Covid19-ის ვაქცინის ბუსტერ დოზებით აცრა სამედიცინო დაწესებულებებში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. ბუსტერ დოზით აცრა უნდა მოხდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან.
ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ ის დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას კორონა ვირუსით დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის არიან:
- 50 წლის და უფროსი ასაკის პირები
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრები 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათი მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად)
- სამედიცინო პერსონალი
- 16-დან 49 წლის ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულმა პირებმა ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა.