იქ ფსბ-სთან დაკავშირებული ადამიანები, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივა. ის ვალდებულია არკვევდეს, რატომ აქვთ ამდენი ოფისი, ვინ არიან აქ დასაქმებული ადამიანები, რა კავშირი აქვთ მათ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გადიოდეს აქედან? – ეს კითხვები არის ლეგიტიმური, მაგრამ ისენი დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების დევნით“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში Wildberries-ის სავაჭრო ნიშნით კომპანია შპს „ტრანსკომ გრუპ“-ი სარგებლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც 30 წლის სერგი თვალჭრელიძეა.

„ტრანსკომ გრუპის“ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი რუსთავში/23 417კვ. მეტრი მიწა. [თბილის-წითელი ხიდის მე-17 კ/მ-ის მიმდებარე ტერიტორია]
კომპანია „ტრანსკომ გრუპ“-ს 2026 წელს სამი მიწის ნაკვეთი აქვს დარეგისტრირებული:

  • 23 417კვ. მეტრი მიწა რუსთავში, რომელიც 13 იანვარს დაურეგისტრირებია;
  • 23180.00 კვ. მეტრი მიწა გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში;
  • 27743.00 კვ. მეტრი მიწა სოფელ კრწანისში.

სერგი თვალჭრელიძეს 2025 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 30 ათასი ლარიც შეუწირია.

პროფესორის გოგოზე თავდასხმის საქმე ბათუმში – რა გაარკვია ბსუ-მ, შს სამინისტრომ

რა დაადგინა გამოძიებამ და რა რეაგირება მოახდინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორის მიერ ახალგაზრდა აქტივისტების თავდასხმის საქმეზე? – შეკითხვით შსს-ს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

საუბარია დაახლოებით 2 თვის წინ – 2026 წლის 28 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს შესასვლელთან ახალგაზრდა აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“. აქტივისტებს გასაუბრების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბსუ-ს პროფესორმა ნანი გვარიშვილმა. უშუალოდ ნონა მირზოევაზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო თავად აქტივისტმა გადაიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ამ შემთხვევის შემდეგ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხეს აქტივისტები და უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერიდან ამოიღოს ძალადობის ამსახველი ჩანაწერები, თუმცა აქტივისტებზე ძალადობას სამართლებრივი რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.

აქტივისტების უფლებადამცველი, ადვოკატი ია თოდუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოძიება მიკერძოებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოსთვის თავად აქტივისტის მიერ გადაღებული კადრი უკვე იქნებოდა საკმარისი პროფესორისთვის ბრალის წარსადგენად:

„თუ გადავხედავთ სხვა საქმეებს, 126-ე მუხლით [ფიზიკური ძალადობა] გათვალისწინებულ დანაშაულზე ძალიან დაბალი სტანდარტია ბრალის წაყენების კუთხით. პირველივე დღეს რა მტკიცებულებაც არსებობდა – ვიდეოჩანაწერი, რაც მედიაში გავრცელდა – სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბრალი წარედგინათ და ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეედგინათ.

არის საქმეები ამ მუხლზე, სადაც ვიდეო არ არსებობს – მხოლოდ მოწმეთა ჩვენება და დაზარალებული მხარის განმარტებაა, რომ ტკივილი განიცადა. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პირს წაუყენონ ბრალი და დაზარალებულად ცნონ მეორე მხარე. ამ საქმეში კი, პირდაპირ ვიდეო ჩანაწერია.

ბრალი არ აქვს ნანი გვარიშვილს წარდგენილი და არც დაზარალებულის სტატუსი არ აქვს ნონა მირზოევას. გარდა სისხლის სამართლის საქმისა, ჩვენ გვქონდა მოთხოვნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ეცნოთ პროფესორი თამარ სურმანიძის ნაწილში, ვინაიდან სახეზე იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

გარდა იმისა, რომ თავდაპირველად მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება დაწყებულია, ამის შემდეგ ფაქტობრივად არაფერი არ არის გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში ქმედითი ნაბიჯი არ არის გადადგმული,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ია თოდუამ.

ნონა მირზოევას, ვისაც პროფესორი ფიზიკურად შეეხო, არც დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. ეს სტატუსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირს ჰქონდეს წვდომა, თუ რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებს შსს.

„ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას“, – განაცხადეს ბსუ-ს ადმინისტრაციაში 2026 წლის 29 მაისს, მას შემდეგ, როცა გაირკვა, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყო.

რატომ ელოდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი „სამართალდამცველების გადაწყვეტილებას“, ანუ გამოძიების შედეგს, როცა მას აქვს ეთიკის საბჭო და განსაზღვრულია პროფესორის ეთიკური ქცევის სტანდარტი? დავუშვათ, გამოძიებამ თქვა, რომ პროფესორი უდანაშაულოა, უნივერსიტეტისთვის მისაღებია პროფესორისგან ის ქცევა, რაც თავად აქტივისტის მიერ გადაღებულ ვიდეოში ვნახეთ? – შეკითხვებით დღეს, 23 ივლისს მივმართეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესცენტრს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

„როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვსაუბრობთ, მას მაღალი სტანდარტი უნდა ჰქონდეს და ის ფაქტი, რომ მასთან დასაქმებული ლექტორი ქუჩაში უმიზეზოდ ესხმის თავს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად კეთილი მიზნით იყვნენ იქ, უნივერსიტეტს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონოდა. ფაქტია, რომ ბსუ-ს დღემდე მნიშვნელოვანი არც განცხადება არ გაუკეთებია და არც გადაწყვეტილება არ მიუღია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ადვოკატმა ია თოდუამ.

___

ამ თემაზე:

რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება

ბზარები კრემლის კედლებში: როგორ ანგრევს უკრაინის დარტყმები პუტინის სტაბილურობის ილუზიას

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

როდესაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსულ საზოგადოებასთან დადებული უთქმელი პირობა მარტივი იყო: ცხოვრება მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

თუმცა, ეს ილუზია სწრაფად იმსხვრევა, რადგან უკრაინა სიღრმისეული დარტყმების კამპანიას აფართოებს და იერიშებს ახორციელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სატრანსპორტო მარშრუტებსა და „ჩრდილოვან ფლოტზე“.

ატლანტიკური საბჭოს (ატლანტიკური საბჭო) ევრაზიის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, „Ukraine’s attacks create cracks in Kremlin“ (უკრაინის თავდასხმები კრემლში ბზარებს აჩენს), ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ აყენებს კიევის იერიშები სერიოზულ დარტყმას მოსკოვს.

რუსეთის შიდა ეკონომიკური ზიანი უკვე იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დაფარვა შეუძლებელი გახდა. ვლადიმირ მილოვის, „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ (Free Russia Foundation) ვიცე-პრეზიდენტისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადებით, საწვავის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა იერიშებმა საწვავის ფასები მკვეთრად გაზარდა და ინფლაცია კვლავ ააღორძინა.

მოსახლეობის ინფლაციური მოლოდინის 15%-მდე ნახტომის ფონზე, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, უარი ეთქვა საპროცენტო განაკვეთების შემცირების გეგმაზე, რამაც ბიზნესის აღდგენის ყოველგვარი პერსპექტივა გაანადგურა.

როგორც მილოვმა აღნიშნა:

„ბენზინისა და საწვავის ფასების ზრდა იმდენად მაღალია, რომ ინფლაციამ კვლავ მკვეთრად იმატა. ცენტრალური ბანკი შეწყვეტს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ეს იყო უკანასკნელი ლურსმანი, რომელზეც სავარაუდო ეკონომიკური აღდგენის მთელი კონსტრუქცია ეკიდა.“

ეკონომიკური მაჩვენებლების მიღმა, სახელმწიფო მედია და პოლიტიკური მენეჯერები სერიოზულად ებრძვიან ნარატივის კონტროლს. ანტონ ბარბაშინმა, გამოცემა Riddle Russia-ს თანადამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პროპაგანდა ცდილობს კრიზისის მასშტაბების დაკნინებას, სახელმწიფო კომენტატორები იძულებული არიან აღიარონ შეფერხებები და პასუხისმგებლობა დასავლეთზე გადაიტანონ:

„ისინი შეეცადნენ გაემართლებინათ მოვლენები… დაეკნინებინათ მათი მნიშვნელობა, ეთქვათ, რომ ეს დროებითია და მოეწოდებინათ ხალხისთვის სიმამაცისა და გაერთიანებისკენ… ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს ზოგავენ ამ მძიმე ტვირთისგან… რადგან, ცხადია, ნებისმიერი პროტესტი მოსკოვში პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.“

უკრაინული დრონების მოქმედების არეალის გაფართოება ასევე უდიდეს ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს რეჟიმს. ნატალია არნომ, „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ დარტყმები რუსეთის სიღრმეში ადასტურებს – ქვეყანაში ხელუხლებელი რეგიონი აღარ არსებობს, რამაც ომის რეალობა რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურობად აქცია:

„უკრაინის სიღრმისეული დარტყმების კამპანია არა მხოლოდ ამცირებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს, არამედ ანგრევს კრემლის ყველაზე ღირებულ პოლიტიკურ აქტივს – აღქმას, რომ სახელმწიფოს შეუძლია სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტორი იყოს“.

პირად ცხოვრებაში ეს მუდმივი შეჭრა სერიოზულად ცვლის რუსეთის საშუალო კლასის განწყობას. რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ კასიანოვმა, დააფიქსირა, რომ ქალაქის მოსახლეობა, რომელიც ადრე ცდილობდა თვალი დაეხუჭა კონფლიქტზე, ახლა პირდაპირ გრძნობს ომის ტვირთს ინტერნეტის ბლოკირებისა და ეკონომიკური პრობლემების სახით:

„საზოგადოების დიდი ნაწილი, საშუალო კლასი… დიდ ქალაქებში ცხოვრობდა და უბრალოდ ელოდა… ახლა კი ბატონი პუტინი მათ პირად ცხოვრებაში შეიჭრა… შეზღუდა ინტერნეტი… მათ გაიაზრეს, რომ რაღაც ძალიან ცუდად მიდის. ცნობილი სტაბილურობა ქრება.“

საბოლოო ჯამში, როდესაც ეკონომიკური პრობლემები იზრდება და ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური შეფერხებები თვალსაჩინო ხდება, კრემლისთვის სულ უფრო რთული ხდება საკუთარი მოსახლეობის დარწმუნება, რომ დრო პუტინის სასარგებლოდ მუშაობს.

ბათუმში, უძრავი ქონების მყიდველებში უცხოელების წილი 47%-მდე გაიზარდა – Colliers Georgia

„Colliers Georgia“-ს ახალი კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 11.4%-ით გაიზარდა და 7838 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 29%-ით 507 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო.

ტრანზაქციების რაოდენობა 24.5%-ით გაიზარდა მეორეულ ბაზარზე, ხოლო პირველად ბაზარზე 0.8%-იანი კლება დაფიქსირდა.

უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 49%-მდე შემცირდა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 87% უცხოელ მყიდველებზე მოდის.

რაც შეეხება ფასებს, ბათუმში 2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი, გასული წლის ივნისთან შედარებით, 22.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 455 დოლარი შეადგინა.

„კოლიერსის“ ინფორმაციით, ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო, სადაც მაჩვენებელმა 30.4%-ით მოიმატა.

„კოლიერსი“ ასევე განმარტავს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ამასთან, დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირიანი პროექტის ტრანზაქცია.

რაც შეეხება, მეორეულ ბაზარს, აქ საშუალო შეწონილმა ფასმა 13.7%-ით მოიმატა.

___

ამავე თემაზე

„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან

„გაქცეულია, მაგრამ პოლიციამ იცის ვინ არის“- ბათუმში დაჭრილი კაცის მამა

22 ივლისს ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ბაჩო ბერიძის მდგომარეობა, მძიმეა.

როგორც დაჭრილის მამა „tv პირველთან“ საუბარში ამბობს, მის შვილს და სავარაუდო ბრალდებულს, სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონიათ მანამდე.

„წალაპარაკება იყო მათ შორის, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, რაზე. თუმცა ხელდახელ ჩხუბი არ ყოფილა. იმ დღესაც, როცა ჩემი შვილი კაფეში იყო, შელაპარაკებაც კი არ ჰქონიათ, მოტოციკლით ჩამოირა და ესროლა პირდაპირ.

გაქცეულია, ჯერ არ არის დაკავებული, თუმცა პოლიციამ იცის ვინ არის ეს პირი. ასეთ შემთხვევებზე იყო გასამართლებული და ციხეშიც იჯდა“- ამბობს დაჭრილი კაცის მამა.

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

 

„ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება, სანამ არ დავნებებულვართ“ – ზუგდიდელი აქტივისტის წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ზუგდიდელი აქტივისტი, ალექსანდრე ჩილაჩავა ციხიდან წერილს ავრცელებს. მის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ალექსანდრე ჩილაჩავა პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციას მიმართავს.

„გამარჯობა მეგობრებო, თანამებრძოლებო, ყველას მაგრად გაფასებთ… ყველაფერში ვგრძნობ თქვენ თანადგომას, რაც მთავარია – საერთო ბრძოლაში. მაბედნიერებს თქვენი არსებობა. არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლა, როცა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით.

მე ვიცი როგორია გარედან და შიგნიდანაც არდანებება. ორივე შემთხვევაში სირთულეებს შეიცავს. ყველამ ერთად, ერთიანი ბრძოლით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ბრძოლას იმიტომ ჰქვია ბრძოლა, რომ ის აპრიორი სირთულეებს ნიშნავს.

ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება და იწყება, სანამ არ დავნებებულვართ. ჩვენ ყველა წინააღმდეგობა გადავლახეთ დღემდე და მომავალშიც ეგრე იქნება, საბოლოო გამარჯვებამდე.

​ვისაც არაფრის არ ეშინია, იმან ისიც არ იცის, რისთვის იბრძვის. მე ჩემი სამშობლოს დაკარგვის შიში მამოძრავებს, ძალას მმატებს. მაძლიერებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ისევ ვღელავ თქვენსავით, არ ვნებდები. თქვენი ბრძოლა აიმედებს ხალხს. რაც არ უნდა მომივიდეს არ ვნაღვლობ, როცა თქვენისთანა ხალხი მეგულება გარეთ, ვინც არაფრით არ დაუთმობს ქვეყანას მოღალატეებს.

მე არც 5 წელი მაშინებს და არც 25, თუ ეს ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ. მაგრამ ისეთ ბრძოლასაც არ ვემხრობი, ველოდო ესენი თავისით როდის ჩამოიშლებიან… ხუთი წელი თუ ესენი დარჩნენ, ჩემ გამოსვლას რა აზრი აქვს? თუ “სვაბოდაზე” გავედი, რაღად მინდა… ეს თავისუფლება არ იქნება. მე “სვაბოდის” გამო კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძვი. თავისუფლება მაშინ იქნება, როცა ქვეყანა გაიმარჯვებს. თუ არა და რა მნიშვნელობა აქვს გარეთ ვივლი თავდახრილი, თუ ციხეში ვიქნები გამოკეტილი? უფრო მეტიც, მირჩევნია ვიჯდე, ან საერთოდ არ ვიყო, ვიდრე გარუსებულ საქართველოში ამოვყო თავი.

​ჩემი ციხიდან გამოსვლა კი არა, საქართველოს გათავისუფლებაა მთავარი, ამ გარუსებისგან, ეგ რბილად რომ ვთქვათ. ვიცი, არ გაგიჭირდებათ ჩემი პათოსის გაგება.

არ ვიცი გახსოვთ თუ არა, სულ ვიძახდი ამათ თამაშში აყოლა არ შეიძლება, ჩვენ ჩვენი პროცესი გვაქვს და ეს ქვეყნის გათავისუფლებაა. არა ვიღაც კონკრეტული ადამიანების… საპროცესოებით და ბოდიშებით, შეწყალებით, თავის დახრით გამარჯვება არ მოდის.

​ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობ და მაწუხებს, თქვენ გვერდით რომ არ ვარ, ვერაფრით გეხმარებით. გავიგე სოფლებში გასულხართ ხალხთან, რასაც ყოველთვის ვემხრობოდი, ვფიქრობ დაგვიანებული არ არის.

…​ამბობენ: საკუთარ თავს ზემოთ ძალა არ არისო… მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის ძალები უნდა მოვიხმოთ საკუთარ თავში, რომლის დანახვა არ გვინდა, საკუთარ თავზე მაღლა უნდა დავდგეთ…

… ​მე პარტიული ინტერესი არასდროს მამოძრავებდა და არც ვყოფილვარ მათ რიგებში. მე პარტიებს არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ რასაც ვხედავ ის არის, რომ პირველ რიგში პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გაქრობის ეშინიათ და ყველაფრის ფასად უნდათ ხალხს თავი არ დაავიწყონ.

ასეთი ბრძოლით მართლა გაქრებით. ჯერ ქვეყანა გამოვგლიჯოთ მტერს და მერე იბრძოლეთ ერთმანეთში, ჯანსაღ საარჩევნო ბრძოლას ვგულისხმობ.

​”პირის” გატეხას თავის გატეხა ჯობს, და თუ ერთს იტყვით და მეორეს გააკეთებთ, ამას უღირსობა ჰქვია…

უღირსები ნუ გახდებით, თუ გინდათ ხალხმა თქვენი დაიჯეროს და გამოგყვეთ. თქვენი გაუქმება ვერ მოხდება, რამდენადაც არ უნდოდეთ ამ გარუსებულებს, თუ ხალხმა თქვენი გულწრფელობის დაიჯერა…

​მიყვარხართ ყველა, ვინც არ ნებდება და ისევ ღელავს!“ – წერს ალექსანდრე ჩილაჩავა.

ალექსანდრე ჩილაჩავა 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. მას 5 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა.

ალექსანდრე ჩილაჩავას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თუმცა პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ ის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლის ეზოში გადადის და ერთ წუთში უკან გადმოდის და რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებს.

ალექსანდრე ჩილაჩავა 4 ოქტომბრის საქმის იმ პატიმრებს შორისაა, რომელთაც უარი თქვეს საპროცესოს გაფორმებაზე.

„კაფეში ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს“ – ძარცვის 2 საქმე ბათუმის სასამართლოში

22 ივლისს ძარცვის ორი საქმე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, კაცი კაფეში გაძარცვეს – ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს, მეორე შემთხვევაში კი, თურქეთის ორ მოქალაქეს წაართვეს ქუჩაში პირადი ნივთები, მათ შორის, მაჯის საათი.

„როდის გამომკითხეთ, ყველაფერი რომ გადაწყვიტეთ მერე?“ – მიმართა სასამართლო სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ბექა თ.-მ გამომძიებელს. სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს გამომძიებელმა ლევან ამირანაძემ ჩვენება მისცა.

გამომძიებლის თქმით, მან 2026 წლის 31 მარტს ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დანაშაულის ჩადენის შესახებ. დაზარალებულად მიჩნეულმა პირმა კი, ფოტოსურათით ბრალდებულის სკამზე მყოფი პირი ამოიცნო.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ბელარუსის მოქალაქეს, ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში ოქროს ნივთები წაართვა. ამ დროს დაზარალებული ალკოჰოლის ძლიერი მოქმედების ქვეშ იყო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზარალის ოდენობა 9400 ლარია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის [სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილი].

„საქმეში პროკურატურას მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება აქვს და ფოტოსურათით ამოცნობა, სხვა მტკიცებულება არ არის,“ – ამბობს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

„გამოვკითხეთ, მაგრამ არ აღიარებდა დანაშაულს…“ – განაგრძო ჩვენების მიცემა გამომძიებელმა და ბრალდებულს გახედა.

„როგორ აღმოჩნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის განყოფილებაში?“ – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა.

„ტელეფონით დავურეკეთ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ფოტოსურათით ამოიცნო… მას [ბრალდებულს] გამოკითხვაზე უარი არ უთქვამს“, – აღნიშნა მოწმემ.

„რატომ მიიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში პოლიციის მანქანით, როცა ის თანახმა იყო შეხვედრაზე?“ – ჩაეკითხა გამომძიებელს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

„დრო რომ დაგვეზოგა, ამიტომ“ – თქვა გამომძიებელმა ლევან ამირანაძემ.

„არაფერიც არ დაგირეკავთ თქვენ ჩემთვის,“ – ფეხზე წამოდგა და ნერვიულობა დაეტყო ბრალდებულს. – „მოვიდნენ პირდაპირ ჩემთან, ბინაში პოლიციელები, დამაჯინეს მანქანაში და მიმიყვანეს მე-2 განყოფილებაში. მთელი საღამო იქ ვიყავი, დილით დამაკავეს. როდის დამაკავეთ?“ – მიმართა ისევ გამომძიებელს ბრალდებულმა.

„არ მახსოვს, მითითებული იქნება ოქმში,“ – ბრალდებულს მზერა აარიდა გამომძიებელმა.

„ბევრს აკავებთ, ვიცი, მაგრამ საქმის ირგვლივ რაც არის, ხომ უნდა იცოდეთ?“ – გაღიზიანება დაეტყო ბრალდებულს.

„აქ შენიშვნას მე ვიძლევი მხოლოდ,“ – ბრალდებული შეაჩერა მოსამართლემ.

„არადამაკმაყოფილებელი პასუხებია,“- ჩაილაპარაკა ბრალდებულმა.

კიდევ ერთმა მოწმემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივმა, გიორგი მოწყობილმა კი, მოსამართლეს უთხრა, ბრალდებული „მშვიდ გარემოში“ დავაკავეთ, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიაო. ამ სამართალდამცველმა დააკავა ძარცვაში ბრალდებული კაცი.

„დაკავების საფუძველი რა იყო?“ – ჰკითხა დეტექტივს ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

„ჩადენილი დანაშაული… პროცედურა მიმდინარეობდა მანამდე ძარცვასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მოწმემ.

ძარცვის მეორე საქმე კი, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს უნდა განეხილა. სასამართლოს დიდი დარბაზი თითქმის სრულად შეივსო ბრალდებულების ახლობლებით, ორივე ბრალდებული გამოცხადდა ადვოკატებით, მაგრამ პროკურორმა ამ საქმისთვის ვერ მოიცალა.

პროკურატურის ვერსიით, თურქეთის ორი მოქალაქე გაძარცვა საქართველოს ორმა მოქალაქემ. გამოძიების ვერსიით, 2026 წლის იანვრის ერთ დღეს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბათუმში სტუმრად მყოფ თურქეთის მოქალაქეებს ბრალდებულები ქუჩაში გაეცნენ. დაზარალებულად მიჩნეული პირების თქმით, მათ ბრალდებულმა სხვადასხვა პირადი ნივთი წაართვეს, მათ შორის, მაჯის საათი.

დაცვის მხარის მტკიცებით, თურქეთის მოქალაქემ თავად აჩუქა ქუჩაში გაცნობილ კაცს მაჯის საათი.

იმის გამო, რომ დაზარალებულებს ამ ეტაპზე ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვთ, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა ბრალდებულები ისევ დუმილის უფლებით სარგებლობენ. საპროცესო შეთანხმების მიღწევის მთავარი პირობა წარდგენილი ბრალის აღიარებაა.

ორი ბრალდებულიდან ერთი პატიმრობაშია – ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო სავარაუდოდ მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენის დროს, მეორე კი, გირაოთია გათავისუფლებული. „ბათუმელებმა“გირაოში მყოფ ბრალდებულთან გამოლაპარაკება სცადა, თუმცა ძარცვაში ბრალდებულმა კაცმა გვითხრა, რომ დუმილის უფლებას სასამართლო სხდომის მიღმაც შეინარჩუნებს.

14 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10 წელი მიუსაჯეს

14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ადევნებაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯეს.

პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო.

„დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებულს ბრალდება ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ადევნება).

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმში ქალმა 59 წლის ასაკში შვილი გააჩინა

19 წლიანი ლოდინის შემდეგ, ოზურგეთელ წყვილს, ნანა ურუშაძესა და გენადი ხომერიკს შვილი შეეძინათ.

ნანა ურუშაძე-ხომერიკმა პირველი შვილი 59 წლის ასაკში გააჩინა.

„ქალბატონი ნანა რეპროდუქტოლოგის მიერ დროულად იქნა გადმომისამართებული ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, სადაც ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საკეისრო კვეთა ორსულობის 34-ე კვირაზე, 16 ივლისს ჩატარდა.

„მედინა“ ავრცელებს თავად დედის წერილსაც.

„არსებობს ოცნებები, რომლებიც წლების განმავლობაში გულში ცხოვრობენ იმედით, ლოდინითა და რწმენით.

19 წელი დედობის მოლოდინში გავატარე. ეს იყო გზა სავსე იმედით, ლოცვითა და დიდი სურვილით, რომ ერთხელ მაინც გამეგონა ძვირფასი სიტყვა „დაიბადა“.

დღეს კი, 59 წლის ასაკში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ პროფესიონალი და მზრუნველი გუნდის დახმარბეით ეს ოცნება ახდა,“- წერს ნანა ურუშაძე.

როგორც „მედინა“ წერს, ორსულობას მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე და მეან-გინეკოლოგი ხათუნა სამნიძე მართავდნენ.

კლინიკის ცნობით, დედა და ახალშობილი კლინიკიდან სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერნენ.

 

 

შსს აცხადებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში თავად გამოცხადდა

შს სამინისტრო აცხადებს, რომ კომიკოსს [სთენდაფერ] ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა და ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოსს, ონისე ოქრიაშვილს 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.

ამ ამბავს თავად ონისე ოქრიაშვილის გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აშავებენ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ნოდარ დუმბაძე, ანუ ის, ვინც შეუძლებელია გეზიზღებოდეს.

ამავე თემაზე: 

ქეთი დუმბაძის კომენტარი ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე

ბათუმში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

აღნიშნულ ფაქტზე არის თუ არა ვინმე დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ამ დრომდე [10:10 სთ, 23 ივლისი] არ გაუვრცელებია.

შემთხვევის ადგილი / 22.07.2026

 

 

23 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 434 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 191 ერთეული [+28]
  • ჯავშანტექნიკა – 24 994 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 46 570 ერთეული [+78]
  • MLRS – 1 961 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 515 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 438 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 423 588 ერთეული [+1 688]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 994 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 124 243 ერთეული [+541]
  • სპეცტექნიკა – 4 453 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 936 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ კრასნოდარსა და სტავროპოლში Wildberries-ის საწყობებზე იერიში მიიტანა. დაშავდა მინიმუმ 5 ადამიანი
კრასნოდარსა და ნევინომისკში (სტავროპოლის მხარე) მდებარე ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების შესახებ კომპანია RWB-ის ხელმძღვანელმა ტატიანა კიმმა განაცხადა. მისი თქმით, საწყობებიდან თანამშრომლების ევაკუაცია ოპერატიულად მოხერხდა, თუმცა არიან დაშავებულებიც.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სარფის 8 კმ გვირაბის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება“ – თუმცა ჯერ ხელშეკრულება არ არის დადებული

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში გვირაბის მშენებლობა დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, გზის მშენებელ კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

„სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა“, – ეს განცხადება „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 21 ივლისს გააკეთა. 

„ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით, გაფორმდა თუ არა უკვე ხელშეკრულება ბათუმი-სარფის[თურქეთის საზღვარი] ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან და რომელ კომპანიასთან დაიდო შეთანხმება.

„ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები დონორი ორგანიზაციის [ADB] შესყიდვის წესებით“, – მოგვწერეს დღეს, 22 ივლისს, გზების დეპარტამენტიდან.

პროექტის მიხედვით, ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა, რომელიც სოფელ ახალსოფელში დაიწყება და სოფელ სარფში ზღვის სანაპიროსთან [ჩანჩქერთან], ბათუმი-სარფის არსებულ გზასთან გამოვა.

ვრცლად ამ თემაზე: ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.

„ჩვენ უკვე წელს გახსნილი გვექნება თბილისიდან ბათუმამდე მთლიანად მაგისტრალი ერთი, სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გარდა“, – განაცხადა „ოცნების“ მინისტრმა.

„სამტრედიის ხიდის მონაკვეთი“ ის 9,5 კილომეტრიანი მონაკვეთია [სამტრედიიდან ჯაპანამდე], სადაც მდინარე რიონზე ახალაშენებული ხიდი ჩაინგრა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ხიდის დასრულება დაგეგმილია 2027 წელს. შესაბამისად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილ 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნაც მომავალ, 2027 წელს [წლის პირველ ნახევარში] არის დაგეგმილი.

თბილისიდან-ბათუმამდე კიდევ ერთი, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთია დაუსრულებელი, რომელიც გრიგოლეთთანაა და მდინარე სუფსას კვეთს. თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთის გახსნა მიმდინარე, 2026 წელს არის დაგეგმილი.

ზოგადად, ამ დრომდე თბილისიდან-ბათუმამდე მაგისტრალის „მთლიანად გახსნას“ ხელი სამტრედია-გრიგოლეთის გზამ შეუშალა, რომელიც 4 ლოტად შენდებოდა. ამ გზის შემადგენელია სწორედ „სამტრედიის ხიდის მონაკვეთი“. ამავე გზის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი კი 5 დღის წინ, 18 ივლისს გაიხსნა.

  • „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით, არათუ თბილისიდან-ბათუმამდე, არამედ მთლიანად „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ [სარფიდან-წითელ ხიდამდე] მინიმუმ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

რას ითხოვს ბათუმის მერია „გრანდ მოლისგან“, რომლის შენობაც ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა

ბათუმის მერია თანახმაა შპს „გრანდ მოლს“ პირდაპირი წესით და პირობებით შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდოს. მიწა დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ მას პირდაპირი წესით ვერ განკარგავს, ქონება ჯერ აჭარის მთავრობას უნდა გადაეცეს, მთავრობა კი „გრანდ მოლს“ გადასცემს.

57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აჭარისთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 2026 წლის 24 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს. განკარგულების პროექტი საკრებულოში ქალაქის მერიამ შეიტანა.

თუმცა, აღნიშნული ნაკვეთით „გრანდ მოლი“ უკვე წლებია სარგებლობს. უფრო ზუსტად, ეს ნაკვეთი „გრანდ მოლის“ იმ ტერიტორიაში შედის, სადაც კომპანიის სავაჭრო ცენტრის შენობა დგას.

57 კვადრატული მეტრი მიწის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ „გრანდ მოლმა“ შემდეგი პირობები უნდა შეასრულოს:

  • ბათუმის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 281 ათას 127 ლარი
  • თავისი ტერიტორიიდან უნდა გამოყოს 120 კვადრატული მეტრი მიწა და 72 კვადრატული მეტრი შენობა [სატრანსფორმატორო] და საკუთრებაში გადასცეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“
  • ამასთან, „გრანდ მოლმა“ ბათუმის ტერიტორიაზე 7 სხვადასხვა სატრანსფორმატორო პუნქტი უნდა გაარემონტოს [„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებით].

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბათუმის მერიაში 2026 წლის მაისსა და ივლისში შევიდა „გრანდ მოლის“ წერილები, რომლებიც ძველი სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული 57 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „გრანდ მოლისთვის“ პირდაპირი ფორმით საკუთრებაში გადაცემას ეხება. ამ საკითხზე მერიაში შესულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილიც.

აღნიშნული ნაკვეთი [რომელზეც „გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრის შენობა უკვე დგას] ბათუმის საკუთრებად 2026 წლის მაისშია დარეგისტრირებული. ბათუმის მერიის დაკვეთით კი, ნაკვეთის საბაზრო ღირებულება – 281 127 ლარი – სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ამავე წლის მაისში დაუდგენია.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და შპს „გრანდ მოლის“ ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია „გრანდ მოლიმ“ სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა განახორციელოს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სატრანსფორმატორო პუნქტის მიერ დაკავებული 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 72 კვ.მ შენობა-ნაგებობის გამოყოფა და მისი ენერგო -პრო ჯორჯიასთვის საკუთრებაში გადაცემა.“ – წერია მერიის განმარტებით ბარათში.

ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არ არის.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ გახდა აუცილებელი 57 კვადრატული მეტრი მიწის „გრანდ მოლისთვის“ პირდაპირი მიყიდვით გადაცემა დღეს, როცა ამ მიწაზე კომპანიას შენობა უკვე აშენებული აქვს? ასევე, როგორ განისაზღვრა პირობები, რაც „გრანდ მოლს“ წაუყენეს? რის საფუძველზე ააშენა შენობა კომპანიამ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ იყო მის საკუთრებაში? რატომ არ მოხდა მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა მაშინ, როცა ტრანსფორმატორი გადაიტანეს?

ბათუმის მერიისგან ამ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია [მიღების შემთხვევაში მერიის პასუხს აქვე მოგაწვდით].

მერია განმარტებით ბარათში იმასაც წერს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიიღო.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურები. რაც მოიცავს მიწის ადგილმონაცვლეობისა და სატრანსფორმატორო პუნქტის „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადაცემის საკითხს“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

მშენებარე გრანდ მოლი 2020 წელს. სატელიტის ამ ფოტოზე ჩანს ძველი სატრანსფორმატორო შენონობა [წერტილი – 1], რომელიც გადაიტანეს წერტილ – 2-ში. მარჯვენა ფოტოზეა ახალი სატრანსფორმატორო შენობა, რომელიც დღეს წერტილ-2-შია განთავსებული. ძველი სატრანსფორმატოროს ადგილია სწორედ ის 57 კვ.მ მიწა, რომელიც „გრანდ მოლს“ ახლა უნდა მიყიდონ. ახალი სატრანსფორმატორო კი „გრანდ მოლის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა და ის კომპანიამ [120 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად] საკუთრებაში უნდა გადასცეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“
„ბათუმელები“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, არის თუ არა სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ ექსპლუატაციაში მიღებული. პასუხი ამ დრომდე ვერც მუნიციპალური ინსპექციისგან მივიღეთ.

მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ანალოგიური შეკითხვით 2023 წელსაც მივმართეთ, თუმცა პასუხი არც მაშინ გაგვცეს. ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში მაშინ ესკალატორზე ცხრა წლის ბავშვი დაშავდა.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“  შენობა ექსპლუატაციაში მიღებული ნამდვილად არ არის.

ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით დამატებით გადაუმოწმებიათ სავაჭრო ცენტრის საბოლოო მდგომარეობის შესაბამისობა თავის დროზე შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან.

ვინაიდან საჯარო რეესტრში არქიტექტურული პროექტის შუა ნაწილში მოქცეული დაურეგისტრირებელი, ყოფილი სატრანსფორმატორო პუნქტით დაკავებული მიწის ნაკვეთი [57 კვ.მ.] ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს, შესაბამისად, შენობა განლაგებული აღმოჩნდა ორ საკადასტრო კოდზე: აქედან ერთი – 57 კვ.მ. დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მეორე – 12 971 კვ.მ. კი – „გრანდ მოლის“.

ამასთან, ვინაიდან პროექტი თავიდანვე შეთანხმებული ყოფილა სრულ ნაკვეთზე, შესაბამისად, საჭირო იქნება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა უკვე გაერთიანებულ ნაკვეთზე [57 კვ.მ. + 12 971 კვ.მ.].

„გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრის ის ნაწილი, რომელიც აშენებულია იმ 57 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეც, რომელიც კომპანიას ახლა უნდა მიჰყიდონ პირდაპირი წესით და პირობებით / 21.07.2026

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „გრანდ მოლსაც“. გვინდოდა გვეკითხა, რატომ თხოვენ 57 კვ.მ მიწის ნაკვეთში 281 127 ლარს, დამატებით 120 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს [„ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადასაცემად, 70 კვ.მ ფართობის სატრანსფორმატოროს შენობასთან ერთად, რომლის მონაცვლეობაც თავის დროზე თავად „გრანდ მოლმა“ განახორციელა] და კიდევ 7 სატრანსფორმატოროს გარემონტებას.

კომპანიაში ამაზე საუბარი არ მოისურვეს.

„მოლის“ შიგნით დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი რომ არ გვქონოდა, მერიას ჩვენ თვითონმივ მართეთ… როგორც ვიცით, ნაკვეთი სამხარაულის ბიუროს მიერ არის შეფასებული. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ინტერესშია „მოლთან“ დაკავშირებული დოკუმენტური ნაწილის სრულფასოვნად მოწესრიგება, გვაქვს მზაობა, რომ ეს მიწის ნაკვეთი შევიძინოთ [მოექცეს ჩვენს საერთო მიწის ნაკვეთში] და ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დარეგულირდეს.

ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ეს პირდაპირ კავშირში არაა. ამ კუთხითაც პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. ყველა საჭირო პროცედურა გავლილია და, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ეს ექსპლუატაციის საკითხიც თავიდან ბოლომდე დასრულდება“ – გვითხრეს „გრანდ მოლში“.

სროლა ბათუმში – დაჭრილია 1 ადამიანი

დღეს, 22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 31 წლის კაცი.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

ბათუმელების ინფორმაციით, მინიმუმ 7 ტყვიაა გაისროლეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან უბანში

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტრო მომხდართა დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერს აცხადებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, დაჭრილს უტარდება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მუცლისა და ქვედა კიდურების არეში.

შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

„ცენზურის შექმნის კიდევ ერთი მაგალითი“ – საია ვახო სანაიას ფეისბუქის პოსტისთვის დაპატიმრებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას 14 დღით ადმინისტრაციულ დაპატიმრებას ფეისბუქ პოსტებით შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს.

იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული ოცნებისა და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ“ – აცხადებს საია. 

ორგანიზაცია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალზე, მათ შორის, მეოთხე სექციის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელსაც, ორგანიზაციის შეფასებით, მანიპულაციურად ციტირებენ და განმარტავს, რომ:

„თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფლად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვაონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან;

ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა გაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე მითითებით;

დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.

დაუშვებელია არაძალადობრივი გამოხატვის, თუნდაც გაუმართლებელი შეურაცხყოფის საპასუხოდ, საპატიმრო სასჯელების, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან.

საია ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ 2025 წლიდან მოყოლებული, აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ სანქციებს სოციალურ ქსელებში გამოხატვისთვის.

„პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 2026 წლის 1 ივნისიდან, როდესაც შსს-ში ახალმა სტრუქტურულმა ერთეულმა, ე.წ. „ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” დაიწყო სოციალური ქსელებში გამოხატვის სისტემური მონიტორინგი.

მიუხედავად სამმართველოს დასახელებისა, ნაცვლად სიძულვილის ენის მონიტორინგისა, მისი საქმიანობა ძირითადად მწვავე პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ წარმოებას მოიცავს“ – აცხადებს საია. 

ორგანიზაციის განცხადებაში მითითებულია, რომ შსს და სასამართლო სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხატვის დასჯადობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს იყენებენ. ესენია:

  • 17316 მუხლი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის აწესებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის დასაწყისში, შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველ სხვა ნორმებთან ერთად გაჩნდა.

„ეს ნორმა გააკრიტიკა, მათ შორის, ეუთო ოდირმა, რომლის მიხედვითაც მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“ მითითება რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე და ეს იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას“ – განმარტავს საია.

  • როდესაც გამოხატვის ადრესატი პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე არ არის, შსს და სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლს („წვრილმანი ხულიგნობა“), რომელიც სანქციად 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო სახდელდადებული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში – 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

„ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შესაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს.

გამოყენებული სანქციების სიმძიმე, გამოხატვის კონტროლის მასშტაბი და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოხატვის კონტექსტისა და პოლიტიკურ დისკუსიაში მისი როლის უგულებელყოფა საზოგადოებაში ცენზურის ფონს ქმნის, მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება და უხეშად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას“ – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლის, ვახო სანაიას პატიმრობა მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოსა და კონკრეტულად “ფორმულას” წინააღმდეგ მიმართული ისეთი რეპრესიული ზომების ფონზე ხდება, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სამოქალაქო სარჩელი/სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე საქმეზე, პარალელურად, ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება „ფორმულას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს, 22 ივლისს შეუფარდა.

ამავე თემაზე: 

ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო

Vakho Sanaia Becomes First Journalist Ordered to Detention Over Facebook Posts

Journalist and Formula TV anchor Vakho Sanaia has been ordered to serve 14 days of administrative detention over Facebook posts, following a case brought against him over alleged insults directed at public officials. He becomes the first journalist in Georgia to be ordered into detention over social media posts.

Sanaia’s detention comes after he was previously fined 6,000 GEL over another Facebook post, which he wrote sarcastically in response to a newly established devision within the Ministry of Internal Affairs tasked with monitoring social media content and initiating administrative proceedings over allegedly offensive posts. The division is officially called ” Division for Combating Hate Speech, but critics call it “scroll-screening division”, saying people employed there have to scroll the social media and make screenshots of posts, to start administrative cases.

The original post, which resulted in the fine, was a sarcastic message in which Sanaia urged people “not to call Shalva Papuashvili and Lado Bozhadze d*cks.” The post was written in response to the creation of the new monitoring mechanism, which critics have dubbed the “scroll-screening division.”

After receiving the fine, Sanaia published additional posts commenting on the case and mocking the decision. In one of them, he suggested ironically that “the court’s ruling implied that Papuashvili and Bozhadze were, in fact, d*cks”.

Those follow-up posts became the basis for a new administrative case against the journalist.

During the court proceedings, the Ministry of Internal Affairs argued that Sanaia’s posts represented an “ironic and concealed form of insult.” The ministry also cited the fact that Sanaia had already been fined in a previous case involving alleged insults toward a political officeholder and requested administrative detention instead of another financial penalty.

The court granted the request and ordered Sanaia to serve 14 days of administrative detention.

Sanaia did not attend the court hearing. Following the ruling, he continued commenting on the case on social media, saying that neither fines nor detention would force him to limit his freedom of speech or stop expressing his views.

The case comes amid growing concerns among media freedom and civil society groups over the use of administrative laws to penalise speech in Georgia.

According to Transparency International Georgia’s latest updated list, there are currently 90 political prisoners in the country. Critics argue that recent legislative changes and enforcement practices have increasingly been used against protesters, activists, journalists and government critics.

The Ministry of Internal Affairs’ new social media monitoring unit, officially known as the Division for Combating Hate Speech, has already submitted dozens of cases to courts, many of which have resulted in financial penalties.

YouTube video player

Exit mobile version