მთავარი,სიახლეები

„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

27.06.2023 • 4997
„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

„ვიბრძვი, რომ ყველა ეტაპი რაღაცნაირად გადავლახო, მარტოხელობა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი, რომელიც 5 წლის ლუკასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რასთან უწევს გამკლავება, როგორც მარტოხელა დედას.

„6 წელია აქ ვარ, გაუსაძლისი პირობებია“, – ნონა ქვის იატაკს დაჰყურებს და მერე აივნისკენ იმზირება: აივნის კართან ცემენტის ტომრებზე ქალს გაზქურა მოუწყვია, გაზის ბალონი კი, აივანზე გაუდგამს. ნაქირავები ბინის მისაღები ოთახი და საძინებლის კედლები ერთჯერადად დაუმუშავებიათ, ელექტროგაყვანილობის კაბელები კედლის გარეთაა, ერთმანეთში ახლართული – ლუკას ხელის გაწვდენაზე.

ლუკა აივანზე გადის და მერე ისევ დედასთან ბრუნდება. ნონა ხელით გვანიშნებს, გავლის დროსაც როგორ დგება ოთახში ცემენტის მტვერი.

ნონა რკინის საწოლის ერთ კიდეში ჯდება, ლუკაც მასთანაა:

„ამ ბინაში 400 ლარს ვიხდი, მოუწყობელია და ამიტომ, თორემ ისე მეტს მოგვთხოვდა… წყალიც კი არ იყო, ქვემოდან ვეზიდებოდი. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ გჭირდება წყალი დღეში, როცა პატარა ბავშვი გყავს. ახლა მომიწყვეს სააბაზანო.

მე-6 წელია ბათუმში ვცხოვრობ, ნაქირავებში… ჩვენი შემოსავალი თვეში 230 ლარია, სოციალური შემწეობა და უფასო სასადილო.

დავდივარ და ბინებს ვალაგებ, სალონებს დავივლი, მაღაზიებს და ჩემი ტელეფონის ნომერს ვტოვებ. ზოგჯერ 50 ლარს მიხდიან ერთი ბინის დალაგებაში ან 40 ლარს, გააჩნია ფართობს, რამდენია დასალაგებელი.

რთულია ბინების დალაგება, რთული, ისევე, როგორც ცხოვრება.

ამ დროს ლუკას ახლობელთან ვტოვებ, ბაღშიც ვერ მივიყვანე. როცა გავიარეთ რეგისტრაცია, გვითხრეს, რომ ადგილი აღარ არის,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი და ლუკას მაგიდასთან სვამს, მურაბას უსხამს და პურს უჭრის. ნონას თქმით, სასადილოდან ყოველდღე მოაქვს საჭმელი, თუმცა ის ზოგჯერ საკმარისი არ არის, ან ლუკას საკვები არ მოსწონს.

„რამდენზე გაანაწილებ სოციალურ შემწეობას – 230 ლარს?“ – კითხულობს მარტოხელა დედა და მულტფილმს ადევნებს თვალს, პულტით ხმას დაბლა უწევს და სავარძელში ჯდება.

– ბოლოს რის ყიდვა ვერ შეძელით? – ვეკითხები ნონა ხიმშიაშვილს.

– „მარწყვის“ – პაუზის შემდეგ უხერხულად გვპასუხობს ის და ამატებს, ქირის ფული რომ ჰქონდა შესაგროვებელი და მარწყვში ვერ გადაიხდიდა 7 თუ 8 ლარს.

„ლუკა, როცა ვიმუშავებ და მოვიტან, მაშინ ვიყიდოთ-მეთქი. არ დაიწყებს პანიკას ქუჩაში. მეუბნება, როცა გექნება ფული, ხომ მიყიდიო. რა ვქნათ, ასეთია ჩვენი ცხოვრება,“ – ამბობს ნონა და ისევ ლუკას აკვირდება, მურაბას რომ შეექცევა ახლა.

მაგიდა ოთახის თითქმის შუაგულშია, აქვე დგას კარადაც – კედელთან მიდგმას წყლის მილები უშლის ხელს, ჯერ კიდევ რომ არ ჩაუწყვიათ იატაკში. სიღრმეშია რკინის საწოლიც.

ლუკა მიკი-მაუსის ჭიქას იღებს და წყალს ისხამს. ჭურჭლის სათავსო არსად ჩანს – ნონას რამდენიმე თეფში და ჭიქა მაგიდაზე, ერთ დიდ თასში ჩაულაგებია.

„სახელმწიფოსგან ვითხოვ თავშესაფარს, რომ ბინა გვქონდეს. ლამაზად და სუფთა გარემოში ხომ უნდა დაიძინო?“- კითხულობს მარტოხელა დედა, რომელიც გასულ კვირას ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და უსახლკარო ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევა ითხოვა.

ნონა ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ის ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანსაც შეხვდა.

„არჩილ ჩიქოვანთან ვიყავით მისული და რისთვის ხართ მოსულიო? – ავდექი და წამოვედი. ადამიანი როცა მოდის, თბილად ხომ უნდა მიიღო მაინც, თუ რამეს არ უკეთებ?

ერთჯერადი დახმარება მაინც ხომ შეიძლებოდა? გაჭირვებულს არ უნდა დაეხმარონ, რომ საჭმელი მაინც იყიდოს? მთავრობა რამეს არ ფიქრობს, ორი წელია დავდივართ უსახლკარობაზე და არავინ გამოსულა, რომ ეკითხა: რა გიჭირთ, რისთვის მოდიხართ?“ – ჰყვება ნონა ხიმშიაშვილი.

ნონა ხიმშიაშვილი

მარტოხელა დედა ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცოდა, თუ ბათუმში რეგისტრაცია იყო საჭირო, მარტოხელა დედების პროგრამით სარგებლობა რომ შეძლოს.

„არ ვიცოდი, რომ ეს იყო საჭირო… ისეც რთულია, ყველას ხომ ვერ ეტყვი, შენთან ჩამწერეო? რამდენიმე თვის წინ ჩემ დასთან ჩავეწერე და ვნახოთ, ჯერ არაფერი ამიღია.

მე ყველას მოვუწოდებ, რომ მარტოხელა დედას ჰქონდეს მეტი პრივილეგია. ყველა ხომ არ არის მარტოხელა, ვიღაც ჰყავს, მე მშობლებიც არ მყავს, რომ დამეხმარონ.

ყველა ეტაპი გამოვიარე: უფულობაც იყო, როცა საჭმლის ფული არ გაქვს, მაგრამ ყოველთვის ვიბრძოდი. 20 ლარადაც დამილაგებია სახლი, რომ ბავშვის საჭმელი მქონოდა…

მე უმაღლესში არ მისწავლია, არც პროფესიულში. ალბათ, არც ახლაა გვიან, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ან ბავშვს ვის დავუტოვებ? ისე, გეოგრაფიულზე მინდოდა ჩაბარება, მიყვარდა გეოგრაფია…“ – ეღიმება ნონას.

ნონა ხიმშიაშვილი ამ დრომდე ვერ იღებს მარტოხელა დედისთვის ბათუმის მერიის შესაბამის პროგრამით განსაზღვრულ დახმარებას – 120 ლარს თვეში. ბათუმის მერიის პრესცენტრის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ გასული წლის ბოლოს ნონა ხიმშიაშვილი არ იყო ბათუმის მცხოვრები, როცა პროგრამა დამტკიცდა.

ნონა ხიმშიაშვილმა ბათუმის მერიას 2023 წლის თებერვალში მიმართა, როგორც მარტოხელა დედამ.

რატომ არ არის პროგრამა მოქნილი მსგავსი შემთხვევებისთვის, როცა ბიუჯეტის კორექტირებას ხშირად ითხოვს მერია?

„ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, მარტოხელა მშობლებისთვის ხორციელდება კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება, მედიკამენტების შეძენის მიზნით 200-ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია, მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარება 120 ლარის ოდენობით.

პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად, 2023 წლიდან მომართვის შემთხვევაში მარტოხელა მშობელი და ბავშვი რეგისტრირებული უნდა იყოს ქ. ბათუმში 2023 წლის პირველ იანვრამდე,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: