მთავარი,სიახლეები

მოწმდება სხვა კორპუსების მდგრადობაც – მერია

11.10.2021 • 2728
მოწმდება სხვა კორპუსების მდგრადობაც – მერია

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე კორპუსებს ექსპერტიზა უტარდება. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, მანამდე მიმდებარე კორპუსებში მოქალაქეების დაბრუნება აკრძალულია. „სადარბაზოებს პოლიცია აკონტროლებს“, – ამბობენ მერიაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შვიდსართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის, 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩამონგრეულია ერთ-ერთი მომიჯნავე სადარბაზოს კედელიც, რომლის აღდგენა დასაშვებია თუ არა ექსპერტიზამ უნდა გადაწყვიტოს. ექსპერტიზის დასკვნას მოითხოვენ ჩამონგრეული სახლის მომიჯნავედ მდებარე კორპუსების მცხოვრებლებიც.

„კორპუსი, სადაც ჩამოინგრა სადარბაზო, არის 26 მაისის ქუჩა და ამ სახლის ექსპერტიზა ტარდება. გარდა ამისა, ექსპერტიზა უტარდება მემედ აბაშის 56 ნომრის მხრიდან მდებარე სახლს და კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან ექვსსრთულიან სახლს. ყველა იმ კორპუსს, რომელიც ემიჯნებოდა ჩამონგრეულ სახლს. მოწმდება სხვა სახლების მდგრადობაც“, – ამბობს ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ლელა სურმანიძე ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ლელა სურმანიძის თქმით, მერიას დაჩქარებულ ექსპერტიზაზე აქვს მოთხოვნა გაგზავნილი და დასკვნა რამდენიმე დღეში უნდა დაიდოს.

„თბილისის ექსპერტიზის ბიუროდან არიან ჩამოსული სპეციალისტები. პირველ რიგში, ჩამონგრეული კორპუსის ექსპერტიზა გაკეთდება, შემდეგ კი – მომიჯნავე კორპუსების.

პირველადი შეფასებით, რაც გვითხრეს, ჩამონგრეულ კორპუსს არ აქვს საერთო საძირკველი და არც რომელიმე კედელი მემედ აბაშიძის მხრიდან არსებულ სახლთან, ამიტომ რაიმე განსაკუთრებული საშიშროება ამ სახლს არ ემუქრება. მაგრამ სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სადარბაზოებში მოსახლეობის დაბრუნება დაუშვებელია“, – ამბობს ლელა სურმანიძე.

მერიის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებს ექსპერტიზა უტარდება.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მისი თქმით, ამ დროისთვის სასტუმროში 23 ოჯახია გაყვანილი, ნაწილი კი საკუთარი სურვილით გავიდა ალტერნატიულ საცხოვრებელში.

„ვისაც ჰქონდა სუბიექტური შიშები, ჩვენ ეს ოჯახებიც დავაკმაყოფილეთ და გუშინ ოთხი ოჯახი გადავიყვანეთ კიდევ სასტუმროში აბაშიძის ქუჩაზე არსებული კორპუსიდან. სანამ არ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, მათ ვერ ვეუბნებით დადასტურებულად, რომ უსაფრთხოა ცხოვრება.

იმ კორპუსში, სადაც ჩამოინგრა სადარბაზო, კატეგორიულად აკრძალულია შესვლა, პოლიციას დაკეტილი აქვს სადარბაზოებიც და შემოსასვლელიც, რომ არავინ არ შევიდეს,“-ამბობს სურმანიძე.

ექსპერტიზის დასკვნამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მერია დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირას გადაუხდის, „შემდეგ კი მერიის საბინაო ფონდიდან მიიღებენ ბინებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: