მთავარი,სიახლეები

„ამასობაში ფარულად მოსამართლესაც მოუსმინეს“ – მოსმენების საქმეს 7 წელზე მეტია თაროზე დევს

08.09.2026
„ამასობაში ფარულად მოსამართლესაც მოუსმინეს“ – მოსმენების საქმეს 7 წელზე მეტია თაროზე დევს

„აბსურდის თეატრამდე მივდივართ,“ – უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრის დროს იმ ამბავს გვახსენებს, მოსამართლე მანანა კობახიძესაც რომ მოუსმინეს უკანონოდ, ვიდრე სასამართლო წლობით აჭიანურებს „ფარული მოსმენების საქმეზე“ გადაწყვეტილების გამოცხადებას. იგივე მოსამართლე და მთლიანად სასამართლო ამ ფაქტის დადასტურების მიუხედავად – ყველას უსმენენ და მათ შორის, მოსამართლეს – მაინც დუმილს ამჯობინებს კონსტიტუციის დაცვას და დემოკრატიის გადარჩენას:

„თითქმის რვა წელია ამ საქმეზე სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული და გადაწყვეტილება არ გამოაქვს. ამ შუალედში მოსამართლე მანანა კობახიძე თვითონ გახდა უკანონო მიყურადების მსხვერპლი – როცა სუსის ე.წ. კრებსები გამოქვეყნდა, მან თავისი თავი ამოიცნო ერთ-ერთ საუბარში და მიმართული აქვს პროკურატურისთვის… ეს საქმე აჩვენებს ყველაზე კარგად, სადაც ვართ,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

ე.წ. ფარულ მოსმენებზე კამპანია „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის აპრილში დაასრულა. თუმცა, „ფარული მოსმენები“ არაა ერთადერთი საქმე, რომელიც განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩევა და გადაწყვეტილებას სასამართლო წლებია არ აცხადებს – საქმეები, სადაც ივანიშვილის პირდაპირი ინტერესი იკვეთება ძალაუფლების გასამყარებლად და დემოკრატიის დასასუსტებლად, საკონსტიტუციო სასამართლო: განუხილველად ტოვებს, განხილვას წლობით აჭიანურებს, ან განიხილავს და გადაწყვეტილება არ გამოაქვს.

  • გელა მთივლიშვილი: „სიტყვა სასამართლო რომ ვახსენოთ, უხერხულია…“

„ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მორჩილებაშია სრულად საკონსტიტუციო სასამართლო… საერთოდ სიტყვა „სასამართლო“ მის მიმართ რომ ვიხსენოთ, არის უხერხული,“ – ამბობს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. იგი ზუსტად 2 წლის წინ ესწრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომას, სადაც პლენუმი განიხილავდა, მიეღო უნდა თუ არა არსებითად განსახილველად რუსული კანონი, ასევე შეეჩერებინათ თუ არა სადავო კანონის მოქმედება – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსული კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, თუმცა სარჩელს განიხილავს. ამ სარჩელის განსახილველად ამ 2 წელიწადში 1 სხდომაც კი არ ჩაატარეს. რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მხარი მხოლოდ ორმა მოსამართლემ დაუჭირა: გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

„ორი მოსამართლე იყო განსხვავებულ აზრზე ჩვენს სარჩელთან მიმართებაში და მაგ ორ მოსამართლესაც უფლებამოსილების ვადა გასდის. პლენუმი მერე ალბათ სრული შემადგენლობით „ქართული ოცნების“ მორჩილებაში გადაწყვეტს, რომ თითქოს ეს კანონი არ არის ანტიკონსტიტუციური,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი და აღწერს, როგორ შეიცვალა მედიაგარემო რუსული კანონის მიღების შემდეგ.

გელა მთივლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში

„ზუსტადაც მყისიერი საფრთხე შექმნა ამ კანონის მიღებამ: არაერთმა ჟურნალისტმა საქმიანობა შეწყვიტა, ჟურნალისტები წავიდნენ ემიგრაციაში, იძულებით დევნილობაში. მედია, როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ დონეზე, უკიდურესად დასუსტდა, მათ შორის, საქმიანობა შეწყვიტეს.

საკონსტიტუციო სასამართლო იყო ჩვენთვის ქვეყანაში ბოლო ინსტანცია, რომლითაც დავამტკიცებდით, რომ ეს კანონი იწვევს დისკრიმინაციას, გაერთიანების შეზღუდვას, მედიის, სამოქალაქო სექტორის გაქრობას და ასე შემდეგ.

ფიზიკურად დაგვივიწროვდა თავისუფალი მედიის სივრცე და არეალი. ეს დაეტყო, მათ შორის, ჩვენს კონტენტსაც. უამრავი პრობლემაა, რომელსაც ვეღარ ვაშუქებთ, რესურსები არის შეზღუდული. ბოლო ორი წლის განმავლობაში არცერთ ქართულ მედიას არანაირი მხარდაჭერა საქართველოში არ მიუღია. მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადასულია შემოწირულობების შეგროვებაზე, რაც არის მინიმალური, რადგან სოციალური ფონი ძალიან მძიმეა ქვეყანაში. შეიძლება, მთლიანად არ აღიგავა მიწისაგან პირისა კრიტიკული მედია, მაგრამ ბევრიც აღარაფერი უკლია.

მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრი სარჩელია, მაგრამ ეს ვერ ამართლებს ისეთი მნიშვნელოვანი სარჩელის განუხილველობას, რომელზეც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მთელი ქვეყნის ბედი, მთელი სექტორის ბედი: თავისუფალი, კრიტიკული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მომავალია დამოკიდებული.

ამ ორი წლის განმავლობაში არათუ რაიმე სხდომა არ დანიშნულა, არანაირი კომუნიკაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარჩელეებთან არ ჰქონია,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი.

ამ თემაზე საუბრის დროს გელა მთივლიშვილი იხსენებს კიდევ ერთ სარჩელს, რომელიც სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო 2024 წელს. ეს სარჩელი ონლაინ-მედიისთვის საერთო სასამართლოებში ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერისა და გადაღების შეზღუდვას ეხებოდა, რადგან ამის უფლება ჰქონდათ მხოლოდ სამაუწყებლო მედიას.

„პლენუმი იხილავდა ჩემს სარჩელს. ახლა აღარც ტურავაა, აღარც – კიკილაშვილი… ამასობაში, კანონიც შეცვალეს მთლიანად და სრულიად აკრძალეს გადაღება. ამ მოცემულობაში, როგორ შეიძლება ვისაუბროთ თუნდაც დაშვების დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობაზე? ეს არის მთლიანად პოლიტიზებული ინსტიტუცია. არსებობს მხოლოდ ორი მოსამართლე, რომელიც ობიექტურად განიხილავს საქმეს, მაგრამ ვერაფერს ხდება შვიდის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო „ქართული ოცნების“ მორჩილებაშია სრულად.

  • გიორგი ბურჯანაძე: „საარჩევნო დავა გადაწყვიტა მერაბ ტურავამ და მიიღო პოლიტიკური თანამდებობა…“

„არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის შემდგომ, რომელიმე პირს პოლიტიკური თანამდებობა დაეკავებინოს – საარჩევნო დავა გადაწყვიტა მერაბ ტურავამ და მიიღო პოლიტიკური თანამდებობა – იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე. იგი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილეა.

მას 2024 წლის ცნობილ დავაზე ვესაუბრეთ, როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 3 დეკემბერს უარი თქვა განეხილა ეს სარჩელი. ეს ის დროა, როცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების შესახებ ფაქტებით საუბრობენ, მაგალითად, ცნობილია გაჟონილი ბიულეტენები. ამ დროს უკვე გამოცხადებული აქვს „ოცნების“ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს და ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაწყებულია.

იმის მიუხედავად, რომ კრიზისულ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო იყო კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც პროცესის დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტა შეეძლო, სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელი არც კი, განიხილა.

„მათ [„ქართულ ოცნებას”] სჭირდებოდათ, ეჩქარებოდათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი არ განეხილა. დღემდე საერთაშორისო ფორუმებზე „ოცნება“ ყველა ხელის ჩამორთმევაში, თუ ვიღაცასთან მოხვედრილ კადრში, ეძებს ლეგიტიმაციას. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ ამას სერიოზულად ვერავინ შეხედავს…

სამწუხარო ისაა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანდატის მატარებელმა ადამიანებმა სანქცია დაიმსახურეს,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

9 მოსამართლიდან ორმა – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელის განუხილველობაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. სარჩელის განუხილველობაზე გადაწყვეტილება ამ მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი. სწორედ ეს 7 მოსამართლე დაასანქცირა 2025 წელს ლიეტუვამ.

ამ რეზონანსული დავიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

„იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვერ გახდები პროფესიული ნიშნის მიხედვით. პოლიტიკური ნდობა და პოლიტიკური ლოიალობაც აუცილებელია. მან პოლიტიკური ნდობა მოიპოვა და, შესაბამისად, ეს თანამდებობა დაიკავა. მერაბ ტურავას საქციელი, ქმედება და საქმიანობის გაგრძელება ყველაზე კარგი ლაკმუსის ქაღალდია ამ საქმის პოლიტიზების და იმის, რომ ეს მიუკერძოებელ მსაჯულებს არ გადაუწყვეტიათ – არამედ გადაწყვეტილება მიიღეს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილმა, მანტიაშემოსხმულმა ადამიანებმა.

ცხადია, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება… ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო დასკვნა ამბობდა, რომ არჩევნები ჩატარდა უამრავი დარღვევით. საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა მანდატი, რომ ეს საკითხი განეხილა, ემსჯელა, არსებითად გადაეწყვიტა, თანაც ორმა მოსამართლემ პირდაპირ თქვა, რომ სარჩელი მისაღები იყო“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

გიორგი ბურჯანაძე

როგორ მიაღწია „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლს?

„პოლიტიკურად მორჩილი და ლოიალური სასამართლო იღებს აბსურდულ გადაწყვეტილებებს და რაღაც შემთხვევაში ამბობს: ძალაში უნდა დარჩეს, ან უსასრულოდ და უსაშველოდ წელავს პროცესს.

ეს ყველაფერი მიიღწევა იმით, რომ ისეთ ადამიანებს ნიშნავს მოსამართლეებად, რომლებსაც არც ტექნიკური ცოდნა აქვთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების – ზოგჯერ იმაშიც კი მეპარება ეჭვი, რომ მოსამართლეს კონსტიტუციაც კი არ აქვს ბოლომდე წაკითხული. არანაირი სახელით და გვარით ამ ადამიანების ნაწილს არ იცნობენ – ვიღაცას ჩააცმევენ მანტიას და ეძახიან, შენ მოსამართლე ხარო.

იციან მოსამართლეებმაც, რომ მაღალი ხელფასი ექნებათ, სანაცვლოდ კი, ყველაფერს უნდა მოაწერონ ხელი. სულ ესაა „ქართული ოცნების“ ფორმულა,“ – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ „ბათუმელებთან“.

უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს წლების განმავლობაში დანახულ ტენდენციაზეც: 2018-2019 წლამდე სასამართლო ახერხებდა „სახის შენარჩუნებას“, რამდენიმე თამამი და რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღეს, შესაბამისად, სასამართლოში სარჩელების რაოდენობამ იმატა, თუმცა სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდის პარალელურად, „ოცნება“ აქტიურად ამუშავდა ივანიშვილისადმი ლოიალურობით გამორჩეული მოსამართლეების შერჩევაზე.

„რამდენიმე განცხადება იყო, ზეწოლასა და კომპრომეტირებაზე… სიტუაციას ცოტათი აუმჯობესებდა ის, რომ გიორგი მარგველაშვილმა ორი დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშნა, რაც საერთო კომპოზიციაზე აისახა და სასამართლო 2018-2019 წლამდე ახერხებდა სახე შეენარჩუნებინა. შემდგომ მეტი და მეტი ლოიალური მოსამართლეები დანიშნეს, რომლებიც მზად არიან, თეთრზე შავი თქვან, ყველაფერზე ხელი მოაწერონ.

მაგალითად, მანანა კობახიძე იყო სამოქალაქო ორგანიზაციის – „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დამფუძნებელი, რომელიც ახლა რუსულ კანონს ასაჩივრებს. ამ დროს მანანა კობახიძემ სადავო ნორმის მოქმედება არ შეაჩერა. ამ დრომდე სასამართლოს რუსული კანონის განხილვა არ დაუწყია.

ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო რომ კარგად მუშაობდეს, რა პრობლემებიც დღეს გვაქვს, მინიმუმ 60-70% არ გვექნებოდა. საკონსტიტუციო სასამართლო რომ მუშაობდეს, დრაკონული კანონების მიღება და მათი მოქმედებაში მოყვანა, გამორიცხული იქნებოდა… ყველფრის ლაგმის ამომდები იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლო,“ – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე უკმაყოფილებას არ მალავს და სიტუაციის გაუარესების ახალ ეტაპს გამოყოფს: საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნებამ“ უკვე აქცია იმ ორგანოდ, რომელსაც შეუძლია „კონსტიტუციის შინაარსიც კი ცვალოს სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაბამისად“.

„მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო ვალდებულია, გააკეთოს თავისი კომპეტენციის მაქსიმუმი ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ათქმევინეს, რომ თითქოს ეს ვალდებულება ასე არ არის,“ – დასძინა გიორგი ბურჯანაძემ „ბათუმელებთან“.

  • რელიგიური ორგანიზაციების სარჩელები განუხილველი დატოვეს: „ალბათ, უხერხული საკითხია“ 

„4 სხვადასხვა სარჩელი შევიტანეთ 2019 და 2021 წლებში. მოსარჩელეები არიან რელიგიური ორგანიზაციები. არსებით განხილვამდეც კი არ არის საქმის მისული. სამი სარჩელია მიღებული წარმოებაში, მაგრამ სხდომა არ ჩატარებულა, ერთ სარჩელზე კი, განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩატარებულა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ორგანიზაციის „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ [TDI] იურისტი, საბა სუთიძე.

ეს ორგანიზაცია რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის სამართლებრივ ინტერესებს იცავს. გასაჩივრებულია რამდენიმე სამართლებრივი ნორმა, რომელიც მოსარჩელეების შეფასებით, კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას არღვევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დარეგისტრირებული სარჩელი მიღებიდან 9 თვეში უნდა განიხილოს, თუმცა კანონით არაა განსაზღვრული, რა ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული სარჩელების შემთხვევაში, სასამართლომ კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადაც დაარღვია.

„ნორმა ფარავს იმ ნორმატიულ შინაარსსაც, რომ სახელმწიფო ქონების შეძენა არ შეუძლიათ სსიპ რელიგიურ ორგანიზაციებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისგან [პირდაპირი მიყიდვით მხოლოდ] და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რაც მიუთითებს ამ უკანასკნელ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის დაწესების ფაქტზე…

ბუნდოვანია, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც განაპირობებენ სადავო ნორმები. გაუგებარია რა სახელმწიფო ინტერესი შეიძლება არსებობდეს, სადავო ნორმებში სსიპ-ად და ააიპ-ად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობაში და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭებაში. მიგვაჩნია, ამ შემთხვევაში, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც დიფერენცირებულ მოპყრობას გაამართლებდა,“ – აღნიშნულია რელიგიური ორგანიზაციების ერთ-ერთ სარჩელში, რომელიც ახლა მოსამართლეების თაროებზეა შემოდებული.

„რელიგიური ორგანიზაციების შემთხვევაში ცოტა უხერხული საკითხი შეიძლება იყოს ეს სასამართლოსთვის – მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა გაბატონებული მიდგომაა, რომ თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და იქ ვინმე თანასწორობაზე თუ ამოიღებს ხმას და რაღაცას გასაჩივრებს, ზოგადად ქვეყანაში არის უხერხული საკითხი ეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე ისაუბრონ ხმამაღლა,“ – გვიყვება იურისტი, საბა სუთიძე.

საბა სუთიძე

„ამას ჩემი ვარაუდის საფუძველზე ვამბობ. იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გამოცდილება, როცა წლების წინ დააკმაყოფილა რელიგიური ორგანიზაციების მიერ მანამდე შეტანილი სარჩელები და თქვა, რომ საქმე გვაქვს უთანასწორობასთან.

როცა რელიგიური ორგანიზაციები მოკლებული არიან შეღავათებით სარგებლობას და კონკრეტული უფლებებით სარგებლობას, ეს, რა თქმა უნდა, აისახება მათ ქონებრივ მდგომარეობაზე, ფინანსურ მდგომარეობაზეც. ამ დროს არსებითად თანასწორ სუბიექტს, ანუ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას აქვს ეს შეღავათები და ეს უთანასწორობა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია ზუსტადაც არის უფლების დაცვა. ეს დაცვა რომ იყოს რეალური, უნდა მოხდეს დროულად და ამ შემთხვევაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა ეფექტური.

როცა სარჩელი შეგაქვს ნებისმიერ სასამართლოში და შვიდი წელი არ განიხილავენ შენს სარჩელს, ამას აშკარად არ ელოდები,“ – გვითხრა საბა სუთიძემ.

რელიგიური ორგანიზაციების ერთ-ერთი სარჩელი [#1422] სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 7 მაისს. ეს სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეს 2020 წლის 30 აპრილს, თუმცა 6 წლის გასვლის მიუხედავად, საქმეზე ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა. სარჩელის დავის საგანია ის სამართლებრივი ნორმები, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არაეკონომიკური მიზნით არსებული მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისგან, ამავდროულად, სხვა რელიგიური გაერთიანებების ამავე კატეგორიის მიწა, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადით იბეგრება.

იურისტი საბა სუთიძე განმარტავს, რომ ეს და სხვა სადავოდ მიჩნეული სამართლებრივი ნორმები არ უპირისპირდება საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას კონკრეტულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ „უპირისპირდება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას“.

კიდევ ერთი სარჩელის [#1593] მიხედვით კი,  გასაჩივრებულია ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იმპორტირებული საღვთისმსახურო პროდუქცია თავისუფლდება ყველანაირი, მათ შორის, იმპორტისა და დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ყველა სხვა რელიგიური გაერთიანება, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საღვთისმსახურო პროდუქციის [რელიგიური დანიშნულებით გამოსაყენებელი საგნების] იმპორტის შემთხვევაში, იხდის, როგორც იმპორტის, ისე დამატებული ღირებულების გადასახადს.

„კიდევ ერთი სარჩელი რომ ავიღოთ, თუ კანონში წერია, რომ დაუშვებელია პრივატიზება რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ნანგრევების და იმ ტერიტორიის, რომელზეც ეს ნანგრევებია განთავსებული, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომ ამ კატეგორიის მართლმადიდებლური ტაძრები დაიბრუნოს. ბევრ რელიგიურ გაერთიანებას აქვს ისტორიულად მის საკუთრებაში არსებული ქონება, რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ნანგრევები და ის ტერიტორია. ეს ორგანიზაციები დაინტერესებული არიან, რომ დაიბრუნონ ეს ქონება, თუმცა, ამ ზოგადი აკრძალვის გამო, ვერ ახერხებს ამას, მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესია ამას ახერხებს.

თუკი სახელმწიფო ერთი სუბიექტისთვის უშვებს ამ შეღავათებს, ესე იგი დასაშვები ყოფილა ის, რომ რელიგიურ ორგანიზაციას გადაეცეს თავისი ტაძრების თუ რელიგიური ნაგებობების ნანგრევები, სხვა სახელმწიფო ქონება შეიძინოს, რაღაც საგადასახადო შეღავათები დაუწესდეს გარკვეულ მოქმედებებზე. შესაძლებელი ყოფილა, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას უწესდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საბა სუთიძე.

  • გიორგი გოცირიძე: „ამ სასამართლომ ბევრჯერ ვერ გაიარა დამოუკიდებლობის ტესტი და მოსმენების საქმე ამის ინდიკატორია…“ 

„ამ სასამართლომ ბევრჯერ ვერ გაიარა დამოუკიდებლობის ტესტი და „მოსმენების საქმე“, მათ შორის, ამის ინდიკატორია, რომ რეალურად პრობლემა არსებობს ამ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამ საქმის გაჭიანურება და საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი არის პასუხი, რამდენად დამოუკიდებელია ეს ინსტიტუტი,“ – გვესაუბრება საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე. იგი 2009 წლიდან დღემდე სხვადასხვა მოსარჩელის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი გოცირიძეს კონკრეტულად სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე ვესაუბრეთ, რომლის ერთ-ერთი ავტორიც იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

ეს ის საქმეა, რომელიც ამ ქვეყანაში ყველას ეხება, ანუ ფარულ მოსმენებს, მაგრამ თითქმის 8 წელია საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს – „სათათბიროდაა გასული“.

რატომ აწყობდა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ასე გაჭიანურება?  – „სასამართლოს არ ჰქონდა არგუმენტი, რომ გასაჩივრებული ნორმები კონსტიტუციური იყო, ამიტომაც, არჩიეს გაჭიანურების გზა… „ქართული ოცნების“ და უსაფრთხოების სამსახურის ინტერესი ამ საქმის მიმართ აშკარა იყო,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.

გიორგი გოცირიძე

„ბოლო სხდომა ჩატარდა 2019 წლის 17 აპრილს. გავიდა 7 წელზე მეტი და დღემდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული,“ – გვესაუბრება იურისტი გიორგი გოცირიძე. – „შეიცვალა რამდენიმე მოსამართლე, ვინც იხილავდა ამ საქმეს, მაგალითად, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა… ვინც დღეს არის მოსამართლე, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება.

იმდენჯერ შეიცვალა საკანონმდებლო ნორმები ამ შვიდი წლის განმავლობაში, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობაზეც. სასამართლოს უნდა შეეფასებინა სახელმწიფო ინსპექტორის ეფექტიანობა უკანონო მოსმენების თავიდან აცილების კუთხით, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გაუქმდა და შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. შემდეგ ეს სამსახურიც გაუქმდა და დღეს უკვე აუდიტის სამსახურია,“ – განმარტავს გიორგი გოცირიძე.

კამპანია „ეს შენ გეხება“ რამდენიმე კანონს ეხებოდა, რომლითაც განსაზღვრულია, როგორ შეიძლება მოგვისმინონ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა სხვა სარჩელზე, რომელიც ასევე ეხებოდა ფარულ მოსმენებს. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ „მოსმენების გასაღები“ არ უნდა იყოს სუსის ხელში.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი [ოტო] ჩამოყალიბდა, თუმცა ეს უწყებაც „ოცნებამ“ სუსის დაქვემდებარებაში დატოვა. კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა დაახლოებით 300 მოქალაქის ხელმოწერით.

„რეალური შედეგი ისაა, რომ გრძელდება ადამიანების სატელეფონო საუბრების უკონტროლო მოსმენა და ეს დაუშვა სასამართლომ… სუს-ის ფაილები მეტყველებს იმაზე, რომ ტოტალური მოსმენა ხორციელდება – მღვდელს, ჟურნალისტს, მოსამართლეს, იურისტს – ყველას უსმენენ, ვისი მოსმენაც მოუნდებათ. ისმინებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც. ამაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა მანანა კობახიძეს, მაგრამ ეს სასამართლოს საქმიანობაზე არ აისახა. პასუხი იქნებოდა ის, რომ სასამართლოს დროულად მიეღო გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად ვერ ახერხებს რეაგირებას ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევებზე. „რუსული კანონი“ და რეპრესიული კანონები ამის მკაფიო მაგალითია,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.

იურისტი განმარტავს, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოსაც ბევრი საქმე აქვს, მაგრამ სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს საქმეებს, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. ამ ეტაპზე, სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, პრიორიტეტად მიიჩნევა პატიმრების საქმეების განხილვა, ასევე საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან.

„სასამართლოს აქვს სრული უფლება, რეგლამენტში განსაზღვროს პრიორიტეტები და მოახდინოს არსებული საქმეების პრიორიტეტიზაცია. „მოსმენების საქმე“ ნამდვილად პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.

საიას იურისტი ყურადღებას ამახვილებს ერთ საინტერესო მონაცემზე: სტრასბურგის სასამართლოში, სადაც 46 ქვეყნის სარჩელები განიხილება – უკვე დასრულდა რუსული კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა. სასამართლო გასულია სათათბიროდ, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის შესახებ სარჩელის განხილვა ჯერ არც კი დაუწყია.

„ზოგჯერ უმოქმედობა კარგია,“ – ირონიას რთავს საუბარში გიორგი გოცირიძე და კიდევ ერთ რეზონანსულ სარჩელს გვახსენებს – ივანიშვილმა 2025 წლის ბოლოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მოინდომა და „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თუმცა ამ საქმის განხილვაც ჭიანურდება.

„ამ შემთხვევაში გაჭიანურება შეიძლება ივანიშვილთან ვაჭრობისთვის იყოს გამოყენებული: მოსამართლეებს ეშინიათ საერთაშორისო სანქციების.

კიდევ ერთი ვარიანტია ის, რომ ელოდებიან რამდენიმე მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვას [მოსამართლეებს გიორგი კვერენჩხილაძეს და თემურ ტუღუშს 2026 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გასდით უფლებამოსილების ვადა. ეს ორი მოსამართლე აფიქსირებს ყველაზე ხშირად განსხვავებულ აზრს], ამ ორ მოსამართლეს ჩაანაცვლებენ „ოცნების“ სასურველი კადრებით და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ერთსულოვნად, რომ დაფიქსირდეს, ასე ვთქვათ, მაღალი ლეგიტიმაცია,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: