მთავარი,სიახლეები

როცა ბულვარში უკანონოდ აშენებ და მხოლოდ 10 000 ლარით გაჯარიმებენ

19.10.2021 • 2039
როცა ბულვარში უკანონოდ აშენებ და მხოლოდ 10 000 ლარით გაჯარიმებენ

ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ სასტუმრო კომპლექსის მიმდინარე მშენებლობის დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუშაოების მიმღებმა კომისიამ 2021 წლის 20 სექტემბერს შეამოწმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დარღვევის შესახებ 18 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა.

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული

სააგენტოს კომისიამ მიმდინარე მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოავლინა. ოქმის მიხედვით, სხვა ბევრ დარღვევასთან ერთად კომისიამ რამდენიმე სართულის სიმაღლეში გაზრდაც დააფიქსირა.

ოქმის მიხედვით, რომელიც კომისიამ შეადგინა, მე-14 სართული შეთანხმებულთან შედარებით ზუსტად 1.97 მეტრით არის გაზრდილი სიმაღლეში, მე-15 სართული – 0.32 მეტრით. მე-17 სართული კი [რომელსაც სააგენტო ოქმში ტექნიკურ სართულს უწოდებს] 1.77 მეტრით გაუზრდიათ სიმაღლეში.

გარდა ამისა, კომისია დამატებით შეუთანხმებელი კოლონების ჩამოსხმასა და აუზის ადგილის ცვლილებაზე მიუთითებს. საბოლოდ კი ოქმის შემაჯამებელ, დასკვნით ნაწილში კომისია წერს:

„განსხვავდება როგორც სართულების სიმაღლე, ასევე მათი განთავსების ნიშნულები. არსებული მდგომარეობით შენობის დასხმის უმაღლესი ვერტიკალური ნიშნული პროექტთან შეუსაბამოა და ნაცვლად 61.05 მეტრისა წარმოადგენს 64,90 მეტრს.“

დარღვევასთან დაკავშირებით შპს „ამბასადორი ბათუმის“ დირექტორი ელგუჯა ქებურია სააგენტომ ოფიციალურად წერილობით 21 სექტემბერს გააფრთხილა:

„გთხოვთ დაუყონებლივ შეაჩეროთ საპროექტო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოება და ჩატარებული სამუშაოები მოიყვანოთ პროექტთან შესაბამისობაში. გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგეკისრებათ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.“

გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ უნებართვო სამუშაოები გააგრძელა. ამ გაფრთხილებიდან 19 დღის შემდეგ, 2021 წლის 7 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ კანონდამრღვევი კომპანია სააგენტომ არ დააჯარიმა, კომპანიამ კი გაფრთხილების მიუხედავად უნებართვო სამუშაოები გააგრძელა.

ამბასადორი ბათუმი“ უკანონო სართულის აშენებისთვის არ დააჯარიმეს – სამუშოები გრძელდება

მეორე დღეს, 8 ოქტომბერს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სასამართლოს ამბასადორის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით მიმართა. დარღვევა 10 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, კომპანია თვითნებურად იქცევა – „ამბასადორი ბათუმმა“ შეთანხმებულ პროექტს ადრეც გადაუხვია. ამ ვითარებაში რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა ძეგლის დასაცავად? – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 21 სექტემბერს ვკითხეთ, როდესაც ის ჯავახიშვილის ქუჩაზე ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამით ბინების გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად მივიდა.

მაშინ თორნიკე რიჟვაძემ თქვა:

„მე მქონდა სააგენტოსთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ მეც ვარ შეწუხებული ამ საკითხით. როგორც განმიმარტეს, არის ტექნიკური სართული და არის პროექტისგან გადახვევა, ამიტომ დაჯარიმდება. იმ სართულთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირება რაც არის, ყველა ღონისძიება გატარდება. როგორც მითხრეს არის ტექნიკური სართული, ჰკითხეთ სხვა ექსპერტებსაც. ჩვენ ყველა საჭირო რეაგირებას გავაკეთებთ, პირობას გაძლევთ. რაც შეეხება იმას, რომ იქ ვინმე აპირებს 50 სართულის ან 60 სართულის აშენებას, ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია. ყველაფერზე რეაგირებას მოვახდენთ, დაელოდეთ რამდენიმე დღეში რას გააკეთებს სააგენტო – თუ არის იმ მასშტაბის გადახვევა, რომ ჩაითვლება სამართალდარღვევად, იქნება რეაგირება.“

ამ კომენტარიდან მალევე, 28 სექტემბერს, საზოგადოებამ მთავრობისგან შეიტყო, რომ „ამბასადორს“ აჭარის მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი გადასცა, მომავალში კუნძულის მშენებლობის პირობით. პრეზენტაციას „ამბასადორი ბათუმის“ 50 პროცენტის მფლობელის, ელგუჯა ქებურიას ვაჟი, თორნიკე ქებურია ესწრებოდა და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მან მოაწერა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ კი, ამ ცერემონიალზე კანონდამრღვევ ინვესტორს  საჯაროდ ბევრი კომპლიმენტი უთხრა და გვერდში დგომა აღუთქვა.

ნათია თურნავას ფლირტი კანონდამრღვევ „ამბასადორთან“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: