მთავარი,სიახლეები

ვის მივმართოთ, თუ ჩვენს კორპუსში უკანონოდ ანგრევენ ან აშენებენ

12.10.2021 • 3313
ვის მივმართოთ, თუ ჩვენს კორპუსში უკანონოდ ანგრევენ ან აშენებენ

ვის უნდა მივმართოთ, თუ ჩვენს სიახლოვეს ვინმე უკანონოდ აშენებს სახლს/კორპუსს? რა უნდა ვქნათ, როცა მეზობელი კორპუსზე ან სახურავზე ვერანდას ან დამატებით სართულს დგამს. რამდენად მოქნილია პროცედურები მას შემდეგ, რაც მოქალაქე უკანონო მშენებლობის შესახებ ატყობინებს შესაბამის ორგანოებს? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ესაუბრა.

  • რა უნდა ქნას მოქალაქემ, როცა მის კორპუსზე დამატებით სართულებს აშენებენ უკანონოდ ან, ვთქვათ, რომელიმე მეზობელმა ვერანდა გასწია წინ და სახიფათოდაა კორპუსის ფასადზე გამოშვერილი?

მოქალაქემ, პირველ რიგში, მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს უნდა მიმართოს. [ნომერზე: 0800 00 08 10] მერე უკვე ამ  ინსპექციამ უნდა დაადგინოს, უკანონოა თუ არა ეს მშენებლობა.

თუ მშენებლობა უკანონოა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა.

რეაგირება ნიშნავს იმას, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები – უნდა დააჯარიმოს კანონდამრღვევი.

თუ მიმდინარეა მშენებლობა, მშენებლობის შესაჩერებლად და დემონტაჟისთვის აქტი უნდა გამოიცეს.

უკანონო მშენებლობებისას, იქნება ეს სართულის დაშენება, აივნის მიშენება თუ სხვა რამ, ყველა შემთხვევაში მოქალაქეებმა მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს უნდა მიმართონ.

  • პროცედურა როგორია მას შემდეგ, რაც მოქალაქე მუნიციპალურ ინსპექციას მიმართავს სავარაუდო უკანონო მშენებლობის შესახებ?

დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მუნიციპალურმა ინსპექციამ, როგორც გითხარით. როცა შევა შეტყობინება ინსპექციაში, ეს შეტყობინება დაეწერება მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს. სწორედ ის არის ვალდებული იმოქმედოს შესაბამისად, კერძოდ: ინსპექციამ უნდა გადაამოწმოს, აქვს თუ არა მშენებლობის ნებართვა პირს, ან უნდა შეამოწმოს გასაჩივრებულია თუ არა გადაწყვეტილება და ხომ არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ამ მშენებლობაზე/მიშენება/დაშენებაზე.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი/თანამშრომლები ადგილზე ამოწმებს დოკუმენტებს – აქვს თუ არა მშენებლობის ნებართვა და მერე იწყებს თავად ადმინისტრაციულ წარმოებას.

როცა მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინება შედის უკანონო მშენებლობაზე, მას უფლება არ აქვს, არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ეს სამსახურებრივი გულგრილობა იქნება და დანაშაულის ნიშნების შემცველია. მუნიციპალურ ინსპექციას კანონისმიერი ვალდებულება აქვს.

  • მხოლოდ მუნიციპალურ ინსპექციას უნდა მიმართოს მოქალაქემ უკანონო მშენებლობის ფაქტი რომ დააფიქსიროს, თუ პოლიციაშიც უნდა დარეკოს? ან იქნებ მერიისთვის მიმართვა აღმოჩნდეს უფრო ეფექტური, ვთქვათ, მომზადდეს არა ერთი ადამიანის, არამედ ამხანაგობის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება…

დიახ, ამხანაგობას შეუძლია ერთობლივი განცხადების დაწერა. რაც შეეხება პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო არაკომპეტენტურია ამ საკითხში – ვერ შეამოწმებს ამა თუ იმ მშენებლობას, კომპეტენცია არ აქვს საამისოდ შს სამინისტროს.

ვერ შეამოწმებს ასევე მშენებლობის ნებართვის არსებობა – არარსებობას, რადგან სამშენებლო ნებართვებს გასცემს მუნიციპალიტეტის მერია, ვერც სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს პოლიცია. ასე, რომ უკანონო მშენებლობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს.

  • როცა მოქალაქე ხედავს, რომ კორპუსზე ბზარებია, კედლები დეფორმირებული და აქვს შიში ასეთ სახლში ცხოვრების, არსებობს თუ არა რაიმე სამსახური, ვთქვათ, მშენებელ-ინსტრუქტორების, რომელსაც კორპუსის ავარიულობის ხარისხის დადგენა შეუძლია?

საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი. მოქალაქეებს შეუძლიათ მერიასაც მიმართონ ამ შემთხვევაში. მერიის შესაბამისი სამსახური გავა, წესით, და  შეამოწმებს, ნამდვილად ავარიულია თუ არა შენობა, თუმცა ამის შემდეგ მერია ვეღარ იმოქმედებს – კერძო საკუთრებას ეხება საქმე და ძალიან რთულია მერიის სამსახურის დავალდებულება, რომ შევიდეს ვინმეს კერძო საკუთრებაში.

  • მას შემდეგ, რაც მოქალაქე მიმართავს მუნიციპალურ ინსპექციას, ცხადად ჩანს, რომ მოქნილი არ არის შემდგომი პროცედურები. ასევე მოქალაქეები პირად საუბრებში ხშირად აღნიშნავენ, რომ მუნიციპალურ ინსპექციას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენს ორგანიზაციასაც მომართავენ მოქალაქეები და გვეკითხებიან, ვის უნდა მიმართონ უკანონო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში. ვამისამართებთ მუნიციპალურ ინსპექციაში და მერე ისევ პრეტენზიით რეკავენ, რომ არავინ მისულა რამდენიმე დღის განმავლობაში, ამასობაში კი დაასრულა უკვე ვიღაცამ მშენებლობა/მიშენება/დაშენება და ა.შ.

ეს ფაქტები მოწმობს, რომ პროცედურა პრობლემურია. თუ მყისიერი და ეფექტური რეაგირება არ იქნება, შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. შეიძლება ერთ დღეშიც დაშალოს შენობის კონსტრუქცია ვინმემ და იგივენაირი ტრაგედია მოხდეს, რაც 8 ოქტომბერს მოხდა ბათუმში.

მართალია, არ არის ადვილი მუნიციპალური ინსპექციისთვის ყველა შესული შეტყობინების ეფექტურად დამუშავება. ვიცით, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ ძალიან ბევრი შეტყობინება შედის უკვე მუნიციპალურ ინსპექციაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა. არ იქნება ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი და უმთავრესი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, რაზეც სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

სწორედ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოქნილი იყოს მექანიზმი და გადაულახავი ბარიერები არ ჰქონდეს პროცესს. უნდა მოახერხოს სახელმწიფომ დარღვევაზე შეტყობინების შესვლისას მყისიერი რეაგირება. ვიმეორებ, რომ ეს დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, მაგრამ ეს აუცილებელია.

  • ვხედავთ, რომ უკანონო მშენებლობას სახელმწიფო ხშირად არ იმჩნევს. ახლახან ბათუმში 9 უკანონო კორპუსი ააშენეს, მერიამ ამის შესახებ იცის და არაფერს აკეთებს. რა შემთხვევაშია აუცილებელი უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და რა დროს არის მხოლოდ ჯარიმა განსაზღვრული?

უკანონო მშენებლობა ნებისმიერ შემთხვევაში დემონტაჟს ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებართვას აიღებს, საკანონმდებლო რეგულაციებში მოაქცევს პირი მშენებლობას.

უკანონო მშენებლობისას ჯარიმა არ ათავისუფლებს პირს. აუცილებელია ასეთი მშენებლობის დემონტაჟი.

უბრალოდ პრობლემურია ის გარემოება, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერავის აუკრძალავ და პირს შეუძლია დაჯარიმება და დემონტაჟი გაასაჩივროს სასამართლოში.

შესაძლოა მხარემ მოითხოვოს აქტის მოქმედების შეჩერება და სასამართლომ შეიძლება მართლაც შეაჩეროს აქტის მოქმედება.

ამის შემდეგ მუნიციპალური ინსპექცია ვერაფერს გახდება, რეაგირება იქნება შეუძლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: