ყურადღება მიაქციეთ კარებს, „ოცნება“ კარუსელს აპირებს – ოპოზიციის მიმართვა კომისიის წევრებს

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში ოპოზიციურმა ერთობამ განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებს.

„მათი სურვილია და ეს არის მათი გეგმა, რომ იმ ადამიანების ნაცვლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინც ვერ შეძლებს არჩევნებზე მისვლას. ძირითადად ესენი არიან მეზღვაურები და ემიგრანტები. ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის კარუსელის დატრიალებას გვიპირებენ ბათუმის 103-ვე უბანზე.

სწორედ ამიტომ, ოპოზიციურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება და გვინდა ვთხოვოთ ჩვენი საუბნო კომისიის წევრებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება [უბანზე] მიაქციონ შემოსასვლელ კარებს და ყველა ამომრჩეველი აუცილებლად გადამოწმდეს კედლის სიაში, ნამდვილად არის თუ არა ესა თუ ის ამომრჩეველი ამ უბანში რეგისტრირებული. ჩვენ ეს დავალება უკვე მივეცით ასობით ჩვენს წარმომადგენელსა და დამკვირვებელს. „ქართულ ოცნებას“ ვურჩევთ თავი შეიკავოს კარუსელის დატრიალებისგან ბათუმში“, – ამბობს გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან.

„კოორდინირებულმა ოპოზიციამ, რომელიც ერთად გამოდის არჩევნებზე, მოვახერხეთ 2 ათასზე მეტი დამკვირვებლის დატრენინგება. ისინი მზად არიან დაიცვან ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და „ოცნებას“ არ მისცეს გაყალბების საშუალება“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი, ოპოზიციური ერთობის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

„ლელოს“  პირველი ნომერი ბათუმში ირაკლი კუპრაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ წავიდნენ არჩევნებზე, რადგან სწორედ ამით დაიცავენ  თავიანთ ხმას. „ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რომ ჩვენი ხმა არ მიითვისოს „ქართულმა ოცნებამ“, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მსგავსი ხმა წავა მათ ყულაბაში“, – ამბობს ის.

თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 ოქტომბერს გაიმართება.

კორონავირუსით გარდაიცვალა 29 ადამიანი, დადასტურდა 1743 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 2266 პაციენტი.

ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა.

„რა დაზიანდა ამით?“ – მოსამართლის კითხვები აჭარის ტელევიზიის საქმეზე

„კონკრეტულად რა დოკუმენტით მტკიცდება საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა?“ – ჰკითხა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნათია კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს – გიგა ჩხარტიშვილს. მან სერიოზული ბრალდების პასუხად მაუწყებლის ბიუჯეტი დაასახელა, რომელსაც ისევ მრჩეველთა საბჭო ამტკიცებს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორმა ვერ დაასახელა შიდა ან გარე აუდიტის მომზადებული რომელიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძველს – „საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას“.

გიგა ჩხარტიშვილი მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო 2019 წლის აპრილში, როცა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს, იმპიჩმენტი მოუწყვეს. დღეს, 29 სექტემბერს, ამ დავაზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მხარეების კითხვა-პასუხი მოისმინა და თვითონაც ჩაერთო დისკუსიაში. ნათია კაპანაძემ დოკუმენტები მოითხოვა 17-ვე პუნქტზე, რაც მისი იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილებაში ჩამოწერეს.

ნათია კაპანაძე სასამართლოში იმპიჩმენტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას ითხოვს. ის იმპიჩმენტს აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ბორდმა მმართველი პოლიტიკური პარტიის დაკვეთა შეასრულა, რადგან თანამდებობიდან ყოველგვარი გამოკვლევის და მტკიცებულებების გარეშე გადააყენეს.

„რაც შეეხება პრიორიტეტების შეუსრულებლობას, შეგიძლიათ მიმითითოთ საკანონმდებლო მოთხოვნა შესრულების ვადებზე, ეს დადგენილია სადმე?“ – მიუბრუნდა ისევ გიგა ჩხარტიშვილს ნათია კაპანაძე. მისი იმპიჩმენტის დროს ბორდის წევრები საუბრობდნენ იმაზეც, რომ დადგენილ პრიორიტეტებს ნათია კაპანაძე არ ასრულებდა.

„სავალდებულო შესასრულებლად თქვენ გქონდათ ერთი წელი“, – უპასუხა კაპანაძეს გიგა ჩხარტიშვილმა.

„სად წერია ეს?“ – დაზუსტება ითხოვა ნათია კაპანაძემ.

„არ გვაქვს ასეთი ჩანაწერი“ – დისკუსიაში ჩაერთო აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ინტერესების დამცველი თამარ კეკელაშვილი.

როგორ დაადასტურა აჭარის ტელევიზიის ბორდმა, რომ ნათია კაპანაძემ „ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი“ გამოიწვია? – ეს მორიგი საკითხია ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ჩამონათვალიდან. ამ მიმართულებით მოსამართლე დაინტერესდა: როგორ დაადგინა მრჩეველთა საბჭომ ის, თუ რამდენად სამართლიანი იყო თანამშრომლების, მათ შორის, ოპერატორების პროტესტი?

„პირველ რიგში, საინტერესოა, ბიუჯეტში იყო საკმარისი თანხა, ხელფასები გაზრდილიყო? ყველა დირექტორს უნდა, რომ გაზარდოს ხელფასები და ყველა კმაყოფილი იყოს,“ – თქვა მოსამართლემ. მას აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა უთხრა, რომ დაახლოებით 600 ათასი ლარი ბიუჯეტში იმისთვის დაამატეს, რომ ხელფასებზე ტელევიზიის თანამშრომლებს აღარ ჰქონოდათ პრეტენზია.

„თქვენ ამბობთ, რომ მიდგომა იყო შეუსაბამო და დისკრიმინაციული. შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ? რა ადასტურებს იმას, რომ შეუსაბამო ხელფასს უხდიდნენ თანამშრომლებს?“ – აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებს გახედა მოსამართლემ.

„მრჩეველთა საბჭოს სხდომებზეც შემოდიოდნენ თანამშრომლები და აფიქსირებდნენ, რომ შეუსაბამო იყო მათი ხელფასი,“ – უპასუხა მოსამართლეს მრჩეველთა საბჭოს იურისტმა თამარ კეკელაშვილმა.

„ასე შეიძლება ბევრმა თქვას, 1000 ლარი კი არა, 2 000 ლარი მერგებაო… მე მაინტერესებს, თქვენ როგორ დაასკვენით, რომ სამართლიანი იყო თანამშრომლების მოთხოვნა? როგორ დადგინდა, რომ კონკრეტული ადამიანები შეუსაბამო ანაზღაურებას იღებდნენ?“ – იკითხა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

„ამიტომაც იყო საჭირო სამუშაოს აღწერილობა, რაც არ შექმნილა…“, – უთხრა მოსამართლეს თამარ კეკელაშვილმა. აქვე ბორდის ხელმძღვანელმა გიგა ჩხარტიშვილმა დასძინა, რომ ამის შესახებ დაპირება ნათია კაპანაძისგან მის გადირექტორობამდე მოვისმინეთო.

„ახლა გაქვთ ეს აღწერილობა“? – მოპასუხეებს მიმართა საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ, რომელიც ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

„არა, არ გვაქვს,“ – ტელევიზიის ინტერესების დამცველ იურისტებს უხერხულობა აარიდა გიგა ჩხარტიშვილმა.

ამ დიალოგით მოსამართლეც დაინტერესდა: „უკან-უკან თუ მიდის, ეს რას ცვლის? ამ საკითხის კვლევაში სასამართლო ვერ შევა,“ – მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსამართლემ და დაინტერესდა, მაგალითად, ტელევიზიის ოპერატორებმა, რომელთა ნაწილი გაიფიცა, როგორ დაასაბუთა ის, რომ შეუსაბამო ხელფასს უხდიდა ნათია კაპანაძე?

„ეს დგინდება ბაზრიდან გამომდინარე, რა ხელფასს უხდიან ოპერატორს…“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა, თუმცა ის ისევ მოსამართლემ გააჩერა.

„ასე კერძო ტელევიზიებში, როგორც ვიცი, უზარმაზარი ხარჯები აქვთ და, ბუნებრივია, მეტს უხდიან,“ – გაკვირვების ნიშნად მოსამართლემ ორივე ხელი ფართოდ გაშალა და სიტყვაზე „უზარმაზარი“ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. შემდეგ კი, როცა კონკრეტული პასუხი ვერ მოისმინა, დასძინა:

„ვერ მოვისმინეთ კონკრეტული მაგალითი. დისკრიმინაციის კუთხით რა შემთხვევა იყო?“  – ისევ გიგა ჩხარტიშვილს გახედა მოსამართლემ.

მოსამართლეს ბორდის იურისტმა თამარ კეკელაშვილმა უპასუხა კონკრეტული ფაქტით – ერთი და იმავე გადაცემის ორ ოპერატორს 2019 წელს ხელფასი თანაბრად 10-10 პროცენტით გაუზარდეს, თუმცა ერთი ოპერატორის ხელფასი მატებამდე 1800 ლარი იყო, მეორეს – 1000.

„ვადასტურებთ იმას, რომ ხელფასი გაიცემოდა კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად…,“ – უთხრა მოსამართლეს იურისტმა ილონა დიასამიძემ.

„პრობლემა იყო ისიც, რომ თუ ნათია კაპანაძე შეცვლიდა ანაზღაურებას, თანამშრომელს შესაძლოა ედავა სამართლებრივად, რადგან მისი შრომის პირობები გაუარესდებოდა,“ – აღნიშნა საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ. ისიც ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

„თქვენ თვითონ რის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი ჰონორარების მატება?“ – ირონიით მიუბრუნა გიგა ჩხარტიშვილს ნათია კაპანაძე და ის შემთხვევები გაახსენა, როცა ტელევიზიაში, სადაც თანამშრომლები დაბალ ხელფასებს აპროტესტებდნენ, ბორდმა ორჯერ გაუზარდა საკუთარ თავს ჰონორარები.

„კანონით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გავზარდეთ,“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. მან დაადასტურა ისიც, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პირობებშიც სახელფასო გადანაწილების ახალი სქემა არ შექმნილა.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მიზეზი გახდა ირაკლი ბარამიძესთან წაგებული სასამართლო დავაც. ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის განვითარების მენეჯერი იყო, მან ნათია კაპანაძეს სასამართლო დავა მოუგო.

„სხვა დავა იყო კიდევ, როცა წერთ გადაწყვეტილებაში დავებიო?“ – ჩაეკითხა აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველებს საია-ს იურისტი ილონა დიასამიძე.

„არ ვიცი, არ მახსოვს,“ – ჩაილაპარაკა გიგა ჩხარტიშვილმა.

„ახლა რამდენი დავა აქვს ტელევიზიას იცით სასამართლოში?“ – ისევ იკითხა ილონა დიასამიძემ ნახევრად ირონიით და დოკუმენტებით სავსე საქაღალდეს მიუბრუნდა.

აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ 9 სარჩელია შესული სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის რედაქციას იძულებით ჩამოშორებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს გასული წლის გაზაფხულზე მიმართეს, ამ დრომდე სარჩელების დიდი ნაწილის განხილვა არც კი დაწყებულა.

იმპიჩმენტის მორიგი მიზეზის განხილვაშიც ჩაერთო მოსამართლე – ესაა იურისტის ნათია წკეპლაძისთვის ტრანსპორტის მომსახურების ხარჯი, რასაც გიგა ჩხარტიშვილი არამიზნობრივად მიიჩნევს. ნათია წკეპლაძე უსასყიდლოდ იცავდა ნათია კაპანაძის, როგორც აჭარის ტელევიზიის დირექტორის ინტერესებს ირაკლი ბარამიძესთან დავის დროს.

„მაგრამ როცა ის მანქანით ჩამოიყვანეთ, არ იყო წარმომადგენელი,“ – მიმართა ნათია კაპანაძეს გიგა ჩხარტიშვილმა.

„მე, როგორც მახსოვს, ნათია წკეპლაძე იყო წარმომადგენელი,“ – დისკუსიაში მოსამართლე ჩაერთო და მორიგი კითხვის დასმა ითხოვა. დიალოგის მოსმენის შემდეგ, მალევე, ისევ მას მოუწია კითხვის დასმა:

„გამოკვლევა რას ნიშნავს, აბა?“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილს, როცა მან თქვა, რომ ნათია კაპანაძემ მრჩეველი, ფაქტობრივად, 2019 წლის 14 იანვარს აიყვანა, ხელფასი კი, პირველი იანვრიდან გადაუხადა.

„პოსტიც კი ჰქონდა, თუ არ ვცდები 14 იანვარს, ჩვენს გუნდს შემოუერთდაო…,“ – აღნიშნა გიგა ჩხარტიშვილმა.

საუბარია მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეზე, რომელიც ნათია კაპანაძის მრჩევლად მუშაობდა. ნათია კაპანაძემ განმარტა, რომ ზვიად ქორიძე მუშაობას პირველი იანვრიდან შეუდგა, გუნდს კი, 14 იანვარს წარუდგინა. მოსამართლემ ზუსტად ამ ნაწილში იკითხა, რატომ არ დაუსვეს კითხვები უშუალოდ მრჩეველს ბორდის წევრებმა და რატომ არ გამოიკვლია საკითხი ბორდმა კანონის შესაბამისად.

„დარბაზში იყო, როცა უნდობლობის საკითხი წყდებოდა, შეეძლო ეთქვა,“ – მხრები აიჩეჩა გიგა ჩხარტიშვილმა.

„ბატონო გიგო, თქვენ მიეცით ვინმეს კითხვების დასმის საშუალება? გამოარკვიეთ რამე?… პირდაპირ სუს-ის დავალება შეასრულეთ“, – გაბრაზება აღარ დამალა ნათია კაპანაძემ.

„გიგო არა, გიგა,“ – შეუსწორა ტელევიზიის ყოფილ დირექტორს გიგა ჩხარტიშვილმა.

„არა, გიგო, ბატონო გიგო, თქვენ არც ერთი დოკუმენტი არ შეგისწავლიათ, ისე მიიღეთ გადაწყვეტილება,“  – თქვა ნათია კაპანაძემ.

იმპიჩმენტის საფუძველი იყო ევროპის მაუწყებლის კავშირთან ფინანსური ურთიერთობაც, რადგან ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს აჭარის ტელევიზიას კონკრეტულ მატჩიდან სიგნალის მისაღებად მომსახურების თანხასთან ერთად საურავის გადახდაც მოუწია. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ თავის დროზე ეს საკითხი გიგა ჩხარტიშვილს უნდა გაერკვია, როგორც აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, თუმცა ეს დოკუმენტურად გაწერილი დავალება არ იყო.

„მე მთხოვეს მეილით ინგლისურად მიმეწერა, ჩემი კეთილი ნება იყო და მივწერე, რომელი დოკუმენტით დამავალეთ?“ – ნათია კაპანაძის მიუბრუნდა გიგა ჩხარტიშვილი.

„ინსტიტუტების და ნორმების უგულებელყოფა“ – რა იგულისხმეთ? რომელი ნორმები უგულებელყო ნათია კაპანაძემ?“ – იმპიჩმენტის კიდევ ერთი საკითხის გარკვევა სცადა ილონა დიასამიძემ, საია-ს იურისტმა.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ნათია კაპანაძემ ტელევიზიის სტრუქტურა შეცვალა, როცა 2019 წლის თებერვალში ტელევიზიის ადმინისტრაცია შექმნა და ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაც.

„ეს გადაწყვეტილება მან მიიღო ერთპიროვნულად, სტრუქტურას განსაზღვრავს დებულება და ამ ცვლილებას სჭირდებოდა საბჭოს მხარდაჭერა,“ – აღნიშნა იურისტმა თამარ კეკელაშვილმა.

„მე არ შემიცვლია სტრუქტურა, ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი, ადმინისტრაციის უფროსი ავიყვანეთ, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი,“ – თქვა ნათია კაპანაძემ და განმარტა, რომ ეს იგივე მოდელი იყო, როგორც მანამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა რადიოს და ონლაინმიმართულებების პლატფორმები. ამ შემთხვევაშიც სტრუქტურის და დებულების ცვლილებამდე რადიოს და ონლაინ გამოცემის რედაქტორები შტატგარეშე სტატუსით მუშაობდნენ და შემდეგ შეიცვალა სტრუქტურა, მას შემდეგ, როცა დამაჯერებელი გახდა ცვლილების საჭიროება.

„ამით რა დაზიანდა?“ – იკითხა მოსამართლემ ნათია კაპანაძის მიერ მიღებულ მორიგ გადაწყვეტილებაზე.

„სამართლებრივად გამართული უნდა ყოფილიყო დირექტორის გადაწყვეტილება, ეს იყო საჯარო ინტერესის საგანი,“ – უპასუხა მოსამართლეს გიგა ჩხარტიშვილმა.

სასამართლო განხილვა გრძელდება. შემდეგ სხდომაზე აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველები დაუსვამენ კითხვებს ნათია კაპანაძეს.

ამ თემაზე:

რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

თიბისის მხარდაჭრით, თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა

თბილისში, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა. პროექტი „არქიმ“ 2015 წელს, გერმანელ პარტნიორთან – „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და თიბისისთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

საწარმოს ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია. პროექტის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი კი თიბისია.

ქარხანაში წლიურად 30 მილიონი ლარის პროდუქციის შექმნა და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმო უახლოეს პერიოდში სრულად ჩაანაცვლებს YTONG-ის პროდუქციის იმპორტს და ექსპორტზეც გავა.

YTONG გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოების ლიდერია. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. მის ბლოკს უნიკალური ენერგოეფექტური თვისებები გამოარჩევს. სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 35%-ით ამცირებს. ამასთან, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება და ხანძარგამძლეა.

„ხარისხიანი მშენებლობა „არქის“ მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, უკვე 7 წელია არქის ყველა პროექტის მშენებლობა სწორედ YTONG-ის გერმანული ბლოკით მიმდინარეობს. დღემდე, ჩვენ ვახდენდით ამ ბლოკის იმპორტირებას საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო ხარისხი შეგვეთავაზებინა. 2015 წლიდან დავიწყეთ თბილისში YTONG-ის ქარხნის პროექტზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად და დღეს უკვე გავხსენით თბილისში გერმანული სტანდარტის YTONG-ის ქარხანა, რომლის პროდუქციაც უკვე ადგილობრივად, საქართველოში იქნება წარმოებული და ხელმისაწვდომი“, – ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი.

„აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას – სამშენებლო მასალების იმპორტის ჩანაცვლებასა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას აერთიანებს. მოხარულები ვართ, რომ თიბისის თანამონაწილეობით ქართულ ბაზარზე გერმანული სტანდარტი და ხარისხი შემოდის და ისეთი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნება, რომლის წარმოებასაც სრულად ქართული მასალები და საქართველოში მოპოვებული წიაღისეული მოხმარდება. თიბისისთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და დასაქმებას უწყობს ხელს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„წინა არჩევნებზე ოპოზიციამ 45 ათასი ხმა მიიღო, „ოცნებამ“ 32 ათასი“ – რა გათვლები აქვს კალოიანს 

თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება. ამაზე ოპოზიციური ერთობა უკვე შეთანხმებულია. როგორ ხედავს თავის მომავალს პოლიტიკაში ცნობილი ექიმი და რამდენად შეძლებს იყოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, ამ თემაზე  ის „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვთ მედიცინაში, ხართ „ნიუ-ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. რატომ გაგიჩნდათ პოლიტიკაში მოსვლის ინტერესი?

პოლიტიკაში მოსვლა ჩემი გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა, რადგან შევატყვე, რომ იმ ვითარებაში, რაშიც ვართ, უფრო და უფრო ნაკლები გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. პანდემიამ ჩემი გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააჩქარა, რადგან უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის გამო უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, სხვანაირად ვერ მოვახერხე ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, ვერც პროფესიული თემიდან. მივიჩნიე, რომ ძალიან აქტიური და მკაცრი ცვლილებებია აუცილებელი, ადამიანები რომ დავიცვათ.

მეორე – დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სტრატეგიული არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მინიმუმ ჩემი სამოქალაქო პოზიციაა პოლიტიკაში ყოფნა.

ამასთან, მაქვს საკმაოდ კარგი მენეჯერული გამოცდილება, ჩემი წინა კარიერიდან და პროექტებიდან გამომდინარე და ვთვლი, რომ კარგად შემიძლია ვმართო პროცესები როგორც ტექნოკრატიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

  • კლინიკაში, წესით, მაღალი ანაზღაურება გექნებათ, ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარეს…

მე მაქვს გარკვეული დანაზოგი, რომელიც მომცემს საშუალებას ვიმუშაო მშვიდად და მეორე, არ ვაპირებ მედიცინასთან კონტაქტის ბოლომდე გაწყვეტას, ვრჩები როგორც რეზიდენტურის ხელმძღვანელი – ბათუმშიც აქტიურად ვიქნები ჩართული სამედიცინო საქმიანობაში. ასე, რომ მე საკმარისი შემოსავალი მაქვს და არ ვიქნები დამოკიდებული მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის შემოსავალზე.

  • უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იყავით ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი და ამბობდით, რომ იქ ხედავდით თქვენს თავს. ვერ გაიმარჯვეთ. არ ხართ ამის გამო იმედგაცრუებული? 

პოლიტიკაში იმედგაცრუება არ არსებობს. ემოციების ადგილი უნდა იყოს ცოტა. ის წესი, რითაც მოვდივარ პოლიტიკაში, მიმაჩნია, რომ სწორია. ეს არის აბსოლუტურად პრაგმატული, რადგან პოლიტიკაში ძალიან ბევრი ტექნოკრატიული გადაწყვეტილება გვჭირდება.

რომ ვერ გავიმარჯვე, რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო, თუმცა ამას ჰქონდა აბსოლუტურად კონკრეტული მიზეზები, მათ შორის, ოპოზიციის შეცდომები გლობალურად. ასევე, ჩვენი პარტიის შეცდომები, რაც სტრატეგიულად გამოვასწორეთ ამ არჩევნებზე და ვამაყობ, რომ ამაში ძალიან დიდი როლი მაქვს.

შარშან ჩვენ პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიცია ვიყავით ერთმანეთის კონკურენტები, წელს კონკურენტები არ ვართ და ის უპრეცედენტო კოორდინაცია ოპოზიციაში, რაც დღეს ბათუმშია, სხვა რეგიონებში არ ყოფილა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ჩვენ წინა არჩევნებიდან ვისწავლეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი პარტიული სიებით ცალ-ცალკე და ეს არ არის საარჩევნო ბლოკი, მაგრამ მაჟორიტარულ უბნებში ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთის მხარდამჭერები. მაგალითად, ჩემს ოლქში, ძველ ბათუმში, მე არ მყავს კონკურენტი ოპოზიციიდან, იგივე ხდება სხვა ოლქებშიც.

  • ეს გაძლევთ იმედს, რომ ოპოზიცია შესაძლოა შევიდეს საკრებულოში კოალიციურად?

ეს, ფაქტობრივად, არის იმის გარანტია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს ბათუმში – წინა არჩევნებზე ოპოზიციას იმ შემადგენლობით, რომლითაც დღეს ვართ წარმოდგენილი, ბათუმში მიღებული აქვს 45 ათასი ხმა, „ქართულ ოცნებას“ კი – 32 ათასი ხმა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააყალბოს 12  ათასზე მეტი ხმა, რომ ეს ბალანსი მის სასარგებლოდ შეცვალოს. ამ კოორდინაციის პირობებში ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ეს, ფაქტობრივად, გარანტიაა, რომ ხელისუფლებაში მოდის ოპოზიცია ბათუმში და ბათუმის საკრებულო იქნება ოპოზიციური.

  • რადგან ოპოზიცია კოალიციურად იქნება წარმოდგენილი, ასეთ პირობებში რამდენად შეძლებთ იმ ცვლილებების განხორციელებას, რის გამოც ამბობთ, რომ  პოლიტიკაში მოდიხართ?

ჩვენი ვარაუდით „ევროპულ საქართველოს“ ეყოლება მინიმუმ 3 წარმომადგენელი საკრებულოში, თუმცა მთელი ამბავი არის ზუსტად ამაში, რომ ეს იქნება უპრეცედენტო ერთობა და მომავალი კოალიცია, რომლის პრინციპებზეც უკვე ვართ შეთანხმებული.

ჩვენ შეთანხმებული ვართ არამარტო წინასაარჩევნო სტრატეგიაზე, არამედ შეთანხმებული ვართ ვიცე-მერების კანდიდატურებზე, რომელთაგან არც ერთი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. შეთანხმებული ვართ იმ ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, რომლებსაც დავამტკიცებთ კოალიცია. ჩვენ აწი კი არ ვაპირებთ ფიქრს რა გავაკეთოთ, ეს საკითხი უკვე გავლილი გვაქვს. ეს არის გარანტია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ექნება მნიშვნელოვანი ბერკეტები.

ჩვენ ვიცით, როდის არ დავუჭერთ მხარს მერს, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვიცით, როდის ჩავაგდებთ ბიუჯეტს, თუ ის პუნქტები არ იქნება გათვალისწინებული, რაზეც შევთანხმდით.

ჩვენ დღეს ვიცით ბიუჯეტირების ძირითადი პრინციპები, ვიცით ძირითადი დამოკიდებულებები შემოერთებულ ტერიტორიებთან, ქალაქის განაშენიანებასთან, სოციალურ პოლიტიკასთან, ახალგაზრდობასთან მიმართებაში. ამ პრინციპებზე თუ არ იქნება ბიუჯეტი დაფუძნებული, თუ არჩეული მერი გადაუხვევს ამ პრინციპებს, მას საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც დამატებით წარმოიშვება, რა თქმა უნდა, იმაზეც იქნება მსჯელობა და იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რითაც ჩვენ კოალიციაში ვართ, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ.

  • ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი არის გიორგი კირთაძე. მაგალითად, თუ ის გახდება მერი და გექნებათ წინააღმდეგობა რაიმე საკითხში, როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში მის გადაწყვეტილებებს მხარს არ დაუჭერენ?

ბათუმში შვიდი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალების“ კანდიდატები მხოლოდ სამ უბანშია წარმოდგენილი. არც ვიცე-მერები იქნებიან ამ პარტიიდან. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორად გაიაზრა, რომ კოალიციის გარეშე ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება გამორიცხულია. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს მცდელობა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ თუ ექნებათ, ძალიან მარტივად დაკარგავს უმრავლესობას საკრებულოში. ასე, რომ აქ ასეთი თამაში არ არის.

  • კოალიციის შემთხვევაში თუ არსებობს საკრებულოს თავმჯდომარეზე ზეწოლის რისკები? ვთქვათ, ისეთივე ზეწოლა, როგორც ახლანდელ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს, როცა კარნახობენ რა საკითხი შეიტანოს ან ამოიღოს დღის წესრიგიდან.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რიჟვაძემ ან ჩიქოვანმა გამიბედოს და დამიმესიჯოს რომელიმე საკითხი გავიტანო თუ არა? გარანტია იმის, რომ მე გავლენებისგან ვიქნები თავისუფალი, პირველი ეს არის კოალიცია და მეორე, ეს არის ჩემი პროფესია.

ძალიან უხეშად რომ ვთქვა, ფეხებზე მკიდია პოლიტიკური გავლენები, რადგან არც ჩემი შემოსავალი და არც ჩემი კარიერა ამაზე არ არის დამოკიდებული. მე მაქვს ავტორიტეტი, რომლის დახურდავება არავის მესიჯად არ მიღირს. მე ვიქნები არჩეული და არა დანიშნული თავმჯდომარე და ოთხი წლის შემდეგ მისასვლელი პირი უნდა მქონდეს ჩემს ამომრჩეველთან. ეს სხვაობაა ჩემსა და სულიკო თებიძეს შორის. მე ამომრჩეველთან ვარ ანგარიშვალდებული, ის კი – რიჟვაძესთან.

კოალიცია ზუსტად ამის წამალია, რომ ბევრი განსხვავებული პარტია, ურთიერთკონტროლის საფუძველზე არ მისცემს საშუალებას კონკურენტს, რამე ცუდი გააკეთოს.

  • მრავალფეროვნებაზე მინდა გკითხოთ, ეთნიკური უმცირესობები ბათუმის საკრებულოში თითქმის არასდროს არ არიან წარმოდგენილნი. რატომ, როგორ ფიქრობთ?

„ევროპული საქართველო“, ასე ვთქვათ, დაყოფის წინააღმდეგი ვართ, რადგან მივიჩნევთ, რომ  იგივე ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს თავისუფლად წარმოადგენს სხვაც. მთავარია, წარმოდგენილი იყოს მოქალაქეების ინტერსები და უფლებები. რა თქმა უნდა, ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ ძალიან დიდი როლი ბათუმის განვითარებაში და  ბათუმის ისტორიული სურათის შექმნაში. უბრალოდ მათი მხრიდან არ არის, სამწუხაროდ, პოლიტიკური აქტიურობა.

  • ჩვენ პირიქით გვესმის ხოლმე, მათ სურთ აქტიურობა, თუმცა არ აქვთ შეთავაზებები.

ჩემს უბანში ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ბევრს ვიცნობ, მაგრამ პოლიტიკური აქტიურობის სურვული იშვიათად აქვთ. ჩვენი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რაც მათ მისცემს დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებას.

ბიუჯეტში ვიქნებით ერთ-ერთი აქტიური ლობისტი, რომ დაფინანსდეს მოქალაქეების იდეები, სამოქალაქო ჯგუფებმა რომ შეძლონ ფუნქციონირება.

მაგალითად, უნდა გაიზარდოს პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ბიუჯეტი, ასევე ახალგაზრდული და სოციალური პროექტებისთვის უნდა იყოს ბიუჯეტი გათვალისწინებული.

კოალიცია ბიუჯეტის დეცენტრალიზაციის მომხრეა და მიგვაჩნია, რომ ფული უნდა მიიღონ „ამხანაგობებმა“ და თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები, რომ არ ეხვეწონ მერიას, თუ შეიძლება ლიფტი გაგვიკეთეო. ეს იქნება სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერება, როცა მოქალაქეები განკარგავენ ბიუჯეტს.

  • პოლიტიკაში ქალების როლზე რას ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მეტი ქალი თუნდაც საკრებულოში?

ზოგადად, ჩვენ წინააღმდეგი ვართ კვოტირების, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელოვნური კვოტირება არ უწყობს ხელს ქალების გაძლიერებას. ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს სწავლას, რადგან ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, იმის მესამე ნომრობა ხომ ეფემერულია. ჩვენ იმის საშუალება უნდა მივცეთ ქალებს, რომ ისწავლონ, რეალური შემოსავალი მიიღონ, რეალური პროფესია შეიძინონ და რეალურად გაძლიერდნენ. როცა რეალურად დააინტერესებთ პოლიტიკა, ისინი თავისთავად სასურველი პოლიტიკოსები იქნებიან.

  • მინდა ლგბტქ თემზეც გკითხოთ. თქვენი აზრით „ღირსების მარში“ უნდა ჩატარდეს ბათუმში თუ არა?

პირველი, რაც აქ არის გასაკეთებელი, ეს არის ის, რომ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი იდენტობის გამოხატვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ  მთავარია, რომ ადამიანებს იდენტობის დამალვა არ უწევდეთ და მათ ჰქონდეთ საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა, იმ რეგულაციის ფარგლებში, როგორც ყველა სხვას.

  • წინა მოწვევის საკრებულოებში ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც დააზიანა ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა. „ინვესტიციების“  სახელით დაინგრა და წაიშალა ბევრი ძეგლი. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?

სანამ არ იქნება გენერალური გეგმა, უნდა დასრულდეს ზონებიდან სხვადასხვა უბნის ამოღების პრაქტიკა, რაც რეალურად ყველაზე მეტად აზიანებს ქალაქს. თუმცა მხოლოდ კონსერვაცია ან მხოლოდ არაგონივრული განაშენიანება, რაც ჩვენ გვაქვს, გამოსავალი არ არის. უნდა შეიქმნას მემკვიდრეობის მართვის ფონდი, უნდა მოხდეს ძეგლების ხელახალი აღწერა და კომერციულ და ბიზნესაქტივობაში ჩართვა აქტიურად, რომ ეს გახდეს იქ მცხოვრებთა შემოსავლის წყაროც.

ეს არის მართვის პროცესი, რომელმაც, ერთი მხრივ, ბათუმს უნდა შეუნარჩუნოს  ისტორიული სახე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს და მეორე მხრივ, ეს უნდა გახდეს აქტიური ბიზნესსუბიექტი. სახელმწიფოს და თვითმმართველობის როლი არის ეს, პროფესიულ განსჯაზე და შეფასებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

დღეს ჩვენ გვაქვს ყბადაღებული საბჭო, სადაც ბიუროკრატები არიან ძირითადად და პროფესიონალების ხმა იქ არ ისმის. ეს საკითხები უნდა გადაწყდეს პროფესიულ თემში მსჯელობისა და კამათის შედეგად და ამაზე დაფუძნებით უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

  • თქვენი ოჯახის წევრებზეც მინდა გკითხოთ, ბათუმში ცხოვრობენ თუ სხვა ქალაქში?

ჩემი მეუღლე საკმაოდ წარმატებული ექიმია. ამჟამად თბილისშია, თუმცა უკვე მივიღეთ ბათუმში გადმოსვლის გადაწყვეტილება. ჩემი ერთი შვილი ამერიკაში სწავლობს, მეორე კი სკოლაშია.

მამაჩემი, პაატა კალოიანიც, საკმაოდ აქტიური ადამიანია და სულ ბათუმში ცხოვრობს. ასე, რომ ჩემი მიზნები ახლა მთლიანად ბათუმს უკავშირდება. თუმცა მაქვს სხვა პოლიტიკური ამბიციებიც და ვეცდები, რომ სამომავლოდ ვიყო ბათუმის ხმა საქართველოს პარლამენტშიც.

ბათუმში, „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი  სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით  დაიწყო.  

სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის სასწავლო ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს „თეგეტა“ სრულად აფინანსებს.

„თეგეტაში შეგიძლია ძალიან მოკლე ვადაში განვითარდე და წინ წახვიდე“ – ამბობს მაკა ფურცხვანიძე, აკადემიის კურსანტი და აღნიშნავს, რომ „თეგეტამ“ მისცა უნიკალური შანსი, ესწავლა და ურთიერთობა ჰქონოდა პროფესიონალ ადამიანებთან.

„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ვეძებ სიახლეებს და არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება. აქ გიღებენ, გასწავლიან და გასაქმებენ. თეგეტამ თვითონ აიღო პასუხისმგებლობა, ესწავლებინა და წარმატებულ კადრად ჩამოვეყალიბებინე, ამიტომ ავირჩიე თეგეტა“ – ამბობს მაკა. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ფილიალებში დასაქმდებიან სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. 

ტრენინგის მსმენელები ბათუმის გარდა ფოთიდან და ქუთაისიდან შეირჩნენ. ბათუმში მათი ცხოვრების ხარჯებსაც კომპანია ფარავს. 

პირველ სატრენინგო დღეს მომავალ თანამშრომლებს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გუნდის წევრებმა უმასპინძლეს, მისალმებისა და გაცნობის შემდეგ საინფორმაციო ტური მოუწყეს და სატვირთო და სპეცტექნიკის შოურუმი დაათვალიერებინეს. 

„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ფოთის ფილიალის დირექტორი გოდერძი სურმანიძე ამბობს, რომ ბევრი განცხადება მიიღეს და შერჩევის ეტაპი საკმაოდ რთული იყო. 

„დღეს გაეშვა მორიგი სასწავლო კურსი, რომელიც დაკომპლექტებულია დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებით. 

პანდემიის პერიოდში ჩვენ დადებითი ბალანსი შევინარჩუნეთ, რამაც ახალი კადრების დამატების საჭიროება განაპირობა.

მე მინდა სტუდენტებს წარმატება და კარიერული წინსვლა ვუსურვო. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები თეგეტასთან ერთად უმაღლეს მწვერვალებს მიაღწევენ ” – აღნიშნავს ის.

ავტორიზებული კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ 2018 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა ავტო მომსახურების სფეროსთვის. 

ალექსიძის 1

„თეგეტა მოტორსის“ სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების HR ბიზნეს პარტნიორი მარიამ ჩოხელი განმარტავს, რომ „თეგეტა აკადემიის“ ტრენინგების საშუალებით თბილისში წარმატებით მომზადდა ასობით ახალი კადრი საავტომობილო სფეროსთვის, ახლა კი დასავლეთ საქართველოს ფილიალებისთვის ტრენინგები ბათუმის აკადემიაში იწყება. 

„ეს პროექტი უნიკალურია, რადგან მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს. 

განსაკუთრებით გვახარებს დაინტერესება ქალების მხრიდან. ამ ეტაპზე, ჩვენს გუნდს რეგიონებში 5 ქალი შეემატება.

 სწავლის დასრულების შემდეგ, აკადემიელები სტაჟირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრებში გადანაწილდებიან. წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან კომპანიაში. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ“. 

„თეგეტა აკადემიის“ ტრენინგ-კურსებს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული უცხოელი ტრენერები, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები „ბოშის“, „მოტულის“, „პორშეს“, „ტოიოტას“ და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდებიდან.

„ავტორიტეტები“, პოლიციელები და საჯარო მოხელეები „ოცნების“ აგიტატორებად

„დავიტოვებ ჩემთვის, არ გიპასუხებთ სად ვმუშაობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შადიმან შერვაშიძე. ის საჯარო სამსახურში დასაქმებული ერთ-ერთი პირია, ვინც „ქართული ოცნების“ ე.წ. კარდაკარის სიაში ვიპოვეთ “საჯარო მოხელეების” ჩამონათვალში. შადიმან შერვაშიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის  „ოცნების“ სასარგებლოდ მართლაც მუშაობს და ამომრჩევლებს ხვდება.

„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ე.წ. კარდაკარის სიები დღეს, 29 სექტემბერს, ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ გაასაჯაროვა და ბრიფინგი გამართა.

„იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელეები არიან, ხელს აწერინებენ ყველას… ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანები აგროვებენ მონაცემებს, ვინ ვისი მხარდამჭერია. ვინც ოპოზიციის მხარდამჭერია, მის შესახებ მონაცემებს სუსს უგზავნიან“, – აცხადებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე.

სიებში, რომლებიც „ოცნების“ შტაბიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, არიან საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები, აგიტატორები, მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ უბნებზე კარდაკარ მუშაობენ. რამდენიმე სახელ-გვარის გასწვრივ მითითებულია ეს სტატუსიც – „ავტორიტეტი“.

გიორგი კირთაძემ სიაში დასახელებული ადამიანების შეხვედრების ფოტომასალებიც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფოტომასალაც „ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან მიაწოდეს.

კარდაკარის სიაში ხელს აწერს შადიმან შერვაშიძეც. ის ბათუმში 103-ე საარჩევნო უბანზე მუშაობს. ამ სიის მიხედვით ის საჯარო მოხელეა.

„ქართული ოცნების“ კარდაკარის ერთ-ერთი ოქმი

„ვერ გიპასუხებთ, სად ვმუშაობ… რამე კრიმინალია? მე ვმუშაობდი არასამუშაო დროს, 6 საათის შემდეგ, როცა სამუშაო დრო მთავრდება, შვებულებაში არ ვარ,“ – გვიპასუხა შადიმან შერვაშიძემ.

შადიმან შერვაშიძე ბათუმის მერიის ააიპ-ში მუშაობს, ის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში სამეურნეო განყოფილების უფროსია.

„ოცნების“ კარდაკარის სიებიდან სხვა საჯარო მოხელეებსაც დავუკავშირდით. მაგალითად, თემურ ბოლქვაძემ დაგვიდასტურა, რომ ის სატყეო რესურსების სააგენტოში მუშაობს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

„ერთ ამომრჩეველსაც ვერ ნახავთ, რომელიც იტყვის, რომ მე აგიტაცია ჩავატარე და ვინმეს ვესაუბრე… პირიქით, ჩვენთან ეზოში იყვნენ მოსულები „ოცნების“ წარმომადგენლები და შეგვხვდნენ, ხელიც მოგვაწერინეს… რას მოვაწერე ხელი, არ დამიხედია. გვითხრეს, შეხვედრას რომ დაესწარით, ამის დადასტურება გვინდაო,“ – გვიპასუხა თემურ ბოლქვაძემ.

ამ საჯარო მოხელეს ვუთხარით, რომ „ოცნების“ ოფისში შეკრების ამსახველი ფოტომასალაც არსებობს.

„კი, იქნება, ოფისში შეგვიყვანეს და რაღაც ვიდეოპრეზენტაცია გვაჩვენეს… პარტიის ოფისი ჩვენი ეზოს გვერდითაა და იქაც შევედით,“ – აღნიშნა თემურ ბოლქვაძემ.

„კარდაკარის სიებში“ ვიპოვეთ, მაგალითად, პოლიციელი ბადრი დავითაძეც. ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს. „ოცნების“ შტაბის სიაში ბადრი დავითაძე მოხსენიებულია, როგორც „ავტორიტეტი“.

„რა ავტორიტეტი, არ ვიცი, ვინ დამარქვა ავტორიტეტი, რა ქურდობაზე მესაუბრებით, ორგანოს თანამშრომელი ვარ…“ – გვითხრა ბადრი დავითაძემ.

გამომძიებელს ვუთხარით, რომ „ოცნების“ სიებში მისი ხელმოწერაცაა. დოკუმენტის მიხედვით კი, ის კარდაკარ მუშაობს ამომრჩევლის დასარწმუნებლად.

„შეგიძლიათ მაჩვენოთ, ვინც კარდაკარზე მნახა? ასეთი არ არსებობს… ჩვენთან მოვიდა გამგებელი და ხელი მომაწერინა რაღაც დოკუმენტზე, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეს. მე ბაგრატიონის 111-ში ვარ ამხანაგობის თავმჯდომარე და აქ იყო მოსული რწმუნებული… არ მახსოვს, რა დოკუმენტი იყო, მაგრამ არ ვმუშაობთ არც ერთი პარტიისთვის,“ – ირწმუნება ბადრი დავითაძე.

„ქართული ოცნების“ აგიტატორები ტრენინგზე

კიდევ ერთი პოლიციელი, ვინც მმართველი პარტიის კარდაკარის ოქმშია შეყვანილი, როგორც „ავტორიტეტი“, მალხაზ შავიშვილია. ის ბათუმში პოლიციის მე-4 განყოფილებაში მუშაობს. შავიშვილი 24-ე საარჩევნო უბნის კარდაკარის სიაშია.  სიის წევრები ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები ამომრჩევლის მონაცემებს აგროვებენ.

მალხაზ შავიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სამსახურში ანუ პოლიციის მეოთხე განყოფილებაში კი გვითხრეს, რომ ის სამსახურში არ არის.

კიდევ ერთმა პირმა, რომელიც „ოცნების“ სიაში მოხსენიებულია, როგორც „ავტორიტეტი“, ასე გვიპასუხა:

„ვერ გიპასუხეთ, სუფრასთან ვზივარ ახლა“, – გვითხრა დავით ზოიძემ. მას ვკითხეთ, რა ავტორიტეტზეა საუბარი, რადგან „ოცნების“ ე.წ. კარდაკარის სიაში მისი სახელისა და გვარის გვერდით წერია, რომ „ავტორიტეტია“ და ამას ხელს აწერს დავით ზოიძეც. მას განმეორებით ვთხოვეთ, მხოლოდ ის ეთქვა, ქურდულ სამყაროს წარმოადგენს თუ არა.

„ხომ გითხარით, არ მცალია-მეთქი,“ – ტელეფონი გაგვითიშა დავით ზოიძემ.

ავტორიტეტად არის მოხსენებული ვალერი ანხიანიც. მას გაეცინა, როცა ქურდულ სამყაროსთან კავშირზე ვკითხეთ.

„რა ავტორიტეტი, არ ვიცი, ვინ დაწერა ეს. მე ვარ რიგითი მუშა და ეზოების, ქუჩების განათებაზე ვმუშაობ, „აჭარგანათებაში“ ვმუშაობ… არასამუშაო საათებში ვარ იქ,“ – კარდაკარ მუშაობა „ოცნების“ სასარგებლოდ დაგვიდასტურა ვალერი ანხიანმაც.

„გავლენის მქონე პირი“ – ასეა მოხსენიებული „ოცნების“ სიაში სერგო ბათაძე. ის „ბათუმელების“ სატელეფონო ზარმა გააღიზიანა.

„რატომ მისვამთ კითხვას? თქვენ მე მიმანიშნეთ, რომ ქუჩის ბიჭი ვარ… ავტორიტეტი არის საზოგადოებაში, ხალხში. ჯერ მოიკითხეთ, ვინ ვარ, რა ვარ და მერე დარეკეთ,“ – დაგვემშვიდობა სერგო ბათაძე.

„ქართული ოცნების“ აგიტატორები ტრენინგზე

„არ ვარ საჯარო მოხელე, ხელშეკრულებით აყვანილი პირი ვარ,“ – გვიპასუხა ილია კონცელიძემ. ის „ოცნების“ კარდაკარის სიაში ხელს აწერს, როგორც საჯარო მოხელე. ილია კონცელიძემ არ გვიპასუხა, რომელ უწყებაშია დასაქმებული ხელშეკრულებით და გასაუბრებას მოგვიანებით დაგვპირდა.

ოცნების სამუშაო დოკუმენტის თანახმად კიდევ ერთი „ავტორიტეტია“ გურამ წითლიძე. მას „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა, ხომ არ არის ქურდული სამყაროს წევრი ან მათი მიმდევარი. გურამ წითლიძემ თქვა, რომ ის საჯარო მოხელეა და ისიც დასძინა, რომ არ იტყვის, სად მუშაობს. „ცოტა მეც მეუხერხულა ეგ სიტყვა, „ავტორიტეტი“, მაგრამ მერე მითხრეს, რომ უბანში ავტორიტეტს ნიშნავს, ანუ ხალხი რომ პატივს გცემს. მოკრძალებულად რომ გითხრათ, კი მცემს ხალხი ჩემს უბანში პატივს“.

„ქართული ოცნების“ აგიტატორები ტრენინგზე

________

„არ არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს“ – გერმანიის პრეზიდენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს.

საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმდაც, გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ.

აღნიშნული ინფორმაციის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის პრეზიდენტის კომენტარი გაავრცელა, რომელიც მან მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„არანაირი საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს. როგორც იცით, ეს განხილვები ყოველწლიურად მიმდინარეობს ხოლმე, ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში, საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ დგას“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.


გამოცემა EU Observer-ი იუწყება, რომ მოიპოვეს ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი ხდება:

გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ.

საქართველოსთან ერთად „პრობლემურ“ ქვეყნებად სახელდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინაც.

EU Observer წერს, რომ შიდა დოკუმენტი, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული, მომზადდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთბალკანური ტურის წინ, ასევე, ბალკანეთის და უკრაინის სამიტების წინ.

ევროპაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ – EU Observer

გამოცემა EU Observer-ის ცნობით, გამოცემამ მოიპოვა ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო და  უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ.

საქართველოსთან ერთად, „პრობლემურ“ ქვეყნებად სახელდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინაც.

უვიზო მიმოსვლას ევროკომისია განიხილავს, როგორც „მნიშვნელოვან მიღწევას“ ევროკავშირისა და, ერთი მხრივ, დასავლეთ ბალკანეთსა, მეორე მხრივ, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის ქოლგის ქვეშ.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, „ყველა [ქვეყანა] არ არის კმაყოფილი“, რის გამოც ამჟამად აქტიურად განიხილება „ვიზის შეჩერების მექანიზმი“. განსაკუთრებულ შეშფოთებას საფრანგეთი, გერმანია და იტალია გამოხატავენ.

ზოგადად, გამოცემის განმარტებით, სავიზო რეჟიმის დაბრუნებას სჭირდება არარეგულური მგზავრობების 50%-ზე მეტით მატება ან ამა თუ იმ ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ხშირი უარყოფითი პასუხი. ამასთან, სავიზო რეჟიმის აღდგენის რისკის წინაშე არიან ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი მოქალაქეების უკან მიღებაზე.

გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნულ დოკუმენტში გერმანია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე, აკრიტიკებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

მაგალითად, გამოცემის თანახმად, დოკუმენტში წერია, რომ დაფიქსირდა ალბანეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან „არაავტოზებულ საცხოვრებელთან დაკავშირებული დარღვევების“ რაოდენობის განსაკუთრებული მატება; საქართველოს შემთხვევაში ბოლო სამი თვის განმავლობაში დაფიქსირდა თავშესაფრის მოთხოვნის 51%-იანი ზრდა, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ასევე, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების გაზრდაზე საუბრობს ჩეხეთის რესპუბლიკა.

„მადლობა ღმერთს, უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ“ – გახარია „ოცნებაზე“

„მადლობა ღმერთს, მე უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ,“ – უთხრა ჟურნალისტებს დღეს, 29 სექტემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს,  მოიაზრებს თუ არა მის წინააღმდეგ კამპანიის დამკვეთად უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს.

„მადლობა ღმერთს, მე უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ.

იქ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ არის ამაში ჩართული, ვინ მოჰყავთ, ვინ მიჰყავთ – წარმოდგენა არა მაქვს და არ მაინტერესებს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით. ეს გეგმა არ შემოიფარგლება მუნიციპალური არჩევნებით, ბევრად უფრო გრძელვადიანია და ჩემთვის მთავარია ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრო, რათა ის მხარდაჭერა მივიღო, რომელიც საკმარისია, რომ ქვეყანაში ცვლილებები დავიწყოთ და მე ამას გავაკეთებ. ადამიანები ყველაფერს ხედავენ,“ – თქვა გახარიამ.

გიორგი გახარია 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

29 მაისს კი გახარიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ წარადგინა.

 

ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს? – რას ამბობენ მერობის კანდიდატები [ვიდეო]

უნდა გაიმართოს თუ არა ღირსების მარში? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. სამივე მათგანს ვთხოვეთ, რომ ამ კითხვაზე გაეცა მოკლე პასუხი – „კი“ ან „არა“. სამივე მათგანმა პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზა აირჩია.

რედაქცია: ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა? – გთხოვთ მიპასუხოთ კი ან არა.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“:

“რა თქმა უნდა, აღნიშნული მარში, თუკი არ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო სივრცეს… მივხვდი რასაც მეკითხებით, აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ირაკლი მიქელაძე ან რას ფიქრობთ თქვენ. აქ მთავარია მოდის თუ არა კანონთან წინააღმდეგობაში. ჩემთვის მთავარი პრინციპი, როცა მე ვიქნები მერი, ყოველთვის იქნება გადაწყვეტილებები მივიღო ჩვენი თანაქალაქელების საჭიროებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ბაზის და სივრცის სრული დაცვით.

ბათუმში ღირსების მარშის ჩატარებას რაც შეეხება, ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, კიდევ ერთხელ ვიძახი, იქნება ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ საკანონმდებლო სივრცე არ კრძალავს, ჩემი სუბიექტური აზრი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის”.

  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან: 

“კი. რადგან მეკითხებით ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა, შევეცდები, რომ გიპასუხოთ ამაზე მარტივად. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით სხვადასხვა ტიპის უმცირესობის დაცვაზე უნდა იმუშაონ სახელმწიფო ინსტიტუციებმა და მათ შორის, უნდა იმუშაოს ბათუმის მუნიციპალიტეტმაც. კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხვალ მე მხარს ვუჭერ თუ არა ამ მარშის გამართვას, პირადად მე ამ მარშში მონაწილეობას არ მივიღებ ალბათ არასდროს. ალბათ კი არა, დარწმუნებით გეუბნებით – არასდროს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაბურეტკით ვინმეს უნდა ვსდიოთ და თავში უნდა ვურახუნოთ”.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“: 

“ადამიანი გამოხატვებში არის თავისუფალი. ჩვენ საკონსტიტუციო სინამდვილეში გვაქვს ადამიანის უფლებების პატივისცემა. მათ შორის ჩვენი ხელისუფლება განსაზღვრავს იმ ხაზს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არის გამორჩეული ყველა დანარჩენი ხელისუფლებებისგან, რომლებიც აქამდე არსებობდა.

აქედან გამომდინარე, ის, რაც კანონმდებლობაში ჯდება, ის, რაც კონსტიტუციაში ჯდება, რაც კონსტიტუციურად არის დაშვებული, ყველა ის პროცედურა განხორციელდება, მიუხედავად იმ პიროვნული დამოკიდებულებებისა და ა.შ. უნდა განვმარტო კიდევ ერთხელ – არჩილ ჩიქოვანი არის კანონმორჩილი მოქალაქე, პირველ რიგში. შესაბამისად, იქნება კანონმორჩილი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი და არჩეული მერი”.

ლიტერატურულ კონკურს „პეგასი 2021″-ის გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული კონკურსი „პეგასი“ დასრულდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

კონკურსში 16-25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. კონკურსის დასკვნითი ტური ქობულეთში გაიმართა. მთავარი პრიზის „პეგასი 2021“-ის მფლობელი კი 24 წლის მირიან მერცხალაძე გახდა.

კონკურსის ხუთი სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები არიან: ევა ართმელაძე, ოთო ბერიძე, სალომე ანანიძე, იმედა წითელაძე და მალვინა ზოიძე.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გადასცა.

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ,,პეგასი 2021″-ის გამარჯვებულს, მირიან მერცხალაძეს, მთავარ ჯილდოს გადასცემს

მწერალთა სახლმა და ჟიურის ოთხმა სხვადასხვა წევრმა თავიანთი რჩეულები გამოავლინეს.

როგორც პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, ნანო შაინიძე ამბობს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 45-მა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია. მათგან საკონკურსო ეტაპზე 33 გადავიდა. მეორე ტურში გადასული 23 მონაწილიდან ფინალში მოხვდა 16:

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხარდამჭერებს, რომლებმაც არა მარტო მორალურად, ფინანსურადაც დაგვიჭირეს მხარი. მათ გარეშე ჩვენი დღევანდელი საღამო არ შედგებოდა. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური და ადამიანური წვლილი კონკურსში, მორალური მხარდაჭერა. ეს დიდი სტიმულია  ახალგაზრდებისთვის,“ – ამბობს კონკურსის ორგანიზატორი.

კონკურს „პეგასის”ავტორი და ორგანიზატორი ნანო შაინიძე

როგორც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, რაკეშ ნაიკი ამბობს, მათი კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და ძირითადად აქცენტები განათლებაზე, ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო გარემოს გაუმჯობესებაზე, უმნიშვნელოვანესია:

„პროექტებს მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი პროექტის არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ამ ეტაპზე აჭარაში განვახორციელეთ არაერთი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტი. დავაფინანსეთ სტუდენტები სხვადასხვა სოფლიდან, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, საჭიროებებიდან გამომდინარე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოგვმართავს  ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი რაკეშ ნაიკი

როცა საგანმანათლებლო ინიციატივებს ვუჭერთ მხარს, ყოველთვის გვახსოვს, რომ ახალი თაობა და ეს ბავშვები საქართველოს კარგი მოქალაქეები იქნებიან. ამ ქვეყნის მომავალი ახალგაზრდებმა უნდა განსაზღვრონ.

განათლების მხარდაჭერა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საგანმანათლებლო ინიციატივებს აჭარის რეგიონში,“ – ამბობს რაკეშ ნაიკი.

ლიტერატურულ კონკურს „პეგასის” დასკვნითი ტური ქობულეთში გაიმართა

ლიტერატურული კონკურსი „პეგასი“ პირველად 2019 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა, წელს კი მესამედ ტარდება რეგიონის მასშტაბით.

პროექტის მხარდამჭერები არიან: არ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მწერალთა სახლი, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერიები, „აჭარისწყალი ჯორჯია“, შპს ,,ოქროს არწივის” მფლობელი და გენერალური დირექტორი, სოფიო ლორთქიფანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეხუთე სტიქია“. პროექტის მთავარი ორგანიზატორი და იდეის ავტორი ნანო შაინიძეა, პროექტის თანაორგანიზატორი კი – რამაზ ხმალაძე.

თურქეთში კაცი მაშველებთან ერთად საკუთარ თავს ეძებდა ტყეში

თურქეთის მოქალაქე, 50 წლის ბეიჰან მუთლუ, რომელიც ბურსას პროვინციაში ცხოვრობს, სამშაბათს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნიეს.

კაცი არ უნახავთ მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ, ამიტომაც მასზე გამოცხადდა ძებნა, რაშიც მოქალაქეებიც ჩაერთნენ.

ხალხის ჯგუფს, რომელიც დაკარგულს ეძებდა, მალე თავად დაკარგულად მიჩნეული კაცი მიუახლოვდა, იკითხა, რა ხდებოდა და თავადაც ჩაერთო ძებნის სამუშაოებში დასახმარებლად.

ყველაფერი გაირკვა მაშინ, როცა სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ხმამაღლა დაიძახა მისი სახელი იმ იმედით, რომ ტყის სიღრმეში დაკარგულს შეიძლება გაეგო. „აქ ვარ!“ – გამოეპასუხა მას „დაკარგული კაცი“. იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

თურქული მედია წერს, რომ კაცი პოლიციამ სახლში წაიყვანა გამოკითხვის შემდეგ.

____________

ფოტოზე ცენტრში: „დაკარგული კაცი“. ფოტო: „დეილი საბაჰი“

მოსწავლეებს უფლება აქვთ აირჩიონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას – ონლაინ თუ პირისპირ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებმა, რომლებიც დასწრებით სწავლების ნაცვლად ონლაინსწავლებას აირჩევენ თავიანთი შვილებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ  „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე.

„ონლაინსწავლებაზე განაცხადის გაკეთება ან რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

ვინაიდან, უწყებათაშორის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი,“ – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის დისტანციური ფორმატით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს.

„გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ“.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე.

ბათუმში 148 011 ამომრჩეველია

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 148 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული ცესკოს მონაცემებით.

ამ მონაცემებით ბათუმში გასულ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 720-ით მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #28 საარჩევნო ოლქში 147 292 ამომრჩეველი იყო.

ბოლო სამი არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა ბათუმში ასე შეიცვალა:

  • 2018 წლის წლის საპრეზიდენტო არჩევნები – 143 372 ამომრჩეველი
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – 147 291 ამომრჩეველი
  • 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები – 148 011 ამომრჩეველი

2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმი ირჩევს ქალაქის მერს და საკრებულოს.

წელს ბათუმს მერობის 10 კანდიდატი ჰყავს, მათგან 8 სხვადასხვა პარტიამ წარადგინა, 2 კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ბოლო 10 წელში ბათუმში არჩევნებზე ამომრჩევლების აქტიურობას რომ გადავავლოთ თვალი, ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა – 58 პროცენტი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა ბათუმში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც – 55.14 პროცენტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში სულ 172 063 ადამიანი ცხოვრობს.

 

ღვინოზე ახალგაზრდა, მაგრამ პაპირუსზე ძველი – კერამიკული ფილები უხსოვარი დროიდან დღემდე

კერამიკული ფილების წარმოება 5 000 წლის წინ იღებს სათავეს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი კერამიკული ფილა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 000 წლით თარიღდება. რა თქმა უნდა, მანამდე საქართველოში უკვე ქვევრში იწურებოდა ღვინო, მაგრამ კაცობრიობის ისეთი მიღწევა, როგორიც პაპირუსია, კერამიკულ ფილაზე გვიან შეიქმნა.

კერამიკული ფილების წარმოება ათასწლეულების განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა ტექნოლოგია, დიზაინი, წარმოების პროცესი და მისი გამოყენებაც სულ უფრო ფართოვდებოდა.

დღეს ამ პროდუქტის დანიშნულება იგივეა, რაც 5 000 წლის წინათ იყო, თუმცა ახლა ის კომპიუტერული სისტემებისა და მაღალტექნოლოგიური ხაზების მეშვეობით იწარმოება. გამრავალფეროვნდა ნედლეულიც და აღარ მზადდება მხოლოდ თიხით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე კედლებისა და იატაკის მოსაპირკეთებლად უამრავი სხვადასხვა მასალაა წარმოდგენილი, კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები კვლავაც შეუცვლელია. სწორედ ეს განაპირობებს ამ დარგის განვითარებას და რიგ ქვეყნებში მთელ ინდუსტრიად ჩამოყალიბებას.

გასული საუკუნის შუა პერიოდიდან ფილების წარმოების ინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდა მეზობელ თურქეთში. აქ არაერთი კომპანიაა, რომელიც თავის პროდუქციას მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ყიდის და საექსპორტო არეალს წლიდან წლამდე აფართოებს. ერთ-ერთი წარმატებული თურქული კომპანიაა Bien, რომელიც საქართველოშიც, კერძოდ, სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ ნოვაშია წარმოდგენილი .

Bien-ის კერამიკულ ფილებს საუკეთესო ხარისხი და შეუდარებელი ესთეტიკა გამოარჩევს. ამას კი კომპანიამ ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების დანერგვით მიაღწია და გასაოცარ კოლექციებს ქმნის.

მაგალითად, აბაზანისთვის განკუთვნილი ფილების მქრქალი ზედაპირი წყალს არ იღებს, რისი წყალობითაც ეს მასალა წლობით ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. ზოგადად, ამ სფეროში წამყვანი თურქული კომპანია Bien წარმოებაში სულ უფრო მეტად იყენებს კომპიუტერულ სისტემებს და ავტომატიზებულ ხაზებს, რითაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორების გავლენას.

კომპანიის ასორტიმენტი ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 ახალი კოლექციით ივსება და თითოეულ მათგანზე დიზაინერების კონკრეტული ჯგუფი მუშაობს. დღეს ეს ბრენდი უკვე იმდენად ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი, რომ მომხმარებელი არჩევანის რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესის წინაშე დგება.

Bienის ფილების უპირატესობები:

– არ იკაწრება და იბზარება

– არ ხუნდება

– ანტისტატიკურია

– ეკოლოგიური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

– ადვილი მოსავლელია

– არ ლაქავდება

– კარგი თბოგამტარია

– მყარია

– არ ატარებს დენს

– დიდ დატვირთვებზე არ განიცდის დეფორმაციას

– წყალგამძლეა

– აქვს დახვეწილი დიზაინი და ორიგინალური ფაქტურა.

Bienის კერამოგრანიტის მახასიათებლები

1300 გრადუსზე გამომწვარი თიხა იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ კერამოგრანიტის ფილები მოსაპირკეთებელი მასალების ცალკე კლასად გამოიყო, თავისი უნიკალური თვისებების გამო. კერამოგრანიტი გარეგნულად ბუნებრივ ქვას მოგვაგონებს, თუმცა ამ უკანასკნელის ნაკლოვანებები არ ახასიათებს. ეს ერთგვაროვანი და ძალიან მტკიცე მასალაა. კერამოგრანიტი წყალგამძლეა და შესანიშნავად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს -50C-დან +50C-მდე. კერამოგრანიტს გამოარჩევს აბსოლუტური უცვეთელობა, არ ხუნდება და ეკოლოგიურია.

კაფელის ფილების უპირატესობა

კერამიკული ფილები, გარდა უნიკალური ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა, სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:

  1. აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს – კაფელი არ იწოვს ჭუჭყსა და სინესტეს, არ ზიანდება საწმენდი და სარეცხი საშუალებებით, უძლებს მექანიკურ დატვირთვებს, მათ შორის დარტყმას;
  2. ადვილი გასაკრავია;
  3. დიზაინერული გაფორმების მეტი შესაძლებლობები – კაფელს შეიძლება ჰქონდეს პრიალა, მქრქალი ან რელიეფური ზედაპირი. მისი მეშვეობით კედელზე შეგიძლიათ ნახატი ან მთელი პანო შექმნათ.

სად შევიძინოთ

Bien-ის უზარმაზარი ასორტიმენტია წარმოდგენილი სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველასთვის კარგად ცნობილ მეგაცენტრ „ნოვაში “. აქ მაღალი კვალიფიკაციის კონსულტანტები დაგეხმარებიან სასურველი და საჭირო პროდუქციის შერჩევაში, ზუსტად დაგითვლიან თქვენი ფართისთვის საჭირო რაოდენობას და ზედმეტ დანახარჯებსაც აარიდებთ თავს.

აქვე უნდა ითქვას, რომ „ნოვაში“ წარმოდგენილია Bien-ის შემრევი ონკანებიც როგორც აბაზანისთვის, ისე სამზარეულოსთვის. საყურადღებოა, რომ კომპანია ამ ნაწარმის დიზაინსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებულ ონკანებსა და აქსესუარებს წარმოგიდგენთ.

2 ოქტომბრამდე საქართველოში იწვიმებს, მთაში შესაძლოა გათოვდეს | სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა, ნისლი და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა მოთოვოს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს სააგენტო.

რაც შეეხება ამინდის პროგნოზს ბათუმში, აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ბათუმში ხვალიდან, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

 

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი ტერაბანკისგან

მომხმარებლებს ტერაბანკში უკვე სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღება შეუძლიათ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში, რომელიც იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას გულისხმობს, ბანკი აქტიურად ჩაერთო.

პროგრამის პირობების მიხედვით, მომხმარებლები, რომლებსაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ,  ბავშვი 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შეეძინებათ, ან შვილად აიყვანენ მას, სუბსიდირებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ. სესხის აღება შესაძლებელია როგორც დეველოპერული კომპანიის მიერ აშენებულ ან ასაშენებელ პროექტებში, ისე კერძო პირისგან ბინის ან სახლის შესაძენად. სესხი სახლის აშენებისა და რემონტის მიზნითაც გაიცემა.

სახელმწიფო მსესხებელს სესხზე დარიცხულ პროცენტს 60 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. თუ მას შვილი 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა, პროგრამის დაფინანსება  სესხის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5% (არაუმეტეს 6%) იქნება. იმ შემთხვევაში კი, როცა მსესხებელს 3 ან მეტი შვილი ჰყავს, პროგრამა მას სესხის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებულ 1,5%-ს (არაუმეტეს 8%) დაუფინანსებს.

მომხმარებლებს იპოთეკური სუბსიდირებული სესხით სარგებლობა როგორც ხელფასის, იჯარისა და გზავნილების, ისე საკუთარი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით შეუძლიათ.

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და, ამავდროულად, კარგ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბინის შეძენით ან მშენებლობით არიან დაინტერესებულები“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

იპოთეკური სუბსიდირებული სესხით სარგებლობა ერთხელაა შესაძლებელი და მისი ოდენობა მაქსიმუმ 200 000 ლარია. სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

ბათუმსა და ხელვაჩაურში 2 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ერთი პირი ბათუმში, მეორე კი ხელვაჩაურში აიყვანეს.

„ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 5000 ლარი. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს დაკავებულის მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.

ბრალდებული მ. ი. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და ფული ამოიღეს“.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2 ადამიანი დაიღუპა ბათუმში ავტოავარიის შედეგად

წუხელ ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა  კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე დაშავებული, 17 წლის მოზარდი კი, რეანიმაციაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა.

_____________

ფოტო: შემთხვევის ადგილი, TV Pirveli

მთავრობამ ამბასადორს 89 ჰექტარი ზღვა გადასცა – რა იქნება კუნძულზე

მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია დაირეგისტრირა როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და აღნაგობის უფლებით გადასცემს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“. ტერიტორია ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა.

სწორედ ამ ადგილის კუნძულად ქცევას გეგმავს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“.

საქართველოს მთავრობამ ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და 28 სექტემბერს შესაბამის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.

რენდერი

საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ბათუმში ჩამოსული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ადგილზე ინვესტორი ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულს მოაწყობს. მისივე თქმით, კუნძულზე გაშენდება ახალი უბანი, ჯამურად ხუთასი სასტუმრო ნომრით. მოეწყობა სავაჭრო კომპლექსები და გასართობი ინდუსტრია.

მთავრობა ამ კუნძულის ასაშენებლად გათვალისწინებულ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციასა და 2000 პირის დასაქმების შესაძლებლობაზეც საუბრობს. თუმცა შესაბამისი კვლევები, რაც დაადასტურებს, რომ ამ ადგილზე ხელოვნური კუნძულის მოწყობა შესაძლებელია, ჯერ არ ჩატარებულა.

„პროექტი მოითხოვს დეტალურ, სკურპულოზურ კვლევას, რაზეც ინვესტორი იღებს პასუხისმგებლობას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს ყველა აუცილებელ კვლევას, რაც უფრო მეტად დაადასტურებს ამ პროექტის მიმზიდველობას და განხორციელებადობას. ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება“, – განაცხადა ნათია თურნავამ პრეზენტაციაზე.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის „ამბასადორ ბათუმთან“ დაკავშირებული კომპანია, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის დააფუძნეს:

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, ერთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია, „ამბასადორ ბათუმმა“ დაირეგისტრირა ასევე ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ. ეს ნაკვეთი კომპანიას პირობიანი აუქციონის წესით შეუსყიდია. ნაკვეთი სამრეწველო ზონაშია. სავარაუდოდ, კომპანია აქ სამშენებლო მასალების გადამამუშავებელ ქარხანას მოაწყობს.

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მშენებლობის პროცესში კომპანიამ სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია, მათ შორის, ბოლო დარღვევა ერთი კვირის წინ დადასტურდა. კომპანიამ დამატებით, უკანონო, მე-17 სართული ააშენა.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენებს – ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 96 ახალი შემთხვევა | 29 სექტემბერი

29 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1929 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 1929 ახალი შემთხვევა, 33 ადამიანი გარდაიცვალა

29 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1929 ახალი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 33 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 363, ქვემო ქართლში – 147, შიდა ქართლში – 90, გურიაში – 56, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 155, კახეთში – 286, მცხეთა-მთიანეთში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.82%.

ნათია თურნავას ფლირტი კანონდამრღვევ „ამბასადორთან“

„ჩვენ გვინდა აღგითქვათ გვერდში დგომა ამ ურთულესი პროექტის განხორციელებისას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი საინტერესო წამოწყება, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, –  ამ სიტყვებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიმართა ინვესტორს, რომელმაც ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისას კანონი ბევრჯერ დაარღვია.

საუბარია კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებას აპირებს.

„ამ გლობალური გამოწვევის პირობებში, როდესაც კოვიდმა დიდი დაღი დაასვა გლობალურად ტურიზმს და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკას, თქვენ სერიოზულ სიტყვას ამბობთ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა. 

კომპანია „ამბასადორის“ პროექტი ბათუმში, თამარის დასახლებაში, ხელოვნური კუნძულის მოწყობას გულისხმობს, ნათია თურნავას  შეფასებით ეს არის „საუკუნის ამბიციური პროექტი“.

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მშენებლობის პროცესში კომპანიამ სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია, მათ შორის, ბოლო დარღვევა ერთი კვირის წინ დადასტურდა. კომპანიამ დამატებით, უკანონო მე-17 სართული ააშენა.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენს ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის.

 

ბათუმი დაღუპული ქალაქია – საკრებულოს წევრობის კანდიდატი „ლელოდან”

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. მათგან ერთ-ერთი, შორენა ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. სიაში ის რიგით მეცხრეა.

შორენა ჩიქოვანი „ბათუმელებთან” თვითმმართველობებისა და ამხანაგობების ურთიერთობებზე, ქალაქის სამშენებლო პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე საუბრობს.

  • რა ბიუროკრატიულ ხარვეზებს ხედავთ თვითმმართველობაში, რაც სისტემის მუშაობას აფერხებს?

მოდით, ამხანაგობების მიმართულებით ვისაუბრებ, რადგან ესაა ჩემი კომპეტენცია.

ინფორმირებულები უნდა იყვნენ კანონის თანახმად ამხანაგობების თავმჯდომარეები და გარკვეულად უნდა იცოდნენ ურთიერთობები, ასევე უფლებამოსილებები.

მხოლოდ ერთხელ გვქონდა ჩვენ პროექტი, როცა ვიზრუნეთ თავმჯდომარეებისთვის სისტემური ინფორმაციის მიწოდებაზე, ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ლექციები ადამიანური ურთიერთობების საკითხებზე, ადამიანთა ჯგუფებთან ურთიერთობების თავისებურებებზე.

სერიოზული პრობლემები ამხანაგობების თვალსაზრისით თავს იჩენს ძველ, 5 და 12-სართულიან სახლებში, ახალ კორპუსებში მცხოვრებლების მოქალაქეობრივი პოზიცია გაცილებით მაღალია და ურთიერთობაც თავმჯდომარეებთან გაცილებით უკეთესია.

ამხანაგობის ხელმძღვანელობა რთული და უმადური საქმეა დღეს. კარგი იქნება, თავმჯდომარისთვის მცირე თანხა მაინც იყოს გამოყოფილი ხელფასის სახით.

მიუხედავად თვითმმართველობისა და ამხანაგობების მრავალწლიანი თანამშრომლობისა, არცერთხელ ჩატარებულა გამოკითხვა, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ამ ურთიერთობაში ამხანაგობების წევრებს. აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად გამართლებული, მოსაწონი და საჭიროა ამხანაგობებისთვის ის, რასაც მათთვის თვითმმართველობა აკეთებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა თუ გერმანიაში, ამხანაგობებს არსად არ აფინანსებს თვითმმართველობა. კანონი ამბობს, რომ ამხანაგობამ თავისი ხარჯებით უნდა მოუაროს თავის საკუთრებას.

მერია შეიძლება იყოს სახურავის გამოცვლის დროს ან ლიფტების შეცვლისას თანაგადამხდელი, მაგრამ სადარბაზოში ნათურის დაკიდება და ეზოს დალაგება მერიას არ ევალება.

  • ვიცით, რომ მერია ავალდებულებს ამხანაგობების თავმჯდომარეებს ხშირად სამეზობლოში გარკვეული საკითხების მოგვარებას. წინასაარჩევნოდ ამხანაგობების თავმჯდომარეებს სთხოვენ, მაგალითად, საარჩევნო შეხვედრებისას ხალხის შეგროვებას, რამდენად არის ეს მიზანშეწონილი?

ეს არის საკითხი, რაზეც ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. ჩემთან ამ საჩივრით, რომ მერიამ რომელიმე ამხანაგობის თავმჯდომარეს ასეთი დავალება მისცა, არავინ მოსულა.

ეს არც ხმაურდება. ალბათ ისეც ხდება, რომ თუ მხარს დაუჭერ არჩევნებში ხელისუფლებას, რაღაც სარგებელს ნახავს ამხანაგობა, მაგრამ კონკრეტულად ჩემთან არავინ მოსულა. ყველა პარტია ცდილობს ამხანაგობა მიიმხროს და ხმები მოიპოვოს, მერია ამ მხრივ არაა გამონაკლისი.

  • თქვენი აზრით, როგორ უნდა ამოივსოს მუნიციპალურ ურთიერთობებში კორუფციის ხვრელები?

მე ამ საკითხებთან შეხება არ მქონია. ვერ გეტყვით კორუფციული ხვრელების ამოვსება როგორ შეიძლება. თუკი ასეთი რამ იქნება დაფიქსირებული, აღმოჩენილი და დადასტურებული, ჩემი საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში, ცხადია მექნება რეაქცია და ჩაერევიან ამაში სამართალდამცავი ორგანოები.

  • სადავო ამბებში ხშირად ჩნდება ამხანაგობების ოქმები, სადაც სამეზობლოს ხელმოწერებია, მაშინ როცა სინამდვილეში მეზობლებს ხელი არ მოუწერიათ. რა მოვლენაა ეს და რით შეიძლება ამ მავნე პრაქტიკის მოშლა?

სამეზობლო კრების ჩატარება რთულია და მეზობლებს არ უყვართ გამოსვლა კრებაზე. ამიტომ გაჩნდა წერილობითი თანხმობის ფორმა, რასაც კანონი არ ითვალისწინებს, მაგრამ ამ წერილს სასამართლო იღებს, როგორც რაღაცის დამადასტურებელ დოკუმენტს. ასეთ დროს ხელმომწერი უნდა იყოს აუცილებლად ფართობის მესაკუთრე. ძირითადად დარღვევა არის ის, რომ არ იყო სახლში ბინის მეპატრონე და მოაწერა ხელი ცოლმა, შვილმა ან ვინმე სხვამ. ეს გაყალბებად მიიჩნევა და მერე უკვირთ ფართობის რეალურ მეპატრონეებს, რომ ხელი მათ არ მოუწერიათ დოკუმენტზე.

თუ სამეზობლო არ შეედავა, შერჩება ეს ამხანაგობის თავმჯდომარეს, ან კიდევ სასამართლოში მიდის საქმეები.

  • ვიცით, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება თანამონაწილეობით, ეს ეხება სახურავის გამოცვლას, ლიფტებს თუ სხვას. ამ დროს დაფინანსებაში კორპუსის წილი 30 პროცენტია, დანარჩენს აფინანსებს მერია და ხშირად გვსმენია, რომ ასეთი სამუშაოების უმეტესობა უხარისხოდ სრულდება, გაღებული თანხა კი წყალში გადაყრილი, ასეა?

ტენდერების და შემსრულებელი ფირმების შერჩევის საკითხი ძალიან ბნელი საკითხია. იყო ერთი პერიოდი ერთი კომპანია თბილისიდან, სამჯერ გავარემონტებინეთ ლიფტი, სამჯერ გადავიხადეთ თანადაფინანსების თანხა და სამივეჯერ უხარისხო იყო მომსახურება. მეოთხედ სხვა კომპანია მოიყვანეს და იმან შედარებით უკეთ გააკეთა.

საქმე ისაა, რომ ამხანაგობას ერთადერთი გზა აქვს – მიიღოს იმ კომპანიის მომსახურება, რომელსაც მერია შეარჩევს ტენდერით.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაო საკმაოდ ბევრი იყო, ძირითადად სახურავების საკითხი მახსენდება.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საჭიროა ყოველწლიურადაც კი გამოკითხვის ჩატარება, კმაყოფილი არიან თუ არა ამხანაგობები იმ გაწეული სამუშაოების, რისთვისაც ბათუმში მილიონები დაიხარჯა.

იყო შემთხვევები, როცა 6 და 8 მილიონი იყო დაფინანსება ამხანაგობის პროექტების, უნდა შესწავლილიყო რა გაკეთდა, როგორ და რა ხარისხით.

ამჯერად ყველაზე რთულად დგას ძველი ლიფტების შეცვლის საკითხი. საკმაოდ ძვირია ეს მომსახურება.

  • რა არის თქვენი დაკვირვებით ბათუმში მთავარი პრობლემა, რასაც დაუყოვნებლივ სჭირდება ჩარევა?

პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის პრობლემა. ბათუმში ყოველთვის გუბდებოდა წყალი ძლიერი წვიმის შემდეგ, მაგრამ ასე არასდროს ყოფილა. წყალი შეიძლება დაგუბდეს, მაგრამ მთავარია რამდენად სწრაფად გაიწოვება. ბათუმს ალბათ ტბორავს უაზრო მშენებლობები. სასწრაფოდ უნდა იყოს შესწავლილი ეს საკითხი.

მეორე პრობლემა მშენებლობებია. ტურისტი არ ჩამოვა ამ სიმახინჯეების, უზარმაზარი შენობების სანახავად. ბათუმის რაღაც ნაწილი მაინც ხომ უნდა გადარჩეს, რისთვისაც უღირს ადამიანს სხვა ქვეყნიდან ჩამოსვლა.

  • რას შეცვლიდით ბათუმის სამშენებლო პოლიტიკაში?

მე თუ მკითხავთ, ბათუმი დაღუპული ქალაქია. ცოტა ხანში არავისთვის აღარ იქნება საინტერესო, თუ ეს მიდგომა არ შეიცვლება.

ბულვარის ნებისმიერ ზონაში „ამბასადორის“ მსგავსი მშენებლობების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ბრძოლა უნდა დაგვეწყო და ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, როცა გაიყიდა ეს ტერიტორია. მაშინ უნდა გვებრძოლა. ახლა გვიანია. ინვესტორს ვერაფერს დააკლებ. ილუზია, რომ ინვესტორს ბათუმის ბულვარი შეეცოდება და იქ კორპუსებს არ ააშენებს, ზღაპარია.

უცხოელებმა გააშენეს ბულვარი ბათუმისთვის და ჩვენ ჩვენივე ხელით ვანადგურებთ. გამოდის, ჩვენზე მეტად მათ უყვარდათ ეს ქალაქი. ზუსტად იგივე მდგომარეობაა რივიერაზე. ბრძოლა უნდა დაწყებულიყო მაშინ, როცა გავიგეთ, რომ იყიდება. ახლა როცა გავიგეთ, რომ შემოღობილია, ჯოხის რახუნით ეს საქმე არ გადაწყდება, ყველაფერზე დროულად უნდა ვრეაგირებდეთ.

ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ გონიოში რაღაცების მშენებლობას აპირებენ. უკვე საფრთხე გონიოშია და ახლაა პროტესტი დასაწყები. რა კაზინოების ადგილი გონიოა? უკვე ვიღაცამ დაადო თითი, რომ შეისყიდოს და გაანადგუროს.

  • აქამდე რატომ არ წახვედით პოლიტიკაში და რა ნიშნით აარჩიეთ პარტია „ლელო?“

ძალიან მომწონს „ლელოს“ მარშალის გეგმა. ხელისუფლებაში განათლებული ადამიანები უნდა იყვნენ. ჩვენთან რომ განათლებად ინგლისურის ცოდნა ითვლება, ასე არ არის. საფუძვლიანი უნდა იყოს განათლება და ხელისუფლებაში მოსულმა უნდა იცოდეს ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო საქმის კეთება.

მჯერა, ის ხალხი, ვინც „ლელოს“ ჰყავს შემოკრებილი, სწორედ ასეთ სასარგებლო საქმეს გააკეთებს. უნდა დამთავრდეს საქართველოდან საზღვარგარეთ ახალგაზრდების გადინება.

მინდა სასიკეთო ძვრები დავინახო ქვეყნისა და ხალხისათვის.

„სამწუხაროა, რომ სარფიდან არ აირჩია შემოსვლა“ – რიჟვაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

„სამწუხაროა, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ კიდევ უფრო კარგად დავხვდებოდით,“ – თქვა დღეს, 28 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ 2 ოქტომბერს ჩამოვა საქართველოში.

თორნიკე რიჟვაძეს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება.

„ეს არის წინასაარჩევნო ბლეფი და ამ სუბიექტს არასდროს არ ჰყოფნიდა არც ვაჟკაცობა, არც გამბედაობა, რომ ჩამოსულიყო… თუმცა, თუ საოცრება მოხდა, როგორც უკვე დავპირდით, ის პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე სააკაშვილს ვაქცინაციას ჰპირდება:

„თქვენ იცით, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაციასაც ძალიან აქტიურად ვახორციელებთ. როგორც ვიცი, მეორე აცრა სჭირდება და აიცრება კიდეც,“- დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

რას ცვლის სააკაშვილის ჩამოსვლა – პოლიტიკური პროგნოზი

„სააკაშვილი არ ჩამოვა ისე, რომ დააკავონ. მას სხვა გათვლა აქვს,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს მესამე პრეზიდენტის 2 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებაზე. პოლიტოლოგები სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, თუ როგორ შეცვლის პოლიტიკურ ამინდს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ფიზიკურად ჩამოსვლა და თუნდაც გისოსებს მიღმა აღმოჩენა. პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ სააკაშვილის დაბრუნება ახალი ეტაპის დასაწყისია ქართულ პოლიტიკაში.

რა იცვლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით? – „ბათუმელები“ ორ პოლიტოლოგს ესაუბრა: გია ნოდიას და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსს, ნინო სამხარაძეს.

  • რატომ მოფრინავს მიხეილ სააკაშვილი საღამოს რეისით? 

„ვფიქრობ, შემთხვევითი არაა ის, რომ მან არჩევნების დღეს საღამოს რეისზე აიღო ბილეთი,“ – საკუთარ ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ნოდია სააკაშვილის ბილეთზე. – „ის ჩამოდის არჩევნების დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, როცა ამომრჩევლები გადაწყვეტილებას მიიღებენ და მას ექნება წინასწარი შედეგები. სხვაგვარად ვერ ავხსნით, რატომ აიღო ბილეთი საღამოს რეისზე…

ვფიქრობ, სწორედ ეგზიტპოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, სააკაშვილი წამოვა თუ არა საქართველოში. თუ ოპოზიციური განწყობა ფიქსირდება საზოგადოებაში, ამ განწყობის ფონზე ხელისუფლება ვერ გაბედავს მის დაკავებას, ან მისი მომხრეები ამის საშუალებას არ მისცემენ,“ – გვითხრა გია ნოდიამ.

გია ნოდია, პოლიტოლოგი

„ჩანს უკვე ანონსით, როგორი გავლენა მოახდინა პროცესზე,“ – საუბრის დასაწყისშივე სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკის ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე. ის ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციას, სადაც ჩანს შიშიც, თუკი სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება.

პოლიტოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ბევრად უფრო რადიკალური გახდება და ბიპოლარულიც  მას შემდეგ, როცა სააკაშვილმა ფრენის ბილეთი დადო სოციალურ ქსელში.

„ვფიქრობ, 2 ოქტომბერი აირჩია იმიტომ, რომ ამ გზით უფრო ეფექტურად ცდილობს ამომრჩევლის მობილიზებას. მათ შორის, ზოგადად, საზოგადოების ოპოზიციური ნაწილის, რომლებიც ორჭოფობენ და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, არჩევნებზე წავიდნენ თუ არა…

თუ ის არ ჩამოვა საქართველოში, ეს საზიანო იქნება როგორც მისთვის, ასევე მისი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმ ხარისხით, რა ხარისხის რეაქციას და მობილიზებაც ახლა შეიმჩნევა საზოგადოებაში. ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს პარტიის ნდობის რეიტინგზეც,“ – აღნიშნა ნინო სამხარაძემ „ბათუმელებთან“.

„ახლა, როცა ბილეთი გამოაქვეყნა, კონკრეტული დღე და საათი ცნობილია, ძალიან სერიოზული არგუმენტი უნდა თქვას, რომ აღარ მოდის. თუ ასე მოხდა, ეს დაასუსტებს სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს და, ბუნებრივია, ეს აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან ამ პარტიაში ცენტრალური ფიგურა ისევ სააკაშვილია.

ვფიქრობ, რომ არ ჩამოვა ისე, რომ დააკავონ,“ – ამბობს გია ნოდია.

  • რა შემთხვევაში შეიძლება ვერ დააკავონ სააკაშვილი? 

მიხეილ სააკაშვილი კანონის მიხედვით უნდა დააკავონ, რადგან ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული. „ოცნების“ ლიდერებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი ციხეში წავა, თუმცა პოლიტიკის ექსპერტები არ გამორიცხავენ სცენარის სხვაგვარად განვითარების შესაძლებლობას.

გია ნოდია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას იხსენებს 2017 წელს.

„ქართული ოცნება“ შეეცდება მის დაპატიმრებას, რადგან სხვა შემთხვევაში ის პოლიტიკურ სახეს დაკარგავს, თუმცა გააჩნია, როგორია საზოგადოების განწყობა. თუ მომხრეები იქნებიან მობილიზებული და, მეორე მხრივ, აშკარად გამოჩნდება ოპოზიციური განწყობა, საკმაოდ რთული და მწვავე სიტუაცია შეიძლება შეიქმნას.

ჩვენ ვნახეთ, როგორ შევიდა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში. ოპოზიციური განწყობის ფონზე ხელისუფლება ვერ გაბედავს მის დაკავებას…

სააკაშვილი ციხეში გაზრდის პროტესტის ინტენსივობას, თუმცა რამდენად, ეს რთული სათქმელია. გასაგებია, რომ სააკაშვილის აქ ყოფნა და ერთგვარი მსხვერპლშეწირვა გაზრდის ტემპერატურას, მაგრამ ასეთი პროტესტის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ხალხი დაიღლება და დაიშლება, მაგრამ შესაძლოა ეს პროტესტი დიდი და ხანგრძლივი იყოს ბევრად, ვიდრე წინა შემთხვევებში იყო,“ – ვარაუდობს გია ნოდია.

„ამ შემთხვევაში პრაქტიკულად გადამწყვეტია, გადალახავს თუ არა „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან ბარიერს,“ – მიიჩნევს ნინო სამხარაძე. ის აქცენტს ე.წ. მიშელის დოკუმენტზე აკეთებს, სადაც „ოცნებამ“ პირობა დადო, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს.

ნინო სამხარაძე

„კვლევების მიხედვით, რეალური შანსია ახლა, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს ეს 43 პროცენტი. ეს შეთანხმება გაუქმებულია, მაგრამ სიმბოლურად ციფრი  – 43 პროცენტი არსებობს და ოპოზიციურ სპექტრს ბევრად მეტი ლეგიტიმაცია ექნება მასობრივი პროტესტი ისევ ქუჩაში გადაიტანოს. ცალკე საკითხია, რამდენად ხისტი იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია, რომელიც აქამდე საპროტესტო აქციებს მეტ-ნაკლებად არ ეხებოდა. უნდა ველოდოთ იმასაც, რომ აქციებს ამჯერად უფრო ხისტად დაუდგებიან, რაც კრიზისულ პროცესს გაამწვავებს,“ – გვითხრა ნინო სამხარაძემ.

  • რა შეიძლება მოხდეს, თუკი სააკაშვილი დაბრუნდა? 

მმართველი პარტიის თუ ოპოზიციის დღევანდელი რიტორიკიდან გამომდინარე, ნინო სამხარაძისთვის მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი გზა სამოქალაქო დაპირისპირებაა. პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ თუკი სააკაშვილი ვერ დააკავეს, ეს „ოცნების“ დასასრულს ნიშნავს.

„თუ ფიზიკურად ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, პოლიტიკურ ელიტებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო პოლარიზებული, ხისტი და აგრესიული გახდება. ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რისი ნიშნებიც უკვე იკვეთება, ეს საზოგადოებრივი დაპირისპირებაა. დღეს ჩვენ ორივე დიდი პარტიის ლიდერების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს მხარდამჭერების მობილიზებაზე. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, ნაკლებად გვქონდეს ვარაუდი, რომ ამ ტიპის დაპირისპირებას თავიდან ავიცილებთ,“ – ამბობს ნინო სამხარაძე.

პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში მისი მხარდამჭერების რაოდენობას არ გაზრდის და ბალანსი არ შეიცვლება, მაგრამ „ამ პროცესში კიდევ უფრო ჩაიკარგებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, ასევე სააკაშვილის საქართველოში ყოფნა შეაფხიზლებს როგორც მის ამომრჩეველს, ასევე მის მოწინააღმდეგეებსაც“, – დასძინა ნინო სამხარაძემ.

რამდენად გახდება ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი საგარეო კურსი და დასავლეთთან დაშორება? – პოლიტოლოგი გია ნოდია ამ ნაწილში ფიქრობს, რომ შესაძლოა სააკაშვილის და, ზოგადად, ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდოს. თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პერსონის გამო ამ დრომდე „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ ახლა პირიქით – მმართველი პოლიტიკური ძალის მხარეს დადგეს.

„ხელისუფლება ელის იმას, რომ თუკი იქნება პროტესტი, ისიც განელდება, როგორც ეს ვნახეთ გასულ წელს. ირაკლი კობახიძემ გვითხრა კიდეც, როგორც გამოხვალთ ქუჩებში, ისე შეხვალთ სახლებშიო.

თუ სააკაშვილი ვერ დააკავეს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესები „ოცნებისთვის“ არასასურველად ვითარდება და ეს პრაქტიკულად ნიშნავს მათ პოლიტიკურ დასასრულს. თუ ვერ დააკავეს, გამოდის, რომ ოპოზიციის მხარეს არის ინიციატივა,“ – აცხადებს გია ნოდია.

„გამოსავალი ისევ პოლიტიკურ ელიტებზეა დამოკიდებული,“ – გვიყვება პოლიტოლოგი ნინო სამხარაძე. – „თუკი ისინი სახელმწიფოებრივ ინტერესებს წინ დააყენებენ და მოხერხდება ინტერპარტიული დიალოგი. მაგრამ დღეს რაც ჩანს, ამის შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება… ვისურვებდი, რომ ეს პროცესი გადაიზარდოს დიალოგში, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა, თუმცა ახლა ამის მოლოდინი ნაკლებია“.

ნინო სამხარაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებულ წონას დასავლელი პარტნიორები შეიძენენ, რადგან „ქართული ოცნება“ თუკი ხელისუფლებაში დარჩენას აპირებს, მაშინ მას დასავლეთის მხარდაჭერა, პოლიტიკური და ფინანსურიც, სჭირდება და „რადიკალური გადახვევების ფუფუნება არ ექნებათ“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნება“ უნდა ელოდოს იმას, რომ მისი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც მისი მოწინააღმდეგე გახდება, ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივი თანხმობის საგანია,“ – დასძინა პოლიტიკის ანალიტიკოსმა.

  • არსებობს კოალიციური ხელისუფლების რესურსი? – რა იცვლება პოლიტიკის შინაარსში?

კოალიციურობა და პოლიტიკური პლურალიზმი რომ რეალურად შეცვლის ქართული პოლიტიკის შინაარსს, ამაზე აქცენტს მიხეილ სააკაშვილიც აკეთებს ვიდეოგზავნილებში, რომლებსაც ბოლო პერიოდში ავრცელებს. ბევრისთვის ეს სარწმუნო არ არის.

„ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია,“ – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს, ისევ აღმოჩნდა მისივე პოლიტიკური გუნდის პირისპირ.

პოლიტიკის ანალიტიკოსებს ვკითხეთ, რამდენად არსებობს მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის კოალიციური თანამშრომლობის რესურსი ან მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მუდმივად ედავებოდნენ ერთპიროვნულ მმართველობაში, რამდენად შეიცვალა?

„კოალიციური მმართველობა დღევანდელ სიტუაციაში უკვე პათეტიკურადაც ჟღერს..,“ – გვიყვება ნინო სამხარაძე. – „საბოლოო ჯამში, ეს მაინც პროცენტულ მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული. ფაქტია ისიც, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, „ოცნებას“ საკმაოდ დიდი პროცენტული მხარდაჭერა აქვს და მასთან ყველას მოუწევს კოალიციაში შესვლა, მაგრამ ის იმდენად ანტაგონისტურადაა განწყობილი ყველა დიდ ოპოზიციურ ძალასთან, რომ ამის რესურსს ვერ ვხედავ, როგორი კეთილი ნებაც არ უნდა არსებობს.“

„არა მგონია, სააკაშვილი შეცვლილიყო,“ – კოალიციის რესურსზე საუბრის დროს აღნიშნა გია ნოდიამ. თუმცა მისი დაკვირვებით, მიხეილ სააკაშვილი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსია და არ გამორიცხავს, მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერიც პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად მოიქცეს.

„სააკაშვილის ტემპერამენტი შესაძლოა არ იყოს მორგებული კოალიციურ მმართველობას, მაგრამ ის ამავდროულად პრაგმატული მოთამაშეა და საჭიროებას თუ დაინახავს, მოერგება მას.

თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია არა სააკაშვილის შეცვლა, არამედ პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლოა ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს ისევ ერთპიროვნული მმართველი, მაგრამ ძნელია დღეს მოიპოვოს ისეთმა პოლიტიკურმა პარტიამ უმრავლესობა, რომელსაც ერთპარტიულობა სურს,“ – გვითხრა გია ნოდიამ.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO

ბიზნესმენები და მათი შვილები „ოცნების“ სიებში – ვის სურს საკრებულოებში მოხვედრა

არავისთვისაა ახალი, რომ პარტიების და ძირითადად მაინც მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიზნესმენების სახელებსა და გვარებსაც აღმოვაჩენთ ხოლმე.  მათგან უმეტესობას სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლების დიდი გამოცდილება აქვს, ისინი იღებენ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან, თავად კი მმართველი პარტიის შემწირველები და მხარდამჭერები არიან.

პრაქტიკის მიხედვით, ბიზნესიდან მოსულები დიდი აქტიურობით არც მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გამოირჩევიან და არც საკრებულოებში. ისინი, ძირითადად, ხელის აწევით, მმართველი პარტიის სასურველი გადაწყვეტილებების მხარდაჭერით შემოიფარგლებიან და არ აქვთ ინიციატივები.

წლების დაკვირვება ცხადყოფს, რომ თანამშრომლობა ყოველთვის ორმხრივია, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები ხდებიან ისინი, რომლებიც სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, იგებდნენ ტენდერებს, იღებდნენ დაკვეთებს პირდაპირი წესის გამოყენებით, წირავდნენ თანხას მმართველ პარტიას და ასე შემდეგ.

სხვათა შორის, პრაქტიკა აჩვენებს სხვა ტენდენციასაც, მაგალითად იმას, რომ მრავალწლიანი სტაჟის შემდეგ საჯარო უწყებებიდან სხვადასხვა მიზეზით წასული ყოფილი ჩინოვნიკები კერძო კომპანიებში მაღალ თანამდებობებზე საქმდებიან. თუმცა ამჯერად ამაზე არ შევჩერდებით, ამ შემთხვევაში დავინტერსდით, ვინ მოდის ბიზნესიდან „ოცნების“ სახელით აჭარის რეგიონის საკრებულოებში.

შოთა ფუტკარაძე ხელვაჩაურში, მახოსა და თხილნარის თემის მაჟორიტარობის კანდიდატია „ოცნებიდან“. ის შპს „გრანდ მაისონის“ დირექტორი და 20 პროცენტის მფლობელია. ეს კომპანია ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, „კალიგრაფ თაუერს“ აშენებს. ვებგვერდის თანახმად, აქ ერთი კვ.მეტრი ფართობის ფასი 620 დოლარიდან იწყება. შენობა 2024 წელს უნდა ჩაბარდეს.

შოთა ფუტკარაძე

8 652 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც „კალიგრაფ თაუერს“ აშენებენ, შპს „ბონდი 2009“-მ  ბათუმის მერიის პირობიან აუქციონზე 2019 წელს იყიდა [შპს „გრანდ მაისონი“ ამ პროექტში ბონდი 2009“ – ის უფლებამონაცვლეა].

გარდა ამისა, შოთა ფუტკარაძე ფლობს „ბონდი დეველოპმენტის“ 70 პროცენტს და ამ კომპანიის დირექტორადაც თავად ფიქსირდება. ის არის  ასევე შპს „კალიგრაფი აპარტამენტის“ 50 პროცენტის მფლობელი.

კიდევ ერთი კანდიდატი „ოცნებიდან“, ამჯერად ბათუმის საკრებულოში [კახაბრის, სამრეწველო ზონისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი], ლევან დოლიძეც ასევე შპს „გრანდ მაისონის“ თანამესაკუთრეა. ის ასევე ააიპ – „ბათუმის საცხენოსნო კლუბის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე 25 წლის ლევან დოლიძე 2019-2020 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო ინფრასტრუქტურის საკითხებში. 2020 წლის დეკემბრიდან ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ის მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორად დანიშნა.

ლევან დოლიძე

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან დოლიძე შპს „გრად მაისონის“ 20 პროცენტის მფლობელია. 2018 წელს მას კიდევ ერთი კომპანია – შპს „ლდ. გროუპიც“ დაუფუძნებია, თუმცა 2019 წლიდან ამ კომპანიის წილებში აღარ ფიქსირდება.

ბიზნესპარტნიორები არიან ლევანისა და შოთას მამებიც. ლევან დოლიძე ბიზნესმენ ნუკრი დოლიძის შვილია. ის ბათუმის 2007-2010 წლების საკრებულოს წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი კომპანიების სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის ისტორიაც.

ნუკრი დოლიძის ერთ-ერთი პარტნიორია შოთა ფუტკარაძის მამა, ბიზნესმენი ოთარ ფუტკარაძე. მათ ერთობლივად დააფუძნეს შპს „ბონდი 2009“, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან მაღალბიუჯეტიან  დაკვეთებს ხშირად იღებს. იგივე შეიძლება ითქვას „მონოლითი 2005“ – ზეც – ნუკრი დოლიძეს წილები ამ კომპანიაშიც აქვს.

ამ კომპანიებმა ბოლო ათ წელში სახელმწიფოსგან რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დაკვეთა მიიღეს, მათ შორის არის გამარტივებული შესყიდვები. ამ კომპანიების დამკვეთებს შორის არიან: ბათუმის მერია, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და სხვები.

ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატია „ოცნებიდან“ გია ცისკარაძეც, ის შპს „ავტომზიდის“ დამფუძნებელი და ასი პროცენტის მფლობელია; ასევე ფლობს  შპს „დათო 2010“-ს და არის შპს „დაბალი წყლის“  50 პროცენტის მფლობელი. გარდა ამისა, ის ფლობს რესტორანს სოფელ აჭარისწყალზე, აჭარული ღვინის სახლის მიმდებარედ. რესტორანი მამის – სულიკო ცისკარაძის სახელზეა რეგისტრირებული.

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. მინდია დიასამიძე საკრებულოში არჩევამდე ბიზნესით იყო დაკავებული. ამ პერიოდში მას მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება დაუგროვებია.

მინდია დიასამიძე

ოფიციალური მონაცემებით, ბიზნესი მინდია დიასამიძემ 2010 წელს დაიწყო, როცა მან  შპს „მდა–007“ დააფუძნა. ეს კომპანია საახალწლო ფეთქებადი ნივთიერებების შემოტანა – მიწოდებაზე მუშაობს. კიდევ ერთი კომპანია „ჯიდი ჯგუფი“ მინდია დიასამიძემ 2017 წელს მეგობართან ერთად დააფუძნა და ამ კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია, თუმცა ამ კომპანიას არ უმუშავია.

მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. ის ახალშენის თემის მაჟორიტარია და ნადიმ ვარშანიძის აჭარის უმაღლეს საბჭოში გადასვლის შემდეგ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ის „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ისევ ამ თემში წარადგინა.

მილიონიანი სახლი ბათუმში – რა ქონებას ფლობს ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე 

ხელვაჩაურში, შარაბიძეების თემის მაჟორიტარი რამაზ თავდგირიძე შპს „გედევან დჰ“ – ს დირექტორია, კომპანიას შპს „გევან იმ “-ი ფლობს, რომლის დამფუძნებელი და ასი პროცენტის მფლობელი თავად რამაზ თავდგირიძეა.

არჩილ მხეიძე „ოცნებამ“ მახინჯაურის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ის შპს „უკრაინას“ დირექტორად ფიქსირდება, კომპანიის მფლობელი ომარ მხეიძეა.

შპს „მაი ქებ ჯორჯიას“ 34 პროცენტის მფლობელია გიორგი ლომთათიძე, ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი „ოცნებიდან.“ ეს კომპანია 2019 წელსაა დაფუძნებული.

დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ ისევ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა, მის ქონებასა და ბიზნესზე აქ წაიკითხეთ:

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მილიონიანი უკანონო მშენებლობა – სასტუმროები და სხვა ქონება

„ოცნებამ“ ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა ასევე ბიზნესმენი ზურაბ ხინკილაძე. ის შპს „სამებას“ მფლობელია და აქვს ტურისტული სერვისებიც.

___

როცა მშობელს მიჯაჭვული ბავშვი სკოლაში მიდის – ფსიქოლოგის რჩევები

პირველ კლასში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მომენტია ბავშვისთვის. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, რის გამოც ბავშვებმა ბაღში სიარული და თანატოლებთან სოციალიზაცია ვერ მოახერხეს, ეს პროცესი უფრო დაამძიმა.

როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლასთან დაკავშირებული შფოთვების მოგვარებაში მშობელს მიჯაჭვულ ბავშვებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ირმა ფეიქრიშვილი საუბრობს. 

  • ქალბატონო ირმა, რატომ ეშინიათ ბავშვებს სკოლის?

საერთოდ, ბავშვმა სკოლამდე უნდა გაიაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თავისი პირველი სეპარაცია მშობელთან. ანუ მშობელს უნდა მოსწყდეს პირველად და წავიდეს საბავშვო ბაღში. პირველი ნაბიჯი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის დაძლევისკენ სწორედ ეს არის – როდესაც ბავშვი ხდება 3 წლის, მიდის ბაღში და აღმოჩნდება თანატოლების გარემოცვაში. 

ხშირად ხდება ხოლმე, როცა 14-15 წლის მოზარდი მოჰყავს მშობელს და გაცნობისას, მუდმივად იმეორებს ფრაზას, „ჩვენ დავდივართ სკოლაში, ჩვენ გვყავს მეგობრები, ჩვენ, ჩვენ…“ ამ დროს ვთხოვ ხოლმე, რომ თქვას „ის დადის სკოლაში, მას მეგობრები ჰყავს“ იმიტომ, რომ „თქვენ“ აღარ ხართ, მოზარდი უკვე არის პიროვნება, რომელსაც თავისუფლება სჭირდება. მშობლის ასეთი ფორმულირებები კი იმის ნიშანია, რომ სეპარაცია არ მომხდარა და ბავშვი ჯერ კიდევ „ჭიპლარით დაჰყავს“, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა იგულისხმება.

თუ რაიმე მიზეზით ბავშვს არ ეძლევა საბავშვო ბაღში, თანატოლებთან ყოფნის და შესაბამისად, სოციალური უნარების განვითარების შესაძლებლობა, მაშინ გამოსავალი სამეზობლოს ბავშვების მიკროსოციუმი შეიძლება იყოს.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მდგომარეობა პანდემიის გამო რადიკალურად შეიცვალა და ბავშვებს საბავშვო ბაღში სიარულის საშუალება არ მიეცათ, ფაქტობრივად, ორი წელია ჩვენი ბავშვები “შიდაპატიმრობაში” იმყოფებიან, სახლიდან გარეთ ვერ გადიან, საბავშვო ბაღში მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება არ აქვთ. რა თქმა უნდა, ისინი სრულიად მიეჯაჭვნენ მშობლებს. მშობელი უკვე აღიქმება როგორც მისი ნაწილი და მასთან განშორება ძალიან რთული ხდება. 

  • როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მშობელთან მიჯაჭვულობის დაძლევაში?

ზოგადად, ყველა მშობელს მინდა ვთხოვო, როგორმე გამოძებნონ გამოსავალი და ბავშვების თანატოლებთან ურთიერთობას შეუწყონ ხელი. შეგვიძლია მეგობრებს, ახლობლებს ვთხოვოთ, რომ რამდენიმე ბავშვი მაინც ერთად გაიყვანონ სათამაშო მოედანზე, ცხადია, რეგულაციების დაცვით. გავუკეთოთ პირბადე, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, მაგრამ ბავშვებს მივცეთ ურთიერთობის საშუალება, ერთმანეთთან გასაუბრების, თუნდაც სათამაშოს გაყოფაზე წაკინკლავების – ამის გარეშე ჩვენი ბავშვები სოციუმის წევრები ვერ ხდებიან, სოციალური უნარები არ უყალიბდებათ. 

ხშირად იმის გამო, რომ ბავშვმა მშობელს, რომელიც სახლიდან მუშაობს, ხელი არ შეუშალოს, მშობელი იძულებული ხდება ყველანაირ დათმობაზე წავიდეს, როცა საამისოდ გარკვეული სტრატეგიებია აუცილებელი.

ბავშვებს რომ სკოლაში წასვლა აშინებთ, ნორმალურია. ისინი ვერ ხვდებიან სად მიდიან, როგორ უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი ამხელა სივრცეში, რადგან აქამდე ისინი იყვნენ დაცულ მიკროსივრცეში, სადაც, ფაქტობრივად, ისევე გრძნობდნენ თავს, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში ემბრიონი გრძნობს თავს.

არასოდეს უთხრათ ბავშვს – „ნუ გეშინია“, „რისი გეშინია“, „რა არის საშიში“…. ჩვენ ამით მის გრძნობებს ვაუფასურებთ, ამ დროს კონტაქტი წყდება, ჩვენ მიმართ უნდობლობა უჩნდება ბავშვს, გრძნობს, რომ ჩვენ მისი არ გვესმის. ამიტომ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, რომ გვესმის მისი, ვუთხრათ – „ვიცი, რომ გეშინია, შემიძლია წარმოვიდგინო რას გრძნობ ახლა, მაგრამ მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერში გვერდში დაგიდგები და ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას“. 

აუცილებლად მიიყვანეთ სკოლაში წინასწარ, სანამ სასწავლო წელი დაიწყება, აჩვენეთ სკოლის შენობა, სთხოვეთ მასწავლებელს, ადაპტაციის გამარტივების მიზნით, დაგათვალიერებინოთ გარემო, მიიყვანეთ ბავშვი რომელიმე მერხთან, რათა გარემო, სადაც მივა სკოლის დაწყების დღეს, არ იყოს მისთვის ძალიან უცხო, საშიში და აუთვისებელი. ამის შემდგომი ეტაპი ბევრად მარტივი იქნება, მხოლოდ მეგობრების გაცნობა და მათთან ადაპტირება მოუწევს, რადგან პედაგოგი და გარემო მისთვის უკვე ნაცნობი იქნება.

პირველი ნერვიულობა, განცდები ადაპტაციისას ნორმალურია. აუცილებლად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ამ პერიოდში ბავშვს არ დაერღვეს ღამის ძილი, არ მოიმატოს ძილში შფოთვამ. თუ კი ასე ხდება, უნდა შევეცადოთ, რომ ეს წინა პერიოდი ბავშვისთვის იყოს ძალიან მშვიდი. ვეთამაშოთ, ძერწოს, ხატოს, ემოციები ჩადოს ამაში. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი ძალიან შფოთავს ღამით და რაღაც პანიკური შიშები უჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

  • თუ ბავშვს უჭირს მეგობრების გაჩენა დამოუკიდებლად, რა დოზით უნდა ჩაერთონ მშობლები ამ პროცესში?

საერთოდ მშობლები მაქსიმალურად განზე უნდა დარჩნენ ბავშვების ურთიერთობის დალაგების დროს, მთავარია ბავშვს თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მივცეთ და თვითონ შეარჩიოს ის მეგობარი, რომელიც მას ყველაზე კარგად მოერგება და გაუგებს, შეარჩიოს ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მისთვის.

ვუთხრათ ჩვენი მაგალითი – „აი მე მყავს მეგობრები, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ერთმანეთის არ მოგვწონს, შეუძლებელიც კია ყველაფერი მოგვწონდეს ერთმანეთის, მაგრამ ის ჩემი მეგობარია – ხან მე ვაპატიებ, ხან ის მაპატიებს რაღაც შეცდომას, სამაგიეროდ ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს“. 

სკოლიდან მოსულ ბავშვს უნდა მისცეთ საკუთარ ემოციებზე საუბრის საშუალება. გვიამბოს, ვინ გაიცნო, როგორ გაიცნო, რა დამოკიდებულება აქვს, რა ემოცია აქვს.

ძალიან ხშირად ბავშვები თავს არიდებენ თავიანთი გრძნობების ჩვენებას, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ კი მათთან უფრო ახლოს მივალთ, ხატვის საშუალებით გავაკეთებინებთ ამას. მივცეთ ფურცლები, ფანქრები და ვთხოვოთ დაგვიხატოს რა მოხდა დღეს კლასში, მასთან რომელი მეგობარი იჯდა, რა გააკეთეს დასვენებაზე. პროცესში ბავშვები უკეთ იაზრებენ დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას, ემოციებს და ბევრად უფრო უმარტივდებათ კომუნიკაცია მშობლებთან.

როგორ ვმართოთ კოვიდისშემდგომი გართულებები – ექიმის რჩევები

კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვთ. ექიმი თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სრული რეაბილიტაციის მიღწევამდე, აუცილებელია პაციენტი იყოს როგორც ოჯახის ექიმის, ისე მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, „ამას ცხადყოფს COVID19-ის შემდგომ პერიოდში სხვადასხვა სიმპტომის გამოვლინება და ნარჩენი მოვლენების არსებობა“ – ამბობს ექიმი. მადონა შაინიძეს პოსტკოვიდურ გართულებებზე ვესაუბრეთ.

  • რა ძირითადი გართულებები აწუხებთ პაციენტებს კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ?

COVID19-ის შემდგომ პერიოდში პაციენტებს შესაძლოა სხვადასხვა ტიპის პრობლემა აღენიშნებოდეთ. კოვიდის შემდგომი ნარჩენი მოვლენები და სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ე.წ. მსუბუქი COVID19-ის ის შემდეგაც და ხშირად მოიცავს ხველას, სუბფებრილიტეტს [ცხელებას], დაღლილობას, რომელთაც მორეციდივე ხასიათი აქვთ.  

სხვა სიმპტომებია: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი, ნეირო-კოგნიტური სირთულეები, რაც გულისხმობს მეხსიერების დაქვეითებას, ყურადღების გაფანტვას, ვიზუალურ-სივრცითი აღქმის დარღვევას, ფსიქომოტორულ აშლილობასა და  იმპულსურობას.

ასევე  აღენიშნებათ კუნთების ტკივილი და სისუსტე, გასტრო-ინტესტინური მოვლენები, გამონაყარი, მეტაბოლური დარღვევა (როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტის კონტროლის გაუარესება), თრომბოემბოლიური გართულებები, დეპრესია და სხვა მენტალური პრობლემები. 

კანთან დაკავშირებით გამოვლინებები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის: სისხლძარღვოვანი, მაკულო-პაპულოზური, ურტიკარული გამონაყარი ან მოყინვის მსგავსი დაზიანება კიდურებზე (ე.წ. COVID-თითები). 

დაღლილობა ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია და COVID19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ჩივიან უკიდურეს დაღლილობაზე. ეს ზეგავლენას ახდენს როგორც გაჯანსაღების პროცესზე, ისე აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნების შესაძლებლობაზე.

პაციენტმა უნდა დაიცვას ძილის ჰიგიენა, დაზოგოს ენერგია, პრიორიტეტული აქტივობები გაზარდოს საფეხურებრივად და იკვებოს ადეკვატურად. დროული ჩარევის შემთხვევაში შესაძლებელია ქრონიკული დაღლილობის პრევენცია.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კოვიდის შემდგომი გართულებები?

პრობლემები შეიძლება იყოს ხანმოკლე და გრძელვადიანი. მაგალითად, პაციენტებს, რომელთაც უტარდებოდათ ინტენსიური თერაპია მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომის გამო, შესაძლოა განუვითარდეთ შფოთვა (40%-ში), დეპრესია (30%-ში) და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD-20%-ში).  ეს პრობლემები, შესაძლოა, გაგრძელდეს 24 თვის მანძილზე და თან ახლდეს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შემთხვევები.

ასეთ დროს ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფსიქოლოგიურ ასპექტებს: შფოთვას, გუნება-განწყობის გაუარესებას, გართულებების შიშს და გადაჭარბებულ ყურადღებას სიმპტომების მიმართ. შესაძლოა ადამიანს  აღენიშნებოდეს კოშმარული სიზმრები, უძილობა, მეხსიერების დარღვევები,  ყურადღებისა და კონცენტრაციის დარღვევები.

რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდს.

  • რა ასაკის ან რა დაავადებების მქონე ადამიანებს რჩებათ უმეტესად ეს სირთულეები კოვიდის შემდეგ?

შეფასების დროს განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგი კატეგორიის პაციენტები: ხანდაზმულები, თანხმლები დაავადებების სიმრავლე, სიმსუქნე, მძიმე კლინიკური სტატუსი, ვისაც დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და დამატებითი ჟანგბადის გამოყენება მწვავე ფაზაში.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გართულდეს.

  • რა მნიშვნელობა აქვს კვებას კოვიდისგან გამოჯანმრთელების, რეაბილიტაციის პროცესში?

ადეკვატური კვება უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აღენიშნებოდა კარდიული დისტრესი, რესპირაციული დისტრესი (მოშლა, დარღვევა) ან კრიტიკულად მძიმე დაავადება წონაში კლების, დაუძლურების ფონზე. 

ამგვარი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ინდივიდუალური ნუტრიციული გეგმის შემუშავება რაც შეიძლება მალე, რათა დროულად მოხდეს მეტაბოლური აღდგენა. 

ნუტრიციული რეაბილიტაცია საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტის მეთვალყურეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის აღდგენას და ამცირებს რეჰოსპიტალიზაციის რისკს.

კვება უნდა იყოს დაბალანსებული, შეამცირეთ რაციონში ტკბილი, მიიღეთ ზომიერად სითხე წყლის სახით.


ბრიტანეთის დიეტის ასოციაცია კოვიდგადატანილ პაციენტებს ურჩევს:

მიირთვან ცილოვანი საკვები ჯანსაღი ძლიერი კუნთებისთვის და იმუნური სისტემისთვის – ეცადეთ მიირთვათ ცილოვანი საკვები დღეში ორ-სამჯერ. ცილების შემცველი საკვებია: ლობიო, ოსპი, თხილი, კვერცხი, რძის პროდუქტები (მაგ. იოგურტი, რძე, ყველი);

ნახშირწყლოვანი საკვები ენერგიისთვის – ეცადეთ ყველა ჯერზე მიირთვათ სახამებლის შემცველი პროდუქტი, მაგალითად, კარტოფილი, პური, მაკარონი, ბრინჯი და მარცვლეული. დამატებითი ბოჭკოსთვის სასურველია შეარჩიოთ მთლიანი მარცვლოვანი ვერსიები.

ხილი და ბოსტნეული – იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საჭიროა ბოჭკოს, ძირითადი ვიტამინებისა და მინერალების მიღება – საამისოდ საჭიროა დღეში 5-ჯერ მაინც მიირთვათ ხილისა და ბოსტნეულის ულუფა. ხილი და ბოსტნეული შესაძლოა იყოს – ცოცხალი, გაყინული, დაკონსერვებული.

ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის საჭიროა კალციუმისა და სხვა მინერალების მიღება. ეს პროდუქტებია: რძე, იოგურტი, ყველი. იმავე საკვები ნივთიერებების შემცველობის პროდუქტებია – ლობიო (მაგ. შავი ლობიო), მუხუდო (მაგ. ჰუმუსი), თხილი (მაგ. ნუში), თესლი (მაგ. სეზამი), ხილი (მაგ. ფორთოხალი, ლეღვის ჩირი).
დღის განმავლობაში სასურველია ამ პროდუქტების სამჯერადად მიღება.

სითხე – დღეში 6-8 ჭიქა: წყალი, უცხიმო რძე, ხილის წვენები, უშაქრო სასმელები, ჩაი და ყავა.

შეამოწმეთ თქვენი შარდის ფერი. მუქი შარდი არის დეჰიდრატაციის ნიშანი. მიზანშეწონილია დალიოთ საკმარისი სითხე შარდის ღია ჩალისფერის შესანარჩუნებლად.

ჩემი მშვენიერი ლედი

ავტორი: მიდა მელაძე

იმ დღეს ქასტინგზე მივდიოდი. როგორც მჩვევია, ბოლო ხუთ წუთში შევიკარი კედებზე თასმები, კარი სწრაფად და ხმაურიანად გავაღე და თავქუდმოგლეჯილი კიბეზე დავეშვი. იმ წამსვე ვინანე დაუფიქრებელი და ხმაურიანი სიჩქარის გამო, რადგან ვიცი, იმას დავუფრთხობ ძილს, ყოველ დღე კიბის კუთხეში რომ მელოდება, ასე უცებ რომ შემოიჭრა ერთდროულად ჩემს ეზოსა და გულში და არ თმობს თავის ადგილს.

ჩავრბივარ კიბეზე, ვიცი, 1 წუთში სამარშრუტო ტაქსი მოვა და ისიც ეცდება, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად მივდივართ. უბრალოდ უნდა, რომ დამიცვას.

მოდის „მარშუტკა“ და ავდივარ ადგილის დასაკავებლად, ისიც ამოდის. არ ცნობს იმ ფაქტს, რომ ძაღლია, რადგან როცა მასთან ერთად ვარ, ორივემ ვიცით – დაცული ვართ.

ლედი

ლედი ამოდის ტრანსპორტში, მე ჩავდივარ და ვთხოვ ქვემოთ დარჩეს. ჩადის, ვფიქრობ, რომ დამიჯერა, ვხედავ, როგორ იხურება კარი, მაგრამ მესმის მგზავრების თბილი, სიცილნარევი კომენტარები, რომ ლედიმ ბოლო წამებში მაინც მოახერხა ამოსვლა. მახვედრებს, რომ ისევ არ მტოვებს მარტო.

ნახევარი წელია მარტო აღარ ვარ. აღარ ვარ მარტო არც ბანკში, არც ბიბლიოთეკაში, არც მაღაზიასა თუ ქუჩაში.

მთელი 21 წელი, რაც მახსოვს, ოჯახში სულ გვყავდა ძაღლი. ზოგადად, გამიმართლა, რომ ჩემ ირგვლივ არავინაა აგრესიული ცხოველების მიმართ. ჩვენი ეზო ბევრ თათს დაუტკეპნია. თითოეული თავისებურად განსაკუთრებული იყო, თითქოს ერთნაირად ყეფენ, გეფერებიან, ცქმუტავენ, გეთამაშებიან…მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ლედი

როკი, რომელიც თავს ჩვენი ეზოს ბატონ-პატრონად თვლიდა, ჩემდა გასაკვირად, ლედის წინაშე პოზიციებს თმობს. ეს პატარა გოგო, ნამდვილი ლედივით, რაღაც გრაციოზულად მოძრაობს როკის წინაშე. თან ისეთი ეშმაკია, ხვდება, სადამდე ვერ მისწვდება ჯაჭვით დაბმული როკი.

როკი და ლედი

როკიც საბოლოოდ შეეგუა ლედის აუღელვებელ სიარულს ეზოში.

უპატრონოდ დარჩენილი ცხოველები არასდროს არიან სტუმრები. ისინი ყველგან ისე გრძნობენ თავს, როგორც სახლში. ლედიც ასეთი აღმოჩნდა.

სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს საიდან მოვიდა, ვინ დაკარგა ასეთი სიყვარულის უფლება. თუმცა ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს, ამ მუდამ სევდიანი თვალების მიღმა, გრძნობს თუ არა სიხარულს ახლა.

ლედი და კატა გარი

___________________________________________

 

შემდეგი კვირიდან კარდაკარ ვაქცინაცია დაიწყება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან კარდაკარ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

„ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც იგეგმება პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების წახალისება, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ და როგორც C ჰეპატიტის პროგრამაზე ვიხდით დამატებით ანაზღაურებას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე, დაახლოებით ასეთი იქნება ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაშიც. რასაც დღეს ექიმები იღებენ თითოეულ აცრაზე, ასეთივე იქნება ანაზღაურებაც, იმის მიხედვით, რამდენად მეტ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში.

სოფლის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა კარდაკარ უნდა იარონ და დაარწმუნონ ადამიანები, რომ აიცრან. მე ყარაჯალაში გახლდით პარასკევს, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელია და იქ ვთხოვეთ ექიმებს, რომ კარდაკარ ევლოთ. იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი შენელებულია და აუცილებელია მოსახლეობის გააქტიურება.

დღეს, 28 სექტემბერს, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე და განაცხადა, რომ მოზარდების ვაქცინაციაზე გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებენ.

სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მოსწავლეებისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს.

„სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

სკოლაში იქნება ზედმიწევნით დაცული ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი იმისთვის, რომ იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო.

ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში”, – დასძინა მინისტრმა.

4 ოქტომბერს მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს.

4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებშიც.

4 ოქტომბერს სწავლა განახლდება სკოლის შენობებსა და უნივერსიტეტებში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდება.

ასევე მუშაობას განაახლებენ ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.  გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა დაიწყოს, ყველა მოსწავლისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

სად მოძრაობს ახალი სამარშრუტო ხაზი №14

ქალაქის მუნიციპალურ სამარშრუტო ქსელს ახალი ხაზი, №14 დაემატა.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი №14 მოძრაობს შემდეგი მიმართულებით:
ს. ხიმშიაშვილის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, გორგილაძის ქ, შარტავას ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, სასტუმრო „ეუფორია“.

ასევე ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ძველი ტრანსპორტი სრულად ჩანაცვლდა ახლით შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: №1; №1ა; №16.

დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო სქემის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

Exit mobile version