ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი
__
2026 წლის 11 სექტემბერს დილით, ზუსტად 8:46 საათზე – იმ წუთს, როდესაც 2001 წელს პირველი გატაცებული თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს შეეჯახა – ნიუ-იორკში, ეროვნულ მემორიალთან დუმილით მიაგეს პატივი 3 000-მდე ადამიანის ხსოვნას, რომლებიც 25 წლის წინ ამ საშინელ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
ტრადიციული ცერემონია დაღუპულთა სახელების რიგრიგობით ამოკითხვით წარიმართა. ამჯერად სიტყვით ისეთი ახალგაზრდებიც გამოვიდნენ, რომლებსაც დაღუპული მშობლები საერთოდ არ ახსოვთ, ან ტრაგედიის შემდეგ დაიბადნენ.
წელს ორგანიზატორებმა ცერემონიას ახალი, მეშვიდე დუმილის წუთიც დაამატეს – იმ ათასობით მაშველისა და მოქალაქის პატივსაცემად, რომლებიც წლების განმავლობაში ნანგრევების ტოქსიკური მტვრით გამოწვეული კიბოთი და სხვა მძიმე დაავადებებით გარდაიცვალნენ.
ხსოვნის დღეს პოლიტიკური დაძაბულობაც ახლდა. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრაგედიის ადგილას არ იმყოფებოდა – მან სიტყვა პენტაგონში გამართულ მემორიალზე წარმოთქვა და ამერიკული სულის სიმტკიცეზე ისაუბრა. ნიუ-იორკში შეკრებილ საზოგადოებას კი ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი შეუერთდა.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ნიუ-იორკის მოქმედი მერი ზოჰრან მამდანი, ქალაქის პირველი მუსლიმი ხელმძღვანელი, რომლის დასწრებასაც ნაწილობრივი პროტესტი და პეტიციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიისდროინდელი მერი რუდი ჯულიანი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მამდანის მონაწილეობას, ცერემონიის დაწყებამდე ორმა პოლიტიკოსმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა.
მამდანიმ აღნიშნა, რომ ამ დღეს მთავარი ყურადღება მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებსა და მაშველებზე უნდა იყოს მიპყრობილი.
ამავდროულად, მერიის მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულმა საარქივო ჩანაწერებმა კვლავ გააღვივა დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად მიაწოდა მაშინდელმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ. საქმე ეხება 170 000-ზე მეტი გვერდისგან შემდგარ ანგარიშებსა და მიმოწერას, რომლებიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ – ქვემო მანჰეტენისა და უოლ-სტრიტის საქმიანობის აღდგენის სასოწარკვეთილი სურვილით განპირობებულმა – ნიუ-იორკელები არსებული საფრთხეების შესახებ შეცდომაში შეიყვანა.
წელს მემორიალური ცერემონიები პარალელურად გაიმართა პენსილვანიაში. ქალაქ შექსვილში Flight 93-ის გმირი მგზავრები გაიხსენეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ეროვნული საქველმოქმედო და სამოქალაქო აქტივობები ჩატარდა – ათასობით მოხალისე გაერთიანდა ჰუმანიტარული დახმარების პაკეტების შესაგროვებლად, რაც 11 სექტემბრის ერთიანობის სულისკვეთების გაცოცხლებას ისახავდა მიზნად.
სამი ღამის განმავლობაში მანჰეტენზე ცნობილი „Tribute in Light“-ის ორმა მძლავრმა სინათლის სვეტმა ნიუ-იორკის ცა განათა, რითაც ტყუპი კოშკების ვიზუალური სიმბოლო კიდევ ერთხელ გააცოცხლა.
დახურული ღონისძიების შემდეგ, მემორიალის ტერიტორია ფართო საზოგადოებისთვის დღის სამი საათიდან გაიხსნა, სადაც უსაფრთხოების გამკაცრებული წესების, ბარიერებისა და სკანირები ს ხანგრძლივი პროცესის ფონზე, ადამიანების უწყვეტმა ნაკადმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დაღუპულთა ხსოვნა და პრინციპი „Never Forget“ (არასოდეს დაივიწყო) ამერიკელებისთვის კვლავ ცოცხალია.






