მთავარი,სიახლეები

21 წლის პირმა 100 ათასი ლარი მიითვისა სხვის ფეისბუქ და საბანკო ანგარიშებზე შეღწევით

13.10.2021
21 წლის პირმა 100 ათასი ლარი მიითვისა სხვის ფეისბუქ და საბანკო ანგარიშებზე შეღწევით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის სმს პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხას დაეუფლა.

ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხას დაეუფლა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინკაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე“ – წერს შსს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook-ის გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.

გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამ ეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: