ხულოელმა 16 წლის გიორგი კოჩალიძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გიორგი 17 წლამდელთა შორის ჭიდაობს, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
ჩემპიონატი 2-3 აპრილს გაიმართა ხაშურში. გიორგი ჯამში 4 მეტოქეს შეხვდა.
ახალგაზრდა მოჭიდავე ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს, დაბა ხულოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. გიორგი ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს და სკოლის შემდეგ ყოველდღე ფეხით მიდის მეგობრებთან ერთად დარბაზში. მისი თქმით, ყოველდღე დაახლოებით 5 კილომეტრს გადის ფეხით სასპორტო დარბაზამდე და უკან, სახლში დასაბრუნებლად.
გიორგი საქართველოს ჩემპიონატისთვის 1 წელი ემზადებოდა. ის ამბობს, რომ ეს დრო არ იყო მარტივი და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ფიზიკური მომზადებისა და ემოციური ბალანსის შენარჩუნების სწავლისთვის. მისთვის ეს შეჯიბრი იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში ბოლოჯერ იასპარეზა.
გიორგი მიიჩნევს, რომ მოჭიდავისთვის ყველაზე რთული ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაა.
„ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვიასპარეზო. ჩემპიონატი ივლისშია და დიდი დრო არ მაქვს მოსამზადებლად, ამიტომ უკვე დავიწყე ვარჯიში. ჩემი მიზანია, ევროპის ჩემპიონატიდან მედლით დავბრუნდე,“ – გვითხრა გიორგიმ.
გიორგი გვიყვება, რომ პირველად ვარჯიში 2012 წელს დაიწყო თავისი ინიციატივით:
„ვიცოდი, რომ ხულოში ჭიდაობა განვითარებული იყო. მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე, ჩემი თავი გამომეცადა“.
ვარჯიშის დაწყებიდან მოკლე დროში გიორგიმ მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრში გაიმარჯვა და მოტივაცია გაეზარდა. „იმედი მომეცა. საკუთარ თავში დავრწმუნდი, რომ ამ სპორტში წარმატების მიღწევა შემეძლო“, – გვიყვება გიორგი.
ახალგაზრდა ჩემპიონის თქმით, მისი ერთგული მხარდამჭერები მშობლები და მეგობრები არიან.
გიორგის საყვარელი სპორტსმენი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძეა.
„ლერი აბულაძე ჩემთვის მაგალითია. ის ხულოელია და ზოგჯერ ამოდის, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და რჩევებს გვაძლევს,“ – ამბობს გიორგი.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა გიორგი უფრო დიდ დროს ჭიდაობას და ვარჯიშს უთმობს, ვიდრე მეცადინეობას, მაინც ცდილობს სკოლაში კარგად ისწავლოს და უნივერსიტეტში ჩაბარებასაც აპირებს. ჯერ არ იცის, რომელ პროფესიას აირჩევს. გვეუბნება, რომ გამორჩეულად გეოგრაფია და ისტორია უყვარს.
გიორგი სკოლის დღეებში 5 საათიდან 8 საათამდე ვარჯიშობს, ხოლო შაბათს – დილიდან. მისი თქმით, ვარჯიში მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა და ყველაზე დიდ დროსაც სასპორტო დარბაზში ატარებს.
გიორგის მწვრთნელი ხულოს სასპორტო სკოლაში გრიგოლ შანთაძეა.
გრიგოლ შანთაძე ამბობს, რომ გიორგის გამარჯვების იმედი საქართველოს ჩემპიონატზე ნამდვილად ჰქონდა და ის აქამდეც შეძლებდა საქართველოს ჩემპიონობის მოპოვებას, საასპარეზო წონა რომ ჰქონოდა.
„ბოლო ეს ერთი წელი, რაც გიორგის საასპარეზო წონა აქვს, შეჯიბრისთვის განსაკუთრებული მზადება დავიწყეთ.
ხულოს სასპორტო სკოლაში კარგი სავარჯიშო პირობები გვაქვს, მაგრამ ბავშვები ერთმანეთს ყოველდღე ეჭიდავებიან და კარგად იციან ერთმანეთის ჭიდაობის ტექნიკა. ჩემპიონატამდე თვე-ნახევარით ადრე ბათუმის სასპორტო სკოლაში გავგზავნეთ, სადაც მისთვის იქამდე უცხო მეტოქეებს შეხვდა და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მიიღო,“ – გვითხრა მან.
მწვრთნელის თქმით, ახლა მთელი ენერგია ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისკენ აქვთ მიმართული.
საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კიდევ ერთმა ხულოელმა, თორნიკე სოლომონიძემ , 17 წლამდელთა შორის, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
„ჩემს წონაში ძალიან დიდი კონკურენცია იყო, 35 მონაწილე ვასპარეზობდით. ჯამში 4 შეხვედრა ვიჭიდავე და აქედან სამი მოვიგე”, – ამბობს თორნიკე.
იგი შეჯიბრებებში ისევ აპირებს მონაწილეობას და საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას გეგმავს.