დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი 528 ათას 639 ლარით აქვს გამოცხადებული.
„მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ სოფელ ჩაქვისთავში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხორციელდება საერთაშორისო პროექტის – „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტი თანადაფინანსებით.“ – წერს სააგენტო.
„აღნიშნული შესყიდვის განხორციელება გათვალისწინებულია პროექტის ფარგლებში და ფინანსდება 71 პროცენტით გრანტის, ხოლო 29 პროცენტით სააგენტოს საკუთარი შემოსავლების თანადაფინანსებით, რომელიც დაზუსტდება ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას“ – წერია სატენდერო კომისიის ოქმში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება.
ტენდერს თან ახლავს რენდერი, გეგმა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები.

ქობულეთის სოფელ ჩაქვისთავში მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რენდერი / ფოტო ტენდერიდან
„მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 დღის ვადაში. აღნიშნული ვადა მოიცავს სამუშაოების დასრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დადგენის შესახებ შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიღებასა და შემსყიდველისთვის წარდგენას, ასევე სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის წარმოდგენას“ – წერია ტენდერის პირობაში.
მტირალას ეროვნულ პარკს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, 2021 წელს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
მტირალას ეროვნული პარკი 2006 წელს შეიქმნა. 2023 წელს პარკის ტერიტორია 180,8 ჰექტრით შეამცირეს.
ამ თემაზე ვრცლად:
რატომ შემცირდა მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია – ადმინისტრაციის განმარტება






