მხოლოდ ბოლო 10 დღეში კოვიდით საქართველოში 617 ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, მით უფრო ნაკლები ადამიანი მიდის აცრის პუნქტში იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს.
რა მიდგომაა საჭირო ამ დროს, როცა ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ადამიანები არ იცრებიან? – „ბათუმელები“ ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.
- ბატონო ბიძინა, მხოლოდ ბოლო 10 დღეში 617 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. უფრო და უფრო მცირდება ვაქცინაციის მაჩვენებელი და დაანონსებულზე ბევრად ადრე დაიწყო მეხუთე ტალღა. რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციაში?
ეს არის პოპულაციური ანუ ჯოგური იმუნიტეტისკენ სვლა, ბუნებრივი გადარჩევის პროცესია ეს.
შემაკავებელი ფაქტორების ანუ პირბადეების ტარების და დისტანციის დაცვის შედეგად ხდება ის, რომ 10 ათასი ადამიანი ერთდროულად ავად არ ვხდებით.
რეალურად არც მაქვს იმედი, რომ ეს რიცხვები მოიკლებს. ინფიცირების მაჩვენებელი 2 და 3 ათასს ქვევით დიდხანს არ ჩამოვა, გაზაფხულამდე მაინც, რადგან ზამთრის პერიოდი ნოყიერი ნიადაგია ნებისმიერი ვირუსული დაავადებისთვის. ამ დროს ადამიანები ჩაკეტილ სივრცეებში მეტ დროს ატარებენ, ნაკლებია ვენტილაცია, განიავება, რაც ვირუსების ადვილად გავრცელებას ხელს უწყობს.
არა მგონია აქ რამე გამოსავალი არსებობდეს გარდა ინდივიდუალური დაცვისა – პირბადე, დისტანცია და ვაქცინა. ვისაც აქვს ამის სამოქალაქო შეგნება, იმ ადამიანებს მიეცემათ გადარჩენის შესაძლებლობა.
დანარჩენი ადამიანები კი, რომლებიც სხვების გავლენით – მათ შორის, ექიმების გავლენით, არასწორი ინფორმაციის გამო, სასულიერო პირების გავლენით, ვაქცინის გარეშე იტოვებენ თავს, რეალურად სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, რაც ძალიან დასანანია.
ჩვენთან არაიმუნური ნაწილი დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანია და მათი ბუნებრივი გზით ავადობა საშუალოდ 15 ათასი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევს შემდეგ ერთ წელიწადში.
ვაქცინაციით ამ რიცხვის მინიმუმ ათჯერ შემცირება შეგვიძლია. გამოდის, ვაქცინამ შესაძლოა სიცოცხლე აჩუქოს მინიმუმ 14 ათასს ადამიანს. როცა ამ პერსპექტივას ხედავ, ეს არის ენით აღუწერელი განცდა, ძალიან მძიმე ემოცია და მართლა განიცდი.
ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ვერ აცნობიერებენ ამას ადამიანები და გაუთვითცნობიერებლად ეწირებიან ვირუსს, რომელიც იქნება, ვიდრე დედამიწაზე სიცოცხლე იარსებებს.
ის ვერ გაქრება, მაგრამ არაერთმა ქვეყანამ უკვე მოახერხა პანდემია გაეხადა მართვადი.
- რამდენიმე დღის წინ დაანონსებული შეზღუდვები როგორ იმოქმედებს, მაგალითად, ე.წ. მწვანე საშვი?
მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. მე არ მინახავს მსგავსი მაგალითი, სადაც ორი წლის წინ გადატანილი ინფექციის გამო დღეს ვინმეს „მწვანე საშვს“ აძლევენ. ეს ქართული „ნოუ ჰაუა“. ამას რა იმუნოლოგიური საფუძვლები დაუდეს, უცნობია. მათ შორის, თუკი ადამიანს ერთხელ აქვს გადატანილი დაავადება, მას ეკუთვნის „მწვანე საშვი“ – ეს არის უპრეცედენტო.
მე მაინც მგონია, რომ „მწვანე საშვი“ დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელებას გარკვეულწილად, 10-15 პროცენტით შეამცირებს, მაგრამ ვაქცინაციის წახალისების თვალსაზრისით ეს არაფრის მომტანი არ იქნება.
შედარებით მივესალმები პენსიონერებისთვის 200-ლარიანი დანამატის მიცემას.
აქ საქმე გვაქვს უპრეცედენტო ფაქტთან – 70 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 19 პროცენტია მხოლოდ აცრილი, როდესაც ქვედა ასაკობრივ ჯგუფში ეს ციფრი 40 პროცენტია. ამ დროს ევროკავშირის ქვეყნებში პირიქით არის: ზედა ასაკის მოსახლეობის 90 პროცენტია აცრილი, ხოლო ახალგაზრდებში უფრო დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.
თუ ჩვენ გვინდა, რომ პანდემია გახდეს კონტროლირებადი, ანუ მატება არ აისახოს ავტომატურად ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობაზე, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ 50 წელს ზევით ადამიანებში გვყავდეს მაინც 80-90 პროცენტი აცრილი.
- ფიქრობთ, რომ იმუშავებს 200-ლარიანი დანამატი, თუკი ადამიანს არ სჯერა ვაქცინის? მაგალითად, ლატარია, ვხედავთ, რომ არ მუშაობს ვაქცინაციის სასარგებლოდ.
მგონია, რომ საპენსიო დანამატს გარკვეული სტიმულის ეფექტი ექნება, რადგან ხშირად მომისმენია ასაკოვანი ადამიანებისგან, მაინც სახლში ვარ, არსად არ გავდივარ, არავინ არ მოდის მაინც ჩემთან და ასე შემდეგ.
საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების 95 პროცენტი არის 50 წელს ზემოთ. ვიცით, რომ პენსიონერი განსაკუთრებით რისკია.
სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ, არ მგონია, რომ ინფიცირების ეს რიცხვები შემცირდეს, ან 20 -30 ათასი აცრა გვქონდეს დღეში.
- რას ფიქრობთ კონკრეტული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციაზე?
ვფიქრობ, რომ კონკრეტული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არის არა მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.
უსაფრთხოების საკითხია, რომ ექიმები იყვნენ ჯანმრთელად, ჯარი იყოს ჯანმრთელი, პოლიცია და ასე შემდეგ.
- ფეისბუქზე წერდით, რომ პარადოქსია, როცა ვაქცინაციის ცენტრები ცარიელია, ხოლო ტესტირების ცენტრებში უსასრულო რიგებია. რა ქმნის ამ დამოკიდებულებას?
ეს იხსნება იმ ფაქტორებით, რაც ჩვენ გვაქვს: დაბალი განათლების დონე, გავლენები, ეს იქნება ცალკეული პირებისგან, თუ სოციალური მედიიდან, რელიგიური ფაქტორის გავლენა ასევე დიდია.
პრობლემაა ისიც, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა აგრესიული საინფორმაციო კამპანია. ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი ყველა სოფელსა და კუნჭულში. საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ ადამიანებს რეალურად, თუ დიდი ქალაქების იქით გავიხედავთ.
- თუმცა ვაქცინაცია გარკვეულ სოფლებშიც გახდა შესაძლებელი.
რაც უფრო ახლოსაა ვაქცინაციის პუნქტები, მით უფრო კარგი მაჩვენებლებია. ფრაგმენტული გასვლა არაა საკმარისი, როცა 20 სოფელში ჩადიხარ.
ყველა ქვეყანას თავისი თავისებურება აქვს. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ამას წინათ, გერმანიაში ვინ აკეთებს ამდენ ახსნა-განმარტებასო. მართალია. იქ ადამიანები საჭირო ინფორმაციას თვითონ პოულობენ.
- „გაუნათლებლობა კლავსო“ – ამაზეც წერდით. ამ მოცემულობაში რა ტიპის კამპანია უნდა ჩაატაროს ხელისუფლებამ, რომ ადამიანები აიცრან?
საჭიროა მიზნობრივად, სეგმენტურად სავალდებულო ვაქცინაცია და კოვიდსაშვების აქტიურად ამოქმედება. ეს იქნება უზარმაზარი მოტივაცია.
მაგალითად, ლიეტუვაში ადამიანი მაღაზიაშიც კი ვერ შევა, თუ არ აქვს კოვიდსაშვი და აცრა გაკეთებული. მესმის, რომ ამას სჭირდება შემოწმების სისტემები და რთულია, მაგრამ მხოლოდ რესტორნებზე და სავარჯიშო დარბაზებზე შეზღუდვების დაწესება მოსახლეობის 90 პროცენტს არ ეხება.
- მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში რა მოხდა, თქვენი ინფორმაციით? ჩვენ რეგიონში მოწინავე პოზიცია გვაქვს ინფიცირების და კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებლებით.
აზერბაიჯანს, როგორც ცნობილია, ვაქცინაციის მოცვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს, ეს არის თითქმის 50 პროცენტი. სომხეთს არ აქვს ეს რიცხვები, მაგრამ მეორე ტალღა ჰქონდათ საკმაოდ ძლიერი, რამაც იმუნური ფენა შექმნა.
აჯობებს განვითარებულ ქვეყნებზე გავაკეთოთ სწორება, სადაც ვაქცინაციის მაღალმა მოცვამ პრაქტიკულად პანდემია გახადა მართვადი, თორემ ციფრები ვერავინ გაანულა.
იგივე შეერთებულ შტატებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ ამერიკა ახლოსაა რამდენიმე თვეში პანდემია ენდემიად გამოაცხადოსო, ანუ იქ უკვე არის სტაბილური ციფრები, ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს და ორი ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც დღე-დღეზე უნდა მიიღონ. აშშ-ის მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილია.
- რა შეგიძლიათ უთხრათ ადამიანებს, ვინც ამ დრომდე აცრაზე უარს ამბობენ?
ვეუბნები, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი გამოსავალი, რომ ვაქცინა აჩუქებს მათ სიცოცხლეს… სამწუხაროა, რომ ადამიანები შეეჩვიენ ამ რიცხვებს.
სახელმწიფოს და ჩვენი, პროფესიონალების, ვალდებულებაა, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია, ვუთხრათ მათ, რომ მათი გადარჩენის გასაღები ისევ მათ ხელშია და ეს არის ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობაც.