მთავარი,სიახლეები

„ალიანს სიტიმ“ „ლუჟკოვის სახლი“ 29,5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა

22.03.2019 • 6645
„ალიანს სიტიმ“ „ლუჟკოვის სახლი“ 29,5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის გაგრძელებას შორის მდებარე „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს და მის ადგილზე მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ბათუმელებმა“ მოიპოვა კომპანიებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ლუჟკოვის სახლი“ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ყოფილმა მესაკუთრემ, „ბათუმი სიტიმ“, 29 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა „ალიანს სიტის“.

კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმის მერიას იმ ადგილისთვის, სადაც „ლუჟკოვის სახლი“ დგას, ზონის სტატუსის შეცვლა და განაშენიანების კოეფიციენტების [კ2] გაზრდა უკვე მოსთხოვა. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას საშუალება ექნება ზღვასთან ახლოს ერთი 50 და ორი 44-სართულიანი შენობა ააშენოს. ერთადერთი, რის გაზრდასაც კომპანია არ ითხოვს, გამწვანების კოეფიციენტია. მეტიც, მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] პროექტის მიხედვით, არსებული გამწვანების ფართობი კიდევ უფრო მცირდება.

ამ თემაზე: გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

ბათუმის მერიაში „ალიანს სიტის“ მიერ წარდგენილი გრგ-ს პროექტის საჯარო განხილვა ქალაქის მერიამ ოფიციალურად დააანონსა. ეს განხილვა 20 მარტს შედგა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, ისინი ამ „საჯაროდ განხილული“ დოკუმენტის [რენდერის] შეცვლას აპირებენ. ეს გრგ კი ბათუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ გაცნობისთვის იყო და ახლაც არის გამოქვეყნებული.

ზოგიერთი დეტალი ახალი ხელშეკრულებიდან

„ალიანს სიტისა“ [მყიდველი] და „ბათუმი სიტის“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით „ალიანს სიტი“, 29 500 000 აშშ დოლარს [ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით, გადახდის დროისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით], „ბათუმი სიტის“ გადაუხდის შემდეგი გრაფიკით:

[checklist]

  • 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში [მხარეთა შორის შეთანხმებული ბე] გადახდილია 2019 წლის 14 იანვარს [ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის პირველ თებერვალს, თბილისში];
  • 8,5 მილიონი აშშ დოლარის [ქვემოთ ყველგან ექვივალენტი ლარში – ავტ.], საიდანაც 4,5 მილიონი დოლარი არის ქონების ღირებულების დღგ, უნდა ანაზღაურდეს შემდეგნაირად: 4 მილიონი აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ერთ სამუშაო დღეში [დოკუმენტების მიხედვით ხელშეკრულება რეესტრში 2019 წლის 4 თებერვალს დარეგისტრირდა]; ხოლო 4,5 მილიონი დოლარი არაუგვიანეს 2019 წლის 14 მარტისა.
  • მყიდველმა 15 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 2019 წლის პირველი მაისისა, ხოლო 5 მილიონი დოლარი – არაუგვიანეს 2023 წლის პირველი მაისისა.

[/checklist]

ამ 5 მილიონის გადახდის მიზნით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ვალდებულია ქონება გამყიდველის სასარგებლოდ დატვირთოს იპოთეკით 2019 წლის პირველ აპრილამდე. იპოთეკით დასატვირთად წარდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება კი 1,15-ჯერ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელ ვალდებულებას. იპოთეკით დატვირთული ქონება კი 2023 წლამდე შესაძლოა გადაფასდეს ყოველი წლის ბოლოს.

ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ცალკე დაიდება სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გიორგი ბიწაძესთან და აკაკი სონგულიასთან. ამ ხელშეკრულებით ისინი თავდებობას კისრულობენ მყიდველის მიერ ზემოთ აღნიშნული 4 მილიონი დოლარის გადახდაზე და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

15 მილიონი აშშ დოლარის სრულად გადახდის მიზნით, მყიდველს უფლება აქვს „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთოს მთლიანი ქონება. ამასთან, მყიდველი უზრუნველყოფს, რომ ბანკი ვალდებულებას აიღებს გამყიდველის წინაშე, რომ შესაბამისი თანხა განთავსდება მყიდველის ანგარიშზე, რომელიც შემდგომ ბანკის მეთვალყურეობით გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე ამავე ბანკში.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ქონებაზე რეგისტრირებულია „საქართველოს ბანკის“ იპოთეკის უფლება, ბანკი კი იღებს ვალდებულებას, რომ მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე 4 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხვის შემთხვევაში სრულად გააუქმებს ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციას. გარდა ამ იპოთეკისა, ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, ქონება არ არის დატვირთული სხვა რაიმე ვალდებულებით.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

52 ათასი ლარი – „ლუჟკოვის სახლში“ 12 წლის წინ გადახდილი ფასი  

„ლუჟკოვის” სახლი. ფოტო: „ბათუმელები“

„ლუჟკოვის სახლი“ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლემ ააშენა. ქონების მესაკუთრე ბოლოს კომპანია „ბათუმი სიტი“ იყო, რომლის 100% წილს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“ ფლობს, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაშია. ამ უკანასკნელის 100% წილს კი ფლობს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი“, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

2006 წელს ეს ქონება კომპანია „აჭარინვესტმა“ აუქციონზე შეისყიდა 52 ათას ლარად. „აჭარინვესტის“ დამფუძნებელი ჰოლდინგი იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“. ამავე წყაროს მიხედვით, ეს ინდუსტრიული ჯგუფიც 2006 წელსაა დაარსებული. მისი მფლობელი კი ოფშორულ ზონაში, კერძოდ მარშალის კუნძულებზე, 1994 წელს დაარსებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედია“. ამ კომპანიას ჰყავს ერთადერთი ქართველი პარტნიორი, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი.

კომპანია „ალიანს სიტი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი „ალიანსის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია, კომპანიის დირექტორი კი – „ალიანსის“ დირექტორი აკაკი სონგულია.

სწორედ გიორგი ბიწაძესთან და აკაკი სონგულიასთან უნდა დაიდოს [ან უკვე დაიდო] ცალკე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისინი „ლუჟკოვის სახლის“ გაყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებით „ალიანს სიტის“ მიერ ნაკისრი ზოგიერთი ვალდებულების შესრულებაზე თავდებობას კისრულობენ.

„ალიანს სიტის“ სხვა გეგმები

20 მარტის შეხვედრაზე  ბათუმის მერიაში ითქვა, რომ „ალიანს სიტი“ მთავრობისთვის „მაგნოლიას“ ნაცვლად ახალი პროექტის შეთავაზების საკითხს განიხილავს.

ამ თემაზე: „ალიანს სიტი“ „მაგნოლიას“ აღების საკითხის განხილვას მთავრობასთან გეგმავს

„მაგნოლია“, ისევე როგორც „ლუჟკოვის სახლი“ ერთ, საცხოვრებელ ზონაშია და შენობებს ქუჩა ჰყოფს. „ალიანს სიტი“ ამ დროისთვის ზონირების და კ2-ის შეცვლას „ლუჟკოვის სახლისთვის“ ითხოვს. დიდი ალბათობით იმავეს მოითხოვს „მაგნოლიას“ შემთხვევაშიც, თუ ამ შენობის დანგრევა მართლაც აქთვ გეგმაში.

„მაგნოლიას“, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 800-ზე მეტი კერძო მესაკუთრე ჰყავს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა შეიძლება შესთავაზოს კომპანიამ ამ მესაკუთრეებს სანაცვლოდ, „ალიანს სიტიში“ გვითხრეს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან.

რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც „მაგნოლია“ დგას, 15 000 კვ/მ-ზე მეტია, „ლჟკოვის სახლის“ ტერიტორია კი  -18 815 კვ/მ -ია.

„მაგნოლია“ [მარცხნივ] და „ლუჟკოვის სახლი“ [მარჯვნივ] ბათუმში, ხედი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან / 21.03.2019

მთავარი ფოტო: „ალიანს სიტის“ პროექტი „ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე / რენდერი, რომელიც კომპანიამ გრგ-ს პროექტთან ერთად მერიაში წარადგინა / წყარო: გრგ-ს პროექტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: