მთავარი,სიახლეები

კულინარიული თავგადასავალი ძველ ბათუმში

13.10.2021 • 3709
კულინარიული თავგადასავალი ძველ ბათუმში

ავტორი: ზაურ მარგიევი

რა ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ და რა კერძებს მიირთმევდნენ ბათუმში საუკუნის წინ? მოდით, მოვაწყოთ პატარა გასეირნება არც თუ ისე შორეულ წარსულში, გავისეირნოთ ჩვენი ქალაქის დუქნებში, რესტორნებსა და ლუდხანებში. გადავხედოთ მენიუს, რას გვთავაზობდნენ ბათუმური კაფეები.

მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლონდონში“, ამავე სახელწოდების პირველი კლასის სასტუმროსთან მდებარე რესტორანში, მიხაილოვისა და ოგლობჟინსკის ქუჩების კვეთაში. შევდივართ, ვსხდებით, ვუხმობთ ოფიციანტს და აი, ჩვენ წინაშეა სასტუმრო-რესტორნის -„ლონდონის“ მენიუ.

ყოველ დღე, დილის 9 საათიდან, აქ ცხელი საუზმე აქვთ: ღვეზელი 5 კაპიკი ღირს, სოსისი – 5-10 კაპიკი, თევზი ბერძნულად – 5-10 კაპიკი, აქვთ შემწვარი ძეხვი კომბოსტოს გარნირით და სხვა მრავალი კერძი.

ღია კაფე ლენინის, თანამედროვე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე

ახლა ყველაზე საინტერესო, ერთი სირჩა არაყი – 5 კაპიკი. ჭიქა ღვინო – 5 კაპიკი. ორი თავი კერძისაგან შემდგარი სადილი და სირჩა არაყი – 50 კაპიკი. სადილი სამი კერძისგან სირჩა არყით, ერთი ჭიქა ღვინით ან ფინჯანი ყავით – 75 კაპიკი ღირს.

მენიუში აღნიშნულია, რომ სამზარეულო გამოცდილი მზარეულის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს. ხელმისაწვდომი ფასების წყალობით რესტორანს კონკურენტების ჯიბრზე კლიენტურა არ აკლია. თუ ზედმეტი მოგივიდათ, თქვენთვის ეკიპაჟს გამოიძახებენ. რესტორნის მეპატრონე, ნ. სიხარულიძე სტუმრებს მუდამ ღიმილით ხვდება.

ბევრს შეიძლება ფასები მეტისმეტად დაბალი მოეჩვენოს, ან პირიქით, ამიტომ ჩვენი კულინარიული თავგადასავლის ბოლოს წარმოგიდგენთ ფასებს პროდუქტებზე და საშუალო ხელფასის ოდენობას მე-19-20 საუკუნეების ბათუმში.

ახლა კი „ლონდონიდან“ გამოვიდეთ და სანამ რაიმეს დამატებას გადავწყვეტდეთ, მეც მინდა დავამატო და გაგაცნოთ 1901 წლის სტატისტიკური მონაცემები ქალაქში კვების ობიექტების შესახებ, რომლებიც ალკოჰოლური სასმელებითაც ვაჭრობდნენ.

„ასეთ სავაჭრო დაწესებულებებს მიეკუთვნება: 34 სარდაფი, 5 ბუფეტი, 38 ღვინის სარდაფი, 10 კაფე-რესტორანი, ღვინისა და არყის 5 საბითუმო საწყობი, 14 დუქანი, 34 ტრაქტირი, 5 სასტუმრო-რესტორანი, 25 ლუდხანა, მთლიანად 170 სავაჭრო დაწესებულება. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის მოსახლეობა 28 ათასი ადამიანია, გამოდის, რომ ერთი დაწესებულება 165 ადამიანზე მოდიოდა“.

იმავე წყაროდან ვიღებთ შემდეგ ინფორმაციას: „ყველაზე მეტად თვალში გვხვდება მრავალრიცხოვანი ლუდხანა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ადგილობრივი ღვინო იაფი ღირს, ლუდს არ შეიძლება დიდი გასავალი ჰქონდეს. ერთი ბოთლი ლუდი 20 კაპიკი ღირს, ზოგან – 12-15 კაპიკი. საქმე იმაშია, რომ ლუდხანებში სულ სხვა სახის ვაჭრობა მიდის და ყოველ მათგანში 2-3, ან მეტი ქალი ჰყავთ“.

მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ლუდხანებს პატარა ბორდელებს ამსგავსებდნენ. ისე, როგორც ნებისმიერი საპორტო ქალაქი, ბათუმი მდიდარი იყო ამგვარი დაწესებულებებით. აბა, რომელი მეზღვაური არ მოინახულებდა ასეთ ადგილებს.

არ დავწვრილმანდები, ამჟამად ეს ჩვენი თემა არ არის, თუმცა შემიძლია საინტერესო დოკუმენტი მოვიყვანო ამ თემაზე.

მაგალითად, ბრიტანული ოკუპაციის წლებში ბათუმის ქუჩებში ინგლისურენოვანი განცხადება იყო გაკრული, რომელიც ინგლისელ ჯარისკაცებს აფრთხილებდა, მსგავს დაწესებულებებში სტუმრობისას არ დავიწყებოდათ უსაფრთხოების ზომების მიღება, დეზინფექცია და ბოლოს ურჩევდა, საერთოდ შეეკავებინათ თავი ამ ქალბატონებთან ურთიერთობისგან.

რას მიირთმევდნენ ბრიტანული ოკუპაციის წლებში? ამაზე ისტორია დუმს. ინგლისელებმა იცოდნენ მხიარულება. ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც კურორტზე. კაბარე, კაზინო და რესტორნები ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყო. ფულის დახარჯვას არ ერიდებოდნენ. კარგ ხელფასს იღებდნენ და ინგლისურ ფულზე ყველაფერი იაფი იყო. სვამდნენ ვისკის, ადგილობრივ ღვინოსა და კონიაკს.

კაფე ძველ ბათუმში

კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი – ვინ რით იყო დაკავებული ქალაქში 1882 წელს. შევარჩიე საქმიანობა, რომელიც ჩვენს თემასთანაა კავშირში. მაშ ასე:

„სასტუმროს მფლობელი – რვა, მათ შორის ორი ფრანგი, ორი რუსი, ორი ბერძენი და ორი სხვა, ყავახანების მფლობელი – 25, მათ შორის ცხრა სომეხი, ექვსი თურქი, ხუთი ბერძენი, სამი სპარსელი, ერთი ქართველი; საკვები ობიექტებისა და ტრაქტირების მფლობელები – 31, მათ შორის: ცხრა მეგრელი, შვიდი სომეხი, ექვსი იმერელი, სამი თურქი, სამი ბერძენი და ექვსი სხვა. საროსკიპო სახლის მფლობელი – ექვსი. მათ შორის ხუთი ქართველი და ერთი ებრაელი“.

ძალიან დავყოვნდით სასტუმრო „ლონდონის“ რესტორნის შესასვლელთან, ციტირება ბათუმის ცნობილი გზამკვლევიდან: „…ვიწვევთ მეარღნეს. აგვყავს ფაეტონი, ვსხდებით მეარღნესთან ერთად და შემოვივლით ქალაქს. გაჩერება ყველა დუქანთან. მედუქნეებს გამოაქვთ ღვინო და მწვანილი. არღნის ხმაზე ვსვამთ ღვინოს და მივაშურებთ მეორე დუქანს, სადაც იგივე პროცესი მეორდება“, – ასეთი სეირნობის შემდეგ არც თუ იშვიათად ისროდნენ რევოლვერიდან.

მოდი, დავუბრუნდეთ ისევ სასტუმრო „ლონდონის“ რესტორანს, საიდანაც დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. ახლა გეზი გვიჭირავს ღვინის სარდაფ „არარატისკენ“, შერემეტიევისა და ნურიეს მოედნის კუთხეში. აქ ერთი ბოთლი კახური ღვინის გასინჯვა 20 კაპიკად შეიძლება. თუ არ გეყოფათ, ბედო გალუსტოვი ღვინოს არა მხოლოდ ბოთლით, არამედ სათლითა და შლაპითაც კი შემოგთავაზებთ. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება ამ დაწესებულების რეკლამა გაზეთ „ჩერნომორსკი ვესტნიკში“.

სასტუმრო „ფრანცია“ ბათუმში,1880-იანი წლების დასაწყისში. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო

ოჰ, ეს რეკლამები… და ბატონებო, მობრძანდით, სასტუმრო „ფრანცია“! როგორ ჟღერს? მდებარეობა: მიხაილოვის ქუჩა. მკითხავთ, – ეს სად არის? არ გეტყვით, მაგრამ ტელეფონს კი მოგცემთ. დარეკეთ და იკითხეთ #33. ეს 1895 წლის ბათუმის სატელეფონო ხაზია. ვინც დარეკვა ვერ მოახერხა, სიტყვაზე უნდა მენდოთ, პირველი კლასის სასტუმროა, აქვს აბაზანა და რესტორანი, რომელიც საუკეთესო ევროპული და აზიური კერძებითაა ცნობილი. სტუმრებს კომისიონერი და თარჯიმანი ემსახურება.

სასტუმროს მფლობელი კახიანია. მისი ფირმის აბრა სასტუმროს შესასვლელშია. შენობა ინჟინერ-ტექნოლოგის, სასტუმროს მეორე მფლობელის, ბახმეტოვის მიერაა აგებული, რომელიც ბათუმის ციხის შენობის მფლობელიცაა. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ციხეშიც ეწვიოთ სტუმრად, მაგრამ თუ „ნომრებში“ გისოსებიანი ფანჯრები არ მოგეწონათ, აქეთ მობრძანდით – სასტუმრო „იმპერიალში“. აქ ყველაფერი უზადო, სუფთა და კომფორტულია, სასტუმროს ელექტრონული განათება, ბიბლიოთეკა, პიანინო, აბაზანა და საშხაპეც აქვს. სეზონური ევროპული და აზიური კერძები ზეითუნის ზეთზეა დამზადებული. ღვინოები უცხოურია, კახური და ადგილობრივიც. ლუდიც შეგიძლიათ მოითხოვოთ. სადილი 2-3 კერძით 60-80 კაპიკი ღირს. სასტუმროს მფლობელი არშაკ მუშაგოვია.

დავდივართ და კერძებს ვაგემოვნებთ, საინტერესოა, გვეყოფა თუ არა ფული ანგარიშის გასასწორებლად. დროა დავითვალოთ, ახლა უკვე ვიცით, ბათუმში სად რა ფასად შეგვიძლია მივირთვათ. როგორ გადავიხადოთ და რა დაგვიჯდება ეს მოგზაურობა? ჩავიხედოთ 1901 წლის გზამკვლევში:

პირველი სორტის თეთრი პური, 1 ფუნტი – 5 კაპიკი, საქონლის ხორცის ფილე, 1 ფუნტი – 25 კაპიკი, ათი ცალი კვერცხი – 20-30 კაპიკი, დიდი ქათამი – 80 კაპიკი – 1 მანეთი, სკუმბრია – 15 -20 კაპიკი, ყურძენი იზაბელა, 1 ფუნტი – 3-4 კაპიკი, რძე – 12-13 კაპიკი.

კომბოსტო, კარტოფილი და მწვანილი ძვირად ფასობს და გადამყიდველები ყიდიან.

ღარიბები დუქნებსა და სარდაფებში იკვებებიან, სადაც ჩვეულებრივ საკვები ცუდი ხარისხისაა და ძვირი. ერთი ულუფა ბორშჩი 10 კაპიკი ღირს, ქარხნის მუშები კი დღიურად 70 კაპიკიდან 2 მანეთამდე იღებდნენ, ოსტატი დღეში 5 მანეთს.

აი, ასე გავისეირნეთ. ახლა შეგვიძლია შევადაროთ, რა ღირდა და რა ღირს კულინარიული მოგზაურობა ბათუმში.

______________________

წიგნიდან „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ 

მთავარ ფოტოზე: ზაურ მარგიევი. მიხეილ ალშიბაიას ფოტო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: