ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა.
კონკურსში გამარჯვებულად შპს „ნს სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა ფონდს კონკურსში მონაწილე სხვა პრეტენდენტმა – შპს „დვ დეველოპმენტმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში უჩივლა.
დავების საბჭომ „დვ დეველოპმენტის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ დაავალა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კი, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კონკურსი საერთოდ შეწყვიტა.
„დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ფონდს დაევალა 2026 წლის 18 აგვისტოს სხდომის #4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ამასთან, არქიტექტურის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში გამოვლინდა საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დანართი N1-ის [ტექნიკური დავალება] დამატებითი გადასინჯვისა და კორექტირების აუცილებლობა.
შესაბამისად, მიზანშეწონილია 2026 წლის 3 ივლისს გამოცხადებული კონკურსის შეწყვეტა და განახლებული საკონკურსო პირობებით [ტექნიკური დავალება] კონკურსის გამოცხადება“, – წერია კონკურსის შეწყვეტის ოქმში, რომელიც 2026 წლის 10 სექტემბრითაა დათარიღებული.
რა იყო კონკურსის ძირითადი მოთხოვნები ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი კონკურსი ღარიბაშვილის განკარგულებით
შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობდა.
ამ კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების ფასები და წინადადებების [ბულვარის განვითარების კონცეფციების] შეფასებები ნახეთ ამ ცხრილში:

წყარო: შესყიდვების პორტალი
კონკურსის ტექნიკურ დავალებაში არაერთი მოთხოვნა იყო ბულვართან დაკავშირებით. ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთს გამოვყოფთ: ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდის მოწყობა მდინარე ჭოროხის შესართავთან.
„პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის განახლება/მოწყობა და მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელიც უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს სივრცეების ფუნქციონირებასა და გამოყენებას წლის ყველა სეზონზე, რაც უზრუნველყოფს დასვენებისა და ტურისტული მომსახურების ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ინფრასტრუქტურის შექმნას“, – ეწერა საკონკურსო დავალებაში.
როგორ აქვთ წარმოდგენილი უკვე შეწყვეტილ კონკურსში მონაწილე კომპანიებს ჭოროხის შესართავთან სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, ამას მათ მიერ კონკურსში წარდგენილი კონცეფციების მიხედვით გაჩვენებთ:
„ნს სტუდიო“

საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / „ნს სტუდიოს“ კონცეფციიდან
„ჭოროხის დელტის სასეირნო დეკი ვიზიტორს საშუალებას აძლევს უშუალო კონტაქტი დაამყაროს უნიკალურ სანაპირო ეკოსისტემასთან. არსებული რელიეფისა და წყლის ლანდშაფტის გათვალისწინებით, დეკი ორგანულად მიჰყვება დელტის ბუნებრივ ფორმებს და ქმნის უწყვეტ საფეხმავლო მარშრუტს. ინტერვენცია აერთიანებს ეკოლოგიურ, რეკრეაციულ და საგანმანათლებლო ფუნქციებს და მოიცავს ხედვით პლატფორმებს, დასასვენებელ სივრცეებსა და ბუნებაზე დაკვირვების წერტილებს.
საფეხმავლო ხიდის შესასვლელთან მოწყობილია მსუბუქი ავტომობილებისა და სახლ-მანქანების პარკინგი, რომელიც ვიზიტორებს უზრუნველყოფს საჭირო ინფრასტრუქტურით, რათა ეკოლოგიურად მგრძნობიარე ტერიტორიაზე გადაადგილება საფეხმავლო მარშრუტით გააგრძელონ.
პარკინგის ტერიტორია ფუნქციონირებს, როგორც ვიზიტორთა მისაღები კვანძი და მოიცავს სეზონურ კაფე-კიოსკს, მცირე სავაჭრო სივრცეს, მზის პანელებით გადახურულ პარკინგს, ელექტრომობილების დამტენ სადგურებს, საშხაპეებსა და სანიტარულ კვანძებს.

საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / „ნს სტუდიოს“ კონცეფციიდან
პანორამული პლატფორმა წარმოადგენს ჭოროხის დელტაზე გადებული საფეხმავლო ხიდის სივრცით დომინანტს და ორნიტოლოგიური ტურიზმის ძირითად სადამკვირვებლო პუნქტს.
ინტერვენცია ლანდშაფტში მინიმალური ჩარევის პრინციპით არის დაგეგმილი და ვიზიტორს სთავაზობს მრავალდონიან ხედვით გამოცდილებას“, – წერია „ნს სტუდიოს“ კონცეფციაში.
„დვ დეველოპმენტი“

საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / „დვ დეველოპმენტის“ კონცეფციიდან
„პროექტის ფარგლებში დაპროექტდება მდინარე ჭოროხზე საქვეითო სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე შეადგენს 1 კილომეტრს მისასვლელი გზების გარეშე, სიგანე 9 მეტრი.
ხიდის სავალი ნაწილის კონსტრუქცია ისე იქნება შერჩეული, რომ მასზე თავისუფლად გადაადგილდეს სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ავტომობილები საჭიროების შემთხვევაში.
საპროექტო ხიდი ვანტური სისტემისაა ლითონის ორი პილონით.
ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან უნდა მოეწყოს ასევე დამბის ან საყრდენი კედლის კონსტრუქცია. მდინარის მიერ წყალდიდობისას ხდება ნარჩენების კონცენტრირება, ასევე ხდება წარეცხვები.
მდინარის მარჯვენა სანაპიროზე შესართავის დელტასთან გათვალისწინებულია ტყე-პარკის მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით“, – წერს თავის კონცეფციაში „დვ დეველოპმენტი“.
„ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალი“

კვანძი მდინარე ჭოროხთან / „ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალის“ კონცეფციიდან
„ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალის“ მიერ კონკურსში წარდგენილი კონცეფციით, მდინარე ჭოროხზე საფეხმავლო ხიდი საერთოდ არ არის.
კომპანიის კონცეფციის მიხედვით, ჭოროხის შესართავთან ეწყობა ერთგვარი კვანძი, რომელიც ძველი და ახალი ბულვარის გაგრძელების ერთგვარ დაბოლოებას წარმოადგენს.
- ვინაიდან კონკურსი შეწყვეტილია, საკონკურსო კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეულ პირებსა და მათ შეფასებებზე, აღნიშნულ კონცეფციებთან დაკავშირებით, აქ აღარ შევჩერდებით.

მდინარე ჭოროხის შესართავი / 11.09.2026
მდინარე ჭოროხზე ბათუმისა და გონიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. ხიდის მშენებლობაზე საუბარი გაგრძელდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, თუმცა სხვადასხვა კონცეფციის შემუშავებისა თუ ესკიზების არსებობისა, ხიდი არ აშენებულა.
ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან: რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
„საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ქალაქ ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.“ – ეს იყო იმ საკონკურსო დავალების მიზანი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა.
ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში როგორ შეიცვლება საკონკურსო დავალება, ჯერ-ჯერობით, ბუნებრივია უცნობია.
ამ თემაზე:
„ოცნება“ ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის აშენებას ჭოროხზე ისევ გეგმავს – კონკურსი პროექტზე






