როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე, მათ ქცევით განვითარებასა და განათლებაზე, რა რისკების წინ დგას დღემდე სკოლა – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე საუბრობს.
- ბატონო მინდია, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ აისახა პანდემიის პერიოდი ბავშვების აკადემიურ უნარებზე ან ქცევაზე?
ჩემი მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან არიან მოსული და პრობლემა ისაა, რომ გასულ წელს, პანდემიის გამო ვერც ბაღები მუშაობდა. როცა გაიხსნა, მშობლების ნაწილი მაინც არ ატარებდა კოვიდის გადადების შიშით. ის, რაც ბაღის ბოლო ეტაპზე უნდა ესწავლათ ამ ბავშვებს, ფაქტობრივად, არ გაუვლიათ. ბაღის ბოლო ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სასკოლო მზაობისთვის. ახლა მყავს ჯგუფი 29 ბავშვით, რომლებსაც წინა სასკოლო პერიოდი არ გაუვლიათ, 2-3 ბავშვის გამოკლებით, რომლებმაც კერძო მომზადება გაიარეს. ეს კი არ ცვლის საერთო ფონს.
მოსწავლეები მოვიდნენ მოტორიკის დარღვევით. მაგალითად ფანქრის, კალმის სწორად დაჭერა არ შეუძლიათ. აღიარებული მეთოდია – სწორად რომ დაწერო, კალამი სამი თითით უნდა გეჭიროს. სხვანაირად მოუხერხებელია. ამ ბავშვებს ხუთივე თითით უჭირავთ კალამი ან მუჭში აქვთ მოქცეული. მე რომ შევუცვალე თითების მდგომარეობა, ვერ დაწერა და ვერც გააფერადა. ასეთი რამეები ბაღში უნდა ისწავლოს ბავშვმა. იქ ასწავლიან გაფერადებას, გამოჭრას და ასე შემდეგ.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, – „თუ ასე აკეთებს და წერს, მოდი მივცეთ ნება, რომ ასე გააკეთოს“, მაგრამ ანბანი რომ კარგად დავწეროთ და გამოგვივიდეს, ამისთვის სამი თითით წერა უნდა ისწავლო.
ამიტომაც ჩავთვალე, რომ 5 წლის ბავშვები მივიღე პირველ კლასში. ზოგადად, სკოლაში 1-2 თვე წინასაანბანო პერიოდი გვაქვს, მაგრამ მე დავიწყე უფრო ქვედა დონიდან მუშაობა, მოტორიკაზე მუშაობა, სანამ წერაზე გადავიდოდით.
ერთი პერიოდი ვიფიქრე, კიდევ ხომ არ გადავწიო დონე-მეთქი, მაგრამ არსებობს საშიშროებაა, რომ შესაძლოა კიდევ მოგვიწიოს ჩაკეტვა ან დისტანციურზე გადასვლა, ვირუსის მაღალი გავრცელების გამო. მაშინ ანბანის დისტანციურად სწავლება მოგვიწევდა. ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იქნება.
- შარშანდელ პირველკლასელებს ხომ მოუწიათ ონლაინში ანბანის სწავლა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია?
მხოლოდ მასწავლებელზე და მოსწავლეებზე ამ საქმის დატოვება შეუძლებელიც შეიძლება იყოს. მე არ მქონია პრაქტიკაში ასეთი რამ, თუმცა ჩემი კოლეგებისგან მსმენია, რომ თუ მშობელი არ დაეხმარა, ფაქტობრივად შეუძლებელია ონლაინ ასწავლო ბავშვს ანბანი.
მყავს კოლეგები, ვისაც გასულ წელს მოუწია პირველი სემესტრი სრულად დისტანციურზე ყოფნა და მათი გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან ცუდი შედეგი დადეს. შემდეგ თავიდან მოუწიათ ამ ყველაფრის გავლა და მშობლების ძალიან დიდი ძალისხმევაც დასჭირდათ, რომ ეს მდგომარეობა გამოესწორებინათ.
- რატომ ვერ ხერხდება ონლაინში ანბანის ან თუნდაც წერის სწავლება?
ონლაინს ახლავს ის ცუდი თვისება, რომ არათანაბარ სიტუაციაში აყენებს მოსწავლეებს. სკოლაში თუ ვინმე არ გისმენს, ჩართავ პროცესში, მაგრამ ონლაინში ამას ვერ აკეთებ. ვიღაცას ინტერნეტი გაეთიშა, ვიღაცას ყურადღება გაეფანტა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ „თიმსში“ყველა მოსწავლეს ვერ ხედავ. მაქსიმუმ 8-12 მოსწავლე დაინახო.
არის ფუნქცია, რომელსაც მე პარლამენტის სხდომას ვეძახი ხოლმე ხუმრობით, როცა რთავ ყველას, მაგრამ მხოლოდ თავები ჩანს და ისიც შორიდან. რეალურად არაფერი ჩანს. წარმოიდგინეთ სცენაზე დგახარ და დარბაზში უყურებ, ასეთი ვარიანტია ზუსტად. ამიტომ გადავწყვიტე „ზუმში“ ჩამეტარებინა [გაკვეთილები], თუმცა სკოლის მოთხოვნაა, რომ ჩავატაროთ „თიმსში“.
- ამის გამო პრობლემებს არ შეგიქმნიან?
„თიმსი“ იმიტომ არის მოთხოვნაში, რომ იქ აღირიცხება მოსწავლეთა დასწრება, მაგრამ მაინც აქვს მინუსი – თუ შემოვიდა მოსწავლე 1 წუთით და შემდეგ გავიდა, ის აღრიცხვაში რჩება. გარდა ამისა, ისედაც ბევრი ხარვეზი აქვს „თიმსს“ და ამაზე ხშირად საუბრობენ მასწავლებლები.
- დავუბრუნდეთ ისევ კლასს, გარდა მოტორიკისა და კიდევ რა პრობლემები აჩვენა ბავშვებში დისტანციურზე ყოფნამ?
ქცევითი პრობლემები, რა თქმა უნდა. ძალიან ბავშვურები მოდიან. რას ნიშნავს ბავშვურები? – უჭირთ კონცენტრაცია ერთ საკითხზე, მოსმენა, ყურადღების გადატანა და ასე შემდეგ. მალე ეფანტებათ გონება. თუ, ვთქვათ, 10 წუთია საჭირო რაღაც დავალებაზე გათვალისწინებული, 3-5 წუთში ბავშვები უკვე იღლებიან და სხვა რამეზე გადააქვთ ყურადღება.
ქცევის წესებზე დავხარჯე მაგალითად რამდენიმე კვირა სკოლაში. იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი სკოლაში, სოციუმში. რომ არ შეიძლება მაგალითად ყოველთვის ადგე და იარო კლასში, როცა გინდა მაშინ გახვიდე გარეთ, როცა გინდა მაშინ წახვიდე დედასთან. ასეთი ელემენტარული რამეები რომ გვესწავლა ბაღში, სკოლაში აღარ მოგვიწევდა გავლა. ფაქტობრივად, ერთი წელი ტყუილად იყვნენ, არაფერს აკეთებდნენ სახლში და ეს არის შედეგი.
- იყო საუბარი იმაზეც, რომ პანდემიის პერიოდში ძალიან დამოკიდებული გახდნენ ბავშვები გაჯეტებზე. ფსიქოლოგების თქმით, ასეთ დროს ბავშვი ეჩვევა პასიურ აზროვნებას და ნაკლებადაა ინტერაქციული. ამ მხრივ რა ვითარებაა?
ეს უფრო მაღალ კლასებში ვლინდება, იქ უფროა საჭირო ინტერაქციაც და აზროვნების მაღალი დონეც. დაბალ ასაკში ყურადღების მოდუნება ხდება მარტივად. დავალების ახსნის დროს რამდენიმე წუთი გჭირდება, რომ სწორად მიაწოდო ინსტრუქცია, ამიტომ მცირე ლექციის ჩატარება მაინც გიწევს, უნდა აუხსნა რა როგორ გააკეთოს. შემდეგ ისმება კითხვებიც, მაგრამ შეიძლება გითხრას ისიც, რომ „ვერ გავიგე საერთოდ“. გიწევს თავიდან ახსნა. ამ დროს იღლება ბავშვი და სათანადოდ ვერ ასრულებს დავალებას, მაშინ როცა შეიძლება სხვამ მარტივად გაიგოს და დაასრულოს კიდეც დავალება დროულად.
ეს ყურადღების გაფანტულობის ბრალი მგონია. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვის განვითარების დონე ინდივიდუალურია და არ ვამბობ, რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ ვგულისხმობ იმ მომზადებას, რომელიც ბავშვს სახლში ან ბაღში უნდა გაევლო.
- მშობლები ხომ ყიდულობენ ბავშვებისთვის ფერად წიგნებს, სახატავებს, პლასტელინებს – ძერწვისთვის. ეს ყველაფერი არ ეხმარება მათ გარკვეული უნარების გამომუშავებაში, ვთქვათ უფრო ორგანიზებული რომ იყვნენ სკოლისთვის?
მე, მაგალითად, სასწავლო პროცესის წინ შევხვდი მშობლებს, ინდივიდუალურად მინდოდა მათთან გასაუბრება, რადგან მშობლის სწორ ჩართულობას სასწავლო პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მშობელმა უნდა დააწერინოს ან მოამზადებინოს გაკვეთილები. თუ ოჯახში ყველა დაინტერესებულია ბავშვის სწავლით, ეკითხებიან, მასთან ერთად განიხილავენ თემებს, ამ დროს მოსწავლის მოტივაციაც იზრდება და კარგ შედეგს აღწევს.
მინახია მშობელი, რომელსაც მიჰყავს გაკვეთილების შემდეგ ბავშვი არჩევინებს კალამს, რვეულებს, ფანქრებს და ემზადებიან მეორე დღისთვის. ისეთი მშობელიც ვიცი, რომელსაც ორი კვირის შემდეგაც არ გახსენებია, რომ რვეული სჭირდება მის შვილს. „დამავიწყდა“ – უთქვამთ ხოლმე. ხედავთ ხომ როგორი განსხვავებაა მშობლების ჩართულობაზე სასწავლო პროცესში?
რაც ხდება სახლში, იმის გამოვლინებაა სკოლაში. ეს ყველაფერი მშობლისგან მოდის. ერთი მშობელი ბავშვის თანდასწრებით მეუბნება – „მეც ასეთი ვიყავი და რა ვქნათ“. მას მოსწონდა, როგორიც იყო და ასეთ დროს მე ვეღარ დავეხმარები. ამიტომ არის მშობლის სწორი მიდგომა მნიშვნელოვანი.
- ორი წელია უკვე საუბრობენ, რომ პანდემიის გამო დიდი სასკოლო დანაკარგები შეიძლება გვქონდეს. თუმცა რეალური შეფასება და ანალიზი ჯერ არ გვინახავს სამინისტროს მხრიდან. თქვენი როგორც პედაგოგის აზრი მაინტერესებს, როგორ უნდა გავზომოთ ეს დანაკარგები?
განათლების სამინისტროს რომ ჰკითხოთ, როგორ ჩააბარა ონლაინსწავლებაში გამოწვევა, გეტყვით, რომ ძალიან კარგად, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ხარისხიანი ონლაინსწავლება გვქონოდა. მე მიმაჩნია, რომ ვერ ჩავაბარეთ სათანადოდ ეს გამოცდა, როგორც გვიყვებიან და გვეუბნებიან ისე.
უამრავი პრობლემა დღესაც პრობლემად რჩება. დღესაც კი არ მაქვს ინტერნეტი კლასში, რომ ავუხსნა ბავშვებს, როგორ უნდა იმუშაონ ონლაინში, თუკი ამის საჭიროება ისევ დადგება. რა ხარისხითაც იყო ორი წლის წინ, იმ ხარისხით შეიძლება გაკეთდეს შემდეგაც გაკვეთილები. „თიმსი“ არ არის გამოსწორებული, ჭედავს, დღესაც რომ ჰკითხო მასწავლებლებს, გეტყვიან, რომ ჟურნალი არ მუშაობს, ვერ შეაქვთ შემაჯამებელი სამუშაოები, ნიშნები და ასე შემდეგ.
მოსწავლეებსაც კი არ ამზადებენ. მესამე-მეოთხე კლასელები არ გადიან საინფორმაციო ტექნოლოგიებში მომზადებას, არ უტარდებათ ისტის გაკვეთილები, არადა ამის ცოდნა სჭირდებათ, ონლაინზე გადასვლის შემთხვევაში რომ შეძლონ თიმსში შემოსვლა და გაკვეთილებზე დასწრება.
თავიდან როცა მივედი სკოლაში, ინტერნეტიც შემოვიყვანე კლასში, პროექტორიც დავამონტაჟე, მაგრამ შემდეგ შემეცვალა კლასი და იგივე მდგომარეობაში ვარ. ხომ არ წამოვიღებდი სხვა კლასიდან პროექტორს?
სკოლაში არსად არ არის ინტერნეტი. არის მხოლოდ დირექტორის, კომპიუტერების ოთახში და კანცელარიაში – სხვაგან არსად. დირექტორს ვუთხარი, რომ მჭირდება ქსეროქსი, ინტერნეტი და პროექტორი კლასში. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ წელს ჩაერთო, გვპირდებიან, რომ შემოიყვანენ ინტერნეტს. ერთი თვე უკვე გავიდა ამ დაპირებიდან, ვნახოთ.
- ამ ყველაფერს როცა ემატება პანდემიის გავლენა, რამდენად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს სასწავლო დანაკარგები?
ჩემი აზრით, თუ არ შეიცვალა სკოლაში არაფერი, იგივე შედეგებს მივიღებთ, რაც იყო გასულ წელს. სხვა შემთხვევაში ზედმეტია რაიმე სწავლებაზე საუბარი.
მით უმეტეს, რომ რეგულაციებიდან გამომდინარე მასწავლებლებს გვევალება დისტანციის დაცვა, ჯგუფური მუშაობა არ შეიძლება, ფურცლის გამოყენება არ შეიძლება, წყვილში მუშაობა არ შეიძლება, – ანუ რა გამოდის, მოვა მოსწავლე დაჯდება, შენ შორს უნდა იყო, არც კი უნდა მიუახლოვდე, არც ინტერნეტია კლასში, არც პროექტორი, რომ ჩართო და შორიდან აჩვენო რაღაც… მე თუ არ მექნება ეს რესურსები, ვერ ისწავლის ბავშვი კომპიუტერთან მუშაობას, პრეზენტაციის გაკეთებას, დავალებების შესრულებას, იგივე იქნება, რაც იყო 2019 წელს.
შინაგანი პროტესტი მაქვს, რადგან არ მინდა, რომ ასეთი სკოლები გვქონდეს. მასწავლებლების მიდგომაც მინდა, რომ შეიცვალოს. ვიღაც არაფერს ამბობს, არც სკოლა უნდა გაანაწყენოს და არც სამინისტრო. მე ასე ცხოვრება, უბრალოდ არ შემიძლია. ჩვენ, მასწავლებლები უნდა შევიცვალოთ, ჩვენიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები. თუ მე არ ვიტყვი რა ხდება სკოლაში, თუნდაც იმ სკოლაში, სადაც ვარ – ბათუმის ცენტრში ინტერნეტი რომ არ არის კლასში, ეს ჩემთვის მიუღებელია.