მთავარი,სიახლეები

დაგვინიშნეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – გორგაძეების მცხოვრებლები ქობულეთის მერიას

27.06.2023 • 2064
დაგვინიშნეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – გორგაძეების მცხოვრებლები ქობულეთის მერიას

„პრობლემა ნებისმიერ სოფელს აქვს, მაგრამ გორგაძეების უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ტრანსპორტი არ გვაქვს,“ – ასე იწყებს გორგაძეებში მცხოვრები თემურ გვარიშვილი თავისი სოფლის შესახებ საუბარს.

სოფელ გორგაძეების მცხოვრებლები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას სთხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორ წელზე მეტია სოფელში სამარშრუტო მიკროავტობუსი აღარ მოძრაობს. მოსახლეობას კი კილომეტრების გავლა ფეხით უწევს.

„რამდენიმე „მარშუტკა“ გამოიცვალა სოფელმა, რადგან ძალიან ძვირი ღირდა მგზავრობა. 50 თეთრიდან ჯერ ავიდა ლარზე, მერე ლარ-ნახევარზე, ბოლოს 2 ლარს იძახდნენ მძღოლები.

მათაც ვერ გაამტყუნებ, საწვავი გაძვირდა, მომსახურებაც თავისთავად ძვირდება. ამას გარდა, სოფლის მცხოვრებლებს იმდენი შემოსავალი არ გააჩნიათ, რომ ყოველდღიურად 4 ლარი გადაიხადონ. 4 ლარი, როცა ძალიან ცოტა შემოსავალია, ბიუჯეტს აკლდება.

ხალხს უჭირს, ვერ იხდის. მძღოლი ფულს თუ ვერ აიღებს, აქ ტყუილად ხომ არ ამოვა?“ – სვამს კითხვას თემურ გვარიშვილი.

ნინო ფალავანდიშვილს სოფლის გზაზე იმ დროს შევხვდით, როცა ის სოფელ გორგაძეებიდან ჩაქვის ცენტრისკენ ფეხით მიდიოდა.

„4 კილომეტრია ჩემი სახლიდან ჩაქვის ცენტრამდე. გზაზე თუ ვინმე შემხვდება, ჩამიყვანს, თუ არადა, ფეხით ჩავდივარ.

ვმუშაობ, დასაქმებული ვარ, დავდივარ ფეხით. არც „მარშუტკაა“ და არც ავტობუსი ორი წელია. მოვა, ერთ თვეს იმუშავებს, მერე იტყვიან – ხალხი არაა ან ყველას მანქანა ჰყავსო და წავა. სინამდვილეში არ ჰყავს სოფელში ყველას მანქანა. თან ისე გაძვირდა ყველაფერი, მანქანით სიარული ძვირი ჯდება. ძალიან გვინდა სოფელში ან „მარშუტკა“ იყოს, რომელიც იმუშავებს, ან სახელმწიფომ დანიშნოს ავტობუსი ხალა-გორგაძეების გზაზე.

შარშან და შარშანწინ აქ აქციაც იყო. ამ აქციის მერე დაინიშნა „მარშუტკა“, ზუსტად ერთი თვე იმუშავა და მერე გაჩერდა,“ – ამბობს ნინო ფალავანდიშვილი.

გორგაძეებიდან ბათუმამდე 17 კილომეტრი და 30 წუთის გზაა, ხოლო ქობულეთამდე – 16.5 კილომეტრია. სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელი მთლიანად ბათუმზეა მიბმული. ამიტომ მათთვის პრიორიტეტულია სოფლიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდეს სამარშრუტო მიკროავტობუსი ან მუნიციპალური ავტობუსი.

„გვქონდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მაგაზე საუბარი და ასეთი რამ გვითხრეს – თუ დავნიშნავთ ქობულეთიდან, მაშინ გორგაძეები-ქობულეთი ივლისო. ჩვენ ეგ არ გვაწყობს. კი, ჩვენი სოფელი ქობულეთს ეკუთვნის, მაგრამ ბათუმთან უფრო ახლოსაა და უფრო მისადგომია,“ – ამბობს თემურ გვარიშვილი.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ქობულეთის მერიას დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, აპირებს თუ არა ქობულეთის მერია სოფელ გორგაძეების მცხოვრებთა საჭიროების გათვალისწინებას და სოფლისთვის მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას.

„სოფელ გორგაძეებში ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში უწყება იმსჯელებს და მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

ქობულეთის მერიის მუშაობით და ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, რამდენიმე წლის წინ, გორგაძეებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა მიკროავტობუსი. თუმცა მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო მძღოლები უარს აცხადებდნენ ამ მიმართულებით გაეკეთებინათ ხაზი“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.


 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: