მთავარი,სიახლეები

„უკრაინელებმა რუსებს 3 რაკეტმზიდი ხომალდი დაუზიანეს ერთდროულად“ – ინტერვიუ

11.09.2026
„უკრაინელებმა რუსებს 3 რაკეტმზიდი ხომალდი დაუზიანეს ერთდროულად“ – ინტერვიუ

„რუსეთს ყოველთვის სჭირდება მეხუთე ტუზი სახელოში დამალული. გიორგაძე დაბერდა და, როგორც ჩანს, ახალი მოძებნეს… ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი, ძირითადად პიარ-კამპანიისთვის განკუთვნილი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიდის ომში.

საუბარი გადამდგარ გენერალთან დღესაც იმით დავიწყეთ, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე:

„უკრაინელები მოქმედებენ სწორი პრინციპით – ერთი ინგლისური გამოთქმაა ასეთი, რომ „ისრის დაჭერას სჯობია, მოკლა მშვილდოსანი“.

შესაბამისად, უკრაინელები ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ამცირებენ რუსეთის შესაძლებლობებს. თუ უკრაინამ შეძლო თავისი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, რა თქმა უნდა, დარტყმები გაძლიერდება რუსეთზე და რუსული საავიაციო  თუ სახმელეთო შესაძლებლობები შემცირდება –  რაკეტას გამშვები სჭირდება: გინდა ბალისტიკური იყოს, გინდა – ფრთოსანი.

წარმოიდგინეთ, 9 სექტემბერს უკრაინელებმა შეძლეს ერთდროულად სამი ხომალდის დაზიანება ნოვოროსიისკში. სამივე ხომალდი რაკეტმზიდი იყო,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და შემდეგ იმასაც აღწერს, როგორ სთხოვეს რუსმა სამხედროებმა პუტინს, დონბასის აღების დათქმული ვადა ისევ გადაწიოს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, გვითხარით, რა იცვლება ფრონტის ხაზზე? 

დიდი ცვლილებები არ არის. ისევ მეტრებზეა საუბარი. უკრაინელებს აქვთ გარკვეული წინსვლა კონსტანტინოვკა – ლიმანის მიმართულებაზე. „აზოვის“ დანაყოფი აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს და შეძლეს ე.წ. ლიმანის შვერილის გასწორება. უკრაინელებმა აიძულეს რუსებს უკან დაეხიათ. გარკვეული წინსვლა აქვთ უკრაინელებს, ტყის მასივიც გაასუფთავეს კონსტანტინოვკის ჩრდილოეთით და ასე შემდეგ.

მცირეოდენი წინსვლა აქვთ რუსებსაც, იგივე კრამატორსკის მიმართულებაზე, თუმცა კონსტანტინოვკა და დრუჟკოვკაც გასავლელი აქვთ. ძალიან ნელი ტემპებით მიდიან. სამხედროები ითხოვენ პუტინისგან, რომ დონბასის გათავისუფლების ვადა გადაიტანოს – მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ბოლომდე იყო მისი ვადა და სამხედროები ითხოვენ, რომ 2027 წლის მარტამდე გადაიწიოს ვადა.

რუსეთში არის მცდელობები, მოხალისეები მოიძიონ. უკვე ბელარუსშიც არის განცხადებები, რომ სთავაზობენ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას – $20,000 პირველივე კონტრაქტის ხელის მოწერისთანავე და თუ ნასამართლობაა, ნასამართლობის განულება, ასევე მოქალაქეობის მიცემა და ასე შემდეგ.

სხვადასხვა თაფლაკვერით ცდილობენ, მიიზიდონ მოხალისეები. რუსეთში კონტრაქტორების რაოდენობა აშკარად შემცირებულია.

  • ამის მიუხედავად, რუსეთი აქტიურად განაგრძობს სარაკეტო თავდასხმას უკრაინაზე – წუხელაც იყო მსხვერპლი. 

გაზრდილია თავდასხმების რაოდენობა. არ ვიცი, საიდან გაუჩნდათ ასე უცებ რუსებს დიდი მარაგი. ძირითადად მაინც დიდ ქალაქებზეა იერიში. თუ უკრაინამ ვერ შეძლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება, ძალიან გაუჭირდება ზამთრის გადატანა. აშკარაა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს, ზამთრის გადატანა გაუჭირდეს უკრაინას.

უკრაინელებს ბალისტიკური პრობლემები აქვთ, ვინაიდან დრონებთან ასე თუ ისე ახერხებენ ბრძოლას. დრონების საშუალებით რუსები ახერხებენ, გადატვირთონ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. შემდეგ ამას მოჰყვება კომბინირებული დარტყმა, სადაც უკვე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები მონაწილეობენ. უკრაინელებს რომ „პატრიოტის“ რაკეტების დეფიციტი აქვთ, აშკარად ეტყობათ.

რამდენიმე მიმართულების განვითარებას აპირებენ უკრაინელები, რომ შესაძლებლობები გაზარდონ. ძალიან საინტერესო სამხედრო გამოფენა იყო პოლონეთში, სადაც უკრაინელებმა წარადგინეს თავისი ბალისტიკური რაკეტა, წარადგინეს საბჭოთა „სტრელა 10“-ის ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი. ასევე წარადგინეს გადამჭერი დრონები. უკრაინელებიც ცდილობენ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დეფიციტი როგორმე შეამცირონ.

  • თითქოს ჩანს, რომ უკრაინა ვეღარ ახერხებს გაუმკლავდეს რუსულ დრონებს და რაკეტებს. ეს დროებითია? 

დიახ, ეს რაღაც პერიოდულობით ხდება, როცა თავდება მარაგი და მის შევსებას დრო სჭირდება. ამჟამად დიდმა ბრიტანეთმა გამოუყო უკრაინას თანხა ბალისტიკური რაკეტების შესაძენად, ევროკავშირმა იმ 8 მილიარდს დაუმატა კიდევ 2 მილიარდი „პატრიოტის“ რაკეტების საყიდლად. ასე რომ, გარკვეული, სპეციალური მიმართულება აქვთ დასავლეთში აღებული უკრაინის მოსამზადებლად ზამთრისთვის.

ასევე, 150 ათას დრონს მისცემს ბრიტანეთი უკრაინას წლის ბოლომდე. აქედან ძირითადი არის გადამჭერი დრონები. რეაქტიული გადამჭერი დრონები, რომლებიც ზუსტად რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ გამოიყენება.

წარმოების რაოდენობაა მნიშვნელოვანი და ეს რაოდენობაც თანდათანობით იზრდება. უკრაინა თვითონ გახდა იარაღის მწარმოებელი ქვეყანა, რაც ალბათ  თვისობრივად ცოტა ხანში აისახება. რუსები „შაჰედების“ მაგივრად უკვე „გერანებს“ უშვებენ: „გერან-4“, „გერან-5“ უკვე არის რეაქტიული. მისი გადაჭერა რთულია, ვინაიდან საკმაოდ მაღლა მიფრინავს და მაღალი სიჩქარით.

  • რა არის ცნობილი რუსების მარაგების შესახებ? რა რესურსი გაუჩნდათ? 

„გერანებს“ თვითონ აწარმოებენ და, როგორც ჩანს, იღებენ მაკომპლექტებელ დეტალები შეიძლება ჩრდილოეთ კორეიდან,  ჩინეთიდან. ნუ გამოვრიცხავთ ირანსაც.

უკრაინელები მოქმედებენ სწორი პრინციპით – ერთი ინგლისური გამოთქმაა ასეთი, რომ „ისრის დაჭერას სჯობია, მოკლა მშვილდოსანი“. შესაბამისად, უკრაინელები ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ამცირებენ რუსეთის შესაძლებლობებს.

თუ უკრაინამ შეძლო თავისი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, რა თქმა უნდა, დარტყმები გაძლიერდება რუსეთზე და რუსული საავიაციო თუ სახმელეთო შესაძლებლობები შემცირდება, ვინაიდან რაკეტას გამშვები სჭირდება – გინდა ბალისტიკური იყოს, გინდა ფრთოსანი.

წარმოიდგინეთ, 9 სექტემბერს უკრაინელებმა შეძლეს ერთდროულად სამი ხომალდის დაზიანება ნოვოროსიისკში. ეს სამივე ხომალდი რაკეტმზიდია, რომელსაც „ცირკონის“ რაკეტების გაშვება შეეძლო და უშვებდნენ კიდეც უკრაინის მიმართულებით. მსგავსი დარტყმებით აზიანებენ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, საიდანაც უშვებენ ფრთოსან რაკეტებს. ეს შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს.

კრიტიკულ ვითარებაში უკრაინა არ არის და ეს ჩანს კიდეც ზელენსკის რიტორიკაში, როდესაც ამერიკულ დელეგაციას კატეგორიულად უთხრა, რომ უკრაინა დონბასს არ დათმობს.

  • რუსეთი დონბასის გარდა ითხოვს კიდევ სამ რეგიონის დათმობას? 

ერთი პერიოდი თითქოს პუტინმა შეწყვიტა ამ სამ რეგიონზე ლაპარაკი და მხოლოდ დონბასზე გააძლიერა აქცენტი, მაგრამ ახლა ისევ იძახიან, რომ ისევ იმ ამოცანებს უბრუნდებიან. გასაგებია, რომ პუტინს უნდა, ეს საკითხი ვაჭრობის საგნად გაიხადოს, მაგალითად, დათმოს ხერსონის და ზაპოროჟიეს აუღებელი ტერიტორიები და სანაცვლოდ მიიღოს დონბასი მთლიანად. ამას გაასაღებს შემდეგ პუტინი დიდ გამარჯვებად, თუ გამოუვიდა.

  • მოსკოვსა და კიევში ამერიკელი მომლაპარაკებლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ჩასვლის შემდეგ, რა მოლოდინები გაჩნდა ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით? 

ვერაფერი ვერ გამოიკვეთა ჯერჯერობით. რაც გამოიკვეთა დადებითი, არის ის, რომ ამერიკამ გააქტიურა თავისი ქმედებები – გარკვეული წინაპირობაა იმის, რომ ამ პროცესში უფრო აქტიურად ერთვება აშშ. რაღაც მიმართულებით ტრამპს ნამდვილად სჭირდება წარმატება.

  • ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს, რაზეც ოფიციალურმა პირებმა პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრეს. ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს სამხედრო რიტორიკას გერმანიის წინააღმდეგ. რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ ინციდენტს?

თქვენთან ვამბობდი წინა ინტერვიუში, რომ იქნებოდა სწორედ მსგავსი ინციდენტები, დივერსიული მოქმედებები. სხვა რა შეუძლია აბა? რუსეთი გააძლიერებს თავის დივერსიულ მოქმედებებს, რომ განწყობა ევროპის ქვეყნებში როგორმე შეიცვალოს უკრაინის საზიანოდ.

რუსეთმა დიდ ბრიტანეთს დაუწყო ომი და ახლა გერმანიას დაუწყებს თუ რა? როგორც ჩანს, მსგავსი მოქმედებების რაოდენობა და ინტენსივობა გაიზრდება.

იგივე ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობა ამის ნაწილი იყო. სხვათა შორის, ძალიან ახლოს არ აფეთქებულა – დაახლოებით 150 კილომეტრში აფეთქდა. ამ დრონმა გაიარა მოლდოვა, რუმინეთი, დაბრუნდა მოლდოვაში და იქ იყო ეს თავდასხმა. ამგვარად არანაირ საზღვრებს არ ცნობს რუსეთი.

  • თქვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე რა ხარისხის ნდობა ჩანს ტრამპის მხრიდან პუტინის მიმართ? 10 სექტემბერს გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და აშშ-მ არქტიკაში რუსეთის საიდუმლო წვრთნა ჩაშალეს, სადაც კვალის დატოვების გარეშე წყალქვეშა კაბელების და დაზიანებისთვის შექმნილი ახალი ტექნოლოგიის გამოცდა მიმდინარეობდა. იმავე პერიოდში ტრამპმა განაცხადა პუტინთან საუბრის შესახებ და ასეთი რამ თქვა: „შესანიშნავი საუბარი გვქონდა პუტინთან. მას სურს შეთანხმების დადება და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“.

რასაც ვხედავთ, ეს არის ის, რომ ტრამპის მხრიდან ჯერ კიდევ დიდი ნდობაა პუტინის მიმართ. არ ვიცი, ეს რის ბრალია. ძნელია ტრამპის ნათქვამის და ქმედებების რაღაცნაირად დაკავშირება. მე ჯერ არ მინახავს ტრამპს ეთქვას, მოლაპარაკება წარუმატებელი იყო. მისი თქმით, მოლაპარაკება ყოველთვის არის მშვენიერი, ლამაზი, ნაირფეროვანი, წარმატებული და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობაში სულ სხვა სურათს ვიღებთ-ხოლმე.

გამიჭირდება თქვენს კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ აქტიურობა ამერიკის მხრიდან გამოჩნდა. ევროპას რუსეთი არ ენდობოდა და არ თვლიდა, რომ უნდა ჩარეულიყო ამ მოლაპარაკებებში. უკრაინა ევროპის გარეშე არ ჯდება მოლაპარაკებებზე. ასე რომ, ამერიკის, როგორც გარკვეული მედიატორის გამოჩენა, აუცილებელი იყო მოლაპარაკებებისთვის.

  • კორუფციული სკანდალებზეც მინდა გკითხოთ უკრაინაში, ზელენსკის ოფისის გარშემო. ეს რამდენად ახდენს გავლენას სამხედროებზე? 

რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და ეს ნეგატიურად აისახება მებრძოლების განწყობაზე. გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს აისახება საბრძოლო მოქმედებებზე. არც რაღაც მასობრივი დაუმორჩილებლობა, ან მასობრივი ბრძოლის ველის დატოვება და ასე შემდეგ. იმდენად კულუარულად ხდება ეს ამბავი, რომ ჯარისკაცამდე მხოლოდ ინფორმაცია მიდის. რეალობაა ეს კორუფცია, როგორც საბჭოთა გადმონაშთი. ამ რეალობაში უწევს ზელენსკის ქვეყნის მართვა.

დასავლეთმა თვითონ უნდა გაამკაცროს კონტროლი იმ თანხებზე, რომელსაც აძლევენ, ვინაიდან ეს თანხები ძირითადად კონკრეტული მიზნებისთვის არის გამოყოფილი.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების მოწყობა 12-16 ოქტომბერს ხომ არ უკავშირდება რუსეთში მოსალოდნელ მობილიზაციას? ამ სწავლებაში, ცნობილია, რომ მონაწილეობას მიიღებენ რუსი სამხედროები.

ეს არის შემოდგომის შემაჯამებელი წვრთნები – როდესაც ხდება დანაყოფის მომზადება, შენაერთის მომზადება, შემდეგ აკეთებენ ამის ჩვენებას საბრძოლო წვრთნებზე. ეს გეგმური სწავლებაა. არა მგონია მობილიზაციის თვალსაზრისით ტარდებოდეს სწავლება. როგორც წესი, ხდება ხოლმე სამობილიზაციო სისტემის მუშაობის რაღაც ელემენტების გამოყენება ამ სწავლებებში.

  • რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ მიდის ოთარ ფარცხალაძე – საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი. უკრაინაში მებრძოლის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა თქვა, რომ ამით რუსეთს სურს შექმნას განწყობა, რომ ქართველები რუსების მხარესაც იბრძვიან… თქვენ რას ფიქრობთ? 

არ მგონია, ეს სამხედრო ძალა იყოს. ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი. ფარცხალაძის ომი არ გაიშვა არსად და მისი საბრძოლო მოქმედებები.

ჩემი აზრით, ეს დანაყოფი საბრძოლო მოქმედებებში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს იმდენად ძვირი უჯდება რუსეთს, რომ ეს ხალხი დაიხოცოს და ხელახლა შეავსონ, ამდენ ქართველს ვერ მოძებნიან, ვერც სხვებს. ეს კარგად ესმის ფარცხალაძესაც.

უცნობია, საერთოდ რა სახის დანაყოფზეა საუბარი: ასეულია, ბატალიონია, ბრიგადა. ფარცხალაძემ ინტერნაციონალური ლეგიონი ჩამოაყალიბა,  სახელწოდებით „გიორგიევსკი“. ისე ჯობდა „შულავერი“ დაერქვა. უფრო მოუხდებოდა მის დანაყოფს ეს სახელი. ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი, ძირითადად პიარ-კამპანიისთვის განკუთვნილი.

რუსეთს ყოველთვის სჭირდება მეხუთე ტუზი სახელოში დამალული. გიორგაძე დაბერდა და, როგორც ჩანს, ახალი მოძებნეს. სულ ეს არის.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ ჯარში გაწვევის წესის გამკაცრებაზე: ჩაბარებულად ჩაითვლება უკვე საჯაროდ გამოქვეყნებული უწყისი. პირი თუ არ გამოცხადდება შესაბამის ორგანოში, დააჯარიმებენ, შესაძლოა დააპატიმრონ კიდეც. ჯარის გაძლიერებაა ჩვენი მიზანიო, „ოცნება“ ამბობს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე? 

სავარაუდოდ ეს უფრო უკავშირდება მობილიზაციის უფრო ეფექტურად ჩატარებას. ამით ჯარი არ ძლიერდება. თავის არიდება შეიძლება შემცირდეს.

მე წინააღმდეგი ვარ სავალდებულო სამხედრო სამსახურის და მომხრე ვარ სრულად საკონტრაქტო სისტემის. ვთვლი, რომ ძალით წაყვანილი ჯარისკაცი არ არის ეფექტური ბრძოლის ველზე და ეს ბევრგან გამოჩნდა. მას უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ეფექტი.

მაგრამ საკონტრაქტო სამსახურის პარალელურად, უნდა იყოს ძალიან ძლიერი, კარგად ორგანიზებული, ოპერატიული სამობილიზაციო სისტემა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: