მთავარი,სიახლეები

11 სექტემბრის ტრაგედია: როცა ჩვენი ილუზიების ბუშტი გასკდა – დისკუსია ვაშინგტონში

11.09.2026
11 სექტემბრის ტრაგედია: როცა ჩვენი ილუზიების ბუშტი გასკდა – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

იმ დროს, როცა ამერიკა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წლისთავს გლოვითა და ფიქრით ხვდება, ძველმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თავი მოიყარეს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, რათა გაეხსენებინათ ის გარდამტეხი დილა და შეეფასებინათ, თუ როგორ შეცვალა მან ამერიკული ძალაუფლება.

დისკუსიას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ანალიტიკოსი აარონ დევიდ მილერი უძღვებოდა, მონაწილეები კი იყვნენ სიუზან გლასერი (New Yorker-ის მიმომხილველი, მაშინ მოსკოვში Washington Post-ის ბიუროს ხელმძღვანელი), ფილიპ გორდონი, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან [კლინტონისა და ბაიდენის ადმინისტრაციების უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც თბილისში და ბათუმში ჩავიდა 2012 წელს] და ნიკ რასმუსენი მაკკეინის ინსტიტუტიდან (კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი შეფი).

მილერმა გაიხსენა ის უმძიმესი წუთები, როცა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის ფანჯრიდან პოტომაკის გადაღმა ამომავალ კვამლს უყურებდა: „არ მგონია, ოდესმე ამ ამბის წინაშე ასეთი უსუსურობისა და უძლურების განცდა მქონოდა“.

მოსკოვში მყოფ სიუზან გლასერს კი თვალწინ უდგას სასტუმრო „მარიოტის“ პრესკონფერენცია, როცა დარბაზში უზარმაზარი აღნაგობის ამერიკელი საზღვაო ქვეითი შევარდა, პოდიუმს მიეჭრა და პენტაგონის მაღალჩინოსანი დაგლას ფეითი სასწრაფოდ გაიყვანა – ვაშინგტონიდან ცნობა მოვიდა, რომ თავად პენტაგონს დაარტყეს.

გლასერმა თქვა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის შემობრუნება პირდაპირ ეთერში, საკუთარი თვალით იხილა: „სამყარო ჩვენს მყუდრო ბუშტში შემოიჭრა და ის უბრალოდ ააფეთქა“. ფილ გორდონმა კი, რომელიც იმ დილით კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად საუზმობდა, მაშინვე დაწერა სტატია ფრანგული Le Monde-ისთვის; ამერიკის შემართებასთან ერთად, მან იქვე გააფრთხილა ვაშინგტონი „ემოციური და ირაციონალური რეაქციების საფრთხეზე, რასაც შეეძლოა პრობლემები მოეტანა”.

  • რეფორმების ფასი და დაკარგული თავისუფლებები

პანელის მონაწილეები ერთხმად აღიარებენ: 11 სექტემბრის შემდეგ გატარებულმა უმკაცრესმა რეფორმებმა – დაზვერვის უწყებების გაერთიანებამ, ტრანსპორტის კონტროლმა და საზღვარგარეთ ტერორისტული ბაზების განადგურებამ – თავისი საქმე გააკეთა და ამერიკის მიწაზე მსგავსი მასშტაბური თავდასხმა აღარ დაუშვა.

გორდონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპაში მომხდარი ტრაგედიებისა (მადრიდში, ლონდონსა თუ პარიზში) და შეერთებულ შტატებში მომხდარი შედარებით მცირე თავდასხმებისა (სან-ბერნარდინოსა თუ პენსაკოლაში), სისტემამ იმუშავა: „ფართო გაგებით, უნდა ვაღიაროთ, რომ სისტემამ ამ ვიწრო, მაგრამ გადამწყვეტ მიზანს მიაღწია“. რასმუსენმაც დაამატა, რომ 25 წელი ახალი 9/11-ის გარეშე „იმ დღეს უდიდეს გამარჯვებად ჩაითვლებოდა“.

თუმცა მილერმა იკითხა, რა დაუჯდა ეს ქვეყანას შიგნით და როგორ გაიზარდა საპრეზიდენტო ძალაუფლება. რასმუსენმა გულწრფელად აღიარა, რომ კონტრტერორისტულ მანქანას თავიდანვე მოჰყვა „გადაჭარბებისკენ მიდრეკილება“, გორდონმა კი პირდაპირ თქვა, რომ მაშინდელი საგანგებო ზომები დღემდე ხელშეუხებელია: „გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს უფრო მეტად ვდარდობ სამოქალაქო თავისუფლებების ეროზიაზე“.

  • ვერნასწავლი გაკვეთილები: ერაყიდან ირანის ომამდე

საუბარი ლოგიკურად გადავიდა ძველ შეცდომებზე, რომლებიც დღეს, დონალდ ტრამპის მიერ ირანში გაჩაღებულ ომში, ისევ მეორდება. მილერმა ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ამერიკა შეადარა „თანამედროვე გულივერს, რომელიც დაეხეტება სამყაროში, რომელიც კარგად არ ესმის, შებოჭილია პატარა მოთამაშეებით და დამძიმებულია საკუთარი ილუზიებით“.

გორდონის თქმით, ერაყის მთავარი ტრაგედია ტაქტიკური შეცდომები კი არა, უსაზღვრო ამპარტავნება იყო: „უდიდესი შეცდომა იყო არა ოპერაციული არჩევანი, არამედ იმის რწმენა, რომ ტერორიზმის საპასუხოდ რეგიონის სამხედრო ძალით გარდაქმნა და დემოკრატიზაცია შეგვეძლო“.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები „დაუსრულებელი ომებით“ დაიღალნენ, წინა წლების წარმატებულმა წერტილოვანმა დარტყმებმა ტრამპს გაუჩინა ილუზია, რომ „მე შემიძლია ვიყო ის, ვინც ამას ბოლომდე მიიყვანს“. შედეგად კი ისევ გამოჩნდა, რომ „არარეალური მიზნებისთვის სამხედრო ძალის გამოყენება მწარედ ბუმერანგივით გიბრუნდება“.

გლასერიც დაეთანხმა და გაიხსენა საბჭოთა გენერლები, რომლებმაც ჯერ კიდევ 2001 წლის შემოდგომაზე გააფრთხილეს, რომ ავღანეთში შესვლა საკუთარი ხელით შექმნილ მახედ იქცეოდა: „დონალდ ტრამპი დღეს ამას თავიდან სწავლობს – ჩვენ ეს გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. სიმართლე გითხრათ, არც კი მგონია, რომ ამ უპრეცედენტოდ არაპოპულარულ ომს [ირანში] მალე დავასრულებთ, რადგან გამოსავლის მკაფიო გზას უბრალოდ ვერ ვხედავ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: