ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 2500 ახალი აღსაზრდელი შევიდა, აღსაზრდელების რაოდენობა კი 7 760-ია.
მერია ასევე აცხადებს, რომ წელს ბათუმში საჯარო ბაღში მოხვედრის მსურველი არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩენილა. როგორ მოახერხეს ეს, მაშინ, როცა ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა?
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ბავშვები სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს, რაც სტანდარტის დარღვევას ავტომატურად გამოიწვევდა, რადგან ჯგუფებში ბავშვების რაოდენობას გაზრდიდა. მერია ამას უარყოფს.
მერიაში აცხადებენ, რომ ბავშვები მხოლოდ იმ ბაღებში გადაანაწილეს, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ:
„რაც შეეხება ბავშვების გადანაწილებას, ეს პროცესი განხორციელდა მოქმედ საბავშვო ბაღებში, სადაც ჯგუფებში არსებული ბავშვების რაოდენობა არ იყო მაღალი. შესაბამისად, ბავშვების გადანაწილებისას გათვალისწინებული იყო ჯგუფებში არსებული ადგილები და შესაბამისი პირობები, რათა აღსაზრდელებისთვის სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო“.
მერიის ინფორმაციით, წლევანდელ სააღმზრდელო პროცესს 3 რეაბილიტირებული ბაღი შეემატა – #3, #12 და #26, უახლოეს პერიოდში კი უნდა დასრულდეს კიდევ 6 ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროცესი.
ასევე, ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ #21 ბაღში მუშაობა განახლებულია, #11 ბაღის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით კი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 4 სექტემბერს გამოაცხადა.
მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ში დაწყებულია ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ, რაც სამშენებლო ადგილზე „ბარაკებში“ მცხოვრები ოჯახების სხვა საცხოვრებელში გადაყვანას უკავშირდებოდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კონსოლ კონსტრაქშენი“ ასრულებს.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი გონიოში ახალი, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს.
მერიაში გვითხრეს, რომ ისევ ეძებენ ადგილებს საბავშვო ბაღების ასაშენებლად. „პარალელურად მიმდინარეობს ახალი ლოკაციების მოძიება საბავშვო ბაღების მშენებლობის მიზნით“.
ამავე თემაზე:
ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს






