მთავარი,სიახლეები

როცა საქმე მეჩეთის მშენებლობას ეხება, რატომ არ არის ყველაფერი კანონის შესაბამისად?

28.06.2023 • 1760
როცა საქმე მეჩეთის მშენებლობას ეხება, რატომ არ არის ყველაფერი კანონის შესაბამისად?

ღამის პირველი საათი და სამი წუთია, ასე აჩვენებს სამსახურიდან წამოღებული „ლეპტოპის“ საათი. სანამ წერას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ „ჩავსქროლე“ და ფეისბუქმეგობრის, ნესტან ანანიძის პოსტზე შევჩერდი.

წერს, რომ ხვალ ბაირამია და ისევ ღია ცის ქვეშ უწევთ ქართველ მუსლიმებს ლოცვა. წერს, რომ გაუმართლათ და ხვალ წვიმა არ არის ნავარაუდევი, წყალი და ტალახი არ იქნება.

დავფიქრდი.

გუშინ, 27 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ვიყავი, სადაც ერთი სამშენებლო პროექტის კონცეფცია და ერთიც გენგეგმა „დავამტკიცეთ“. მინიმუმ ორ სამშენებლო პროექტს თითქმის ყველა სხდომაზე „ვამტკიცებთ“, ნუღარ ვისაუბრებთ იმ პროექტებზე, რომლებზე ნებართვასაც „საკრებულოში გავლა“ არ სჭირდება.

ვიფიქრე…

რომ ეს პოსტი ერთ გაუცემელ სამშენებლო ნებართვას ეხება. „ფეისბუქფრენდი“ წერს, წლებია ხელისუფალი თავში გვირტყამს და გვიკაკუნებს, ღირსებას გვილახავსო …

მე კი ამ დრომდე მხოლოდ გაცემულ ნებართვებზე და ამ ნებართვების გამო მომავალში ეჭვქვეშ დაყენებულ უფლებებზე ვწერდი. გაუცემელი სამშენებლო ნებართვის გამო დარღვეულ უფლებებზე არასდროს დამიწერია.

გავიაზრე, რომ იმ სამშენებლო ორომტრიალის მიღმა, რაც ქალაქში გვაქვს, კონკრეტულ ჯგუფს, მესაკუთრეს, ისევ არ აქვს ნებართვა, ბათუმში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სალოცავის მშენებლობისთვის, მაშინ, როცა ამ ქალაქში მშენებლობის ნებართვა ლამის ყველას აქვს, როცა უნდა და რამდენიც უნდა.

ის კი არა და ისეთებიც ვიცით, მერიაში მისვლა და ნებართვის თხოვნა მათთვის „საკადრებელი ამბავი“ რომ არ არის. უნებართვოდ ააშენებს, სასტუმროს მოაწყობს, რესტორანსაც გახსნის და ამ უკანონოდ აშენებულ შენობაში გახსნილი რესტორნის წითელი ლენტი შეიძლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც გააჭრევინოს.

ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ იმ ქალაქში ვცხოვრობთ, ყოფილი მერისა და მისი „მთავარი არქიტექტორის“ ეზოში ეკლესია უკანონოდ რომ აშენდა… როგორც ერთი ჩემი თანამშრომელი ამბობს – „კინოა“.

ბათუმის მოქმედი მერი კი გვიმტკიცებს, ახლა მე ვარ და ყველაფერი კანონის შესაბამისად იქნებაო. როცა ვეკითხებით ურბანულ პოლიტიკას თავად რატომ არ განსაზღვრავ, თუ არ მოგწონს, შენი პოლიტიკის ნაწილი არ არის და შენს გემოვნებაში არ ჯდება, რატომ გასცემ ნებართვებსო, გვეუბნება რომ კანონი კანონია, მესაკუთრის უფლება კი – უპირატესი.

კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემა, მერიის აპარატის უფროსს, ნუკრი დეკანაძესაც კი შეუძლია. რად გვინდოდა მაშინ არჩეული მერი?

იმავეს გვიხსნიან სპეციალისტებიც, რომლებიც მერიაში მუშაობენ, იმავეს ამბობენ საკრებულოშიც.

კი მაგრამ, რატომ არ არის ყველაფერი კანონის შესაბამისად, როცა საქმე მეჩეთის მშენებლობას ეხება? რატომ არ იყენებენ იმავე ფრაზებს მერიაში: „რომ გვიჩივლონ, მოგვიგებენ“ და ასე შემდეგ? – უცებ მერი თვითმმართველი და ურბანული პოლიტიკის განმსაზღვრელი ხდება?

დამკვიდრებული პრაქტიკით, მეჩეთის პროექტს მხოლოდ სამი ეტაპი უნდა გაევლო, რაც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, შემდეგ არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, შემდეგ კი ნებართვის გაცემას გულისხმობს. სწორედ ამ პროცედურებზე უნდა ემუშავა მერიას და არ ევალებოდა იმაზე ფიქრი, ვის არ მოეწონებოდა მისი გადაწყვეტილება.

სხვა დროს ხომ ასე იქცევა.

სასამართლომ გადაწყვიტოსო, ასე გვიხსნიდა ყოფილი მერი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარის ამბავს.

სასამართლომ მართლაც გადაწყვიტა – უკვე ორჯერ თქვა, რომ უარს დისკრიმინაციულ მიდგომად აფასებს.

მოქმედმა მერმა იგივე პოლიტიკა გააგრძელა და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა…

ეს ამბავი როგორც მოქალაქე-ჟურნალისტმა დავწერე და არა როგორც ჟურნალისტმა, მომინდა „პროფესიული ტყავიდან გამოძრომა“ და რაღაც უფრო მეტის თქმა, ვიდრე გადამოწმებული ინფორმაციაა.

რა გამოვა ამისგან? – ლოცვა მართლა ყველგან შეგვიძლია ალბათ, სადაც მოგვინდება, მაგრამ ასე მშვიდად ვიქნებით? – ნუთუ ძაღლი იმისთვის არ ყეფს, რომ ქარავანმა სწორი გზით იაროს და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მივიდეს.

დღეს მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. ვულოცავ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: