ადვოკატი ბათუმში სუსთან დაკავებულ ოპოზიციონერებს ვერ პოულობს – „ეს გატაცებაა“

იურისტი მირზა მამულაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებს დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმში, სუსის შენობასთან დაკავებული ოპოზიციონერების ადგილსამყოფლის დადგენას. ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის იურისტი და დაკავებულების ინტერესების დამცველია.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას და იმ მოტივს, რაც პოლიციამ მათ მიმართ დღეს გამოიყენა საიას იურისტი აფასებს, როგორც „გატაცებას – რეპრესიებს მშვიდობიანი  დემონსტრანტების მიმართ.“

დღეს დილით პოლიციამ სუსის შენობასთან „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები – ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე და პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ გორგაძე დააკავა. მათ სუსის შენობასთან აქცია პერფორმანსი გამართეს, შენობის შესასვლელთან გააჩერეს მანქანა, რომლის საქარე მინაზეც ტრანსპარანტები ჰქონდათ განთავსებული. ისინი ამ აქციით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

მირზა მამულაძის ინფორმაციით, მოგვიანებით პოლიციამ სუსის შენობასთან „გირჩი მეტი თავისუფლების“ კიდევ ერთი დემონსტრანტი დააკავა, იურისტი მის დაკავებას „გატაცებას“ უწოდებს:

„გაიტაცეს, ეს სიტყვა ზუსტად ასახავს იმას, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები, რომელთაც ამ ქვეყნის უსაფრთხოება აბარიათ, ახორციელებენ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.“

იურისტის ინფორმაციით, რომა მახარაძე მაშინ დააკავეს, როცა ის სუსის შენობასთან მუსიკას უსმენდა:

„აქტივისტები უსმენდნენ მუსიკას და ამ ფორმით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში ვითარდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ამ მუსიკის გამორთვა იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი იზღუდებოდა. არადა იყო დღის საათები და რასაც ისინი აკეთებდნენ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. მუსიკას უსმენდნენ არც მაინც და მაინც მაღალ ხმაზე, რომ ვინმე შეწუხებულიყო, მეც იქ გახლდით.

დაკავების დროს საკმაოდ ხმადაბლა მიმდინარეობდა კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებს შორის. უცებ, ფაქტობრივად, ადამიანი გაიტაცეს, როცა მუსიკა უკვე გამორთული იყო. ის, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.“

რაც შეეხება დაკავებულების ადგილსამყოფელს, იურისტის ინფორმაციით, მათ პოლიციამ ჯერ არასწორი მისამართი მიაწოდა:

„ჯერ საპატრულოში ვცადეთ ინფორმაციის მოძიება, თუ სად იყვნენ დაკავებულები. განგვიმარტეს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში იყვნენ გრიბოედოვის ქუჩაზე. აქ გვითხრეს, რომ ჯერ არ გადმოუყვანიათო. ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში ჩვენთვის უცნობი იყო  იმის შესახებ, სად ჰყავდათ დაკავებულები“.

სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქობულეთშია გადაყვანილი, ამის დაზუსტებას ახლა სახალხო დამცველის წარმომადგენელი ცდილობს.

„თუ დაკავებულები ქობულეთში არიან, გაუგებარია ჩემთვის რატომ. ვარაუდის დონეზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თითქოს მოერიდნენ დამატებით პროტესტის კერის შექმნას. ამ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში არ აძლევენ  დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელების შესაძლებლობას. ცდილობენ, რომ მათ არ ჰქონდეთ კომუნიკაცია ადვოკატთან. როცა პოლიციელი აკავებს პირს, ის უნდა გადაიყვანოს სასამართლოში. სასამართლომ უნდა შეამოწმოს ადამიანის დაკავების კანონიერება.“

მირზა მამულაძის თქმით, გიორგი ფუტკარაძის დაკავების კადრებში კარგად ჩანს, რომ მისი მხრიდან არანაირ დაუმორჩილებლობას, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება თემურ გორგაძეს, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა და კარი ჰქონდა ჩაკეტილი, იურისტი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში:

„ამან შეიძლება გარკვეული დისკომფორტები შეუქმნა მათ, თუმცა პროტესტი მათ შორის ამ ფორმით გამოხატვა გულისხმობს იმასაც, რომ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს შეიძლება გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ. სწორედ ეს არის პროტესტის მიზანი. ამიტომაც ამ შემთხვევაშიც დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო – აქ თუ ფორმალურად მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდათ სამართალდამცავებს, დანარჩენი ორის დაკავება წარმოადგენდა წმინდა წყლის რეპრესიას“.

ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ხელვაჩაურის სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR აცხადებს, რომ  პროკურატურამ და სასამართლომ, საპატრიარქოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელი დაზარალებულად არ ცნო.

2021 წლის ივნისში, მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი, კიდევ ერთი ბავშვთა სახლის ყოფილმა აღსაზრდელმა ისაუბრა, იქ ცხოვრების დროს, აღმზრდელების მხრიდან, მასზე ძალადობის და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე.

„21 წლის ლუკა სარალიძემ, რომლის ინტერესებსაც PHR იცავს, საჯაროდ ისაუბრა მის მიმართ ფერიის პანსიონში ცხოვრებისას (წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი) წლების განმავლობაში, სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

ლუკამ დაახლოებით 7 წელი იცხოვრა ფერიის ბავშვთა სახლში. ის იხსენებს, რომ პანსიონში ცხოვრებისას, შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების და თამაშის უფლება. პანსიონის აღმზრდელები მას მუდმივად სჯიდნენ, რაც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, დამამცირებელ მოპყრობაში გამოიხატებოდა“ – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

ორგანიზაციის ცნობით, ლუკას სცემდნენ ხელებით, ფეხებით, მყარი ნივთების გამოყენებით: წიგნით, ფეხსაცმლით, სახაზავით, რკინის ჯოხით. როგორც ლუკა ყვება, აღმზრელები გასაკუთრებულ სასტიკ მეთოდებსაც იყენებდნენ მის დასასჯელად, კერძოდ, აიძულებდნენ საათობით მუხლებზე დაჩოქილიყო და თავი კარადაში ჩაერგო.

„ლუკა სარალიძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც დასჯისა და დამცირების მიზნით, ერთ-ერთმა აღმზრდელმა, ჯერ სცემა, შემდეგ ატირებულ ბავშვს ჩააცვა კაბა, სკოლის დერეფანში მასწავლებლისა და აღსაზრდელების დასანახად გაატარა შეძახილებით – „ქალუსია,“ „ქალაჩუნა,“ „მტირალა.“

ლუკამ ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ (11 წლის ასაკში) დეტალურად ისაუბრა განცდილ ძალადობაზე სახელმწიფოს სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის სპეციალურ ანგარიშში და სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ წარმოებულ ოფიციალურ ჩანაწერებში. მიუხედავად ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემის სრული ინფორმირების, ასევე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებისა, ლუკა სარალიძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია

სოციალური მუშაკის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ამბობს [ლუკა], რომ იქ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. მას ხშირად სჯიდნენ ფიზიკურად, ამცირებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას.“

პანსიონში მის მიმართ ძალადობრივი მოპყრობის შედეგად, ლუკა სარალიძეს დაეწყო მძიმე ფსიქოლოგიური და ზოგადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ლუკას მონათხრობის სისწორე დასტურდება ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტაციით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ შედგენილი შეფასებებითა და დასკვნებით, პანსიონის სხვა აღსაზრდელის მონათხრობით, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით“ – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

2021 წლის ივნისში ლუკა სარალიძემ საჯაროდ ისაუბრა პანსიონში განცდილი არასათანადო მოპყრობის შესახებ. ლუკამ წერილობით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურას და გამოძიების დაწყება ითხოვა. 2021 წლის 22 ივნისს, გამოძიება დაიწყო ლუკა სარალიძის მიმართ, ყველაზე მსუბუქი სახის ფიზიკური ძალადობის მუხლით.

ლუკას გამოკითხვის შემდეგ, 2021 წლის 21 ივლისს, PHR-მა განცხადებით მიმართა საქმის პროკურორს და მოითხოვა კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიების გაგრძელება არა ძალადობის, არამედ წამების მუხლით. პროკურორმა ადვოკატის განცხადება უპასუხოდ დატოვა, რაც გასაჩივრდა ხელვაჩაურის რაიონულ პროკურორთან, თუმცა უშედეგოდ.

გამოძიების დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, 2021 წლის 30 სექტემბერს, მაშინ როდესაც სახელმწიფოს საკმარისი მტკიცებულებები უკვე მოპოვებული უნდა ჰქონოდა, ადვოკატმა განცხადებით მიმართა პროკურორს და ითხოვა ლუკა სარალიძის დაზარალებულად ცნობა მის მიმართ, ფერიის პანსიონში, აღმზრდელების მხრიდან, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამების ფაქტებზე.

პროკურორმა არ დააკმაყოფილა განცხადება და უარის მიზეზი არ დაასაბუთა. აღნიშნული უარიც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან, რომელიც დაეთანხმა კოლეგას და უარი უთხრა ლუკას მსხვერპლად აღიარებაზე.

2021 წლის 22 ოქტომბერს, ადვოკატმა საჩივრით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ლუკა სარალიძის დაზარალებულად ცნობაზე პროკურატურის უარის გაუქმება და ლუკას დაზარალებულად ცნობა სავარაუდოდ წამების დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე) არ დააკმაყოფილა ადვოკატის საჩივარი. სასამართლომ საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად დაადგინა, რომ 4 თვის მანძილზე გამოძიებას არ აქვს შეგროვებული მტკიცებულებები რაც საკმარისი იქნებოდა ლუკას დაზარალებულად ცნობისთვის. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

„შედეგად, დღემდე: ლუკასთვის და მისი ადვოკატისთვის სრულიად უცნობია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ლუკას და ადვოკატს სრულიად ჩამორთმეული აქვთ უფლება ნახონ საქმის მასალები და აკონტროლონ საგამოძიებო უწყების მუშაობა. განახორციელონ ეფექტური დაცვის უფლება“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც PHR ავრცელებს.

PHR აცხადებს, რომ გააგრძელებს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელების უფლებების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.

ბავშვებს კალმის სწორად დაჭერაც კი უჭირთ – დაწყებითის მასწავლებელი პანდემიის გავლენებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე, მათ ქცევით განვითარებასა და განათლებაზე, რა რისკების წინ დგას დღემდე სკოლა – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე საუბრობს.

  • ბატონო მინდია, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ აისახა პანდემიის პერიოდი ბავშვების აკადემიურ უნარებზე ან ქცევაზე?

ჩემი მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან არიან მოსული და პრობლემა ისაა, რომ გასულ წელს, პანდემიის გამო ვერც ბაღები მუშაობდა. როცა გაიხსნა, მშობლების ნაწილი მაინც არ ატარებდა კოვიდის გადადების შიშით. ის, რაც ბაღის ბოლო ეტაპზე უნდა ესწავლათ ამ ბავშვებს, ფაქტობრივად, არ გაუვლიათ. ბაღის ბოლო ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სასკოლო მზაობისთვის. ახლა მყავს ჯგუფი 29 ბავშვით, რომლებსაც წინა სასკოლო პერიოდი არ გაუვლიათ, 2-3 ბავშვის გამოკლებით, რომლებმაც კერძო მომზადება გაიარეს. ეს კი არ ცვლის საერთო ფონს.

მოსწავლეები მოვიდნენ მოტორიკის დარღვევით. მაგალითად ფანქრის, კალმის სწორად დაჭერა არ შეუძლიათ. აღიარებული მეთოდია – სწორად რომ დაწერო, კალამი სამი თითით უნდა გეჭიროს. სხვანაირად  მოუხერხებელია. ამ ბავშვებს ხუთივე თითით უჭირავთ კალამი ან მუჭში აქვთ მოქცეული. მე რომ შევუცვალე თითების მდგომარეობა, ვერ დაწერა და ვერც გააფერადა. ასეთი რამეები ბაღში უნდა ისწავლოს ბავშვმა. იქ ასწავლიან გაფერადებას, გამოჭრას და ასე შემდეგ.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, – „თუ ასე აკეთებს და წერს, მოდი მივცეთ ნება, რომ ასე გააკეთოს“,  მაგრამ ანბანი რომ კარგად დავწეროთ და გამოგვივიდეს, ამისთვის სამი თითით წერა უნდა ისწავლო.

ამიტომაც ჩავთვალე, რომ 5 წლის ბავშვები მივიღე პირველ კლასში. ზოგადად, სკოლაში 1-2 თვე წინასაანბანო პერიოდი გვაქვს, მაგრამ მე დავიწყე უფრო ქვედა დონიდან მუშაობა, მოტორიკაზე მუშაობა, სანამ წერაზე გადავიდოდით.

ერთი პერიოდი ვიფიქრე, კიდევ ხომ არ გადავწიო დონე-მეთქი, მაგრამ არსებობს საშიშროებაა, რომ შესაძლოა კიდევ მოგვიწიოს ჩაკეტვა ან დისტანციურზე გადასვლა, ვირუსის მაღალი გავრცელების გამო. მაშინ ანბანის დისტანციურად სწავლება მოგვიწევდა. ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იქნება.

  • შარშანდელ პირველკლასელებს ხომ მოუწიათ ონლაინში ანბანის სწავლა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია?

მხოლოდ მასწავლებელზე და მოსწავლეებზე ამ საქმის დატოვება შეუძლებელიც შეიძლება იყოს. მე არ მქონია პრაქტიკაში ასეთი რამ, თუმცა ჩემი კოლეგებისგან მსმენია, რომ თუ მშობელი არ დაეხმარა, ფაქტობრივად შეუძლებელია ონლაინ ასწავლო ბავშვს ანბანი.

მყავს კოლეგები, ვისაც გასულ წელს მოუწია პირველი სემესტრი სრულად დისტანციურზე ყოფნა და მათი გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან ცუდი შედეგი დადეს. შემდეგ თავიდან მოუწიათ ამ ყველაფრის გავლა და მშობლების ძალიან დიდი ძალისხმევაც დასჭირდათ, რომ ეს მდგომარეობა გამოესწორებინათ.

  • რატომ ვერ ხერხდება ონლაინში ანბანის ან თუნდაც წერის სწავლება?

ონლაინს ახლავს ის ცუდი თვისება, რომ არათანაბარ სიტუაციაში აყენებს მოსწავლეებს. სკოლაში თუ ვინმე არ გისმენს, ჩართავ პროცესში, მაგრამ ონლაინში ამას ვერ აკეთებ. ვიღაცას ინტერნეტი გაეთიშა, ვიღაცას ყურადღება გაეფანტა.  ყველაზე ცუდი ის არის, რომ „თიმსში“ყველა მოსწავლეს ვერ ხედავ. მაქსიმუმ 8-12 მოსწავლე დაინახო.

არის ფუნქცია, რომელსაც მე პარლამენტის სხდომას ვეძახი ხოლმე ხუმრობით, როცა რთავ ყველას, მაგრამ მხოლოდ თავები ჩანს და ისიც შორიდან. რეალურად არაფერი ჩანს. წარმოიდგინეთ სცენაზე დგახარ და დარბაზში უყურებ, ასეთი ვარიანტია ზუსტად. ამიტომ გადავწყვიტე „ზუმში“ ჩამეტარებინა [გაკვეთილები], თუმცა სკოლის მოთხოვნაა, რომ ჩავატაროთ „თიმსში“.

  • ამის გამო პრობლემებს არ შეგიქმნიან?

„თიმსი“ იმიტომ არის მოთხოვნაში, რომ იქ აღირიცხება მოსწავლეთა დასწრება, მაგრამ მაინც აქვს მინუსი – თუ შემოვიდა მოსწავლე 1 წუთით და შემდეგ გავიდა, ის აღრიცხვაში რჩება. გარდა ამისა, ისედაც  ბევრი ხარვეზი აქვს „თიმსს“ და ამაზე ხშირად საუბრობენ მასწავლებლები.

  • დავუბრუნდეთ ისევ კლასს, გარდა მოტორიკისა და კიდევ რა პრობლემები აჩვენა ბავშვებში დისტანციურზე ყოფნამ?

ქცევითი პრობლემები, რა თქმა უნდა. ძალიან ბავშვურები მოდიან. რას ნიშნავს ბავშვურები? – უჭირთ კონცენტრაცია ერთ საკითხზე, მოსმენა, ყურადღების გადატანა და ასე შემდეგ. მალე ეფანტებათ გონება. თუ, ვთქვათ, 10 წუთია საჭირო რაღაც დავალებაზე გათვალისწინებული, 3-5 წუთში ბავშვები უკვე იღლებიან და სხვა რამეზე გადააქვთ ყურადღება.

ქცევის წესებზე დავხარჯე მაგალითად რამდენიმე კვირა სკოლაში. იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი სკოლაში, სოციუმში. რომ არ შეიძლება მაგალითად ყოველთვის ადგე და იარო კლასში, როცა გინდა მაშინ გახვიდე გარეთ, როცა გინდა მაშინ წახვიდე დედასთან. ასეთი ელემენტარული რამეები რომ გვესწავლა ბაღში, სკოლაში აღარ მოგვიწევდა გავლა. ფაქტობრივად, ერთი წელი ტყუილად იყვნენ, არაფერს აკეთებდნენ სახლში და ეს არის შედეგი.

  • იყო საუბარი იმაზეც, რომ პანდემიის პერიოდში ძალიან დამოკიდებული გახდნენ ბავშვები გაჯეტებზე. ფსიქოლოგების თქმით, ასეთ დროს ბავშვი ეჩვევა პასიურ აზროვნებას და ნაკლებადაა ინტერაქციული. ამ მხრივ რა ვითარებაა?

ეს უფრო მაღალ კლასებში ვლინდება, იქ უფროა საჭირო ინტერაქციაც და აზროვნების მაღალი დონეც. დაბალ ასაკში ყურადღების მოდუნება ხდება მარტივად. დავალების  ახსნის დროს რამდენიმე წუთი გჭირდება, რომ სწორად მიაწოდო ინსტრუქცია, ამიტომ მცირე ლექციის ჩატარება მაინც გიწევს, უნდა აუხსნა რა როგორ გააკეთოს. შემდეგ ისმება კითხვებიც, მაგრამ შეიძლება გითხრას ისიც, რომ „ვერ გავიგე საერთოდ“. გიწევს თავიდან ახსნა. ამ დროს იღლება ბავშვი და სათანადოდ ვერ ასრულებს დავალებას, მაშინ როცა შეიძლება სხვამ მარტივად გაიგოს და დაასრულოს კიდეც დავალება დროულად.

ეს ყურადღების გაფანტულობის ბრალი მგონია. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვის განვითარების დონე ინდივიდუალურია და არ ვამბობ, რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ ვგულისხმობ იმ მომზადებას, რომელიც ბავშვს სახლში ან ბაღში უნდა გაევლო.

  • მშობლები ხომ ყიდულობენ ბავშვებისთვის ფერად წიგნებს, სახატავებს, პლასტელინებს – ძერწვისთვის. ეს ყველაფერი არ ეხმარება მათ გარკვეული უნარების გამომუშავებაში, ვთქვათ უფრო ორგანიზებული რომ იყვნენ სკოლისთვის?

მე, მაგალითად, სასწავლო პროცესის წინ შევხვდი მშობლებს, ინდივიდუალურად მინდოდა მათთან გასაუბრება, რადგან მშობლის სწორ ჩართულობას სასწავლო პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მშობელმა უნდა დააწერინოს ან მოამზადებინოს გაკვეთილები. თუ ოჯახში ყველა დაინტერესებულია ბავშვის სწავლით, ეკითხებიან, მასთან ერთად განიხილავენ თემებს, ამ დროს მოსწავლის მოტივაციაც იზრდება და კარგ შედეგს აღწევს.

მინახია მშობელი, რომელსაც მიჰყავს გაკვეთილების შემდეგ ბავშვი არჩევინებს კალამს, რვეულებს, ფანქრებს და ემზადებიან მეორე დღისთვის. ისეთი მშობელიც  ვიცი, რომელსაც ორი კვირის შემდეგაც არ გახსენებია, რომ რვეული სჭირდება მის შვილს. „დამავიწყდა“ – უთქვამთ ხოლმე. ხედავთ ხომ როგორი განსხვავებაა მშობლების ჩართულობაზე სასწავლო პროცესში?

რაც ხდება სახლში, იმის გამოვლინებაა სკოლაში. ეს ყველაფერი მშობლისგან მოდის. ერთი მშობელი ბავშვის თანდასწრებით მეუბნება – „მეც ასეთი ვიყავი და რა ვქნათ“. მას მოსწონდა, როგორიც იყო და ასეთ დროს მე ვეღარ დავეხმარები. ამიტომ არის მშობლის სწორი მიდგომა მნიშვნელოვანი.

  • ორი წელია უკვე საუბრობენ, რომ პანდემიის გამო დიდი სასკოლო დანაკარგები შეიძლება გვქონდეს. თუმცა რეალური შეფასება და ანალიზი ჯერ არ გვინახავს სამინისტროს მხრიდან. თქვენი როგორც პედაგოგის აზრი მაინტერესებს, როგორ უნდა გავზომოთ ეს დანაკარგები?

განათლების სამინისტროს რომ ჰკითხოთ, როგორ ჩააბარა ონლაინსწავლებაში გამოწვევა, გეტყვით, რომ ძალიან კარგად, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ხარისხიანი ონლაინსწავლება გვქონოდა. მე მიმაჩნია, რომ ვერ ჩავაბარეთ სათანადოდ ეს გამოცდა, როგორც გვიყვებიან და გვეუბნებიან ისე.

უამრავი პრობლემა დღესაც პრობლემად რჩება. დღესაც კი არ მაქვს ინტერნეტი კლასში, რომ ავუხსნა ბავშვებს, როგორ უნდა იმუშაონ ონლაინში, თუკი ამის საჭიროება ისევ დადგება. რა ხარისხითაც იყო ორი წლის წინ, იმ ხარისხით შეიძლება გაკეთდეს შემდეგაც გაკვეთილები. „თიმსი“ არ არის გამოსწორებული, ჭედავს, დღესაც რომ ჰკითხო მასწავლებლებს, გეტყვიან, რომ ჟურნალი არ მუშაობს, ვერ შეაქვთ შემაჯამებელი სამუშაოები, ნიშნები და ასე შემდეგ.

მოსწავლეებსაც კი არ ამზადებენ. მესამე-მეოთხე კლასელები არ გადიან საინფორმაციო ტექნოლოგიებში მომზადებას, არ უტარდებათ ისტის გაკვეთილები, არადა ამის ცოდნა სჭირდებათ, ონლაინზე გადასვლის შემთხვევაში რომ შეძლონ თიმსში შემოსვლა და გაკვეთილებზე დასწრება.

თავიდან როცა მივედი სკოლაში, ინტერნეტიც შემოვიყვანე კლასში, პროექტორიც დავამონტაჟე, მაგრამ შემდეგ შემეცვალა კლასი და იგივე მდგომარეობაში ვარ. ხომ არ წამოვიღებდი სხვა კლასიდან პროექტორს?

სკოლაში არსად არ არის ინტერნეტი. არის მხოლოდ დირექტორის, კომპიუტერების ოთახში და კანცელარიაში – სხვაგან არსად. დირექტორს ვუთხარი, რომ მჭირდება ქსეროქსი, ინტერნეტი და პროექტორი კლასში. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ წელს ჩაერთო, გვპირდებიან, რომ შემოიყვანენ ინტერნეტს. ერთი თვე უკვე გავიდა ამ დაპირებიდან, ვნახოთ.

  • ამ ყველაფერს როცა ემატება პანდემიის გავლენა, რამდენად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს სასწავლო დანაკარგები?

ჩემი აზრით, თუ არ შეიცვალა სკოლაში არაფერი, იგივე შედეგებს მივიღებთ, რაც იყო გასულ წელს. სხვა შემთხვევაში ზედმეტია რაიმე სწავლებაზე საუბარი.

მით უმეტეს, რომ რეგულაციებიდან გამომდინარე მასწავლებლებს გვევალება დისტანციის დაცვა, ჯგუფური მუშაობა არ შეიძლება, ფურცლის გამოყენება არ შეიძლება, წყვილში მუშაობა არ შეიძლება, – ანუ რა გამოდის, მოვა მოსწავლე დაჯდება, შენ შორს უნდა იყო, არც კი უნდა მიუახლოვდე, არც ინტერნეტია კლასში, არც პროექტორი, რომ ჩართო და შორიდან აჩვენო რაღაც… მე თუ არ მექნება ეს რესურსები, ვერ ისწავლის ბავშვი კომპიუტერთან მუშაობას, პრეზენტაციის გაკეთებას, დავალებების შესრულებას, იგივე იქნება, რაც იყო 2019 წელს.

შინაგანი პროტესტი მაქვს, რადგან არ მინდა, რომ ასეთი სკოლები გვქონდეს. მასწავლებლების მიდგომაც მინდა, რომ შეიცვალოს. ვიღაც არაფერს ამბობს, არც სკოლა უნდა გაანაწყენოს და არც სამინისტრო. მე ასე ცხოვრება, უბრალოდ არ შემიძლია. ჩვენ, მასწავლებლები უნდა შევიცვალოთ, ჩვენიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები. თუ მე არ ვიტყვი რა ხდება სკოლაში, თუნდაც იმ სკოლაში, სადაც ვარ – ბათუმის ცენტრში ინტერნეტი რომ არ არის კლასში, ეს ჩემთვის მიუღებელია.

პენსია სესხად – „ყველი მოგვიკითხეს, პური გვაქვს. ჩაის დავლევთ“ I Video

„წამლებს ვეღარ ვყიდულობდით და ამიტომ ავიღე საპენსიო სესხი. ჩემი ქმარი დაბადებიდან ყრუ-მუნჯია, ბოლო წლებია უსინათლოც გახდა… გვერდები სულ დალურჯებული აქვს, ყველაფერს ეჯახება… არც მე ვარ ჯანმრთელი,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ლეილა ღაღაიშვილი.

ამ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სოციალური შემწეობაც კი არ აქვს, 2025 წლამდე საპენსიო სესხი აქვს დასაფარი. ისინი მხოლოდ საბანკო სესხის პროცენტში გადაიხდიან 2527 ლარს. უსინათლო და ყრუ-მუნჯს კაცსაც სესხი 35 პროცენტად მისცეს.

კიდევ ერთი პენსიონერი, რომელსაც ქობულეთში ვესაუბრეთ, უსახლკაროა. ნათელა მარკოიძეც ამბობს, რომ სესხი იმიტომ აიღო, რომ „წამლებში ფული აღარ ეყო“.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 783 ათასი პენსიონერია და მათ თითქმის ნახევარს – 380 403 ადამიანს საპენსიო სესხი აქვს. ხელისუფლება ბოლო წლებია პენსიონერებს საპენსიო სესხის გაიაფებას ჰპირდება. ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, თუმცა ამ დრომდე პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად სიღარიბის გამო იღებენ ვალს, ყველაზე მაღალ პროცენტად, სტანდარტულად – 35, 36 პროცენტად აძლევენ სესხს.

  • სმენისარმქონე და უსინათლო პენსიონერი, რომელიც სესხში 35 პროცენტს იხდის

„ყველი მოგვიკითხა ახლობელმა. პური გვაქვს. ჩაის დავლევთ დღეს,“ – გვიყვება ლეილა ღაღაიშვილი და თან რეცეპტებთან ერთად, საპენსიო სესხის ხელშეკრულებას ეძებს მაგიდის ერთ კუთხეში მიმოფანტულ დოკუმენტებში.

ლეილა და ავთანდილ ღაღაიშვილები კვირიკეში „ჩაის ფაბრიკის“ ძველ ბინაში ცხოვრობენ. ბინა ურემონტოა. თვალის შევლებისთანავე ყურადღებას ავეჯი იქცევს, მაგალითად, მორყეული მდივნის გვერდით შედარებით ძვირადღირებული განჯინა.

„ნათესავები გვჩუქნიან, ვეცოდებით. ეს საათიც მაჩუქეს… სოციალურმა აგენტმაც მაღალი ქულები ჩაგვიწერა, დახმარებას წლებია აღარ გვაძლევენ,“ – ამბობს ლეილა და საძინებლიდან გამოყვანილ მეუღლეს მდივანზე დაჯდომაში ეხმარება. ავთანდილი ხელების მოძრაობით გამოხატავს, რომ მხარი სტკივა. ლეილას ავთანდილის ტუჩებთან თითი მიაქვს და მეორე ხელს მაჯაზე უჭერს.

ავთანდილ ღაღაიშვილი

„ასე ვაგებინებ, რომ წამლის დალევის დროა. ჩვენ ჩვენი ენა გვაქვს, მხოლოდ ჩვენ გვესმის,… არავის უსწავლებია, მაგრამ, აბა, 43 წელი ერთად ვართ უკვე, ადრე ფეხს რომ ვაბრახუნებდი ძლიერად, გრძნობდა. ახლა ესეც აღარ შველის,“ – ამბობს ლეილა და ავთანდილს წამალს ასმევს.

„ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ავთანდილ ღაღაიშვილმა სესხი 2021 წლის 19 ივლისს აიღო. ავთანდილს 3433 ლარი მისცეს და ჯამში 5960 ლარი უნდა დააბრუნოს 2025 წლისთვის. მხოლოდ პროცენტში სმენისა და მეტყველების უნარების არმქონე, უსინათლო პენსიონერი 2527 ლარს გადაიხდის. ყოველთვიურად ავთანდილს პენსიიდან 125 ლარი ეჭრება.

ავთანდილ ღაღაიშვილს ბანკმა სესხი 35.36 ეფექტური საპროცენტო განაკვეთით მისცა.

უსინათლო, სმენისა და მეტყველების არმქონე პენსიონერის სესხის საპროცენტო განაკვეთი 35 პროცენტია

„მანამდე მე მქონდა სესხი,“ – დასძინა ლეილა ღაღაიშვილმა, როცა სესხის ხელშეკრულებას ვეცნობოდით“. – „მე რამდენი მქონდა არ მახსოვს, მაგრამ ახლა გაგვიერთიანეს და ამიტომ გამოვიტანე ავთანდილის სახელზე…“ – ამბობს ლეილა და მერე ცალ-ცალკე ავთანდილისთვის და მისთვის გამოწერილ რეცეპტებსაც გვაცნობს.

„ძვირია ძალიან,“ – მოკლედ მპასუხობს, როცა ვეკითხები, დაახლოებით რამდენი ლარი სჭირდება მხოლოდ წამლებში და იხსენებს, რომ ახლახან მხოლოდ ერთი კვირის წამლები იყიდა და 80 ლარი დაუჯდა.

ლეილა ღაღაიშვილის თქმით, სესხი იმიტომ აიღო, რომ წამლების გამო დავალიანება ბევრი დაუგროვდა.

„ყველგან ვალი მქონდა, ყველგან, რა მექნა?

სოციალურს არ მაძლევენ, მაგრამ უფასო სასადილოთი ვსარგებლობ. ყოველდღე „მარშუტკით“ ჩავდივარ ქობულეთში და კონტეინერებით მომაქვს სადილი. გზაში მხოლოდ 1 ლარი მჭირდება – 50 თეთრი იქეთ, 50 თეთრი – უკანა გზაზე.

თვე-ნახევარია არ ჩავსულვარ სასადილოში, კოვიდი გვქონდა ორივეს და ძლივს გადავრჩით. მე უფრო გამიჭირდა, რადგან თრომბიც მაქვს, 15 წელია ასთმა მაქვს, სასუნთქი აპარატის გარეშე სუნთქვა მიჭირს, ბალონს მაძლევდა მთავრობა, მაგრამ ახლა მაგასაც ვერ მაძლევენ, რა ვიცი, აღარ გამოდისო,“ – გვითხრა ლეილა ღაღაიშვილმა და დასძინა აუცილებლად აღნიშნოთ, რომ მთავრობას საახალწლოდ და ზოგჯერ სხვა დროსაც საკვები პროდუქტები მიაქვს.

ლეილას და ავთანდილს ორი შვილი ჰყავთ.

„გოგო კახეთში გათხოვდა, ბიჭი 40 წლისაა, უმუშევარია. რა ქნას? მუშის ადგილიც აღარაა, ხან სადაა და ხან – სად,“ – დასძინა ლეილა ღაღაიშვილმა.

  • „სულ ყურადღება სჭირდება, მოვლა, მარტო ვერაფერს იზამს“ – როგორ უვლის ქმარს პენსიონერი ცოლი 

„არ მინდა, რომ ნახოთ,“ – კატეგორიულია ლეილა ღაღაიშვილი, როცა სველი წერტილების მდგომარეობით ვინტერესდებით. ლეილა ამბობს, რომ დღითიდღე უჭირს უსინათლო და სმენისარმქონე ქმრის მოვლა, მით უფრო მაშინ, როცა პენსიიდან 125 ლარი სესხში მიდის.

„18 წლისა ვიყავი, როცა გამათხოვეს. არ ვიცოდი, თუ ყრუ – მუნჯი იყო,“ – იხსენებს ლეილა ღაღაიშვილი. – „ქორწინებიდან კიდევ 2 დღე ვერ მივხვდი, თუ ყრუ-მუნჯი იყო, ვიფიქრე, ალბათ, მორიდებული კაცია-მეთქი.

მერე მივხვდი, ძმა რომ ხელებით ელაპარაკებოდა, სულელი ხომ არ ვიყავი. მაშინაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, მაგრამ ასე ძლიერად არა.

დედაჩემი მოვიდა გადარეული, არ დავტოვებ ჩემ შვილსო. დედამთილმა ოთახში გამომკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. უკვე მეც არ მინდოდა წასვლა, ხომ გესმით, როგორ იციან ჩვენთან თქმა…

საქმის კეთება შეეძლო, სულ მუშაობდა, ჩხირკედელაობა იცოდა, სანტექნიკას აკეთებდა, სინათლის გაყვანილობას. რვა კლასი დამთავრებული აქვს. ქუთაისში ისწავლა სპეციალურ სასწავლებელში.

ხუთჯერ, ზუსტად ხუთჯერ გავიქეცი ამისგან, ვიდრე პირველ შვილს გავაჩენდი, კაი გოგო ვიყავ, არ ვტრაბახობ… ვიდრე გავთხოვდებოდი ქობულეთის კულტურის სახლში დავდიოდი, მბეჭდაობა მასწავლეს, მარა ვინ მამუშავა?

დედ-მამის ოჯახში როცა ვიყავი, ვიგებდი, რომ სულ ტიროდა უჩემოდ და უკან ვბრუნდებოდი. ასე შევაბერდით ერთმანეთს,“ – დაასრულა ლეილა ღაღაიშვილმა, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა ფოტოს გადაღებაზე.

  • უსახლკარო პენსიონერი: „როცა ქმარი მიკვდებოდა, მაშინ ავიღე სესხი“ 

მარტოხელა და უსახლკარო 63 წლის ნათელა მარკოიძისთვის პენსია ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მესამე წელია 240-ლარიანი პენსიიდან თვეში მხოლოდ 155 ლარს იღებს. ნათელა მარკოიძესაც საპენსიო სესხი აქვს.

ნათელა მარკოიძე ქოხში ცხოვრობს, რომელიც სახელმწიფოს მიწაზე ააშენა. ქოხი ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედაა, ლიანდაგებთან ახლოს.

„შეიძლება ჩავარდე, ფეხი ფრთხილად უნდა დაადგა,“ – გვაფრთხილებს ქალი, რომელიც ქოხის შესასვლელთან გვხდება ჯოხზე დაყრდნობილი.

ნათელა მარკოიძე

ფიცრული ქოხი რამდენიმე ბოძზე დაუდგამთ. ალაგ-ალაგ ხის ფიცრებზე თუნუქის ფილებია გაკრული, თუმცა ერთი შეხედვით იოლი წარმოსადგენია, რამდენად აუტანელი შეიძლება იყოს იქ ცხოვრება ავდარში, ან როგორ შეიძლება დაიცვა თავი ქვეწარმავლებისგან.

„წვიმა და თოვლი კი არა, როცა ქარია, გარეთ გავდივარ და აი, იმ შენობასთან ვჩერდები, მეშინია…“ – თითით გვანიშნებს მოშორებით მეზობლის სახლებისკენ პენსიონერი და აგრძელებს, – „სულ პატარა წვიმის დროსაც კი, ამ ეზოში წელამდე წყალი დგას. ამას წინათ, მეზობელმა წამიყვანა და მასთან გავათიე ღამე,“ – ამბობს ის და დაჭაობებულ ეზოს გვაჩვენებს, რომლის გავლა ყოველდღე უწევს პენსიონერს იმისთვის, რომ როცა ახლობელი სასადილოდან საჭმელს მოუტანს, ჭურჭელი ეზოში მოწყობილ ონკანთან გარეცხოს.

მარტოხელა პენსიონერს ქოხში სველი წერტილი არ აქვს.

„მე და ჩემი ქმარი დაახლოებით 15 წელი ნანგრევებში ვცხოვრობდით,“ – ნათელა მარკოიძეს ვთხოვეთ გაეხსენებინა, თუ რის გამო მოუწია საპენსიო სესხის აღება:

„ნანგრევებში ამაზე უარესი მდგომარეობა იყო, წურბელები, მორიელები, თაგვები… მანამდე სოფელში ვცხოვრობდით, კონფლიქტი იყო ოჯახში… ჩემი ქმარი ტრაქტორისტად მუშაობდა და რამდენიმე წელი ნაქირავებში ვიყავით.

ნანგრევებში ცხოვრების შედეგად ავად გახდა ქმარი, ბრონქულმა ასთმამ შეუტია. ინფარქტიც დაემატა.

ქობულეთის საავადმყოფომ ეს ჩვენი პაციენტი არ არისო, ბათუმში ხუთი დღე იყო მარტო უფასო, მერე გადასახდელი იყო, მედიკამენტები იყო საჭირო, ამ დროს ავიღე სესხი 1800 ლარი. ეს იყო სამი წლის წინ.

ავიღე სესხი და რამდენიმე დღეში ის მოკვდა.

სესხი უკან დამებრუნებია, კაი ის იყო, მაგრამ ვერ დავაბრუნე. მკვდარსაც პატრონობა ხომ უნდოდა?“ – მზერა ნანგრევისკენ გადააქვს ქალს და მერე იხსენებს, როგორ გაყიდა ერთადერთი მარჩენალი ძროხა, ქოხი რომ აეშენებია.

ნათელა მარკოიძეს სოციალური დახმარების მიღება შეუწყვიტეს. თუმცა ამბობს, რომ ხელახლა შეამოწმეს და ამ თვეში დახმარებას ისევ ელოდება.

„პირველ რიგში, წამალს ვყიდულობ. ადრე 120 – 130 ლარს ვხარჯავდი აფთიაქში, როცა სრულად ვიღებდი პენსიას.

ახლა 20 ლარს თუ დავხარჯავ, ისაა. მერე რაც დამრჩება, იმის მიხედვით, ხან კომბოსტოს ვიყიდი, ზეთს, კარტოფილს, პურის ფქვილს ვყიდულობ და სახლში ვაცხობ. პური ძალიან ძვირია, თან ისე პატარაა, რომ ერთ ცალ პურს, მე რომ მოხუცი ქალი ვარ, ერთ ჭამაზე შევჭამ.

პენსიონერთან მეზობლები ჩნდებიან. ისინი ქოხის გამაგრებას ცდილობენ.

მარტო მცხოვრები პენსიონერი ქალის ქოხი

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ასე მაღალი პროცენტის გადახდა არ უწევდეს პენსიონერს? – ვეკითხებით ნათელა მარკოიძეს, რომელიც პარკში გახვეულ დოკუმენტებში ეძებს ბანკის ხელშეკრულებას.

„მახსოვს, 36 პროცენტად ავიღე სესხი, სამმაგს გადამახდიებენ,“ – გაღიმებას ცდილობს მოხუცი. – „მინდობილობა აქვს ახლობელს და იმას გამოაქვს ჩემი პენსია. ბანკში ამას წინათ ვიყავი და ვიკითხე, რატომ არ დამთავრდა ჩემი სესხი. მითხრეს, რომ ეს ფული რასაც იხდით, პროცენტი იფარება, ძირი არაო, ასეთია ახალი კანონებიო.

პრეზიდენტი რომ გამოვიდა და თქვა, რომ ვინც ნემსს არ გაიკეთებს, უფასო მკურნალობა არ ერგებაო, გაჭირვებულს რომ ამხელა პროცენტს უწესებენ, ის მიხვდეს,“ – ერთადერთი ფანჯრიდან სივრცის ჰორიზონტს აჩერდება ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს.

___

მთავარი ფოტო: ნათელა მარკოიძე

„უნდა მოხდეს დიდი შერიგება“ – მურმან დუმბაძე იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მურმან დუმბაძე დღეს, 12 ნოემბერს, გაათავისუფლეს. ის სასამართლოზე დღეს საღამოს წარსდგება. როგორც მურმან დუმბაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, დაკავებულებს  სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„რატომ დამაკავეს არ ვიცი, ჟურნალისტების და პოლიციელების გარემოცვაში ვიყავი, რაღაცაზე ვსაუბრობდი, ამ დროს ვიღაც მოვიდა და დამაკავა. არ აუხსნიათ არაფერი, მაგრამ ორი დღე ვიყავი საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში. დღეს ამოიწურა 48-საათიანი ვადა და წამოგვიყვანეს სასამართლოში.

ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები და შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ წარმოადგინონ ვიდეომასალა. პირადად ჩემთან მიმართებაში ვიდეომასალა არსებობს, რომ დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, ვსაუბრობ და მაშინ მაკავებს პოლიციელი, არის ასეთი კადრები“, – ამბობს მურმან დუმბაძე.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა ძალადობა, არც გზაში, არც  დროებით იზოლატორში.

„მე უფრო სხვა რამ მაინტერესებდა, ის თუ როგორი იყო პოლიციელების შინაგანი ხედვა და მგონია, რომ პოლიციელების უმრავლესობაც ითხოვს ცვლილებას“, – ამბობს დუმბაძე.

კითხვაზე, თუ რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს, მურმან დუმბაძე ამბობს: „მეუბნებოდნენ, რომ ის, რაც ახლა ხდება თქვენ მიმართ და ან სხვებთან დაკავშირებით, არის დროის კარგვა და სახელმწიფო ტყუილად ირჯებაო. ისე მოხდა, რომ გადაყვანისას რამდენიმე ეკიპაჟი გამოვიცვალეთ  და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ პოლიციელების უმრავლესობა ითხოვს ცვლილებას. ერთმა პოლიციელმა ჩემზე იხუმრა კიდეც, მაგას ორივე ხელზე გაუკეთეთ „ნარუშნიკი“, მაგის მარჯვენამ და მარცხენამ დაგვღუპა, იმიტომ ვართ ამ დღეშიო“, – ამბობს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძის თქმით, ის, რაც დღეს ხდება, არის მშვიდობიანი მანიფესტაციები, მიტინგები, გამოსვლები და ამ გზით უნდა გაგრძელდეს პროტესტი. თუმცა ის ასევე დასძენს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის შერიგება აუცილებელია.

„ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია შესული და რაც დრო გადის, უფრო დიდ კრიზისში შევდივართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უნდა მოხდეს დიდი შერიგება. სხვანაირად ეს ქვეყანა აღარ დაწყნარდება. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს“, – ამბობს მურმან დუმბაძე.

____

10 ნოემბერს მურმან დუმბაძის გარდა თბილისში, საპროტესტო აქციაზე, 46 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ.

როდის დაიწყო წყლის ავზების გამოყენება კაცობრიობამ?

წყლის უძველესი ავზი ძვ.წ. 3000-1500 წლით თარიღდება და ის ინდის ველის ცივილიზაციის ხალხს ეკუთვნის. გამოდის, რომ წყლის ამ ფორმით მომარაგება კაცობრიობას, სულ მცირე, ამ დროიდან უნდა დაეწყო.

ძველად ადამიანები, ძირითადად, აგურით, ქვით, ხით, კერამიკითა და მეტალით ნაგებ ავზებში ინახავდნენ სუფთა თუ წვიმის წყალს. მარაგს შემდგომ დასალევად და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებდნენ. დახურული ავზებით წყალს დაბინძურებისგანაც იცავდნენ, რადგან მასში ხშირად ვრცელდებოდა ბაქტერიები და ის დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

უძველესი ავზები, დანიშნულების მიხედვით, იყო ღიაც და დახურულიც, აშენებდნენ მიწისქვეშ ან მიწის ზემოთ.

შუა საუკუნეებში ისინი სასახლეებისა და მონასტრების განუყოფელ ნაწილად იქცა. წყლის დიდი რაოდენობით მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასახლეებისა თუ ციხე-კოშკებისთვის ომიანობის დროს იყო. თუკი მათ მტერი ალყაში მოაქცევდა მაცხოვრებლებს საჭმლისა და წყლის საკმარისი მარაგი უნდა ჰქონოდათ.

ცხადია, მას შემდეგ ავზების დამზადებაში ბევრი რამ შეიცვალა და ადამიანმა ახალი მასალების გამოყენებაც დაიწყო. მაგალითად, დღეს ისინი ხშირად პოლიეთილენისგან იწარმოება. ამ მასალისა და მისი დამუშავების ახალი ტექნიკების მეშვეობით ერთდროულად გამძლე, მეტად ფუნქციური და გამოსაყენებლად თუ გადასატანად მოსახერხებელი ავზების დამზადებაა შესაძლებელი.

სწორედ პოლიეთილენის ასეთი ავზების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს კომპანია ნოვა. რაც მთავარია, ისინი მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მზადდება და თავსებადია საკვებ პროდუქტებთან. ეს ნიშნავს, რომ ავზში ჩასხმული წყალი თუ ნებისმიერი სითხე მასთან რეაქციაში არ შედის და მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. ამის დამადასტურებლად ნოვას ავზებს ISO სერტიფიკატიც აქვთ. მათ ხშირად იყენებენ არათუ წყლის, არამედ ღვინის გადასატანად თუ შესანახადაც.

ნოვამ ავზების ქართული წარმოება 2014 წელს დაიწყო და მომხმარებელს თავიდანვე შესთავაზა მათი დიდი არჩევანი. დღეს 100-დან 10 000 ლიტრამდე ტევადობის, ცილინდრული, ვერტიკალური თუ პრიზმული ფორმის ავზებია ხელმისაწვდომი.

ბათუმში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები დააკავეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე ბათუმში, სუსის შენობასთან დააკავეს. გიორგი ფუტკარაძემ და ამ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ გორგაძემ, სუსის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ სუსის შენობასთან გააჩერეს ავტომანქანა წარწერებით: „მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეთ მრავალპროფილურ კლინიკაში”, „გაზაფხულზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია თემურ გორგაძეც.

გიორგი ფუტკარაძეს ჯერ ავტომანქანის გაყვანა მოსთხოვეს, შემდეგ კი დააკავეს და ადგილზე ავტომობილის გასაყვანად  ევაკუატორი  გამოიძახეს. ამ დროს ავტომანქანაში იმყოფებოდა თემურ გორგაძე, მას კარი ჩაკეტილი ჰქონდა.

სუსის შენობასთან „გირჩი – მეტი თავისუფლება“ აქციას თბილისშიც მართავს. იქ პოლიციამ ავტომანქანაში მყოფი პარტიის ლიდერი, დეპუტატი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე ევაკუატორით გადაიყვანა.

დღეს, 12 საათიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა 6 ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან ავტომანქანები გააჩერეს. ავტომანქანების საქარე მინებზე პლაკატები აქვთ წარწერებით – “სრულად პროპორციული”, “რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე” და ასევე “კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესსამსახურს”.

პარტიის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასაც ითხოვდნენ.

ორჰან ფამუქს ათათურქის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ცნობილ თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს, ამჟამად   ათათურქისა და თურქეთის დროშის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

8 ნოემბერს სტამბულის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მწერლის წინააღმდეგ.

საქმე ეხება ფამუქის წიგნს – „ჭირის ღამეები“, რომელიც 2021 წლის მარტში გამოიცა. მწერლის წინააღმდეგ პროკურატურას იზმირელმა ადვოკატმა, ტარკან ულუკმა მიმართა. იგი აცხადებს, რომ ორჰან ფამუქმა „ჭირის ღამეებში“ შეურაცხყოფა მიაყენა მუსტაფა ქემალ ათათურქს – თურქეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს და ასევე თურქეთის დროშას, რითაც საზოგადოებაში სიძულვილისა და მტრობის პროვოცირება ხდება.

პროკურატურამ დაასკვნა, რომ წიგნში ათათურქის პირდაპირი შეურაცხყოფა არ ყოფილა, თუმცა ადვოკატმა ულუკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მისი საჩივარი მიიღეს. 

„ჭირის ღამეები“

ფამუქის მხარდასაჭერად მწერალთა საერთაშორისო ასოციაციამ თურქეთში 10 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება სათაურით – „ნუ აწყენინებ ათათურქს“.

„მუსტაფა ქემალ ათათურქის, როგორც ჩვენი რესპუბლიკის დამაარსებლის გარდაცვალების 83-ე წელს, კიდევ უფრო ღრმად იგრძნობა მისი არყოფნა. 

ნუ გაასამართლებთ ორჰან ფამუქს, ნობელის პრემიის მფლობელ ჩვენს ერთადერთ მწერალს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თურქული ლიტერატურის მსოფლიოსთვის გაცნობაში. 

არ გაანაწყენოთ ათათურქი, რომელმაც დაგვიტოვა დამოუკიდებელი ქვეყანა და გვაჩვენა გზა თავისუფალი და კრიტიკული აზროვნებისკენ!“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ორჰან ფამუქის წინააღმდეგ თურქეთში ნაციონალისტური ჯგუფები გამოდიან. 2005 წელს მწერალი სტამბულის სასამართლომ გამოთქმული მოსაზრების გამო დააჯარიმა. „30 ათასი ქურთი და ერთი მილიონი სომეხი იქნა მოკლული ამ მიწაზე“– თქვა მაშინ ფამუქმა.

2018 წელს კი თურქმა ლიტერატურის მასწავლებელმა განაცხადა, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყო იმის გამო, რომ მოსწავლეებს ფამუქის „უმანკოების მუზეუმის“ წაკითხვა ურჩია.

ფამუქი პირველი თურქი მწერალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო 2006 წელს.

 

აჭარაში 5 სკოლა კოვიდის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 5 საჯარო სკოლა და 116 კლასი.

  • ბათუმში – 1
  • ქობულეთში – 2
  • ხულოში – 2

აჭარის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა ასევე ცალკეული სკოლის 116 კლასი.

  • ბათუმში – 99
  • ქობულეთში – 12
  • ხელვაჩაურში – 2
  • შუახევში – 1
  • ქედაში – 2

ამავე წყაროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მოსწავლეების 0,87%-ს და სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,3 პროცენტს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85,6 პროცენტი.

ღარიბაშვილი წამლების სიძვირეზე წელს უკვე მეოთხედ საუბრობს

„მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში.

როგორც მთავრობის პრესრელიზშია აღნიშნული, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გააცნო და დღეს, 12 ნოემბერს, ეს საკითხი ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს.

„უკვე წლებია ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2021 წელს ღარიბაშვილი მეოთხედ ამბობს, რომ წამალი საქართველოში ძვირია: წამლების ფასზე ღარიბაშვილმა ისაუბრა 2021 წლის აგვისტოში, ივნისსა და თებერვალში, თუმცა ამ საკითხის გადასაწყვეტად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. პრემიერის განცხადებიდან განცხადებამდე წამლების ფასი ისევ იზრდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები.

საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო წლებია აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადიოდა, რომ იაფად შეეძინა საჭირო წამლები. ეს პროცესი პანდემიამ შეაფერხა.

„ბათუმელები“ ჯერ კიდევ წინა წლებში წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე.

შაბათ-კვირას ბათუმში თბილი, უნალექო ამინდი იქნება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0- 5 გრადუსი
  • ღამით: 0- 2 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 ნოემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

77 გარდაცვლილი და კოვიდის 4445 ახალი შემთხვევა – 12 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4445 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 ტესტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარაში – 124, იმერეთში – 868, ქვემო ქართლში – 321, შიდა ქართლში – 431, გურიაში – 91, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 283, კახეთში – 314, მცხეთა-მთიანეთში – 115, სამცხე-ჯავახეთში – 148, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 46.

11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.06%.

 

აჭარაში კოვიდის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ნოემბრის მდგომარეობით კოვიდკლინიკებში მკურნალობს 613 ადამიანი, კოვიდსასტუმროებშია 267 პაციენტი, ხოლო ონლაინკლინიკაში – 992.

 

“მოთვინიერება” – ბათუმში სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ

13-14 ნოემბერს ბათუმში სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. “მოთვინიერება” – ასე ჰქვია ფილმს.

შაბათს, 13 ნოემბერს, ორი ჩვენებაა დაგეგმილი – 12:00 და 16:00 საათზე; კვირას, 14 ნოემბერს კი, ერთი ჩვენება – 12:00 საათზე.

კინოჩვენება ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ ორჯერადი აცრის დამადასტურებელი საბუთი, არქონის შემთხვევაში კი PCR ან სწრაფი ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ფილმზე დასწრების მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად სასურველია  სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ.

დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებაა. 2016-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გიგანტურ ხეებს თხრიდა და ზღვით შეკვეთილში, დენდროპარკში გადაჰქონდა.

ფილმი საქართველოში ყველასთვის ცნობილ პროცესს ასახავს – ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების შესყიდვასა და გადარგვას, თუმცა ფილმში ამბავი ალეგორიულადაა მოთხრობილი, როგორც მითი ბუნების, სამყაროს მოთვინიერების შესახებ.

“მოთვინიერების” მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა, ხოლო – ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფორუმის სექციაზე შედგა. ფილმი ევროპული კინოდაჯილდოების ნომინანტია. წარდგენილი იყო მსოფლიოს 30-მდე კინოფესტივალზე. უახლოეს მომავალში „მოთვინიერება“ კინოეკრანებზე გამოვა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

ფილმი წარმოებულია Mira Film-ის, CORSO Film-ის და Sakdoc Film-ის მიერ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, Federal Office for Culture Switzerland (FOC)-ის, Film- und Medienstiftung NRW-ის, Eurimages-ის, Fachausschuss Film und Medienkunst BS / BL-ის, IDFA Bertha Fund-ის, Succès Passage Antenne-ის და SRG SSR-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ფილმის ჩვენებები ღია საზოგადოების ფონდისა და ჰანრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ფარგლებში ფილმი ნაჩვენები იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, რაჭაში.

2:0 – საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ნაკრები დაამარცხა

დღეს, 11 ნოემბერს, ფეხბურთში შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით – 2:0 დაამარცხა შვედეთის ნაკრები.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ორი გოლი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში.

მატჩი ბათუმში გაიმართა.

რა მიზეზებით ხდება გულის წასვლა და როგორ უნდა დავეხმაროთ ამ დროს ადამიანს

გონების დაკარგვა, რასაც ხშირად გულის წასვლას უწოდებენ, საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ცნობიერების დაკარგვა მაშინ ხდება, როდესაც ტვინს დროებით არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი. ეს მომენტი ჩვეულებრივ ხანმოკლეა. ექიმი თერაპევტი საბინა მეჯიდოვა განმარტავს, რომ გულის წასვლას შესაძლოა არანაირი სამედიცინო მიზეზი არ ჰქონდეს, ან პირიქით – შეიძლება გამოწვეული იყოს საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებით.

  • ქალბატონო საბინა, რა მიზეზებით მიგვდის გული?

გულის წასვლა ეს არის უეცრად განვითარებული, ხანმოკლე გონების კარგვა, რაც გამოწვეულია თავის ტვინში (ასევე ხანმოკლე) სისხლის მიმოქცევის მოშლით. როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე.

გულის წასვლის ყველაზე ხშირი მიზეზები გახლავთ ემოციური ფონი, როცა ადამიანს აქვს ნერვული დაძაბულობა და შიში.

მეორე არის ორთოსტატიკური მიზეზი, როცა ადამიანი იმყოფება დიდი ხნის განმავლობაში ვერტიკალურ მდგომარეობაში და ამ დროს ხდება არტერიული წნევის ვარდნა.

მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის უფრო სერიოზული მდგომარეობა – კარდიული ანუ გულისმიერი, გულთან დაკავშირებული მიზეზები, კერძოდ, როცა დარღვეულია გულის კუმშვადი ფუნქცია და მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ნერვულ-რეფლექტორული, ანუ როცა დარღვეულია სისხლძარღვების ტონუსი. ესეც შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად – ჰიპოქსიის დროს, როცა დარღვეულია ან დაბალია ჟანგბადის დონე სისხლში. ეს ხშირია მაღალმთიან რაიონებში, იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ჰემოგლობინის დაბალი დონე.

გულის წასვლის ეპიზოდები განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ზაფხულში, სიცხეში.

გულის წასვლის ნიშნებია: თავბრუსხვევა, ფერმკრთალი სახე, შემცივნება და ოფლიანობა, დაბინდული მხედველობა, ყურებში შიშინი, კოლაფსი, უგონო მდგომარეობაში ყოფნა რამდენიმე წამით ან წუთამდე, მდგომარეობის სრულად გაუმჯობესება რამდენიმე წუთში.

  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ გულწასულ ადამიანს?

თუ ვხედავთ, რომ ადამიანს არ აქვს დარღვეული სუნთქვა, მალე დაუბრუნდა გონება, ცნობიერება აღდგენილია, არ აქვს დაბალი წნევა და მაინცდამაინც გამოხატული ჩივილები, შეგვიძლია სასწრაფო დახმარების ჯგუფის გარეშეც გამოვიდეთ სიტუაციიდან.

მაგრამ თუ ადამიანს გონების კარგვის ეპიზოდში განუვითარდა კრუნჩხვა, ფერმკრთალია, ტუჩები ლურჯი ფერისა აქვს, უჭირს სუნთქვა, ტკივილი აქვს გულის არეში, დიდ ხანს არ ხდება ცნობიერების/გონების აღდგენა, მაშინ რა თქმა უნდა, გვჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ადამიანი ასეთ დროს უნდა დავაწვინოთ, ირგვლივ არ უნდა იყოს ხალხმრავლობა, პირიქით, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. მოჭერილი ტანსაცმელი, ქამარი, ჰალსტუხი უნდა შევუხსნათ. სასურველია ცივი წყლის შესხურებაც.

კარგია ამ დროს სუნთქვის შემოწმებაც – თუ როგორ სუნთქავს, პირის ღრუში რაიმე უცხო სხეული ხომ არ აქვს და ხომ არ უშლის თავისუფლად სუნთქვაში ხელს.

  • რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დროს?

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ადამიანის დაყენება ვერტიკალურ მდგომარეობაში, ანუ ფეხზე დაყენება, ასევე არ უნდა ვიჩქაროთ გონზე მოსულის სწრაფად წამოყენება.

არ შეიძლება გულწასული ადამიანის ნჯღრევა, დაუშვებელია ძალით პირის ღრუში სითხის ჩასხმა, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ მისთვის მშვიდი პოზა.

დავაწვინოთ ზურგზე და დაველოდოთ სასწრაფო დახმარების ჯგუფს.

  • თუ წინასწარ გრძნობს ადამიანი, რომ სუსტადაა, შეიძლება გული წაუვიდეს, რითი შეიძლება დავეხმაროთ?

როგორც წესი ადამიანი გრძნობს, რომ გული უნდა წაუვიდეს.

თუ ცოტა შეუძლოდაა, დავსვათ, ტკბილი ჩაი ან ყავა დავალევინოთ.

თუ ვხვდებით, რომ გულის წასვლის ეპიზოდი გარდაუვალია, უნდა მოვასწროთ დაჯდომა ან წამოწოლა, რომ ვარდნის დროს არ მივიღოთ ტრავმა, რადგან ტრავმული დაზიანებები ამ დროს ძალიან ხშირია, ასევე მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერის უზრუნველყოფა დროულად.

როგორ აქციეს სინორის ფენების მომზადება ბიზნესად სოფელ მარადიდში

ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში საწარმო მოქმედებს, სადაც სინორისა და აჩმის ფენებს და რამდენიმე სახის ლავაშს ამზადებენ.

პატარა საწარმოს გახსნის იდეა, სადაც სინორის ფენებს მოამზადებდნენ, 8 წლის წინ გაუჩნდა ხელვაჩაურელ ხარუნ ლომაძეს.

„პატარა დანაზოგი გამიჩნდა და მინდოდა ჩამედო მცირე ბიზნესში. თავიდან სულ სხვა რამეს ვაპირებდი, მაგრამ ამ საქმის წამოწყება გადავწყვიტე. ძირითადი მოტივატორი ის იყო, რომ ადგილზე ადამიანები დასაქმდებოდნენ“ –  ამბობს შპს „ლომანას“ მფლობელი ხარუნ ლომაძე.

„ლომანამ“ მუშაობა 2014 წელს 7 თანამშრომლით დაიწყო, ახლა კი საწარმოში ჯამში 28 ადამიანი მუშაობს.

ხარუნ ლომაძე

„პირველ ეტაპზე დღეში მხოლოდ 150 შეკვრა სინორს ვაწარმოებდით. ყველაფერი კუსტარულად, ხელით კეთდებოდა. დღეს 24 თანამშრომელი გვყავს და დღეში 1500 ცალამდე სხვადასხვა სახის პროდუქციას ვაწარმოებთ.

24 გამოცდილი ქალბატონი მუშაობს საწარმოში, რომლებიც პირველი დღიდან დღემდე საწარმოს ერთგულებად  რჩებიან. გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ არ დაგვტოვეს. ხელფასებს გამომუშავებით გავცემთ. თანამშრომლები  საშუალოდ 500-700 ლარს გამოიმუშავებენ,“ – გვიყვება ხარუნ ლომაძე.

იგი ამბობს, რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა:

„კარგად არ ვიცნობდით ბაზარს, სავაჭრო ქსელებსა და მათთან ურთიერთობას.

ჩვენს სავიზიტო ბარათად სინორი რჩება, მაგრამ ასევე  ვაწარმოებთ რამდენიმე სახეობის თხელ ლავაშებს და აჩმის ფენებს, ბაზარზე ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია.

დროსთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხზე. შრომას ნამდვილად მოითხოვს წარმოება, თან თავდაუზოგავ შრომას.

განვითარებისთვის მუდმივად ვიბრძვით,  საწარმოში ახლახან მოვიტანეთ ახალი ხელსაწყო, ვცდილობთ ბიზნესის გაფართოებას ჩვენი  ასორტიმენტის გაზრდასთან ერთად“.

ხარუნ ლომაძის თქმით, დღემდე მისი მთავარი მხარდამჭერები  ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ბიზნესის განვითარებასა და პროცესების წარმართვაში ეხმარებიან.

„კომპანია არასდროს მდგარა გაკოტრების ზღვარზე, რვა წელია ვარსებობთ და წლიდან წლამდე ვვითარდებით. იზრდება წარმოების მოცულობა და შემოსავალი.

დასაწყისში პროდუქციის შეფუთვა კუსტარული გვქონდა, ყოველგვარი ეტიკეტირებისა და წარმომავლობის გარეშე, შეფუთვაზე ფიქრი მალევე სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დავიწყეთ. დღეს ყველა სტანდარტი დაცული გვაქვს, როგორც ეტიკეტირების, ასევე შეფუთვის“ –  ამბობს  ხარუნი.

სინორმის საწამო ხელვაჩაურში

იგი ამბობს, რომ საწარმოსთვის შენობა, რომელშიც ახლა მუშაობენ, ბანკის დახმარებით ააშენეს:

„ეს შენობა მეოთხე სამუშაო სივრცეა ჩვენთვის, პირველი სამი შენობა იჯარით გვქონდა აღებული. მართალია, მცირე ბიზნესი ვართ, მაგრამ მაინც ძვირი ჯდება შენობა, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს,“ – ამბობს ხარუნი.

საწარმოში ახლახან შეიძინეს ხელსაწყო, რომელიც პროდუქტის წარმოებას ამარტივებს.

„ჩვენი პროდუქცია აჭარის ბაზარს მოიცავს, დაწყებული შუახევიდან ქობულეთის ჩათვლით. ასევე, ვფარავთ ოზურგეთის ბაზარს. მოთხოვნა არის, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის პროდუქტს, რომ სხვა  მოთხოვნებიც უზრუნველვყოთ,“ – ამბობს ხარუმ ლომაძე.

კორონავირუსის პანდემია ამ პატარა საწარმოზეც აისახა, პროდუქციის წარმოება შეამცირეს, თუმცა არ გაჩერებულან.

ხარუნის სურვილია, რომ  უახლოეს მომავალში საწარმომ ბაქლავის ფენების წარმოებაც დაიწყოს.

მურმან დუმბაძე საგარეჯოს იზოლატორშია – როდის გაასამართლებენ აქციაზე სხვა დაკავებულებს

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მურმან დუმბაძე საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი და აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციისთვის დღეს გახდა ცნობილი.

დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგალითად, ელგუჯა ბაგრატიონი მარნეული წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ბონდო თედორაძე – ხაშურში.

გუშინ, 10 ნოემბერს, სუსის მოწყობილ საპროტესტო აქციაზე 46 ოპოზიციონერი ერთდროულად დააკავეს, მათ შორის, 11 ადამიანი აჭარიდანაა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრი ენმ-დან ლაშა კომახიძე, ასევე ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრები ენმ-დან: მამუკა ქობულაძე, ალექსანდრე ვარშალომიძე და ბაჩი მექვაბიშვილი.

ამ დრომდე დაკავებულების სასამართლო განხილვა არ დაწყებულა.

„48 საათის ვადას იყენებენ, რადგან მიზანი მართლმსაჯულება კი არ არის, არამედ ის, რომ ისინი ჰყავდეთ იზოლატორებში გამომწყვდეული,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მისი ვარაუდით, 48 საათის გასვლის შემდეგ დაკავებულებს გაათავისუფლებენ და შემდეგ ჩატარდება სასამართლო სხდომები.

აქციაზე დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ოპოზიცია საპროტესტო აქციას დღესაც მართავს. აქციის მოთხოვნა უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

სააკაშვილზე ძალადობის ჩვენებით ხელისუფლებამ მომხრეების დაკმაყოფილება სცადა – კორძაია 

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა. კადრების თანახმად, სააკაშვილი ძალის გამოყენებით შეჰყავთ დაწესებულებაში. საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ფაქტის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეზე საუბრობს.

  • ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებთ იმას, რაც დღეს გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. რატომ გავრცელა ეს კადრები და დაირღვა თუ არა ამით პატიმრის უფლება?

კადრების გავრცელების მიზანი იყო ორი რამ – პირველი ის, რომ დაემცირებინათ მათი პირადი პატიმარი. ამაზე მეტყველებს ის, როგორ ექცევიან სააკაშვილს, ყველა მასთან მიმსვლელს გინება ესმის 24 საათის განმავლობაში. მეორე, მისი ნება იქნა უგულებელყოფილი ყველაზე ბინძური მეთოდებით – ტყუილით და ძალადობით.

ამ კადრების გავრცელებით ხელისუფლებამ სცადა მისი მომხრეების, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილება სააკაშვილზე ძალადობის ჩვენებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელ პერიოდში „ქართული ოცნების“ ძალაუფლება მთლიანად დგას ძალადობაზე. ამ კადრებშიც ვხედავთ იმას, რომ პატიმრის მიმართ არის არაადამიანური მოპყრობა.

მიხეილ სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ ის საკუთარი ნებით ციხის საავადმყოფოში არ გადავიდოდა და შიმშილობას აგრძელებდა მე-12 დაწესებულებაში. გაფრთხილებული ჰყავდა ასევე მისი მომხრეებიც, თუ ის გონებას დაკარგავდა.

სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ მას ციხის საავადმყოფოში არაადამიანური მოპყრობა ელოდა. ასევე გინება პატიმრების მხრიდან, რომელიც არაადამიანურ წამებას უტოლდება საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, ის იქიდან წამოიყვანეს მოტყუებით. ის კადრები, თავისით რომ ალაგებს ნივთებს, არის ცალსახად იმის დადასტურება, რომ ის მოატყუეს და უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავთ.

შემდეგ, როცა მან გაარკვია, რა თქმა უნდა, მან გამოხატა პროტესტი. შემდეგ ვხედავთ როგორც ექცევიან, როგორ მიათრევენ, როგორ გახადეს ტანსაცმელი.

  • ეს არის პატიმრის ღირსების შემლახავი ქმედება?

რა თქმა უნდა, ღირსების შემლახავია. ადამიანს, პატიმარია ის თუ არა, აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ ის მე-12 დაწესებულებაში გააგრძელებდა შიმშილობას, რადგან კარგად იცის, რომ ციხის საავადმყოფოში მას სათანადოდ ვერ მიხედავენ და უმკურნალებენ.

ის, რაც მათ გააკეთეს [მიათრევენ და ამ თრევისას გახადეს ტანსაცმელი], როცა ამ ძალადობასა და ძიძგილაობაში ადამიანს ასე უღირსად ექცევიან, ამით საკუთარი თავი გაიშიშვლეს. ამას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაქცია.

დარწმუნებული ვარ, ამ კადრების გავრცელების შემდეგ გაძლიერდება კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან სააკაშვილის ყველა უფლება არის დარღვეული ამ შემთხვევაში.

  • გახსენდებათ მსგავსი რამ, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ასე ექცევიან სახელმწიფო უწყებები?  

რა თქმა უნდა, მსოფლიოში პრეზიდენტები გაუსამართლებიათ, მაგრამ ასეთი მოქმედება პრეზიდენტების მიმართ მე არსად მინახავს.

ძირითადად, პრეზიდენტების მიმართ საპატიმრო ღონისძიებებს არ იყენებენ ხოლმე. გუშინდელ სასამართლო პროცესზე კი დაირღვა სააკაშვილის უფლებები, ის არ მიიყვანეს სასამართლოში და სასამართლო რომ არ გვაქვს, ეს ამითაც დასტურდება.

სასამართლო ვალდებულია პატიმარს განუმარტოს მისი უფლებები, მას კი თვალით არ უნახავს პატიმარი. დაკავების დროს ხომ უმარტავენ პატიმარს უფლებებს, ასევეა სასამართლოც ვალდებული, განუმარტოს პატიმარს მისი უფლებები.

სააკაშვილს არ ჰქონია წარდგენა ისე გაასამართლეს და ისე წაუყენეს ახალი ბრალი. როგორ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ სამართლიან სასამართლოზე. რუსეთის სასამართლოშიც კი ნავალნი წარუდგინეს სასამართლოს. ჩვენთან ესეც არ ხდება.

სამწუხაროდ, ეს მართლაც ცუდად შემოუბრუნდება საქართველოს, რადგან უკვე გვესმის მძიმე კომენტარები ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპარლამენტარების მხრიდან. როდესაც ეს ადამიანები იტყვიან, რომ საქართველოს მოუწევს არჩევანის გაკეთება – ევროკავშირი თუ „ქართული ოცნება“, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს ეს სახელმწიფო.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებით ადასტურებს, რომ ის არ არის ხელისუფლება. ეს არის გუნდი, რომელმაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

  • ამ კადრების გასაჯაროება არის სისხლის სამართლის დანაშაული?

კი, ეს შეიცავს პერსონალურ მონაცემების გასაჯაროებას პირის თანხმობის გარეშე, რაც ასევე შეიძლება იყოს გამოძიების საგანი. აქ დადგება საკითხი, საჯარო ინტერესი გადაწონის თუ პირადი პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინტერესი. ამ საკითხს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს.

თუმცა ამ ინსტიტუციების იმედი ნამდვილად არ მაქვს. ერთადერთი ინსტიტუცია, კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ამ წუთას ამ ქვეყანაში მუშაობს და რომლის იმედიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს, ეს არის სახალხო დამცველი.

  • რატომ გადაწყვიტა პენიტენციურმა სისტემამ ამის გაკეთება, მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გული მოიგოს? ეს მხარდამჭერები ძალადობას ითხოვენ?  

მე როცა ვთქვი, რომ ეს არ არის ხელისუფლება, არამედ გუნდი, რომელმაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, სწორედ ამას ვგულისხმობდი: აქ არ გვაქვს ინსტიტუციები, აქ არ არსებობს კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ, ამ ვითარებაში ვართ და ეს გადაწყვეტილებები სწორედ პოლიტიკური ინტერესებიდანაა მიღებული. ამას არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს.

ხელისუფლება დგას ძალადობაზე – ვხედავთ, როგორ უპირისპირებენ თავიანთ მართულ ძალადობრივ ჯგუფებს საკუთარ მოქალაქეებს. ვხედავთ, რომ ვიღაც მორგოშია ბედავს და ამბობს, რომ სუსს და სახელმწიფო უწყებებს თვითონ დაიცავს. პოლიცია რისთვის გვყავს აბა. პოლიცია ასრულებს პოლიტიკური პარტიის დავალებებს და ამას ემატება მათი მართული ძალადობრივი ჯგუფი. ეს არის ყველაფრის მიტაცება, სახელმწიფოებრივი ნიშნების დაკარგვა. ეს ხელისუფლება მზად არის, მისი მართული მორგოშიასნაირი ჯგუფები დაუპირისპიროს საკუთარ მოქალაქეებს. ამ სამოქალაქო დაპირისპირებას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნება“.

  • ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ადარდებს როგორი იქნება ამ ყველაფერზე დასავლეთის რეაქცია? რისი იმედი აქვს?

ეს ხელისუფლება წინაზე უარესია, რადგან ეს მოვიდა დაპირებით, რომ ამას გამოასწორებდა, თუმცა ვხედავთ, როგორ ექცევიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.

მან იცის, რომ მსოფლიო ყურადღება მიპყრობილია პატიმარ სააკაშვილზე, მაგრამ იმდენად გათავხედებულია, რომ ეს არ ადარდებს, ყველაფერს კადრულობს. წარმოიდგინეთ, რიგითი მოქალაქეები რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ ქვეყანაში.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ევროპა და ევროპული ღირებულებები – ის რაზეც დგას დემოკრატიული სამყარო, არ არის მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება, ქონება და თავიანთი კეთილდღეობა, რაც უკვე გადის რუსული პოლიტიკის გზაზე. მთელი რუსეთი შიმშილით კვდება, თუმცა იქაც არიან ჯგუფები, ვინც კარგად გრძნობენ თავს, იმავე სისტემას ამუშავებენ აქაც – თვითონ იქნებიან კარგად და საქართველოს მოქალაქეებს შეუწყდებათ ევროპული დახმარება თუ არა, იქნებიან კარგად თუ არა, ეს ხელისუფლებას არ ადარდებს.

_____________________

ვიდეო: სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა

ქმრის ნათესავების მიერ სასტიკად ნაცემი ქალის საქმეზე გაეროს ქალთა კომიტეტმა დასკვნა გამოაქვეყნა

დღეს, 11 ნოემბერს, ჟენევაში, გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი გამოძიება და ვერ დაიცვა ქალი, რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს შვილების თვალწინ, რამაც შემდეგ მისი სიკვდილი გამოიწვია. შემთხვევა 2014 წელს მოხდა.

კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას ორი შვილის საჩივრის განხილვის შემდეგ, რომლებიც 11 და 7 წლის იყვნენ, როდესაც მათი დედა გარდაიცვალა.

„საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

კანონდარღვევის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW)  გამოხატავს წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მსხვერპლი ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც იგი უგონო მდგომარეობამდე სცემეს და ასევე მისი ნათესავებთან დაბრუნების გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს“ – წერია გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტის დასკვნაში.

ჯეირანოვას, ეთნიკურად აზერბაიჯანელსა და საქართველოს მოქალაქეს, ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.

„იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდა ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამვლას აიძულებდნენ.

არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვს დედამ გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.

მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით, ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო.

თუმცა პოლიციას არ ჩაუტარებია ადგილზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მას შემდეგ, რაც ოჯახმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.

გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თავი მოიკლა, მათი თქმით, საკუთარი “სამარცხვინო” და “უკადრისი“ საქციელის გამო.

„ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი “, – განაცხადა კომიტეტის წევრმა გენოვევა ტიშევამ.

„საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ რომ დაეცვა ქალბატონი ჯეირანოვა გენდერული ძალადობისგან, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, – დასძინა მან.

კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მან ასევე დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

მან საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ქ-ნი ჯეირანოვას შვილებისთვის. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს, რომ ყველა კანონმდებლობა, პოლიტიკა და ღონისძიება, რომელიც ეხება ოჯახურ ძალადობას, ასევე მოიცავდეს ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობას.

გარდა ამისა, კომიტეტმა მოსთხოვა მონაწილე სახელმწიფოს, გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად, და ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.

ხანუმ ჯეირანოვას საქმის სამართლიან და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები.

ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც მისი განცხადებით, ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს,  სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. აჯი გასანოვმა ერთ-ერთი მათგანი იარაღით ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუმ ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი, 2016 წელს შეიწყალა.

„კატეგორიულად მიუღებელია“ – სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე

„კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში მოთავსების ვიდეოჩანაწერზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 11 ნოემბერს, გაავრცელა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა. ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ასევე, რომ წინა შემთხვევების შესწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.

სახელმწიფო ინსპექტორი შენიშნავს, რომ მისი მოწოდების მიუხედავად სახელმწიფო უწყებები განაგრძობენ პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებას.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების  შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება. ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ ასევე იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პენიტენციური სამსახური საფრთხეს უქმნის ეფექტურ გამოძიებას.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით. იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორს აქვს მოწოდებაც:

„მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ  სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას,“ – აღნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორი.

„როცა „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“ – გახარია

„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“ – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუქზე.

იგი სავარაუდოდ ეხმიანება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრებს. კადრები დღეს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

„საქართველოს შეეძლო ერთგულების დემონსტრირება“ – ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის ელჩთან

„ბატონ სააკაშვილს უნდა მოეპყრონ გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად“, „საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია საუკეთესო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე,“ – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, რომელიც ბათუმში იყო და „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა. 

მარკ კლეიტონი ყურადღებით აკვირდება ქართულ პოლიტიკას და როცა ვკითხეთ, მაგალითად, დასავლეთისგან მხარდაჭერილი სასამართლო რეფორმის ჩაგდებაზე, გაგვიმხილა შთაბეჭდილება: „ეს გაშვებული შესაძლებლობა იყო, საქართველოს შეეძლო დემონსტრირება, რომ ერთგულია მთავარი რეკომენდაციების.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში თვლის, რომ საქართველოს მთავარი პრობლემაა პოლიტიკა, რომელიც დაცლილია პოლიტიკისგან, თუმცა მარკ კლეიტონი ოპტიმისტურად უყურებს ქართული დემოკრატიის მომავალს. ეს დამოკიდებულია სურვილზეო, აღნიშნა მან ინტერვიუს დროს და შემდეგ ესეც დასძინა: „ნამდვილად სენსიტიური დროა საქართველოში“.

  • ბატონო ელჩო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაასწრეს. უფლებების შესაძლო დარღვევის ნაწილში, რასაც ახლა ვუყურებთ, ხედავთ თუ არა პოლიტიკურ მდგენელებს, პოლიტიკურ მოტივაციას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ? 

ბატონ სააკაშვილს უნდა მოეპყრონ გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად. ეს საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა. აუცილებელია, რომ საქართველომ დაიცვას საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებები. ჩვენ ამის შესახებ თანმიმდევრულ მოწოდებებს ვაჟღერებთ.

ვფიქრობ, ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის. ცოტა ხნის წინ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, რომელიც საკმაოდ დიდ ბრძოლად დაუჯდათ – ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მართლაც მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.

  • რას გაჩვენებთ ფაქტი, როცა სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო?

არ ვიცი ზუსტი წესები საქართველოს სასამართლოს სისტემაში, მაგრამ ბევრ სასამართლოში პროცესი შეიძლება დაუსწრებლადაც ჩატარდეს. მგონი, გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს სისტემაში არაა დასწრება აუცილებელი.

ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცი, რომ არის შესაძლებელი პროცესზე დისტანციურად დასწრება, მაგრამ არ ვარ ექსპერტი საქართველოს სასამართლო სისტემის საკითხებში.

  • როდესაც რუსეთში დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს, საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში რუსეთის მიმართ დიდი კრიტიკა მოჰყვა. რატომ არ ეხმაურებიან დასავლეთის ლიდერები სააკაშვილის საქმეს?

ვფიქრობ, ეს ორი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან იქ ჰქონდა ადგილი  ბატონი ნავალნის მოწამვლის მცდელობას. დარწმუნებული ვართ, ამის უკან რუსეთი იდგა. ბატონი სააკაშვილი კი, თავად დაბრუნდა.

  • არსებობს სიცოცხლის რისკი სააკაშვილის შემთხვევაშიც, ამას სახალხო დამცველი ადასტურებს. ის არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურით. 

პირველ რიგში, როგორც ვიცი, ბატონი სააკაშვილის მოწამვლა სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ უცდიათ. ამიტომაც, ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა.

  • ნახავდით სააკაშვილის საკანს, პირადი ცხოვრების, ასევე საკვები დანამატების მიღების კადრებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ ციხიდან ეგრეთ წოდებულ ციხის საავადმყოფოში 2021 წლის იანვრის შემდეგ არავინ გადაუყვანიათ. თქვენთვის ეს რა განაცხადია?

ვფიქრობ, ყველა მსჯავრდებულის, მათ შორის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული უნდა იყოს. ამავე დროს, ბატონი სააკაშვილი საკმაოდ ცნობილი მსჯავრდებულია. ამ კონკრეტულ მაგალითში, მისი უფლებები და პრივილეგიები არის ისეთივე, როგორც სხვების და მისი სურვილები უნდა იქნას გათვალისწინებული.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მისი საქმე უნდა იყოს გამჭვირვალე, საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესაბამისად.

  • სახალხო დამცველის შეფასებით, მოტყუების გარდა, სააკაშვილის გლდანის საავადმყოფოში მოთავსება არღვევს ღირსების და პატივისცემის ვალდებულებას, რადგან იქ იხდიან სასჯელს ქურდული სამყაროს წევრები და ცნობილია სააკაშვილის რადიკალური პოლიტიკა კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ. ამ პრობლემაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმაც. „კვლავ მოვუწოდებთ მთავრობას, ღირსებით და სამართლიანად მოექცეს სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,“ – განაცხადა ნედ პრაისმა. 

ვიცი, რომ ადგილი ჰქონდა ამ დებატებს, სად და რომელ საავადმყოფოში უნდა, ან არ უნდა გადაეყვანათ სააკაშვილი. მე, როგორც ელჩი, არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ განცხადება გავაკეთო ამა თუ იმ საავადმყოფოს დამსახურებებზე.

რაც ნამდვილად ვიცი არის ის, რომ როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საუკეთესო ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

  • პატივისცემის ვალდებულების დარღვევაზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რას ფიქრობთ. ვნახეთ, როგორ შეურაცხყოფდნენ პატიმრები სააკაშვილს გლდანის დაწესებულებაში შეყვანის დროს. 

ყველა მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმრებზე.

ვფიქრობ, ზრუნვის პასუხისმგებლობა ყველა ასპექტს მოიცავს, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვსაუბრობ მთავრობის მიერ საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებაზე.

  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად ემუქრება სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხე?

არ ვიცი. ნებისმიერი, ვინც ამდენი ხანი შიმშილობს, ნამდვილად რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას. საბოლოო ჯამში, მოვუწოდებ ბატონ სააკაშვილს, მიიღოს შეთავაზებული სამედიცინო დახმარება, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ეს ამ პიროვნების არჩევანია. მან აირჩია გზა, რომ ასე მოიქცეს და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველანაირი დახმარება ხელმისაწვდომი იყოს და მაქსიმუმი გააკეთოს მის დასაცავად.

  • რა გამოსავალს ხედავთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რაც ქვეყანაში უკვე უწყვეტი სახით არსებობს? 

ჩემთვის, არჩევნების დასრულების შემდეგ, პირველად დადგა დრო, როცა წინასაარჩევნო პერიოდი არაა. ეს შესაძლებლობაა, რომელიც, იმედი მაქვს, ყველა მხარის მიერ იქნება გამოყენებული საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების დასაძლევად, რადგანაც გამოწვევა ბევრია.

ქართველი ხალხის სურვილია ევროკავშირის წევრობა. გაერთიანებული სამეფო ითანამშრომლებს საქართველოსთან და გვერდში დაუდგება ამ მიზნების პროგრესისთვის. იმედი მაქვს, არჩევნების შემდგომი პერიოდი მოგცემს საშუალებას უფრო ინტენსიურად და აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიზნების მისაღწევად.

  • მაგრამ ხელისუფლებამ დემონსტრაციული უარი თქვა ევროკავშირის სასესხო ფინანსურ მხარდაჭერაზე და ამით პრაქტიკულად გვერდი აუარა სასამართლო რეფორმებს. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე თქვენ, საერთაშორისო პარტნიორებს რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ ვითარებაში? 

ვფიქრობ, პირველ რიგში საჭიროა სასამართლო რეფორმა. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ვერ ვილაპარაკებ ევროკავშირის სახელით, რადგან გაერთიანებული სამეფო აღარაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ვფიქრობ, პატივისცემა დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ნატოს წევრობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა. აბსოლუტურად ვიზიარებ ევროპელი პარტნიორების პოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მხარს ვუჭერ. ვფიქრობ, ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მხარს უჭერენ და მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ ამ გზაზე.

  • რა გზებით წარმოგიდგენიათ საქართველოში დემოკრატიის დაცვა?

საქართველოს აქვს ყველა შანსი და შესაძლებლობა. ვფიქრობ, პროგრესი უფრო სწრაფი იქნებოდა, ერთად რომ ემუშავათ პოლიტიკურ ძალებს ამ მიზნისთვის. ჯერ კიდევაა გზა გასავლელი, მაგრამ საქართველოს აქვს ყველა შანსი გააკეთოს, რაც აუცილებელია. როგორც ვთქვი, უფრო სწრაფი იქნებოდა პროგრესი, ერთად მუშაობას რომ ჰქონოდა ადგილი.

  • როცა დამოუკიდებელი სასამართლოს რეფორმაზეც პრაქტიკულად უარი ვთქვით, იყო თუ არა ეს ნაბიჯი უკან? 

ვფიქრობ, ეს გაშვებული შესაძლებლობა იყო. საქართველოს შეეძლო დემონსტრირება, რომ ერთგულია მთავარი რეკომენდაციების.

ვფიქრობ, კარგი იქნებოდა პოლიტიკის და არა პიროვნებების განხილვა. ჩემი გამოცდილებით, პოლიტიკა საქართველოში გამორჩეულადაა თავისუფალი პოლიტიკისგან. თუ საუბარი წავა პოლიტიკაზე და არა პიროვნებებზე, საქართველო ალბათ ბევრად მეტ პროგრესს მიაღწევს. მაგალითად, არ მახსოვს, დებატები ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების ირგვლივ. არ იყო ბევრი დისკუსია სხვადასხვა პარტიის მიდგომაზე სხვადასხვა პრობლემისადმი.

ვფიქრობ, არასდროსაა გვიანი და შესაძლებლობები კიდევ არსებობს. ეს დამოკიდებულია სურვილზე.

Global finance –მა თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საუკეთესოდ აღიარა

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, „Global Finance” თიბისი  საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მესამედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ ის ორგანიზაციები გამოარჩია, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან. Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის  და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა.

 „გლობალური ჯანდაცვის კრიზისის პირობებში, მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები მეტად მრავალფეროვან არჩევანს ითხოვენ სოციალურად პასუხისმებელი ინვესტირების მიმართულებით და საჭიროებენ კიდევ უფრო დახვეწილ ციფრულ სერვისებს. ჩვენი ყოველწლიური ჯილდო გადაეცემა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან“, – ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

„საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო დასტურია იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრებს პენიტენციური სამსახური აქვეყნებს

დღეს, 11 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა.

კადრები სავარაუდოდ სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.

კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ ძალის გამოყენებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში.

გარე ფასადის მოპირკეთება – ადრე და ახლა

მართალია, გარე ფასადების დღევანდელი ფორმით მოპირკეთება დაახლოებით ერთი საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა, მას გაცილებით დიდი ისტორია აქვს. იმისათვის, რომ სახლებში სისველესა და სიცივეს ნაკლებად შეეღწია, ნაგებობას კი უფრო დიდხანს გაეძლო, ძველად ადამიანი მის გარე კედლებს სხვადასხვა საშუალებით აპირკეთებდა. ამისთვის, ძირითადად, გამხმარ მცენარეებს, ხესა და ქვას იყენებდა. სხვადასხვა მასალებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, მათი არჩევანი სულ უფრო გაიზარდა.

მოგვიანებით მოპირკეთების მიზანი მხოლოდ სახლების დაცვა კი არა, მათთვის განსხვავებული და უნიკალური იერსახის მიცემაც გახდა. ძვირფასი მასალით ფორმდებოდა მეფეებისა და დიდგვაროვნების სასახლეები. არც სხვა შეძლებული ადამიანები იშურებდნენ სახსრებს მათი სახლების ან კუთვნილი ნაგებობების მდიდრულად მოპირკეთებისთვის. ისინი მეპატრონეების ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა და მათ საზოგადოებრივ სტატუსზე მიანიშნებდა.

უნიკალური დეკორატიული ელემენტებით, ორნამენტებითა და სკულპტურებით გაფორმებულ შენობებს, ალბათ, თბილისის ძველ უბნებშიც არაერთხელ გადაჰყრიხართ. გასული საუკუნეების ეს ისტორიული ნაგებობები ფასადების მოპირკეთების უნიკალურ ნიმუშებს ინახავს.

1950-იანი წლებიდან მოსაპირკეთებელი საშუალებების ანუ საიდინგების წარმოება უფრო მასიურად დაიწყო. მასალებს ტექნოლოგიურად ამუშავებდნენ და მათ სხვადასხვა ფორმებს, ფერებსა და ფაქტურებს ქმნიდნენ. ამ დროიდან ბევრ ქვეყანაში ისინი სახლის მშენებლობისა და მოდელირების განუყოფელ ნაწილად იქცა.

გარდა იმისა, რომ საიდინგები შენობის იერსახეს აუმჯობესებს და მას დასრულებულ სახეს აძლევს, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვთ.

კედლების ამინდის მანვე ზემოქმედებისგან დაცვა

საიდინგის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება შენობების წვიმის, თოვლისა და ქარის ზემოქმედებისგან დაცვაა, რომელიც დროთა განმავლობაში კედლებს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამ დროს სახლში ჩნდება ნესტი, რაც მისი სიჯანსაღისა და სისუფთავის შენარჩუნებაშიც გვიშლის ხელს და ინტერიერსაც აფუჭებს. საიდინგი კი ერთგვარი გაუმტარი გარსია, რომელიც სახლს ასეთი დაზიანებებისგან აზღვევს.

სახლის მოპირკეთება კარგი გამოსავალია მაშინაც, თუ კედლები უკვე გაფუჭებულია, მათი აღდგენა კი დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. საიდინგი ხშირად უფრო იაფიანი გამოსავალია არა მხოლოდ შენობის იერსახის გასაუმჯობესებლად, არამედ კედლების დაზიანების პროცესის შესაჩერებლად.

იზოლაცია

ბუნებრივია, შენობაში ტემპერატურის შენარჩუნება მარტივია, როცა კედლების მთლიანობა დარღვეული არ არის. ზამთარში სახლის გათბობა, ზაფხულში კი მისი გაგრილება გაცილებით ნაკლებ ენერგორესურსს მოითხოვს. საიდინგი სახლის იზოლაციისთვის საუკეთესო გამოსავალია. გარდა იმისა, რომ ასეთ სახლში ცხოვრება გაცილებით კომფორტულია, გადასახადების ხარჯებსაც მნიშვნელოვნად გვიზოგავს.

შენობის იზოლაცია მწერებისგან და მღრღნელებისგანაც გვიცავს, რომელთან გამკლავებაც ხშირად  ქალაქგარეთ მაცხოვრებლებს განსაკუთრებით უჭირთ.

ქართული წარმოების საიდინგები ნოვასგან

სამშენებლო-სარემონტო მასალების მეგაცენტრმა ნოვამ საქართველოში პირველმა საიდინგების წარმოება დაიწყო. ევროპული სტანდარტის საწარმოში მეტალის მაღალი ხარისხის საიდინგები იქმნება, რომლებიც სახლს ნესტისგან, ქარისგან, ხმაურისა თუ დაშლისგან სრულფასოვნად იცავს. ის დასაინსტალირებლადაც მარტივია და არც კედლებს სჭირდება სპეციალური დამუშავება.

კომპანია ნოვა უკვე 10 წელია მეტალოკრამიტის სახურავებსაც აწარმოებს, წელს წარმოების ამ ხაზს ნოვა კლასიკი ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილიც დაემატა. ამიტომ, თუკი საიდინგების ასარჩევად ნოვას შოურუმებს ეწვევით, იქ სახურავების ტიპების, ფორმებისა და ფერების ფართო არჩევანიც დაგხვდებათ. თანამედროვე დიზაინის საიდინგებისა და სახურავების ერთობლივად შერჩევა დაგეხმარებათ სახლს უფრო დასრულებული სახე მისცეთ და ის ზუსტად მოარგოთ თქვენს გემოვნებას.

პენიტენციური 5.5 მილიონად სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურებას ყიდულობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურების შესყიდვას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა და ითხოვა, რომ გამარტივებული შესყიდვის უფლება მისცეს.

პენიტენციური სამსახური 5 მილიონ 500 000 ლარის ჯამური ღირებულების სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების შესყიდვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო მომსახურება უნდა მიიღოს 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ამ პროცესის პარალელურად ქვეყანაში იმართება საპროტესტო აქციები ერთ-ერთი პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით – ეს პატიმარი ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელიც უკვე 42 დღეა შიმშილობს.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გადაწყვეტილებას გადაუდებელი აუცილებლობით ასაბუთებს.

ამონარიდი პენიტენციური სამსახურის განმარტებიდან: საჭირო სამედიცინო მომსახურების სპეციფიკის, მუდმივად ცვალებადი შინაარსის და ზრდადი მოცულობის მხედველობაში მიღებით, ელექტრონული ტენდერების ჩატარებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის

ეს წერილი 2021 წლის 9 ნოემბრით თარიღდება.

დოკუმენტების მიხედვით, სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურებას პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად შეისყიდიან.

სატენდერო დოკუმენტაციაში ხაზგასმულია ისიც, რომ სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურების  შესყიდვის აუცილებლობა სისტემაში არსებული საავადმყოფოს შესაძლებლობის გათვალისწინებით დადგა დღის წესრიგში.

ამონარიდი პენიტენციური სამსახურის განმარტებიდან: პენიტენციურ სისტემაში სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებების არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, აუცილებელია აღნიშნული მომსახურების შესყიდვა სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის სამედიცინო დაწესებულებებისგან. მიმდინარე წლის განმავლობაში სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე 3890-ზე მეტი შემთხვევა იქნა რეფერირებული, ხოლო სერვისების მიწოდება მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებს, ისე სამედიცინო მომსახურების მთელ სპექტრს.

შესყიდვის აუცილებლობის დასასაბუთებლად პენიტენციური სამსახური ასევე წერს, რომ  სამედიცინო ბაზრის ასიმეტრიულობის გამო, რომელიმე ერთი სამედიცინო მომსახურების გამწევი ან მომსახურების გამწევთა მცირე ჯგუფი არ არის მზად სრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და აქცენტებს აკეთებს უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის პრობლემებზეც.

ამონარიდი პენიტენციური სამსახურის განმარტებიდან: ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ორი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება ერთ სამედიცინო განყოფილებაში ან/და პალატაში დაუშვებელია; ამასთან, იდენტიფიცირებული მომსახურების გამწევი ყოველ ჯერზე ვერ ახერხებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებას საშიშროების რისკების გამო. არის შემთხვევები, როდესაც შესაბამისი პროფილის კლინიკას დროის მოცემულ პერიოდში ფიზიკურად არ აქვს პაციენტის მიღების საშუალება და საჭირო ხდება ალტერნატიული კლინიკის მოძიება.

დოკუმენტებით დგინდება, რომ მსგავსი შესყიდვის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებას გასულ წელს 38 სამედიცინო კლინიკასთან გაუფორმებია 82 ხელშეკრულება სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე.

შესყიდვების ღირებულება ჯამში 5 მილიონი ლარი იყო, შემდეგ კი დაწესებულებამ დამატებით 400 000 ლარი მოითხოვა. ეს შესყიდვები პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის განკარგულების [№2486] საფუძველზე განახორციელა.

ამონარიდი პენიტენციური სამსახურის განმარტებიდან: 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონ 929 557 ლარი შეადგინა, აქედან 2 497 881 ლარი შეადგინა ხარჯმა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწოდებული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის საფუძველზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა დაახლოებით 4 111 720 ლარი.

პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მან პატიმარ სააკაშვილზე და ზოგადად, პატიმრებზე საუბარი დაასრულა. დღეს, 11 ნოემბერს, ჟურნალისტებმა მას სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაუსვეს შეკითხვა.

„მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს განცხადებას რამდენიმე საათში და ვრცლად გააკეთებს განმარტებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამაზე მაქვს კონცენტრირება“ –  განაცხადა ღარიბაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე, სახელწოდებით „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მხარეებს გაუგზავნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ასევე, სასამართლომ თქვა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

როგორ ამოვიცნოთ ეპილეფსია და როგორ დავეხმაროთ გულყრის დროს ადამიანს

ეპილეფსია ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა ყველა ასაკში გამოუვლინდეს ადამიანს. ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათი 80% დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებიდანაა.

ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების თითქმის 70%-ს შესაბამისი დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში შეუძლიათ ეპილეფსიური გულყრების გარეშე ცხოვრება. ეპილეფსიური გულყრა ხშირად ასოცირდება გონების დაკარგვასა და კრუნჩხვების განვითარებასთან, თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგის ინგა შავაძის განმარტებით, ეპილეფსიის სიმპტომები მრავალფეროვანია. 

  • ქალბატონო ინგა, რა არის ეპილეფსია და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

ეპილეფსია ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული პაროქსიზმული დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი გულყრები, რომელიც განმეორებადი ხასიათისაა  და სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს. მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია ამ დაავადებით დაავადებული.

არსებობს ფოკალური და გენერალიზებული ფორმის ეპილეფსია. ფოკალურის შემთხვევაში არის ე.წ. სიმპტომური ეპილეფსიები, მაგალითად, ტრავმული, ინსულტის შედეგად ან სიმსივნით გამოწვეული. როცა თავის ტვინს შორდება ეს მაპროვოცირებელი ფაქტორი, ანუ ის უბანი რომელიც იწვევს ტვინის ქერქის ირიტაციას [გაღიზიანებას], მერე შეიძლება თვითნებურადაც ალაგდეს. თუმცა კონსერვატიული მკურნალობის შედეგადაც შეიძლება გულყრები ალაგდეს ან იყოს მედიკამენტოზური რემისიის პირობებში.

მედიკამენტები მიიღება გეგმურად, სწორი დოზით და ზუსტად შერჩეული, რადგან ყველა გულყრას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს და მისი შესაბამისი მედიკამენტი. ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის დროს შესაძლოა საჭირო იყოს მედიკამენტების მიღება სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა არის შემთხვევები, როცა მედიკამენტს რამდენიმე წლის განმავლობაში ვიღებთ, მერე დიაგნოსტიკას ვაკეთებთ, თუ ელექტროფიზიოლოგიურად წყნარი გვაქვს თავის ტვინი და ორი წელი გულყრა არ გვაქვს, შეიძლება ვიფიქროთ მედიკამენტის მოხსნაზე.

  • დაავადება შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს?

ეპილეფსია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ხშირ შემთხვევაში ბავშვობიდან მოდის, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. შეძენილი ეპილეფსიის მიზეზი შეიძლება გახდეს თავის ტვინში ნებისმიერი ორგანული დაზიანება – თავის ტვინის ტრავმა, ოპერაციული ჩარევა, თავის ტვინის სიმსივნე, კისტა, ნებისმიერი წარმონაქმნი, რომელიც იწვევს თავის ტვინზე ზეწოლას. მექანიზმი არის ის, რომ ტვინის ქერქის ირიტაცია [გაღიზიანება] მიმდინარეობს ამ დროს.

ეპილეფსიის გულყრებს ხშირად უსწრებს წინ ე.წ. აურა, ანუ რაიმე სახის წინასწარი შეგრძნება, სანამ გულყრა განვითარდება. აურა ძირითადად ერთი და იმავე ხასიათისაა. გააჩნია, ეს ირიტაციული უბანი საიდან იწყება. შეიძლება ეს იყოს შეგრძნება კუჭში, შეიძლება დაიწყოს ხელის კრთომით, უცნაური დაბუჟებით და ა.შ. სხვადასხვანაირია, ოღონდ პაციენტი გრძნობს, რომ გულყრა უახლოვდება და შეიძლება დაჯდომაც კი მოასწროს.

  • ეპილეფსიის ძირითად სიმპტომად ძლიერი კრუნჩხვები მოიაზრება, ყოველთვის ასეთი მძიმე გამოვლინება აქვს? როგორია სხვა სიმპტომატიკა?

არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის კრუნჩხვა განვითარდეს. ეპილეფსიის სიმპტომები მრავალფეროვანია, შესაბამისად, პაციენტისთვის რთულად ამოსაცნობია, თუმცა მკურნალობის თვალსაზრისით, გვიან დავიწყებთ მკურნალობას თუ ადრე – ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

არსებობს ფოკალური და გენერალიზებული შეტევები. ფოკალური შეტევა გამოწვეულია არანორმალური აქტივობით თავის ტვინის მხოლოდ ერთ უბანში. ისინი შეიძლება განვითარდეს როგორც ცნობიერების დაკარგვის გარეშე, ისე დაქვეითებული ცნობიერებით. გენერალიზებულია შეტევა, რომელიც მოიცავს ტვინის ყველა უბანს. არსებობს გენერალიზებული კრუნჩხვების ექვსი ტიპი.

ძირითადი კლასიკური ეპილეფსიური გულყრა იწყება აურით ანუ რაღაც შეგრძნებით, რომელსაც პაციენტი აღწერს. მაგალითად, შეიძლება გვითხრას რომ ფოკალური შეტევების დროს თავი მიმაქვს ცალ მხარეს. ეს არის ტონურ-კლონური გულყრა და ხასიათდება გონების დაკარგვით, სხეულის დაჭიმვითა და ბიძგებით ე.წ. ძაგძაგით/კრუნჩხვებით, რასაც ზოგჯერ ახლავს ენის მოკვნეტა და უნებლიე შარდვა. ეს ის ფორმულაა, რომელსაც ყველა ცნობს.

არსებობს გულყრების ისეთი ტიპი, რომლის დროსაც არის მხოლოდ ე.წ. შეკრთომები, მაგალითად, მიოკლონური ეპილეფსია, ახასიათებს ე.წ. შეჟრჟოლებები და ბიძგები მკლავებსა და ფეხებში; აბსენს ეპილეფსია – ახასიათებს ე.წ. გათიშვა და მსუბუქი რხევა სხეულში, შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის ხანმოკლე დაკარგვა. ამ დროს პაციენტი შეშდება, თვალები უშტერდება, ცნობიერება ებინდება და რამდენიმე წამი ვერ ამყარებს ურთიერთობას ირგვლივ მყოფებთან; ტონური გულყრა იწვევს კუნთების დაჭიმვას, ძირითადად მოიცავს ზურგის, მკლავებისა და ფეხების კუნთებს, შეიძლება გამოიწვიოს ვარდნა; კლონური გულყრა ხასიათდება კუნთების რიტმული, ბიძგისებრი შეკუმშვებით. ძირითადად მოიცავს კისერს, სახეს, ხელებს; კიდევ არსებობს ატონური გულყრა – იწვევს კუნთების კონტროლის დაკარგვას და უეცარ დაცემას ძირს.

შესაძლოა ეპილეფსიური გულყრა ამოვიცნოთ ხელიდან საგნის დავარდნით, რადგან იწყება მიოკლონია ანუ კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ ემორჩილება რომელიმე კიდური.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

რაიმე ტიპის ხანმოკლე შეტევის დროს, რომელსაც აქვს პაროქსიზმული ხასიათი, ანუ დროის გარკვეულ მონაკვეთში მეორდება რამდენჯერმე, განსაკუთრებით, თუ ეხება ცნობიერების შეცვლას, ეჭვი უნდა მივიტანოთ ეპილეფსიაზე და მივმართოთ სპეციალისტს.

ცნობიერების შეცვლაში იგულისხმება გაბრუება, ამ დროს დეზორიენტაცია, შესაძლოა კარგად ესმოდეს ლაპარაკი, მაგრამ თვითონ ვერ რეაგირებდეს. შეიძლება ცნობიერების დაკარგვითაც დასრულდეს, რომლის დროსაც ადამიანი კონტაქტზე საერთოდ არ გამოდის. შეიძლება იყოს რამდენიმეწამიანი, მაქსიმუმ გაგრძელდეს 2-3 წუთი.

  • დიაგნოსტირება და მკურნალობა როგორია?

დიაგნოსტირება პირველ რიგში ხდება სწორად შეგროვებული ანამნეზით, ხშირად გულყრის ფორმულის ვიდეოჩანაწერსაც ვითხოვთ ხოლმე.

პირველი ნაბიჯი არის ელექტროენცეფალოგრაფია. თუ განმუხტვები ვერ დაფიქსირდა, ელექტროენცეფალოგიოურად შეიძლება გავაკეთოთ 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, შემდგომი უფრო მაღალტექნოლოგიური კვლევა არის მრტ კვლევა და ეპილეფტპლოგის კონსულტაცია. ასევე ტარდება ნეიროფსიქოლოგიური კვლევა.

ეპილეფსია განკურნებადია, თუმცა არსებობს რთული ფორმებიც. არის შემთხვევები, როცა მედიკამენტები არ იძლევა შედეგს და ვფიქრობთ ოპერაციულ მკურნალობაზე, ეს უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ეპილეფსიის მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების წესთან დაკავშირებით?

ძილ-ღვიძილის ციკლი უნდა იქნეს მოწესრიგებული აუცილებლად, ალკოჰოლი უნდა გამოირიცხოს ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებში, არ არის სასურველი კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება.

უსაფრთხოების წესებს რაც შეეხება, უნდა ერიდონ ზღვაში ღრმად შესვლა, სიმაღლეზე მუშაობას და ა.შ. სადაც შეიძლება მის სხეულს შეექმნას საფრთხე, ვინაიდან არსებობს ისეთი გულყრები, რომლებიც შეიძლება სრულიად მოულოდნელად განვითარდეს, რა დროსაც პაციენტი შესაძლოა გადავარდეს, დაიწვას, დაზიანდეს და ა.შ.

  • როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს თვალწინ ადამიანს ეპილეფსიური გულყრა აქვს?

სამწუხაროდ ხშირად არასწორ დახმარებას უწევენ ასეთ ადამიანს, მაგალითად, ასხამენ პირში წყალს, რაც დაუშვებელია.

პირველ რიგში, ამ ადამიანს უნდა შევუხსნათ ყველაფერი, რაც უჭერს, იქნება ეს ჰალსტუხი, ქამარი, საკინძე თუ სხვა. თუ ასაკოვანია, შესაძლოა ჰქონდეს პირში პროთეზი, რომელიც უნდა გამოვაცალოთ, რომ არ გადასცდეს და დავაწვინოთ გვერდზე, რადგან ღებინების შემთხვევაში არ მოხდეს ასპირაცია, ანუ ამ მასის გადასვლა სასუნთქ გზებში. თავი უნდა მოვათავსებინოთ რბილად, რადგან გულყრის დროს (როცა არის ტონურ-კლონური შეტევა) არ დაიზიანოს თავი.

თუ ეს ნამდვილად ეპილეფსიის შემთხვევაა, ის მალე გადაივლის, როგორც წესი, სასწრაფოში დარეკვამდე უკვე დამთავრებულია.

თუ გულყრა ხანგრძლივდება, რა თქმა უნდა, ვრეკავთ სასწრაფოში. ეპილეფსიური გულყრის შემთხვევაში უკვე ნახევარ ან ორ წუთში პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ეწყება გულყრის შემდგომი ძილიანობა ან ფსიქომოტორული აგზნება, გააჩნია, გულყრის რა ტიპია.

ბათუმის ბულვარს და ბოტანიკურ ბაღს ეროვნული ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ბათუმის ბულვარს და ბოტანიკურ ბაღს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ, ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში უკვე განიხილეს და შესაბამისი დოკუმენტები კულტურის სამინისტროს გადაუგზავნეს. სამინისტროს ინფორმაციით, საკითხი განხილვის ეტაპზეა.

პარალელურად, ბულვარში, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სანებართვო წესების დარღვევით გრძელდება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა:

როცა ბულვარში უკანონოდ აშენებ და მხოლოდ 10 000 ლარით გაჯარიმებენ

სასამართლომ „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა

მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ ბათუმის მერია ბულვარს მართვაში დაიბრუნებდა და ამას ამომრჩეველს ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანიც დაჰპირდა, ეს პირობა ისევ არ შესრულდა. „მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩევნებამდე არჩილ ჩიქოვანმა. თუმცა აჭარის ბიუჯეტის 2022 წლის პროექტი სხვა „პროცედურას“ აჩვენებს.

2022 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, ბულვარის ადმინისტრაცია მომავალ წელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება. ბულვარის მართვის ნაწილში რესპუბლიკურ ბიუჯეტში 823 100 ლარი აქვთ გათვალისწინებული.

ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯები კი თითქმის ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა:

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბულვარის მოვლისთვის 8 მილიონ 4434 600 ლარი იყო გამოყოფილი. მომავალ წელს ეს თანხა 9 მილიონ 139 900 ლარი იქნება.

ბულვარი მუნიციპალური საკუთრებაა, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართავად უზუფრუქტის წესით 2011 წელს გადაეცა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, რომლის ზემდგომიც ახლა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება [შპს], ბათუმის საკრებულოს დაფუძნებულია.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტება – სააკაშვილის საქმე სტრასბურგში

„სამოქალაქო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა,“ – წერს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია.

გუშინ, 10 ნოემბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ფეისბუქგვერდზე წერს, რომ რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი მისი სიცოცხლის დაცვაა.

„39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 [„სიცოცხლის უფლება“] და მე-3 [„წამების აკრძალვა“] მუხლებს უკავშირდება.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება. სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე,“ – აღნიშნავს ნონა წოწორია.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ევროსასამართლომ სააკაშვილის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია, ხოლო საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოს უნდა აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც ამჟამინდელი, ისე ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ.

„სასამართლომ მ. სააკაშვილს მოუწოდა (დაჟინებით სთხოვა) შეწყვიტოს შიმშილობა. მსგავსი პრეცედენტები არსებობს პრაქტიკაში. უდავოა, რომ სასამართლომ მოსარჩელის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მ. სააკაშვილმა გაითვალისწინოს სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა“, – წერს ნონა წოწორია.

„მთავრობამ საპყრობილეში ყოფნისას ზოგადად უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. ამით სასამართლო პრინციპში აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოების საკითხი პრობლემურია. არის თუ არა დარღვევა, ამას საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს.

მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო [appropriate] სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიკურ ვალდებულებაზე. მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება „სათანადოდ“, მომავალი გვიჩვენებს,“ – წერს ნონა წოწორია.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დროებითი ღონისძიების საკითხს და მათ შორის, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს 24 ნოემბერს მიუბრუნდება, მას შემდეგ, როცა მხარეები წარადგენენ დოკუმენტაციას. ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დროებითი ღონისძიების პირობები შეიცვალოს. „იმედია, დროებითი გადაწყვეტილების სულისკვეთება, სასამართლოს მიმდინარე ზედამხედველობა და საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება მთელს ამ პროცესს ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს,“ – წერს ფეისბქგვერდზე ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია.

აჭარაში კოვიდის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორორავირუსით ინფიცირების 133 შემთხვევა გამოვლინდა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 7 ადამიანი.

აჭარაში კოვიდზე მკურნალობს 1869 ინფიცირებული. აქედან  კოვიდლინიკებში – 588 პაციენტი,  კოვიდსასტუმროებში – 281, ხოლო ონლაინკლინიკაში 1000 ადამიანი გადის მკურნალობას.

ქვეყნის მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,25%-ია, ასევე მაღალია კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება.

კოვიდით გარდაიცვალა 77 ადამიანი – 11 ნოემბერი

11 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 77 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა ვირუსის 4 563 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 4 744 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,25%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 832 შემთხვევა, აჭარაში – 133, იმერეთში – 711, ქვემო ქართლში – 362, შიდა ქართლში – 423, გურიაში – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 311, კახეთში – 448, მცხეთა-მთიანეთში – 118, სამცხე-ჯავახეთში – 104, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 55 304 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბათუმშია – ხვალ საქართველოს ნაკრები შვედეთის ნაკრებს ეთამაშება

ცნობილი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბათუმშია. იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებშია, რომელიც ხვალ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 11 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში ეთამაშება შვედეთის ნაკრებს.

მატჩი ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების სხვაობით უსწრებს.

___________

ფოტო: ბესო ჩიბურდანიძე

შესაძლოა კიდევ 15 ათასი ადამიანი გარდაიცვალოს კოვიდით – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

მხოლოდ ბოლო 10 დღეში კოვიდით საქართველოში 617 ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, მით უფრო ნაკლები ადამიანი მიდის აცრის პუნქტში იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს.

რა მიდგომაა საჭირო ამ დროს, როცა ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ადამიანები არ იცრებიან? – „ბათუმელები“ ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

  • ბატონო ბიძინა, მხოლოდ ბოლო 10 დღეში 617 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. უფრო და უფრო მცირდება ვაქცინაციის მაჩვენებელი და დაანონსებულზე ბევრად ადრე დაიწყო მეხუთე ტალღა. რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციაში?  

ეს არის პოპულაციური ანუ ჯოგური იმუნიტეტისკენ სვლა, ბუნებრივი გადარჩევის პროცესია ეს.

შემაკავებელი ფაქტორების ანუ პირბადეების ტარების და დისტანციის დაცვის შედეგად ხდება ის, რომ 10 ათასი ადამიანი ერთდროულად ავად არ ვხდებით.

რეალურად არც მაქვს იმედი, რომ ეს რიცხვები მოიკლებს. ინფიცირების მაჩვენებელი 2 და 3 ათასს ქვევით დიდხანს არ ჩამოვა, გაზაფხულამდე მაინც, რადგან ზამთრის პერიოდი ნოყიერი ნიადაგია ნებისმიერი ვირუსული დაავადებისთვის. ამ დროს ადამიანები ჩაკეტილ სივრცეებში მეტ დროს ატარებენ, ნაკლებია ვენტილაცია, განიავება, რაც ვირუსების ადვილად გავრცელებას ხელს უწყობს.

არა მგონია აქ რამე გამოსავალი არსებობდეს გარდა ინდივიდუალური დაცვისა – პირბადე, დისტანცია და ვაქცინა. ვისაც აქვს ამის სამოქალაქო შეგნება, იმ ადამიანებს მიეცემათ გადარჩენის შესაძლებლობა.

დანარჩენი ადამიანები კი, რომლებიც სხვების გავლენით – მათ შორის, ექიმების გავლენით, არასწორი ინფორმაციის გამო, სასულიერო პირების გავლენით, ვაქცინის გარეშე იტოვებენ თავს, რეალურად სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, რაც ძალიან დასანანია.

ჩვენთან არაიმუნური ნაწილი დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანია და მათი ბუნებრივი გზით ავადობა საშუალოდ 15 ათასი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევს შემდეგ ერთ წელიწადში.

ვაქცინაციით ამ რიცხვის მინიმუმ ათჯერ შემცირება შეგვიძლია. გამოდის, ვაქცინამ შესაძლოა სიცოცხლე აჩუქოს მინიმუმ 14 ათასს ადამიანს. როცა ამ პერსპექტივას ხედავ, ეს არის ენით აღუწერელი განცდა, ძალიან მძიმე ემოცია და მართლა განიცდი.

ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ვერ აცნობიერებენ ამას ადამიანები და გაუთვითცნობიერებლად ეწირებიან ვირუსს, რომელიც იქნება, ვიდრე დედამიწაზე სიცოცხლე იარსებებს.

ის ვერ გაქრება, მაგრამ არაერთმა ქვეყანამ უკვე მოახერხა პანდემია გაეხადა მართვადი.

  • რამდენიმე დღის წინ დაანონსებული შეზღუდვები როგორ იმოქმედებს, მაგალითად, ე.წ. მწვანე საშვი

მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. მე არ მინახავს მსგავსი მაგალითი, სადაც ორი წლის წინ გადატანილი ინფექციის გამო დღეს ვინმეს „მწვანე საშვს“ აძლევენ. ეს ქართული „ნოუ ჰაუა“. ამას რა იმუნოლოგიური საფუძვლები დაუდეს, უცნობია. მათ შორის, თუკი ადამიანს ერთხელ აქვს გადატანილი დაავადება, მას ეკუთვნის „მწვანე საშვი“ – ეს არის უპრეცედენტო.

მე მაინც მგონია, რომ „მწვანე საშვი“ დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელებას გარკვეულწილად, 10-15  პროცენტით შეამცირებს, მაგრამ ვაქცინაციის წახალისების თვალსაზრისით ეს არაფრის მომტანი არ იქნება.

შედარებით მივესალმები პენსიონერებისთვის 200-ლარიანი დანამატის მიცემას.

აქ საქმე გვაქვს უპრეცედენტო ფაქტთან – 70 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 19 პროცენტია მხოლოდ აცრილი, როდესაც ქვედა ასაკობრივ ჯგუფში ეს ციფრი 40 პროცენტია. ამ დროს ევროკავშირის ქვეყნებში პირიქით არის: ზედა ასაკის მოსახლეობის 90 პროცენტია აცრილი, ხოლო ახალგაზრდებში უფრო დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.

თუ ჩვენ გვინდა, რომ პანდემია გახდეს კონტროლირებადი, ანუ მატება არ აისახოს ავტომატურად ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობაზე, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ 50 წელს ზევით ადამიანებში გვყავდეს მაინც 80-90 პროცენტი აცრილი.

  • ფიქრობთ, რომ იმუშავებს 200-ლარიანი დანამატი, თუკი ადამიანს არ სჯერა ვაქცინის? მაგალითად, ლატარია, ვხედავთ, რომ არ მუშაობს ვაქცინაციის სასარგებლოდ.  

მგონია, რომ საპენსიო დანამატს გარკვეული სტიმულის ეფექტი ექნება, რადგან ხშირად მომისმენია ასაკოვანი ადამიანებისგან, მაინც სახლში ვარ, არსად არ გავდივარ, არავინ არ მოდის მაინც ჩემთან და ასე შემდეგ.

საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების 95 პროცენტი არის 50 წელს ზემოთ. ვიცით, რომ პენსიონერი განსაკუთრებით რისკია.

სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ, არ მგონია, რომ ინფიცირების ეს რიცხვები შემცირდეს, ან 20 -30 ათასი აცრა გვქონდეს დღეში.

  • რას ფიქრობთ კონკრეტული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციაზე? 

ვფიქრობ, რომ კონკრეტული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არის არა მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.

უსაფრთხოების საკითხია, რომ ექიმები იყვნენ ჯანმრთელად, ჯარი იყოს ჯანმრთელი, პოლიცია და ასე შემდეგ.

  • ფეისბუქზე წერდით, რომ პარადოქსია, როცა ვაქცინაციის ცენტრები ცარიელია, ხოლო ტესტირების ცენტრებში უსასრულო რიგებია. რა ქმნის ამ დამოკიდებულებას? 

ეს იხსნება იმ ფაქტორებით, რაც ჩვენ გვაქვს: დაბალი განათლების დონე, გავლენები, ეს იქნება ცალკეული პირებისგან, თუ სოციალური მედიიდან, რელიგიური ფაქტორის გავლენა ასევე დიდია.

პრობლემაა ისიც, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა აგრესიული საინფორმაციო კამპანია.  ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი ყველა სოფელსა და კუნჭულში. საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ ადამიანებს რეალურად, თუ დიდი ქალაქების იქით გავიხედავთ.

  • თუმცა ვაქცინაცია გარკვეულ სოფლებშიც გახდა შესაძლებელი. 

რაც უფრო ახლოსაა ვაქცინაციის პუნქტები, მით უფრო კარგი მაჩვენებლებია. ფრაგმენტული გასვლა არაა საკმარისი, როცა 20 სოფელში ჩადიხარ.

ყველა ქვეყანას თავისი თავისებურება აქვს. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ამას წინათ, გერმანიაში ვინ აკეთებს ამდენ ახსნა-განმარტებასო. მართალია. იქ ადამიანები საჭირო ინფორმაციას თვითონ პოულობენ.

  • „გაუნათლებლობა კლავსო“ – ამაზეც წერდით. ამ მოცემულობაში რა ტიპის კამპანია უნდა ჩაატაროს ხელისუფლებამ, რომ ადამიანები აიცრან? 

საჭიროა მიზნობრივად, სეგმენტურად სავალდებულო ვაქცინაცია და კოვიდსაშვების აქტიურად ამოქმედება. ეს იქნება უზარმაზარი მოტივაცია.

მაგალითად, ლიეტუვაში ადამიანი მაღაზიაშიც კი ვერ შევა, თუ არ აქვს კოვიდსაშვი და აცრა გაკეთებული. მესმის, რომ ამას სჭირდება შემოწმების სისტემები და რთულია, მაგრამ მხოლოდ რესტორნებზე და სავარჯიშო დარბაზებზე შეზღუდვების დაწესება მოსახლეობის 90 პროცენტს არ ეხება.

  • მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში რა მოხდა, თქვენი ინფორმაციით? ჩვენ რეგიონში მოწინავე პოზიცია გვაქვს ინფიცირების და კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებლებით. 

აზერბაიჯანს, როგორც ცნობილია, ვაქცინაციის მოცვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს, ეს არის თითქმის 50 პროცენტი. სომხეთს არ აქვს ეს რიცხვები, მაგრამ მეორე ტალღა ჰქონდათ საკმაოდ ძლიერი, რამაც იმუნური ფენა შექმნა.

აჯობებს განვითარებულ ქვეყნებზე გავაკეთოთ სწორება, სადაც ვაქცინაციის მაღალმა მოცვამ პრაქტიკულად პანდემია გახადა მართვადი, თორემ ციფრები ვერავინ გაანულა.

იგივე შეერთებულ შტატებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ ამერიკა ახლოსაა რამდენიმე თვეში პანდემია ენდემიად გამოაცხადოსო, ანუ იქ უკვე არის სტაბილური ციფრები, ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს და ორი ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც დღე-დღეზე უნდა მიიღონ. აშშ-ის მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილია.

  • რა შეგიძლიათ უთხრათ ადამიანებს, ვინც ამ დრომდე აცრაზე უარს ამბობენ? 

ვეუბნები, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი გამოსავალი, რომ ვაქცინა აჩუქებს მათ სიცოცხლეს… სამწუხაროა, რომ ადამიანები შეეჩვიენ ამ რიცხვებს.

სახელმწიფოს და ჩვენი, პროფესიონალების, ვალდებულებაა, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია, ვუთხრათ მათ, რომ მათი გადარჩენის გასაღები ისევ მათ ხელშია და ეს არის ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობაც.

საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა 3 მოადგილე ჰყავდეს – ხარჯები 7 მილიონით გაიზრდება

პარლამენტში „ოცნების“ ფრაქციიდან თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ამ ცვლილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ. თბილისის გარდა აქამდე საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა [ორი იმ ქალაქებში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია].

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს თანამდებობის პირების რაოდენობა და, შესაბამისად, ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება – გარდა თანამდებობის პირის ხელფასისა, მოადგილეს ავტომანქანა ემსახურება და უფლებამოსილების განხორციელება ბევრად მეტი თანხითაც ფინანსდება.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 63 თავმჯდომარეს სულ 189 მოადგილე ეყოლება [გარდა თბილისისა].

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 3400 ლარია. შესაბამისად, 189 მოადგილის დაფინანსებას თვეში 642 600 ლარი დასჭირდება. ერთ წელში კი ეს თანხა 7 მილიონ 771 ათას 200 ლარს მიაღწევს. ამას დაემატება უფლებამოსილები განხორციელებისთვის საჭირო სხვა თანხები, ავტომანქანის მომსახურებისა და საწვავის ხარჯებიც.

მოქმედი კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს, თუ მუნიციპალიტეტი 100 000 – ზე ნაკლებ ამომრჩეველს აერთიანებს.

თუ მუნიციპალიტეტში 100 000 და მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე, ხოლო თბილისის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

კანონპროექტი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესის შეცვლასაც ითვალისწინებს: საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ყოველ ხუთ წევრზე დამატებით ერთი მოადგილის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება. ამ დრომდე ფრაქციას მხოლოდ ერთი მოადგილის დანიშვნის უფლებას აძლევდა საკრებულო.

თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების პროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოამზადეს.

Exit mobile version