მთავარი,სიახლეები

გამონგრეული სადარბაზოები ბათუმში – მშენებლობა კონტროლს მიღმა

09.10.2021 • 2864
გამონგრეული სადარბაზოები ბათუმში – მშენებლობა კონტროლს მიღმა

„მიშენებების პრობლემა სამწუხაროდ ოთხმოცდაათიანი წლების უბედურებაა, როგორც ბათუმში ასე თბილისში. არ ვიცი მაგას რა უნდა ვუყოთ და რა უნდა უყოს ხელისუფლებამ. პრობლემა გვაქვს დიდი, არამარტო ბათუმში, არამედ მთელს ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს, 9 ოქტომბერს ბათუმში.

შს მინისტრი ამ დროს 26 მაისის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. აქ გუშინ, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაღუპულია ცხრა ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

არ ვიცით რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს შს მინისტრი, რომ დაშენება-მიშენება მხოლოდ ოთხმოცდაათიანი წლების ტენდენცია იყო. ბათუმში არსებული ვითარების გათვალისწინებით შეგვიძლია დამატებით ის ვთქვათ, რომ დაშენება-მიშენების გარდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმში კორპუსების პირველი სართულების გამონგრევის და კომერციულ ფართობებად ქცევის ტენდენციაც დამკვიდრდა.

ასეთი სამუშაოების დროს მესაკუთრეები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ფართობი, მათ შორის სარდაფის ნაწილი და სიღრმეებში ჩასვლასაც არ ერიდებიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ დროის განსაკუთრებით საფრთხილოა გრუნტის ამოღება, ამიტომაც თუ მსგავსი სამუშაო დაგეგმილია, პროექტი აუცილებლად უნდა შეაფასოს კონსტრუქტორმა. გარდა ამისა, დაუშვებელია ე.წ. საყრდენი კედლის მოშლა.

პირველი სართულებისა და სარდაფების კომერციულ ფართობებად ქცევაზე მოთხოვნა მაღალი რომაა, ამას მერიაშიც ადასტურებენ. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახური, უმეტესად პირველი კლასის სამუშაოებზე გასცემს შეთანხმებას. თუმცა რამდენად ემთხვევა შემდეგ  შესრულებული სამუშაო შეთანხმების პირობებს, ამაზე პასუხი მერიაში არ აქვთ.

„სტატისტიკა ნამდვილად არ მაქვს, მიმართვები ან საჩივრები ამის თაობაზე შესაძლოა ჰქონდეს ზედამხედველობის სამსახურს. რაც შეეხება ფაქტებს, რემონტი ვისაც გაუკეთებია სახლში, აქვთ სურვილი, რომ რაღაც ფართობები გაადიდონ. თუ იქ დაუდევრად გამოანგრევს რაღაცას არასპეციალისტი, შესაძლებელია დაზიანება მოხდეს ან გასცდეს მერიასთან შეთანხმებული დოკუმენტაციის ფარგლებს. ძირითადად თანხმდება ვიტრაჟის მოწყობის პროექტები, ხოლო ამ შეთანხმებული პროექტის გარდა დამატებით შიგნით ვინ რას მოიმოქმედებს ამის კონტროლი ურთულესი იქნება. ზოგადად, ასეთი ტიპის ნებართვები არის ყველაზე მოთხოვნადი“, – ამბობს მირიან მეტრეველი, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი.

რა შეთანხმებას ითხოვდა მესაკუთრე 26 მაისის #13-ში: სადარბაზო, რომელიც დაინგრა

26 მაისის უკვე ჩამონგრეულ კორპუსში [#13] პირველი კლასის სამუშაო ერთ-ერთი ბინის მესაკუთრემ [შს სამინისტროს ინფორმაციით ის დაკავებულია] ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურს 2020 წელს შეათანხმა.

მერიაში განგვიმარტეს ასევე, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ ქუჩის მხარეს ვიტრაჟის მოწყობას ითვალისწინებდა. თუმცა, ეს სამუშაო მესაკუთრეს საერთოდ არ შეუსრულებია.

მირიან მეტრეველის განმარტებით, მსგავსი ტიპის შეთანხმება არის ე.წ. შეტყობინება, რომელსაც ერთწლიანი ვადა აქვს. 26 მაისის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მერიაში შესულ შეტყობინებას ვადა 2021 წლის თებერვალში გაუვიდა [შეთანხმება 2020 წლის თებერვლით თარიღდება]. ამიტომაც მერიის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ შემთხვევის ადგილზე განაცხადა, რომ მერიას აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბინის მესაკუთრე უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა.

„თავდაპირველი კითხვები წამოვიდა დაშენებაზე, სწორედ ამას უკავშირდებოდა მერის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარები, რომ იქ ნებართვა გაცემული არ ყოფილა. რაც შეეხება ზოგადად ნებართვებს, ამ სახლზე 2017 წელს გაიცა ლიფტის მიშენების ნებართვა ეზოს მხრიდან, თუმცა შენობის გარედან. ხოლო პირველ სართულზე 2020 წლის თებერვალში აქვს პირველი კლასის შეთანხმება მესაკუთრეს, არსებული ფანჯრის ნაცვლად, ვიტრაჟის მოწყობაზე, რაც არ ჰქონდა განხორციელებული.“

მირიან მეტრეველი განმარტავს ასევე, რომ ვიტრაჟის მოწყობაზე შეთანხმების პროექტი გულისხმობდა კონსტრუქციულ ნახაზებს და მეთოდოლოგიას, როგორ უნდა განხორციელებულიყო სამუშაოები: „შიდა სამუშაოების, მიწის ამოღების, სარდაფის და პირველი სართულის გაერთიანების, მსგავსი სამუშაოების თაობაზე ჩვენთვის არ მოუმართავს.“

  • რას გულისხმობს პირველი კლასის სამუშაო

ე.წ. პირველი კლასის სამუშაო ძირითადად მსუბუქ სარემონტო სამუშაოებს გულისხმობს, ამიტომაც კანონი ასეთი შეთანხმების გაცემისას რთულ პროცედურებს არ ითვალისწინებს და არც დასრულებულ სამუშაოს იბარებს მერია. ამ პროცესს ძირითადად არავინ აკონტროლებს. მირიან მეტრეველი ამბობს, რომ ამ პროცესის კონტროლისთვის რესურსი  ფაქტობრივად არ არსებობს.

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, ნანგრევებთან არაერთი ადამიანი აცხადებდა მსგავსი პრობლემის შესახებ. მათ მედიას უთხრეს, რომ მსგავსი სამუშაოების გაპროტესტებით მშენებლებთან შედეგს ვერ მიაღწიეს და პასუხები ვერც შესაბამისი სტრუქტურისგან მიიღეს.

  •  მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

დღეს, 9 ოქტომბერს, მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა ისიც, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მერიის შესაბამის სამსახურებს გამოკითხავენ. პოლიციას აინტერესებს იყო თუ არა რაიმე სახის შეთანხმება, ნებართვა ან განაცხადი 26 მაისის #13-ში სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.

ბათუმის მერიის ქალაქლმშენებლობსა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. მან ასევე გვითხრა, რომ ამ დროისთვის არ იცის, მერიის სხვა თანამშრომლები თუ დაიბარეს გამოკითხვაზე: „ჩემი სამსახურიდან სხვა არავინ ყოფილა ჩემს გარდა და სხვა სამსახურების შესახებ არ ვიცი.“

ვერ შევძელით გადამოწმება, იყო თუ არა ვინმე დაბარებული გამოკითხვაზე მუნიციპალური ინსპექციიდან. ამ უწყებას ბათუმში საზედამხედველო სფეროები, მათ შორის სამშენებლო მიმართულების კონტროლი ევალება. ამ დროისთვის ინსპექციის ხელმძღვანელი ტელეფონს არ პასუხობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქემ ფართობის გასაერთიანებლად საკუთრებაში არსებულ ბინას საყრდენი კედლები გამოაცალა, უკვე ფაქტობრივად დასტურდება. ასეთი გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის ალბათ ვიტრაჟსაც მოაწყობდა. ამ სახლში მაცხოვრებლების ინფორმაციით, ის ფართობს კომერციული თვალსაზრისით გამოსაყენებლად ამზადებდა.

პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან გასულ ზაფხულსაც მოგვმართეს. მოქალაქეებს აინტერესებდათ შეთანხმებული იყო თუ არა სამუშაოები მერიასთან და იყო თუ არა ეს სამუშაოები უსაფრთხო. მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ ნებართვა გაცემული იყო. ახლა ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

დღეს, 9 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ  სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალისტები ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდებარე სახლების მდგომარეობას შეისწავლიან. რამდენად მოახერხებენ სპეციალისტები მსგავსი პროექტების შესწავლას სრულად, ეს ჯერჯერობით არ ვიცით.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამონგრეულ კორპუსში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექცია ერთი კვირის წინ გამოიძახეს, რასაც სამსახური არ ადასტურებს:

„26 მაისის 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინება არ დაფიქსირებულა“- აცხადებენ ინსპექციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: