რას ჰყვებიან ჟურნალისტები, რომლებიც ომში მუშაობენ

უკრაინაში მიმდინარე ამბების შესახებ დიდწილად ჟურნალისტების მუშაობის წყალობითაა ცნობილი. მსტისლავ ჩერნოვისა და ევგენი მალოლეტკას მიერ გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც მარიუპოლის დაბომბილი სამშობიარო იყო ასახული, მთელი მსოფლიო მოაირა . უკრაინის სახალხო დამცველის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, დაშავდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში მომუშავე მინიმუმ 35 ჟურნალისტი. 2 აპრილს ცნობილი გახდა უკრაინელი ფოტოგრაფისა და დოკუმენტალისტის, მაქს ლევინის დაღუპვის შესახებ.

„ნასტოიაშეე ვრემიას“ კორესპონდენტი ესაუბრა ჟურნალისტებს გერმანიიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან – როგორ გადაადგილდებიან, ეძებენ გმირებს, მუშაობენ ბომბების ქვეშ და რა მიაჩნიათ თავიანთი მუშაობის მიზნად.

  • „23 თებერვალს უკრაინელებმა ისე დაიძინეს, რომ ომის დაწყება არც კი წარმოედგინათ“

მორიც გატმანი, „ციცეროს“ სპეციალური კორესპონდენტი, ამჟამად იმყოფება კიევში.

მორიც გატმანი. ფოტო: „დოიჩე ველე“

24 თებერვალს, ომი რომ დაიწყო, კრამატორსკში ვიყავი.

მე და კოლეგებს გვიან ღამემდე არ გვეძინა, ვსაუბრობდით, შემდეგი რა იქნებოდა. მახსოვს, ვვარაუდობდით, რომ რუსული ჯარების დახმარებით დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“ გაფართოებას შეეცდებიან. ძირითადად ვფიქრობდით, რომ რუსეთი ამგვარად შეეცდებოდა მოესინჯა, როგორ შეძლებს მოქმედებას, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია, როგორი იქნებოდა სანქციები. ისეთივე თამაში, როგორიც 2014-2015 წლებში იყო, მაგრამ არა საკუთარი თავის საზიანოდ.

არც ერთ ჩვენგანს, სამ ჟურნალისტს, რომელთა სპეციალიზაციაც რუსეთი და უკრაინაა, არ გვქონდა პროგნოზი, რომ დაიწყებოდა ნამდვილი ომი. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. თავად უკრაინელებსაც არ სურდათ დაეჯერებინათ, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. იცოდნენ, რომ პუტინი ბევრისთვის იყო მზად, მაგრამ 23 თებერვალს ისე დაიძინეს, რომ ასეთი რამის დაწყება არც კი წარმოედგინათ.

დილის ხუთზე აფეთქების ხმამ გამაღვიძა. თავიდან სიზმარი მეგონა. შემდეგ მეორე აფეთქება იყო: რაკეტები კრამატორსკის აეროდრომზე დავარდა, ჩვენი სასტუმროდან 6-7 კილომეტრში. ახალ ამბებს გადავხედე – ნათელი გახდა, რომ ომი დაიწყო.

იმ დღეს მე და კოლეგების უმრავლესობამ წასვლა გადავწყვიტეთ. ვშიშობდით, რომ დონეცკის „სახალხო რესპუბლიკიდან“ რუსული ტანკები მოვიდოდნენ. ასეთ შემთხვევაში კრატამორსკში სამ საათში იქნებოდნენ. საევაკუაციო მატარებლით ჯერ დნეპრში წავედით, შემდეგ დღეს – ლვოვში. პირველ დღეებში არ მინდოდა კიევში წასვლა. მეგონა, რომ რუსეთის ჯარს ქალაქის ალყაში მოქცევა შეეძლო. ჩემი კოლეგებიდან დედაქალაქში ვიღაცები წავიდნენ, მაგრამ მე ეს ძალიან სახიფათოდ მივიჩნიე.

რამდენიმე დღე ლტოლვილთა ნაკადში, საევაკუაციო მატარებლებში ვიყავი. ამიტომ საკუთარ მაგალითზე გავიგე, რა არის ომისგან გაქცევა. თითქმის ერთი კვირა ვიყავი ლვოვში და ხალხთან ბევრს ვურთიერთობდი. მაშინ საზღვარზე 20-30-კილომეტრიანი საცობები იყო, ხალხი რიგში 50 საათი იდგა.

თავდაპირველად ევაკუაცია ძალიან ქაოსური იყო, დიდი ხანი დავყავი ლვოვის სადგურზე და ყველაფერი ვნახე. საღამოობით, როცა საევაკუაციო მატარებელი მოდიოდა, პანიკა იწყებოდა. ყოველი ვაგონის კართან სამხედროები იდგნენ და არ ატარებდნენ კაცებს, რომლებიც ქვეყნიდან წასვლას ცდილობდნენ. პირველ მატარებლებზე მხოლოდ ქალებსა და პატარა ბავშვებს უშვებდნენ.

სამუდამოდ მემახსოვრება ხმაური, რომელიც მატარებლის მოსვლისას იწყებოდა. ყველა ყვირის, დედები ყვირიან, ბავშვები ყვირიან: „დედა, დედა!“ ერთხელ ძაღლი მომიყვანეს – ის მატარებლით ვერ გაემგზავრა. კარგად დამამახსოვრდა, როგორ დარბოდა მოხალისე ვაგონებთან და ყვიროდა: „სად არიან ნინა და ლენა? დედათქვენი სხვა ვაგონშია. მოხვდით მატარებელში?“ ეტყობა, ერთ-ერთმა ქალმა თავისი შვილები დაკარგა. ის პოლონეთში მიმავალ მატარებელში იყო და არ იცოდა, მოხვდნენ თუ არა მატარებელში მისი შვილები.

ერთ-ერთ საღამოს ლვოვში ძლიერი თოვა იყო. ქარს თოვლი პირდაპირ დიდ სადგურზე მოჰქონდა. ქუჩაში იმ ხალხთან ერთად გამოვედი, ვინც ვერ მოხვდა მატარებელზე და მიხვდა, რომ ახალი მატარებელი დღეს არ იქნებოდა. აი, ასე, ყველანი გამოვდივართ ამ სადგურიდან, თოვს… უბრალოდ აპოკალიფსური სურათი იყო.

მაშინ 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნიდან არ უშვებდნენ საყოველთაო მობილიზაციის გამო. ბევრი ოჯახი ვნახე, რომლებიც ლვოვამდე მოვიდნენ. კაცები აცილებდნენ მეუღლეებს, დედებსა და შვილებს საზღვრამდე და ბრუნდებოდნენ – საომრად, სამუშაოდ, ტერიტორიულ თავდაცვაში. არ იცოდნენ, კიდევ თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ველაპარაკე ამ კაცებს და ამიხსნეს: „არ შემიძლია საომრად წავიდე იმის ცოდნით, რომ სახლში ცოლი და შვილები შეიძლება დაბომბონ“. სჭირდებოდათ, რომ ოჯახი უსაფრთხოდ ყოფილიყო.

ქვეყანაში დარჩნენ ისინიც, ვინც საწარმოში ან ფერმებზე მუშაობდნენ – ეკონომიკა ხომ არ გაჩერებულა. რაღა თქმა უნდა, იყვნენ კაცები, ვინც ფულის სანაცვლოდ ქვეყნიდან წასვლას ცდილობდნენ.

ლვოვის რკინიგზის სადგური, 26 თებერვალი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MYKOLA TYS

შემდეგ ყველაფერი ოდნავ დაწყნარდა. საზღვრამდე ავტომანქანით მივედი, ფეხით გადავკვეთე და ბერლინში გავემგზავრე. ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით ორი კვირა დავყავი უკრაინაში. გერმანიაში კორონავირუსი დამიდასტურდა, ცოტა ხანი იქ მომიწია ყოფნა. ახლა კიევში დავბრუნდი.

ქალაქში კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ ჩამოვედი. მეგონა, სადგურზე მომიწევდა დაძინება, მაგრამ უკრაინელ ჯარისკაცებთან მივედი და წამიყვანეს იქ, სადაც ახლაც ვცხოვრობ. მათი მხრიდან ძალიან კარგი ჟესტი იყო. ხუმრობდნენ კიდეც, თავისუფალ დროს ტაქსის მძღოლებად ვმუშაობთო, მაგრამ მე უფასოდ მიმიყვანეს.

კიევში მუშაობისას ვფიქრობ გავიგო ადგილობრივთა განწყობა – რაზე საუბრობენ, რას ფიქრობენ პრეზიდენტზე, შესაძლო კომპრომისზე რუსეთთან, რა კომპრომისებისთვის არიან მზად, რა გეგმები აქვთ, როგორ უყურებენ გერმანიასა და, ზოგადად, ევროპას. არ ვარ ომის რეპორტიორი და არც ფრონტზე წასასვლელად ვარ მზად. ცოლ-შვილი მყავს და დავპირდი, რომ არ გავრისკავ.

ბევრს შევხვდი, ვისაც რუსეთში ნათესავები და მეგობრები ჰყავს. როცა უკრაინელები რუსებს მომხდარს უყვებიან, ისინი პასუხობენ: „არა, შენ არაფერი გესმის, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა“.

ხარკოველი თავის ნათესავებს უყვება, რომ რუსები მის ქალაქს ბომბავენ და ანგრევენ და პასუხად იღებს: „არა, ჩვენ ფაშისტებს ვებრძვით, თქვენთან ტყუილს ამბობენ“. ის პასუხობს: „ამას ხომ ტელევიზორში არ ვუყურებ. ხარკოვში ვარ, საკუთარი თვალებით ვხედავ, რაც ხდება!“

ჩემთვის ეს დიდი შოკია. როგორ შეიძლება ტვინის ასეთი დეფორმაცია მოხდეს? ერთია, როცა ორი უცნობი დავობს. აქ კი შვილი დედას ურეკავს და უყვება, რაც ხდება, ის კი უფრო ამ დედამო..ნულ ტელევიზორს უჯერებს. ეს ჩემთვის ძალიან საწყენი აღმოჩენაა.

რუსეთში რამდენიმე წელიწადი ვიცხოვრე. ეტყობა, ამ პროპაგანდას სათანადოდ არ ვაფასებდი. ვფიქრობდი: „ეს ხალხი საბჭოთა კავშირში გაიზარდა, იციან, რომ ყველაფერს, რასაც ტელევიზორში ამბობენ, არ უნდა დაუჯერო“. ეტყობა, ვცდებოდი.

გერმანელები, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია უკრაინასთან ან რუსეთთან, ვისაც აქ მეგობრები და ნათესავები ჰყავს, ან მუშაობდა, მართლაც გრძნობენ იმას, რაც აქ ხდება. დანარჩენი გერმანელებისთვის მთელი აღმოსავლეთი ევროპა არის terra incognita. რაღა თქმა უნდა, ყველა ომის წინააღმდეგია. ძალიან საწყენია, მაგრამ ემოციური რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე ძალიან მწირია. ამის შეცვლას ვცდილობ. ომს უკრაინაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ეს არ არის რაღაც კონფლიქტი, ეს არის ომი, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.

ბევრი გერმანელი ფიქრობს იმაზე, რომ ომის გამო ეკონომიკურად დაზარალდება, რომ საწვავში მეტი ექნება გადასახდელი. მე ვამბობ, რომ ერთ ლიტრ საწვავში 20 ევროცენტით მეტის გადახდა არც ისე საშიშია. აი, რაც უკრაინაში ხდება, ისაა საშიში. ფულის დაბრუნება შეიძლება, სიცოცხლის – არა.

უსაფრთხოების მხრივ, ვიტყოდი, რომ დასავლელ ჟურნალისტებს უპირატესობა აქვთ. იგივე ხდებოდა, როცა დონბასში მიმდინარე ომს ვაშუქებდი. სეპარატისტების ხელში ჩავარდნილ უკრაინელ ჟურნალისტს სარდაფი და წამება ემუქრებოდა.

ვფიქრობ, უკრაინელებს რომ რუსი პროპაგანდისტი დაეჭირათ, მასაც არ გაუთენდებოდა კარგი დღე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ, რომ მას აწამებდნენ. უცხოელ ჟურნალისტებს რაც შეეხება, მხოლოდ მათი გაძევება შეუძლიათ. სეპარატისტები, როცა ბლოკპოსტებზე ჩემს დოკუმენტებს ამოწმებდნენ, ზოგჯერ ამბობდნენ: „ო, ფაშისტი მოვიდა გერმანიიდან!“ მაგრამ ეს მუქარა არაა, უბრალოდ იდიოტები იყვნენ. ერთი შემთხვევა ვიცი, როცა ამერიკელი ჟურნალისტი დააპატიმრეს, მგონი ერთი დღით დააკავეს და შემდეგ მაინც გაუშვეს. ასე რომ, ამ მხრივ ჩემთვის სერიოზული საფრთხე არ არსებობს.

  • „ვიცი, რომ ჩემი ფოტოებით ომს ვერ შევაჩერებს“

ანატოლი სტეპანოვი, „ფრანს-პრესის“ (AFP) ფოტოგრაფი უკრაინაში. იმყოფება კიევში

ანატოლი სტეპანოვი. ფოტო: censor.net

ომამდე ჩვეულებრივი ფოტოგრაფი ვიყავი: ვიღებდი რეპორტაჟებს, ფოტოისტორიებს, ერთხელ უკრაინულ „ნეიშენელ გეოგრაფიკშიც“ გამოაქვეყნეს ჩემი ფოტოები. მოხდა ისე, რომ რვა წლის წინ ჩემს ქვეყანაში ომი დაიწყო და მეც მისი გადაღება დავიწყე.

როცა პირდაპირ შემოიჭრნენ, დონბასში ვიყავი. დილის 5 საათსა და 48 წუთზე კრამატორსკში აფეთქებამ გამაღვიძა: რაკეტა სამხედრო აეროდრომს დაეცა. შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება. რაღაც დროის შემდეგ სამზარეულოში ვიდექით და ვუყურებდით, როგორ დაეცა კიდევ ერთი რაკეტა კრამატორსკის აეროპორტთან. ასე დაიწყო ჩვენთვის ამ ომის ცხელი ფაზა.

გეფიცებით, დიდი ხანია ყველას ვეუბნებოდი, რომ იქნება ომი და ბომბები. კიევში იდიოტივით მიყურებდნენ. არადა, დიდხანს იყო გასაგები, რომ რაღაც დიდი გარღვევა მზადდებოდა, წინათგრძნობა ჰაერში ტრიალებდა.

იანვარსა და თებერვალში დონბასის „გაყინული“ კონფლიქტის ზონაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო. ეს პრესოფიცრებსა და სამხედროებსაც მობეზრდათ. ვფიქრობ, ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ უცხოელებს რაღაც ინტერესი გასჩენოდათ, რომ მათ ომისთვის ყურადღება მიექციათ. დასავლეთის დაზვერვებმა კიევიდან თავისი ხალხი გაიყვანა, მიდიოდა საელჩოების ევაკუაცია. ესე იგი, საზღვარგარეთ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ომი იქნებოდა.

უკრაინელებს არ სჯეროდათ და მეც რთულად ვიჯერებდი. კი ვამბობდი, ომი იქნება-მეთქი, მაგრამ არ მეგონა, ამ წამს და ასე უცბად თუ იქნებოდა.

24 თებერვლამდე ფრონტის ხაზზე გახშირდა სროლა დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ მხრიდან. მაკვირვებდა, რომ „ახალგაზრდა რესპუბლიკები“ თავად იუწყებოდნენ სროლებზე – უკრაინული ჯარი მათ არ პასუხობდა. ვფიქრობ, ხრიკი იყო – თავად აძლიერებდნენ სროლას და მსოფლიოს გასაგონად ყვიროდნენ, გვესვრიანო. ეს [რუსეთის] შეჭრის წინა ღამეს ხდებოდა.

ახლა კრამატორსკი, ასე თუ ისე, კარგი ადგილია, მხოლოდ ბოლო დღეებში დაიწყო დაბომბვები, იქამდე კი იქ სიწყნარე იყო. კრამატორსკიდან ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა წასვლა. იქიდან ფრონტზე მივდიოდი ხოლმე, საცხოვრებლად კი კრამატორსკში ვბრუნდებოდი.

რვა წელიწადში ომს მივეჩვიე, მუშაობის სქემაც გამომიმუშავდა. მივდივარ პოზიციებზე, იქ ორი-სამი ან ერთი დღე ვცხოვრობ, რამდენის საშუალებასაც მაძლევენ სამხედროები. ვიღებ მათ ყოფას, მუშაობას. რაღა თქმა უნდა, ყველას, მათ შორის, ჟურნალისტებსა და სამხედროებს, ეშინიათ, დამიჯერეთ. სიკვდილი არავის უნდა, ყველას სიცოცხლე სურს. მაგრამ ნელ-ნელა ომს ეჩვევი და იქცევი არა როგორც ფოტოგრაფი, არამედ როგორც სამხედრო.

უკრაინელები, მათ შორის, ჟურნალისტები, რომლებიც მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და რაღაც სისულელეებს იღებდნენ, უკვე იმდენად მიეჩვივნენ ომს, რომ შეიარაღების რაღაც სახეობების განსხვავება ისწავლეს. როცა მოწინავე ხაზზე მუშაობ, გესმის, რომ ყოველი ჭურვი შენი არაა. თავიდან გეშინია, როცა ახლოს ფეთქდება, მერე კი ხვდები: „რაკი გვერდით დავარდა, ჩემი არაა“. ოღონდ, შეიძლება შენიც იყოს.

ფოტო: ანატოლი სტეპანოვი/facebook

უკრაინელი სამხედროები ცდილობენ ყველანაირად უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება და არ მიუშვან იქ, სადაც საფრთხე შეიძლება იყოს. თუ მიმწოლი ხარ და რაღაც ვარიანტების გამონახვა შეგიძლია, მოწინავე ხაზზეც მოხვდები.

ვიცი, რომ ჩემი ფოტოებით ომს ვერ შევაჩერებ, ასე მხოლოდ იდეალისტები ფიქრობენ. თუმცა ვცდილობ ვაჩვენო მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრება და ტანჯვა. ვაჩვენო ხალხი, ვინც ომშია. მათაც ეშინიათ, ისინიც მსხვერპლად იღებენ თავიანთ ჯანმრთელობასა და ომს.

საჭიროა, რომ ხალხმა ნორმალურ სამყაროში იცხოვროს, მათ შორის, უკრაინაში. შვიდ-რვა წელიწადში უკრაინელები მიეჩვივნენ, რომ ომი სადღაც შორსაა, აღმოსავლეთში. ახლა კი ისე მოხდა, რომ ომი ყველას შეეხო.

ხშირად ფოტოგრაფია ვერ გამოხატავს ყველაფერს, რაც გადაიტანე. უყურებ ფოტოს და ფიქრობ: „ყველაფერი რაღაცნაირად მკრთალია, ცხოვრებაში კი საშინლად საშიში იყო“. მოწინავე ხაზიდან შორს გადაღებული ფოტოები  ხშირად უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ფრონტზე გადაღებული ფოტოები. ალბათ იმიტომ, რომ მათ საფრთხის ზეწოლის გარეშე იღებ.

ცოტა ხნის წინ ბრძოლის ველზე მოვხვდით, იქ ჯერ კიდევ ცვიოდა ჭურვები. არტილერია დამიზნებით არ ისროდა, მაგრამ გვაწუხებდა. საშიში იყო, მაგრამ არა ისე, თითქოს შენი მოკვლა უნდათ. ორივე მხარეს მკვდრები იწვნენ: ჩვენი ჯარისკაცებიც და შემოჭრილებიც. ერთი ბიჭი შუაზე იყო გახლეჩილი, ეტყობა [ჭურვი] მოხვდა. ვფიქრობ, ნორმალურმა ადამიანმა რომ ასეთი რამ ნახოს, ძალიან დიდ სტრესს მიიღებს. ომში კი ამას ეჩვევი.

ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული გადავიღე, უბრალო ფოტოები. როცა ბრძოლის ველიდან შორს ვიყავით, ვხედავდით, მოწინავე ხაზიდან დაჭრილები როგორ მოჰყავდათ. მათ შორის იყო ხელში დაჭრილი ჯარისკაცი. განმაცვიფრა მისმა გამოხედვამ, თვალებში ჩანდა, რა გადაიტანა. მასში იმდენი ომი იყო, რთულია სიტყვებით გადმოსცე. მისი პორტრეტი გადავიღე. ვფიქრობ, ეს პორტრეტი, რომელიც ბრძოლაში არაა გადაღებული, ბევრად უფრო ძლიერია.

ჯარისკაცი ვასილი. ფოტო: ანატოლი სტეპანოვი/facebook

გავიგე, რუსული პროპაგანდა იძახის, თითქოს კადრები უკრაინიდან ფეიკი და დადგმაა. ასე ამბობდნენ მარიუპოლის სამშობიაროს ფოტოებზე. ეს სასაცილოა, დაუმტკიცებელია. ძალიან დაბალი დონეა… ჩემი აზრით, ეს პროპაგანდა განსახილველიც არ არის. იძახონ, რაც უნდათ.

ამ წლების განმავლობაში შევეჩვიე რუსულ პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ შავი თეთრია, თეთრი კი – შავი. ისინი არიან ადამიანები სინდისისა და ღირსების გარეშე. კითხვაც მიჩნდება – საერთოდ ადამიანები არიან? პროპაგანდისტები, რომლებიც ასეთ რაღაცებს იძახიან, პირადად ჩემთვის ადამიანები აღარ არიან. შეუძლებელია ამ ფოტოების დადგმა, შეუძლებელია ასეთი ფეიკების შექმნა. უბრალოდ სასაცილოა.

ვფიქრობ, უფსკრული ჩვენსა და რუსებს შორის ამჟამად უზარმაზარია. მომისმენია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩაწერილი საუბრები რუს სამხედროებსა და ოჯახებს შორის. ვუშვებ, რომ ეს მოწინააღმდეგის დემორალიზაციისთვის, რაღაც ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ოპერაციების ფარგლებში კეთდება, მაგრამ ამდენი ერთნაირი მიმართულების საუბრის დადგმა არ შეიძლება. როცა რუსი ჯარისკაცები დედებსა და მეუღლეებს ესაუბრებიან, მათგან არანაირი დაგმობა არ მოდის. ისინი დარდობენ თავიანთ საყვარელ ადამიანზე, მაგრამ აქ რომ ხალხს კლავენ, ნორმალურია, ამდენად ჩვენ, უკრაინელებს, დაკარგული გვაქვს ადამიანობა მათ თვალში. ესაა ყველაზე საშიში.

მოწინავე ხაზზე წასვლის შემდეგ მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნება ყველაზე რთულია. სულ ახლახან ომში იყავი და დაბრუნდი იქ, სადაც ყველაფერი კარგადაა. ეს დისონანსი ძლიერად ზემოქმედებს ფსიქიკასა და ნერვებზე. იქ გეშინია, გესმის, რომ შეიძლება დაიღუპო… რომ ბრუნდები, უბრალოდ საზარელ ემოციებს განიცდი. ომიდან ბოლომდე დაბრუნება არ გამოდის. როცა მივდივარ, სულ რაღაცებს ვატრიალებ თავში, ვიხსენებ მათ, მეგობარ სამხედროებს, ვინც იქ დარჩა, მათ ბედზე ვდარდობ.

ახლა კიევში, საკუთარ სახლში ვარ. ოდნავ მოგვიანებით მოწინავე ხაზზე ვაპირებ დაბრუნებას. ოჯახი, რა თქმა უნდა, დარდობს ჩემზე, მაგრამ უკვე მიეჩვივნენ და არ ცდილობენ ჩემ გადარწმუნებას. უკრაინიდან წასვლა არ მინდა და არც ვგეგმავ. რატომ? სად? ეს ჩემი ქვეყანაა, აქ ხალხი იბრძვის, ეს უნდა ვაჩვენო.

  • „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი დავიმახსოვრო“

ელენა კოსტიუჩენკო, „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი

ელენა კოსტიუჩენკო. ფოტო: novayapolsha.pl

ხერსონში ჩაღწევა რთული იყო. ამისთვის ორჯერ გადავკვეთე ფრონტის ხაზი – ჯერ იქ ჩავედი, შემდეგ კი წამოვედი. ხერსონი ოკუპირებულია, იქ ჩასასვლელად ჯერ უკრაინული ბლოკპოსტები უნდა გაიარო, შემდეგ კი – რუსული. როცა გამოდიხარ – პირიქით. მეხმარებოდნენ ადგილობრივები, მათი სიმამაცის წყალობით ყველაფერი გამომივიდა.

„მომყომარებლებთან“ არ ვმუშაობ, ეს უბრალო ხალხი იყო, ვინც უკრაინაში გავიცანი. სამხედროთა წამოყოლაც არ მჭირდება.

ჩვეულებრივ სამოქალაქო მანქანებით, სამოქალაქო პირებთან ერთად დავდივარ. ბინები, სადაც ვცხოვრობ, ასევე ადგილობრივების მოცემულია. აქ კარგად იცნობენ „ნოვაია გაზეტას“, ამიტომ მტრული განწყობა არ ყოფილა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჩემ მიმართ რაღაც ეჭვები ზოგჯერ იყო.

თითქმის ყველგან, სადაც გასვლა მჭირდებოდა, გავედი. ვიყავი მოწინავე ხაზზეც. ჩემთან ერთად პრესოფიცერი იყო და აკონტროლებდა, რომ პოზიციების მდებარეობა არ გადამეღო, გასაგებია რატომაც. თუმცა მე მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ყველასთან, ვისთანაც მსურდა, დამესვა ყველა კითხვა, რომელთა დასმაც მსურდა.

ჩემი სამუშაო დღე დიდად დამოკიდებულია იმაზე, სად ვარ და რა ამოცანები მაქვს. ახლა, ფაქტობრივად, მთელ უკრაინაში კომენდანტის საათია დაწესებული. ამის გათვალისწინება მიწევს – მას საკმაოდ ბევრი დრო მიაქვს. ახლა ამ ომის ჰუმანიტარული ასპექტის კვლევით ვარ დაკავებული. ვხვდები დაშავებულებს. დაჭრილებს და მათ, ვისაც ოჯახები დაეღუპა. ექიმებს, მორგის თანამშრომლებს, ჩინოვნიკებს, სამხედროებს, აქტივისტებსა და მოხალისეებს.

ვიტყოდი, რომ ჩემი სამუშაო რუსეთში მუშაობისგან არაფრით განსხვავდება. ვხვდები ხალხს, ვაგროვებ ინფორმაციას, შემდეგ ვჯდები და ვწერ. განსხვავებები ძალიან მცირეა: მაგალითად, ქალაქიდან ქალაქში წასვლისთვის უფრო დიდი დროა საჭირო. წინასწარ უნდა გათვალო, რამდენი ბლოკპოსტის გავლა მოგიწევს, რამდენი დრო დაგჭირდება. მთლიანობაში კი აბსოლუტურად ისეა, როგორც რუსეთში.

გმირების საპოვნად მივდივარ იქ, სადაც რაღაც ხდება: საავადმყოფოებში, მორგებში, მოხალისეთა ცენტრებში. იქ ხშირად არიან ადამიანები, ვინც დაინახა ან იცის რამე მნიშვნელოვანი, რამის მოწმე ან მსხვერპლია. ვიცნობ ერთ ადამიანს, შემდეგ ვეკითხები სხვის კონტაქტებს, რომლებთანაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია ვისაუბრო. ასე, ჯაჭვურად მივდივარ შემდეგ. ზოგს სრულიად შემთხვევით ვპოულობ, ეს გამართლების საკითხია.

მუშაობისას იშვიათად ვხვდები ადამიანებს კარგ პირობებში. ძირითადად იმათ ვესაუბრები, ვისაც ცუდი დრო უდგას. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ, ეს ცუდი დრო ომი არ არის.

ახლა აქაური ადამიანები გასაოცარ სიმამაცეს ავლენენ. მათთვის, მათ შორის ადამიანებისთვის, ვინც ახლობლები დაკარგა, ძალიან მნიშვნელოვანია მოჰყვნენ, რა მოხდა, როგორები იყვნენ ახლობლები, როგორ მოკლეს ისინი. ჩემი სამუშაოა აღვბეჭდო, რასაც ამბობენ და შევამოწმო ინფორმაცია დამატებით წყაროებში. ისიც ხდება, რომ ვიღაც უარს ამბობს საუბარზე. არიან ისინიც, ვისაც საუბარი არ შეუძლია, იმდენად დიდია მათი ტკივილი.

ვიღაცას საუბარი შეუძლია, ვიღაცას უნდა და მეც ველაპარაკები.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ომში ვმუშაობ. დაბრუნებისას რაღაც დრო ომის გამოცდილებით ცხოვრობ, გაშინებს ხმაური, მაგალითად, ფეიერვერკი, ასაფეთქებლები. ეს მტკივნეულად აღიქმება, იატაკზე დაცემა და დამალვა გსურს. როგორც წესი, ეს დიდხანს არ გრძელდება.

ყველა ჟურნალისტი, ვინც ცხელ წერტილში მუშაობს, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის რისკით ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე ამ აშლილობის სიმპტომები და დაბრუნების შემდეგ საკუთარ თავს თვალი მიადევნო. თუ საჭიროა, დახმარებაც უნდა მოითხოვო. ერთხელ მქონდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ეპიზოდი, ჟანაოზენში მუშაობის შემდეგ. ძალიან უსიამოვნო ისტორია იყო, დიდი დრო დამჭირდა აღსადგენად. იმედი მაქვს, ამ ომის შემდეგ ასეთი რამ აღარ იქნება.

ველზე მუშაობისას ემოციების ღრმად განცდის შესაძლებლობა არ მაქვს. ემოციური რეაქცია – დარდი, შოკი და ა.შ. ძალიან ბევრ ძალას მართმევს. ჩვეულებრივ, ასეთ განცდებს შემდეგისთვის, ტექსტის დაწერის დროისთვის ვდებ.

როცა ვწერ, შეიძლება თავს ატირების უფლება მივცე. შეიძლება ფიზიკურად გავხდე ცუდად, ზოგჯერ მაღებინებს. არ ვიტყოდი, რომ ეს ხშირად ხდება, ჯერჯერობით თავს ვართმევ. როცა ხალხს ვესაუბრები ან რამეს ვუყურებ, ემოციებს გასაქანს არ ვაძლევ და ვცდილობ მაქსიმალურად დავიმახსოვრო რა ხდება, რას მეუბნებიან, როგორ გამოიყურებიან ადამიანები. ეს რეპორტიორის მუშაობის სპეციფიკაა – ჩემთვის მნიშვნელოვანია დავიმახსოვრო, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, ემოციები კი შემდეგისთვის უნდა გადავდო.

რედაქტორებს, რომლებიც ჩემს ტექსტებთან მუშაობდნენ, სიტყვა „ომის“ შეცვლა უწევდათ „სპეცოპერაციით“. თუმცა „ნოვაია გაზეტამ“ გადაწყვიტა ცენზურა ხილვადი გაეხადა – სიტყვებს არა მარტო ვცვლით, არამედ გამოვყოფთ, რათა მკითხველს ესმოდეს, რომ აქ სხვა სიტყვა იყო. რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ ომს ომი უნდა ვუწოდოთ. თუმცა რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი სსკ სხვა შესაძლებლობას არ ტოვებს. პრობლემა იმაშია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ფორმულირება ისეთია, რომ ციხეში შეუძლიათ ჩასვან არა მარტო ჟურნალისტი, რომელმაც მასალა დაწერა, არამედ ყველა, ვინც ეხმარებოდა: კორექტორი, რედაქტორი, საიტის რედაქტორი. ეს ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯაჭვია.

როცა კოდექსში ეს ცვლილება შეიტანეს, ორი ვარიანტი გვქონდა: ან დაგვეხურა [გამოცემა], ან გვემუშავა სამხედრო ცენზურის პირობებში. ჩავატარეთ კრება და ხმის მიცემა მკითხველებსა და გაზეთის დამფინანსებლებს შორის. უმრავლესობამ მუშაობის გაგრძელებას მისცა ხმა.

რას ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით? არ ვიცი. ვმუშაობდი გაზეთში, სადაც არასდროს ყოფილა ცენზურა. ახლა კი არის, თანაც სამხედრო. რთულია ამას შეეჩვიო. მაგრამ მესმის, რომ ინფორმაცია, რომელიც აკრძალვების მიუხედავად მკითხველამდე მიდის, ძალიან მნიშვნელოვანია. მას დიდი ღირებულება აქვს და მისი გამოქვეყნება რომ გაგრძელდეს, საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო.

პროპაგანდისა და ცენზურის ძალისხმევის წყალობით, ოკუპირებულ ხერსონშიც კი ვიღაცებს სჯერათ იმის, რასაც რუსულ ტელევიზიაში ამბობენ, მაგრამ ცოტა ასეთ ადამიანს შევხვდი. ისინიც კი, ვინც ადრე პრორუსულად იყო განწყობილი, აღარაა ასეთ აზრზე. როგორც მითხრეს: „როცა ციდან ბომბები ვარდება, გასაგები ხდება“. ოდესაშიც კი, არადა, იქ ყოველთვის იყვნენ პრორუსულად და პროუკრაინულად განწყობილი ადამიანები, იყო ასეთი გახლეჩა საზოგადოებაში. ახლა ასე აღარ არის.

  • „ჩემი მოსკოვური აქცენტის გაგებისას ხალხი პოლიციაში რეკავდა“

იური ბელიატი, „პოლიგონ მედიას“ კორესპონდენტი, ცხოვრობს ვილნიუსში

იური ბელიატი. ფოტო: currenttime.tv

23 თებერვალს კიევში სამუშაო მივლინებით ჩამოვედი. „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების შემდეგ აღმოსავლეთით რაღაც გამწვავებას ველოდით, მაგრამ არა ნამდვილ და დიდ ომს. ისე მოხდა, რომ თან მხოლოდ ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკის ზეპირი მოწვევა მქონდა. 24 თებერვალს წერითი ნებართვა უნდა ამეღო, მაგრამ ომი დაიწყო და რაღა თქმა უნდა, არანაირი აკრედიტაცია არ ამიღია.

ახლა ვილნიუსში ვცხოვრობ, ამიტომ კიევში ჩასვლა არ გამიჭირდა. დავჯექი თვითმფრინავში, ჩამოვფრინდი ბორისპოლში, გავიარე გასაუბრება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, პრესბარათი ვაჩვენე. ავუხსენი, რომ 24-ში ავიღებ ყველა დოკუმენტს და საშვს. შემიშვეს. ძალიან წყნარი და მშვიდი საუბარი იყო.

ომის პირველი დღე კიევში ვიყავი. მოგვიანებით, კოლეგების დახმარებით, ვიპოვე მძღოლი ავტომანქანით. გოსტომელისკენ წავედით, მოგვიანებით კი ლვოვში წამიყვანა.

ომის დაწყების შემდეგ მთელი უკრაინა კიევის დასავლეთით, – აღმოსავლეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ იქაც იგივეა, – ერთ დიდ ბლოკპოსტად იქცა. გადაადგილება ძალიან რთული იყო. ყოველ ხუთ-ექვს კილომეტრში გვაჩერებდნენ და დოკუმენტებს ამოწმებდნენ. ოღონდ, ამას არა პროფესიონალური სამხედროები, არამედ ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლები აკეთებდნენ. ხშირად არ ესმოდათ, რა უნდა ეძებნათ. მაგალითად, ამოწმებდნენ ჩემი მძღოლის პასპორტს. მე კი ვცდილობდი, ჩემი რუსული პასპორტი არ მეჩვენებინა. უბრალოდ ვაჩვენებდი პრესბარათს, რომელზეც ეწერა, რომ ლიეტუვაში ვცხოვრობ და ეს საკმარისი იყო.

რამდენჯერმე მე და მძღოლი, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ვცდილობდით გავსულიყავით საომარი მოქმედებების ზონასთან, მაგალითად, ობოლონის რაიონში. ომის დასაწყისში ვრცელდებოდა ცნობები, რომ იქ რუსთა ბევრი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი იყო, რომლებიც კიევში უკრაინულ ფორმაში და უკრაინული ტექნიკით შემოდიოდნენ. ერთხელ ვიდექით ბენზინგასამართ სადგურზე ობოლონისა და ანტონოვის აეროპორტთან, გოსტომელთან ახლოს. იქ მაშინ სერიოზული ბრძოლები მიდიოდა და არ გვიშვებდნენ. მოდიოდა აფეთქებების და მძიმე ტექნიკის მუშაობის ხმები გოსტომელთან, მეორე მხრიდან – ავტომატების სროლა ობოლონის რაიონში. იქვე მოდიოდნენ ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები. სპორტულებში ჩაცმული ხალხი კიევის გარეუბნებიდან, ოღონდ ხელში არა ბეისბოლის ჯოხები, არამედ „ჯაველინები“ ეჭირათ.

ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ახლოს ვიყო მოვლენების ადგილთან. შორიდან ტექსტების წერა შეიძლება, მაგრამ გადაღება – არა. ომის პირობებში ყველაზე ღირებული, მნიშვნელოვანი და რთული პირველწყარო ინფორმაციაა.

არის საკულტო ფოტოგრაფი, ჯეიმზ ნაჰტვეი, რომელმაც ბევრი კონფლიქტი გაიარა. ის ამბობდა, რომ ჟურნალისტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ომში არა მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებაა – იგი [მომხდარის] მოწმეც უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ და მოვყვეთ, რა ხდება და რას გრძნობენ ადამიანები. ეს მოითხოვს შენს პირად ყოფნას [მოვლენების ეპიცენტრში] – სხვაგვარად ვერაფერს გაიგებ. ეს სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია.

ერთხელ გამოგვივიდა გოსტომელთან ახლოს მისვლა. პირველ ღამეს მე და მძღოლმა მოვახერხეთ აეროპორტთან მისვლა, მაგრამ იქ აქტიური სროლა დაიწყო, ცვიოდა ყუმბარები და გადავწყვიტეთ, რომ წასვლის დროა. ჩვენი მანქანა იყო ბოლო, რომელმაც კიევისკენ გარღვევა მოახერხა, სანამ გზა უკრაინულმა ტანკებმა გადაკეტეს. იმ დროს ხალხი, ვინც კიევიდან წასვლას ცდილობდა, ძალიან ქაოსურად მოძრაობდა და შეიძლებოდა, საომარი მოქმედებების ზონაში მოხვედრილიყო. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერატიულად კეტავდნენ გზას სამოქალაქო პირების ნაკადისთვის.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გადავწყვიტე, რომ კიევიდან უნდა წავსულიყავი.

პირველ კვირას მართლა იყო გრძნობა, რომ სულ ცოტა და ქალაქს აიღებდნენ. მაშინ არ გვესმოდა, რომ რუსული ჯარი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც თავად ამბობენ და როგორც ყველას ეჩვენებოდა. მე კი, რუსული პასპორტით, ომს ომს ვუწოდებ, ვიღებ მას და ვწერ მის საშინელებებზე, ამიტომ არ მინდოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კიევში აღმოჩენა.

ჯერ ერთი, ჩვენთან ჟურნალისტები არ უყვართ. მეორე – არსებობს სისხლის სამართლის მუხლი სახელმწიფო ღალატზე. ამიტომ გადავწყვიტე ლვოვში წასვლა და ლტოლვილების გადაღება.

ბოლო ღამე კიევში დამოუკიდებლობის მაიდნის უკან მდებარე ბინაში გავატარე. იმ ღამეს ქალაქი აქტიურად იბომბებოდა, აქტიურად მუშაობდა საჰაერო თავდაცვა. აფეთქებებისგან ფანჯრები ირხეოდა. სამწუხაროდ, „სკოჩი“ არ მქონდა, ფანჯრები რომ დამეწებებინა, ოთახი კი პატარა იყო და საწოლს ფანჯრებისგან საკმარისად შორს ვერ გავწევდი.

კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES

როგორც წესი, როცა ფანჯრები ტყდება, შუშა ოთახში ცვივა, ეს კი ცუდად შეიძლება დამთავრდეს: ჭრილობები, სისხლის დაკარგვა და ასე შემდეგ. გადავწყვიტე, ლოგინში კი არა, ლოგინის უკან დამეძინა, რაღაც დაცვა მაინც მქონოდა. გასაგები იყო, რომ ეს დიდად არ დამეხმარებოდა და ძილის დროს ჩაფხუტი და ბრონირებული ჟილეტიც მეცვა. ამის შემდეგ ლვოვში ძილი სამოთხე იყო.

გზას კიევიდან ლვოვამდე დაახლოებით 14 საათი დასჭირდა, ჩვეულებრივ კი შვიდი საათი სჭირდება ხოლმე. ჩვენი ავტომანქანის წინ უკრაინულმა ბლოკპოსტმა შეაჩერა ავტომანქანების კოლონა, რომელიც კიევიდან ჟიტომირის ავტობანით მიდიოდა და ააფეთქა ხიდი ირპინიდან კიევამდე. ახლა ირპინი ხშირად ხვდება ახალ ამბებში და არის ფოტოები, თუ როგორ გადადიან ადამიანები დანგრეულ ხიდზე. სწორედ ეს ხიდი ააფეთქეს, როცა ლვოვში მივდიოდით. აფეთქების შემდეგ ყველანი შემოვლითი გზით გაუშვეს.

ყოველ მოსახვევზე ლვოვის გზიდან ნებისმიერი სოფელი, ყველაზე პატარაც კი, ბარიკადებად იყო ქცეული. მორიგეობდა იარაღიანი ხალხი. იყო საბურავების მთები და უკრაინის დროშები. ხალხი მოწინააღმდეგის მოსვლას ელოდა.

გადავსებულ ლვოვში პირველი ღამე ორ მოხუც ქალთან გავატარეთ. კომენდანტის საათის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩამოვედით. ბნელოდა, ავტომანქანიდან ნივთები ეზოშივე გადმოგვქონდა. იქვე ასე 16 წლის ბიჭები იდგნენ. ძალიან ფხიზლად იყვნენ. 20 წუთი იყო, რაც მოვედით და სახლში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შემოვარდნენ და კედელთან მიგვაყენეს. შემდეგ დარწმუნდნენ, რომ დივერსანტები არ ვიყავით – არ გვქონდა იარაღი, გვონდა პრესბარათი. მეასეჯერ მოვყევი ისტორია, რომ უკრაინაში 23-ში ჩამოვფრინდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ომი იქნებოდა. დაწყნარდნენ. შემდეგ კიდევ 40 წუთი ჩვენს ტელეფონებში იქექებოდნენ, კითხულობდნენ მიმოწერებს. ამის შემდეგ გაგვიშვეს და დავიძინეთ.

ვიფიქრე, რომ ლვოვში კიევთან შედარებით მუშაობა გამიადვილდებოდა, მაგრამ შევცდი. როგორც კი ტელეფონს ან კამერას ვწევდი, მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: „რას აკეთებ?“

ჩემი ლაპარაკიდან მარტივად ირკვევა, საიდან ვარ, ნათლად გამოხატული მოსკოვური აქცენტი მაქვს. როგორც კი ხალხს ეს აქცენტი ესმოდა, პოლიციაში რეკავდა, შემდეგ კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც მოდიოდა.

ასჯერ მიწევდა ჩემი ისტორიის გამეორება, ნივთების, ტელეფონის, სოციალური ქსელებისა და მიმოწერების ჩვენება. უსაფრთხოების სამსახურისთვის ეს აბსოლუტურად ლოგიკურია – ჯობს ზედმეტად შეამოწმო ადამიანი, ვიდრე დივერსანტი შემოუშვა. რეკორდი დღეში ხუთჯერ შემოწმება იყო. ყოველი შემოწმება დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. რაღა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მუშაობა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი შემოწმება პატივისცემით ტარდებოდა: გადაჭარბებისა და უხეშობის გარეშე. დიდხანს რომ მაყოვნებდნენ, ბოდიშსაც იხდიდნენ, ამბობდნენ: „ხომ გესმის, საომარი დროა“. ვპასუხობდი, რომ მესმის და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. არაფერი მაქვს დასამალი.

ლვოვიდან თითქმის ვერ გამოვიტანე ფოტოები. უსასრულო შემოწმებების დროს შემმოწმებელთა დასაწყნარებლად ფლეშკებიდან ყველაფრის წაშლა მიწევდა. კი შემეძლო, ბევრი დრო დამეხარჯა იმის ახსნისთვის, თუ რისი გადაცემა მინდოდა ამ კადრით და რატომაა ის ასეთი. უფრო მარტივი იყო მეთქვა: „მოდით, თქვენ თვალწინ ყველაფერს წავშლი და შევეცდები მუშაობა გავაგრძელო“. ხშირად ასე ვაკეთებდი დროის დასაზოგად – მივლინებაში დრო შეზღუდულია.

ლვოვიდან ჰუმანიტარულ კოლონას გავყევი – უკრაინელებს, რომლებსაც პოლონეთიდან ჰუმანიტარული დახმარება მოაქვთ ლვოვში, საიდანაც ის მთელ უკრაინაში ნაწილდება. უკანა გზაზე მათ ლტოლვილები მიჰყავთ. მათთან ერთად მივედი საზღვრამდე. პოლონელებმა გადაწყვიტეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ეჯობნათ – მამოწმებდნენ არა ოთხი, არამედ ხუთი საათი.

პირველ ეტაპზე ლვოვში ძალიან მრცხვენოდა, რუსეთიდან რომ ვარ. იგივეა გააცნობიერო, რომ შენი ოჯახის 70% სერიული მკვლელია. თითქოს არაფერ შუაში ვარ, მაგრამ მეც ამ ოჯახის ნაწილი ვარ. აკეთებენ ისინი – გრცხვენია შენ, იმათ კი არა.

რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ თანაგრძნობას და სირცხვილს სულ მოვასწრებ, ახლა კი უნდა ვიმუშაო, რედაქციას არც თუ ისე ბევრი დრო მოუცია. ვმუშაობდი კიდეც. კი, რაღაც კითხვების დასმა არაკომფორტული იყო, ვიღაცასთან საუბარიც არ იყო კომფორტული. სხედან საწყალი პენსიონერები, არ ესმით, რა ხდება: რუსეთი უკრაინას დაესხა თავს? ეს ხომ აბსურდია. რა თქმა უნდა, რთული იყო მათთან საუბარი, მაგრამ ასეთი სამუშაოა. გრძნობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს და სწორს ვაკეთებ, ძალიან მეხმარებოდა.

ხშირად ხალხი საკმაოდ ხალისიანად მესაუბრებოდა. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა უკრაინელებმა ჩემზე რამე ცუდი თქვეს. გასაგებია, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება, გასაგები მიზეზების გამო, გაუარესდა, რთულია ამაში ვინმე დაადანაშაულო. თუმცა ჩემი ისტორია და გამოცდილება დაეხმარა ხალხს, მტრული განწყობის გარეშე შემომხედონ.

ვუყვებოდი, რომ ტელეარხ „დოჟდში“ ვმუშაობდი, რომელსაც უკრაინაში იცნობენ და უყვართ. შემდეგ „მბხ მედიაში“ ვმუშაობდი, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დახურეს. რუსეთიდან წასვლა მომიწია. ვამბობდი, რომ ომს არ ველოდი და კიევში, საჰაერო განგაშის სიგნალთან ერთად შევხვდი მას. ვხსნიდი, რატომ მინდა, უკრაინელთა ისტორიები მოვყვე – რათა რუსეთში ვინმემ მაინც წაიკითხოს ისინი და გაიგოს, რომ ოფიციალური პროპაგანდა იტყუება.

იყვნენ ისინიც, ვისაც ჟურნალისტებთან საუბარი არ სურდათ. ეს გასაგებია, ხალხს უჭირს. ბევრს უბრალოდ არ აქვს ძალა გაიხსენოს, რა გამოიარა.

________________

წყარო: currenttime.tv

თარგმნა ნიკა ბურდულმა  

მთავარ ფოტოზე: Associated Press-ის ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მიუთითებს კვამლზე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 9 მარტი. AP Photo/Mstyslav Chernov

რუსებმა ლუგანსკში აზოტის მჟავას ავზი ააფეთქეს – უკრაინის საელჩო საქართველოში

საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის რუბიჟნეში ტოქსიკური აზოტის მჟავას ავზი ააფეთქეს.

„რაც უკიდურესად საშიშია ადამიანის სასუნთქი ორგანოებისთვის“, – წერს საელჩო.

უკრაინის საელჩო ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, სერჰი ჰაიდეიზე დაყრდნობით ავრცელებს.

___________________

არა გენოციდს! – 6 აპრილს ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართება

ხვალ, 6 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია – „არა გენოციდს!“

ბათუმის გარდა სოლიდარობის აქცია დაგეგმილია თბილისში, ქუთაისსა და ანაკლიაში.

თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართება უკრაინის საელჩოსთან, ქუთაისში – წითელ ხიდთან, ანაკლიაში კი – ანაკლიის ხიდთან.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ დაკავებული ქალაქები – ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს დამპყრობლისგან.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნულ ქალაქებში რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეები წამებით მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ბუჩასთან დაკავშირებით.

რუსები ამას უარყოფენ.

9 ქალი ვიპოვეთ, რომლებიც გააუპატიურეს და ჩამოახრჩვეს – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

ვანო ნადირაძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის. ის „ბათუმელებს“ უყვება იმ სისასტიკეზე, რაც რუსებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში და სხვა ქალაქებში ნახა.

  • ბატონო ვანო, რა ნახეთ რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში იმაზე მეტი, რაც არ ჩანს ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მედიაში ვრცელდება?

პირველი კადრი  – დახვრეტილი ველოსიპედიანი კაცი თავის ძაღლთან ერთად, პირველად მე და ჩემმა თანამებრძოლებმა ვნახეთ, როცა ბუჩაში შევედით, სოფელ პერემოგაში. ძალიან ბევრი რუსი ვნახეთ ჩამარხული. ორმო ამოთხარეს და ჩაყარეს. საკუთარი მკვდრებიც კი არ გაიყვანეს.

ბუჩა, უკრაინა

ახალგაზრდების ცხედრებიც ვნახეთ გზაზე, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ. შემდეგ კი, როცა სარდაფებში შევედით, ბევრი დახვრეტილი ადამიანი ვნახეთ. ერთ-ერთ სამარხში მთელი ოჯახი  – ორი ბავშვი და დედ-მამა. ანალოგიური სურათი ვნახეთ კიდევ ერთ სარდაფში, სადაც ასევე ორი ბავშვი და მშობლები იყვნენ ჯერ დაეხვრიტათ, შემდეგ კი დაეწვათ.

გოსტომელთან ცხრა ქალი ვნახეთ გაუპატიურებული და შემდეგ ჩამომხრჩვალი. ორი ძალიან ახალგაზრდა იყო. სკოლასავით შენობა იყო და იმის უკანა ეზოში ვიპოვეთ ეს ქალები. მე ასეთი სისასტიკე არსად მინახავს. მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი, გერმანელ ფაშისტებზე რომ იღებდნენ და მეორედ ეს სისასტიკე ვნახე აქ, უკრაინაში.

  • იყო რაიმე ისეთი, რამაც თქვენს მოლოდინს გადააჭარბა, რასაც არ ელოდით, რომ ნახავდით?

მოლოდინს გადააჭარბა აი, ამ სისასტიკემ, რაც ვნახეთ. სიტყვები არ მყოფნის ამის შესაფასებლად. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა.

მითხრეს, რომ აქვე პატარა ქალაქია, ბერდიანკა, სადაც უარესი მდგომარეობააო. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა შეიძლება დაგვხვდეს მარიუპოლში. ცხრაჯერ მეტი კატასტროფა იქნება.

  • რას ჰყვებიან ის ადამიანები, ვინც გადაურჩა ამ სისასტიკეს?

როცა ქალაქში შევედით, ვერსად ვხედავდით ცოცხალ ადამიანებს. შემდეგ, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ, ნელ-ნელა გამოვიდნენ სარდაფებიდან.

რუსები ყველას კლავდნენ, ვისაც ქუჩაში ხედავდნენ. ასევე იმ ადამიანებს, ვინც აქტივისტი იყო და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

  • წინასწარ იცოდნენ ამ ადამიანების შესახებ? ვინ აწვდიდა ინფორმაციას?

სოფელ პერემოგაში იყო, მაგალითად, ასეთი ადამიანი – „ტოლიკ ზეკი“. „ზეკ“ ნიშნავს პატიმარს. ანუ ვიღაც ყოფილი პატიმარი ტოლიკი, ეროვნებით რუსი. ასეთი, ეგრეთ წოდებული გამყიდველი ძალიან ბევრი ავიყვანეთ. მარტო ჩვენ ექვსი ასეთი გამყიდველი ავიყვანეთ, რომლებიც თვითონ მიუძღოდნენ ტანკებს და უთითებდნენ ვინ სად ცხოვრობდა და ვის რა ქონება ჰქონდა.

იცით კიდევ რისი თქმა მინდა? უკრაინელ ხალხს აქვს ერთი ძალიან დადებითი თვისება, თვითორგანიზება იციან. როცა იციან, რომ ვთქვათ, ახლა ამ სახლს უნდა შეუტიონ, გამოდიან და იმ სახლის წინ ბარიკადებს აგებენ. არავის ბრძანება არ სჭირდებათ, არავის მითითება. აი, ამან გადაარჩინა ის ხალხიც, ვინც გადარჩა.

უკრაინელებს სამოქალაქო თვითშეგნება აქვთ ძალიან მაღალი. არ სჭირდება მითითება, მაგალითად, ომის პერიოდში მტერს როგორ უნდა დახვდნენ და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ძალიან გვაკლია.

გათავისუფლებულ ქალაქებში უკვე შემოვიდა „წითელი ჯვარი“, Human Right Watch-ი და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ ამ ადამიანებს. ქალაქში პურის ქარხანაც ამუშავდა გუშინ და ნელ-ნელა დაიბრუნებს ეს ადგილი სიცოცხლეს.

ბუჩა, უკრაინა

დახოცილებს ალბათ ქალაქის დიდი ეკლესიის ეზოში ერთიან სასაფლაოში დაკრძალავენ და იქ იქნება ხსოვნის მემორიალიც.

ძალიან ლამაზი ქალაქები იყო ირპინი და ბუჩა, ნაძვნარში ჩაფლული კოპწია სახლებით. ახლა კი ყველაფერი გადამწვარია.

ძალიან ძნელია, როცა შენი თვალით უყურებ, როგორ იწვის ლამაზი სახლები ერთმანეთის მიყოლებით, როგორ ეცემა ხეები, ამდენი ადამიანი…

  • სად იყო ყველაზე რთული ბრძოლა?

ირპინის ბრძოლები იყო რთული, ასევე კოციუბინსკისთან, სადაც, ფაქტობრივად, გადაწყდა კიევის და მთლიანად ჩრდილოეთი მხარის ბედი, ბელარუსის საზღვრამდე. დღეს პოლტავამდე უკრაინა თავისუფალია და შეიძლება მშვიდობიანად გადაადგილდნენ ადამიანები.

გუშინ და გუშინწინ შედარებით მსუბუქი დღე გვქონდა, გაწმენდაზე ვიყავით მხოლოდ გასული, ცოტა ხნით ჩვენც გვჭირდება ფსიქოლოგიური დასვენება, რადგან წინ გველოდება დიდი ბრძოლები, სამხრეთით გადაგვისვრიან ახლა და იქ იქნება თუ იქნება ბრძოლა.

  • როგორც ვიცით, მარიუპოლი არის ალყაში, არსებობს ამ ალყის გარღვევის იმედი?

ერთადერთი, სახმელეთო შეტევებითაა შესაძლებელი ალყის გარღვევა, სხვა ვერაფრით. ბერდიანსკის მიმართულებით რადგან გვქონდა წარმატებები, ვფიქრობ, მარიუპოლთანაც წარმატებები გვექნება.

რუსებს უნდათ პოსტფაქტუმ შეინარჩუნონ დონეცკი და ლუგანსკი მაინც და ხერსონი, რომ ყირიმში გასავლელი სახმელეთო გზა ჰქონდეთ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს მოახერხონ.

  • ზელენსკის ხომ არ შეხვედრილხართ ბუჩაში, ახლოს იცნობთ?

კი, როგორ არა. ზელენსკი როგორც კი აირჩიეს პრეზიდენტად, მეხუთე დღეს მიმიწვია ოფისში, ძალიან უშუალო და მაგარი ადამიანია. ალბათ ისტორიაში შევა, როგორც პრეზიდენტი, რომელსაც უკან ერთი ნაბიჯით ვერ დაახევინეს.

ომამდე ზელენსკისაც ჰყავდა მოწინაამდეგეები, მაგრამ დღეს ყველანი ფეხზე დგანან. ის გამწარებული ქალებიც კი, რომლებსაც ბუჩაში შეხვდა ზელენსკი, თბილად და სიყვარულით შეხვდნენ.

  • არავინ საყვედურობს იმის გამო, რომ „ომი ვერ აიცილა?“

რა თქმა უნდა, არა.

სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, როცა არსებობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი იყო? არ მესმის. თუ ხარ საღად მოაზროვნე ადამიანი, თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი ხარ, აი, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ვხედავთ, როგორ შეიძლება დაადანაშაულო უკრაინა.

შიშიო, რომ ამბობენ, რა შიშზეა აქ საუბარი, თუ მეომარი გქვია, თუ ჯარისკაცად გთვლიან, თუ შენი ქვეყანა გიყვარს. აუცილებელი არაა ყველას ავტომატი ეჭიროს ხელში, ხომ შეიძლება სხვა საქმე გააკეთო. თუ არადა, ამ შიშში ჩავკვდებით და ჩავლპებით და დავრჩებით პატარა გუბერნიად, ეს იქნება, მეტი არაფერი.

როცა რუსები უკრაინაში შემოიჭრნენ და ეგონათ, რომ მოიკიდეს ფეხი, იგივე ირპინში, ბუჩაში და სხვაგან, დაიწყეს ადამიანების ხოცვა-ჟლეტა. აი, აქამდე არ უნდა მიუშვა მტერი, რადგან როცა მისი ჰგონია ყველაფერი, მერე იწყება სისასტიკე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლოიალობით ეს არ მოხდება, ძალიან ცდება.

ღარიბაშვილის განცხადებები ავიღოთ, საშინელებაა. იცით, რა მიკვირს, განა რა ძილის წამალი დაალევინეს ჩვენს მოსახლეობას, რომ ასეთი დაბეჩავებულია ქვეყანა. მარტო მათ არ გავამტყუნებ, ოპოზიციასაც მიუძღვის წილი ერის მიძინებაში.

  • რამდენად რთული იქნება იმ ყველაფრის დავიწყება, რაც უკრაინაში გამოიარეთ და ნახეთ?

მე ქართველი მეომარი ვარ და ძალიან მინდა დავსაჯო რუსეთი ამ სისასტიკისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორია უკრაინელი მებრძოლის მდგომარეობა. უფრო მეტად გამძაფრდა იმის განცდა, რომ რუსული ფაზიშმი უნდა განადგურდეს.

  • რას საქმიანობდით ომამდე საქართველოში?

მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა, ფაქტობრივად, არაფერს. დავკარი ფეხი და წამოვედი უკრაინაში. ვარ ყოფილი „ალფას“ წევრი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი, ვმუშაობდი დაზვერვის დეპარტამენტში. 2015 წლიდან კი უკრაინის სახალხო გმირის წოდებაც მაქვს.

„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში  

„თუ ერთოთახიანი ბინა ომამდე ღირდა დაახლოებით 500 ლარი, ახლა ის ბინა 500 დოლარად ქირავდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მედეა აბულაძე, რომელიც ბათუმში მაკლერად მუშაობს. ზოგიერთი მაკლერის დაკვირვებით კი, ბოლო პერიოდში ბათუმში ბინის ქირის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა, შეძენის კი – 30 პროცენტით.

თუკი სასურველი ბინის მოსაძებნად ერთ-ერთ ონლაინპლატფორმას – Myhome.ge-ს გამოიყენებთ, ნახავთ, რომ ზღვისპირა ზოლში სტუდიოს ტიპის ბინის ფასი სულ ცოტა 1500 – 2 000 ლარია.

წინა წლებში, ზღვის სეზონის დაწყებამდე, ადამიანები ამავე საიტზე ერთოთახიან, კეთილმოწყობილ ბინას ბათუმში 500 ლარადაც კი შოულობდნენ. ახლა იმავე – 500 ლარის მითითების დროს მხოლოდ რამდენიმე ბარაკული ტიპის საცხოვრებელს შემოგთავაზებთ საძიებო სისტემა, ისიც მხოლოდ ქალაქის გარეუბანში.

„ქირაობენ ძირითადად რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სხვა ეროვნების ხალხიც, მაგრამ ძირითადად, რუსები არიან,“ – გვიყვება ვაჟა ბერიძე. ისიც მაკლერია და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობს.

მაკლერები აღნიშნავენ, რომ წელს ზაფხულის სეზონის დადგომამდე თითქმის შეივსო ბინები და ნახევრად ირონიით დასძენენ „უმუშევარი ვრჩებით, მგონი“.

„იდება თუ არა საიტზე ბინა, ერთ საათში უკვე გაქირავებულია… ვისაც არ აქვს გაქირავებული, იმას პირობები აქვს რაღაც ისეთი, თორემ მაშინვე ქირავდება,“ – აღნიშნავს მედეა აბულაძე.

მაკლერების თქმით, ბინის გამქირავებლების ნაწილის კატეგორიული მოთხოვნაა, ბინა რუსეთის მოქალაქემ არ იქირაოს.

„დაახლოებით 20 პროცენტია ასეთი, ვინც ამას ამბობს. ეს, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან თუ საქართველოში უშვებ რუსეთის მოქალაქეს, საცხოვრებელიც უნდა შესთავაზო. აბა, სად წავიდეს?“ – კითხულობს მედეა აბულაძე.

„არის რამდენიმე ათეული ისეთი შემთხვევაც, როცა ადამიანებმა მოგვმართეს და გვითხრეს, რომ ბინა დააცლევინეს მდგმურს და უკრაინიდან დევნილებს უფასოდ დაუთმობენ,“ – გვითხრეს უძრავი ქონების სააგენტოში – „Discover Batumi Realtor“. სააგენტოში რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როცა თვეების წინ კონკრეტულ მესაკუთრეებს ბინა გააქირავებინეს, დღეს კი იგივე ბინები ისევ ქირავდება, რადგან მესაკუთრეს „ორმაგი შემოსავლის მიღების შანსი გაუჩნდა“.

„მაგალითად, ჩაიკოვსკის ქუჩაზე გაქირავდა ერთოთახიანი ბინა 4 თვის წინ 400 ლარად, ახლა იმავე ბინას მესაკუთრე 350 დოლარად აქირავებს. ბინა, რომელიც 350 დოლარად იყო გაქირავებული, ახლა 2 ათას ლარად ქირავდება და ასე შემდეგ,“ – გვითხრეს უძრავი ქონების სააგენტოში.

ამავე სააგენტოს „Discover Batumi Realtor“-ის ინფორმაციით, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ბინის შეძენის ფასი. „თუკი აქამდე, მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე 700 დოლარად იყიდებოდა გარემონტებული ბინა 1 კვადრატული მეტრი, ახლა იგივე ბინა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს,“ – გვითხრეს აქ.

სააგენტოს მონაცემებით, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ბინების დაახლოებით 40 პროცენტი ჯერ კიდევ გასაქირავებელია.

მაკლერებმა გაგვიზიარეს კიდევ ერთი მიგნება – „აღარ აქვს მნიშვნელობა, სად არის ბინა – ზღვისპირას თუ ჭაობში.“

„მცირე სხვაობა არის, მაგრამ დიდი არა. სტუდიოს ტიპის ბინა, დაახლოებით 25 კვადრატი, თუკი 500 – 600 დოლარად ქირავდება ზღვისპირა ზოლში, მინიმუმ 400 დოლარი ღირს უკვე ჭაობში,“ – აღნიშნა მედეა აბულაძემ.

ვაჟა ბერიძის დაკვირვებით კი, ძირითადად სტუდიოს და ერთოთახიანი ბინები გაძვირდა, მრავალოთახიანი ბინები – არა.

„როგორც ჩანს, უკრაინელი იქნება ეს თუ რუსი, მაინც თავს იკავებენ ხელგაშლილობისგან და დიდი ოჯახიც რომ იყოს, ცდილობენ პატარა ბინა აიღონ. ძირითადად ერთწლიანი ხელშეკრულებები იდება,“ – გვითხრა ვაჟა ბერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში რუსეთის 35 028 მოქალაქე შემოვიდა.

პოდოლიაკი პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას ითხოვს და კანიბალურ „რუსულ სამყაროზე“ წერს 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ევროპას მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ გაზზე. „ახალი ბუჩას“ თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ ყველა სანქციის დედასანქცია: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შეძენა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა – და მისი ომი – რამდენიმე თვეში შეჩერდება. თქვენი ქამრების შემოჭერა რამდენიმე თვით ღირს ათასობით გადარჩენილ სიცოცხლედ“, – წერს კულება ტვიტერის პირად გვერდზე.

კულებას მსგავსად რუსულ გაზზე უარის თქმაზე მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

„ევროპას, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია გაზის/ნავთობის დაკარგვის, უნდა იცოდეს: ბუჩა – თანამედროვე რუსეთის შესახებ სიმართლის მხოლოდ დასაწყისია. იქნება უკრაინის ასობით სხვა ქალაქი, სადაც მივიდა კანიბალური „რუსული სამყარო“. თუ არ გინდათ ხვალ დაიტანჯოთ „ბუჩას სინდრომით“, მოგვეცით დღეს მძიმე შეიარაღება“, – წერს პოდოლიაკი.

მიხაილო პოდოლიაკი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც „6 წლის ბიჭი სახლის უკანა ეზოში დედის საფლავთან დგას. დედა შიმშილითა და სტრესით გარდაიცვალა“.

პოდოლიაკის თქმით, რუსულმა პროპაგანდამ „ევოლუცია განიცადა“: „რუსული პროპაგანდის ევოლუცია. ჯერ შემოვიდნენ უკრაინელების ნაცისტებისგან „გათავისუფლებისთვის“. ახლა ამბობენ, რომ უკრაინელთა უმეტესობა ნაცისტია და უნდა დაისაჯოს. მობილური კრემატორიუმები, მასობრივი საფლავები, ეთნიკური მკვლელობები ევროპის ცენტრში. ბოდიში, ბატონო ჩერჩილ, სამყარო ისევ ჩაფლავდა“.
6 წლის ბიჭი სახლის უკანა ეზოში დედის საფლავთან დგას; დედა შიმშილითა და სტრესით გარდაიცვალა. კიევის ოლქი. ფოტო – AP Photo

____

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტის“ შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციას ბრალს სდებს ომის დანაშაულში. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ხულოელი გიორგი კოჩალიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ხულოელმა 16 წლის გიორგი კოჩალიძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გიორგი 17 წლამდელთა შორის ჭიდაობს, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

ჩემპიონატი 2-3 აპრილს გაიმართა ხაშურში. გიორგი ჯამში 4 მეტოქეს შეხვდა.

ახალგაზრდა მოჭიდავე ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს, დაბა ხულოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. გიორგი ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს და სკოლის შემდეგ ყოველდღე ფეხით მიდის მეგობრებთან ერთად დარბაზში. მისი თქმით, ყოველდღე დაახლოებით 5 კილომეტრს გადის ფეხით სასპორტო დარბაზამდე და უკან, სახლში დასაბრუნებლად.

გიორგი საქართველოს ჩემპიონატისთვის 1 წელი ემზადებოდა. ის ამბობს, რომ ეს დრო არ იყო მარტივი და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ფიზიკური მომზადებისა და ემოციური ბალანსის შენარჩუნების სწავლისთვის. მისთვის ეს შეჯიბრი იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში ბოლოჯერ იასპარეზა.

გიორგი მიიჩნევს, რომ მოჭიდავისთვის ყველაზე რთული ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაა.

„ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვიასპარეზო. ჩემპიონატი ივლისშია და დიდი დრო არ მაქვს მოსამზადებლად, ამიტომ უკვე დავიწყე ვარჯიში. ჩემი მიზანია, ევროპის ჩემპიონატიდან მედლით დავბრუნდე,“ – გვითხრა გიორგიმ.

გიორგი კოჩალიძე. ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია/facebook

გიორგი გვიყვება, რომ პირველად ვარჯიში 2012 წელს დაიწყო თავისი ინიციატივით:

„ვიცოდი, რომ ხულოში ჭიდაობა განვითარებული იყო. მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე,  ჩემი თავი გამომეცადა“.

ვარჯიშის დაწყებიდან მოკლე დროში გიორგიმ მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრში გაიმარჯვა და მოტივაცია გაეზარდა. „იმედი მომეცა. საკუთარ თავში დავრწმუნდი, რომ ამ სპორტში წარმატების მიღწევა შემეძლო“, – გვიყვება გიორგი.

ახალგაზრდა ჩემპიონის თქმით, მისი ერთგული მხარდამჭერები მშობლები და მეგობრები არიან.

გიორგის საყვარელი სპორტსმენი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძეა.

„ლერი აბულაძე ჩემთვის მაგალითია. ის  ხულოელია და ზოგჯერ ამოდის, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და რჩევებს გვაძლევს,“ – ამბობს გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა გიორგი უფრო დიდ დროს ჭიდაობას და ვარჯიშს უთმობს, ვიდრე მეცადინეობას, მაინც ცდილობს სკოლაში კარგად ისწავლოს და უნივერსიტეტში ჩაბარებასაც აპირებს. ჯერ არ იცის, რომელ პროფესიას აირჩევს. გვეუბნება, რომ გამორჩეულად გეოგრაფია და ისტორია უყვარს.

გიორგი სკოლის დღეებში 5 საათიდან 8 საათამდე ვარჯიშობს, ხოლო შაბათს – დილიდან. მისი თქმით, ვარჯიში მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა და ყველაზე დიდ დროსაც სასპორტო დარბაზში ატარებს.

გიორგის მწვრთნელი ხულოს სასპორტო სკოლაში გრიგოლ შანთაძეა.

გრიგოლ შანთაძე ამბობს, რომ გიორგის გამარჯვების იმედი საქართველოს ჩემპიონატზე ნამდვილად ჰქონდა და ის აქამდეც შეძლებდა საქართველოს ჩემპიონობის მოპოვებას, საასპარეზო წონა რომ ჰქონოდა.

„ბოლო ეს ერთი წელი, რაც გიორგის საასპარეზო წონა აქვს, შეჯიბრისთვის განსაკუთრებული მზადება დავიწყეთ.

ხულოს სასპორტო სკოლაში კარგი  სავარჯიშო პირობები გვაქვს, მაგრამ ბავშვები ერთმანეთს ყოველდღე ეჭიდავებიან და კარგად იციან ერთმანეთის ჭიდაობის ტექნიკა. ჩემპიონატამდე თვე-ნახევარით ადრე  ბათუმის სასპორტო სკოლაში გავგზავნეთ, სადაც მისთვის იქამდე უცხო მეტოქეებს შეხვდა და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მიიღო,“ – გვითხრა მან.

მწვრთნელის თქმით, ახლა მთელი ენერგია ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისკენ აქვთ მიმართული.

გიორგი კოჩალიძე დაჯილდოებაზე. ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია/facebook

საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კიდევ ერთმა ხულოელმა, თორნიკე სოლომონიძემ , 17 წლამდელთა შორის, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„ჩემს წონაში ძალიან დიდი კონკურენცია იყო, 35 მონაწილე ვასპარეზობდით. ჯამში 4 შეხვედრა ვიჭიდავე და აქედან სამი მოვიგე”, – ამბობს თორნიკე.

იგი შეჯიბრებებში ისევ აპირებს მონაწილეობას და საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას გეგმავს.

პუტინი გეგმავს, 9 მაისი უკრაინაში რუსეთის გამარჯვების დღედ გამოაცხადოს – CNN-ის წყარო

CNN-ი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის უახლოეს შეფასებებზე წვდომის მქონე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პუტინი გეგმავს, 9 მაისს უკრაინაში რუსეთის გამარჯვების დღე გამოაცხადოს.

როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, თვეზე მეტია ომი მიმდინარეობს, ხოლო რუსულმა სახმელეთო ძალებმა ვერ მოახერხეს იმ ადგილებში კონტროლის შენარჩუნება, სადაც იბრძოდნენ. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი წნეხის ქვეშაა აჩვენოს, რომ შეუძლია გამარჯვება. აღმოსავლეთ უკრაინა არის ადგილი, სადაც ამის გაკეთებას სავარაუდოდ ყველაზე სწრაფად მოახერხებს. სწორედ ამიტომ, რუსეთმა შეცვალა უკრაინაში ომის სტრატეგია, რათა ფოკუსირება მოახდინოს დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებზე კონტროლის დამყარებაზე.

„9 მაისი არის ცნობილი დღესასწაული რუსეთის კალენდარში. დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს ნაცისტებზე გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში. ამ დღეს იმართება უზარმაზარი სამხედრო აღლუმი კრემლის წინ, წითელ მოედანზე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პუტინს სურს აღნიშნოს გამარჯვება – ნებისმიერნაირი – თავის ომში, სწორედ ამ დღეს“, – წერს CNN-ი და იქვე აღნიშნავს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეს აღნიშვნა შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს ნამდვილ გამარჯვებას.

„პუტინს 9 მაისს გამარჯვების აღლუმი ექნება სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსის მიუხედავად. მეორე მხრივ, გამარჯვების აღლუმი, რომელი სამხედრო ტექნიკით და ჯარისკაცებით?“ – უთხრა ევროპული თავდაცვის ოფიციალურმა პირმა CNN-ს.

მიუხედავად ამისა, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნებისმიერი ვადები, რომლებიც მოსკოვმა შეიძლება რიტორიკულად დააწესოს, არ ცვლის რეალობას იმ გაგებით, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, ემზადება უკრაინაში გაფართოებული კონფლიქტის პერსპექტივისთვის.

CNN-ის ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ პუტინი ემზადება „ჩეჩნური სტილის ხანგრძლივი, გაჭიანურებული ომისთვის, რადგან მას, გარკვეულწილად, სხვა არსად აქვს წასასვლელი“.

ოფიციალური პირების თქმით, მაისის ვადის უკან რამდენიმე მიზეზი დგას. ზამთრის ყინვა მთავრდება და მიწა დარბილდება, შესაბამისად, რუსეთის მძიმე სახმელეთო ქვედანაყოფებს მანევრირება გაუჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ძალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაც შეიძლება მალე შევიდნენ უსაფრთხო ადგილზე, – აფასებს აშშ-ს დაზვერვა.

რუსეთი, სავარუდოდ, ათიათასობით ჯარისკაცს შეიყვანს უკრაინაში – ბაიდენის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთმა მიზნები შეცვალა უკრაინაში და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება. ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთი შეტევას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გააძლიერებს.

„რუსეთი გადაანაწილებს თავის ძალებს, რათა შეტევა გააძლიეროს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთის ზოგ რაიონში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 4 აპრილს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

სალივანის თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ათიათასობით ჯარისკაცის გადაყვანას და დამატებითი ბატალიონის, ტაქტიკური ჯგუფების განლაგებას გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

უკრაინაში რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებულ ომში დაახლოებით 200 ათასი რუსი ჯარისკაცია ჩართული.

ამავე განცხადების მიხედვით, რუსეთი ძალების მობილიზებას შეეცდება დონბასის უფრო დიდი ტერიტორიების მისატაცებლად, რომ შენიღბოს მიმდინარე ომში საკუთარი სამხედრო წარუმატებლობები.

გარდა ამისა, სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები გააგრძელებენ ნიკოლაევის ბლოკადას და თავდასხმებს ხარკოვზე.

„რუსეთი შეეცადა დაემორჩილებინა მთელი უკრაინა, თუმცა მარცხი განიცადა. ახლა ის შეეცდება ქვეყნის ნაწილი მაინც დაიმორჩილოს“, – დასძინა ბაიდენის მრჩეველმა და აღნიშნა ისიც, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა გაგრძელდეს „რამდენიმე თვე ან უფრო მეტხანს“.

სალივანმა ბრიფინგზე ისაუბრა იმაზეც, რომ შტატები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასა და კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სალივანის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უნდა ველოდოთ. სანქციების ეს ეტაპი სავარაუდოდ რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიას შეეხება.

ბათუმში ავარიის დროს ავტომანქანა ამოყირავდა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე არ გამოუძახებიათ.

 

 

 

მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მოტოციკლის რეგისტრაცია გამარტივდა – სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 5 აპრილიდან მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა.

„განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციას დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ამასთანავე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაადასტურებს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას.“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციასთან ერთად, AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებაც სავალდებულო გახდა.

AM კატეგორიის მართვის უფლების მოპოვება შესაძლებელია 16 წლიდან.

ვრცლად:

დღეიდან მოპედისა და კვადროციკლის რეგისტრაცია და მართვის უფლება სავალდებულოა

დღეს სალიბაურში გაზი 2 საათით გაითიშება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, დღეს, 5 აპრილს, სოფელ სალიბაურს გაზის მიწოდება ორი საათით შეუწყდება.

კერძოდ, გაზი გაითიშება 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.

„აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება,“ – აცხადებს კომპანია.

ბათუმი-სტამბოლის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

ბათუმის აეროპორტში თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში ვერ დაჯდა.

ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ძლიერი ქარია და ბორტი ტრაპიზონში გაფრინდა.

თვითმფრინავმა ბათუმის აეროპორტში დაშვება სამჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ და სამივეჯერ ქალაქის თავზე გადაიფრინა.

სამჯერ მცდელობის მიუხედავად, ბორტი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და ტრაპიზონში გაფრინდა / თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორია / 5.04.2022
თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორია ბათუმის ცაზე / 5.04.2022

განახლება: თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში დაჯდა.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გადაიცვალა 3 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 24 540, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, PCR ტესტით – 2 528. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 482 ადამიანი. 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 18 500 ადამიანი
  • ტანკი – 676 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 858 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 332 ერთეული
  • MLRS – 107 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 150 ერთეული
  • ვერტმფრენი – 134 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 322 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 94
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 125 თვითმფრინავი
  • 91 შვეულმფრენი
  • 398 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1 969 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 226 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 852 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 873 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბუჩაში მომხდარს “ომის დანაშაულს” უწოდებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გასამართლებას ითხოვს.

“ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვნახეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია იმ დანაშაულების, რაც რუსეთის ჯარმა ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა.“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ამავე თემაზე:

„ჩემი საქმე რუსების თვითმფრინავების კონტროლია“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში

სტუდენტი, რომელმაც ხულოში ვარდების ბაღი გააშენა

26 წლის ნიკა წულუკიძე სტუდენტია, ხულოს სოფელ დიდაჭარიდან. მას ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს.

ნიკა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დღემდე სწავლობს როგორ მოუაროს ვარდს, ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს და აანალიზებს, თუ რისი გაკეთებაა უმჯობესი და რა ფორმით. მისი თქმით, ყველაფერი, რაც ახლა იცის ვარდის შესახებ, სწორედ ამ მეთოდით ისწავლა.

სანამ ვარდების მოშენებას დაიწყებდა, ნიკამ საკმაოდ დიდი გზა გაიარა. ის სტუდენტია, ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. მანამდე კი მან ბსუ-ში ტურიზმის მენეჯმენტი ისწავლა. თუმცა ნიკა ამას არ დასჯერდა, ჩააბარა ბაკალავრიატში ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ იძულებული გახდა სტატუსი შეეჩერებინა, რადგან ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე ერთდროულად სწავლა არ შეიძლება.

მისი თქმით, როცა უნივერსიტეტში პირველად ჩააბარა, გადაწყვეტილი ჰქონდა ცოდნის შეძენის შემდეგ სოფელში დაბრუნებულიყო და სამეურნეო საქმე წამოეწყო. ასეც მოიქცა.

სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად ნიკამ შეძლო და სათბური გააკეთა სოფელში, ის ახლა ფერმერია.

ნიკა გვიყვება, რომ სოფელ დიდაჭარაში, სახლთან ახლოს, არ ჰქონდა ადგილი, სადაც სათბურის გაკეთებას შეძლებდა, ამიტომ სახლის მიმდებარედ, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე, ტრაქტორს მოასწორებინა მიწა სათბურისთვის და 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპილოტე პროგრამის თანადაფინანსება მოიპოვა.

„გაამართლებდა თუ არა სათბური ხულოში, ჩვენს შრომაზეც იყო ალბათ დამოკიდებული. გვეშინოდა, ზამთარს არ ჩამოეშალა სათბური“,- იხსენებს ნიკა.

ნიკა წულუკიძის სათბური დიდაჭარაში

პირველ ეტაპზე ნიკამ ოჯახის წევრებთან ერთად სათბურში კიტრისა და პომიდვრის მოყვანა დაიწყო. იხსენებს, რომ დიდი შრომის მიუხედავად, ისეთი მოსავალი ვერ აიღეს, როგორსაც ელოდნენ. „ამ პერიოდს პანდემია დაემთხვა და რაც მივიღეთ მოსავალი, ადგილობრივ მოსახლეობაში დავარიგეთ, 1 კილოგრამიც კი არ გაგვიყიდია“.

მცირე მარცხმა ნიკა ვერ გააჩერა. მას და მის მეუღლეს, ჯულის, ერთი წელი დასჭირდათ შესასწავლად, თუ რისი მოყვანა იქნებოდა შემოსავლიანი ხულოში. ბოლოს ვარდის მოშენება გადაწყვიტეს. იცოდნენ, რომ მთავარი ისეთი ჯიშის შერჩევა იყო, რომელიც ცივ კლიმატს გაუძლებდა, ხულოს უხვნალექიანობის გათვალისწინებით.

„ხულოს მიწა გამოვიკვლიეთ. ვარდს ნამდვილად შეუძლია ხულოს მიწაზე გახარება და მოსავლის მოცემა.

მე და ჯული  ვეძებდით ვარდის ჯიშებს. ბევრგან მოვიკითხეთ, ჯერ სხვა ჯიში გვირჩიეს, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის ვერ უძლებდა სიცივეს, ამიტომ ვარდის სხვა სახეობებსაც გავეცანით და ჰოლანდიური ვარდის ჯიშის, ჯუმელიას მოშენება გადავწყვიტეთ. ეს ჯიში დაახლოებით 7-8 წელი იძლევა მოსავალს და ერთი ძირი  10-12 ცალ ვარდს იძლევა წელიწადში, საშუალო პირობები რომ შეუქმნა,“ – ამბობს ნიკა წულუკიძე.

ნიკამ სოციალური ქსელით იპოვა ადამიანი, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჯუმელიას ვარდის ნერგები და საწყის ეტაპზე 2000 ვარდის ნერგი ჩამოიტანა ხულოში. ნიკას თქმით, დღეს ვისაც ის ეყრდნობა და ეკითხება რჩევებს, თუ როგორ მოუაროს ვარდს, ეს ადამიანი და მისი მეგობარი აგრონომია.

ოჯახთან ერთად ვარდის მოშენება ნიკამ 2021 წლის მარტში დაიწყო. ნერგებმა მალევე გაიხარა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ჰქონდათ, რომ სათბურში დარგულ ვარდებს სამი ეტაპი გაევლოთ – გახარება, გაზრდა და ყვავილობის პროცესი.

„დაახლოებით 4 000 ცალი ვარდის რეალიზება შევძელით. კარგი მაჩვენებელი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ვარდები ღია გრუნტზეც მოგვეშენებინა. დაახლოებით 400 მეტრზე დავამატეთ 3500 ძირი ვარდი და აქედან მოსავალს შემოდგომისთვის ველოდებით.

დიდთოვლიანი ზამთრის გამო 20 დღით დაგვიგვიანდა ვარდის მოსავლის აღება“, – ამბობს ნიკა. მისი თქმით, ვარდისთვის ყველაზე კარგი სეზონი აპრილის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

ნიკა გვიყვება, რომ თავიდან მხოლოდ სათბურის კონსტრუქცია ჰქონდათ, შემდეგ დააყენეს გამწოვი და ახლა აყენებს წვეთოვანს. ასევე, გეგმავს განათების დამონტაჟებასაც.

სათბურის დახვეწისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დამატებას ოჯახი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებს, პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც.

ნიკა გვეუბნება, რომ მას და ჯულის ფუნქციები გადანაწილებული აქვთ. ნიკა ვარდებს უვლის, ხოლო ჯული მარკეტინგის საკითხებს აგვარებს. ცოლ-ქმარს ორი შვილი, ტყუპი გოგონა ჰყავს.

ნიკა ვარდებს უვლის

„ჩვენი გაანგარიშებით, ამ ეტაპზე 20 000 – 25 000 ვარდის მიღება შეგვიძლია სეზონურად. რაც უფრო მეტად მოუვლი ვარდს, მით უფრო მეტ შემოსავალს იძლევა. პროცესში მივხვდით, რომ 200 კვადრატულ ფართობში ვარდი ვეღარ სუნთქავდა და გამწოვები სჭირდებოდა სათბურს. საქმემ გვიჩვენა საქმე.

მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი საქმიდან მაგალითს იღებენ. დიდაჭარაში 2 კერა გაჩნდა, სადაც უნდათ, რომ მსგავსი, ვარდების ბიზნესი დაიწყონ“, – ამბობს ნიკა.

ნიკას სამომავლო გეგმაა ყვავილების საკუთარი მაღაზიის გახსნა. მისი შეფასებით, ვარდებს გაცილებით ძვირად ყიდიან მაღაზიებში და მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება. ნიკა სამომავლოდ ბრენდირებაზეც ფიქრობს.

„ბაზარი გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ბათუმსა და ქუთაისში დღეში დაახლოებით 50 000-მდე გასაყიდი ვარდი შემოაქვთ სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ადგილზე წარმოებულ ვარდს ბევრი პრივილეგია აქვს, უფრო სწრაფად მიაწოდებ გამყიდველს, უფრო მხნედ გამოიყურება და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ვარდი.

ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი ვარდის გამძლეობა. მინიმუმ 16 დღეა სიცოცხლისუნარიანი წყლის გამოცვლის გარეშე, ხოლო თუ წყალი გამოუცვალე – 25 დღემდე ძლებს.

ვარდებს ბათუმში ყვავილების 2 მაღაზიას ვაბარებთ. მათი თქმით, რამდენი ვარდიც გვექნება, იმდენის გასაღება შეუძლიათ. ბაზარზე ვარდის მუდმივი მოთხოვნა ამ საქმის კეთების მოტივაციას გვაძლევს.

შეფუთულ ვარდებს ხანდახან მიკროავტობუსით ვგზავნით ბათუმში და იქიდან უკვე მაღაზიებს თვითონ მიაქვთ ადგილზე. ხანდახან, თუ დრო მაქვს, მე მიმაქვს,“ – ამბობს ნიკა.

სათბურში დარგულ ვარდებს ნიკა და მისი ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო ღია გრუნტზე დარგულ ვარდებზე ნათესავები ზრუნავენ. ნიკას თქმით, სეზონურად კიდევ ორ ადამიანს დაასაქმებს.

ნიკა წულიკიძის შეფასებით, ყველაზე მეტად რაც სჭირდებათ, მუნიციპალიტეტში ისეთი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, სადაც უფრო მეტის სწავლას შეძლებდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მოუარონ ვარდს და გაართვან თავი მცირე ბიზნესს.

„ჩემი აზრით, სასათბურე მეურნეობის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვარდი იქნება ეს, ჟოლო თუ სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი იმის შესახებ, თუ როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ“, – ამბობს ნიკა.

მისი თქმით, თუ მის სოფელში იქნება 3-4 ისეთივე სათბური, როგორიც მას აქვს, ეს 15-20 ადამიანის მუდმივად დასაქმების შესაძლებლობა იქნებოდა.

ნიკა იმასაც აღნიშნავს, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, თუმცა, მისივე თქმით, ხულოს ცენტრისგან მოშორებით სოფლებში ინფორმაცია ისე არ მიდის, რომ მოსახლეობის ინტერესი გამოიწვიოს.

ნიკა წულუკიძე ხულოს წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. იგი ამბობს, რომ ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის.

ნიკას ვარდების სათბური დიდაჭარაში

„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონოდ აშენებს – გააჩერებს მშენებლობას რიჟვაძე?

„ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. კომპანია საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს.

მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, კომპანია მშენებლობას უკანონოდ აწარმოებს. გარდა ამისა, მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს კარგავს, იზღუდება ჰაერის  მოძრაობაც:

„ადრე ამბობდნენ, რომ ეს გამაერთიანებელი შენობა დაბალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი სიმაღლის სართულებს აშენებენ, მაგათი ორი სართული ჩვენს ოთხ სართულს უდრის“, – გვითხრა მშენებარე პროექტის მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებმა.

მსგავსი პროექტის ნებართვის გაუქმება გასულ კვირას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მოითხოვა. მან როგორც ბათუმის მერს, ასევე აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრს დაავალა, გაუქმდეს როგორც მშენებლობის ნებართვა, ასევე შესაბამისი საინვესტიციო ხელშეკრულება.

„ეს უნდათ აქ? – და ამდენ ხალხს უნდა მიაშენონ წინ. არ გვაინტერესებს ვინ არის, დავასრულებთ ამათზე წარმოებას და არ აშენდება!“ – ამ განცხადების შემდეგ კი თორნიკე რიჟვაძემ კმაყოფილი მოქალაქისგან მადლობა მიიღო.

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც „ორბი“ მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა:

„ნებართვას ვადა აქვს გასული.“

ვადაგასული ნებართვით კომპანიას მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვს, მან ნებართვის განახლების მოთხოვნით მერიას უნდა მიმართოს.

რაც შეეხება საპროექტო პირობების დარღვევას, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ე.წ. ფრთების სიმაღლეები გაზრდილია, მაშინ კომპანიამ მშენებლობა პროექტთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, ან პროექტის შეცვლაზე მერიისგან უნდა მიიღოს თანხმობა. საინტერესოა ამჯერადაც იტყვის თუ არა თორნიკე რიჟვაძე იმავეს, რაც ერთხელ უკვე თქვა, ბათუმის შუალედური არჩევნების წინ.

მოსახლეობის მოთხოვნა იდენტურია.

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

„ჩემი საქმე რუსების თვითმფრინავების კონტროლია“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში

„როცა საბავშვო ბაღები დაბომბეს, აღარ შემეძლო გაჩერება, უკრაინაში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მშობლებს ავუხსენი, რომ აქ საჭირო ვიყავი, უკრაინელ ხალხს უნდა დავხმარებოდი. გრძელი გზა გამოვიარე“, – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის თითქმის ერთი თვეა, უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბატალიონთან ერთად იბრძვის.

მას ტელეფონით დავუკავშირდით.

„როცა ვნახე, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა და არტილერიამ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვთა ბაღების დაბომბვა დაიწყო, უკვე აღარ შემეძლო გაჩერება. გადავწყვიტე წამოსვლა, რაიმეთი რომ დავხმარებოდი უკრაინელ ხალხს. მაქვს გამოცდილება ჰაერსაწინააღმდეგო ბატალიონის. ბევრი არ მიფიქრია, როცა ვთქვი უნდა წავიდე, ავდექი და წამოვედი. აქ ძალიან დიდი ამოცანებია, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ, ჯერჯერობით თავს ვართმევ. ჩვენი ხელისუფლება დღეს სრულიად უმოქმედოა, არის პირდაპირ რუსეთთან კავშირში, რუსეთის დაქვემდებარებაში…

ბათუმიდან ჯერ ტრაპიზონში ჩავედი, შემდეგ – ანკარაში, საიდანაც ბულგარეთში ქალაქ სოფიაში ჩავედი. შემდეგ ისევ რუმინეთში მომიწია ჩასვლა. ბუქარესტიდან მატარებლით ჩავედი სოჩავამდე, სოჩავადან უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში ჩავედი, რომელიც რუმინეთის საზღვართან ახლოსაა“ – გვიყვება ის.

ავთანდილი ამბობს, რომ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მშობლებს და მეგობრებს გაანდო:

„წამოსვლა არავისთან არ შემითანხმებია გარდა მშობლებისა. მშობლებს ნათლად ავუხსენი, რომ უკრაინელ ხალხს უნდა დავეხმარო. წამოსვლის ხარჯებშიც არავინ დამხმარებია – მხოლოდ მეგობრებმა, ოჯახმა და ერთეულმა ადამიანებმა გამიწიეს დახმარება, პირადი ფინანსებით წამოვედი.“

ავთანდილი უკრაინაში ქართულ ლეგიონს არ შეხვედრია:

„არ მივსულვარ ქართულ ლეგიონთან. პირდაპირ მივედი იქ, რისი გამოცდილებაც მქონდა… მე ვარ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბატალიონში, სტინგერის პოზიციაზე, მსროლელი მეზენიტე და პირდაპირ მოვედი უკრაინულ ბატალიონში. აქ ვმსახურობ, ერთადერთი ქართველი ვარ ამ ბატალიონში. ქართული ლეგიონის ბიჭებთან შეხვედრა არ მქონია.“

ავთანდილ სურმანიძე

ავთანდილის თქმით, ის ახლა კიევის მისადგომებთან იმყოფება, მოსახლეობასთან კომუნიკაცია ნაკლებად აქვს და მისი ჯგუფის მოვალეობა თვითმფრინავების კონტროლია:

„ახლა ვართ კიევის მისადგომებთან, ზუსტად ვერ გეტყვით, სად ვართ. ყოველდღე დილით გავდივართ პოზიციაზე. ჩემი საქმიანობა არის [რუსული] თვითმფრინავების კონტროლი, ღამის განმავლობაში რთულია როგორც კონტროლი, ასევე სროლა. უკრაინელები დიდ ყურადღებას მაქცევენ, პატივს მცემენ, უხარიათ, რომ ამხელა გზაზე ჩამოვედი მათ დასახმარებლად.  გარდა ამისა, უარი განვაცხადე ხელფასზე. უკრაინა ახლა ძალიან რთულ სიტუაციაშია და ფინანსური სარგებელი მე აქ არანაირად არ მჭირდება.

თავს ვაფარებთ სანგრებს, მიწის სახლებს, სადაც მეტია დაცულობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ კონტროლის ქვეშ. მტერი ყოველთვის ახლოსაა და არასდროს სძინავს.

იქ, სადაც მე ვარ, მოსახლეობა ძალიან ცოტაა. ვინც არიან, მათთან ორ დღეში ერთხელ გადავდივართ, ვამოწმებთ, ერთი მოხუცი ბებოა, არის ფერმერიც, არის ისეთი ხალხი, ვინც არ დათმო თავისი მიწა და სიცოცხლეც კი გადადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე იყოს თავის მიწაზე. ყველაფერს ითვალისწინებენ, რა რეკომენდაციებსაც ვაძლევთ.“

ავთანდილი ამბობს, რომ მის ბატალიონში საქმე განაწილებულია, ხალხის ევაკუაციაზე სხვა ჯგუფი მუშაობს, ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებაზე კი სხვა ჯუფია პასუხისმგებელი:

„მედიკამენტები არის. მე აქ ვარ დაახლოებით 27 დღე, არაფრის ნაკლებობა არ მქონია, არც ტყვია-წამლის, არც მედიკამენტის, არც საკვების. ყველაფერი არის იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ. სხვა ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს ხმამაღლა ვერ მოვყვები“.

EBRD უჩერებს დაფინანსებას რუსეთსა და ბელორუსს, ის იტოვებს უფლებას, პროექტებიც გააუქმოს

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ამ ინფორმაციას თავად EBRD-ი აქვეყნებს. როგორც ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ისევე როგორც აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა.

გარდა ამისა, EBRD-ი „სარგებლობს ყველა უფლებით შეაჩეროს ან გააუქმოს არსებული პროექტების დაფინანსების შემდგომი გაცემა“.

EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო, განაცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით ამდენი წლის თანამშრომლობისა და აქტივობის შემდეგ ორივე ქვეყანაში. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობით ომმა უკრაინაში სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ დავგმოთ უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სიტყვებია. ასევე, საჭიროა ორ ქვეყანას ეჭვი არ შეეპაროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ შეარყიეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის“.

„EBRD-ი ახლა ფოკუსირებულია 2 მილიარდი ევროს მდგრადობისა და საარსებო წყაროს მხარდაჭერის პაკეტი მიაწოდოს უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ლტოლვილთა კრიზისს. ზომები შექმნილია კომპანიებისა და თემების დასახმარებლად. დაფინანსება სწრაფადაა ხელმისაწვდომი, რათა უკრაინულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ლიკვიდურობის მხარდაჭერა, სესხების გადავადება და ვაჭრობის დაფინანსება. სადაც ეს შესაძლებელია, ბიზნესებს დაეხმარებიან გადაადგილებაში, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ. როდესაც პირობები შესაძლებელს გახდის, ბანკმა ასევე დადო პირობა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამაში.

EBRD-ი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს თავის ყველა ქვეყანას, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს და მის ეკონომიკურ გავლენას“, – ვკითხულობთ EBRD-ის განცხადებაში.

_________

მთავარი ფოტო: გლობალ კაპიტალი

ჩამოვიდნენ და ნახონ, რა მოჰყვება ფლირტს რუსეთთან – ზელენსკი მერკელსა და სარკოზიზე

დღეს, 4 აპრილს, დეოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს,  ვოლოდიმირ ზელენსკის, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიიწვია გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინაში, რუსების მიერ გაჩანაგებული ქალაქების სანახავად.

„ვფიქრობ, მან ჩემი სიგნალი შესანიშნავად გაიგო. მე მივმართე არა მხოლოდ მას, არამედ ევროპის ლიდერებს, ბატონ სარკოზის, რომლებიც, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ან, ასე ვთქვათ, იყვნენ რუსეთის ფედერაციის და სხვა ლიდერი ქვეყნების გავლენის ქვეშ, მაგრამ პირველ რიგში – რუსეთის ფედერაციის და ვფიქრობ, შიდა ისტებლიშმენტის, როცა ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებით.

მთელი ისტორია ინსინუაციაა ნატოს ღია კარზე, როცა ჩვენ ვიცით, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა უკრაინის ნატოს წევრობას, ჯერ კიდევ მაშინ, ბუქარესტში. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ვინ არიან ის ლიდერები, და მიმაჩნია, რომ ანგელა ამ წამყვან ლიდერებს შორისაა, რომლებზეც იყო დამოკიდებული გადაწყვეტილება – იქნებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ის რაც ხდება, სწორედ თამაშია რუსეთის ფედერაციასთან, მათთვის მოღონიერების შესაძლებლობის და იმის შეგრძნების მიცემის საშუალება, რომ ისინი ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე.

მე მივიჩნევ, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, რად იქცევა ფლირტი რუსეთის ფედერაციასთან. სულ ეს არის,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

__________

 

პოდოლიაკი მერკელის განცხადებაზე: „დასავლელი ელიტები ჯერ კიდევ სახიფათო დელუზიის ქვეშ არიან“

„ქალბატონი მერკელის რეაქცია ბუჩაში რუსეთის სისასტიკის დაკვირვების შეთავაზებაზე მიანიშნებს, რომ დასავლელი ელიტები ჯერ კიდევ სახიფათო დელუზიის ქვეშ არიან. შესაძლო გამოსავალია ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შესახებ ფოტოდოკუმენტების და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების გაგზავნა“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

საქმე იმაშია, რომ რუსული არმიის მიერ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის ექსკანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ექსპრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია ქალაქში ჩადენილი სისასტიკის სანახავად. ზელენსკის თქმით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, „ნატოს წევრების უმეტესობა მხარს უჭერდა უკრაინას გამხდარიყო ალიანსის წევრი, მაგრამ ამას შეეწინააღმდეგა ლიდერების ნაწილი, მათ შორის იყო ანგელა მერკელი“.

„მე ვიწვევ ქალბატონ მერკელს და ბატონ სარკოზის მოინახულონ ბუჩა და ნახონ რა გამოიწვია რუსეთის მიმართ სიფრთხილის პოლიტიკამ 14 წელიწადში. რათა საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელი კაცები და ქალები. მინდა სწორად გამიგოთ – ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ, არ ვადანაშაულებთ არავის, გარდა კონკრეტული რუსული სამხედროებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, და მათი, ვინც ეს ბრძანებები გასცა. უფლება გვაქვს ვისაუბროთ გაუბედაობის გზაზე, რომელმაც მიგვიყვანა ასეთ ბუჩამდე, გოსტომელამდე, ხარკოვამდე და მარიუპოლამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის პასუხად, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება 2008 წელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვის შესახებ.

„ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით“, – უთხრა გადამდგარი კანცლერის სპიკერმა საინფორმაციო სააგენტო DPA-ს.

მერკელის სპიკერმა ასევე თქვა, რომ ყოფილი კანცლერი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად.

___

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული არმიის გასვლის შემდეგ ბუჩაში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ზოგ მათგანს ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული. ხშირ შემთხვევაში მათ ტყვია თავში ჰქონდათ მოხვედრილი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდში დაადანაშაულა.

მოსამართლემ გაამართლა კობერიძე, რომელმაც ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ცოტნე კობერიძე გაამართლა და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება დღეს, 4 აპრილს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ცოტნე კობერიძემ გუშინ, 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, საჯაროდ უწოდა „ბიძინას მონა“.

ამ შემთხვევის შემდეგ კობერიძე პოლიციელებმა დააკავეს.

ცოტნე კობერიძე თბილისის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

რა ასუსტებს ძვლებს და რით შეიძლება დავიზღვიოთ თავი მოტეხილობისგან

დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ძვლები იფიტება და უფრო მყიფე ხდება. ეს ძირითადად განპირობებულია ორგანიზმიდან კალციუმის ინტენსიურად გამორეცხვით, რაც 35 წლის ასაკის შემდეგ აქტიურდება. ეს თვისება ყველასთვის დამახასიათებელია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უფრო მკაფიოდ უვლინდება და ოსტეოპოროზი უვითარდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ აჭარის რეგიონში, ჩატარებული კვლევებით, ყოველ მეორე ბავშვს ძვლის სიმკვრივე ნორმალურ მაჩვენებელზე დაბალი აქვს. რისი ბრალია ეს ყოველივე და როგორ გამოვიკვლიოთ, ამ საკითხებზე გვესაუბრება რევმატოლოგი, თერაპევტი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნერიმან ცინცაძე.

  • რა არის ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი – ჩონჩხის ძვლების დაავადებაა, რომელსაც ჩუმ, უხილავ, ალერსიან ეპიდემიას უწოდებენ. მას ახასიათებს ძვლის  მასისა და სიმკვრივის შემცირება, რაც, თავის მხრივ, უპირატესად ზრდის ხერხემლის, მაჯის, ბარძაყის ძვლის ყელის, მცირე მენჯისა და მხრის სარტყლის ძვლების მოტეხილობის რისკს.

  • რა სტატისტიკაა მსოფლიოში?

მსოფლიოში ოსტეოპოროზით დაავადებულთა რიცხვი 250 მლნ. ადამიანს აღწევს, მათ შორის, ყოველი მესამე პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალია. პაციენტებში ძვლების მოტეხილობით ოსტეოპოროზი გვხვდება შემთხვევათა 65-70 %-ში. ჯანმო-ს ექსპერტთა აზრით, ოსტეოპოროზი მე-4 ადგილზეა გულსისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების, ონკოპათოლოგიისა და შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.

ნერიმან ცინცაძე
ნერიმან ცინცაძე
  • რა მაჩვენებელია ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოში ოსტეოპოროზის გავრცელების შესწავლა მხოლოდ ბოლო  წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი. მონაცემები შედარებით მწირია, მაგრამ შთამბეჭდავი. დენსიტომეტრიული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ 40 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ქალი და 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით. ასევე, ჩვენი კვლევებით, აჭარის რეგიონში ბავშვთა სკრინინგული დენსიტომეტრიის მონაცემების მიხედვით, ყოველ მეორე ბავშვს აქვს ძვლის სიმკვრივე ნორმალურ მაჩვენებელზე დაბალი.

ასაკთან ერთად არა მარტო ძვლოვანი მასა მცირდება, არამედ მატულობს მოტეხილობების რისკი, რომელთა ეპიდემიოლოგია ჩვენს ქვეყანაში არ არის შესწავლილი.

  • რა ასაკიდან იჩენს თავს დაავადება და რა არის მიზეზი?

ოსტეოპოროზი მეტად გერიატრიული დაავადებაა, რომელსაც საფუძველი ბავშვობაში ეყრება. განვითარებული მოტეხილობების 66% ბავშვთა ასაკში გვხვდება. ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა ევროპული და აზიური რასა, მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, კალციუმის, ვიტამინი D-ს და ცილების დეფიციტი, ცხოვრების არასწორი წესი, ჰიპოდინამია, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლიზმი; ქრონიკული, განსაკუთრებით რევმატიული, ენდოკრინული დაავადებები.

  • როგორ მიმდინარეობს დაავადება?

დაავადება უმეტესად ჩუმად მიმდინარეობს და ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. მოტეხილობა, თავის მხრივ, ასოცირებულია ტკივილთან, მოტორული ფუნქციის დაკარგვასთან, უნარების შეზღუდვასთან. მთელ რიგ შემთხვევებში, არ არის გამორიცხული აღინიშნოს ლეტალური შედეგიც. ოსტეოპოროზის განსაკუთრებით მძიმე შედეგია ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; პაციენტთა სიკვდილობის მაჩვენებელი ასეთი მოტეხილობის შემდეგ პირველ წელს მერყეობს 30,8% – 35,1% ფარგლებში. ამასთანავე, „გადარჩენილთა“ 78%-ს მოტეხილობიდან ერთი წლის და 65% -ს ორი წლის შემდეგ სჭირდება მუდმივი მოვლა.

  • როგორია მკურნალობა და რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ოსტეოპოროზი/ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუძლია მნიშვნელოვნად შეასუსტოს ოსტეოპოროზის შედეგები. ოსტეოპოროზის მკურნალობის სტრატეგიული მიდგომა ასეთია:

  • სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და ყოველდღიურად დაახლოებით 1000 მგ. კალციუმის მიწოდება, დაწყებული მოზარდის ასაკიდან ცხოვრების ბოლომდე
  • ფიზიკური აქტივობა
  • მწეველობის მავნე ჩვევაზე უარი და ალკოჰოლის მოხმარების მნიშვნელოვნად შეზღუდვა
  • კორტიზონის დოზების მინიმუმამდე დაყვანა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო საშუალებების მიღება კორტიზონით მკურნალობის შემთხვევაში
  • კალციუმისა და D ვიტამინის დამატებით მიღება
  • მედიკამენტოზური, კერძოდ, ჩანაცვლებით-ჰორმონული თერაპია ქალებში მენოპაუზის პერიოდში, ბისფოსფონატები, ვიტამინ D-ს აქტიური მეტაბოლიტები.

50 წელს გადაცილებულ ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია ძვლის ქსოვილის სწრაფი და გამოხატული განლევის რისკი; განსაკუთრებით ისინი დგანან ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხის წინაშე – დაავადებისა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა (ბარძაყის ძვლის ყელის, მაჯის, ხერხემლის მალების).

DEXA - ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრი
DEXA – ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრი

დღეისათვის ოსტეოპოროზით დაავადებულ პაციენტთა 4-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში ხდება დიაგნოზის დადგენა მოტეხილობის გამოვლენამდე. დროული დიაგნოზის დასმა თავიდან აგვაცილებს არა მხოლოდ მოტეხილობების განვითარებას, არამედ იმ სუბიექტურ ჩივილებს პაციენტის მხრივ, რომელიც ოსტეოპოროზთან არის დაკავშირებული. დღეს ბათუმში კლინიკა „Solomed“-ში გვაქვს შესაძლებლობა თანამედროვე აპარატით – DEXA (ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრი) ჩავატაროთ პაციენტის დროული დენსიტომეტრიული კვლევა, რომლის მეშვეობითაც დგინდება ძვლის მინერალური სიმკვრივის – ოსტეოპოროზის ხარისხი.

გამოცხადდა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენა დაიწყო. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, წელს გაიზარდა საპრიზო ფონდიც და გამარჯვებული 15 ათას ლარს მიიღებს. ფინალისტები კი 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.

აპლიკაციის მიღება 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და თავისუფლების იდეის ერთგულების საოცარ მაგალითს იძლევიან.

არსებულ ვითარებაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ განათლება მნიშვნელოვანი იარაღია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.

ძლიერ საზოგადოებას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ქმნიან, ხოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი ღერძი სკოლა და მასწავლებელია.

გვინდა, ეს გზავნილი კიდევ უფრო გავაძლიეროთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის ფარგლებში“, – ამბობს „განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე.

2022 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოავლენენ.

____________________

მსგავს თემაზე:

„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან

დამტვრეული სანაგვე ურნები ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში დამტვრეულია თეთრი ქვის სანაგვე ურნები. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ უკვე მიმართეს პოლიციას შემთხვევის გამო.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში პარასკევს სამი სკამიც დაამტვრიეს, რომლებიც ახლით უკვე ჩაანაცვლეს.

ცენტრალურ პარკში სკამების დაზიანების შემთხვევა ადრეც იყო, პოლიციამ მაშინაც დაიწყო მოკვლევა, თუმცა ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი.

პარკში ახალი ქვის სკამები და ურნები რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს. ქვის ერთ სკამში ბათუმის მერიას 4 500 ლარი აქვს გადახდილი. სულ შეიძინეს 50 ქვის სკამი.

დამტვრეული ურნა ბათუმის პარკში.
ფოტო: გიორგი ბოლქვაძე

„მეზობელი ქუჩას ღობავს“ – რატომ ვერ იცავს მერია გზას, სადაც ასფალტი დააგო

„ღობეს პირდაპირ ქუჩაზე აშენებს ჩვენი მეზობელი და არავინ აჩერებს, გზასაც არ გვიტოვებენ,“ – გვითხრეს ბათუმში, სვიშევსკის ჩიხში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებმაც გზის მისაკუთრების ამსახველი ფოტოები მოგვაწოდეს. მესაკუთრე მერაბ ანთაძეა, რომელსაც ამ გზის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი აქვს. მერიაში კი განმარტავენ, რომ მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვა არ წარუდგენია.

მერიის მიერ ახალმოასფალტებულ გზაზე ნიშნულები ღობის ასაშენებლად გასული წლის ზაფხულში გაჩნდა. მაშინ ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს გზა ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, ხოლო ასფალტი ბიუჯეტის ფულით იმიტომ დააგეს, რომ ეკონომია ჰქონდათ და სამეზობლოს თხოვნა გაითვალისწინეს.

2021 წლის სექტემბერში მშენებლობა მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა, თუმცა სვიშევკის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ბოლო დღეებში ღობეს პირდაპირ ქუჩაზე ინტენსიურად აშენებენ.

„მუნიციპალური ინსპექციის მიერ სვიშევსკის პირველი შესახვევი #19-ში დაწყებულია სამართალწარმოება. სამართალდამრღვევმა კანონის შესაბამისად ან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ნებართვა, ან მოიყვანოს თაავდაპირველ მდგომარეობაში,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.

ეს ჩიხი გოროდოკის დასახლებაშია. აქვე ახლოსაა გოგოლის ქუჩა და კორპუსები, რომლებიც ასევე უკანონოდ აშენდა, ისე, რომ ბათუმის მერიამ მისი შეჩერება ვერ შეძლო.

ღობე სვიშევსკის პირველ ჩიხში მდებარე ქუჩაზე

„თქვით სიმართლე ამ ომზე“ – ზელენსკის მიმართვა გრემის დაჯილდოებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გრემის 2022 წლის დაჯილდეობაზე მიმართვის ტექსტში მუსიკალურ სამყაროს მოუწოდა, დაუჭირონ მხარი უკრაინას, რომელიც თავის მიწაზე ებრძვის რუსეთს, „რომელსაც საშინელი –  სიკვდილის სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, გრემის დაჯილდოების მონაწილეებს ვიდეფორმატში მიმართა:

„ომი. რა ეწინააღმდეგება უფრო მეტად მუსიკას? – განადგურებული ქალაქებისა და მოკლული ხალხის სიჩუმე. ჩვენი ბავშვები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. ჩვენი 400 ბავშვი დაშავდა, ხოლო 153 დაიღუპა. და ჩვენ ვერასდროს ვნახავთ მათ ხატვისას. ჩვენი მშობლები ბედნიერები არიან დილით, რომ იღვიძებენ ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარში, მაგრამ ცოცხლები. ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა არ იციან, ისევ თუ ვიქნებით ერთად ოდესმე. ომი არ გვაძლევს არჩევანს, ვინ გადარჩეს და ვინ დარჩეს უსასრულო სიჩუმეში.

ჩვენი მუსიკოსები ატარებენ ჯავშანჟილეტებს ტაქსიდოს ნაცვლად. ისინი დაჭრილებს უმღერიან საავადმყოფოებში. უმღერიან მათაც კი, ვისაც არ ესმის – მაგრამ მუსიკა მაინც მიაღწევს.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რათა ვიცოცხლოთ, გვიყვარდეს, ვჟღერდეთ. ჩვენს მიწაზე ვებრძვით რუსეთს, რომელსაც საშინელი – სიკვდილის სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით.

შეავსეთ სიჩუმე, შეავსეთ ის თქვენი მუსიკით. შეავსეთ დღე ჩვენი ამბის მოსაყოლად, თქვით სიმართლე ამ ომზე თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში… მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი შესაძლო გზით. ნებისმიერი – გარდა სიჩუმისა!

და შემდეგ მშვიდობა მოვა ჩვენს ყველა ქალაქში, რომელსაც ომი ანადგურებს – ჩერნიგოვი, ხარკოვი, ვოლნოვახა, მარიუპოლი და სხვები. ისინი უკვე ლეგენდები არიან, მაგრამ მე მაქვს ოცნება, მათ იცოცხლონ და იყვნენ თავისუფლები. თავისუფლები, როგორც თქვენ ხართ გრემის სცენაზე“.

CNN-ის ცნობით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მომღერალმა ჯონ ლეჯენდმა  შეასრულა პერფორმანსი სიმღერით „Free“. რასაც უკრაინელი შემსრულებლები – მიკა ნიუტონი, ლიუბა იაკიმჩუკი და სიუზანა იგიდანი შეუერთდნენ.

გრემის 64-ე ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება 3 აპრილს, ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს არ გადაიხდის – ღარიბაშვილი

დღეს, 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ეს სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს ჩამოვწერთ.

შევისწავლეთ ამ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, კოვიდის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ეს სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის აღნიშნული სექტორი,“ განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, დეტალებზე შესაბამისი უწყებების მინისტრები დამატებით გააკეთებენ განცხადებებს.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 18 300 ადამიანი
  • ტანკი – 647 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 844 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 330 ერთეული
  • MLRS – 107 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 147 ერთეული
  • ვერტმფრენი – 134 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 273 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 92
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 125 თვითმფრინავი
  • 91 შვეულმფრენი
  • 392 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1 936 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 226 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 833 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 810 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამინის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყებ BBC. AFP-ს რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს, ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი 3 აპრილს დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვიან უკნიდან აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 280 ადამიანია მკვდარი.

[yellow_box]სამოქალაქო პირების ცხედრები ბუჩაში, ქალაქიდან რუსეთის გასვლის შემდეგ[/yellow_box]

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და მოუწოდებს, მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიწოდონ დაუყოვნებლივ:

„მოგვაწოდეთ ისინი ახლავე: ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები“ – კულება პარტნიორებს

 

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

„დავით ზალკალიანი მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, იქნებოდა ეს ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე.

აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვენელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავ ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანაა სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, – განაცხადა  ღარიბაშვილმა.

ზალკალიანს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი შეცვლის. ღარიბაშვილის თქმით, დარჩიაშვილს აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

„წლების წინ ის მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში, მანამდე მუნიციპალური ფონდის განვითარების ხელმძღვანელი იყო, ბოლო წლებში ის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. დღეს არის ბევრი გამოწვევა და ჩვენი ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა,“- თქვა ღარიბაშვილმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო პოლიტიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის ყოველდღიურობას და მომავალს. „დღეს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში საერთაშორისო ასპარეზზე.

რა თქმა უნდა, ბევრი იყო მიღწევა, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, როგორიცაა ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, ჩვენი პოზიციები მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში.

მეამაყება, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებაში და შემდეგ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა თავისუფალი ვიზალიბერალიზაციის მოპოვების და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო განცხადება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მინდა ჩემს კოლეგას, ილიას, წარმატება ვუსურვო,“- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანისა და დარჩიაშვილის წარდგენა

კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 5 184, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 587, PCR ტესტით – 1 597.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 491 ადამიანი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარაში – 10, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 19, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამავე თემაზე:

50 და მეტი წლის მოქალაქეები 200 ლარს აპრილშიც მიიღებენ – პირველი დოზით აცრის შემთხვევაში

„შეწყვიტე რუსების სიძულვილი“ – აქცია გერმანიაში ბუჩას ტრაგედიის დღეს

კვირას, 3 აპრილს, მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის მიერ დახვრეტილი ადამიანების ცხედრების ფოტომასალები, მათ შორის, მოკლულებს ზურგზე ჰქონდათ ხელები შეკრული, ბერლინში 900-მდე ადამიანმა რუსეთის დროშებით მონაწილეობა მიიღო ავტომსვლელობაში.

როგორც გერმანული მედია წერს, ბერლინის პოლიციის ცნობით, მოძრაობა დარეგისტრირდა სახელწოდებით: „შეწყდეს პროპაგანდა სკოლაში – დაიცავით რუსულენოვანი მოსახლეობა, არანაირი დისკრიმინაცია”.

მსვლელობის მონაწილეებს, რუსულენოვან მოქალაქეებს, ხელთ ჰქონდათ აბრები წარწერით: „შეწყვიტე რუსების სიძულვილი“.

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ადასტურებს, რომ რუსეთის სიძულვილი უკრაინელების მიმართ სცილდება იმას, რაც ევროპამ ნახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შეჩერების ერთადერთი გზა: დაეხმარეთ უკრაინას, რაც შეიძლება მალე გაყარონ რუსები“, დაწერა გუშინ, 3 აპრილს, დმიტრო კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩვენ არ დავიმალებით მსოფლიოს უძლიერესების უკან, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს – ზელენსკი

„მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნებით რომელიმე კონკრეტულ ბლოკში თუ ისე, ჩვენ გვესმის ერთი რამ: ძლიერები უნდა ვიყოთ. 14 წლის წინ, რუსეთის ლიდერმა ბუქარესტში დასავლელ ლიდერებს უთხრა, რომ არ არსებობს არანაირი ქვეყანა სახელად უკრაინა. და ჩვენ დავამტკიცეთ რომ არსებობს ასეთი ქვეყანა, ის იყო და იქნება“ – განაცხადა დღეს, 4 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მან აღნიშნა, რომ ბევრი სხვა ქვეყნის არმიამ სწორედ უკრაინის არმიისგან უნდა ისწავლოს.

„ჩვენ არ დავიმალებით მსოფლიოს უძლიერესების უკან. ჩვენ აღარავის შევევედრებით.

გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ არც უნდა გვეთხოვა იარაღით დახმარება საკუთარი თავის დასაცავად ამ ბოროტებისგან, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა. ყველა საჭირო იარაღი ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ ნებისმიერ შემთხვევაში, თხოვნის გარეშე, რადგან მათ გაიაზრეს რა ბოროტება მოვიდა და რა მოიტანა თან.

ჩვენ ვხედავთ, რაც დევს სასწორზე ამ ომში. ჩვენ ვხედავთ, რას ვიცავთ.

არსებობს უკრაინული არმიის სტანდარტები – მორალური და პროფესიული. არსებობს ბევრი სხვა არმია, რომლებმაც უნდა ისწავლო ჩვენი სამხედროებისგან. არსებობს უკრაინელი ხალხის სტანდარტები და არსებობს რუსი ოკუპანტების სტანდარტები – ეს არის კეთილი და ბოროტი, ეს არის ევროპა და შავი ხვრელი, რომელსაც სურს მისი განადგურება და შთანთქმა.

ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“ – განაცხადა ზელენსკიმ.

„განვითარების ტემპების აჩქარება“ – ღარიბაშვილის რეგიონებში სიარულის მიზანი 

„საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო მიმდინარე პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, პროექტები როგორ ხორციელდება.

ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში,“ – განაცხადა დღეს, 3 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

აჭარა პირველი რეგიონი იყო პრემიერ-მინისტრის რეგიონებში მოგზაურობის მარშრუტში. დღეს ღარიბაშვილი იმყოფებოდა ქობულეთში, სადაც ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა; ბათუმში დაატვალიერა ავარიული სახლები, ჩაქვში – ძალოსნების მშენებარე დარბაზი; ქედაში რამდენიმე ფერმერის ოჯახს ეწვია და მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ მოინახულა.

ხულოსა და შუახევში პრემიერ-მინისტრი დღეს არ წასულა.

ცოტნე კობერიძის თქმით, მან ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა და ამის გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ დღეს, 3 აპრილს, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ნათქვამი – „ბიძინას მონა!“ გახდა.

ცოტნე კობერიძე დაკავებიდან მოკლე ხანში, ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

„ღარიბაშვილს ვუთხარი „ბიძინას მონა“. აგრესიულად არ მითქვამს.

მოვიდა პოლიციელი, საბუთები გამომართვა, საკრებულოს საშვი მქონდა საბუთებში, ეს რომ ნახეს, თითქოს დაიძაბნენ, გადარეკეს-გადმორეკეს და გამოგვყევიო. მივხვდი, რომ დაკავებისკენ მიდიოდა საქმე. მიმიყვანეს რაღაც პრიუსთან, ჩაჯექიო. ამ დროს ტელეფონი ამოვიღე, რადგან სამხრე კამერები არ ჰქონდათ და სასამართლოზე ხშირად პოლიციის სიტყვიერი ცრუ ჩვენების საფუძველზეც კი გაპატიმრებს მოსამართლე, ამიტომ გადავწყვიტე, ვიდეომტკიცებულება შემექმნა.

ამოვიღე ტელეფონი, რომ ფეისბუქლაივში გავსულიყავი. ტელეფონი რომ დაინახეს, ძალიან არ მოეწონათ და მანქანაში უფრო გულიანად ჩამტენეს.

მერე მოვიდა პოლიციის უფროსი, თბილისიდან რომ გადმოიყვანეს [ირაკლი დგებუაძე] და მელაპარაკა, მონა რა წესი არის, შენ რომ დაგიძახონო?!

ავუხსენი, რომ მონა არის მმართველობის ერთ-ერთი ფორმა – ბატონი და მონა. კაცი მთელი ცხოვრება ბატონს ეძახის ბიძინა ივანიშვილს და ბატონი მარტო მონებს ჰყავთ-მეთქი. მარტო ეს ვუთხარი, ხომ არ შემიგინებია-მეთქი?! პოლიტიკოსია, პრემიერ-მინისტრი, საჯარო ფიგურა. მე ნახევარი საქართველო ღლაპს და პლანაქეშას მეძახდა და მაგის გამო ვიღაცების დაპატიმრება ხომ არ დაგიწყიათ-მეთქი.

გადამიყვანეს განყოფილებაში და იქ უფრო დამშვიდდნენ. ხვალ მოდი და სასამართლო იქნებაო. გამომიშვეს“, – გვითხრა ცოტნე კობერიძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეძახილის გამო – „მონა“ საქართველოში მოქალაქეებს აკავებენ. ჯერ კიდევ გასული წლის 21 ნოემბერს, ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე 5 პირი პოლიციამ დააკავა შეძახილისთვის -„მონა“. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ამავე თემაზე: 

საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“

 

„მოგვაწოდეთ ისინი ახლავე: ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები“ – კულება პარტნიორებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და მოუწოდებს, მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ დაუყოვნებლივ.

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ადასტურებს, რომ რუსეთის სიძულვილი უკრაინელების მიმართ სცილდება იმას, რაც ევროპამ ნახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შეჩერების ერთადერთი გზა: დაეხმარეთ უკრაინას, რაც შეიძლება მალე გაყარონ რუსები.

პარტნიორებმა იციან ჩვენი საჭიროებები. ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები, მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოგვაწოდეთ ისინი ახლავე“, – წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

დმიტრო კულება ამ ტექსტთან ერთად აქვეყნებს რუსული არმიის მიერ დახვრეტილი ადამიანების ცხედრებს, მათ შორის არიან ზურგზე ხელებშეკრულებიც.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი კიევის რეგიონში ვითარებას აფასებს, როგორც „21-ე საუკუნის ჯოჯოხეთს“.

Exit mobile version