ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 22 წლის ლერი აბულაძე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბელგრადში გამართულ ჩემპიონატზე.
2 ნოემბერს ლერიმ ფინალში თურქი სპორტსმენი აჰმეთ იართანი დაამარცხა, ფინალამდე კი ყაზახ, რუსსა და ირანელ მეტოქეებს სძლია.
ლერი აბულაძეს „ბათუმელები“ დღეს, 3 ნოემბერს, ესაუბრა.
„სასტუმროში რომ მოვედი და გავხსენი ტელეფონი, უამრავი შეტყობინება დამხვდა, ალბათ მაინც ოჯახის წევრებმა მომილოცეს პირველად.
როგორც ყველა ჩემპიონის, ასევე ჩემი მიზანია ოლიმპიური ჩემპიონობა. ვეცდები, რომ პარიზში, 2024 წლისთვის მივიღო მონაწილეობა და ჩვენს ქვეყანას ოქროს მედალი მოვუტანო.
ოსლოში, დიდების ფინალში დაძაბული შეხვედრის 5:4 წაგების შემდეგ უფრო მოტივირებული ვიყავი. 23 წლამდელთა შორის უფრო თავდაჯერებული ვიყავი და ლიდერად ვგრძნობდი თავს, ძალიან გამახარა მოგებამ,“ – გვითხრა ლერიმ.
ლერი აბულაძემ წელს, აპრილში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლერი მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2016 წელს გახდა, ჭაბუკებს შორის.
მისი მთავარი და მუდმივი გულშემატკივრები მისი მამა და ძმა არიან. „მე და ჩემი ძმა ერთად ვჭიდაობთ, ერთმანეთს სულ მხარში ვუდგავართ და ძალიან ვგულშემატკივრობთ,“ – ამბობს ლერი.
ლერი აბულაძე სკოლის დასრულებამდე ხულოში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, დღეს კი თბილისში ცხოვრობს. მისი პირველი მწვრთნელი მამა იყო.
„არც მახსოვს, როდის შევედი ჭიდაობაზე, ასე ვთქვათ, ფეხი ავიდგი დარბაზში. მამაჩემმა მიმიყვანა, ჭიდაობდა და თავის კვალს გავყევი, მწვრთნელია, მე და ჩემს ძმას ერთად გვავარჯიშებდა,“ – გვიყვება ლერი.
ლერი სპორტის უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირებაზე მენეჯმენტის განხრით, მესამე კურსზე სწავლობს.