ხვალ გაავდრდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან, 29 ივნისიდან პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ჭექა-ქუხილი, აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან სეტყვა.

30 ივნისს და პირველ ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს სააგენტო.

რაც შეეხება უშუალოდ აჭარას, მეტეოროლოგების ცნობით, 30 ივნისსა და პირველ ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ჭექა-ქუხილი.

დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე

ორწლიანი ლოდინის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა და განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

„სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას, საცხოვრებელ ზონა 6-ში – ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული.

ვინაიდან მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობაზე არ ფიქსირდებოდა ბათუმის მერიისთვის მიმართვის ფაქტი, სასამართლომ ეს მოცემულობა არ ჩათვალა საკმარისად ამ ორი ჯგუფის შედარებისათვის დისკრიმინაციის გამოსაკვეთად.

უზენაესი სასამართლო ვიწროდ დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებს, რომლის მიხედვითაც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება,“ – აღნიშნულია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ორგანიზაციები მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.

„უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს დაავალა, რომ საფუძვლიანად შეაფასოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო გარემოება და ამაზე დაყრდნობით დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში რომელი ინტერესია უპირატესი – მუსლიმების რელიგიური ინტერესი თუ ადგილობრივ მცხოვრებთა საცხოვრებელი ინტერესი,“ – ვკითხულობთ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. – „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ მუსლიმთა უფლებების, არამედ, ზოგადად, თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით, რაც მომავალში საზიანო იქნება ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებული უფლებრივი მდგომარეობისთვის.

მაგალითად, სასამართლომ თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მუსლიმები კი არიან არსებითად თანასწორნი, მაგრამ მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაზე არასდროს გაცემულა ზონალური შეთანხმება „საცხოვრებელ ზონა 6-ში“ ტაძრის აშენებისთვის და ეკლესიას არც არასდროს მიუმართავს მერისთვის ამ მოთხოვნით.

ამგვარი მსჯელობით უზენაესმა სასამართლომ სრულიად ჩამოაშორა საქმეს ის კონტექსტი, რომ მხოლოდ ფორმალურად ნებართვის გაცემა და არგაცემა კი არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ ერთი მხრივ, ერთი გაერთიანებისთვის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა, ხოლო სხვის მიერ მშენებლობის უნებართვო განხორციელების იგნორირება.

საკასაციო სასამართლომ კონტექსტის გაუთვალისწინებლად მოიშველია პრინციპი „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. თუმცა, არ იმსჯელა იმაზე, რომ ეს პრინციპი, შესაძლოა, სახელმწიფომ გამოიყენოს დისკრიმინაციის ლეგიტიმაციისთვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლო შეეხო კონსტიტუციურ შეთანხმებასაც, როდესაც იმსჯელა ბათუმის კონკრეტულ ზონაში 7 მართლმადიდებელი ტაძრის უნებართვო მშენებლობაზე.

„უზენაესი სასამართლო ერთობ უცნაურ მსჯელობას ავითარებს. სასამართლოს არგუმენტად მოჰყავს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი, რომლის მიხედვით „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული”.

ამის საფუძველზე კი ასკვნის, რომ ბათუმის მერია შეზღუდულია სამართლებრივი ბერკეტით, რაიმე ზემოქმედება განახორციელოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.

მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არასწორად განმარტა. ეს დებულება, თავისი არსით, ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ უკანონო მშენებლობის განხორციელებისა და, შემდეგ, ლეგიტიმაციის უფლებას.

შეუძლებელია, კონსტიტუციური შეთანხმების მიზანი იყოს საკუთრების უფლების წინასწარი დადგენა სამომავლო და უკანონოდ მოპოვებულ/აშენებულ ქონებაზე.

ცალსახაა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულიად სუბიექტური, მცდარი და რელიგიის თავისუფლების უფლების არსთან შეუთავსებელი ინტერპრეტაციები წარმოადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების და გამოყენებული საქმეების კონტექსტის შეცვლა, გარდა იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს, ეწინააღმდეგება, სეკულარული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს,“ – აღნიშნულია TDI-ის და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

—————————–

მუსლიმი თემი 2017 წლიდან ამ დრომდე სასამართლოში დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს,ასევე ბათუმის მერიის დავალდებულებას, მან მეჩეთის აშენებაზე ნებართვა გასცეს. ეს საკითხები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს.

„ამ გადაწყვეტილებით 7 წლის განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო განხილვა და, შესაბამისად, მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევა, კვლავ განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივდება, რითაც ირღვევა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპი,“ –  მიიჩნევენ ორგანიზაციებში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ბათუმში მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებას მათ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა თემს ამის ნებართვას არ აძლევენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას დაუდგინა დისკრიმინაციული მოპყრობა მუსლიმი თემის მიმართ, თუმცა არ დაავალდებულა ნებართვის გაცემა.  სასამართლო ბათილად მიიჩნია ბათუმის მერიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიამ „ახალი მეჩეთის საქმეზე“ ხელახლა უნდა გასცეს ნებართვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაეს სასამართლოს კი, არ გაუცია პასუხი კითხვაზე: რატომ არ განიხილა საქმე 2 წლის განმავლობაში?

რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში

„ინტერნეტბიბლიოთეკა, შეკრების ადგილი ახალგაზრდებისთვის, უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. არის რაღაცები, რაც განსაკუთრებით გვჭირდება,“ – ასე უპასუხა მეათეკლასელმა ნინი დევაძემ კითხვას, რა სჭირდებათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სკოლის მოსწავლეებს.

სოფელში კულტურის სახლი დგას, თუმცა დაკეტილია და სარემონტო. ბავშვებს არ აქვთ სივრცე, სადაც სკოლის შემდეგ აქტივობებისთვის შეიკრიბებიან.

ლარისა ქოქოლაძე ახალშენის პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ის ერთ-ერთი იყო იმ მასწავლებლებს შორის, ვინც ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ CERN-ში ერთკვირიანი სტაჟირება გაიარა.

„ცერნიდან“ დაბრუნებულ მასწავლებელს უნდოდა პრაქტიკული გამოცდილება გაეზიარებინა მოსწავლეებისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

სკოლას ფიზიკის ლაბორატორია არ აქვს.

„ჩვენთან არ არის ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ის მოწყობილობები და ის ტექნოლოგიები, რაც მჭირდება  გაკვეთილზე.

ჩვენი ლაბორატორია ძალიან მოძველებულია. მე ამ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი მოსწავლეობის პერიოდში შეძენილი, მოძველებული ხელსაწყოებია. ეს არ არის რესურსი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე სწავლების დროს.

უკეთესი იქნება, თუ რაიმე საშუალება გაჩნდება – ან დაგვაფინანსებენ, ან მოგვიტანენ ისეთ ლაბორატორიებს, როგორიც, მაგალითად, სხვა სკოლებს აქვთ,“ – ამბობს ლარისა ქოქოლაძე.

ფიზიკის მასწავლებელი ამბობს, რომ ლაბორატორიების არარსებობაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ საბუნებისმეტყველო საგნებით სულ უფრო ნაკლები ბავშვი ინტერესდება.

„თუკი მოსწავლეს ეცოდინება, რომ მაგალითად, ამ სკოლაში არის მაღალი ხარისხის ლაბორატორია, საჭირო ხელსაწყოები, შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმიტომ, რომ მოტივაცია უფრო მეტი ექნება ბავშვებს. მე ახლა ვაკვირდები, მეათე კლასში ელექტრობაზე ჰქონდა ბავშვებს გაკვეთილები და ჩემი ხელით რაღაც მოვაგროვე. რომ ჩავუტარე ასეთი გაკვეთილი, ბავშვები უფრო დაინტერესდნენ. რომ იყოს ასეთი საშუალებები და შეგვეძლოს ყველა კლასში რაღაც ლაბორატორიული მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება, ვფიქრობ, უკეთესი შედეგები გვექნება,“ – ამბობს ლარისა ქოქოლაძე.

რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში

ახალშენის პირველი საჯარო სკოლის საჭიროებებზე საუბრობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა თურმანიძე.

„რაც შეეხება ახალშენის სკოლის საჭიროებებს. ჩვენი სკოლა ჩასმულია რეაბილიტაციის გეგმაში, ველოდებით მის დაწყებას. დანარჩენი კეთილმოწყობილია. გვჭირდება, რა თქმა უნდა, მინირემონტიც.

ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სოფლის სკოლიდან მოსწავლეები წავიდნენ ქალაქის სკოლებში. ჩვენი მისია, მოვალეობაა, რომ ეს მოსწავლეები დავაბრუნოთ და დავუბრუნოთ ჩვენს სკოლას ძველი სახელი,“ – ამბობს გოჩა თურმანიძე.

სკოლიდან მოსწავლეთა გადინებაზე საუბრობს ქართულის მასწავლებელიც.

„სასურველია, სკოლას ჰქონდეს უფრო კარგი პირობები. შეგვიმცირდა მოსწავლეთა რაოდენობა. მე ამ სკოლაში ავიდგი ფეხი, აქ ვსწავლობდი. მახსოვს, ოთხი მეათე კლასიც კი იყო. იმედია, ეს პრობლემა დროებითია და მალე გამოსწორდება,“ – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლუბა შამილაძე.

ლუბა შამილაძე

ახალშენის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ალექსანდრე ჩხიკვაძე ამბობს, რომ აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ გართობის და განათლების მიღების ალტერნატიული სივრცე.

„სოფელში მუშაობს მხოლოდ ერთი ცეკვის ჯგუფი სკოლასთან და ფეხბურთის კლუბი. ახალშენის ცენტრში დგას კულტურის სახლი, რომელიც ბოლო ათი წელია რემონტდება. ორი ეტაპი შესრულდა, მესამე ეტაპია, სცენის მოწყობა, რომელიც არ სრულდება. აქ გამგეობას და მერიას უფრო ნაკლები დანაშაული აქვთ, ვიდრე მშენებლებს. მშენებლების უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია ის, რომ მერიამ არ მიიღო ექსპლუატაციაში ეს შენობა.

კულტურის სახლი რომ მუშაობდეს, აქ შეიძლება მოეწყოს ინტერნეტბიბლიოთეკა, პატარა მინითეატრი და ბავშვები დაკავდებიან. მაგალითად, სკოლის შენობაში იყო თოჯინების თეატრი. ახლა სკოლას აღარ აქვს საშუალება, რომ თოჯინების თეატრმა იმუშაოს, მაგრამ შეიძლება აქ მოეწყოს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ბავშვებზე,“ – ამბობს ალექსანდრე ჩხიკვაძე.

ალექსანდრე ჩხიკვაძე

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა. მერიაში გვითხრეს, რომ ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას.

მთავარი ფოტო: ნინი დევაძე და ანა აბულაძე, ახალშენის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები


რუსეთის დარტყმა კრემატორსკზე – დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 3 მოზარდია

27 ივნისს, ღამით, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. 60 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და გენერალური პროკურატურა ავრცელებენ.

პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი გოგონაა – ერთი 17 წლის და ორი – 14 წლის დები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს. არ არის გამორიცხული, ნანგრევებში ისევ იყოს ხალხი.

დაშავებულებს შორის არის ერთი წლის ბავშვი.

მაშველებმა ადგილზე სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

როცა საქმე მეჩეთის მშენებლობას ეხება, რატომ არ არის ყველაფერი კანონის შესაბამისად?

ღამის პირველი საათი და სამი წუთია, ასე აჩვენებს სამსახურიდან წამოღებული „ლეპტოპის“ საათი. სანამ წერას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ „ჩავსქროლე“ და ფეისბუქმეგობრის, ნესტან ანანიძის პოსტზე შევჩერდი.

წერს, რომ ხვალ ბაირამია და ისევ ღია ცის ქვეშ უწევთ ქართველ მუსლიმებს ლოცვა. წერს, რომ გაუმართლათ და ხვალ წვიმა არ არის ნავარაუდევი, წყალი და ტალახი არ იქნება.

დავფიქრდი.

გუშინ, 27 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ვიყავი, სადაც ერთი სამშენებლო პროექტის კონცეფცია და ერთიც გენგეგმა „დავამტკიცეთ“. მინიმუმ ორ სამშენებლო პროექტს თითქმის ყველა სხდომაზე „ვამტკიცებთ“, ნუღარ ვისაუბრებთ იმ პროექტებზე, რომლებზე ნებართვასაც „საკრებულოში გავლა“ არ სჭირდება.

ვიფიქრე…

რომ ეს პოსტი ერთ გაუცემელ სამშენებლო ნებართვას ეხება. „ფეისბუქფრენდი“ წერს, წლებია ხელისუფალი თავში გვირტყამს და გვიკაკუნებს, ღირსებას გვილახავსო …

მე კი ამ დრომდე მხოლოდ გაცემულ ნებართვებზე და ამ ნებართვების გამო მომავალში ეჭვქვეშ დაყენებულ უფლებებზე ვწერდი. გაუცემელი სამშენებლო ნებართვის გამო დარღვეულ უფლებებზე არასდროს დამიწერია.

გავიაზრე, რომ იმ სამშენებლო ორომტრიალის მიღმა, რაც ქალაქში გვაქვს, კონკრეტულ ჯგუფს, მესაკუთრეს, ისევ არ აქვს ნებართვა, ბათუმში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სალოცავის მშენებლობისთვის, მაშინ, როცა ამ ქალაქში მშენებლობის ნებართვა ლამის ყველას აქვს, როცა უნდა და რამდენიც უნდა.

ის კი არა და ისეთებიც ვიცით, მერიაში მისვლა და ნებართვის თხოვნა მათთვის „საკადრებელი ამბავი“ რომ არ არის. უნებართვოდ ააშენებს, სასტუმროს მოაწყობს, რესტორანსაც გახსნის და ამ უკანონოდ აშენებულ შენობაში გახსნილი რესტორნის წითელი ლენტი შეიძლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც გააჭრევინოს.

ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ იმ ქალაქში ვცხოვრობთ, ყოფილი მერისა და მისი „მთავარი არქიტექტორის“ ეზოში ეკლესია უკანონოდ რომ აშენდა… როგორც ერთი ჩემი თანამშრომელი ამბობს – „კინოა“.

ბათუმის მოქმედი მერი კი გვიმტკიცებს, ახლა მე ვარ და ყველაფერი კანონის შესაბამისად იქნებაო. როცა ვეკითხებით ურბანულ პოლიტიკას თავად რატომ არ განსაზღვრავ, თუ არ მოგწონს, შენი პოლიტიკის ნაწილი არ არის და შენს გემოვნებაში არ ჯდება, რატომ გასცემ ნებართვებსო, გვეუბნება რომ კანონი კანონია, მესაკუთრის უფლება კი – უპირატესი.

კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემა, მერიის აპარატის უფროსს, ნუკრი დეკანაძესაც კი შეუძლია. რად გვინდოდა მაშინ არჩეული მერი?

იმავეს გვიხსნიან სპეციალისტებიც, რომლებიც მერიაში მუშაობენ, იმავეს ამბობენ საკრებულოშიც.

კი მაგრამ, რატომ არ არის ყველაფერი კანონის შესაბამისად, როცა საქმე მეჩეთის მშენებლობას ეხება? რატომ არ იყენებენ იმავე ფრაზებს მერიაში: „რომ გვიჩივლონ, მოგვიგებენ“ და ასე შემდეგ? – უცებ მერი თვითმმართველი და ურბანული პოლიტიკის განმსაზღვრელი ხდება?

დამკვიდრებული პრაქტიკით, მეჩეთის პროექტს მხოლოდ სამი ეტაპი უნდა გაევლო, რაც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, შემდეგ არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, შემდეგ კი ნებართვის გაცემას გულისხმობს. სწორედ ამ პროცედურებზე უნდა ემუშავა მერიას და არ ევალებოდა იმაზე ფიქრი, ვის არ მოეწონებოდა მისი გადაწყვეტილება.

სხვა დროს ხომ ასე იქცევა.

სასამართლომ გადაწყვიტოსო, ასე გვიხსნიდა ყოფილი მერი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარის ამბავს.

სასამართლომ მართლაც გადაწყვიტა – უკვე ორჯერ თქვა, რომ უარს დისკრიმინაციულ მიდგომად აფასებს.

მოქმედმა მერმა იგივე პოლიტიკა გააგრძელა და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა…

ეს ამბავი როგორც მოქალაქე-ჟურნალისტმა დავწერე და არა როგორც ჟურნალისტმა, მომინდა „პროფესიული ტყავიდან გამოძრომა“ და რაღაც უფრო მეტის თქმა, ვიდრე გადამოწმებული ინფორმაციაა.

რა გამოვა ამისგან? – ლოცვა მართლა ყველგან შეგვიძლია ალბათ, სადაც მოგვინდება, მაგრამ ასე მშვიდად ვიქნებით? – ნუთუ ძაღლი იმისთვის არ ყეფს, რომ ქარავანმა სწორი გზით იაროს და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მივიდეს.

დღეს მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. ვულოცავ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 227 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
  • ტანკი – 4 036 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 7 847 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 4 089 ერთეული [+6]
  • MLRS – 627 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 387 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 499 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 261 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 774 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 563 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 812 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 395 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 132 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 254 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 256 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

გაერო: რუსეთმა უკრაინაში სიკვდილით დასაჯა 77 სამოქალაქო პირი

„რატომ იცინით“ – მოქალაქე, რომელმაც ბათუმის საკრებულოში რიჟვაძის ნათქვამი გააპროტესტა

დღეს, 27 ივნისს, მოქალაქე მეგი დიასამიძე ბათუმის საკრებულოს სხდომას პირველად დაესწრო, მოისმინა მხარეების პოზიციები და ბოლოს თავადაც გამოთქვა აზრის გაზიარების სურვილი – „ჩემს სათქმელსაც გეტყვით“. სხდომის ბოლოს მან საკრებულოს თავმჯდომარისგან თანხმობა მიიღო – „გისმენთ“.

მეგი მიკროფონთან დასვეს.

როგორც აღმოჩნდა, საკრებულოში ეგონათ, რომ მოქალაქეს ქალაქის პრობლემებზე სურდა საუბარი.

„მადლობა პირველ რიგში. ძალიან ბევრ საკითხს შეეხეთ და მეც მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო, როგორც მოქალაქე და ახალგაზრდა. ისეთ საკითხებს მინდა შევეხო, რომლებიც გაჟღერდა აქ, ეს იქნება თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით წარმოთქმული რამდენიმე წინადადება, ლაჩრულად წაგებული ომზე და რუსებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. ამას ვეხები, როგორც მოქალაქე და არა რომელიმე დარგის ექსპერტი. მე ვსწავლობდი აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელობის სკოლაში“, – დაიწყო მეგიმ.

აქ საკრებულოს თავმჯდომარემ ჩართვის საჭიროება დაინახა:

„სანამ დაასრულებთ, ძალიან ისეთ რამეს შეეხეთ და ერთი რამ მინდა გითხრათ, როცა ომს ეხებით და ვინმეს სახელს აჟღერებთ, ყოველთვის იცოდე, ვინ არი ის პიროვნება. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ბატონი თორნიკეს მამა 2008 წლის ომის მონაწილეა, ეს რომ იცოდე ცნობისთვის და არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, როცა ვინმე რამეზე…“ – მიმართა მას საკრებულოს თავმჯდომარემ.

მეგიმ უპასუხა:

– „შეცდომაში არავის არ შევუყვანივარ, პროტესტის განცდა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა თქვენამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი, სადაც მიმიწვდა ხმა, იქ მოვედი“.

„მაგიტომ გისმენთ,“ – უპასუხა მას თავმჯდომარემ.

მეგიმ გააგრძელა:

– „ძალიან სასიამოვნოა, ასეც უნდა იყოს, ჩემი აზრით. მეც იმ სკოლაში  ვსწავლობდი, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელს ატარებს. ეს წინადადება – ლაჩრულად წაგებული ომი რამდენად სამართლიანია, რამდენად უნდა გაჟღერებულიყო, არ ვიცი, მაგრამ თორნიკე რიჟვაძეს ვერსად მივაკვლიე.

არ მესმის, რატომ ღიზიანდებით. ახალგაზრდების უმეტესობას ამასთან დაკავშირებით პროტესტი გვაქვს.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რასაც მინდა შევეხო, ეს არის, რა თქმა უნდა, რუსების ამბავი. გუშინ ვიყავი აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ფოტოს გადაღება მინდოდა, მარტო ვიყავი და 15 წუთის განმავლობაში ვეძებდი ვინმე ქართველს, რომ ფოტო გადამეღო. გამიზნულად ვეკითხებოდი, საიდან ხართ-მეთქი. ამას არ სჭირდება ექსპერტობა, რომელიმე პროფესია ან განათლება – ვხედავ, შემჩნევადია, რომ ბევრი რუსია ამ ქალაქში.

ვხედავ თუნდაც სამაკლერო სფეროში, ტურიზმის სფეროში რამდენად მაღალი კონკურენციაა უკვე ქართველებისთვის, რადგან რუსები ჩამოდიან არა როგორც ტურისტები. მათ, უბრალოდ, სივრცე სჭირდებათ, სადაც დაიმკვიდრებენ თავს, იმუშავებენ და ფესვებს გაიდგამენ. ეს ქართველებისთვის არის ძალიან ცუდი. ამაზე მინდოდა მესაუბრა თქვენთან. ასევე, ნამგალი და ურო, ამ ქალაქში და ქვეყანაში საერთოდ აღარ უნდა იყოს“, – თქვა ეს და საუბარი შეწყვიტა  რეპლიკით: „რატომ იცინით, ვერ გავიგე“.

აქ უკვე „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ჩაერთო:

– „თქვენ აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებას. ყველაფერი, რაც თქვენ თქვით, არ უკავშირდება ამ ქალაქის პრობლემებს“.

საკრებულოს თავმჯდომარემ გააგრძელა:

– „მართლა გულწრფელად გისმენთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ… რუსეთში რამდენი ქართველი ცხოვრობს, იცით? – დამკვიდრებულია და ცხოვრობს იქ 800 000 ქართველი“.

– „მე რუსებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა და იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ფაქტობრივად შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ საზოგადოებას, ახალგაზრდებს და ომის ვეტერანებს განსაკუთრებით“, – გააგრძელა ისევ მეგიმ.

ამის შემდეგ დისკუსია მეგისთან საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან“ ნერიმან ცინცაძემ გააგრძელა:

– „მოვიდა და დაგვმოძღვრა. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ხალხო ეს ამბავი, როგორ შეიძლება გმირებს ლაჩარი ვუწოდოთ. ჩვენ თვითონ ვიქნებით ამის წინააღმდეგი, მაგრამ ასე არ იყო ნათქვამი და ამის შესახებ ძალიან ბევრი ითქვა. ნუ ატრიალებთ ამ თემას, მართლა სირცხვილია. რაც შეეხება რუსებს და უკრაინელებს, რამე რეცეპტი გაქვთ მაგის თაობაზე? – შემოგვთავაზე. მე ვფიქრობ, დაგიჯერებთ ჩემი გოგო. თქვი, რამე კარგი თუ გაქვს და ჩვენ დაგიჯერებთ.

ჯერ ერთი, რაც გააკეთე, ეს არის შეურაცხმყოფელი, ასეთ ორგანოში მოდიხარ მოუმზადებელი, გამოთქვამ შენს აზრს, ამაზე თუნდაც ელემენტარული პასუხი არ გაგაჩნია და პასუხი არ არსებობს.

მე მყავს ბაუ-ს სტუდენტები ხარკოვიდან, როცა ველაპარაკე ქართულს როგორ სწავლობთ-მეთქი, ბაუ ქართულს ასწავლის სტუდენტებს საკმაოდ კარგად, მათ მითხრეს, რომ ახალი გადმოსულები არიან და არ იციან  ქართული, არც ერთი სიტყვა. იციან მხოლოდ რუსული. ერთი წელი სანგრებში ვიყავითო ბავშვებმა, შემდეგ ლტოლვილის სტატუსითო და ასწავლის ქვეყანა, რომელიც ომობს რუსეთთან. მე ძალიან მიყვარს უკრაინა, იქ მეგობრები მყავს, ჩემი შვილები სწავლობდნენ იქ. წარმოიდგინეთ 3 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ რუსულს, „ვსიო“ ამით ნათქვამია, დანარჩენი ქართველობა ჩვენ შევინარჩუნოთ. მომისმინე აქ… ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელია, დანარჩენებისთვისაც, მაგრამ ამ შემთხვევაში არიან გაჩუმებული. იმიტომ, რომ ახალგაზრდა ხარ და თვლიან, რომ მალე ყველაფერს გაიგებ. მეორეჯერ აღარ გააკეთო, გირჩევ“.

დისკუსია მეგისთან სხდომის შემდეგ

ნერიმან ცინცაძემ „ნაციონალური მოძრაობაც“ ახსენა, როცა მოგვიწოდებთ ერთმანეთის პატივისცემას, ესეც შეურაცხმყოფელია, რადგან პატივისცემა ნაციონალურ მოძრაობასთან არ გამოდის, რთულიაო.

– „რა ნაციონალური მოძრაობა, მე მეუბნებით?“ – იკითხა მეგიმ.

– „მომისმინე, გეუბნები“, – უთხრა მას საკრებულოს წევრმა და მოსმენის კულტურაზე მიუთითა.

– „რა არის შეურაცხმყოფელი, ვერ გავიგე“ – გააგრძელა მეგიმ.

– „ლაჩარი არის მიხეილ სააკაშვილი“ – უპასუხა ნერიმან ცინცაძემ.

– „მე არც ერთ პარტიას არ შევხებივარ. მიხეილ სააკაშვილი რა შუაშია?“ – ისევ იკითხა მეგიმ.

– „იმ შუაშია შვილო, რომ გეუბნები ლაჩარი ვინც არის. რატომ არ გინდა ამის გაგონება?“

ამ დროს ნერიმან ცინცაძეს დარბაზიდან უთხრეს, რომ გამოხატვის თავისუფლებაა და მოქალაქე თავის აზრს გამოხატავს. ნერიმან ცინცაძემ უპასუხა, ცუდად გამოხატა თავისი აზრი, „იმიტომ, რომ ქართველ გმირს ლაჩარს ვერავინ ვერ უწოდებს და ნუ იხვევთ ხელზეო“:

„არავინ არ უწოდა აბსოლუტურად. მომისმინე, შენი ასაკის შვილები მყავს. ნებისმიერ ჩემს სტუდენტს რომ შეეკითხო, მე ახალგაზრდებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ორი პედაგოგი გადგივართ თავზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უწოდა!“ – ამ სიტყვების შემდეგ მან დარბაზი დატოვა.

რუსეთის მოქალაქეების შემოდინების თემას დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დიდი დრო დაუთმეს. საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან მოითხოვეს რუსული წარწერების კონტროლის გამკაცრებაც. თქვეს იმაზეც, რომ სამშენებლო კომპანიები უკვე მხოლოდ რუსულ ენაზე დამზადებულ სარეკლამო ფლაერებს არიგებენ ქალაქში.

„თუ ბავშვებს ვასწავლით მრავალფეროვნებას, მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ“ – მასწავლებელი

„თუკი ჩვენ ვესაუბრებით მოსწავლეებს მრავალფეროვნებაზე, მაშინ მრავალფეროვნების მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ, იქნება ეს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იდენტობა თუ სხვა რამ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ლელა წურწუმია, გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრია.

  • ქალბატონო ლელა, რამდენი ხანია რაც სკოლაში ასწავლით და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებელი გამხდარიყავით?

სტუდენტობის დროს სულ მაინტერესებდა სკოლა და 2008 წელს დავბრუნდი კიდეც სკოლაში. ახლა მენტორი მასწავლებელი ვარ და ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და ისტორიას.

სწორედ ეს საგანი იყო მიზეზი, რის გამოც მინდოდა მასწავლებლობა.

აშშ-შიც ვიმყოფებოდი პროექტის ფარგლებში, სადაც ვმსჯელობდით კოლეგები, თუ რა როლი აქვს მასწავლებელს დღეს, 21-ე საუკუნეში და ერთი რამ ცხადია, რომ მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ კეთებით და ცხოვრებისეული მაგალითებით.

მნიშვნელოვანია განათლება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს და ღირებულებებზე დამყარებულ ცოდნას.

ასევე მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი აზროვნება.

დღეს ძალიან რთულია თანამედროვე მოსწავლეებთან ურთიერთობა, რადგან ძალიან ინფორმირებული და განვითარებული თაობა გვყავს და როგორც მასწავლებელს, გიწევს არ შეწყვიტო განვითარება, რომ უპასუხო მათ საჭიროებებს.

  • რა არის სამოქალაქო, სახელმწიფოებრივი აზროვნება, როგორ ასწავლით?

ალბათ ის, როგორი ადამიანი უნდა იყო, როგორი დამოკიდებულებები და ღირებულებები შეიძლება გქონდეს როგორც სახელმწიფოს, ასევე კონკრეტული პრობლემების მიმართ და როგორ რეაგირებ ამაზე.

სიმულაციებით სწავლება ძალიან გვეხმარება ამ ცოდნის გააზრებაში.

მაგალითად, სიმულაციებს ვაკეთებთ თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოს სხდომებზე და ასე შემდეგ. ვსვამთ კითხვებს, მაგალითად გარე-განათება, სტადიონის განათება, საიდან მოდის ეს? განვიხილავთ, რომ ბიუჯეტი არის ხალხის და ეს ყველაფერი ჩვენივე კეთილდღეობისთვის უნდა დაიხარჯოს.

და არის ბევრი სხვა საკითხი, რისი მეშვეობითაც მოსწავლემ უნდა დაინახოს მისი, როგორც მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობა და შემდეგ, როცა გახდება სრულწლოვანი, სწორი დამოკიდებულება ექნება ამ პროცესების მიმართ. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც მოქალაქეობის კუთხით გადიან მოსწავლეები სკოლაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, ღირებულებითი განათლების მნიშვნელობა, რადგან ბევრი პრობლემები არსებობს საზოგადოებაში, იქნება ეს შემწყნარებლობის საკითხები, განსხვავებულის მიმღებლობა, საკუთარი უფლებების დაცვა და გარკვეული პასუხისმგებლობების ჩამოყალიბება, კონფლიქტის მართვა და სხვა.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებლის, როგორც მოდელის როლი, ჩვენ თვითონ როგორ ვატარებთ ამ ყველაფერს ცხოვრებაში. თუ ეს ყველაფერი პრაქტიკაში არ დაინახა ბავშვმა, შემდეგ უკვე რთულია, რომ დაგიჯეროს. მასწავლებელიც უნდა იყოს სოციალური ფიგურა.

  • თქვენი აზრით, რა არის ყველაზე წარმატებული მოდელი სწავლა-სწავლების პროცესში?

ვფიქრობთ, ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ის, რასაც ვასწავლით საგაკვეთილო პროცესში, აუცილებელია დაკავშირებული იყოს ცხოვრებასთან, რადგან თუ თვითონ არ გააკეთა ბავშვმა, რაზეც არ უნდა ვესაუბროთ მას, ეკოლოგია იქნება ეს, გარემოს დაცვა თუ რაიმე სხვა და არ გაიაზრა თავისი როლი, ტყუილია სწავლა-სწავლება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ისწავლონ პრობლემების აღმოჩენა და შემდეგ დაფიქრდნენ მათი გადაჭრის გზებზე. თუ ბავშვს პრობლემის იდენტიფიცირება არ შეუძლია, ეს უკვე პრობლემაა.

  • თქვენი მოსწავლეები რა პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს?

მედიაწიგნიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღეს, რადგან ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.

სკოლაში რამდენიმე მიმართულების კლუბი გვაქვს და ერთ-ერთი მიმართულია აქეთკენ. მოსწავლეებს ასევე ძალიან უყვართ თანასწორ-განმანათლებლობის კლუბი, რაც გულისხმობს მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების გაზრდას.

გავაკეთეთ ეკოჩანთები, ჩავალაგეთ წიგნები და ასე დაიწყო ამ წიგნებმა კლასიდან კლასში მოგზაურობა და ასე წაიკითხეს ბავშვებმა ეს წიგნები.

  • თქვენ ახსენეთ ყალბი ინფორმაციის საფრთხეები. ცხადია, დიდი გამოწვევაა დღეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა და არა მარტო ბავშვებისთვის. როგორ ახერხებენ მოსწავლეები გამოიცნონ რა არის სინამდვილე და რა – სიყალბე?

ვასწავლეთ ინსტრუმენტები, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ინტერნეტსივრცეში ყალბი ინფორმაცია.

კოვიდის დროს, იცით ალბათ, რამდენი ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა ვაქცინებზე და ამაზეც ბევრი ინფორმაცია გადაამოწმეს ბავშვებმა. იმუშავეს სხვა საკითხებზე.

  • ბოლო თვეებია, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, მაგალითად პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპაში და აშშ-ში ბავშვებს აიძულებენ სქესის შეცვლას, რომ საბავშვო ბაღებშიც კი ღიად ეწევიან ლგბტქ პროპაგანდას და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, თქვენი მოსწავლეები ხვდებიან, რომ ეს სიყალბეა?

რა თქმა უნდა, კი.

შეუძლებელია ბავშვებს არ ჰქონდეთ კითხვები იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. როგორც ვიცით, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და ჩვენც ვასწავლით, რამდენად ღირებულია გქონდეს გამოხატვის თავისუფლება.

ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანია და მისი უფლებები. კანონის ფარგლებში ჩემთვის გამოხატვის ყველა ფორმა მისაღებია.

  • ალბათ ისიც გახსოვთ, ღარიბაშვილმა როგორ უწოდა მოზარდებს სატანისტები, კობახიძემ კი სტუდენტებს „ორიენტაცია არეული“. მოსწავლეები რას ამბობენ ამ ყველაფერზე?

თუკი ჩვენ ვასწავლით ბავშვებს მრავალფეროვნებაში ცხოვრებას, მაშინ მრავალფეროვნების მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ. იქნება ეს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იდენტობა თუ სხვა რამ, რითაც შეიძლება განსხვავებული იყვნენ ადამიანები ერთმანეთისგან. იქნება ეს კანის ფერი, რელიგია თუ სხვა რამ, ყველას აქვს საკუთარი განსხვავებულობის გამოხატვის უფლება.

ეს იციან ბავშვებმა და მსჯელობენ კიდეც ამაზე.

  • თქვენ ისტორიასაც ასწავლით. ბავშვებისგან გვსმენია, რომ სკოლებში სათანადოდ არ ისწავლება საბჭოთა რეჟიმის ისტორია, რუსული ოკუპაცია. დღესაც კი ჩნდება კითხვა, არის თუ არა რუსეთი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტერი. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

მე ვასწავლი სკოლაში, სადაც ძალიან ბევრი დევნილი ბავშვი სწავლობს და წარმოუდგენელია არ ვისაუბროთ ამაზე. იმაზე, თუ როგორ ენატრებათ ამ ბავშვების მშობლებს თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნება.

ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ აფხაზეთის კვირეული, სადაც დავაფიქრეთ მოსწავლეები დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვნებაზე, რომ ეს ისტორიები კარგად გაიაზრონ ბავშვებმა.

გვქონდა ფილმის ჩვენება, დისკუსიები და ყოველთვის გვაქვს ამაზე რეაგირება.

  • როგორც ვიცი, სამოქალაქო განათლების კომპონენტია სკოლაში კონფლიქტების მართვაც. ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევის შესახებ გვსმენია, როცა სკოლა აიძულებს მშობელს გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში, რადგან ბავშვი არ სწავლობს და თან ცელქია. თქვენი აზრით, რატომ არ უყვართ სკოლაში ცელქი ბავშვები?

ყველა ბავშვი განსხვავებულია და ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. შესაბამისად, გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ეს.

მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ვცვალოთ აქტივობები გაკვეთილზე. ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ ფილმების, ანიმაციების ყურება და ვფიქრობ, რომ ცელქი მოსწავლეც კი, რომელიც გაკვეთილზე ვერ ჩერდება, გამორიცხულია რომელიმე აქტივობით არ დაინტერესდეს.

  • როგორ ფიქრობთ, როცა 7 მასწავლებლიდან არცერთი არ უწერს ნიშანს ბავშვს, დამრიგებელი კი მშობელს კლასში ჩატოვებით ემუქრება ან აიძულებს, გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში, რა გარემოა ეს ბავშვისთვის, რატომ მიდის ბავშვის და მასწავლებლის ურთიერთობა აქამდე?

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ წლის განმავლობაში რაიმე ტიპის აქტივობაში ვერ ჩართოს ბავშვი მასწავლებელმა. რაღაცაში ხომ შეიძლება მიეღო ქულა? მით უფრო მაშინ, როცა ვიცით რომ 5-იდან 10-მდეა შეფასების ქულა.

თუ მოსწავლე გახდა ინერტული, ამას რაღაც გარემო ქმნის, ხომ?! ეს შეიძლება იყოს სასკოლო გარემო, ოჯახი ან სოციუმი, სადაც ბავშვი ცხოვრობს.

თუ ბავშვი არ სწავლობს, ამას აქვს მიზეზი და ეს უნდა მოვიკვლიოთ და დავადგინოთ, რა დროს დაკარგა მოსწავლემ მოტივაცია, რა დროს გახდა სკოლა მტრულად განწყობილი მის მიმართ.

მოსწავლეებს, როგორც საკუთარ შვილებს ისე უნდა ვუყუროთ და ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ, რაც რთულია და ამავდროულად, საპასუხისმგებლო.

თუ მოსწავლეებს რასაც კლასში ვასწავლით, იმის პრაქტიკაში გატარებასაც ვასწავლით, აუცილებლად იპოვიან თავიანთ ადგილს ცხოვრებაში.

პანდემიის შემდეგ მოსწავლეების სოციალურ-ემოციური უნარები ისედაც დაქვეითებული აქვთ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად ჩართოთ ყველა პროცესში. გავარკვიოთ რა გარემოებები აქვეითებს მათ მოტივაციას და დავეხმაროთ ამ მოტივაციის დაბრუნებაში.

__________________

ამავე თემაზე:

ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

დაგვინიშნეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – გორგაძეების მცხოვრებლები ქობულეთის მერიას

„პრობლემა ნებისმიერ სოფელს აქვს, მაგრამ გორგაძეების უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ტრანსპორტი არ გვაქვს,“ – ასე იწყებს გორგაძეებში მცხოვრები თემურ გვარიშვილი თავისი სოფლის შესახებ საუბარს.

სოფელ გორგაძეების მცხოვრებლები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას სთხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორ წელზე მეტია სოფელში სამარშრუტო მიკროავტობუსი აღარ მოძრაობს. მოსახლეობას კი კილომეტრების გავლა ფეხით უწევს.

„რამდენიმე „მარშუტკა“ გამოიცვალა სოფელმა, რადგან ძალიან ძვირი ღირდა მგზავრობა. 50 თეთრიდან ჯერ ავიდა ლარზე, მერე ლარ-ნახევარზე, ბოლოს 2 ლარს იძახდნენ მძღოლები.

მათაც ვერ გაამტყუნებ, საწვავი გაძვირდა, მომსახურებაც თავისთავად ძვირდება. ამას გარდა, სოფლის მცხოვრებლებს იმდენი შემოსავალი არ გააჩნიათ, რომ ყოველდღიურად 4 ლარი გადაიხადონ. 4 ლარი, როცა ძალიან ცოტა შემოსავალია, ბიუჯეტს აკლდება.

ხალხს უჭირს, ვერ იხდის. მძღოლი ფულს თუ ვერ აიღებს, აქ ტყუილად ხომ არ ამოვა?“ – სვამს კითხვას თემურ გვარიშვილი.

ნინო ფალავანდიშვილს სოფლის გზაზე იმ დროს შევხვდით, როცა ის სოფელ გორგაძეებიდან ჩაქვის ცენტრისკენ ფეხით მიდიოდა.

„4 კილომეტრია ჩემი სახლიდან ჩაქვის ცენტრამდე. გზაზე თუ ვინმე შემხვდება, ჩამიყვანს, თუ არადა, ფეხით ჩავდივარ.

ვმუშაობ, დასაქმებული ვარ, დავდივარ ფეხით. არც „მარშუტკაა“ და არც ავტობუსი ორი წელია. მოვა, ერთ თვეს იმუშავებს, მერე იტყვიან – ხალხი არაა ან ყველას მანქანა ჰყავსო და წავა. სინამდვილეში არ ჰყავს სოფელში ყველას მანქანა. თან ისე გაძვირდა ყველაფერი, მანქანით სიარული ძვირი ჯდება. ძალიან გვინდა სოფელში ან „მარშუტკა“ იყოს, რომელიც იმუშავებს, ან სახელმწიფომ დანიშნოს ავტობუსი ხალა-გორგაძეების გზაზე.

შარშან და შარშანწინ აქ აქციაც იყო. ამ აქციის მერე დაინიშნა „მარშუტკა“, ზუსტად ერთი თვე იმუშავა და მერე გაჩერდა,“ – ამბობს ნინო ფალავანდიშვილი.

გორგაძეებიდან ბათუმამდე 17 კილომეტრი და 30 წუთის გზაა, ხოლო ქობულეთამდე – 16.5 კილომეტრია. სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელი მთლიანად ბათუმზეა მიბმული. ამიტომ მათთვის პრიორიტეტულია სოფლიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდეს სამარშრუტო მიკროავტობუსი ან მუნიციპალური ავტობუსი.

„გვქონდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მაგაზე საუბარი და ასეთი რამ გვითხრეს – თუ დავნიშნავთ ქობულეთიდან, მაშინ გორგაძეები-ქობულეთი ივლისო. ჩვენ ეგ არ გვაწყობს. კი, ჩვენი სოფელი ქობულეთს ეკუთვნის, მაგრამ ბათუმთან უფრო ახლოსაა და უფრო მისადგომია,“ – ამბობს თემურ გვარიშვილი.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ქობულეთის მერიას დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, აპირებს თუ არა ქობულეთის მერია სოფელ გორგაძეების მცხოვრებთა საჭიროების გათვალისწინებას და სოფლისთვის მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას.

„სოფელ გორგაძეებში ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში უწყება იმსჯელებს და მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

ქობულეთის მერიის მუშაობით და ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, რამდენიმე წლის წინ, გორგაძეებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა მიკროავტობუსი. თუმცა მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო მძღოლები უარს აცხადებდნენ ამ მიმართულებით გაეკეთებინათ ხაზი“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

სოფელი ქობულეთში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს


 

 

გაერო: რუსეთმა უკრაინაში სიკვდილით დასაჯა 77 სამოქალაქო პირი

გაეროს ახალი კვლევის თანახმად, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში სიკვდილით დასჯა 70-ზე მეტი სამოქალაქო პირი, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ახალი კვლევა მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს და ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის (HRMMU) დასკვნებს.

„გაერო სერიოზულად არის შეშფოთებული 77 სამოქალაქო პირის (72 კაცი და 5) სიკვდილით დასჯით, იმ დროს, როდესაც ისინი დაკავებული იყვნენ რუსეთის ფედერაციის მიერ“, – აღნიშნულია ანგარიშში. ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კიდევ ერთი დაკავებული კაცი დაიღუპა წამების, პატიმრობისას არაადამიანური პირობების ან/და სამედიცინო დახმარების მიუწოდებლობის შედეგად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, OHCHR-მა დააფიქსირა რუსეთის მიერ თვითნებური დაკავების 864 ინდივიდუალური შემთხვევა – 763 კაცი, 94 ქალი და 7 მოზარდი ბიჭი. ბევრი პირი დააკავეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ე.წ. „ფილტრაციის“ პროცესში, რომელსაც რუსეთი იყენებს იდენტიფიცირების მიზნით.

OHCHR-ის მიერ დოკუმენტირებულ საქმეებში, რუსეთის ფედერაციის მიერ დაკავებული სამოქალაქო პირების 91 პროცენტზე მეტი აღწერს წამებასა და არასათანადო მოპყრობას, სექსუალური ძალადობის ჩათვლით. დოკუმენტირებულ შემთხვევებში, ასეთი მოპყრობა, როგორც ჩანს, ხორციელდებოდა, რათა დაზარალებულებს ეღიარებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაწევა, ასევე, სავარაუდო მიზანი იყო თანამშრომლობის იძულება საოკუპაციო ხელისუფლებასთან, ან პროუკრაინული შეხედულებების მქონე პირთა დაშინება.

ბევრის დაკავების პირობები იმდენად მძიმე იყო, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პატიმრობის პირობები უკვე შეიძლებოდა გათანაბრებოდა არასათანადო მოპყრობას ან  წამებას – ზოგიერთ შემთხვევაში – წერია ანგარიშში.

„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

„ვიბრძვი, რომ ყველა ეტაპი რაღაცნაირად გადავლახო, მარტოხელობა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი, რომელიც 5 წლის ლუკასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რასთან უწევს გამკლავება, როგორც მარტოხელა დედას.

„6 წელია აქ ვარ, გაუსაძლისი პირობებია“, – ნონა ქვის იატაკს დაჰყურებს და მერე აივნისკენ იმზირება: აივნის კართან ცემენტის ტომრებზე ქალს გაზქურა მოუწყვია, გაზის ბალონი კი, აივანზე გაუდგამს. ნაქირავები ბინის მისაღები ოთახი და საძინებლის კედლები ერთჯერადად დაუმუშავებიათ, ელექტროგაყვანილობის კაბელები კედლის გარეთაა, ერთმანეთში ახლართული – ლუკას ხელის გაწვდენაზე.

ლუკა აივანზე გადის და მერე ისევ დედასთან ბრუნდება. ნონა ხელით გვანიშნებს, გავლის დროსაც როგორ დგება ოთახში ცემენტის მტვერი.

ნონა რკინის საწოლის ერთ კიდეში ჯდება, ლუკაც მასთანაა:

„ამ ბინაში 400 ლარს ვიხდი, მოუწყობელია და ამიტომ, თორემ ისე მეტს მოგვთხოვდა… წყალიც კი არ იყო, ქვემოდან ვეზიდებოდი. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ გჭირდება წყალი დღეში, როცა პატარა ბავშვი გყავს. ახლა მომიწყვეს სააბაზანო.

მე-6 წელია ბათუმში ვცხოვრობ, ნაქირავებში… ჩვენი შემოსავალი თვეში 230 ლარია, სოციალური შემწეობა და უფასო სასადილო.

დავდივარ და ბინებს ვალაგებ, სალონებს დავივლი, მაღაზიებს და ჩემი ტელეფონის ნომერს ვტოვებ. ზოგჯერ 50 ლარს მიხდიან ერთი ბინის დალაგებაში ან 40 ლარს, გააჩნია ფართობს, რამდენია დასალაგებელი.

რთულია ბინების დალაგება, რთული, ისევე, როგორც ცხოვრება.

„230 ლარი ყველანაირად უნდა გადაანაწილო“ - მარტოხელა დედის და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

ამ დროს ლუკას ახლობელთან ვტოვებ, ბაღშიც ვერ მივიყვანე. როცა გავიარეთ რეგისტრაცია, გვითხრეს, რომ ადგილი აღარ არის,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი და ლუკას მაგიდასთან სვამს, მურაბას უსხამს და პურს უჭრის. ნონას თქმით, სასადილოდან ყოველდღე მოაქვს საჭმელი, თუმცა ის ზოგჯერ საკმარისი არ არის, ან ლუკას საკვები არ მოსწონს.

„რამდენზე გაანაწილებ სოციალურ შემწეობას – 230 ლარს?“ – კითხულობს მარტოხელა დედა და მულტფილმს ადევნებს თვალს, პულტით ხმას დაბლა უწევს და სავარძელში ჯდება.

– ბოლოს რის ყიდვა ვერ შეძელით? – ვეკითხები ნონა ხიმშიაშვილს.

– „მარწყვის“ – პაუზის შემდეგ უხერხულად გვპასუხობს ის და ამატებს, ქირის ფული რომ ჰქონდა შესაგროვებელი და მარწყვში ვერ გადაიხდიდა 7 თუ 8 ლარს.

„ლუკა, როცა ვიმუშავებ და მოვიტან, მაშინ ვიყიდოთ-მეთქი. არ დაიწყებს პანიკას ქუჩაში. მეუბნება, როცა გექნება ფული, ხომ მიყიდიო. რა ვქნათ, ასეთია ჩვენი ცხოვრება,“ – ამბობს ნონა და ისევ ლუკას აკვირდება, მურაბას რომ შეექცევა ახლა.

მაგიდა ოთახის თითქმის შუაგულშია, აქვე დგას კარადაც – კედელთან მიდგმას წყლის მილები უშლის ხელს, ჯერ კიდევ რომ არ ჩაუწყვიათ იატაკში. სიღრმეშია რკინის საწოლიც.

ლუკა მიკი-მაუსის ჭიქას იღებს და წყალს ისხამს. ჭურჭლის სათავსო არსად ჩანს – ნონას რამდენიმე თეფში და ჭიქა მაგიდაზე, ერთ დიდ თასში ჩაულაგებია.

„სახელმწიფოსგან ვითხოვ თავშესაფარს, რომ ბინა გვქონდეს. ლამაზად და სუფთა გარემოში ხომ უნდა დაიძინო?“- კითხულობს მარტოხელა დედა, რომელიც გასულ კვირას ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და უსახლკარო ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევა ითხოვა.

ნონა ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ის ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანსაც შეხვდა.

„არჩილ ჩიქოვანთან ვიყავით მისული და რისთვის ხართ მოსულიო? – ავდექი და წამოვედი. ადამიანი როცა მოდის, თბილად ხომ უნდა მიიღო მაინც, თუ რამეს არ უკეთებ?

ერთჯერადი დახმარება მაინც ხომ შეიძლებოდა? გაჭირვებულს არ უნდა დაეხმარონ, რომ საჭმელი მაინც იყიდოს? მთავრობა რამეს არ ფიქრობს, ორი წელია დავდივართ უსახლკარობაზე და არავინ გამოსულა, რომ ეკითხა: რა გიჭირთ, რისთვის მოდიხართ?“ – ჰყვება ნონა ხიმშიაშვილი.

ნონა ხიმშიაშვილი

მარტოხელა დედა ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცოდა, თუ ბათუმში რეგისტრაცია იყო საჭირო, მარტოხელა დედების პროგრამით სარგებლობა რომ შეძლოს.

„არ ვიცოდი, რომ ეს იყო საჭირო… ისეც რთულია, ყველას ხომ ვერ ეტყვი, შენთან ჩამწერეო? რამდენიმე თვის წინ ჩემ დასთან ჩავეწერე და ვნახოთ, ჯერ არაფერი ამიღია.

მე ყველას მოვუწოდებ, რომ მარტოხელა დედას ჰქონდეს მეტი პრივილეგია. ყველა ხომ არ არის მარტოხელა, ვიღაც ჰყავს, მე მშობლებიც არ მყავს, რომ დამეხმარონ.

ყველა ეტაპი გამოვიარე: უფულობაც იყო, როცა საჭმლის ფული არ გაქვს, მაგრამ ყოველთვის ვიბრძოდი. 20 ლარადაც დამილაგებია სახლი, რომ ბავშვის საჭმელი მქონოდა…

მე უმაღლესში არ მისწავლია, არც პროფესიულში. ალბათ, არც ახლაა გვიან, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ან ბავშვს ვის დავუტოვებ? ისე, გეოგრაფიულზე მინდოდა ჩაბარება, მიყვარდა გეოგრაფია…“ – ეღიმება ნონას.

ნონა ხიმშიაშვილი ამ დრომდე ვერ იღებს მარტოხელა დედისთვის ბათუმის მერიის შესაბამის პროგრამით განსაზღვრულ დახმარებას – 120 ლარს თვეში. ბათუმის მერიის პრესცენტრის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ გასული წლის ბოლოს ნონა ხიმშიაშვილი არ იყო ბათუმის მცხოვრები, როცა პროგრამა დამტკიცდა.

ნონა ხიმშიაშვილმა ბათუმის მერიას 2023 წლის თებერვალში მიმართა, როგორც მარტოხელა დედამ.

რატომ არ არის პროგრამა მოქნილი მსგავსი შემთხვევებისთვის, როცა ბიუჯეტის კორექტირებას ხშირად ითხოვს მერია?

„ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, მარტოხელა მშობლებისთვის ხორციელდება კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება, მედიკამენტების შეძენის მიზნით 200-ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია, მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარება 120 ლარის ოდენობით.

პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად, 2023 წლიდან მომართვის შემთხვევაში მარტოხელა მშობელი და ბავშვი რეგისტრირებული უნდა იყოს ქ. ბათუმში 2023 წლის პირველ იანვრამდე,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

უქმედ გამოცხადდეს რელიგიური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები – ნაკაიძე

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს. მათ შორის მუსლიმური დღესასწაულების.

„მე, მაგალითად, როგორც მუსლიმი, იძულებული ვარ, რომ არ დავესწრო სესიას, რადგან მუსლიმები ხვალ, 28 ივნისს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღვნიშნავთ.

მსგავს სიტუაციაში არიან საქართველოში მცხოვრები მუსლიმები, რომლებიც მუშაობენ კერძო თუ საჯარო სამსახურებში და არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულფასოვნად აღნიშნონ მათთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული.

იგივე ვითარებაა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, რადგან ამ დღესასწაულებს ხშირად ემთხვევა გამოცდების თარიღები, სასწავლო პროცესი და ადამიანები ინდივიდუალურად ცდილობენ, რომ ან გააცდინონ სკოლა, უნივერსიტეტი ან ვერ აღნიშნონ სათანადოდ ეს დღე“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

მისი თქმით, წელიწადში სულ 6 დღეზეა საუბარი და აქ მოიაზრება როგორც მუსლიმების, იეზიდების, ასევე ქრისტიანული რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვანი დღესასწაულებიც.

„ამ მიმართულებით ვმუშაობ და საშემოდგომო სესიაზე შემოვიტან საკანონმდებლო ინიციატივას. იმედი მაქვს, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმის გარეუბნებში – კომპანიის განმარტება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 27 ივნისს, 21:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის, წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადისა და მახინჯაურის დასახლებებს.

ასევე, წყალი შეუწყდებათ აეროპორტის გზატკეცილისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

წყალდიდობის გამო გზა ჩაკეტილია ნიგვზიანთან, ლანჩხუთი-სუფსის ავტომაგისტრალზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს, 27 ივნისს, მდინარე წყალწითელას ადიდების გამო საავტომობილო გზა ჩაკეტილია.

როგორც ადგილობრივებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, მდინარემ აქ დროებითი ხიდი დააზიანა, რომელზეც ავტომობილები მოძრაობდნენ [აქ ძირითადი გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს]. მათივე თქმით, ტრანსპორტი მიმდებარე სასოფლო გზებით მოძრაობს.

ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში ადიდებულმა მდინარემ დროებითი გზა და ხიდი დააზიანა / კადრები სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ახლახან [13:20] გაავრცელა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც:

„საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

განახლება: აღნიშნულ გზაზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.“ – განაცხადეს დეპარტამენტში 27 ივნისის 18:10 საათზე.

ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინამ სავარაუდოდ დაიბრუნა 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 27 ივნისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინის საჰაერო სადესანტო ძალებმა მიაღწიეს მცირე წინსვლას აღმოსავლეთით სოფელ კრასნოგორევკიდან, დონეცკის მახლობლად, რომელიც მდებარეობს კონტროლის ძველ ხაზზე.

„რუსეთის უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინულმა ძალებმა დიდი ალბათობით დაიბრუნეს რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორია“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

დაზვერვა ასევე წერს, რომ დონბასში მიმდინარე უკრაინულმა კონტრშეტევამ სავარაუდოდ ამ არეალში მოქმედი დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ჩეჩენთა ძალები მძიმედ დატვირთა.

კრასნოგორევკას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მცირე ტერიტორიის სტატუსი რუკაზე შეიცვალა 22 ივნისს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ტერიტორიის დეოკუპაციის შესახებ 24 ივნისს განაცხადეს.

________________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook

როგორ შევიძინოთ წიგნი Summer Reading Challenge-სთვის

YouTube video player

Summer Reading Challenge-სთვის წიგნის შესაძენად, რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო:

1 ეტაპი:

შევდივართ ჩვენთვის სასურველ რომელიმე ბრაუზერში, მაგალითად: Google Chrome, საძიებო ველში ვწერთ ჩვენი ვებ-გვერდის მისამართს: summerchallenge.ge და გადავდივართ ვებ-გვერდზე.

2 ეტაპი:

ვებ-გვერდზე გადასვლისას, ჩამოვსქროლოთ საიტი ოდნავ ქვემოთ – წიგნების სექციასთან, სადაც ყველა ის წიგნი იქნება მოცემული, რომელიც ამ პროექტში გჭირდებათ. სასურველი წიგნის არჩევისას დააჭირეთ „შეძენის“ ღილაკს.

3 ეტაპი:

„შეძენის“ ღილაკზე დაჭერა, გადაგიყვანთ ჩვენი წიგნების ვებ-გვერდზე, სადაც თქვენს მიერ არჩეულ წიგნზე 50% იანი ფასდაკლება გელოდებათ, ამ ვებ გვერდზე დააჭერთ ღილაკს „Add to Basket”, ამის შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ კალათს დააჭერთ.

4 ეტაპი:

კალათში დაგხვდებათ თქვენს მიერ არჩეული წიგნი და დააჭერთ ღილაკს „Proceed to Checkout”, შემდეგ თუ გაქვთ ჩვენი საიტის პროფილი გაიარეთ ავტორიზაცია და განაგრძეთ შემდეგ, თუ არ გაქვთ გაიარეთ რეგისტრაცია, ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ თქვენი პირადი მონაცემები და საბოლოოდ პროფილის გასააქტიურებლად თქვენს მიერ მითითებულ მეილზე მოგივათ შეტყობინება, რომლის დადასტურების შემდეგაც გააქტიურდება თქვენი პროფილი.

5 ეტაპი:

შემდეგ აირჩევთ მიწოდების ვარიანტს, შეგიძლიათ ჩვენ ფიზიკური მაღაზიაში მოაკითხოთ შეძნილ წიგნს ან ისარგებლოთ მიტანის სერვისით, სადაც მოგიწევთ თქვენი პირადი მონაცემების შეყვანა, რის შემდეგაც გადახვალთ გადახდის ნაწილზე. შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები და დაელოდეთ წიგნს.

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას!

ავარია ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან

დღეს, 27 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩაქვის დასახლებაში [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მისვლამდე დაახლოებით 1 კილომეტრში].

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ბორდიურს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“.

ავარია ჩაქვში / 27.06.2023

„ჩუქჩა“ და კიდევ 2 პირი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

„1972 წელს დაბადებული ა.შ. დაკავებულია „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. „ქურდული სამყაროს წევრის მიმართვისთვის“, ხოლო 2004 წელს დაბადებული გ.შ.-ს მეტსახელად „ჩუქჩას“ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში“ ედება ბრალი.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ა.ხ.-ს და მის თანამშრომელს შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. წარმოქმნილი უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, ა.ხ.-მ დახმარებისთვის მიმართა „ქურდული სამყაროს წევრ“ ა.შ.-ს და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს წევრის“ ა.შ.-ს დავალებით მოწყობილ „ქურდულ გარჩევაში“ ბრალდებული ა.ხ., გ.შ. და მოდავე მხარე მონაწილეობდნენ. „ქურდული წესით გარჩევისას“ კრიმინალურმა ავტორიტეტმა ა.შ-მ მოდავე მხარეს, სადავო თანხის სრულად ამოწურვამდე, მისთვის ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გ.შ.-მ, რომელიც შემდგომ სისტემატურად ახორციელებდა მუქარას მოდავე მხარეზე.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს მიმართვისთა“ და „ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე, მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე, მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.“- აცხადებს შსს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 226 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 4 036 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 7 834 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 4 083 ერთეული [+28]
  • MLRS – 626 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 386 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 492 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 261 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 772 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 563 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 804 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 371 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 131 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 213 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინამ სავარაუდოდ დაიბრუნა 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი

ორსულობა მუცლის მოშლის შემდეგ – ექიმის რჩევები

ორსულობათა დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე მთავრდება სპონტანური აბორტით. ორსულობა სპონტანური აბორტის შემდეგ გარკვეულ სტრესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მუცლის მოშლის შემდეგ როდის არის საუკეთესო დრო დაორსულებისთვის და რა რისკები არსებობს რეკომენდებული ვადის დარღვევის დროს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ნათია მელუა საუბრობს, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი.

  • ქალბატონო ნათია, რა არის სპონტანური აბორტი?

სპონტანური აბორტი, მარტივი ენით – მუცლის მოშლა, ორსულობის 22-ე კვირამდე ვითარდება. 

ხშირად აბორტი ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტასთან ასოცირდება, თუმცა მედიცინის ენაზე მუცლის მოშლას აბორტი ეწოდება, ოღონდ თვითნებური, როცა აბორტი მშობელს კი არ გადაუწყვეტია, არამედ რაღაც მიზეზის გამო ასეთი შედეგით დასრულდა.

სპონტანური აბორტი ორსულთა 10-20 პროცენტს უვითარდება, მაგრამ სინამდვილეში შემთხვევები უფრო მეტია, რადგან სპონტანური აბორტების ნაწილი ფეხმძიმობის ისეთ ადრეულ ეტაპზე ვითარდება, რომ ქალმა არც კი იცის, რომ ორსულად იყო.

  • რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?

ადრეული სპონტანური აბორტის მიზეზი 50 პროცენტი შემთხვევებისა ქრომოსომური დარღვევებითა და გენეტიკური პათოლოგიებით არის გამოწვეული.

ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მიზეზი უმეტესად გახლავთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და თრომბოფილია.

თრომბოფილია არის სისხლის შედედების მომატებული უნარი, ანუ მიდრეკილება თრომბის წარმოქმნისკენ. იგი შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. შეძენილს მიეკუთვნება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ხოლო გენეტიკური თრომბოფილია არის სისხლის შედედების სისტემის გენეტიკური ფაქტორების მუტაცია.

თრომბოფილიის შედეგები მრავალმხრივ აისახება ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად სამეანო რეპროდუქციულ პრაქტიკაში, მასთან ასოცირდება ისეთი მდგომარეობები, როგორიც არის როგორც აღვნიშნეთ, ორსულობის განმეორებითი დანაკარგები ორსულობის სხვადასხვა ვადაზე და მათ შორის პრეემბრიონალური დანაკარგები, რომელიც ვითარდება ორსულობის დადგომიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში, ემბრიონის პათოლოგიური ნიდაციაც [განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა საშვილოსნოს ლორწოვან გარსში] და ა.შ.

ორსულობის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებებმა, მათ შორის საყურადღებოა წითურა, ციტომეგალოვირუსი, ტოქსიპლაზმა, ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკროპლაზმა.

მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს ორგანული დაზიანება (პოლიპი ან სუბმუკოზური კვანძი), საშვილოსნოს თანდაყოლილი დეფექტები.

  • როგორ ვლინდება სპონტანური აბორტი?

სპონტანურ აბორტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და სისხლოვანი ჩამონაშალი. პროცესის პროგრესირების პარალელურად იმატებს ტკივილის ინტენსივობა და ჩამონაშლის რაოდენობა.

ამ სიმპტომების შემჩნევისას ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია.

MayoClinic:ორსულობის პირველ ტრიმესტრში ე.წ. სფოთინგის ან სისხლდენის უმეტეს შემთხვევებში ორსულობა გრძელდება წარმატებით.

აღსანიშნავია, რომ ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია ზოგიერთი ისეთი ნიშნის გამოვლენა, რომელიც პრობლემურ მდგომარეობაზე მიუთითებს. მაგალითად სანაყოფე პარკის უსწორმასწორო კიდეები, თხელი ენდომეტრიუმი, ყვითრის პარკისა და სანაყოფე პარკის ზომების დარღვევაა.

  • ამ შემთხვევიდან რა ხნის შემდეგ არის უსაფრთხო ისევ დაორსულება?

დაახლოებით 6 თვის შემდეგ. ეს დრო საჭიროა პრობლემების ლიკვიდაციისთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: სპონტანური აბორტის ან ხელოვნური აბორტის შემდეგ რეკომენდებული მინიმალური ინტერვალი მომდევნო ორსულობამდე არის მინიმუმ ექვსი თვე, რათა შემცირდეს არასასურველი შედეგების რისკი.

ჯანმოს ანგარიშშივე ვკითხულობთ, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება ლათინო-ამერიკულ კვლევის შედეგებს და მონაცემების უმეტესი ნაწილი მოდიოდა ორი ქვეყნიდან (არგენტინა და ურუგვაი). „ამრიგად, შედეგები არ შეიძლება იყოს განზოგადებული სხვა რეგიონებში, რომლებსაც აქვთ განსხვავებული სამართლებრივი და მომსახურების კონტექსტი და პირობები. ამ დასკვნების გასარკვევად რეკომენდებულია დამატებითი კვლევები“.

 BBC წერს ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევაზე, რომელშიც გაანალიზებულია რვა წლის მონაცემები (2008 – 2016) და რომელმაც არ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი განსხვავებები შედეგებში, როდესაც ახალი ორსულობა მოხდა სპონტანური აბორტიდან ექვს თვეზე ადრე.

ნორვეგიული კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ასეთ დროს 6-თვიანი შუალედი შესაძლოა იყოს ზედმეტად გრძელი ვადა, განსაკუთრებით, როდესაც მას სამედიცინო მტკიცებულებები არ ამყარებს და სიზუსტისთვის საჭიროა ამ საკითხზე კვლევების გაგრძელება.

შემთხვევათა უმრავლესობაში გამოკვლევა და მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ 20-დან 30 პროცენტამდე შემთხვევებისა, ვერ ხდება მიზეზის დადგენა. 

თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ პრაქტიკაში გვქონია შემთხვევები, წყვილს არ დაუცავს მითითებული ვადა, სპონტანური აბორტიდან მეორე თვეს დაორსულებულა ქალი და სავსებით ჯანმრთელი ნაყოფი გაუჩენია. 

  • რა შეიძლება გავაკეთოთ სპონტანური აბორტის პრევენციისთვის?

ორსულობის შეწყვეტა განაჩენი არ არის, მთავარია ორსულობისთვის მოემზადოს ქალიც და კაციც. გამოიკვლიონ მიზეზი შეწყვეტილი ორსულობის, ჩატარდეს სათანადო მკურნალობა და ამის შემდეგ დაიგეგმოს მომდევნო ორსულობა.

MayoClinic: განმეორებითი სპონტანური აბორტი იშვიათია. ქალების უმეტესობასთან, სპონტანური აბორტის შემდეგ, დგება ჯანმრთელი ორსულობა. ქალების მცირე რაოდენობასთან – 1 პროცენტთან ხდება განმეორებითი მუცლის მოშლა.

  • ბავშვის გაჩენიდან [საკეისრო კვეთა და მშობიარობა] რამდენი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ორსულობის ხელახლა დაგეგმვა?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მშობიარობებს შორის საუკეთესო შუალედი 2 წელიწადია. ეს ინტერვალი ხელს უწყობს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ქალის ბიოლოგიური ძალების აღდგენას, ბავშვის ძუძუთი კვების სრულფასოვნად განხორციელებას, ბავშვზე ზრუნვისთვის მეტი დროის გამოყოფას და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას. 

თუმცა, არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა ეს დადგენილი ვადა ირღვევა და ქალები სრულიად ნორმალურად მშობიარობენ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს [წინა საკეისრო კვეთის] ნაკერის მდგომარეობას, ორსულობის მიმდინარეობას, საშვილოსნო კუნთოვანი სისტემის მდგომარეობებს და ა.შ.

ამიტომ არის აუცილებელი მივმართოთ ოჯახის დაგეგმვის ღონისძიებებს, ასე შეძლებთ ჯანმრთელი შვილების გაჩენას სასურველ დროს, შეგეძლებათ სწორად განსაზღვროთ მშობიარობებს შორის შუალედი, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი ორსულობა და შემდეგ აბორტი.

მაშინაც მასე იცინოდით და თურმე მერი კაზინოში თამაშობს – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

„ჯუმბერის ვიცავდით ხომ კბილებით და აღმოჩნდა, რომ კაზინოში აგებდა ხალხის ფულებს. მე სასაცილოს არ ვამბობ, როცა რამეს ვამბობ“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რამაზ ქავთარაძემ, მას შემდეგ, როცა მის განცხადებას ხელვაჩაურის მერისა და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნაზე კოლეგები „ოცნებიდან“ სიცილით შეხვდნენ.

„იცინოდნენ მასე და დეიჭირეს მერე ხალხი“, – დაამატა სხვამ.

დღეს, 26 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, განსაკუთრებით სხდომის პირველ ნაწილში, რთული იყო იმის გარკვევა, ვინ რას და ვისი მისამართით ამბობდა ან ყვიროდა.

რამაზ ქავთარაძემ კი დააკონკრეტა, რომ ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს გულისხმობდა:

„თქვენ მეგობრობდით მაგასთან და მასე იცინოდით მაშინაც.“

საკრებულოს წევრი გულისხმობდა იმ პერიოდს, როცა ჯუმბერ ვარდმანიძე მერის პოზიციაზე მუშაობდა, საკრებულოს ოპოზიცია კი კორუფციაზე საუბროდა.

დღეს სხდომაზე რვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საკითხების საფუძვლიანად განხილვა ვერ მოხერხდა, რადგან სხდომა თავიდანვე დაპირისპირებით დაიწყო.

სხდომაზე საერთოდ არ ისმოდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ტარიელ ნაკაშიძის ხმა, რომელმაც ბიუჯეტში ცვლილების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა საკრებულოს წევრებს.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა ჯევაიში ფეხზე დამდგარი ითხოვდა სიტყვა მათქმევინეთო – მიუხედავად თავმჯდომარის მხრიდან არაერთხელ მოწოდებისა, ის არ დაჯდა:

– დაბრძანდი.

– არ დავბრძანდები.

– დაბრძანდი, დროს ვკარგავთ.

– არ დავბრძანდები, მე მაქვს სიტყვით გამოსვლის უფლება. საკრებულოს წევრს აქვს პოლიტიკური განცხადების უფლება, თქვენ გინდათ ჩალით იყოს ქვეყანა დახურული, ადამიანს სცემენ, ფული გაფლანგულია, თქვენ არ გინდათ, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ“, – ხელვაჩაურის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ჯევაიში 20 წუთზე მეტ ხანს ამტკიცებდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს და რომ გაფლანგულ ფულსა და კორუფციაზე სურს საუბარი.

– რომელ ფულზე? – ჰკითხეს მას „ოცნებიდან“.

– „წყალკანალის დირექტორი რომ დააკავეს იმ ფულზე“ – უპასუხა მამუკა ჯევაიშმა.

„ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 520 920 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

საბოლოოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, გადაწყვიტა და ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე სხდომიდან გააძევა. ის საკრებულოს დაცვამ გაიყვანა. მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარემ ენმ-ის ფრაქციის სხვა წევრის, რამაზ ქავთარაძის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო – „სხდომის ჩაშლა გინდათ“. თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, ის სხდომიდან არ გაუყვანიათ.

მანამდე რამაზ ქავთარაძე თავმჯდომარეს არწმუნებდა, არ გამაგდო, რომელი ჩამშლელი მე მნახეო.

სხდომა ფრაქციის თავმჯდომარის დარბაზიდან გაძევების შემდეგაც დიდხანს ვერ დაიწყო, ახლა უკვე ფრაქციის წევრებმა გააპროტესტეს თავმჯდომარის გაძევების გადაწყვეტილება.

სხდომაზე მოქალაქე თორნიკე ქავთარაძის საქმეზეც ისაუბრეს. ეს საკითხიც რამაზ ქავთარაძემ წამოჭრა:

„ბევრი ამბობთ მოგონილიაო. რატომ მე არ მოვიფიქრე რამე, რატომ სხვამ არ მოიფიქრა?  – შევთანხმდეთ მაგაზე, რომ ტყულა ამას ადამიანი ვერ მოიფიქრებდა. აქ ყოფილა თორნიკე და თავად იტყვის ალბათ, მე არც ვიცნობდი, ახლა გავიცანი“.

რამაზ ქავთარაძემ სხდომაზე ბევრჯერ განმარტა, რომ თორნიკე ქავთარაძეს არ იცნობდა და დღეს გაიცნო. არ უთქვამს, თუმცა სავარაუდოდ შიშობდა, არავის ეთქვა – შენი მოგვარეა და ნათესავს იცავო.

მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე თავადაც ესწრებოდა სხდომას. მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო: „განცხადებით მოგვმართეო. მე მივმართე მაგათ განცხადებით და არ შეისწავლეს.“

საკრებულოს წევრმა რამაზ ქავთარაძემ დააკონკრეტა, რადგან გამოძიება უკვე დაწყებულია, მივმართოთ პროკურატურას შუამდგომლობით, რომ დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება როგორც ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს, ასევე პოლიციის უფროსს, იაგო დავითაძესო.

მან სხდომაზე კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა, მერიის კონტრაქტორი კომპანია ჭარნალში დასაქმებულ ადგილობრივებს ხელფასს არ უხდისო:

„და რა ხდება ტრეფიკინგი ხომ არ გვაქვს? – ვერც დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს ეს კომპანია“.

პასუხად „ოცნების“ წევრებს ისევ გაეღიმათ.

„სასაცილო რა არის“, – ამჯერად წყენა შეიმჩნია ქავთარაძემ.

თქვი და დაამტკიცე? – უპასუხეს მას „ოცნებიდან“. საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ კოლეგას ურჩია, თუ რამე იცის, მიაწოდოს „შესაბამის ორგანოებს“.

„შესაბამის ორგანოებთან“ დაკავშირებით თავისი სიტყვა გიორგი კახიძემაც თქვა. ისიც მოქალაქე თორნიკე ქავთარაძის ამბავს გამოეხმაურა:

„ჩემი განათლებიდან გამომდინარე, ადამიანურად ვცდილობ,  ვიყო სიმართლის მხარეს… უდიდესი პატივისცემით, თანაგრძნობით და როგორ გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ ჩვენ სასამართლო პროცესი აქ არ გვაქვს. გავიგეთ ეს ფაქტი, ვაღიარეთ და მიეცეს შესაბამისი მსვლელობა პატივცემულებო. მე არ ვიცავ არავის, სიმართლის თქმა მინდა. ჩვენ სათქმელი გავიგეთ, მაგრამ ეს რა შედეგთან მიგვიყვანს?“

„პირველ რიგში, ჩვენ ვართ მაკონტროლებელი ორგანო მერიის, ბატონო გიორგი. ჩვენ თუ დავხუჭეთ თვალი… ერთია განცხადება, შუამავლობა, განაცხადი, უკანონობა. თავშივე შევებრძოლოთ, დასაწყისში ვუმკურნალოთ“, – უპასუხა გიორგი კახიძეს მისმა კოლეგამ რამაზ ქავთარაძემ.

რამაზ ქავთარაძეს ისევ შეახსენეს, რომ მსგავსი საკითხების განხილვა „აქ არ ხდება“.

„ჩვენ რისთვის ვართ, ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ და რეაგირება არ უნდა გავაკეთოთ. კანონებს რომ ვიღებთ, იმის კონტროლი არ გვევალება? – ანუ ხმა არ ამოვიღოთ, შესაბამისი ორგანოები მიხედავენო და დავჯდეთ ხომ? თვალი დავხუჭოთ თუ არა, პასუხს ველოდები, ბატონო.

მეტი მტკიცებულება რა მოგიტანო, კაცი ამბობს მცემესო. მიმართეთ შესაბამის სამსახურს. ააა, ჰოდა, მაგის თქმა მინდოდა – ტყულა ვზივართ აქ?“- ემოცია ვერ დამალა რამაზ ქავთარაძემ.

სხდომიდან ფრაქციის თავმჯდომარის გაძევება ენმ-ის წევრმა, მიშა ბოლქვაძემაც გააპროტესტა, მან თავმჯდომარეს მიმართა: „შენ ვის არ აძლევ სიტყვას? შენ ვის აჩუმებ?“ – სხდომათა დარბაზი მასაც დაცვის დახმარებით დაატოვებინეს.

გასვლისას მან თავმჯდომარეს ისევ მიმართა – „ხალხს წყალი არ აქვს და აქ რაზე ლაპარაკობთ.“

ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ განგვიმარტა, არც წყალკანალის დირექტორის დაკავების და არც ფულის გაფლანგვის, ასევე, ყოფილი მერის კაზინოში თამაში  მე არ მეხება და შესაბამისი ორგანოების კომპეტენციააო. რაც შეეხება საკრებულოს წევრის სხდომიდან გაძევებას: „მათ სხდომის ჩაშლა უნდოდათ“ – გვითხრა თენგიზ ირემაძემ.

 

პარკირების საფასურის გადახდას ბათუმში 1-ელი ივლისიდან შეძლებთ – ავტოტრანსპორტი

პირველი ივლისიდან მოქალაქეები პარკირების საფასურის გადახდას ონლაინ, ახალ ვებგვერდზე შეძლებენ – გვითხრეს დღეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ახალი ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ქალაქში პარკირების სხვადასხვა ვადიანი საშვის შეძენა. რაც შეეხება ტარიფს, ავტომობილის პარკირებისთვის საფასური არ იცვლება“.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი ვებგვერდი, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, სადაც პარკირების საფასურის გადახდა იქნება შესაძლებელი / სქრინი ვებგვერდიდან

ბათუმში პარკირების საფასურის გადახდას მძღოლები 2023 წლის თებერვლიდან ვერ ახერხებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დაზიანდა სერვერი, რის გამოც შესაბამისი საიტი გაითიშა.

უკვე 5 თვეა ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს მძღოლებს პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის.

ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ, როგორც კი ოფიციალურად გავრცელდება ინფორმაცია, რომ პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია და ეს ეცოდინებათ მოქალაქეებს, მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებენ დაჯარიმებას – პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის.

1-ელი ივლისიდან სრულად ამოქმედდება ასევე მუნიციპალური ინსპექციის ახალი ვებგვერდი და დაჯარიმების ახალი სისტემაც.

„პარკირებისა და ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აპარატებით აღიჭურვნენ, რომლებშიც ჩატვირთულია ახალი ელექტრონული პროგრამა. აღნიშნულის მეშვეობით ადგილზე მოხდება სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და მისივე სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე საჯარიმო ელექტრონული ქვითრით სრული ინფორმაციის გაგზავნა.

სამართალდამრღვევი თუ 10 დღის ვადაში დაფარავს დავალიანებას, მას 20%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს. ერთი თვის გადაუხდელობის შემდეგ ქვითარი 2-ჯერ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება რეგისტრირებულ მისამართზე; ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც 30 დღის შემდეგ ავტომატურად გულისხმობს ჩაბარებას.“ – აცხადებს მუნიციპალური ინსპექცია.

ამ თემაზე ვრცლად: 

რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში

 

 

„ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის“ – მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში

„ჩემთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევაა, ის რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს ათწლეულების მანძილზე, რაც არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ეს ესე გამოითქმის: ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის!“ – ალექსი ახვლედიანი

ალექსი ახვლედიანი
ალექსი ახვლედიანი

25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

– „ქართველი მეზღვაურები უკვე ათწლეულების მანძილზე მთელს მსოფლიოში ცნობილები არიან როგორც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და თავდადებული თავისი პროფესიის მიმართ. დღევანდელი დღე იმის დასტურია, რაოდენ შეესაბამება ეს ყოველივე სიმართლეს და დღეს, ჩვენ დავაჯილდოვებთ რამდენიმე ეკიპაჟს ზღვაში გამოჩენილი სიმამაცისთვის, მათმა ვაჟკაცობამ აალაპარაკა მთელი მსოფლიო, საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე მათ შეძლეს და ათეულობით ადამიანს აჩუქეს სიცოცხლე. სწორედ, ამიტომ –  ქართველი მეზღვაურები ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები არიან!“ – განაცხადა ალექსი ახვლედანმა მისასალმებელ სიტყვაში.

ალექსი ახვლედიანმა აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ მრავალწლიანი შრომის და საქმიანობის შემდეგ, მიღებულ იქნა კანონი “მეზღვაურთა შრომის შესახებ”, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მეზღვაურების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ალექსი ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს, ვინც კანონპროექტზე მუშაობდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თითეოულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რათა მიღწეულ იქნეს მთავარი მიზანი, ქართული  საზღვაო-სანაოსნო საქმიანობა ავიდეს იმ დონემდე, რომ შეესაბამებდეს უმაღლეს სტანდარტებს.

ალექსი ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მხარდამჭერებზე, სპონსორებზე, რომელთა მეშვეობითაც დღეიდან ათეულობით სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური და ასევე, ათეულობით შეჭირვებულ მეზღვაურის ოჯახს მთელი წლის განმავლობაში გაეწევა როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა სახის დახმარება.

– „და ბოლოს, მე ვიცი დიდია ინტერესი, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი გასაკეთებელი ამ ახალ პოსტზე. მე მინდა გითხრათ ჩემთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევაა, ის რაც თითეულ ჩვენთაგანს აწუხებს ათწლეულების მანძილზე, რაც არის თითეული ჩვენთაგანის ოცნება და ეს ესე გამოითქმის: ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის. გილოცავთ ყველას, გისურვებთ ზურგის ქარს და უსაფრთხო ნაოსნობას!” – განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა.

საზეიმო ცერემონიაზე საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვეს საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტანი ალექსანდრე ცეცხლაძე;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტანი ავთანდილ ქვარიანი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა დააჯილდოვა შორეული შორეული ნაოსნობის კაპიტანი დურსუნ ცინცაძე. საპატიო მიზეზის გამო ბატონი დურსუნი ვერ დაესწრო ღონისძიებას, ჯილდო გადაეცემა დურსუნ ცინცაძის შვილს შორეული ნაოსნობის კაპიტანს გიორგი ცინცაძეს;

ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჯილდო გადასცა ექიმ ჯემალ ქიქავას;

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბატონმა ალექსი ახვლედიანმა დააჯილდოვა ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გეგენავა;

ღონისძიების წარმდგენი სპონსორის, SOLO-ს წარმომადგენელმა, თამარ დოლიძემ დააჯილდოვა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის დეკანი მზია დიასამიძე;

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო, ოქროს სპონსორის, „ტოიოტა ცენტრ ბათუმის“ წარმომადგენელმა ბატონმა გოდერძი სურმანიძემ გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს რუსლან გოგიბერიძეს;

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ოქროს სპონსორმა – “ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი”-ს წარმომადგენელმა რუსუდან დიასამიძემ მადლობის სიგელები გადასცა გემის SEN MS ENOLA – ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს თემურ ქავთარაძეს და გემის ARCHE ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს ლევან გოგიშვილს;

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ოქროს სპონსორმა – კომპანია “DMISS”-ის წარმომადგენელმა აკაკი ლოჩოშვილმა მადლობის სიგელები გადასცა გემის FRONT SAMARA-ს ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს ვლადიმერ შელიას და CHEM PATRIOTI – ეკიპაჟის წევრებს, კაპიტან მიხეილ ცინცაძეს და მატროსს ირაკლი რამიშვილს. საპატიო მიზეზის გამო მიხეილ ცინცაძის ნაცვლად სიგელი გადაეცა მის შვილს, დემეტრე ცინცაძეს.

ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ სანავსადგურე სექტორის და საზღვაო ხაზების წარმომადგენლები: სს კორპორაცია პოთის საზღვაო ნავსადგური – APM Terminals Poti, კომპანიები „MSC“ და „Wondernet Express Investment Group LTD“, საკრუინგო კომპანია „ელ-ვიქტორი“, კომპანია „MMS“ და შპს „საზღვაო ჰოსპიტალი“.

მეზღვაურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტიპენდიები გადაეცათ და სწავლის საფასური დაუფინანსდათ სტუდენტებს: ღონისძიების წარმდგენმა სპონსორმა, SOLO-მ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 11 შეჭირვებულ სტუდენტს სრულად დაუფინანსა 2023-2024 სასწავლო წლის საფასური, ოქროს სპონსორმა “ტოიოტა ცენტრი ბათუმმა” ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის სტუდენტს მარიამ ტუსკიას დაუფინანსა ერთი წლის სწავლის საფასური. ასევე, ოქროს სპონსორმა – “ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი”-მ თავის სამ წარჩინებულ პროფესიულ სტუდენტს ბაქარ აფხაზავას, აკაკი ესაძეს და რეზო პაქსაძეს გადასცა სიგელები და ერთჯერადი სტიპენდია.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.

დასაფლავება 86 წლის შემდეგ – აჭარაში 1937 წელს დახვრეტილი კაცის ნეშტი ოჯახს გადასცეს

25 ივნისს გონიოში, დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ, დაკრძალეს პირველი რეპრესირებულის ნეშტი, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა.

ოფიციალური დოკუმენტებით, ხასან დიშლიოღლი 1937 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. მას ე.წ. ტროიკამ დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი იმავე წლის 27 დეკემბერს მოიყვანეს სისრულეში.

ხასან დიშლიოღლის ნეშტი ხელვაჩაურში, მესამე სამხედრო ბაზაზე აღმოჩენილ საერთო სამარხში იპოვეს.

დაკრძალვა 86 წლის შემდეგ  - 1937 წელს დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის ნეშტი ოჯახს გადასცეს

ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხი 2021 წელს შეისწავლეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით.

ნეშტების სასამართლო ანთროპოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ერთი წელი გაგრძელდა. 2022 წლის ივლისში კი, აჭარაში უდანაშაულოდ დახვრეტილი 3 მოქალაქის მემკვიდრეებმა შეიტყვეს, რომ მათი წინაპარი იპოვეს.

იდენტიფიცირების შემდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდანაშაულოდ დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის ნეშტი ოჯახს გადაეცა.

ხასან დიშლიოღლი მისმა ოჯახმა გონიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალა.

1937 წელს დახვრეტილი ხასან დიშლიოღლი მუსლიმური წესით დაკრძალეს გონიოში, ოჯახის საგვარეულო სასაფლაოზე

________________

1937-1938 წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი აჭარაში 2017 წელს გაიხსნა. პირველ სამარხში, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობითა და ინიციატივით გათხარეს, 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს.

ინფორმაცია ნეშტების აღმოჩენის შესახებ 2019 წლის აპრილში გახდა საჯარო.

2017 წელს აღმოჩენილი 150 ნეშტი, რომელიც ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფში იყო დასვენებული, სრულყოფილი ანთროპოლოგიური შესწავლის მიზნით ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადგახსნილ ლაბორატორიაშია გადატანილი.

ხოლო 2021 წელს, მეხუთე სამარხის გახსნისას აღმოჩენილი 28 ნეშტიდან 27 ნეშტი ბათუმში, ბათუმის სამედიცინო ინსტიტუტის (ბაუ) ბაზაზეა დასვენებული.

ამავე თემაზე:

ბათუმში დახვრეტილთა სამარხში ნაპოვნი ნეშტებიდან 3 იდენტიფიცირებულია – რას ჰყვებიან ოჯახში

ხელვაჩაურში საკრებულოს წევრს განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს და დარბაზიდან გააძევეს

დღეს, 26 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ჯევაიშს პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს და სხდომიდან გააძევეს.

საკრებულოს წევრს რეგლამენტით უფლება აქვს განცხადება გააკეთოს სხდომაზე, თუმცა ამ უფლებით მან დღეს ვერ ისარგებლა, მიუხედავად იმისა, რომ 15 წუთის განმავლობაში ცდილობდა, განცხადების გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ.

მამუკა ჯევაიში განცხადების გაკეთებას აპირებდა ხელვაჩაურის მერიაში არსებულ კორუფციაზე, ნეპოტიზმის ფატქებზე.

„სწორედ იმ ფულზე საუბრობდა, რომელიც დაიკარგა ხელვაჩაურის „წყალკანალში“- ამბობენ ოპოზიციის წევრები.

ფაქტმა გამოიწვია დაძაბულობა სხდომაზე, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეხლა-შემოხლა დარბაზში.

„რა შეიცვალა? აქამდე მქონდა სიტყვის უფლება და ახლა აღარ მაქვს?“ – განაცხადა სხდომაზე მამუკა ჯევაიშმა.

საკრებულოს თავმჯდომარის თენგიზ ირემაძის თქმით, ოპოზიციის წევრი ვერ შეძლებს განცხადების გაკეთებას სხდომის დაწყებამდე.

საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა ოპოზიციიდან სხდომაზე მიიტანა ამობეჭდილი ფოტოები, სადაც სავარაუდოდ, ასახულია ფაქტები, რის შესახებაც აპირებდა ოპოზიცია საუბარს, თუმცა ამის უფლება მას მაინც არ მისცეს.

„ყველას დაგვატოვებინებთ დარბაზს, სათითაოდ დაგვატოვებინებთ?“ – ჰკითხა ნარგიზ ბერიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს ოპოზიცია მოითხოვდა, რომ დაებრუნებინათ სხდომათა დარბაზში მამუკა ჯევაიში.

მამუკა ჯევაიშის თქმით, სწორედ ასე მყარდება დიქტატურა და ეს არის ის, რასაც ებრძვის ოპოზიცია.

მოგვიანებით სხდომათა დარბაზიდან მიშა ბოლქვაძეც გააძევეს, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის გაძევებას აპროტესტებდა. „რა უფლებით არ ალაპარაკებთ საკრებულოს წევრებს“- ეუბნებოდა ის თავმჯდომარეს.

სხდომათა დარბაზში ახლაც ხმაურია, დარბაზში დაცვის პოლიციაა მობილიზებული და სხდომა ვერ გრძელდება ხმაურის გამო.

დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს ბიუჯეტში ცვლილება უნდა შეეტანა, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეული მიმართულებით თანხის გაზრდას. საკრებულოს დარბაზში არ არის მიკროფონები დამონტაჟებული, შესაბამისად, სხდომათა დარბაზში არსებული ხმაურის გამო უცნობია, მიიღო თუ არა ეს ცვლილება საკრებულომ.

ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დაინიშნა

ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე გახდა. ის ამ თანამდებობაზე კახა ფუტკარაძის გათავისუფლების შემდეგ დანიშნეს.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მირიან კვირიტიძის შვილის ნათლიაა. ნათლობის ვიდეო და ფოტოები კვირიტიძეს ფეისბუქშიც აქვს განთავსებული.

თქვენი პირველ მოადგილედ დანიშვნა ხომ არ განაპირობა ზაზა დიასამიძესთან ნათელმირონობამ? – ვკითხეთ მირიან კვირიტიძეს. თავდაპირველად მირიან კვირიტიძე შეეცადა მიეჩქმალა ეს ფაქტი, თუმცა შემდეგ თქვა: „ასეც რომ იყოს, რა მერე?“

„რატომ მიიღო ბატონმა ზაზამ ეს გადაწყვეტილება, მე როგორ გეტყვით? არა მგონია, ეს ყოფილიყო მიზეზი. შემომთავაზა და, შესაბამისად, მეც დავთანხმდი.

მე მანამდეც ვიყავი მოადგილე და ახლა პირველი მოადგილე გავხდი. დანარჩენზე ჩვენს პრესსამსახურს დაუკავშირდით და თუ რამე გაინტერესებთ, ოფიციალურად მოგაწოდებთ“, – აცხადებს მირიან კვირიტიძე.

ხელვაჩაურის მერი არა მარტო პირველი მოადგილის შვილის, არამედ ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის შვილის ნათლიაცაა. როგორც ზაზა დიასამიძე ამბობს, მას „სხვა ბევრი ნათლულიც ჰყავს“.

ზაზა დიასამიძის პირველმა მოადგილემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაკითხეს ბუღალტერი, რომელმაც თქვა, რომ „ხელვაჩაურის წყალკანალში“ მერის პირველი მოადგილის, კახა ფუტკარაძის შვილი ფიქციურად იყო დასაქმებული და ხელფასის სახით 1040 ლარს იღებდა.

„ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2022 წელს დააკავეს თანხის მითვისების ბრალდებით.

რაც შეეხება მირიან კვირიტიძეს, წინა წლის დეკლარაციების მიხედვით, ის რამდენიმე კომპანიას ფლობდა, რამდენიმე კი დედის, ნაზიკო მსხალაძის სახელზე იყო რეგისტრირებული.

2023 წელს არც კომპანიები და არც დედა დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მირიან კვირიტიძის მეუღლე თამილა კახიძეც „ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ მუშაობს, თუმცა რა თანამდებობაზე, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ აქვს. მერის პირველი მოადგილის მეუღლეს მეორე სამსახურიც აქვს – ხელვაჩაურის N34 საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგად მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ მახოს საბავშვო ბაღიდან დაგვიკავშირდა მოქალაქე, რომელმაც გვითხრა, რომ დეკრეტული შვებულება არ აუნაზღაურეს. მოქალაქის თქმით, მსგავს მდგომარეობაში იმყოფება კიდევ რამდენიმე ქალი, – უკვე ორი წელია კუთვნილ თანხას ელოდებიან, თუმცა არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში დეკრეტული შვებულების თანხა არ აქვთ.

მერის პირველ მოადგილეს ვკითხეთ, არის თუ არა ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული და თუ აპირებს  მოიკვლიოს ეს საკითხი?

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია ეგ (დეკრეტულის თანხა), მაგრამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. თუ ექვემდებარება გაცემას, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება“, – გვითხრა კვირიტიძემ, თუმცა შემდეგ დასძინა: „ამაზეც მოგვწერეთ ოფიციალურად და გაგცემთ პასუხს, თუ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ეს თანხა“.

მერის მოადგილის პოსტზე მირიან კვირიტიძემ გასულ წელს ხელფასის სახით 33 960 ლარი აიღო.

___

ამავე თემაზე:

„იაგოს ბავშვის ნათლია ვარ“ – რა თანამდებობა მისცა ნათლულის ბაბუას ხელვაჩაურის მერმა

უკრაინის ძალები მიიწევენ ბახმუტისკენ ორი მიმართულებით – ბრიტანული დაზვერვა

კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინამ გააქტიურა შეტევები ბახმუტის გარშემო, დონეცკის ოლქში – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ტვიტერზე დღეს, 26 ივნისს.

დაზვერვის ცნობების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პროგრესს ქალაქის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე.

„მცირე მტკიცებულება იყო იმის შესახებ, რომ რუსეთს გააჩნია სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი  ოპერატიული დონის რეზერვები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი საფრთხის ფონზე, რომელიც ახლა გაჩნდა რუსეთისთვის იმ სექტორებში, რომლებიც მნიშვნელოვნად დაშორებულია ერთმანეთისგან“ – წერს დაზვერვა და აღნიშნავს, რომ ბახმუტიდან დნეპრის აღმოსავლეთ სანაპირომდე მანძილი 200 კილომეტრზე მეტია.

____________

ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შავი ზღვის წყლის ხარისხი ყოველ 10 დღეში შემოწმდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე განახორციელებს.

სააგენტო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის.

„კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად“ – წერს სააგენტო.

უწყების ცნობით, მონიტორინგის შედეგები ეცნობება საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე.

TOEFL, Pearson და Language cert – საცდელი ტესტების ნიმუშები

TOEFL არის საყოველთაოდ აღიარებული, ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტი, რომელსაც, მსოფლიო მასშტაბით, 50 მილიონზე მეტი ადამიანი აბარებს ყოველწლიურად. ტესტის ოლიმპიადა შანსს აძლევს მოსწავლეებს, რომ ისინი სასკოლო ასაკშივე მიეჩვიონ საერთაშორისო საგამოცდო ფორმატით ტესტის წერას, ინსტრუქციების სწორად გააზრებასა და პრობლემების დამოუკიდებულად გადაჭრას. ოლიმპიადა საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა არამხოლოდ შეამოწმონ თავიანთი ინგლისური ენის ცოდნის დონე, არამედ გაიღრმავონ კიდეც ცოდნა ამ კუთხით. ტესტის ოლიმპიადის მთავარ პრიზს წარმოადგენს, როგორც საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება, ასევე ორკვირიანი შემეცნებითი და სახალისო საზაფხულო სკოლა თბილისში, რომელსაც ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში მასპინძლობს.

toefel

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

TOEFL-ის ტესტი მოიცავს სამ სხვადასხვა დონეს, ესენია:

  1. TOEFL Primary – ეს პირველი ნაბიჯებივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომელიც 8 წლის ასაკიდან შეგვიძლია გადავდგათ, რათა საბოლოოდ ბავშვის სრული პოტენციალი წარმოვაჩინოთ, გამოცდა თვითონ მოიცავს სამ ნაწილს – წასაკითხი/საწერი, მოსასმენი და სასაუბრო ნაწილები.
  2. TOEFL Junior – ეს უკვე მეორე ნაბიჯია, რომელსაც ინგლისური ენის გაუმჯობესებისათვის გადავდგამთ, ამ დროს ბავშვი უკვე გაცნობიერებულია და აქვს კომუნიკაციის სხვადასხვა უნარ-ჩვევები, იქნება ეს ვერბალური თუ წერითი. ეს ტესტი გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმების შეფასებისთვის: მოსმენილის გააზრება, წაკითხულის გააზრება, ინგლისური ენის ფორმისა და მნიშვნელობის შეცნობა. ტესტი მიზანშეწონილია ბავშვებისთვის 11 წლის ასაკიდან.
  3. TOEFL ITP – ეს უკვე საბოლოო ეტაპია, რომელიც 16+ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ამ ტესტის მიზანია ბავშვებს ის პრაქტიკა, ცოდნა და უნარ-ჩვევები შესთავაზოს, რომელიც დაეხმარება მათ ინგლისურის უკეთ აღქმაში, რაც გულისხმობს შემდეგს: თუ მოსწავლე გადაწყვეტს საზღვარგარეთ სწავლას, ინგლისურის უკეთ დაუფლებას, ის გამოცდილება, რომელსაც ამ ტესტის შედეგად მიიღებს, ამ ოცნებების ასრულების უფრო მეტ შანსს მისცემს.

Pearson English International Certificate Young Learners – ეს საერთაშორისო და გასართობი ინგლისური ენის გამოცდა არის 6-დან 13-მდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც Edexcel-ის მიერ არის იმპლემენტირებული, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მასშტაბური საგამოცდო ორგანიზატორი. ეს ტესტი ამოწმებს ბავშვების კრეატიულობასა და შემოქმედებითუნარიანობას, როგორ იყენებენ ისინი ფუნქციებსა და სტრუქტურებს რეალურ კონტექსტში, როგორ წარმოაჩენენ კონკრეტულ საკითხს საკუთარი ცოდნითა და ინტერპრეტაციით, რომელიც რეალურ მაგალითზე იქნება დაფუძნებული, რაც მას უფრო სამახსოვროს და მამოტივირებელს გახდის. ეს ტესტიც მოიცავს მოსასმენის, წერით და სასაუბრო ნაწილებს, რომლებიც ბაღის ასაკიდან დამწყები კლასების მოსწავლეებისთვის არის იდეალური.

Pearson International Certificate – ეს გამოცდა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინგლისურად არ საუბრობენ, ის მოიცავს მოსასმენ, წერით, კითხვით და სასაუბრო ნაწილებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება ინგლისური კომუნიკაციის გაუმჯობესება-შესწავლაში. გამოცდა შედგება ორი ეტაპისგან – წერითი ნაწილი, რომელიც ამოწმებს მოსმენილისა და წაკითხულის გააზრებას და წერით უნარ-ჩვევებს.

Language Cert English Test – როდესაც სამუშაოდ ან სასწავლებლად მიემგზავრებით გაერთიანებულ სამეფოში, ვიზაზე განცხადების შეტანისას მოგიწევთ ინგლისური ენის ცოდნის დამტკიცებას, LanguageCert კი სწორედ ასეთ ტესტებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომლის ჩაბარების შემთხვევაში, ვიზაზე განცხადების გაკეთებისას მხოლოდ სერტიფიკატის წარდგენა იქნება საჭირო და არა ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება. გამოცდა მოიცავს წერით, კითხვით, მოსასმენ და სასაუბრო ნაწილს, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რომლებიც საზღვარგარეთ, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში, გამგზავრებისას მოგეთხოვებათ.

Language Cert Spanish Test – LanguageCert-სა და CIUSAL-ს პარტნიორობის შედეგად გთავაზობთ ესპანური ენის გამოცდას. ტესტი ახალ ონლაინ პლატფორმას იყენებს, რომელსაც PeopleCert გთავაზობთ. ადამიანებს, ვისაც სურთ რომ საკუთარი ესპანური ენის შესაძლებლობები გამოავლინონ და/ან, თუნდაც სამსახურში წარმოადგინონ ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი ზუსტად მათთვის არის იდეალური ეს ტესტი, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც ესპანურს სწავლობენ და მოეთხოვებათ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

Language Cert Turkish Test – მაღალი ხარისხის თურქული ენის საკვალიფიკაციო ტესტი, რომელიც თურქულის, როგორც სამუშაო ენის, პოპულარიზაციას ემსახურება და ცდილობს განათლების მიღება თურქეთში საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რადგან თურქეთის უნივერსიტეტებში მოსახვედრათ აბიტურიენტებს C1 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი სჭირდებათ.

საცდელი ტესტების ნიმუშებისა და მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://www.englishbookexams.co.uk

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 28-29 ივნისს ბათუმში და მთელ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მე მახსოვს, რომ ედნარი არის ცოცხალი – აგვისტოს ომში დაღუპულის ცოლი

ქობულეთის სოფელ სახალვაშოში ერთ-ერთი დასახლება გმირის, ედნარ დიასამიძის სახელს ატარებს, მისივე სახელობისაა ადგილობრივი სკოლაც. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტი ედნარ დიასამიძე. მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წელს, 2023-ში, 15 წელი გადის აგვისტოს ომის ტრაგედიიდან და დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები იხსენებენ გმირებს, იმ დროს როცა მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.

ედნარ დიასამიძის ოჯახი წყენას ვერ მალავს ბოლო დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადების გამო, სადაც მან აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

ედნარის ბიძა, შოთა დიასამიძე იხსენებს ძმისშვილს და ომის პერიოდს:

„რიჟვაძე მართალია იმაში, რომ ომი რომ იყო, თვითონ სად ეგდო არ ვიცით. და ამათ უძახა, ლაჩრულადო… ასეთი გაუნათლებელი ხალხი იქ რად უნდათ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ? ეს არის ჩვენი თავმჯდომარე. თვითონ არ იყო, არსად არ იყო, ომში რომ წავიდა ძმისშვილი, ჰოდა, რა უნდა იგრძნო მაგისთვის, რა უნდა ქნა? რა უნდა თქვა?

ამას ადამიანი როგორ იკადრებს, როგორ უნდა თქვას? პირიდან როგორ უნდა გამოუშვას, რომ ლაჩრულად იომესო. იმიტომ, რომ თვითონ უძვრებიან რუსებს, ბოდიში..”

YouTube video player

„იყო [ედნარ დიასამიძე] ერთგული, მეომარი ადამიანი. უშიშარი. დათვის სოროში შეძვრებოდა დათვის გამოსაყვანად, ისეთი ადამიანი იყო. სად არ დადიოდა, კლდეებზე, მდინარეზე ბაწრით გადიოდა, რომ ჩავარდნილიყო, მოკვდებოდა. ვაჟკაცურად დაიღუპა. აქედან ჩავედით ქუთაისში, თითით ვიცანით. მკლავი ცალკე იყო. ბოდიში. 

სამშობლოს შესწირა თავი, რუსებს კი არა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. რუსი მოყვარე არასდროს არ გახდება“.

ედნარის მეუღლე, ჟუჟუნა დიასამიძე ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარეს განცხადებამ 15 წლის წინ განცდილი ტკივილი განუახლა. ის ამბობს, რომ დაღუპული მეუღლე არ უნახავს და რომ მისთვის ედნარი ისევ ცოცხალია:

„მე მითხრეს, რომ ედნარი საავადმყოფოშია და არ ინერვიულოო. თვითონ ისეთი იყო, რომ რამე რომ ასტკენოდა, ჩემ გარეშე არ გაჩერდებოდა. ვამბობდი, რომ ტელეფონი კი გაითიშა, მაგრამ ბიძიასთან მივედი და ვუთხარი, რომ მეც მოვდივარ-მეთქი. შენ იყავი და სახლში ჩამოვიყვანთო, ფეხი აქვს მოტეხილიო. რომ ჩახვალთ, დამალაპარაკეთ-მეთქი. გათიშეს ტელეფონები.

რაღაცნაირად მოვწყდი. ვთქვი, ავად არის და რატომ არის ამდენი ხალხი, ბევრი ხალხი რატომ არის, არ მივაქციე ყურადღება, ჩემს თავს ვამხნევებდი, რომ ბავშვიც ვერ მყავს კარგად, ვერ დადიოდა ფეხზე ოპერაცია გავუკეთეთ…უცებ მოიყვანეს მერე და მას შემდეგ უკვე აღარ მახსოვს არაფერი“.

ჟუჟუნა დიასამიძე

„მე არ დამინახავს [ცხედარი], მე მახსოვს, რომ ედნარი არის ცოცხალი. ნელ-ნელა ვუმკლავდები ყველაფერს. დახმარებებია თუ რაღაცაა, მის დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. მე  არსად არ ვმუშაობ, სად არის ისეთი ადგილი, რომ ვიმუშაო, გზა, წავიდე-მოვიდე. 

„მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გული გვატკინეს. თორნიკე რიჟვაძემ ძალიან გული გვატკინა. მე კი არა, ყველას გული გვატკინა. ძალიან გული გვტკივა და მაგას არავინ არ ვაპატიებთ. არც მისი ბოდიში გვინდა და არაფერი არ გვინდა, სჯობს დატოვოს და წავიდეს მისი ფეხით. მეტი რა უნდა თქვა“.

ეთერ დიასამიძე, ედნარის ბიძაშვილი იხსენებს მას, როგორც მამაც და შეუპოვარ ადამიანს:

„34 წლის ასაკში დაიღუპა. 34 წლის ასაკში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრებას თავიდან იწყებს. და ეს ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა გმირი ისეთი თავდადებული, წარმატებული, ისეთი მეომარი და მებრძოლი ბიჭი იყო, რომ თავი გასწირა თავისი სამშობლოსთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი ახლობლებისთვის. როგორც ასეთი იყო მედგარი, უშიშარი და შეუპოვარი ადამიანი”.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 225 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 4 031 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 820 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 4 055 ერთეული [+21]
  • MLRS – 624 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 385 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 482 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 259 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 751 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 557 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 798 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 356 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 131 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 238 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 197 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

პრიგოჟინთან კავშირი გაწყვეტილია – რუსული მედია

ბავშვებს აქვთ ყველაფერი, წლებია მათთვის არ მიყიდია რძე, ტანსაცმელი – ემიგრანტი ქალი საფრანგეთიდან

ქრისტინე კიკაბიძე ემირაციაში 6 წლის წინ წავიდა. ნიცასა და მარსელს შორის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს პატარა ქალაქში ცხოვრობს ბოლო სამი წელია. თავიდან პარიზში ცხოვრობდა ქმართან ერთად, ბოლოს საფრანგეთის სამხრეთში გადავიდნენ, სადაც კლიმატი დასავლეთ საქართველოს მსგავსია – ქრისტინე ქუთაისიდანაა, ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმშიც.

ემიგრაციაში მეუღლესთან ერთად წავიდა. ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი, რატომაც გეგმავს ხანგრძლივად  საფრანგეთში ცხოვრებას, ბავშვებისთვის იდეალური პირობებია. ქრისტინეს და მის მეუღლეს ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების უფლება ჯერ არ აქვთ,  საჭირო დოკუმენტების შეგროვება ხანგრძლივი პროცესია.

როცა საფრანგეთში ჩავიდნენ თავშესაფარი მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დარჩნენ ქვეყანაში და მუშაობა დაიწყეს. მერე 2 შვილი გაუჩნდათ.

  • „ჩემი შვილები იზრდებიან გარემოში, სადაც ადამიანებს არ განასხვავებენ ერთმანეთისგან არაფრის მიხედვით“

ქრისტინეს თქმით, საფრანგეთი ბავშვებისთვის იდეალური ქვეყანაა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მშობლებს იქ მუშაობის და ცხოვრების უფლება ჯერ არ აქვთ:

„ჩვენს ბავშვებს აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. წლებია მათთვის არ მიყიდია საფენები, რძე, ტანსაცმელი. ყველაფრით გვამარაგებენ და არ გვეშინია, რომ მოშივდებათ, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი.

არ მეშინია ჯანმრთელობის პრობლემა რომ შეექმნათ და რამე დასჭირდეთ, არ მაქვს საფიქრალი, რომ ვერ შევძლებ მკურნალობის თანხის გადახდას, სახელმწიფო ყველა სახის სამედიცინო ხარჯს ფარავს.

აქ არავინ რჩება მშიერი. არსებობს სახელმწიფო კვების ბანკი და აქვს თავისი ფილიალები, მაღაზიები.

მიხარია, რომ ჩემი შვილები იზრდებიან გარემოში, სადაც ადამიანებს არ განასხვავებენ ერთმანეთისგან არაფრის მიხედვით, შავკანიანი იქნება, თეთრკანიანი, წვრილთვალება, ხელნატკენი თუ ფეხნატკენი, ეს მიხარია…

საფრანგეთში ვმუშაობდი დამლაგებლად, ძიძად და არასდროს მიგრძვნია რაიმე სახის უხერხულობა დამსაქმებლებისგან, დამამცირებელი დამოკიდებულება. ამიტომ ვაფასებ ევროპას, შენ ხარ ჩვეულებრივი, ყველას მსგავსი ადამიანი, მიუხედავად შენი საქმიანობისა და პროფესიისა.

ქრისტინე მეგობართან ერთად, საფრანგეთი

სახელმწიფოს სახეა ხანდაზმულებისა და ცხოველების დაცვა. პენსიონერები აქ მუდამ მომღიმარები არიან, ფეხმოტეხილ, მიუსაფარ ძაღლს ან კატას ქუჩაში ვერ ნახავ – თუ ასეთ ცხოველს აიყვან, სახელმწიფო ფულს გიხდის. ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოში რომ ჩამოვალ, არ ვიცი როგორ შევეგუები გარემოს, რაც დამხვდება“, – ამბობს ქრისტინე.

  • ძილი სადგურში, კარავში და სენის სანაპიროზე

ემიგრაციის პირველი თვეები ოჯახისთვის ძალიან რთული იყო. ქრისტინე და მისი მეუღლე ერთი კვირა სადგურში ცხოვრობდნენ, მერე სენის სანაპიროზე… სამი თვე ეძინათ კარავში.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტინემ იცის ინგლისური, რუსული, ესპანური და უკრაინულ ენები, კომუნიკაცია გაუჭირდა – მისი თქმით, ფრანგებს ურჩევნიათ ფრაგულად გესაუბრონ არატურისტულ ქალაქებში. ამიტომ თავიდან რუსულენოვან დამსაქმებლებთან უწევდა მუშაობა, მერე ნელ-ნელა ფრანგულიც ისწავლა:

„დღემდე გვაქვს პრობლემები, მუშაობის და ბინადრობის უფლების გარეშე „შავად“ მუშაობ – მე დამლაგებლად, ძიძად, ჩემი მეუღლე ხელოსნად ან მშენებლობაზე. სხვაგვარ სამსახურს საბუთების გარეშე ევროპაში ვერ იპოვი. ასე ვწვალობთ მეექვსე წელია, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.

მე და ჩემს ქმარსაც გვაქვს დაზღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მუშაობის და ბინადრობის უფლება არ გვაქვს. სტომატოლოგთანაც კი არ გვეშინია მისვლის, დაზღვევა ამასაც ანაზღაურებს.

როცა ბინადრობის უფლების მოლოდინში ხარ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენს ქვეყანაში ვერ ბრუნდები, ორი კვირითაც კი. თუმცა ჩვეულებრივად მუშაობ, უფლება წესით არ გაქვს, მაგრამ არც არავინ გიკრძალავს.

ჩვენც გვიღირს აქ ვიყოთ და დაველოდოთ დოკუმენტების მოწესრიგებას. ბანკის სესხი აქ 3%-ია, ელექტროტექნიკაზე განვადება 0%-იანი, მათ შორის მანქანებზეც.

ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაცია რთული არ არის თუ ენა იცი, უყვართ ლაპარაკი, გაზიარება. ძალიან გახსნილები არიან ფრანგები, ბევრი მეგობარი და მეზობელი გვყავს, აფასებენ ადამიანურ ურთიერთობებს“, – ამბობს ქრისტინე.

მუშაობას მოხალისეობრივ საქმიანობასაც უთავსებს ორგანიზაციაში, სადაც სოციალურად დაუცველებს და ახალჩამოსულ ემიგრანტებს ეხმარებიან. ბიუროში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებს – რუსული, ინგლისური და უკრაინული ენების ცოდნა აქ გამოიყენა:

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა საფრანგეთში და ჩვენ ორგანიზაციაშიც ბევრი უკრაინელი მოდის. მიხარია, რომ ჩემი მეორე მშობლიური ენის, უკრაინულის ცოდნა გამომადგა“, – ამბობს ქრისტინე.

ქრისტინეს დედა ქუთაისში მცხოვრები უკრაინელია, ბებია, 89 წლის ელენე სვენციცკაია, რუსების მიერ ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში 2022 წლის აგვისტოში გარდაიცვალა შიმშილით და უწყლობით. რუსულმა არმიამ მაშინ ლისიჩანსკი არტილერიით, ტანკებითა და თვითმფრინავებით დაბომბა.

  • ვმუშაობდი დილის ცხრიდან საღამოს 11-მდე, დასვენების დღე არ მქონდა. ვეღარ დავბრუნდები იქ, სადაც ვიყავი

ქრისტინე გვიყვება, რომ საქართველოს დატოვება რომელიმე ერთი მიზეზით არ გადაუწყვეტია. ამოწურული მქონდა ყველა ფიზიკური და ფინანსური რესურსიო, ამბობს. ყველაზე დიდი პრობლემა, მისი დაკვირვებით, ბანკის მაღალი საპროცენტო განაკვეთია, რის გადახდასაც ხშირად ვეღარ უმკლავდებიან:

ქრისტინე კიკაბიძე შვილებთან ერთად, საფრანგეთი

„ბანკის ვალი რომ დაფარონ ადამიანებმა საქართველოში, ხშირად ისევ კრედიტს იღებენ. მეც ასე დამემართა, ვეცადე მემუშავა ყველგან, ერთი წუთით არ დამისვენია, მაგრამ არ მყოფნიდა ხელფასი, ვალებისთვის. ხელფასი ექვსი წლის წინ 300 ლარი მქონდა საქართველოში“, – ამბობს ქრისტინე.

უკრაინაში უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა და ქუთაისში დაბრუნდა, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში დაიწყო მუშაობა მენეჯერად:

„ვამოწმებდი ოთახების სისუფთავეს, უნდა მეწარმოებინა შემოსავლების მონიტორინგი და წარმედგინა ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერისთვის, უნდა მეკონტროლებინა ადმინისტრატორები, მრეცხავები, ხშირად მრთავდნენ რესტორნის საქმიანობაშიც, როცა ტურისტების ჯგუფები მოდიოდნენ და თარჯიმანი იყო საჭირო. ეს იყო თავდაუზოგავი შრომა დილიდან საღამომდე 300 ლარად. სამსახურიდან წამოვედი მაშინ, როცა სასტუმროს მფლობელი შემოვიდა ოთახში, მე კი ფეხზე არ ავდექი. გამკიცხეს და მეჩხუბნენ. არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ ოთახში ვინმეს შემოსვლის გამო ფეხზე უნდა ავმდგარიყავი, რომის იმპერია გვაქვს? წამოვედი სამსახურიდან“, – იხსენებს ქრისტინე.

მერე ბათუმში დაიწყო მუშაობა ერთ-ერთი სასტუმრო-რესტორნის ბარისტად, სადაც, როგორც თავად გვიყვება, ხელფასი არ გადაუხადეს:

„ეს იყო სასტუმროს რესტორანი, სადაც ძირითადად მხოლოდ საუზმე და სასმელი გვქონდა ამავე სასტუმროში დაბინავებულებისთვის. დავაკვირდით მე და მზარეული, რომ ხალხი შუდღეზეც ითხოვდა კვებას, მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა. ვუთხარით მფლობელს, რომ დიდი მოთხოვნა იყო შუადღისას წვნიან კერძებზე და გააკეთეთ მერეო, ასე გვიპასუხა. ყველაფერი ჩვენით დავგეგმეთ, მენიუც ჩვენით შევადგინეთ, შუადღისას, როცა არც იყო განსაზღვრული კვება, რესტორანი ხალხით ავავსეთ, ფაქტობრივად ბიზნესი გავუმართეთ და თვის ბოლოს ხელფასი, 300 ლარი არ გადამიხადა, დანაკლისი გაქვს სასმელშიო, რაც გამორიცხული იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ასე დააკლეს ხელფასი მზარეულს და ბუღალტერსაც.

ვმუშაობდი დილის ცხრიდან საღამოს 11 საათამდე, დასვენების დღე არ მქონდა. ვეღარ დავბრუნდები იქ, სადაც ვიყავი. საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როცა ფინანსურად ძლიერად ვიგრძნობ თავს“. – ამბობს ქრისტინე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში დაბრუნდა 39 526 მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში იყო. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოდან 108 590 ადამიანი წავიდა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის თხოვნით 2022 წელს საქართველოს 8867-მა მოქალაქემ მიმართა საფრანგეთის სახელმწიფოს. რაც 2021 წლის ამავე მონაცემებს  92,8 %-ით აღემატება.

ავღანეთი, ბანგლადეში, თურქეთი, საქართველო და კონგოს დეოკრატიული რესპუბლიკა – ეს ის პირველი ხუთი ქვეყანაა, საიდანაც ყველაზე მეტი მოქალაქე ითხოვს ყოველწლიურად საფრანგეთში თავშესაფარს.

წყარო: საფრანგეთის შინაგან საქმეთ სამინისტრო

პრიგოჟინთან კავშირი გაწყვეტილია – რუსული მედია

„პუტინმა პრიგოჟინი შესაძლოა ბელარუსში მოკლას“ – წერს CNN-ი. „შესაძლოა პრიგოჟინს შოიგუს და გერასიმოვის გათავისუფლებას დაჰპირდნენ“ – ამას წყაროებზე დაყრდნობით „უკრანისკა პრავდა“ ავრცელებს. „პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის „კავშირზე არ გამოდის“ – ეს უკვე რუსული მედიის სათაურია. „პუტინი არსად იყო“: მედიამ შეიტყო, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება პრიგოჟინთან“, – ესეც მორიგი სათაურია, რომელიც დღეს გავლენიანმა მედიებმა „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს მიუძღვნეს მას შემდეგ, რაც ის ერთი დღით აჯანყდა, შემდეგ კი ამბოხი შეწყვიტა და ბელარუსში „გაემგზავრა“.

CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, რომელსაც ტელეკომპანია ციტირებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ვაგნერის“ ლიდერს ამბოხს არ აპატიებს:

„პუტინი არ პატიობს მოღალატეებს. პუტინმა თუნდაც თქვას: „პრიგოჟინ, წადი ბელარუსში“, ის მაინც იქნება მოღალატე. ვფიქრობ, პუტინი ამას არასოდეს აპატიებს…

მე პუტინი რომ ვყოფილიყავი, ვინერვიულებდი როსტოვის ქუჩებში იმ ხალხის გამო, ვინც „ვაგნერის“ მებრძოლებს გადაადგილებისას ამხნევებდა.

რიგითი რუსები ქუჩაში რატომ ესალმებოდნენ იმ ხალხს, ვინც ახლახან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა? ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ისინი მოსწონთ და მათ მხარს უჭერენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი ამბავია პუტინისთვის“, – ციტირებს CNN-ი მოსკოვის ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს.

CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ პრიგოჟინი „მოკლან ბელარუსში“, მაგრამ ეს რთული დილემაა მოსკოვისთვის, რადგან სანამ პრიგოჟინს „აქვს რაიმე სახის მხარდაჭერა, ის სახიფათოა, სადაც არ უნდა იყოს“.

„უკრაინსკა პრავდა“ კი ქვეყნის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა „ვაგნერის“ ლიდერს დაჰპირდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისა და სხვა რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი სამხედრო ჩინოვნიკის თანამდებობიდან გადაყენებას.

კრემლსა და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით „მედუზა“ წერს, რომ 23 ივნისს ამბოხებულ პრიგოჟინთან მოლაპარაკებას ცდილობდა პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია, მაღალი რანგის სამხედროები, „მაგრამ მისი ქცევა იყო იმგვარი, რომ რთული გასაგები იყო, რაზე უნდა გელაპარაკა მასთან“.

24 ივნისის შუადღის შემდეგ კი პრიგოჟინი თავად ცდილობდა პუტინთან კავშირზე გასვლას, მაგრამ „მედუზას“ ინფორმაციით, რომელიც კრემლთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა, პუტინმა მასთან საუბარი არ ისურვა.

„მედუზას“ წყაროს თქმით, პრიგოჟინი, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ „გადააჭარბა“ და „მისი დაჯგუფების გადაადგილების პერსპექტივა ბუნდოვანია“. იმ დროისთვის „ვაგნერელები“ მდინარე ოკას უახლოვდებოდნენ – რუსეთის არმიამ და ეროვნულმა გვარდიამ კი სწორედ იქ გადაწყვიტა „ვაგნერელების“ წინააღმდეგ თავდაცვის პირველი ხაზის აგება.

პრიგოჟინის განწყობის შეცვლის შემდეგ კი, კრემლი თითქოს აღარ წავიდა „სისხლიანი შეტაკებაზე“, წერს „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით.

რუსული მედიის თანახმად, ამ დროისთვის უცნობია, სად იმყოფება ევგენი პრიგოჟინი. მისმა პრესსამსახურმა მედიას განუცხადა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი მას შემდეგ უპასუხებს ყველა კითხვას, როდესაც „ექნება ნორმალური კომუნიკაცია“.

___

ამავე თემაზე:

„ამბოხი“ დასრულდა – რა ბედი ეწვევა პრიგოჟინს?

რატომ არის საშიში პოდაგრა და როგორია მისი მკურნალობა – ექიმის რჩევები

პოდაგრა ართრიტის გავრცელებული და რთული ფორმაა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. მას ახასიათებს ტკივილის უეცარი, ძლიერი შეტევები, შეშუპება, სიწითლე და მგრძნობელობის მომატება ერთ ან რამდენიმე სახსარში, ყველაზე ხშირად ტერფის პირველ თითთან.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრისრევმატოლოგი, ხათუნა გერმისაშვილი ამბობს, რომ პოდაგრა არ არის მხოლოდ სახსროვანი პრობლემა, „მან შეიძლება გამოიწვიოს სახსრების გამოხატული დეფორმაციები, ქვეამოვარდნილობებიასევე ეს გახლავთ რისკფაქტორი გულსისხლძარღვთა დაავადებების, თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებისთვის და შემდგომში შესაძლოა თირკმლის ქრონიკული უკმარისობაც განვითარდეს ასეთ პაციენტებში“.

  • ქალბატონო ხათუნა, რა პათოლოგიაა პოდაგრა?

პოდაგრა, იგივე „ნიკრისის ქარი“, გახლავთ ნატრიუმის მონო ურატების (შარდმჟავა მარილები) დაგროვების დაავადება, როცა აღნიშნული მარილები სისხლის პლაზმასა თუ შრატში აჭარბებს 6.8 მგ/დლ-ს – ეს მდგომარეობა ცნობილია ჰიპერურიკემიის სახელით.

შარდმჟავა მარილების დაგროვება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის კონკრეტული ვარიანტის, კერძოდ, პურინული ცვლის დარღვევის შედეგია. ჰიპერურიკემია, თავის მხრივ, წინაპირობაა პოდაგრული ართრიტის განვითარების და ასევე, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე და ენდოკრინული სისტემების დაავადებათა რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ჭარბი რაოდენობით შარდმჟავა გროვდება სისხლში და შესაძლოა ჩალაგდეს სახსრების გარშემო წვეტიანი კრისტალების სახით – Podagra.ge.

  • რა შეიძლება იყოს პოდაგრის გამომწვევი რისკ-ფაქტორები?

რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს არამოდიფიცირებადი, ანუ რასაც ვერ ვცვლით, მაგალითად: ასაკი, სქესი, გენეტიკური ფაქტორი – იმ ფერმენტის უკმარისობა, რომელიც მონაწილეობს შარდმჟავა მარილების ცვლაში;

ასევე მოდიფიცირებადი: ეს გახლავთ ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევა, მეტაბოლური სინდრომი, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, დიეტური ფაქტორები – კერძოდ, პურინებით მდიდარი საკვების ჭარბი მოხმარება, ალკოჰოლის, განსაკუთრებით, ლუდის, მოხმარება; ასევე,ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს შარდმჟავა მარილების კონცენტრაციის მომატებას სისხლში, მაგალითად, ასპირინის ჯგუფის პრეპარატები, შარდმდენი საშუალებები.

არტერიული ჰიპერტენზია რისკ-ფაქტორია შარდმჟავა მარილების დაგროვების, თავის მხრივ, შარდმჟავა მარილების ჭარბი კონცენტრაცია არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკ-ფაქტორი თავად არის.

ძირითადად კაცებისთვის არის დამახასიათებელი, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ, თუმცა 20 წლის ასაკიდანაც შეიძლება დაიწყოს და ძალიან იშვიათად ბავშვთა ასაკშიც, რომელიც უკვე ცალკე სინდრომის სახით არის განხილული.

პოდაგრა ქალებშიც გვხვდება, შედარებით უფრო ნაკლები სიხშირით და უფრო მენოპაუზის შემდეგ.

  • როგორი ნიშნებით ხასიათდება პოდაგრა საწყის ეტაპზე?

ჰიპერურიკემია, იგივე შარდმჟავა მარილების კონცენტრაციის მატება ზღვრულ ნორმაზე მეტად, შესაძლოა, კლინიკური გამოვლინებების გარეშე, ანუ ასიმპტომურად მიმდინარეობდეს. ე.ი. გვქონდეს შარდმჟავა მარილების მატება სისხლში, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში პაციენტს არანაირი სიმპტომი აღენიშნებოდეს.

პოდაგრულ შეტევას ძირითადად, კლასიკური გამოვლინება ახასიათებს. იწყება მოწმენდილ ცაზე, ხშირად გამთენიისას. პაციენტი იღვიძებს ძლიერი ტკივილით. სახსროვანი ტკივილი მწვავე ხასიათისაა, გამოხატულია ადგილობრივი სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, მოძრაობის შეზღუდვა. სიმპტომების სიმწვავე მაქსიმუმს აღწევს 12-დან 24 საათამდე; შესაძლოა, გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან, რამდენიმე კვირამდეც კი. თუმცა პოდაგრულ შეტევას ზოგჯერ თვითგანკურნების ტენდენციაც ახასიათებს.

პოდაგრული შეტევის ყველაზე ტიპური ლოკალიზაცია გახლავთ ტერფის პირველი თითი; შესაძლოა სხვა სახსრების, მაგალითად, მუხლის სახსრის ანთებითი ხასიათის ტკივილითა და შეშუპებით გამოვლინდეს.

  • რა კავშირშია პოდაგრასთან ტერფის შიდა მხარეს გაჩენილი, კოჟრის მსგავსი დეფორმაცია?

ამ მდგომარეობას არასწორად არქმევენ პოდაგრას. რეალურად ეს გახლავთ hallux valgus, რომელიც უპირატესად ქალებში გვხვდება და რასაც ტერფის დეფორმაცია და ბიომექანიკის დარღვევა ახასიათებს. ძირითადი მიზეზებია: ბრტყელტერფიანობა, ჭარბი წონა, მემკვიდრეობითი ფაქტორი, არაკომფორტული ფეხსაცმელი და სხვ. პოდაგრული ართრიტის დროს კი ადგილობრივად შეშუპების და დეფორმაციის მიზეზი სახსარში შარდმჟავა მარილების დაგროვებაა.

  • როგორ პროგრესირებს დაავადება?

პირველი პოდაგრული ართრიტის შეტევა, შესაძლოა, ხანგრძლივი რემისიის ფაზაში გადავიდეს, ანუ განმეორებითი შეტევა, რამდენიმე წელიც კი აღარ გვქონდეს; თუმცა ეს ინტერვალები ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაბალანსებულია შარდმჟავა მარილების კონცენტრაცია სისხლში.

შემდგომი ეტაპი გახლავთ შარდმჟავა მარილების ჩალაგება ტოფუსების სახით, რაც ქრონიკული ტოფუსური პოდაგრულ ართრიტს წარმოადგენს. ამ დროს შარდმჟავა მარილები უკვე კალციფიცირებულია და კრისტალების სახით ლაგდება შემაერთებელ ქსოვილში; არა მარტო სახსრებში, არამედ შინაგან ორგანოებში, ყურის ნიჟარებში, სკლერაშიც კი. შეხებით უმტკივნეულოა, ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ძვალში განვითარებული ტოფუსი რენტგენოლოგიურად ძალიან კარგად ვიზუალიზდება და „სახვრეტელას“ სიმპტომით არის ცნობილი.

  • რატომ არის საზიანო ეს დიაგნოზი და მისი უყურადღებოდ დატოვება?

შარდმჟავა მარილების სიჭარბე სისხლში, არ არის მხოლოდ რევმატოლოგიური პრობლემა. გარდა იმისა, რომ შესაძლოა განვითარდეს სახსრების გამოხატული დეფორმაციები და ქვეამოვარდნილობები, შარდმჟავა მარილების სიჭარბე გახლავთ რისკ-ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა, თირკმელკენჭოვანი დაავადებების განვითარებისთვის და შესაძლოა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მიზეზიც გახდეს.

ეს გახლავთ ენდოკრინოლოგიური პრობლემაც, რადგან ასოცირდება მეტაბოლურ, ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევასთან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის ნორმალური დონის შენარჩუნება, რომ არ მოხდეს შემდგომი გართულებები.

„შარდმჟავა მარილების განსაზღვრა სისხლში“ შეტანილია რუტინულ კვლევებში, რადგან ჰიპერურიკემია გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემათა დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენ.

  • მკურნალობა როგორია?

მკურნალობა, პირველ რიგში, მოიცავს შეტევის კუპირებას და შემდეგ ჰიპერურიკემიის მართვას, რომ შარმდჟავა მარილების ნორმალური კონცენტრაცია შევინარჩუნოთ სისხლში.

შეტევის კუპირება ნიშნავს, ტკივილის, შეშუპების მოხსნას, თავისუფალი მოძრაობის უზრუნველყოფას, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, შეტევამ შეიძლება გაიაროს რამდენიმე დღეში.

შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, თანმხლები დაავადებების და ანთებითი სახსრების რაოდენობის გათვალისწინებით. ეს გახლავთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდული საშუალებები, შესაძლოა ჩატარდეს სახსარშიდა ინექცია;

შემდეგი ეტაპი გახლავთ შარდმჟავა მარილების სამიზნე ციფრის მიღწევა და მისი შენარჩუნება სისხლში. ტარდება მედიკამენტური მკურნალობა წარმოქმნილი მარილების კონცენტრაციის შემცირების ან მათი გამოყოფის გაძლიერებისთვის, ორგანიზმში რომ არ დაგროვდეს.

  • როგორია კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ვიწყებთ პაციენტის მართვას, არის დიეტა – რადგან პოდაგრა პურინული ცვლის დარღვევის შედეგია, კვების რაციონი უნდა იყოს სწორად შერჩეული. უნდა გამოირიცხოს პურინებით მდიდარი საკვები: ცხოველური ცხიმები, ზღვის და შებოლილი პროდუქტები, კონსერვები, ასევე პარკოსნები, ხორცის ნახარშები, წითელი ხორცი, შიგნეულობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ალკოჰოლის, განსაკუთრებით, ლუდის ამოღება რაციონიდან. ზოგჯერ პოდაგრული ართრიტის პირველი გამოვლინების პროვოცირება, სწორედ, ლუდის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

დანგრეული „რესპუბლიკური“ და შეწყვეტილი 6,6 მლნ ტენდერი – ვინ ააშენებს სასწრაფოს შენობას

ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟსა და ამ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 6 676 011 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი სამმართველომ შეწყვიტა და აღარ გამოუცხადებია.

„რესპუბლიკურის“ შენობა კი უკვე დაანგრიეს.

„ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე არსებული შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის“ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში მერიის სამმართველოს 146 299 ლარი აქვს გადახდილი, ინდმეწარმე ლერი ვერძაძისთვის.

ლერი ვერძაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ შენობა მისი პროექტით არ დაუნგრევიათ. მან არ იცის, ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოიყენებენ თუ არა მის მიერ მომზადებულ პროექტს, თუნდაც შეცვლილს.

„პროექტი ჩემგან შეისყიდა მერიის სამმართველომ და მისი საკუთრებაა. უნდა მომმართავს კორექტირებისთვის, უნდა თავად შეიტანს ცვლილებებს. ჩემთვის დღემდე არ მოუმართავთ. რას იზამენ არ ვიცი, ახალი შენობა ჩემი პროექტით თითქოს ოდნავ გადადიოდა იქვე რესპუბლიკურის სკვერშიო და სკვერზე შეხების უფლება არ მისცესო, ვერ გეტყვით“, – გვითხრა ლერი ვერძაძემ.

დემონტაჟის პროექტის მიხედვით, რომლითაც ტენდერი იყო გამოცხადებული, „საპროექტო არეალში არსებული ხე-ნარგავების უმეტესობისთვის, გათვალისწინებული იყო გადასარგავი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, ტერიტორიის მოსასწორებელი სამუშაოების შემდგომ“.

ეს პროექტი დემონტაჟისას არ გამოიყენეს, იქვე არსებული მრავალწლიანი ნარგავების უმეტესობა კი, გაჩეხეს:

ყოფილი რესპუბლიკურის ტერიტორია ბათუმში, სადაც ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ [ფოტოზე მარჯვნივ] ყველა ხე გაჩეხილია / 24.06.2023
გაჩეხილი ხეები ბათუმის „რესპუბლიკურის“ ეზოში – 24.06.2023

ვინ დაანგრია შენობა? იყო თუ არა დემონტაჟის პროექტი და ნებართვა, მათ შორის ხეების გაჩეხვაზე? ვინ უნდა ააშენოს ახალი შენობა და რა პროექტით? რა ბედი ეწევა პროექტს, რომელშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 146 ათასი ლარია გადახდილი? რაში დაიხარჯება ის 6,6 მილიონი ლარი, რაც აქ ბათუმის ბიუჯეტიდან უნდა დახარჯულიყო?  – ამ და სხვა კითხვებზე დეტალური პასუხების მისაღებად „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასაც მიმართა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც. არცერთი ამ უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა „საბა კონსტრაქშენმა“ დაანგრია. ეს ის კომპანიაა, რომელმაც „რესპუბლიკურის“ ახალი შენობა ააშენა.

ბათუმში 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობა თავდაპირველი ხელშეკრულებით 2018 წლის 18 მაისამდე უნდა აშენებულიყო. ის 2020 წლის 16 აპრილს გაიხსნა, – თავდაპირველად, როგორც ცხელების ცენტრი და შემდეგ კოვიდკლინიკა.

„საბა კონსტრაქშენს“ ჰქონდა დემონტაჟის ვალდებულება თავის დროზე და ახლა დაანგრევინეს. მგონი ქვეკონტრაქტორს დაანგრევინა. ვის, არ ვიცით“, – გვითხრეს „რესპუბლიკურში“.

„საბა კონსტრაქშენთან“ 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში დემონტაჟთან დაკავშირებით აღნიშნულია:

თუ ვალდებულება ჰქონდა კომპანიას, მაშინ რატომ გადაიხადა ფული ბათუმის მერიამ [სამმართველომ] ცალკე დემონტაჟის პროექტში, რომლითაც არ უსარგებლიათ? იყო თუ არა და რატომ, კომუნიკაცია მერიას და სამინისტროს შორის? – პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს.

აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, გამოდის, რომ „საბა კონსტრაქშენს“ დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები 1 ლარად გადასცეს.

ბათუმის „რესპუბლიკურის“ შენობის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მეორადი მასალების გარკვეული ნაწილი / 24.06.2023

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2023 წლის 9 იანვარს გამოაცხადა და ის, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე, 20 თებერვალს შეწყვიტა.

ამ ტენდერში შპს „დს კონსტრაქშენი“ მომსახურებას [ძველი შენობის დემონტაჟს და სასწრაფოს ახალი შენობის აშენებას] მერიის სამმართველოს 6 609 251 ლარად სთავაზობდა.

სამმართველოს სატენდერო კომისიის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ 20 თებერვალს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მიიღეს წერილი, რომ „შესაძლოა ახალი შენობის პროექტში საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა“:

სამმართველოს სატენდერო კომისიის 20 თებერვლის ოქმიდან

„ეს იყო მერიის ქვეპროგრამა, რომელიც გაუქმდა და აღარ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. შესაბამისად, არც ფინანსები გადანაწილებულა სადმე სხვა მუხლებში. დეტალები შეგიძლიათ მერიაში მოიკითხოთ“, – გვითხრეს სამმართველოში.

გამოდის, რომ სამმართველომ 6,6-მილიონიანი ტენდერი ისე გამოაცხადა, ფული არ ჰქონდა. ჰქონდა თუ არა ფული ქალაქის მერიას, ან თუ ჰქონდა, რომელ ღონისძიებებზე გადაანაწილა, ამ დროისთვის არც ეს ვიცით.

  • ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, „რესპუბლიკურის“ არსებული შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის ქვეპროგრამისთვის 2023 წელს 1 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო [ბიუჯეტში იყო შენიშვნა, რომ ეს „მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2023-2024.წ.) შეადგენს 4 500 000 ლარს“].
  • ქალაქის ბიუჯეტში 13 თებერვლის ცვლილებით, შენიშვნა ასე შეიცვალა: „სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2023-2024.წ.) შეადგენს 6 676 011,36 ლარს“.
  • 28 აპრილის ცვლილებით კი, ეს ქვეპროგრამა – [„ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება“] – ქალაქის ბიუჯეტიდან საერთოდ ამოიღეს.

სამმართველომ ტენდერი 20 თებერვალს შეწყვიტა. მომდევნო დღეს, 21 თებერვალს კი, აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ სასწრაფოსთან ერთად, ბათუმის #1 პოლიკლინიკის ახალი შენობაც აშენდებოდა – „რესპუბლიკურის“ ეზოში.

განახლებული სკვერი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ეზოში / 24.06.2023

ბათუმის „რესპუბლიკურის“ ეზოში იყო სკვერი, რომელიც ახალი შენობის მშენებლობისა თუ ძველის დემონტაჟის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მთლიანად შეინარჩუნეს. სკვერის რეაბილიტაციაში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 246 785 ლარი გადაიხადა. ტენდერი 302 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.

მერიის სამმართველოს მიერ შეწყვეტილი ტენდერის დეტალები კი, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

Exit mobile version