აჭარის მთავრობა ბათუმის მერიისგან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ბინებს ითხოვს, 26 მაისის ქუჩაზე დაზარალებულებისთვის გადასაცემად.
26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მესაკუთრეები საკუთარ ბინებში შესვლას ვერც დანგრეული კორპუსის იმ სადარბაზოებში ახერხებენ, რომლებიც ნგრევას გადაურჩა. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა კორპუსის გადარჩენილი ნაწილი უსაფრთხო არ იყოს. ამის დასადგენად ექსპერტები მუშაობენ.
სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა, 15 ოჯახი ცხოვრობდა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო საკუთარ ბინებში ვერ შედიან გვერდითა სადარბაზოების მცხოვრებლებიც.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბინების გარეშე დარჩენილი ოჯახებიდან მერიის დახმარებით მხოლოდ 23-მა ოჯახმა ისარგებლა, ისინი სასტუმროებში გადაიყვანეს. სხვა ოჯახები კი ახლობლებთან ან ალტერნატიულ ფართობებში გადავიდნენ.
26 მაისის ქუჩაზე ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბინების მთავრობის ბალანსზე გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერიას 12 ოქტომბერს მიმართა.
მერიამ შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა და მას ხვალ, 14 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
განკარგულების პროექტზე თანდართული ჩამონათვალის თანახმად, მთავრობა მერიისგან ბინებს შარტავას, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩაზე ითხოვს – ჯამში 65 ბინას.
მთავრობაში განმარტეს, რომ ამ 65 ბინას მთავრობა სოციალური მიზნებისთვის საჭიროებისამებრ გადაანაწილებს. აქედან რამდენ ბინას გადასცემენ 26 მაისის ქუჩაზე დაზარალებულებს, დაზუსტებით ჯერ არ ვიცით.
როგორც დოკუმენტებშია მითითებული, მოთხოვნილი ბინების უმეტესობა გარემონტებულია, სამზარეულოსა და აბაზანის ნაწილის გარდა. ზოგი კი სრულად გარემონტებულია, ხოლო 3 ბინა არის გასარემონტებელი.
ბინები სხვადასხვა ფართობისაა, მათ შორის რამდენიმე არის ტერასით, 125 კვ.მეტრია ყველაზე დიდი ფართობის ბინა, რომელსაც მთავრობა სოციალური მიზნებისთვის ითხოვს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში ჯამში 54 მესაკუთრე ფიქსირდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განახლებული ამონაწერი მოითხოვა.მთავრობა ამ გზით ცდილობს დაადგინოს ზუსტად რამდენი მესაკუთრე ცხოვრობდა 26 მაისის #13-ში.
ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იცვლება ამ ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემა:
№8 სამარშრუტო ხაზი: ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, კომახიძის ქ, ჯავახიშვილის ქ.
უკუმიმართულება: ჯავახიშვილის ქ, კომახიძის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ.
№9 სამარშრუტო ხაზი: (უკუმიმართულება) – ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ. კომახიძის ქ, გრიბოედოვის ქ.
№11 (უკუმიმართულება): ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, შარტავას ქ, ბაგრატიონის ქ.
№13 სამარშრუტო ხაზი: ორბელიანის ქ (ბათუმის ავტოტრანსპორტი), ლერმონტოვის ქ, კომახიძის ქ, ოძელაშვილის ქ, ბაგრატიონის ქ.
№14 სამარშრუტო ხაზი:№14 სამარშრუტო ხაზი: ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, კომახიძის ქ, ჯავახიშვილის ქ.
უკუმიმართულება: ჯავახიშვილის ქ, კომახიძის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ს. ხიმშიაშვილის ქ.
თუკი საცხოვრებელ კორპუსში ბინები გადააკეთეს, კედლები დაშალეს, კორპუსს რამე დააშენეს ან მიაშენეს, ვინ შეამოწმებს და რა ფასად? – ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად ისმის ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ.
„ბათუმელებმა“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იკითხა: რა პირობებით არის შესაძლებელი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური შემოწმება და რა ფასად?
ექსპერტიზის ბიუროში განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ შემთხვევაში ექსპერტიზის წინაშე სწორად დაისვას კითხვა, რაზეც შემდეგ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
„ექსპერტიზის დანიშვნამდე, მოქალაქეს ადგილზე აქვს შესაძლებლობა უფასო კონსულტაცია გაიაროს დარგის მაღალკვალიფიციურ ექსპერტთან, რომელიც ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ყველა კითხვაზე და ასევე, დაეხმარება სასურველი კვლევის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სწორად ფორმულირებაში,“ – მოგვწერეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.
შენობის მდგრადობასა თუ სხვა ტექნიკურ პრობლემებზე ტარიფები მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული. ამ დადგენილებას ექსპერტიზის ბიუროს ვებგვერდზეც ნახავთ.
დადგენილების მიხედვით, მაგალითად, ვიზუალური დათვალიერებით ტექნიკური მდგომარეობის დადგენის ტარიფები ასეთია:
ამის შემდეგ ყოველ 5 ათას კუბურ მეტრზე მომსახურების საფასურს 200 ლარი დაემატება.
იმავე დადგენილების მიხედვით, კონსტრუქციაში ბზარების მონიტორინგი 100 ლარი ღირს [ერთი კონსტრუქცია], ხოლო შენობის ერთ ნაწილზე უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევის დადგენა 300 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ვადებს – ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ საინჟინრო ექსპერტიზას 30 სამუშაო დღე სჭირდება, თუმცა დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დაინიშნოს დაჩქარებული ექსპერტიზა, როცა დასკვნა 10 დღეში დაიდება. ამ შემთხვევაში დამკვეთი მომსახურების გაორმაგებულ საფასურს იხდის.
„ექსპერტიზის სრულფასოვნად ჩატარებისთვის აუცილებელია ექსპერტს მიეცეს შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლოს გამოსაკვლევი ობიექტი,“ – აღნიშნეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
______________
ფოტოზე: ბზარები გორგასლის 153 ნომერში მდებარე სახლის კედლებზე. ფოტო: FB
„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში
13 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ახლა უკვე თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.
გამოფენის მხარდამჭერია თიბისი. ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, საქართველოს ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია პომპეისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან მუზეუმში გაიმართა. თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა ძველი რომის დიდებული ქალაქის – ახ.წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულს ასახავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კედლის მხატვრობის ნიმუშები, სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.
პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.
სიმბოლურია, რომ პომპეის არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში პირველად ვანის განახლებულ მუზეუმში იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ანტიკური სამყაროს ისტორიას გასცნობოდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი ექსპონატების მაგალითზე.
აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენა იხილა.
პომპეის გამოფენის მხარდამჭერია: იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting”, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, „წინანდლის მამული”, VISA; საინფორმაციო მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.
გამოფენა დამთვალიერებელს 13 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე უმასპინძლებს.
„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – ამ მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება ბათუმში დაიწყო. ხელმოწერებს საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ აგროვებს.
„მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ემატება სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება. სასამართლო იქცა ივანიშვილის ნოტარიუსად, უსაფრთხოების სამსახური – საბჭოთა „კაგებედ“, პროკურატურა – მთავრობის დანამატად; გაბატონდა რუსული სტილის შერჩევითი სამართალი, განსხვავებული აზრის დევნა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ხელისუფლება ცდილობს თავის ნება-სურვილს დაუქვემდებაროს ამა თუ იმ პირის პოლიტიკაში ყოფნის საკითხი, რის ნათელი მაგალითიცაა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება აბსურდული ბრალდებებით. უკვე აღარც მალავენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,“ – წერია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეები ხელს აწერენ.
ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ბათუმში ხელი არ მოუწერიათ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
„ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ ხელი აიღოს უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესზე,“ – ამბობს კახა მიქელაძე, მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ ხელმძღვანელი ბათუმში.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ხვალ, 14 ოქტომბერს, გაიმართება თბილისში.
____________________________________
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.
რა ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ და რა კერძებს მიირთმევდნენ ბათუმში საუკუნის წინ? მოდით, მოვაწყოთ პატარა გასეირნება არც თუ ისე შორეულ წარსულში, გავისეირნოთ ჩვენი ქალაქის დუქნებში, რესტორნებსა და ლუდხანებში. გადავხედოთ მენიუს, რას გვთავაზობდნენ ბათუმური კაფეები.
მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლონდონში“, ამავე სახელწოდების პირველი კლასის სასტუმროსთან მდებარე რესტორანში, მიხაილოვისა და ოგლობჟინსკის ქუჩების კვეთაში. შევდივართ, ვსხდებით, ვუხმობთ ოფიციანტს და აი, ჩვენ წინაშეა სასტუმრო-რესტორნის -„ლონდონის“ მენიუ.
ყოველ დღე, დილის 9 საათიდან, აქ ცხელი საუზმე აქვთ: ღვეზელი 5 კაპიკი ღირს, სოსისი – 5-10 კაპიკი, თევზი ბერძნულად – 5-10 კაპიკი, აქვთ შემწვარი ძეხვი კომბოსტოს გარნირით და სხვა მრავალი კერძი.
ღია კაფე ლენინის, თანამედროვე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე
ახლა ყველაზე საინტერესო, ერთი სირჩა არაყი – 5 კაპიკი. ჭიქა ღვინო – 5 კაპიკი. ორი თავი კერძისაგან შემდგარი სადილი და სირჩა არაყი – 50 კაპიკი. სადილი სამი კერძისგან სირჩა არყით, ერთი ჭიქა ღვინით ან ფინჯანი ყავით – 75 კაპიკი ღირს.
მენიუში აღნიშნულია, რომ სამზარეულო გამოცდილი მზარეულის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს. ხელმისაწვდომი ფასების წყალობით რესტორანს კონკურენტების ჯიბრზე კლიენტურა არ აკლია. თუ ზედმეტი მოგივიდათ, თქვენთვის ეკიპაჟს გამოიძახებენ. რესტორნის მეპატრონე, ნ. სიხარულიძე სტუმრებს მუდამ ღიმილით ხვდება.
ბევრს შეიძლება ფასები მეტისმეტად დაბალი მოეჩვენოს, ან პირიქით, ამიტომ ჩვენი კულინარიული თავგადასავლის ბოლოს წარმოგიდგენთ ფასებს პროდუქტებზე და საშუალო ხელფასის ოდენობას მე-19-20 საუკუნეების ბათუმში.
ახლა კი „ლონდონიდან“ გამოვიდეთ და სანამ რაიმეს დამატებას გადავწყვეტდეთ, მეც მინდა დავამატო და გაგაცნოთ 1901 წლის სტატისტიკური მონაცემები ქალაქში კვების ობიექტების შესახებ, რომლებიც ალკოჰოლური სასმელებითაც ვაჭრობდნენ.
„ასეთ სავაჭრო დაწესებულებებს მიეკუთვნება: 34 სარდაფი, 5 ბუფეტი, 38 ღვინის სარდაფი, 10 კაფე-რესტორანი, ღვინისა და არყის 5 საბითუმო საწყობი, 14 დუქანი, 34 ტრაქტირი, 5 სასტუმრო-რესტორანი, 25 ლუდხანა, მთლიანად 170 სავაჭრო დაწესებულება. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის მოსახლეობა 28 ათასი ადამიანია, გამოდის, რომ ერთი დაწესებულება 165 ადამიანზე მოდიოდა“.
იმავე წყაროდან ვიღებთ შემდეგ ინფორმაციას: „ყველაზე მეტად თვალში გვხვდება მრავალრიცხოვანი ლუდხანა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ადგილობრივი ღვინო იაფი ღირს, ლუდს არ შეიძლება დიდი გასავალი ჰქონდეს. ერთი ბოთლი ლუდი 20 კაპიკი ღირს, ზოგან – 12-15 კაპიკი. საქმე იმაშია, რომ ლუდხანებში სულ სხვა სახის ვაჭრობა მიდის და ყოველ მათგანში 2-3, ან მეტი ქალი ჰყავთ“.
მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ლუდხანებს პატარა ბორდელებს ამსგავსებდნენ. ისე, როგორც ნებისმიერი საპორტო ქალაქი, ბათუმი მდიდარი იყო ამგვარი დაწესებულებებით. აბა, რომელი მეზღვაური არ მოინახულებდა ასეთ ადგილებს.
არ დავწვრილმანდები, ამჟამად ეს ჩვენი თემა არ არის, თუმცა შემიძლია საინტერესო დოკუმენტი მოვიყვანო ამ თემაზე.
მაგალითად, ბრიტანული ოკუპაციის წლებში ბათუმის ქუჩებში ინგლისურენოვანი განცხადება იყო გაკრული, რომელიც ინგლისელ ჯარისკაცებს აფრთხილებდა, მსგავს დაწესებულებებში სტუმრობისას არ დავიწყებოდათ უსაფრთხოების ზომების მიღება, დეზინფექცია და ბოლოს ურჩევდა, საერთოდ შეეკავებინათ თავი ამ ქალბატონებთან ურთიერთობისგან.
რას მიირთმევდნენ ბრიტანული ოკუპაციის წლებში? ამაზე ისტორია დუმს. ინგლისელებმა იცოდნენ მხიარულება. ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც კურორტზე. კაბარე, კაზინო და რესტორნები ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყო. ფულის დახარჯვას არ ერიდებოდნენ. კარგ ხელფასს იღებდნენ და ინგლისურ ფულზე ყველაფერი იაფი იყო. სვამდნენ ვისკის, ადგილობრივ ღვინოსა და კონიაკს.
კაფე ძველ ბათუმში
კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი – ვინ რით იყო დაკავებული ქალაქში 1882 წელს. შევარჩიე საქმიანობა, რომელიც ჩვენს თემასთანაა კავშირში. მაშ ასე:
„სასტუმროს მფლობელი – რვა, მათ შორის ორი ფრანგი, ორი რუსი, ორი ბერძენი და ორი სხვა, ყავახანების მფლობელი – 25, მათ შორის ცხრა სომეხი, ექვსი თურქი, ხუთი ბერძენი, სამი სპარსელი, ერთი ქართველი; საკვები ობიექტებისა და ტრაქტირების მფლობელები – 31, მათ შორის: ცხრა მეგრელი, შვიდი სომეხი, ექვსი იმერელი, სამი თურქი, სამი ბერძენი და ექვსი სხვა. საროსკიპო სახლის მფლობელი – ექვსი. მათ შორის ხუთი ქართველი და ერთი ებრაელი“.
ძალიან დავყოვნდით სასტუმრო „ლონდონის“ რესტორნის შესასვლელთან, ციტირება ბათუმის ცნობილი გზამკვლევიდან: „…ვიწვევთ მეარღნეს. აგვყავს ფაეტონი, ვსხდებით მეარღნესთან ერთად და შემოვივლით ქალაქს. გაჩერება ყველა დუქანთან. მედუქნეებს გამოაქვთ ღვინო და მწვანილი. არღნის ხმაზე ვსვამთ ღვინოს და მივაშურებთ მეორე დუქანს, სადაც იგივე პროცესი მეორდება“, – ასეთი სეირნობის შემდეგ არც თუ იშვიათად ისროდნენ რევოლვერიდან.
მოდი, დავუბრუნდეთ ისევ სასტუმრო „ლონდონის“ რესტორანს, საიდანაც დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. ახლა გეზი გვიჭირავს ღვინის სარდაფ „არარატისკენ“, შერემეტიევისა და ნურიეს მოედნის კუთხეში. აქ ერთი ბოთლი კახური ღვინის გასინჯვა 20 კაპიკად შეიძლება. თუ არ გეყოფათ, ბედო გალუსტოვი ღვინოს არა მხოლოდ ბოთლით, არამედ სათლითა და შლაპითაც კი შემოგთავაზებთ. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება ამ დაწესებულების რეკლამა გაზეთ „ჩერნომორსკი ვესტნიკში“.
სასტუმრო „ფრანცია“ ბათუმში,1880-იანი წლების დასაწყისში. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო
ოჰ, ეს რეკლამები… და ბატონებო, მობრძანდით, სასტუმრო „ფრანცია“! როგორ ჟღერს? მდებარეობა: მიხაილოვის ქუჩა. მკითხავთ, – ეს სად არის? არ გეტყვით, მაგრამ ტელეფონს კი მოგცემთ. დარეკეთ და იკითხეთ #33. ეს 1895 წლის ბათუმის სატელეფონო ხაზია. ვინც დარეკვა ვერ მოახერხა, სიტყვაზე უნდა მენდოთ, პირველი კლასის სასტუმროა, აქვს აბაზანა და რესტორანი, რომელიც საუკეთესო ევროპული და აზიური კერძებითაა ცნობილი. სტუმრებს კომისიონერი და თარჯიმანი ემსახურება.
სასტუმროს მფლობელი კახიანია. მისი ფირმის აბრა სასტუმროს შესასვლელშია. შენობა ინჟინერ-ტექნოლოგის, სასტუმროს მეორე მფლობელის, ბახმეტოვის მიერაა აგებული, რომელიც ბათუმის ციხის შენობის მფლობელიცაა. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ციხეშიც ეწვიოთ სტუმრად, მაგრამ თუ „ნომრებში“ გისოსებიანი ფანჯრები არ მოგეწონათ, აქეთ მობრძანდით – სასტუმრო „იმპერიალში“. აქ ყველაფერი უზადო, სუფთა და კომფორტულია, სასტუმროს ელექტრონული განათება, ბიბლიოთეკა, პიანინო, აბაზანა და საშხაპეც აქვს. სეზონური ევროპული და აზიური კერძები ზეითუნის ზეთზეა დამზადებული. ღვინოები უცხოურია, კახური და ადგილობრივიც. ლუდიც შეგიძლიათ მოითხოვოთ. სადილი 2-3 კერძით 60-80 კაპიკი ღირს. სასტუმროს მფლობელი არშაკ მუშაგოვია.
დავდივართ და კერძებს ვაგემოვნებთ, საინტერესოა, გვეყოფა თუ არა ფული ანგარიშის გასასწორებლად. დროა დავითვალოთ, ახლა უკვე ვიცით, ბათუმში სად რა ფასად შეგვიძლია მივირთვათ. როგორ გადავიხადოთ და რა დაგვიჯდება ეს მოგზაურობა? ჩავიხედოთ 1901 წლის გზამკვლევში:
პირველი სორტის თეთრი პური, 1 ფუნტი – 5 კაპიკი, საქონლის ხორცის ფილე, 1 ფუნტი – 25 კაპიკი, ათი ცალი კვერცხი – 20-30 კაპიკი, დიდი ქათამი – 80 კაპიკი – 1 მანეთი, სკუმბრია – 15 -20 კაპიკი, ყურძენი იზაბელა, 1 ფუნტი – 3-4 კაპიკი, რძე – 12-13 კაპიკი.
კომბოსტო, კარტოფილი და მწვანილი ძვირად ფასობს და გადამყიდველები ყიდიან.
ღარიბები დუქნებსა და სარდაფებში იკვებებიან, სადაც ჩვეულებრივ საკვები ცუდი ხარისხისაა და ძვირი. ერთი ულუფა ბორშჩი 10 კაპიკი ღირს, ქარხნის მუშები კი დღიურად 70 კაპიკიდან 2 მანეთამდე იღებდნენ, ოსტატი დღეში 5 მანეთს.
აი, ასე გავისეირნეთ. ახლა შეგვიძლია შევადაროთ, რა ღირდა და რა ღირს კულინარიული მოგზაურობა ბათუმში.
______________________
წიგნიდან „მოგზაურობა ძველ ბათუმში“
მთავარ ფოტოზე: ზაურ მარგიევი. მიხეილ ალშიბაიას ფოტო
სამშენებლო-სარემონტო მასალების უმსხვილესმა იმპორტიორმა და მწარმოებელმა კომპანია ნოვამ ბათუმში ახალი საწარმოო დანადგარების პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 80-მდე ევროპული სტანდარტის საწარმო დანადგარი, 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი და 30 ათასი კვ/მ ფართობის სასაწყობე ინფრასტრუქტურა დაეთვალიერებინათ. ღონისძიებას სააგენტოს – აწარმოე საქართველოში, EBRD-ის, თიბისი ბანკისა და ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მეგაცენტრ ნოვას 2006 წლიდან საქართველოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალები შემოაქვს. 2011 წელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება თავადაც დაიწყო. დღეს ის თუნუქის გადასახურ მასალას და გარე ფასადს, თაბაშირ-მუყაოსა და პოლიეთილენის პროდუქტებს აწარმოებს.
კომპანია ნოვამ სახელმწიფო პროგრამის – აწარმოე საქართველოში 5 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალი დანადგარებს შეძენა და წარმოების ევროპულ სტანდარტზე გადაყვანა შეძლო. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის – EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, წარმოების გასავითარებლად კომპანიაში 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში მან აწარმოე საქართველოსა და თიბისი ბანკისგან კიდევ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო.
ნოვა EBRD-ის ექსპერტებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და თითოეულ პროექტს მათთან კონსულტაციით ახორციელებს. მისი წარმოება ყოველწლიურად ფართოვდება, თანამშრომელთა რიცხვი კი 20-30%-ით იზრდება. დღეს კომპანიაში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ნოვას სტრატეგიული ამოცანაა ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტების წარმოების განვითარება, ქვეყანაში იმპორტის გაზრდა და ქართული ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა.
დღეს ნოვას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სამი უმსხვილესი მეგაცენტრი აქვს. იმპორტირებული და წარმოებული პროდუქტებით ამარაგებს მთელი რეგიონის მაღაზიებს. პროდუქტი გააქვს მეზობელ ქვეყნებშიც და უახლოეს მომავალში მათ გატანას ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის სმს პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხას დაეუფლა.
ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხას დაეუფლა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინკაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე“ – წერს შსს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook-ის გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.
გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამ ეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის სკოლებში 75 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე, დახურულია ერთი სკოლა.
ბათუმში ონლაინში სწავლობს 55 კლასი
ქობულეთში – 16 კლასი
ხელვაჩაურში – 1 კლასი
ქედაში – 2 კლასი
შუახევში – 1 კლასი.
საბავშვო ბაღები
დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში დაიხურა 4 საბავშვო ბაღი.
თითო ბაღი დაიხურა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში. ბაღების გარდა დაიხურა 16 ჯგუფი. აქედან 10 ჯგუფი ბათუმში, 4 – ქობულეთში და 1 ჯგუფი – ქედაში.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი დაუდასტურდა 171 ადამიანს, გარდაიცვალა სამი პირი.
ქვეყნის მასშტაბით კოვიდი დაუდასტურდა 4 838 ადამიანს.
13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4 837 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 49 386 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 26 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.52%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარაში – 171, იმერეთში – 1 028, ქვემო ქართლში – 257, შიდა ქართლში – 298, გურიაში – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 444, კახეთში – 889, მცხეთა-მთიანეთში – 80, სამცხე-ჯავახეთში – 96, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 52.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 30 256 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
13 ოქტომბერს სილქფესტი ოთხ ძალიან განსხვავებულ პაკეტს შესთავაზებს მომხმარებლებს.
კომბინაციით *202# სილქნეტის აბონენტები შეძლებენ მთელი თვით გაიაქტიურონ:
[checklist]
5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
8 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 8 ლარად
ულიმიტო სასაუბროს – 10 ლარად
ულიმიტო ინტერნეტს – 19 ლარად
[/checklist]
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ.
სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე. თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე 15 თეთრი;
თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. შენობის ჩამონგრევის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რომელზეც ამჟამად მუშაობენ. თუმცა ითქვა, რომ კორპუსის ჩამონგრევა მზიდი ანუ საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. რა ევალება როგორც ბინის მეპატრონეს, ასევე სამუშაოების შესრულებისთვის დაქირავებულ პერსონალს და რა შემთხვევაშია დაუშვებელი თვითნებური ცვლილება საცხოვრებელ სახლებში. ამ თემაზე „ბათუმელები“ არქიტექტორ გიორგი რამიშვილს ესაუბრა.
ბატონო გიორგი,ხშირად ადამიანები თვითნებურად ცვლიან სივრცეებს თავიანთ საცხოვრებელ ფართობში. რა შემთხვევაშია აუცილებელი სპეციალისტების შეფასება და რა შემთხვევაში შეუძლია მეპატრონეს არ გააკეთოს შეტყობინება სივრცის ცვლილებაზე?
კანონმდებლობაში ნათლად არის განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში არ სჭირდება მეპატრონეს ნებართვა. თუ მეპატრონე ატარებს მხოლოდ რემონტს, რაშიც იგულისხმება მოპირკეთება, შეკეთება, აღჭურვა და ასე შემდეგ, როცა არ იცვლება შენობა-ნაგებობების იერ-სახე და მზიდი კონსტრუქციები, ასეთ შემთხვევებში მეპატრონეს არ სჭირდება მერიისგან ნებართვა.
სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებართვის მიღება აუცილებელია. კერძოდ: თუ იგეგმება მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – ახლით შეცვლა ან სხვა ტიპის კონსტრუქციით ჩანაცვლება, თუ იგეგმება მწყობრიდან გამოსული, დაზიანებული მზიდის გამაგრება. მაგალითად, მზიდ კედელს ბზარიც რომ ჰქონდეს და ამ ბზარის გამაგრებაც რომ დაიწყოთ, გჭირდებათ ნებართვა.
ასევე გჭირდებათ ნებართვა, თუ აპირებთ შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გაჭრას. სულ მცირე ნახვრეტიც რომ გააკეთოთ მზიდ კონსტრუქციაში, ამასაც კი ნებართვა სჭირდება.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ცვლილების შემთხვევაში – ბინის, ფართობის მეპატრონეს, თუ იმ პირს, ვინც უშუალოდ ატარებს ასეთ სამუშაოებს?
პასუხისმგებლობა ეკისრება, პირველ რიგში, მენაშენეს და იმ პირებსაც, ვინც სამუშაოებშია ჩართული. მენაშენის პასუხისმგებლობაა სწორად შეარჩიოს სპეციალისტი და სამუშაოების დაწყებამდე შეაფასებინოს მდგომარეობა.
საბჭოთა პერიოდში განსხვავებული მიდგომები იყო, მაშინ ყველაფრის მეპატრონე სახელმწიფო იყო და პასუხისმგებლობაც მასზე მოდიოდა. შემდეგ, როცა შეიცვალა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაცია, სახელმწიფომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ამ პასუხისმგებლობის ჩამოხსნა.
მოვედით დღემდე, როდესაც მენაშენე ანუ დამკვეთი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ თვითონ შეარჩიოს შემსრულებელი სწორად. იქნება ეს არქიტექტორი, კონსტრუქტორი თუ სხვა. ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს შემსრულებელთან ერთად.
ეს პასუხისმგებლობა ყველა მეპატრონეს უნდა ჰქონდეს გააზრებული. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თვითონ აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებაზე. არა მარტო მეპატრონემ, იმანაც, ვინც პუშკინის ქუჩაზე დგას და იძახის, რომ ყველაფერი იცის და ანაზღაურების გამო ყველანაირ სამუშაოზე თანხმდება დამკვეთს.
ამაზეც მინდოდა მეკითხა, მუშახელს იმავე დოზით ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც მეპატრონეს?
სამუშაოზე და შედეგზეც პასუხს აგებს მენაშენე, მესაკუთრე იმ ფართობის, ვინც მოიყვანა ეს მუშები და ის მუშაც, რომელმაც შეასრულა ესა თუ ის სამუშაო.
ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი მექანიზმების შექმნას, რომელსაც არ ქმნის. არამარტო ასეთ დონეზე, არამედ არქიტექტურის დონეზეც კი.
2018 წელს, როდესაც მიიღეს სამშენებლო კოდექსი, ითქვა, რომ 2022 წლისთვის შეიმუშავებდნენ არქიტექტორების ლიცენზირების მექანიზმს, რაც ამ დრომდე არ არის.
არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს უნდა მოეთხოვებოდეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ეს დოკუმენტი ვინ უნდა გასცეს, სახელმწიფომ თუ ნახევრად საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, როგორც გერმანიაშია მაგალითად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. შეგნებულად თუ შეუგნებლად, სახელმწიფოს ეს პროცესი არ მიჰყავს ბოლომდე.
მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ელექტრონული ნაწილიც კი ბარდებოდა, რადგან ხანძარი იყო გახშირებული. შემთხვევიდან გამომდინარე სახელმწიფო აკეთებდა ანალიზს და ცვლიდა წესებს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. არც ერთ ჩვენს ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია.
ის კანონებიც კი, რომლებიც გვაქვს, ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ნაწილი ევროპულია, ნაწილი ამერიკული და სერიოზული არეულობაა მასში.
თქვენ ამბობთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მეპატრონეს, რადგან ის არის ვალდებული სამუშაოები ჩაატაროს კვალიფიციური სპეციალისტების მითითებით. თუ მეპატრონეს არ აქვს საკმარისი პასუხისმგებლობა, როგორ უნდა დაიცვას თავი მეზობელმა ხიფათისგან, ან ისეთი ტრაგედიისგან, რაც ვნახეთ ბათუმში?
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ მომწიფდა ისე, რომ შექმნას თანამედროვე ადეკვატური სტრუქტურა. მაგალითად, კონსულტაციების ინსტიტუტი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს სპეციალისტებთან კონსულტაციაში.
თუ მე მინდა, რომ პირველ სართულზე გავაკეთო რაღაც, წესით, უნდა გავარკვიო, მჭირდება თუ არა ამ სამუშაოსთვის ნებართვა. თუმცა, თუ ამ სამუშაოებს ნებართვა არ სჭირდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მქონდეს საშემსრულებლო დოკუმენტაცია. გამართული დოკუმენტაცია ყველა ვარიანტში უნდა ჰქონდეს სამუშაოების მწარმოებელს.
რა იგულისხმება დოკუმენტაციაში?
უნდა ჰქონდეს ნახაზი წარმოდგენილი, თუ რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს კონკრეტულ სიტუაციაში. რისი შეცვლა შეიძლება და რისი – არა. ასე ხელაღებით, რომ ხელი არ მოკიდო მზიდ კედელს, ეგეთი აკრძალვაც არ არის. უბრალოდ, თუ მზიდ კედელს ანაცვლებთ სხვა რამით, ან ღიობს აკეთებთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ შესაბამისი პროექტი, რომ არ მოხდეს კატასტროფა.
ამბობთ, რომ შეიძლება შეიცვალოს მზიდი კედელიც, რა შემთხვევაში და როგორ?
რა თქმა უნდა, შეიძლება. ბათუმში არსებობს ისეთი სახლები, სადაც გაკეთებულია მსგავსი ჩარევები, მაგრამ ეს უნდა გააკეთო ტექნიკურად სწორად, გააზრებულად, გონივრულად. პროექტი უნდა გააკეთო შესაბამისი გათვლებით, ბევრნაირი ხერხი არსებობს ამის. სახლები გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ისეთი ტექნოლოგიებია დღეს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ოღონდ შესაბამისი კვალიფიკაციით. ამას სჭირდება სწორი საინჟინრო გადაწყვეტა. ხელაღებით და უპასუხისმგებლოდ არაფერი არ შეიძლება. ეს უნდა იყოს დეტალებამდე გააზრებული.
ამას ყველაფერს სჭირდება არა მარტო გონივრულად მომზადებული, არამედ მეტ-ნაკლებად მატერიალურად უზრუნველყოფილი საზოგადოებაც, რადგან ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს ამ დარგშიც სიღარიბის გამო. სწორედ ამიტომ ქირაობენ არაკვალიფიციურ ადამიანებს მუშებად, თუმცა სიღარიბე არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
თქვენი აზრით, რა მოხდა 26 მაისი ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევისას?
ექსპერტიზა დაადგენს, რა თქმა უნდა მაგას, მაგრამ ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მზიდი კედლების მოშლა. მე ვიცნობ მაგ შენობის სქემას და ერთი მზიდი კედლის მოშლაც საკმარისი იქნებოდა მანდ, რომ ჩამოშლილიყო შენობა – ეგრეთ წოდებული სინკარებია ორივე მხრიდან ჩამოდებული. შეიძლება ბევრი სხვა ფაქტორიც დაერთო, ეგ არავინ იცის, მაგრამ მხოლოდ იმ კედლის გამოღება იქნება სრულიად საკმარისი თან პირველ სართულზე, რომელსაც ზედა 7 სართულის წონა ადევს.
როცა ცვლილებებს ვგეგმავთ ე.წ. სინკარული ტიპის სახლში რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად?
თუ მეპატრონე გონიერია, სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა აჩვენოს ნახაზი კონსტრუქტორს და არქიტექტორს. კონსტრუქტორი ეტყვის, რამდენად სანდოა, მდგრადი და საიმედოა შენობა კონკრეტული ცვლილებისთვის. შეიძლება კვლევაც დასჭირდეს. ამ ორი სპეციალისტის კონსულტაცია მსგავსი ცვლილებების დროს აუცილებელია.
როგორც ვიცით, საცხოვრებელ კორპუსებში არსებობს „ამხანაგობები“. როცა რაიმე სერიოზული ცვლილება იგეგმება კორპუსში, მით უმეტეს, პირველ სართულზე, არ უნდა იცოდეს „ამხანაგობის“ თავმჯდომარემ?
თუ ადამიანი აკეთებს სარემონტო სამუშაოებს და არ ეხება მზიდ კონსტრუქციებს, არც „ამხანაგობას“ არ უთანხმდება, მაგრამ სადაც საჭიროა ნებართვა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია „ამხანაგობასაც“.
როგორ ფიქრობთ, ჩამონგრეული კორპუსის „ამხანაგობას“ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია რა კეთდებოდა პირველ სართულზე?
დეტალები არ ვიცი, მაგრამ მეპატრონეს ხომ უნდა ეთქვა ვინმესთვის, რას აკეთებდა. მზიდ კედელში ნახვრეტიც რომ გააკეთო, ეს უკვე ნიშნავს შესაბამისი პროცედურების დაწყებას. ასეთი საკითხის შეთანხმება „ამხანაგობასთან“ აუცილებელია.
ხშირია შემთხვევა, როცა შენობა დასრულდება, შემდეგ იწყება სართულების დამატება. რამდენად დასაშვებია ეს, არ უქმნის დაშენებები შენობის მდგრადობას საფრთხეს?
ეს არის შესწავლის საგანი. დაშენების შემთხვევაში უნდა გაშიშვლდეს შენობის ფუნდამენტი ორივე მხრიდან, გეოლოგიურად უნდა მოხდეს შესწავლა, რადგან ყველაფერი ითვლება რეზერვით. არის შემთხვევები, როცა შეიძლება დაშენება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სპეციალისტი ამბობს, რომ მცირე რეზერვი აქვს შენობას, ამიტომ დააშენე ხის კონსტრუქცია ან სპეციალისტი გეტყვის, რომ ზღვარზეა რეზერვი და არ შეიძლება დაშენება.
მაგალითად, პირველი აფთიაქი ერთსართულიანი იყო, მაგრამ დაემატა ოთხი სართული. ძველი ბათუმი მასეა სულ დაშენებული. ამას სჭირდება კვალიფიციური საინჟინრო გადაწყვეტა, შემდეგ კი კარგ პროექტს კარგი შესრულება და ეს ცალკე თემაა.
გარდა იმისა, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, საზოგადოებას არც იმაზე აქვს პასუხი, რას აშენებს ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმში, გოგოლის #11ბ-ში, „მეტროს“ ავტოსადგურის მიმდებარედ? – ამ კითხვაზე პასუხი ვერც მშენებელი კომპანიისგან და ვერც სამთავრობო სტრუქტურებისგან ვერ მივიღეთ. ამ კითხვებს უკვე ერთი თვეა ვსვამთ,ყველა პასუხისმგებელი პირი კი ჯიუტად დუმს.
ბათუმის საკრებულოს 16 სექტემბრის სხდომაზე, სადაც უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს, მერიის ქალაქმშენებლობის და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა განაცხადა, რომ გოგოლის #11-ში მშენებელს პროექტის პირველი ეტაპი მერიასთან შეთანხმებული ჰქონდა. მან არ დააკონკრეტა, რა მასშტაბის და რა ფუნქციური დატვირთვის მქონე პროექტი შეათანხმა კომპანიამ ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს.
მოგვიანებით ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გვითხრა: „ჩვენ ვიცით რას აშენებს“. კითხვაზე რას აშენებს? – არც მან გვიპასუხა და გვირჩია ინფორმაცია ოფიციალურად გამოგვეთხოვა.
ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ 27 სექტემბერს გამოითხოვა, მერიამ პასუხის გაცემას ზუსტად ათი სამუშაო დღე მოანდომა.
ქალაქში დაწყებული მასშტაბური, მაგრამ უკანონო მშენებლობის ირგვლივ ინფორმაციის გასაიდუმლოებამ მშენებლობის მიზნებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია წარმოშვა. ერთი ვერსიით, მშენებლობა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ მშენებლობას ვერც საზოგადოების პროტესტმა შეუშალა ხელი და ვერც გაფრთხილებამ. ამბობენ იმასაც, რომ აქ ტექნოლოგიური ბაზა უნდა მოეწყოს, რომელიც იმუშავებს ბიტკოინების გამომუშავებაზე. არც იმას გამორიცხავენ, რომ ონლაინკაზინოებისთვის აწყობენ ტექნიკურ ბაზებს.
რას ითვალისწინებდა პროექტის პირველი ეტაპი დოკუმენტების მიხედვით
მერიაში წარდგენილი დოკუმენტებით, „მეტროს“ ავტოსადგურის გვერდით კომპანია შპს „მეტრო მოლ ოფ აჭარა“ ახალი ავტოსადგურის მოწყობას გეგმავს, ღია და დახურული პარკირებითა და გადაზიდვების სასაწყობე ფართობებით.
რეალურად კი, ამ ტერიტორიაზე ყაზარმული ტიპის მაღლივი 9 კორპუსის მშენებლობა სწრაფი ტემპით გრძელდება.
რენდერის კონსტრუქციის მიხედვით შენობები უნდა იყოს მონოლითური. დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის, ავტოსადგომისა და სასაწყობე ნაგებობების პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე დასკვნა შპს „მეტრო მეფმა“ მოამზადა, პროექტის გეოლოგიურ ნაწილზე კი მერიაში წარდგენილია ექსპერტ თეიმურაზ ქიქავას საექსპერტო დასკვნა
მიმდინარე მშენებლობა მერიაში შესული პროექტის პარამეტრებს არ ემთხვევა, არც შენობების რაოდენობით და არ მასშტაბის მიხედვით.
დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსებულიყო ხუთი ძირითადი და 2 დამხმარე ნაგებობა, დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელიც გადაუხდია.
15 სექტემბრის შემდეგ, როცა უკანონო, ყაზარმული ტიპის კორპუსების შენების შესახებ ინფორმაცია პირველად გასაჯაროვდა, რამდენიმე კორპუსს უკვე 3-3 სართული დაემატა. გარდა ამისა, ორი ახალი კორპუსის მშენებლობაც დაიწყეს. კომპანიას 5 კორპუსის მშენებლობის შეთანხმებაზე ჰქონდა მიმართული მერიის შესაბამისი სამსახურისთვის, თუმცა ნებართვა არ მიუღია. შემდეგ შვიდი ააშენა, დამატებით აშენებს კიდევ ორ კორპუსს.
მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანია „მეტრო მოლ ოფ აჭარა“ ახალი სადგურისა და სასაწყობე ფართობების მშენებლობას გოგოლის 11ბ-ში მდებარე 95 548 კვ.მ-ზე გეგმავს. რა ბედი ელის არსებულ სადგურს, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.
დღეის მდგომარეობით, ავტოსადგურის ტერიტორია თუნუქის ღობით არის შეღობილი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. „მეტროს“ ავტობუსებს კი უკვე „ბათუმი ცენტრალიდან“ გადაჰყავთ მგზავრები – ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში უთხრეს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ესმა ზანდარაძე და თურქეთის მოქალაქე ქუმსალ ათანი ხელმძღვანელობენ. იგივე პირები არიან „მეტრო ტერმინალის“ ხელმძღვანელებიც. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის გოგოლის #11-ში 50197.00 კვ.მ ტერიტორია, სადაც 2021 წლიდან „მეტროს“ ავტოსადგური მუშაობდა. „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ მიწის ნაკვეთი სწორედ ავტოსადგურის გაგრძელებაზეა.
ვის უნდა მივმართოთ, თუ ჩვენს სიახლოვეს ვინმე უკანონოდ აშენებს სახლს/კორპუსს? რა უნდა ვქნათ, როცა მეზობელი კორპუსზე ან სახურავზე ვერანდას ან დამატებით სართულს დგამს. რამდენად მოქნილია პროცედურები მას შემდეგ, რაც მოქალაქე უკანონო მშენებლობის შესახებ ატყობინებს შესაბამის ორგანოებს? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ესაუბრა.
რა უნდა ქნას მოქალაქემ, როცა მის კორპუსზე დამატებით სართულებს აშენებენ უკანონოდ ან, ვთქვათ, რომელიმე მეზობელმა ვერანდა გასწია წინ და სახიფათოდაა კორპუსის ფასადზე გამოშვერილი?
მოქალაქემ, პირველ რიგში, მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს უნდა მიმართოს. [ნომერზე: 0800 00 08 10] მერე უკვე ამ ინსპექციამ უნდა დაადგინოს, უკანონოა თუ არა ეს მშენებლობა.
თუ მშენებლობა უკანონოა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა.
რეაგირება ნიშნავს იმას, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები – უნდა დააჯარიმოს კანონდამრღვევი.
თუ მიმდინარეა მშენებლობა, მშენებლობის შესაჩერებლად და დემონტაჟისთვის აქტი უნდა გამოიცეს.
უკანონო მშენებლობებისას, იქნება ეს სართულის დაშენება, აივნის მიშენება თუ სხვა რამ, ყველა შემთხვევაში მოქალაქეებმა მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს უნდა მიმართონ.
პროცედურა როგორია მას შემდეგ, რაც მოქალაქე მუნიციპალურ ინსპექციას მიმართავს სავარაუდო უკანონო მშენებლობის შესახებ?
დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მუნიციპალურმა ინსპექციამ, როგორც გითხარით. როცა შევა შეტყობინება ინსპექციაში, ეს შეტყობინება დაეწერება მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს. სწორედ ის არის ვალდებული იმოქმედოს შესაბამისად, კერძოდ: ინსპექციამ უნდა გადაამოწმოს, აქვს თუ არა მშენებლობის ნებართვა პირს, ან უნდა შეამოწმოს გასაჩივრებულია თუ არა გადაწყვეტილება და ხომ არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ამ მშენებლობაზე/მიშენება/დაშენებაზე.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი/თანამშრომლები ადგილზე ამოწმებს დოკუმენტებს – აქვს თუ არა მშენებლობის ნებართვა და მერე იწყებს თავად ადმინისტრაციულ წარმოებას.
როცა მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინება შედის უკანონო მშენებლობაზე, მას უფლება არ აქვს, არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ეს სამსახურებრივი გულგრილობა იქნება და დანაშაულის ნიშნების შემცველია. მუნიციპალურ ინსპექციას კანონისმიერი ვალდებულება აქვს.
მხოლოდ მუნიციპალურ ინსპექციას უნდა მიმართოს მოქალაქემ უკანონო მშენებლობის ფაქტი რომ დააფიქსიროს, თუ პოლიციაშიც უნდა დარეკოს? ან იქნებ მერიისთვის მიმართვა აღმოჩნდეს უფრო ეფექტური, ვთქვათ, მომზადდეს არა ერთი ადამიანის, არამედ ამხანაგობის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება…
დიახ, ამხანაგობას შეუძლია ერთობლივი განცხადების დაწერა. რაც შეეხება პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო არაკომპეტენტურია ამ საკითხში – ვერ შეამოწმებს ამა თუ იმ მშენებლობას, კომპეტენცია არ აქვს საამისოდ შს სამინისტროს.
ვერ შეამოწმებს ასევე მშენებლობის ნებართვის არსებობა – არარსებობას, რადგან სამშენებლო ნებართვებს გასცემს მუნიციპალიტეტის მერია, ვერც სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს პოლიცია. ასე, რომ უკანონო მშენებლობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს.
როცა მოქალაქე ხედავს, რომ კორპუსზე ბზარებია, კედლები დეფორმირებული და აქვს შიში ასეთ სახლში ცხოვრების, არსებობს თუ არა რაიმე სამსახური, ვთქვათ, მშენებელ-ინსტრუქტორების, რომელსაც კორპუსის ავარიულობის ხარისხის დადგენა შეუძლია?
საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი. მოქალაქეებს შეუძლიათ მერიასაც მიმართონ ამ შემთხვევაში. მერიის შესაბამისი სამსახური გავა, წესით, და შეამოწმებს, ნამდვილად ავარიულია თუ არა შენობა, თუმცა ამის შემდეგ მერია ვეღარ იმოქმედებს – კერძო საკუთრებას ეხება საქმე და ძალიან რთულია მერიის სამსახურის დავალდებულება, რომ შევიდეს ვინმეს კერძო საკუთრებაში.
მას შემდეგ, რაც მოქალაქე მიმართავს მუნიციპალურ ინსპექციას, ცხადად ჩანს, რომ მოქნილი არ არის შემდგომი პროცედურები. ასევე მოქალაქეები პირად საუბრებში ხშირად აღნიშნავენ, რომ მუნიციპალურ ინსპექციას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენს ორგანიზაციასაც მომართავენ მოქალაქეები და გვეკითხებიან, ვის უნდა მიმართონ უკანონო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში. ვამისამართებთ მუნიციპალურ ინსპექციაში და მერე ისევ პრეტენზიით რეკავენ, რომ არავინ მისულა რამდენიმე დღის განმავლობაში, ამასობაში კი დაასრულა უკვე ვიღაცამ მშენებლობა/მიშენება/დაშენება და ა.შ.
ეს ფაქტები მოწმობს, რომ პროცედურა პრობლემურია. თუ მყისიერი და ეფექტური რეაგირება არ იქნება, შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. შეიძლება ერთ დღეშიც დაშალოს შენობის კონსტრუქცია ვინმემ და იგივენაირი ტრაგედია მოხდეს, რაც 8 ოქტომბერს მოხდა ბათუმში.
მართალია, არ არის ადვილი მუნიციპალური ინსპექციისთვის ყველა შესული შეტყობინების ეფექტურად დამუშავება. ვიცით, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ ძალიან ბევრი შეტყობინება შედის უკვე მუნიციპალურ ინსპექციაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა. არ იქნება ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი და უმთავრესი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, რაზეც სახელმწიფოა პასუხისმგებელი.
სწორედ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოქნილი იყოს მექანიზმი და გადაულახავი ბარიერები არ ჰქონდეს პროცესს. უნდა მოახერხოს სახელმწიფომ დარღვევაზე შეტყობინების შესვლისას მყისიერი რეაგირება. ვიმეორებ, რომ ეს დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, მაგრამ ეს აუცილებელია.
ვხედავთ, რომ უკანონო მშენებლობას სახელმწიფო ხშირად არ იმჩნევს. ახლახან ბათუმში 9 უკანონო კორპუსი ააშენეს, მერიამ ამის შესახებ იცის და არაფერს აკეთებს. რა შემთხვევაშია აუცილებელი უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და რა დროს არის მხოლოდ ჯარიმა განსაზღვრული?
უკანონო მშენებლობა ნებისმიერ შემთხვევაში დემონტაჟს ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებართვას აიღებს, საკანონმდებლო რეგულაციებში მოაქცევს პირი მშენებლობას.
უკანონო მშენებლობისას ჯარიმა არ ათავისუფლებს პირს. აუცილებელია ასეთი მშენებლობის დემონტაჟი.
უბრალოდ პრობლემურია ის გარემოება, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერავის აუკრძალავ და პირს შეუძლია დაჯარიმება და დემონტაჟი გაასაჩივროს სასამართლოში.
შესაძლოა მხარემ მოითხოვოს აქტის მოქმედების შეჩერება და სასამართლომ შეიძლება მართლაც შეაჩეროს აქტის მოქმედება.
ამის შემდეგ მუნიციპალური ინსპექცია ვერაფერს გახდება, რეაგირება იქნება შეუძლებელი.
ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან ხვალ, 08:00 საათამდე ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ქსელის რა მონაკვეთშია და რამ გამოიწვია ავარიული დაზიანება.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის მიწოდება მთლიანობაში 69 ქუჩას შეუწყდება.
თვითმხილველის თქმით, ქალმა ავტოავარიის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Covid19-ის ვაქცინის ბუსტერ დოზებით აცრა სამედიცინო დაწესებულებებში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. ბუსტერ დოზით აცრა უნდა მოხდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან.
ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ ის დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას კორონა ვირუსით დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის არიან:
50 წლის და უფროსი ასაკის პირები
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრები 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათი მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად)
სამედიცინო პერსონალი
16-დან 49 წლის ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულმა პირებმა ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დროს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა.
რაც შეეხება მეორე პირს, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობისთვის განიხილება სპეციალური წამახალისებელი ღონისძიებები.
კონკრეტულად რა სახის წახალისებაზეა საუბარი, არ სახელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სოფლის ექიმებისგან განსხვავებით, ამ ჯგუფისთვის გათვალისწინებულია არამონეტარული ანუ არაფულადი სახის წახალისება, „რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული”, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, მომავალი კვირიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იწყებს ინტენსიურ აცრებს 50-მდე დიდ სოფელში. „ხვალ გავდივართ შიდა ქართლის 4 დიდ სოფელში, 15, 16-ში ვიწყებთ შიდა და ქვემო ქართლიდან, სადღაც 13 სოფელია წინასწარ შერჩეული. ორშაბათიდან გვინდა მობილური ბრიგადებითა და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები”.
“გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს აცრებთან მიმართებაში და დღეს განხილული იქნა რამდენიმე საკითხი საბჭოზე. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით ამ საკითხების შესახებ, ანუ მეტი ინცენტივები [წამახალისებელი ფაქტორი – ავტ] იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სოფლის მოსახლეობაში აიცრებიან, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა, იმიტომ, რომ გაანალიზებული მასალების საფუძველზე, ინფიცირების მაჩვენებელი 2-ჯერ აცრილებში გვაქვს დაახლოებით 9-ჯერ ნაკლები, ვიდრე არავაქცინირებულებში, 2-ჯერ აცრილებში აცრას 95%-იანი დაცვა აქვს ჰოსპიტალიზაციის ნაწილში და სიკვდილიანობაში 27-ჯერადი დაცვა”.
კოვიდით ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი – 4775 შემთხვევა ბოლო 10 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა და რომ გარკვეული მოკვლევა სჭირდება.
მინისტრის მოადგილემ აქვე აღნიშნა, რომ მეხუთე ტალღაზე საუბარი ადრეა, რადგან ჯერ კვლავ მეოთხე ტალღიდან არ ვართ გამოსული. „ახლა ჩვენთვის მთავარია აქტიური მართვა ამ მერყეობის… ეს უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და, რაც მთავარია, გააქტიურდეს მაქსიმალურად ისევ ვაქცინაციის პროცესი”, – თქვა მან.
„დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ამას შევისწავლით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო. თუმცა უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი, თუნდაც სამშაბათის ციფრების დაგროვებიდან გამომდინარეც კი, მაინც მაღალი მატებაა. ამას, რა თქმა უნდა, დამატებით მოკვლევა მოჰყვება.
საერთოდ, ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2000-3000-ზე მერყეობს მაჩვენებელი. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს”, – ამბობს გაბუნია.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლების აქტივობას არ შეეშალოს ხელი. საამისოდ კი აუცილებელია არსებული პროტოკოლი შესრულდეს ზედმიწევნით, რადგან საჯარო სკოლების 2.2%-ს უკვე მოუწია ონლაინრეჟიმზე გადასვლა:
„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს, სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ინფიცირება. იყო რამდენიმე შემთხვევა, საჯარო სკოლების საერთო რაოდენობაში დაახლოებით 2.2%, რომელთაც მოუხდათ ონლაინრეჟიმზე გადასვლა. მაქსიმალური აქტივობით და ყურადღებით მოხდება იმ შემთხვევების დროული გამოვლენა და მართვა, რაც შეიძლება ჩვენ სასკოლო გარემოში გვქონდეს, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს”.
ვაზისა და მისგან ღვინის დამზადების ისტორია ჯერ კიდევ ნეოლითური ხანიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში ამ უძველესი სასმლის დაყენების უამრავი მეთოდი და ტექნოლოგია შეიქმნა და დაიხვეწა. ეს მეთოდები იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ჯიშის ყურძნისგან და რა სახეობის ღვინის დამზადება გვსურს. თუმცა, მათ ისიც განსაზღვრავს, თუ რა ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გვაძლევდა და გვაძლევს ესა თუ ის ეპოქა.
ყურძნისდაწურვისმეთოდი
ძველად ყურძენს მეტწილად საწნახელში ფეხით ან ხელით სრესდნენ და მის წვენს ჭურჭელში ამ გზით აგროვებდნენ. გამოწნეხის პროცესი საქართველოში ტრადიციულად ქვითკირის, ხის მორისგან ან ფიცრებისგან დამზადებულ საწნახელში ხდებოდა. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად კი ადამიანებმა შექმნეს სპეციალური დანადგარები, რომლებმაც ყურძნის დაჭყლეტისა და გამოწნეხის პროცესი მექანიკური გახადა და შეამსუბუქა. ამგვარი საჭყლეტების მეშვეობით, ყურძნის წვენის დანაკარგიც მინიმალურია.
ისინი მუდმივად იხვეწება, იქმნება სხვადასხვა ზომის, მასალის და ფუნქციის დანადგარები. ამიტომ, დღეს ყურძენს ძირითადად სპეციალური მექანიკური ან ელექტრო საჭყლეტით წურავენ.
ამგვარი ინვენტარის შეძენა მეგაცენტრ ნოვაში შეგეძლებათ. მათ გამოყენებას კი მაშინაც შეძლებთ, თუ მოყვარული ან სულაც დამწყები მეღვინე ხართ. ნოვაში შეიძენთ ყურძნის მექანიკურ და ელექტრო ძრავიან საწურსაც. თუმცა, თუ მაინც ძველი მეთოდის მოსინჯვას არჩევთ, აქ მცირე ზომის, მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებულ პოლიეთილენის საწნახელსაც იპოვით.
შაქრიანობისგანსაზღვრაყურძენში
ყურძენში შაქრიანობის გაზომვა მეღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურაა. ის იზომება ყურძნის დაკრეფამდეც და ღვინის დაყენების პროცესშიც. სწორედ მის შემცველობაზეა დამოკიდებული – მოვიდა თუ არა ნაყოფის კრეფის დრო, რამდენად ალკოჰოლიანი იქნება სასმელი და რა გემო ექნება მას. შესაბამისად, შაქრის შემცველობას განსაზღვრავენ და აკონტროლებენ იმის მიხედვით, თუ რა სახეობის და გემოს ღვინის მიღება სურთ.
ძველად მეღვინე ყურძნის წვენსა თუ ღვინოში შაქრიანობის შემცველობის გასაგებად თავის ცოდნას, გამოცდილებას, დაკვირვებებს და, რაც მთავარია, მის პირის გემოს ეყრდნობოდა. დღეს კი შაქრიანობის სპეციალურმა საზომებმა ეს პროცესი არა მარტო გაამარტივა, არამედ ზუსტი მონაცემების მიღების შესაძლებლობაც მოგვცა.
რეფრექტომეტრის – ყურძნის წვენის შაქრიანობის საზომის შეძენაც ნოვაშია შესაძლებელი: https://nova.ge/. ამ მოწყობილობის დახმარებით ზუსტად მიხვდებით დადგა თუ არა რთველისთვის მზადების დრო.
რთველინოვაში
ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება უძველესი პერიოდიდან ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა იყო. ცხადია, კარგი ღვინის დაყენებასაც დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. თუმცა, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს თავადაც ეზიაროს ამ ხელოვნებას. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ და თუ ღვინის დასაყენებლად საჭირო ინვენტარის შეძენა ან განახლება გსურთ, მაშინ მეგაცენტრ ნოვაში სტუმრობას გირჩევთ. აქ ღვინის საწურის, საწნახელისა და შაქრიანობის საზომის გარდა, სასმლის დასაყენებლად თუ შესანახად საჭირო სხვა ინვენტარსაც იპოვით. ნოვაში მიაგნებთ ღვინის გასაფილტრ, ბოთლში ჩამოსასხმელ მოწყობილობებსა თუ პნევმატურ რეზურვუარებს. მის გადასატანად თუ შესანახად კი კომპანიის მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან დამზადებული პოლიეთილენის ავზები გამოგადგებათ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, დღეს, 12 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა მუნიციპალიტეტების დონეზე სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზე ფიქრობს.
„ეს ფაქტი არის დამაფიქრებელი. თუმცა ესა თუ ის ადამიანი რას გააკეთებს თავის სარდაფში, ვერ გავიგებთ, თუ არ შეატყობინებს ის შესაბამის სტრუქტურებს. ამიტომ თითოეულ ადამიანს მართებს წინდახედულება და პასუხისმგებლობა და ეს ყველასთვის არის გაკვეთილი, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ იმაზე მუშაობა, რომ გავაფართოვოთ მუნიციპალური სამსახურების, მაგალითად, მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებები, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე. მოქალაქეებმაც უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მეზობლების უსაფრთხოებაზე და ჩვენ შესაბამის ცვლილებს განვახორციელებთ“, – ამბობს თურნავა.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა, 9 მათგანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, მზიდი კედელი დაზიანდა და შენობა ჩამოიშალა. ამ დროისთვის დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.
დღეს, 12 ოქტომბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სახელმწიფოს მიმართ იჯარის და ქირის დავალიანება ეპატიებათ.
„პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის უფლებით ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული და ვისაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს, 2020 წლის 21 მაისიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, ასეთ სუბიექტებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი. ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა“, – ამბობს ნათია თურნავა.
მისი თქმით, ჯამში საუბარია დაახლოებით 5 მილიონ ლარზე, ხოლო გადაუხდელობით და დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმები დაახლოებით 1 მილიონი ლარია.
თურნავას თქმით, აღნიშნული შეღავათები გავრცელდება იმ პირებზეც, ვინც გადასახადები გადაიხადა ამ პერიოდში ნაწილობრივ ან სრულად და „მომავალში ეს ჩაეთვლებათ მათ გადახდილად. ეს სწორია, რადგან ყველას თანაბრად უჭირდა და ყველაზე თანაბრად გავრცელდება ეს შეღავათი“, – ამბობს ის.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა, რადგან საარჩევნო პერიოდია და წინ კიდევ არის მეორე ტური,
თურნავა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო 9 ივნისს და მთავრობა ვალდებულია აღასრულოს კანონი.
„ამიტომ ეს არანაირ კავშირში არ არის არჩევნებთან“, – ამბობს ის.
კოვიდის შემთხვევების მატების გამო აჭარაში სხვადასხვა სკოლაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
ბათუმში დაიხურა 28 კლასი
ქობულეთში – 15 კლასი
ქედაში – 2 კლასი
შუახევში – ერთი კლასი
დახურულია ერთი სკოლა ხელვაჩაურში.
საბავშვო ბაღები
აჭარაში დახურულია ორი საბავშვო ბაღი, ერთი ბათუმში, ერთი კი – ხულოში.
ბათუმის საბავშვო ბაღებში ასევე დახურულია 7 ჯგუფი, ქობულეთში – 5 ჯგუფი ქედაში კი – ორი ჯგუფი.
12 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 225 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათზე 10.1%-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 225 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 384 ადამიანი, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 11 პაციენტი, კოვიდ სასტუმროშია 121 ადამიანი, ონლაინკლინიკაში კი – 740.
ქვეყნის მასშტაბით, 12 ოქტომბერს კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 37.
დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე ბინის ნგრევის შედეგად დაღუპულები იყვნენ დასვენებულები.
პანაშვიდიდან გამოსულმა პრემიერმა განაცხადა, რომ სამშენებლო ნებართვების პროცედურები გამკაცრდება. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ იმდენად გავამკაცროთ რეგულაციები… საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ არ უნდა იქნეს დაშვებული,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იქედან გამომდინარე, რომ ბათუმში სამშენებლო ნებართვის მიღება ისედაც საკმაოდ რთული პროცედურაა რიგითი მოქალაქეებისთვის, „ბათუმელებმა“ სცადა ირაკლი ღარიბაშვილისგან მიეღო პასუხი კითხვაზე, როცა ქალაქის მერი არ რეაგირებს უკანონო მშენებლობაზე, როცა 9 კორპუსი უკანონოდ შენდება, ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ თავის დასაცავად?
ირაკლი ღარიბაშვილს ეს კითხვა რამდენჯერმე დავუსვით, თუმცა მისგან პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ვრცლად ისაუბრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. მათ შორის დეტალურად განიხილა, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა სააკაშვილმა რამდენი ქილა თაფლი იყიდა.
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებული 9 კორპუსის და ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ უკანონოდ აშენებული ერთი სართულის შესახებ დღეს ჟურნალისტებმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც ჰკითხეს. შს მინისტრმა თქვა: „თქვენ დაზუსტებული ინფორმაცია გაქვთ? მე არ მაქვს ინფორმაცია. ნებართვა იქნება გაცემული“.
აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს. ასევე, ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახებს მისცემენ შესაბამის კომპენსაციას.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი იყო.
ბოლო 3 დღის განმავლობაში ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ზარები არ წყდება. ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, სამსახურში დღეში რამდენიმე ათეული შეტყობინება შედის, მოქალაქეები სახლების შემოწმებას ითხოვენ.
„ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის, დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული. შეძლებისდაგვარად დამხმარე ძალების მობილიზებით, ჩემსავე სამსახურებში სხვა მიმართულებების მობილიზებით ვცდილობთ ყველა შეტყობინებაზე გავიდეთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ“, – აცხადებს არჩილ კონცელიძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე შესაბამის სამსახურში სპეციალისტების დამატებას არ განიხილავენ:
„ახლა ხალხი შეშინებულია და მესმის მათი, ყველა ცდილობს, რომ მათი კორპუსი გადამოწმდეს. ჩვენ ვცდილობთ ყველასთან მივიდეთ. თუ ჩავთვლით, რომ სამომავლოდ რესურსის დამატება იქნება საჭირო, შევეცდებით.“
მუნიციპალური ინსპექცია ამოწმებს, მიმდინარე მშენებლობის პროექტთან შესაბამისობას, ასევე გაცემულია თუ არა კონკრეტულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი.
26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე კორპუსებს ექსპერტიზა უტარდება. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, მანამდე მიმდებარე კორპუსებში მოქალაქეების დაბრუნება აკრძალულია. „სადარბაზოებს პოლიცია აკონტროლებს“, – ამბობენ მერიაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შვიდსართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის, 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩამონგრეულია ერთ-ერთი მომიჯნავე სადარბაზოს კედელიც, რომლის აღდგენა დასაშვებია თუ არა ექსპერტიზამ უნდა გადაწყვიტოს. ექსპერტიზის დასკვნას მოითხოვენ ჩამონგრეული სახლის მომიჯნავედ მდებარე კორპუსების მცხოვრებლებიც.
„კორპუსი, სადაც ჩამოინგრა სადარბაზო, არის 26 მაისის ქუჩა და ამ სახლის ექსპერტიზა ტარდება. გარდა ამისა, ექსპერტიზა უტარდება მემედ აბაშის 56 ნომრის მხრიდან მდებარე სახლს და კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან ექვსსრთულიან სახლს. ყველა იმ კორპუსს, რომელიც ემიჯნებოდა ჩამონგრეულ სახლს. მოწმდება სხვა სახლების მდგრადობაც“, – ამბობს ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
ლელა სურმანიძე ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ლელა სურმანიძის თქმით, მერიას დაჩქარებულ ექსპერტიზაზე აქვს მოთხოვნა გაგზავნილი და დასკვნა რამდენიმე დღეში უნდა დაიდოს.
„თბილისის ექსპერტიზის ბიუროდან არიან ჩამოსული სპეციალისტები. პირველ რიგში, ჩამონგრეული კორპუსის ექსპერტიზა გაკეთდება, შემდეგ კი – მომიჯნავე კორპუსების.
პირველადი შეფასებით, რაც გვითხრეს, ჩამონგრეულ კორპუსს არ აქვს საერთო საძირკველი და არც რომელიმე კედელი მემედ აბაშიძის მხრიდან არსებულ სახლთან, ამიტომ რაიმე განსაკუთრებული საშიშროება ამ სახლს არ ემუქრება. მაგრამ სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სადარბაზოებში მოსახლეობის დაბრუნება დაუშვებელია“, – ამბობს ლელა სურმანიძე.
მერიის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებს ექსპერტიზა უტარდება. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მისი თქმით, ამ დროისთვის სასტუმროში 23 ოჯახია გაყვანილი, ნაწილი კი საკუთარი სურვილით გავიდა ალტერნატიულ საცხოვრებელში.
„ვისაც ჰქონდა სუბიექტური შიშები, ჩვენ ეს ოჯახებიც დავაკმაყოფილეთ და გუშინ ოთხი ოჯახი გადავიყვანეთ კიდევ სასტუმროში აბაშიძის ქუჩაზე არსებული კორპუსიდან. სანამ არ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, მათ ვერ ვეუბნებით დადასტურებულად, რომ უსაფრთხოა ცხოვრება.
იმ კორპუსში, სადაც ჩამოინგრა სადარბაზო, კატეგორიულად აკრძალულია შესვლა, პოლიციას დაკეტილი აქვს სადარბაზოებიც და შემოსასვლელიც, რომ არავინ არ შევიდეს,“-ამბობს სურმანიძე.
ექსპერტიზის დასკვნამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მერია დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირას გადაუხდის, „შემდეგ კი მერიის საბინაო ფონდიდან მიიღებენ ბინებს“.
თანამედროვე ლამინატი ერთ-ერთი პოპულარული, უნივერსალური და იაფი საფარია სახლისა და ოფისის იატაკისთვის. ამ მასალის შეძენისას სწორი არჩევანის გასაკეთებლად სულაც არ არის საჭირო, ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. არადა, ამ არჩევანის წინაშე დღეს ბევრი ჩვენგანი დგას, ვინაიდან რემონტების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის.
სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვას“ მენეჯერები კვალიფიციურ რჩევებს აძლევენ მომხმარებლებს, რათა ზუსტად ის ლამინატი შეიძინონ, რომელიც მათ სივრცეში ყველაზე პრაქტიკული იქნება, ფართობის დანიშნულებიდან გამომდინარე. მოდით, გადავხედოთ „ნოვას“ კონსულტანტების რჩევებს და იმ მითებსაც, რომლებიც ლამინატს უკავშირდება.
5 ნაბიჯი ლამინატის ასარჩევად:
1. უცვეთელობის კლასი;
2. სისქე და მისი თავისებურებები;
3. რომელი მწარმოებელი შევარჩიოთ;
4. დაგება თბილ იატაკზე;
5. 5 მითი ლამინატის შესახებ.
უცვეთელობა
მაშ ასე, დავიწყოთ უცვეთელობის კლასით. „ნოვაში“ წარმოდგენილია სხვადასხვა კლასის ლამინატები.
მათ შორის 31 და 32 კლასის ლამინატი საცხოვრებელ ფართებზეა გათვლილი, სადაც დაბალი და საშუალო ინტენსივობის გამავლობაა. ესაა საძინებელი, მისაღები ოთახი, დერეფანი, სამზარეულო, ბავშვის ოთახი და სხვ.
33 და 34 კლასები – განკუთვნილია ოფისებსა და კომერციულ ფართებში დასაგებად, სადაც იატაკზე დიდი დატვირთვა მოდის.
„ნოვას“ კონსულტანტები გვირჩევენ, რომ, სანამ ლამინატის კლასს მივაქცევდეთ ყურადღებას, ჯერ მასალის სიმკვრივეს, სისქესა და ზედაპირის დამუშავების ხარისხს დავაკვირდეთ. ეს იმიტომ რომ სხვადასხვა მწარმოებლების 32 და 33 კლასის ლამინატებს შესაძლოა, სიმკვრივის თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდეს.
სიმკვრივე და სისქე
ეს პარამეტრები კომპლექსურ განხილვას საჭიროებს. ყველაზე სქელი ლამინატი სულაც არ ნიშნავს ყველაზე კარგს.
„ნოვას“ დახლებზე წარმოდგენილი ლამინატების სისქე 7-დან 12 მილიმეტრამდეა. რაც უფრო სქელ ლამინატს დააგებთ, მით უფრო ნაკლები იქნება ქუსლებით სიარულის, ან რაიმე ნივთის დავარდნის ხმა. სქელ ლამინატზე სიარული უფრო სასიამოვნოა და ის მეტადაც წააგავს ნატურალური ხის იატაკს.
რაც შეეხება ლამინატის ფილების სიმკვრივეს, ის თქვენი ფართის დანიშნულების შესაბამისად უნდა შეირჩეს. მაგალითად, სამზარეულოსა და დერეფნისთვის 900-გრამიანი და მეტი სიმკვრივის მასალა უნდა შეიძინოთ.
ასევე, გასათვალისწინებელი გაქვთ ნესტ- და წყალგამძლეობა. „ნოვაში“ ძირითადად ცვილით დამუშავებული ლამინატები იყიდება, რაც ძალიან კარგად იცავს მას სინესტისგან.
მწარმოებლის შერჩევა
„ნოვაში“ წარმოდგენილი ლამინატები ევროპული სტანდარტებით მომუშავე საწარმოებშია შექმნილი. ეს საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაშია დისლოცირებული – როგორც ევროკავშირში, ისე თურქეთში, ჩინეთსა და სხვაგან. ამ შემთხვევაში ISO სერტიფიკატი წარმოების მაღალი ხარისხის გარანტად გვევლინება.
თბილი იატაკი და ლამინატი
თბილ იატაკზე ლამინატის დაგებას თუ გეგმავთ, „ნოვას“ სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გთავაზობენ:
• ლამინატი მხოლოდ წყლითა და ელექტროენერგიით გამთბარ იატაკებზე უნდა დააგოთ;
• იატაკის ქვეშ აუცილებლად დააგეთ სპეციალური საფენი;
• დააყენეთ თერმორეგულატორი და იატაკი 27 გრადუსზე მეტად არ გაათბოთ. იატაკის გათბობა და გაგრილება თანდათანობით უნდა მოხდეს, რათა უეცრად არ შეიცვალოს ტემპერატურა;
• თბილი იატაკისთვის რაც შეიძლება თხელი ლამინატი შეარჩიეთ, რადგან ეს მასალა მაღალი თბოგამტარობით ხასიათდება.
ახლა კი მითები დავანგრიოთ
„ლამინატის ყველა ფიცარზე ერთი და იგივე ნახატი მეორდება“.
არც მთლად ასეა. თუ „ნოვას“ დახლებზე წარმოდგენილ თანამედროვე კოლექციებს გადავხედავთ, თითოეულ პარტიაში ბევრ უნიკალურ ნახატს შეხვდებით, რათა იატაკი უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს – https://nova.ge/
„ლამინატის დაგება სამზარეულოსა და დერეფანში არ შეიძლება“.
ეს მოძველებული მოსაზრებაა. წარმოების ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ ცვეთა- და ნესტმედეგი ლამინატის დაგება თავისუფლად შეიძლება სამზარეულოშიც და დერეფანშიც.
„ლამინატი ძალიან ხმაურიანი საფარია, რასაც ვერაფერს მოუხერხებ“.
სპეციალური საფენებისა და სისქის მეშვეობით მარტივად ხდება ხმაურის ჩახშობა.
„თუ ლამინატი დაზიანდება, ან დაიკაწრება, მთელი იატაკის შეცვლა მომიწევს“.
დღეს უკვე არსებობს სარესტავრაციო ცვილი და დაზიანებული ლამინატის შეკეთებისთვის 30 წუთიც საკმარისია.
ეს რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილია. თუ ხარისხიანი ლამინატის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, სხვა დეტალებზე უკვე „ნოვას“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები გაგესაუბრებიან. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მასალის ყიდვა მეგაცენტრში ონლაინრეჟიმშიც შესაძლებელია.
საქართველოს რაგბის 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია დაამარცხა ანგარიშით 27:0 და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაკრების კაპიტანმა, პეტრე ხუციშვილმა განაცხადა, რომ ნაკრები ამ გამარჯვებას ბათუმს უძღვნის.
„ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო, ეს მოგება თქვენ მოგიძღვენით. დიდი იმედი მაქვს, ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები“ – განაცხადა პეტრე ხუციშვილმა.
2015 წლიდან დღემდე საქართველომ ზედიზედ მეექვსე ფინალი ითამაშა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, წლევანდელ ჩემპიონატში უმცროს ბორჯღალოსნებს ლელო არ გაუშვიათ და ერთადერთი სამი ქულა ბელგიისგან ჯარიმით მიიღეს.
დღეს, 11 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენის გამო ერთი სკოლა დაიხურა ხელვაჩაურში, ხოლო აჭარის მასშტაბით 28 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში ონლაინსწავლებაზე გადავიდა 18 კლასი, ქობულეთში – 7 , შუახევში – 1, ქედაში – 2 კლასი.
საბავშვო ბაღები
კოვიდი გამოვლინდა საბავშვო ბაღებშიც. ამის გამო ბათუმის ოთხ საბავშვო ბაღში დაიხურა ჯგუფები, ქობულეთის სამ ბაღში სამი ჯგუფი და ქედაში ორ ბაღში ორი ჯგუფი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსი გამოვლინდა როგორც პერსონალში, ასევე მოსწავლეებში.
საბავშვო ბაღების შემთხვევაში კი, კოვიდი გამოუვლინდათ ბავშვებს.