სიახლეები

რა შენდება გოგოლის #11ბ-ში უკანონოდ – რა წერია მერიის დოკუმენტებში

12.10.2021 • 3997
რა შენდება გოგოლის #11ბ-ში უკანონოდ – რა წერია მერიის დოკუმენტებში

გარდა იმისა, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, საზოგადოებას არც იმაზე აქვს პასუხი, რას აშენებს ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმში, გოგოლის #11ბ-ში, „მეტროს“ ავტოსადგურის მიმდებარედ? – ამ კითხვაზე პასუხი ვერც მშენებელი კომპანიისგან და ვერც სამთავრობო სტრუქტურებისგან ვერ მივიღეთ. ამ კითხვებს უკვე ერთი თვეა ვსვამთ, ყველა პასუხისმგებელი პირი კი ჯიუტად დუმს.

ბათუმის საკრებულოს 16 სექტემბრის სხდომაზე, სადაც უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს, მერიის ქალაქმშენებლობის და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა განაცხადა, რომ გოგოლის #11-ში მშენებელს პროექტის პირველი ეტაპი მერიასთან შეთანხმებული ჰქონდა. მან არ დააკონკრეტა, რა მასშტაბის და რა ფუნქციური დატვირთვის მქონე პროექტი შეათანხმა კომპანიამ ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს.

მოგვიანებით ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გვითხრა: „ჩვენ ვიცით რას აშენებს“. კითხვაზე რას აშენებს? – არც მან გვიპასუხა და გვირჩია ინფორმაცია ოფიციალურად გამოგვეთხოვა.

ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ 27 სექტემბერს გამოითხოვა, მერიამ პასუხის გაცემას ზუსტად ათი სამუშაო დღე მოანდომა.

ქალაქში დაწყებული მასშტაბური, მაგრამ უკანონო მშენებლობის ირგვლივ ინფორმაციის გასაიდუმლოებამ მშენებლობის მიზნებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია წარმოშვა. ერთი ვერსიით, მშენებლობა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ მშენებლობას ვერც საზოგადოების პროტესტმა შეუშალა ხელი და ვერც გაფრთხილებამ. ამბობენ იმასაც, რომ აქ ტექნოლოგიური ბაზა უნდა მოეწყოს, რომელიც იმუშავებს ბიტკოინების გამომუშავებაზე. არც იმას გამორიცხავენ, რომ ონლაინკაზინოებისთვის აწყობენ ტექნიკურ ბაზებს.

რას ითვალისწინებდა პროექტის პირველი ეტაპი დოკუმენტების მიხედვით 

მერიაში წარდგენილი დოკუმენტებით, „მეტროს“ ავტოსადგურის გვერდით კომპანია შპს „მეტრო მოლ ოფ აჭარა“ ახალი ავტოსადგურის მოწყობას გეგმავს, ღია და დახურული  პარკირებითა და გადაზიდვების სასაწყობე ფართობებით.

უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია

რეალურად კი, ამ ტერიტორიაზე ყაზარმული ტიპის მაღლივი 9 კორპუსის მშენებლობა სწრაფი ტემპით გრძელდება.

რენდერის კონსტრუქციის მიხედვით შენობები უნდა იყოს მონოლითური. დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის, ავტოსადგომისა და სასაწყობე ნაგებობების პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე დასკვნა შპს „მეტრო მეფმა“ მოამზადა, პროექტის გეოლოგიურ ნაწილზე კი მერიაში წარდგენილია ექსპერტ თეიმურაზ ქიქავას საექსპერტო დასკვნა

მიმდინარე მშენებლობა მერიაში შესული პროექტის პარამეტრებს არ ემთხვევა, არც შენობების რაოდენობით და არ მასშტაბის მიხედვით.

დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსებულიყო ხუთი ძირითადი და 2 დამხმარე ნაგებობა, დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელიც გადაუხდია.

15 სექტემბრის შემდეგ, როცა უკანონო, ყაზარმული ტიპის კორპუსების შენების შესახებ ინფორმაცია პირველად გასაჯაროვდა, რამდენიმე კორპუსს უკვე 3-3 სართული დაემატა. გარდა ამისა, ორი ახალი კორპუსის მშენებლობაც დაიწყეს. კომპანიას 5 კორპუსის მშენებლობის შეთანხმებაზე ჰქონდა მიმართული მერიის შესაბამისი სამსახურისთვის, თუმცა ნებართვა არ მიუღია. შემდეგ შვიდი ააშენა, დამატებით აშენებს კიდევ ორ კორპუსს.

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანია „მეტრო მოლ ოფ აჭარა“ ახალი სადგურისა და სასაწყობე ფართობების მშენებლობას გოგოლის 11ბ-ში მდებარე 95 548 კვ.მ-ზე გეგმავს. რა ბედი ელის არსებულ სადგურს, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

დღეის მდგომარეობით, ავტოსადგურის ტერიტორია თუნუქის ღობით არის შეღობილი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. „მეტროს“ ავტობუსებს კი უკვე „ბათუმი ცენტრალიდან“ გადაჰყავთ მგზავრები – ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში უთხრეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ესმა ზანდარაძე და თურქეთის მოქალაქე ქუმსალ ათანი ხელმძღვანელობენ. იგივე პირები არიან „მეტრო ტერმინალის“ ხელმძღვანელებიც. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის გოგოლის #11-ში 50197.00 კვ.მ ტერიტორია, სადაც 2021 წლიდან „მეტროს“ ავტოსადგური მუშაობდა. „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ მიწის ნაკვეთი სწორედ ავტოსადგურის გაგრძელებაზეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: