მთავარი,სიახლეები

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა

14.09.2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ დღეს, 14 სექტემბერს, გახდა ცნობილი. გეკა გელაძის განცხადება სუს-ის ფეისბუქის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს  გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე“, – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა ფეისბუქით.

გეკა გელაძე მიმდინარე წლის აპრილში დანიშნეს სუს-ის უფროსად, მან ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა.

წესით, ამ თანამდებობაზე 6 წელი უნდა ემუშავა გელაძეს, მაგრამ 6 თვითაც კი ვერ შეინარჩუნა თანამდებობა.

ზუსტად 6 თვით მოუწია მამუკა მდინარაძესაც ამ თანამდებობაზე ყოფნა. მას ხელოვნურად შეუქმნეს უწყება ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუმცა იქიდანაც მალე გაათავისუფლეს. მდინარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ სახლში მიდის და პოლიტიკიდანაც მიდის.

რაც შეეხება გეკა გელაძეს, ის სუს-ში შს სამინისტროდან გადაიყვანეს.

სუს-ის უფროსად გეკა გელაძის დანიშვნის შემდეგ მას მოადგილედ დაუნიშნეს გიორგი ბახუაშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი. მანამდე ის, ერთი თვით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: