მთავარი,სიახლეები

სტუდენტი, რომელმაც ხულოში ვარდების ბაღი გააშენა

04.04.2022 • 11335
სტუდენტი, რომელმაც ხულოში ვარდების ბაღი გააშენა

26 წლის ნიკა წულუკიძე სტუდენტია, ხულოს სოფელ დიდაჭარიდან. მას ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს.

ნიკა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დღემდე სწავლობს როგორ მოუაროს ვარდს, ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს და აანალიზებს, თუ რისი გაკეთებაა უმჯობესი და რა ფორმით. მისი თქმით, ყველაფერი, რაც ახლა იცის ვარდის შესახებ, სწორედ ამ მეთოდით ისწავლა.

სანამ ვარდების მოშენებას დაიწყებდა, ნიკამ საკმაოდ დიდი გზა გაიარა. ის სტუდენტია, ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. მანამდე კი მან ბსუ-ში ტურიზმის მენეჯმენტი ისწავლა. თუმცა ნიკა ამას არ დასჯერდა, ჩააბარა ბაკალავრიატში ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ იძულებული გახდა სტატუსი შეეჩერებინა, რადგან ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე ერთდროულად სწავლა არ შეიძლება.

მისი თქმით, როცა უნივერსიტეტში პირველად ჩააბარა, გადაწყვეტილი ჰქონდა ცოდნის შეძენის შემდეგ სოფელში დაბრუნებულიყო და სამეურნეო საქმე წამოეწყო. ასეც მოიქცა.

სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად ნიკამ შეძლო და სათბური გააკეთა სოფელში, ის ახლა ფერმერია.

ნიკა გვიყვება, რომ სოფელ დიდაჭარაში, სახლთან ახლოს, არ ჰქონდა ადგილი, სადაც სათბურის გაკეთებას შეძლებდა, ამიტომ სახლის მიმდებარედ, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე, ტრაქტორს მოასწორებინა მიწა სათბურისთვის და 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპილოტე პროგრამის თანადაფინანსება მოიპოვა.

„გაამართლებდა თუ არა სათბური ხულოში, ჩვენს შრომაზეც იყო ალბათ დამოკიდებული. გვეშინოდა, ზამთარს არ ჩამოეშალა სათბური“,- იხსენებს ნიკა.

ნიკა წულუკიძის სათბური დიდაჭარაში

პირველ ეტაპზე ნიკამ ოჯახის წევრებთან ერთად სათბურში კიტრისა და პომიდვრის მოყვანა დაიწყო. იხსენებს, რომ დიდი შრომის მიუხედავად, ისეთი მოსავალი ვერ აიღეს, როგორსაც ელოდნენ. „ამ პერიოდს პანდემია დაემთხვა და რაც მივიღეთ მოსავალი, ადგილობრივ მოსახლეობაში დავარიგეთ, 1 კილოგრამიც კი არ გაგვიყიდია“.

მცირე მარცხმა ნიკა ვერ გააჩერა. მას და მის მეუღლეს, ჯულის, ერთი წელი დასჭირდათ შესასწავლად, თუ რისი მოყვანა იქნებოდა შემოსავლიანი ხულოში. ბოლოს ვარდის მოშენება გადაწყვიტეს. იცოდნენ, რომ მთავარი ისეთი ჯიშის შერჩევა იყო, რომელიც ცივ კლიმატს გაუძლებდა, ხულოს უხვნალექიანობის გათვალისწინებით.

„ხულოს მიწა გამოვიკვლიეთ. ვარდს ნამდვილად შეუძლია ხულოს მიწაზე გახარება და მოსავლის მოცემა.

მე და ჯული  ვეძებდით ვარდის ჯიშებს. ბევრგან მოვიკითხეთ, ჯერ სხვა ჯიში გვირჩიეს, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის ვერ უძლებდა სიცივეს, ამიტომ ვარდის სხვა სახეობებსაც გავეცანით და ჰოლანდიური ვარდის ჯიშის, ჯუმელიას მოშენება გადავწყვიტეთ. ეს ჯიში დაახლოებით 7-8 წელი იძლევა მოსავალს და ერთი ძირი  10-12 ცალ ვარდს იძლევა წელიწადში, საშუალო პირობები რომ შეუქმნა,“ – ამბობს ნიკა წულუკიძე.

ნიკამ სოციალური ქსელით იპოვა ადამიანი, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჯუმელიას ვარდის ნერგები და საწყის ეტაპზე 2000 ვარდის ნერგი ჩამოიტანა ხულოში. ნიკას თქმით, დღეს ვისაც ის ეყრდნობა და ეკითხება რჩევებს, თუ როგორ მოუაროს ვარდს, ეს ადამიანი და მისი მეგობარი აგრონომია.

ოჯახთან ერთად ვარდის მოშენება ნიკამ 2021 წლის მარტში დაიწყო. ნერგებმა მალევე გაიხარა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ჰქონდათ, რომ სათბურში დარგულ ვარდებს სამი ეტაპი გაევლოთ – გახარება, გაზრდა და ყვავილობის პროცესი.

„დაახლოებით 4 000 ცალი ვარდის რეალიზება შევძელით. კარგი მაჩვენებელი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ვარდები ღია გრუნტზეც მოგვეშენებინა. დაახლოებით 400 მეტრზე დავამატეთ 3500 ძირი ვარდი და აქედან მოსავალს შემოდგომისთვის ველოდებით.

დიდთოვლიანი ზამთრის გამო 20 დღით დაგვიგვიანდა ვარდის მოსავლის აღება“, – ამბობს ნიკა. მისი თქმით, ვარდისთვის ყველაზე კარგი სეზონი აპრილის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

ნიკა გვიყვება, რომ თავიდან მხოლოდ სათბურის კონსტრუქცია ჰქონდათ, შემდეგ დააყენეს გამწოვი და ახლა აყენებს წვეთოვანს. ასევე, გეგმავს განათების დამონტაჟებასაც.

სათბურის დახვეწისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დამატებას ოჯახი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებს, პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც.

ნიკა გვეუბნება, რომ მას და ჯულის ფუნქციები გადანაწილებული აქვთ. ნიკა ვარდებს უვლის, ხოლო ჯული მარკეტინგის საკითხებს აგვარებს. ცოლ-ქმარს ორი შვილი, ტყუპი გოგონა ჰყავს.

ნიკა ვარდებს უვლის

„ჩვენი გაანგარიშებით, ამ ეტაპზე 20 000 – 25 000 ვარდის მიღება შეგვიძლია სეზონურად. რაც უფრო მეტად მოუვლი ვარდს, მით უფრო მეტ შემოსავალს იძლევა. პროცესში მივხვდით, რომ 200 კვადრატულ ფართობში ვარდი ვეღარ სუნთქავდა და გამწოვები სჭირდებოდა სათბურს. საქმემ გვიჩვენა საქმე.

მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი საქმიდან მაგალითს იღებენ. დიდაჭარაში 2 კერა გაჩნდა, სადაც უნდათ, რომ მსგავსი, ვარდების ბიზნესი დაიწყონ“, – ამბობს ნიკა.

ნიკას სამომავლო გეგმაა ყვავილების საკუთარი მაღაზიის გახსნა. მისი შეფასებით, ვარდებს გაცილებით ძვირად ყიდიან მაღაზიებში და მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება. ნიკა სამომავლოდ ბრენდირებაზეც ფიქრობს.

„ბაზარი გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ბათუმსა და ქუთაისში დღეში დაახლოებით 50 000-მდე გასაყიდი ვარდი შემოაქვთ სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ადგილზე წარმოებულ ვარდს ბევრი პრივილეგია აქვს, უფრო სწრაფად მიაწოდებ გამყიდველს, უფრო მხნედ გამოიყურება და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ვარდი.

ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი ვარდის გამძლეობა. მინიმუმ 16 დღეა სიცოცხლისუნარიანი წყლის გამოცვლის გარეშე, ხოლო თუ წყალი გამოუცვალე – 25 დღემდე ძლებს.

ვარდებს ბათუმში ყვავილების 2 მაღაზიას ვაბარებთ. მათი თქმით, რამდენი ვარდიც გვექნება, იმდენის გასაღება შეუძლიათ. ბაზარზე ვარდის მუდმივი მოთხოვნა ამ საქმის კეთების მოტივაციას გვაძლევს.

შეფუთულ ვარდებს ხანდახან მიკროავტობუსით ვგზავნით ბათუმში და იქიდან უკვე მაღაზიებს თვითონ მიაქვთ ადგილზე. ხანდახან, თუ დრო მაქვს, მე მიმაქვს,“ – ამბობს ნიკა.

სათბურში დარგულ ვარდებს ნიკა და მისი ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო ღია გრუნტზე დარგულ ვარდებზე ნათესავები ზრუნავენ. ნიკას თქმით, სეზონურად კიდევ ორ ადამიანს დაასაქმებს.

ნიკა წულიკიძის შეფასებით, ყველაზე მეტად რაც სჭირდებათ, მუნიციპალიტეტში ისეთი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, სადაც უფრო მეტის სწავლას შეძლებდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მოუარონ ვარდს და გაართვან თავი მცირე ბიზნესს.

„ჩემი აზრით, სასათბურე მეურნეობის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვარდი იქნება ეს, ჟოლო თუ სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი იმის შესახებ, თუ როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ“, – ამბობს ნიკა.

მისი თქმით, თუ მის სოფელში იქნება 3-4 ისეთივე სათბური, როგორიც მას აქვს, ეს 15-20 ადამიანის მუდმივად დასაქმების შესაძლებლობა იქნებოდა.

ნიკა იმასაც აღნიშნავს, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, თუმცა, მისივე თქმით, ხულოს ცენტრისგან მოშორებით სოფლებში ინფორმაცია ისე არ მიდის, რომ მოსახლეობის ინტერესი გამოიწვიოს.

ნიკა წულუკიძე ხულოს წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. იგი ამბობს, რომ ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის.

ნიკას ვარდების სათბური დიდაჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: