მთავარი,სიახლეები

„უნდა მოხდეს დიდი შერიგება“ – მურმან დუმბაძე იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ

12.11.2021 • 2219
„უნდა მოხდეს დიდი შერიგება“ – მურმან დუმბაძე იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მურმან დუმბაძე დღეს, 12 ნოემბერს, გაათავისუფლეს. ის სასამართლოზე დღეს საღამოს წარსდგება. როგორც მურმან დუმბაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, დაკავებულებს  სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„რატომ დამაკავეს არ ვიცი, ჟურნალისტების და პოლიციელების გარემოცვაში ვიყავი, რაღაცაზე ვსაუბრობდი, ამ დროს ვიღაც მოვიდა და დამაკავა. არ აუხსნიათ არაფერი, მაგრამ ორი დღე ვიყავი საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში. დღეს ამოიწურა 48-საათიანი ვადა და წამოგვიყვანეს სასამართლოში.

ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები და შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ წარმოადგინონ ვიდეომასალა. პირადად ჩემთან მიმართებაში ვიდეომასალა არსებობს, რომ დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, ვსაუბრობ და მაშინ მაკავებს პოლიციელი, არის ასეთი კადრები“, – ამბობს მურმან დუმბაძე.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა ძალადობა, არც გზაში, არც  დროებით იზოლატორში.

„მე უფრო სხვა რამ მაინტერესებდა, ის თუ როგორი იყო პოლიციელების შინაგანი ხედვა და მგონია, რომ პოლიციელების უმრავლესობაც ითხოვს ცვლილებას“, – ამბობს დუმბაძე.

კითხვაზე, თუ რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს, მურმან დუმბაძე ამბობს: „მეუბნებოდნენ, რომ ის, რაც ახლა ხდება თქვენ მიმართ და ან სხვებთან დაკავშირებით, არის დროის კარგვა და სახელმწიფო ტყუილად ირჯებაო. ისე მოხდა, რომ გადაყვანისას რამდენიმე ეკიპაჟი გამოვიცვალეთ  და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ პოლიციელების უმრავლესობა ითხოვს ცვლილებას. ერთმა პოლიციელმა ჩემზე იხუმრა კიდეც, მაგას ორივე ხელზე გაუკეთეთ „ნარუშნიკი“, მაგის მარჯვენამ და მარცხენამ დაგვღუპა, იმიტომ ვართ ამ დღეშიო“, – ამბობს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძის თქმით, ის, რაც დღეს ხდება, არის მშვიდობიანი მანიფესტაციები, მიტინგები, გამოსვლები და ამ გზით უნდა გაგრძელდეს პროტესტი. თუმცა ის ასევე დასძენს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის შერიგება აუცილებელია.

„ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია შესული და რაც დრო გადის, უფრო დიდ კრიზისში შევდივართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უნდა მოხდეს დიდი შერიგება. სხვანაირად ეს ქვეყანა აღარ დაწყნარდება. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს“, – ამბობს მურმან დუმბაძე.

____

10 ნოემბერს მურმან დუმბაძის გარდა თბილისში, საპროტესტო აქციაზე, 46 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: