მთავარი,სიახლეები

„ჩვენ რაგატკებიანი ბავშვები ვართ პროპაგანდასთან ბრძოლაში“ – ვატო ქავთარაძე

11.09.2026
„ჩვენ რაგატკებიანი ბავშვები ვართ პროპაგანდასთან ბრძოლაში“ – ვატო ქავთარაძე

ყოველი წლის სექტემბერში ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალის მეათე, საიუბილეო წელია.

Ad black sea-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს – ვატო ქავთარაძე, ნინო სანაია და თამარ ცინცაძე.

რეკლამის ფესტივალის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართველმა მარკეტერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალი ნახეს და გაუჩნდათ სურვილი რამე მსგავსი საქართველოშიც ყოფილიყო.

პირველი ფესტივალი 2015 წელს ჩაატარეს, უკრაინელ პარტნიორებთან ერთად. მას შემდეგ ცდილობენ, რომ ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესი იყოს.

ყოველ წელს ფესტივალს ერთგვარი სათაური და სლოგანი აქვს. მაგალითად, გასულ წელს Ad black sea-ის სათაური და სლოგანი იყო „შემოქმედებითი წინააღმდეგობა“, 2026 წლის სლოგანი კი ასეთია  – ON THE EDGE – ზღვარზე.

„ფესტივალის წლევანდელი თემა არის „ზღვარზე“. ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ ვართ რაღაც ზღვარზე. შარშანდელი ფესტივალის თემა იყო შემოქმედებითი წინააღმდეგობა, მაგრამ იმ წინააღმდეგობამ რა მოიტანა, არ ვიცი. კიდევ უფრო გადაიწია ხაზებმა, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოდის თითოეულ ჩვენგანზე, კიდევ უფრო ზღვარზე აღმოვჩნდით და ამიტომ დავარქვით ზღვარზე.

„ყველაფერი ზღვარზეა… გლობალურად რაც ხდება, რეგიონში რაც ხდება, უკრაინაში რაც ხდება, ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება. ცალკე ტექნოლოგიური წნეხია ხელოვნური ინტელექტის სახით, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ინდუსტრიაზე.

ამას ემატება მილიონი პირადი პრობლემა. ჩვენ, ადამიანებს, ხომ გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და იქაც ყველა რაღაც ზღვარზეა,“ – ასე ხსნის Ad black sea-ის 2026 წლის თემას ფესტივალის თანადამფუძნებელი ვატო ქავთარაძე.

ვატო ქავთარაძე Ad Black Sea – ის გახსნის ცერემონიალზე

„ბათუმელებმა“ ვატო ქავთარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ქვეყანაში რეკლამის მთავარი ფესტივალის ორგანიზატორს ვკითხეთ, რა გავლენას ახდენს ქვეყნის მდგომარეობა სარეკლამო ინდუსტრიაზე.

  • ბატონო ვატო, 10 წლის წინ, როდესაც Ad Black Sea დააფუძნეთ, როგორი სიტუაცია იყო ქვეყანაში – ამ ათი წლის განმავლობაში, როგორ შეიცვალა ინდუსტრია და პარალელურად როგორ შეიცვალა ქვეყანა?

პარალელური ხაზები შეიძლება დავინახოთ, ფესტივალი აშკარად პროგრესირებს. ეს ჩვენი დაკვირვება არ არის მარტო, ყველა მონაწილის და დამკვირვებლის მოსაზრებაა. ჩვენ გვიხარია, რომ ამას ვახერხებთ – ყოველ წელს უკეთეს ფესტივალს ვაკეთებთ.

ფესტივალის პროგრესთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის… ფესტივალი ხომ ტარდება ქვეყანაში და რაღაც კონტექსტში არა? აი, ეს ქვეყანა და კონტექსტი პირდაპირპროპორციულად რეგრესირებს.

ფესტივალის პროგრესთან ერთად სისტემა, რომელშიც ეს ფესტივალი იქმნება (სისტემას ვგულისხმობ იმ დიდ სისტემას, რომელშიც ჩვენ ყველა ვარსებობთ), რადიკალურად უკან-უკან მიდის.

იმ ავტორიტარულ სისტემაში, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, მსგავსი ფესტივალი რომ არსებობს, ეს უკვე რაღაცნაირად დიდი მიღწევა მგონია.

რა ეშველება იმას, რომ ქვეყანა ასეთი სისწრაფით რეგრესირებს, სიმართლე გითხრათ, მაგაზე პასუხი არ მაქვს.

  • წნეხი და, ასე ვთქვათ, არასტაბილური სიტუაცია შემოქმედებით ადამიანებზე რა გავლენას ახდენს, როგორ აისახება?  

მე მგონია, რომ ყველაზე ყველაფერი აისახება და ვერავინ ვერაფერს ვერსად ვერ გაექცევა, იმდენად მძიმეა ეს წნეხი.

ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენი მხრიდან და იმდენი ფორმით გაწვება გარკვეული წნეხი, რომ, უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია, მაგას თავი არიდო, თავი დაიძვრინო და ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად ყველაფერი კარგად გქონდეს.

ყველანი ყველაფერს განვიცდით და ეს სიტუაცია ყველაზე აისახება.

განსაკუთრებით შემოქმედ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ გაძლიერებული მგრძნობელობა ყველაფერზე. იმიტომ, რომ უფრო მეტს ხედავენ, უფრო წინ ხედავენ, შესაბამისად, უფრო მოწყვლადები არიან. მათ შემოქმედებაზეც აისახება ეს.

ამავე დროს არსებობს ისეთი პრეცედენტებიც, როცა ასეთ წნეხურ გარემოში ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი სათქმელის თქმას და თავის გამოხატვას. მაგალითად, ირანში. თუმცა ეს გამონაკლისია.

არადემოკრატიულ და არატოლერანტულ გარემოში შემოქმედებითი ენერგია, შეზღუდული და დაჩაგრული ხდება.

თავისუფლდება სივრცე ბევრად უფრო ბნელი და ნეგატიური ენერგიებისთვის, შესაბამისად, ამ სივრცეში რაღაც წარმატებულ და მასობრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და ვერც იქნება, ჩემი აზრით.

  • თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტყუილთან და პროპაგანდასთან ბრძოლა. როგორ ვებრძოლოთ პროპაგანდას – ეს არის ახლა მთავარი კითხვა ყველასთვის, ვინც ცდილობს ეძებს პასუხს ამ კითხვაზე. თქვენ როგორ ხედავთ შემოქმედებითი ინდუსტრიის როლს ამ ბრძოლაში?

ჩემი აზრით, ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს ძალიან დიდი და ორგანიზებული სისტემა, რომელიც არის მძლავრი, მასშტაბური და გაწერილი აქვს თავისი სამოქმედო გეგმა ისეთ დეტალებამდე და ნიუანსებამდე, რომელთან ბრძოლაც ასეთი ფორმით, როგორც ახლა ჩვენ ვცდილობთ, ეფექტური არ არის.

იმიტომ, რომ ისინი [პროპაგანდის შემქმნელები] მასითაც, ორგანიზებითაც, გააზრებითაც და სტრატეგიული ხედვითაც გვჯობნიან. უფრო სწორად, შენ არც გაქვს ბრძოლის ეფექტური მეთოდები.

ალეგორიულად რომ წარმოიდგინოთ – ჩვენ მათთან შედარებით ვართ, ორგანიზებულ არმიას რომ დაუპირისპირო „რაგატკებიანი“ ბავშვები.

არმიას, რომელსაც ჰყავს არტილერია, თავისი სტრატეგიული ხელმძღვანელობა, ტანკები, ყველანაირი აღჭურვილობა, ასეთ ძალას ხომ ვერ მოერევა ბავშვების ჯგუფი პატარა ტკაცუნა თოფებით.

დაახლოებით ასეთივე მიმართებაა პროპაგანდასთან ბრძოლა ჩვენი ძალებით.

ის სისტემა ჩვენ გვერევა იმითი, რომ არის უფრო ძლიერი, ორგანიზებული და მასზე ყოველდღე მუშაობს ასობით ადამიანი.

ზუსტად ვიცი, რომ ყოველდღე, მაგალითად, მოსკოვშიო, ერთ-ერთ ქუჩაზე მიდის ხალხი, როგორც სამსახურში, აი, ისე მიდის ასობით ადამიანი იმისთვის, რომ მარტო საქართველოზე, აქ პროპაგანდის გავრცელებაზე, იმუშაოს.

ეს მარტო ჩვენს ქვეყანაზე თუ გავაკეთებთ აქცენტს, თორემ ისე უფრო დიდი მოცვა აქვთ და გლობალურადაც ძალიან ეფექტურად მუშაობს ეს პროპაგანდა.

სწორედ ამიტომ, ასეთი მასშტაბის პროპაგანდასთან ბრძოლისთვის გჭირდება მინიმუმ ის, რომ შენც გყავდეს ორგანიზებული ჯგუფი, ვინც სტრატეგიულად დაგეგმავს მუშაობას.

ამას სჭირდება უდიდესი რესურსი, ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს ამის უკან და უპირისპირდებოდეს დეზინფორმაციას, პროპაგანდას.

ჩვენს შემთხვევაში კი რა ხდება?

იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო იყოს პროპაგანდასთან ბრძოლის ორგანიზატორი, ის არის პროპაგანდის მხარეს. ძალის ქვედანაყოფია, იმ ასობით ადამიანის, რომელიც ყოველდღე მიდის სამსახურში, რომ დაგეგმოს და მერე ამ დაგეგმილი პროპაგანდით გადაგთელოს.

ამ მოცემულობაში ჩვენი, ნებისმიერი ინდივიდუალურად ადამიანის, თუ რაღაცა პატარა ჯგუფის ძალისხმევა აუცილებელია.

თუმცა სრულიად არასაკმარისი იმისთვის, რომ ამ პროპაგანდაში ჩვენ რამე წარმატებას მივაღწიოთ.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვშველის, არის სიმართლე, რომელიც ჩვენ მხარეზეა და არის გულწრფელი ბრძოლა იმ იდეალებისა და ფასეულობებისთვის, რასაც ვემსახურებით. ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ჩვენი სივრცის, ჩვენი ღირსების და ჩვენი სამყაროსი. ამ ბრძოლაში ეს ერთადერთი აქტივია, თორემ ფორმალურ ნაწილში პროპაგანდა არის განუზომლად დიდი. ერთადერთი შანსი გვაქვს, თუ ბიბლიურ თქმულებებს დავესესხებით, ბრძოლა დავითს და გოლიათს შორის ხანდახან დავითის გამარჯვებით მთავრდება. სწორედ ამის იმედი შეიძლება გვქონდეს ამ ბრძოლაში.

  • როგორ ველაპარაკოთ ადამიანებს, რომლებიც პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან? ამ სალაპარაკო ენის პოვნაში კრეატიული სამყაროს როლს თუ ხედავთ და როგორ?

ჩემი აზრით, შეუძლებელი ამ ენის გამონახვა ხალხთან, რომელიც პროპაგანდას სრულად ჰყავს გადაყლაპული.

ბევრი მაგალითია, რომ სახლში შვილი მშობელს ვერ უმტკიცებს რაღაცას. რომელი პროპაგანდით შეიძლება იმაზე უფრო ძლიერი ველი შექმნა, სადაც დედა და შვილი, ან მამა და შვილი ვერ თანხმდებიან.

როცა შვილი, რომელიც ვერ აჩვენებს დედას ან მამას რეალობას, ვერ გამოჰყავს პროპაგანდის გავლენიდან, ამ მოჯადოებული მდგომარეობიდან, არა მგონია ასეთ ხალხზე სხვა რამე ფორმის კომუნიკაციამ, ტექნიკურმა, სტრატეგიულმა ხედვამ იმოქმედოს.

სამწუხაროდ, პროპაგანდას ათწლეულები აქვს ნამუშევარი, თუ მეტი არა, ტვინების ეტაპობრივად მოწამვლაზე, ნელ-ნელა და წვეთ-წვეთად, იმათ აღარაფერი აღარ შველის.

ამ ტვინების გამოხშირვაში მარტო ტელევიზორის ან ფეისბუქის როლი არაა.

ეს არის კომპლექსური.

ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჩემი დაკვირვებით, არის ამბიონი, საიდანაც ადამიანებს ელაპარაკებიან იმედით, სადაც რაღაც საკრალურ ზონაში გადაჰყავთ ის რაღაც ამბავი და იქიდან ამუშავებენ.

წარმოიდგინეთ ერთი მაგალითი, რომელიღაც ერთი ასეთი „მარტივი ტვინი“ მიდის და ეკლესიიდან იღებს ინსტრუქციას, ინდოქტრინაციას. მერე მიდის სახლში, ტელევიზორს რთავს და იქიდანაც იმავეს უსმენს. მერე შეიძლება სამსახურში ან სხვაგან მიდის, იქაც იგივე.

წარმოიდგინეთ, ადამიანი შუაში რომ დააყენო ამ კრიმინალურ, რელიგიურ, ძალოვან, მედიასივრცეში, ერთგვარად დაასხივო, ეს ადამიანი იქნება მეხუთე ელემენტივით, სავსებით შესაძლებელია, ნებისმიერ ადამიანს, სრულ ჭკუაზე მყოფსაც კი, ეს ექსპერიმენტი რომ ჩაუტარო, ერთ თვეში შეეცვალოს ფიქრები, იმდენად ძლიერია ეს „დასხივება/ზემოქმედება“.

ბრძოლა იმ ფორმით, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გამოვიყვანოთ ადამიანი აქედან, ჩემი აზრით, დაგვიანებულია. ყოველ შემთხვევაში, მცდელობებით, რაც გვაქვს. Facebook-ზე ვიღაცა დაწერს რაღაცას, მეორე შემოუძახებს სინდისს და ა.შ. უშედეგოა ეს ყველაფერი ჩემი დაკვირვებით.

ერთადერთი, რაც შეიძლება დავუშვათ და ამ ბოლო ხანებში ამის ნიშანი გამოჩნდა, შეიძლება თვითონ სისტემა ისე მოინგრეს და ისეთი შეცდომები დაუშვას, რომელსაც უშვებს კიდეც, რომ ადამიანებს ფიქრისკენ უბიძგოს.

[პროპაგანდის ქვეშ მოქცეული] ადამიანები შეიძლება თავისით მივიდნენ იქამდე, რომ სინდისმა, რაღაც შინაგანმა ხმამა და შეგრძნებამ მათში გამოიწვიოს ცვლილებები. დაინახონ, დაეჭვდნენ თავიანთ წარმოდგენებში.

თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს ანტიპროპაგანდის რაღაცა კერა, საიდანაც რეალური, სწორი ინფორმაცია სწორად განაწილდება, სტრატეგიულად მივა თავის ადრესატებამდე. ამან შეიძლება მცირე ცვლილებები მოიტანოს, მაგრამ არა ყველაში. იმ ხალხს, ვინც სიბნელის მომსახურე პერსონალია, ვერაფერს უზამ სამწუხარო.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტურია პროპაგანდასთან ბრძოლის ის მეთოდები, რასაც დღეს იყენებს მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ან ცალკეული აქტივისტები?

სიმართლე გითხრათ, ყველაზე დამთრგუნველი და მტკივნეული ჩემთვის პირადად არის ის, რომ რეალურად დაპყრობის რეჟიმში ვართ. გვიპყრობს და დაგვიპყრო უკვე ქვეყანამ, რომელიც 300 წელია ჩვენი დამპყრობელია.

ამ წუთას არც ბომბები ცვივა, არც ავტომატით შემორბის ვიღაც, არც ფიზიკურად, ამ წუთას ოკუპაცია ხდება პროპაგანდის ველში.

ჩემთვის პერსონალურად მტკივნეულია, რადგან პროპაგანდა ასე თუ ისე მაინც ჩვენი, მარკეტერების პროფესიული დომეინია.

სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვართ მებრძოლები იმ ველზე, სადაც დაგვიპყრეს. გამოდის, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა, თუ რა ვიცი, როგორ ვთქვა. მართალია უშუალოდ ეგ არ იყო ჩემი პროფესიული სპეციალიზაცია, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ჩვენი სპეციალობა არის ინფორმაციის გავრცელება, ინფორმაციის ხალხამდე მიტანა, დარწმუნება.

ამ სპეციალობის ფორმატში, ბევრად უფრო დიდმა, ორგანიზებულმა და ამაზე ორიენტირებულმა ძალამ აი ასეთ დღეში მოგვაქცია.

ორი რამის ტკივილია – ერთი, რომ ვერ გავუმკლავდით ამ პროპაგანდას და მეორეც, არც ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ.

  • თქვენი აზრით, უნდა უპასუხო პროპაგანდას თუ არ უნდა უპასუხო. ორივე გადაწყვეტილებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ზოგი თვლის, რომ პასუხით უფრო ავრცელებ პროპაგანდას, ზოგიც თვლის, რომ სიმართლე პროპაგანდაზე ძლიერია და აუცილებელია უპასუხო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

უნივერსალური რჩევა არ არსებობს. ალბათ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია, კონტექსტს და სიმძაფრეს. მეც როდესაც მოვყოლილვარ მოულოდნელ შეტევაში პროპაგანდისტული ძალების, იმ მომენტში ავირჩიე, რომ არ მეპასუხა.

მაგრამ არსებობს ხალხი, რომელთანაც პროპაგანდის შეტევა უფრო ძლიერი იყო და უფრო დრამატულად განვითარდა ხოლმე მათთან მოვლენები.

ასეთ დროს მინახავს – მათ ორგანიზებულად გასცეს პასუხი. როდესაც რაღაც ისეთ ეხება პროპაგანდა, რაც რეპუტაციის შელახვას იწვევს, საჭიროა პასუხი გავცეთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: