სიახლეები

ბავშვებს აქვთ ყველაფერი, წლებია მათთვის არ მიყიდია რძე, ტანსაცმელი – ემიგრანტი ქალი საფრანგეთიდან

25.06.2023 • 26283
ბავშვებს აქვთ ყველაფერი, წლებია მათთვის არ მიყიდია რძე, ტანსაცმელი – ემიგრანტი ქალი საფრანგეთიდან

ქრისტინე კიკაბიძე ემირაციაში 6 წლის წინ წავიდა. ნიცასა და მარსელს შორის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს პატარა ქალაქში ცხოვრობს ბოლო სამი წელია. თავიდან პარიზში ცხოვრობდა ქმართან ერთად, ბოლოს საფრანგეთის სამხრეთში გადავიდნენ, სადაც კლიმატი დასავლეთ საქართველოს მსგავსია – ქრისტინე ქუთაისიდანაა, ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმშიც.

ემიგრაციაში მეუღლესთან ერთად წავიდა. ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი, რატომაც გეგმავს ხანგრძლივად  საფრანგეთში ცხოვრებას, ბავშვებისთვის იდეალური პირობებია. ქრისტინეს და მის მეუღლეს ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების უფლება ჯერ არ აქვთ,  საჭირო დოკუმენტების შეგროვება ხანგრძლივი პროცესია.

როცა საფრანგეთში ჩავიდნენ თავშესაფარი მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დარჩნენ ქვეყანაში და მუშაობა დაიწყეს. მერე 2 შვილი გაუჩნდათ.

  • „ჩემი შვილები იზრდებიან გარემოში, სადაც ადამიანებს არ განასხვავებენ ერთმანეთისგან არაფრის მიხედვით“

ქრისტინეს თქმით, საფრანგეთი ბავშვებისთვის იდეალური ქვეყანაა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მშობლებს იქ მუშაობის და ცხოვრების უფლება ჯერ არ აქვთ:

„ჩვენს ბავშვებს აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. წლებია მათთვის არ მიყიდია საფენები, რძე, ტანსაცმელი. ყველაფრით გვამარაგებენ და არ გვეშინია, რომ მოშივდებათ, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი.

არ მეშინია ჯანმრთელობის პრობლემა რომ შეექმნათ და რამე დასჭირდეთ, არ მაქვს საფიქრალი, რომ ვერ შევძლებ მკურნალობის თანხის გადახდას, სახელმწიფო ყველა სახის სამედიცინო ხარჯს ფარავს.

აქ არავინ რჩება მშიერი. არსებობს სახელმწიფო კვების ბანკი და აქვს თავისი ფილიალები, მაღაზიები.

მიხარია, რომ ჩემი შვილები იზრდებიან გარემოში, სადაც ადამიანებს არ განასხვავებენ ერთმანეთისგან არაფრის მიხედვით, შავკანიანი იქნება, თეთრკანიანი, წვრილთვალება, ხელნატკენი თუ ფეხნატკენი, ეს მიხარია…

საფრანგეთში ვმუშაობდი დამლაგებლად, ძიძად და არასდროს მიგრძვნია რაიმე სახის უხერხულობა დამსაქმებლებისგან, დამამცირებელი დამოკიდებულება. ამიტომ ვაფასებ ევროპას, შენ ხარ ჩვეულებრივი, ყველას მსგავსი ადამიანი, მიუხედავად შენი საქმიანობისა და პროფესიისა.

ქრისტინე მეგობართან ერთად, საფრანგეთი

სახელმწიფოს სახეა ხანდაზმულებისა და ცხოველების დაცვა. პენსიონერები აქ მუდამ მომღიმარები არიან, ფეხმოტეხილ, მიუსაფარ ძაღლს ან კატას ქუჩაში ვერ ნახავ – თუ ასეთ ცხოველს აიყვან, სახელმწიფო ფულს გიხდის. ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოში რომ ჩამოვალ, არ ვიცი როგორ შევეგუები გარემოს, რაც დამხვდება“, – ამბობს ქრისტინე.

  • ძილი სადგურში, კარავში და სენის სანაპიროზე

ემიგრაციის პირველი თვეები ოჯახისთვის ძალიან რთული იყო. ქრისტინე და მისი მეუღლე ერთი კვირა სადგურში ცხოვრობდნენ, მერე სენის სანაპიროზე… სამი თვე ეძინათ კარავში.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტინემ იცის ინგლისური, რუსული, ესპანური და უკრაინულ ენები, კომუნიკაცია გაუჭირდა – მისი თქმით, ფრანგებს ურჩევნიათ ფრაგულად გესაუბრონ არატურისტულ ქალაქებში. ამიტომ თავიდან რუსულენოვან დამსაქმებლებთან უწევდა მუშაობა, მერე ნელ-ნელა ფრანგულიც ისწავლა:

„დღემდე გვაქვს პრობლემები, მუშაობის და ბინადრობის უფლების გარეშე „შავად“ მუშაობ – მე დამლაგებლად, ძიძად, ჩემი მეუღლე ხელოსნად ან მშენებლობაზე. სხვაგვარ სამსახურს საბუთების გარეშე ევროპაში ვერ იპოვი. ასე ვწვალობთ მეექვსე წელია, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.

მე და ჩემს ქმარსაც გვაქვს დაზღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მუშაობის და ბინადრობის უფლება არ გვაქვს. სტომატოლოგთანაც კი არ გვეშინია მისვლის, დაზღვევა ამასაც ანაზღაურებს.

როცა ბინადრობის უფლების მოლოდინში ხარ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენს ქვეყანაში ვერ ბრუნდები, ორი კვირითაც კი. თუმცა ჩვეულებრივად მუშაობ, უფლება წესით არ გაქვს, მაგრამ არც არავინ გიკრძალავს.

ჩვენც გვიღირს აქ ვიყოთ და დაველოდოთ დოკუმენტების მოწესრიგებას. ბანკის სესხი აქ 3%-ია, ელექტროტექნიკაზე განვადება 0%-იანი, მათ შორის მანქანებზეც.

ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაცია რთული არ არის თუ ენა იცი, უყვართ ლაპარაკი, გაზიარება. ძალიან გახსნილები არიან ფრანგები, ბევრი მეგობარი და მეზობელი გვყავს, აფასებენ ადამიანურ ურთიერთობებს“, – ამბობს ქრისტინე.

მუშაობას მოხალისეობრივ საქმიანობასაც უთავსებს ორგანიზაციაში, სადაც სოციალურად დაუცველებს და ახალჩამოსულ ემიგრანტებს ეხმარებიან. ბიუროში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებს – რუსული, ინგლისური და უკრაინული ენების ცოდნა აქ გამოიყენა:

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა საფრანგეთში და ჩვენ ორგანიზაციაშიც ბევრი უკრაინელი მოდის. მიხარია, რომ ჩემი მეორე მშობლიური ენის, უკრაინულის ცოდნა გამომადგა“, – ამბობს ქრისტინე.

ქრისტინეს დედა ქუთაისში მცხოვრები უკრაინელია, ბებია, 89 წლის ელენე სვენციცკაია, რუსების მიერ ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში 2022 წლის აგვისტოში გარდაიცვალა შიმშილით და უწყლობით. რუსულმა არმიამ მაშინ ლისიჩანსკი არტილერიით, ტანკებითა და თვითმფრინავებით დაბომბა.

  • ვმუშაობდი დილის ცხრიდან საღამოს 11-მდე, დასვენების დღე არ მქონდა. ვეღარ დავბრუნდები იქ, სადაც ვიყავი

ქრისტინე გვიყვება, რომ საქართველოს დატოვება რომელიმე ერთი მიზეზით არ გადაუწყვეტია. ამოწურული მქონდა ყველა ფიზიკური და ფინანსური რესურსიო, ამბობს. ყველაზე დიდი პრობლემა, მისი დაკვირვებით, ბანკის მაღალი საპროცენტო განაკვეთია, რის გადახდასაც ხშირად ვეღარ უმკლავდებიან:

ქრისტინე კიკაბიძე შვილებთან ერთად, საფრანგეთი

„ბანკის ვალი რომ დაფარონ ადამიანებმა საქართველოში, ხშირად ისევ კრედიტს იღებენ. მეც ასე დამემართა, ვეცადე მემუშავა ყველგან, ერთი წუთით არ დამისვენია, მაგრამ არ მყოფნიდა ხელფასი, ვალებისთვის. ხელფასი ექვსი წლის წინ 300 ლარი მქონდა საქართველოში“, – ამბობს ქრისტინე.

უკრაინაში უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა და ქუთაისში დაბრუნდა, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში დაიწყო მუშაობა მენეჯერად:

„ვამოწმებდი ოთახების სისუფთავეს, უნდა მეწარმოებინა შემოსავლების მონიტორინგი და წარმედგინა ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერისთვის, უნდა მეკონტროლებინა ადმინისტრატორები, მრეცხავები, ხშირად მრთავდნენ რესტორნის საქმიანობაშიც, როცა ტურისტების ჯგუფები მოდიოდნენ და თარჯიმანი იყო საჭირო. ეს იყო თავდაუზოგავი შრომა დილიდან საღამომდე 300 ლარად. სამსახურიდან წამოვედი მაშინ, როცა სასტუმროს მფლობელი შემოვიდა ოთახში, მე კი ფეხზე არ ავდექი. გამკიცხეს და მეჩხუბნენ. არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ ოთახში ვინმეს შემოსვლის გამო ფეხზე უნდა ავმდგარიყავი, რომის იმპერია გვაქვს? წამოვედი სამსახურიდან“, – იხსენებს ქრისტინე.

მერე ბათუმში დაიწყო მუშაობა ერთ-ერთი სასტუმრო-რესტორნის ბარისტად, სადაც, როგორც თავად გვიყვება, ხელფასი არ გადაუხადეს:

„ეს იყო სასტუმროს რესტორანი, სადაც ძირითადად მხოლოდ საუზმე და სასმელი გვქონდა ამავე სასტუმროში დაბინავებულებისთვის. დავაკვირდით მე და მზარეული, რომ ხალხი შუდღეზეც ითხოვდა კვებას, მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა. ვუთხარით მფლობელს, რომ დიდი მოთხოვნა იყო შუადღისას წვნიან კერძებზე და გააკეთეთ მერეო, ასე გვიპასუხა. ყველაფერი ჩვენით დავგეგმეთ, მენიუც ჩვენით შევადგინეთ, შუადღისას, როცა არც იყო განსაზღვრული კვება, რესტორანი ხალხით ავავსეთ, ფაქტობრივად ბიზნესი გავუმართეთ და თვის ბოლოს ხელფასი, 300 ლარი არ გადამიხადა, დანაკლისი გაქვს სასმელშიო, რაც გამორიცხული იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ასე დააკლეს ხელფასი მზარეულს და ბუღალტერსაც.

ვმუშაობდი დილის ცხრიდან საღამოს 11 საათამდე, დასვენების დღე არ მქონდა. ვეღარ დავბრუნდები იქ, სადაც ვიყავი. საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როცა ფინანსურად ძლიერად ვიგრძნობ თავს“. – ამბობს ქრისტინე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში დაბრუნდა 39 526 მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში იყო. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოდან 108 590 ადამიანი წავიდა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის თხოვნით 2022 წელს საქართველოს 8867-მა მოქალაქემ მიმართა საფრანგეთის სახელმწიფოს. რაც 2021 წლის ამავე მონაცემებს  92,8 %-ით აღემატება.

ავღანეთი, ბანგლადეში, თურქეთი, საქართველო და კონგოს დეოკრატიული რესპუბლიკა – ეს ის პირველი ხუთი ქვეყანაა, საიდანაც ყველაზე მეტი მოქალაქე ითხოვს ყოველწლიურად საფრანგეთში თავშესაფარს.

წყარო: საფრანგეთის შინაგან საქმეთ სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: