უკრაინის გმირი პილოტი, რომელმაც რუსეთს მძიმე დარტყმა მიაყენა

ასამდე საომარი გაფრენით პილოტმა ვადიმ ბლაგოვესტნიმ რუსულ მხარეს მძიმე დარტყმა მიაყენა, ოკუპანტებს გაუნადგურა 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 80-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საწვავის და საპოხი მასალების 40-ზე მეტი ცისტერნა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ის ცნობით, პილოტმა ბლაგოვესტნიმ 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ეს უკრაინული სამხედრო გამოცემა პერიოდულად აქვეყნებს ცნობებს უკრაინის გმირების შესახებ სამხედრო ჩანაწერებზე, თავდაცვის ძალების ანგარიშებსა და სამხედრო პირების ახლობლების, ოჯახის წევრების მონათხრობზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ვადიმის მშობლები ჩერნიჰოვოში ცხოვრობენ და არც არასდროს დაუტოვებიათ იქაურობა. ფიქრობდნენ, რომ ვადიმი დაიცავდა ყველგან და ყოველთვის. როცა საბრძოლო ვერტმფრენების ზუზუნი ესმოდათ ჩერნიჰოვოს ცაზე და ოკუპანტების საბრძოლო მასალების საცავების აფეთქებების შესახებ იგებდნენ, შვილს მხოლოდ ერთ რამეს ეუბნებოდნენ, რომ თავს გაფრთხილებოდა.

ვადიმი იცავდა არამხოლოდ მშობლიურ რეგიონს, იცავდა მიკოლაევს, ხერსონს, ლუგანსკის, დონბასს და ხარკოვს. 26 წლის მფრინავი თანამებრძოლების გადმოცემით სიმამაცით და გამბედაობით გამოირჩეოდა.

დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ვადიმი დასთან ერთად გეგმავდა როგორ შეიკრიბებოდნენ ერთად მთელი ოჯახი ჩერნიჰოვის პატარა სოფელში. ვადიმის და, ეკატერინა, ნიდერლანდებიდან უნდა ჩაფრენილიყო უკრაინაში, ვადიმს ხელმძღვანელი დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღით საბრძოლო დავალებებისგან გაათავისუფლებდა.

2022 წლის 7 სექტემბრის დილას კატიამ ძმას მისწერა, რომ ძალიან უყვარდა, რომ ღმერთს სთხოვდა მის მფარველობას. „უკან ვბრუნდები, ესე იგი ყველაფერი კარგადაა“ – მოკლედ უპასუხა დას ვადიმმა შეტყობინებაზე.

ამ მიმოწერიდან რამდენიმე საათში ვადიმი ცაში გარდაიცვალა, ნიკოლაევის თავზე. ეს მისი 95-ე საბრძოლო ფრენა იყო.

ოჯახი ჩერნიჰოვოს პატარა სოფელში შეიკრიბა, მაგრამ არა ვადიმის დაბადების დღის აღსანიშნად. 27 წლის შესრულებას უკრაინელი მფრინავი ვერ მოესწრო.

„ალბათ ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, როცა მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მე მჯეროდა. კარგად მესმოდა, რომ ეს ომი იყო. ომი კი არ განარჩევს, ვინ შეიწიროს და ვინ არა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ძმას ყველაფერი კარგად ჰქონოდა.

24 თებერვლის მერე, როცა ვადიმი ფრონტის წინა ხაზის ამბებიდან მცირე დეტალებს მიზიარებდა, ვხვდებოდი, რომ ის და მისი მეგობრები წარმოუდგენელი ადამიანები იყვნენ. მთელი იმ თვეების განმავლობაში თითქოს ათ-ათი წლით გაიზარდნენ და გმირებად იქცნენ. მათგან ბევრი უკვე ცოცხალი აღარ არის“, – ამბობს ეკატერინა.

მფრინავის და დარწმუნებულია, რომ ვადიმმა ბევრი რამ გააკეთა უკრაინისთვის და ის უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს. ამბობს, რომ ძმა ყოველთვის სამაგალითო, თავგანწირულ ადამიანად დარჩება მისთვის.

ვადიმი დასთან ერთად

„საშინელება იყო ნიკოლაევში, იმ ბინაში მისვლა, სადაც ვადიმი ცხოვრობდა. სიცოცხლე იქ 24 თებერვლის დადგომისთანავე დამთავრდა. ბინა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, უდარდელად ხუმრობდნენ და დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ, უცებ ჩაიძირა მწუხარებაში.

არცერთი ძვირფასი ჯილდო არ გვიბრუნებს ძვირფას ადამიანებს, მაგრამ სამხედრო ავიაცია ვადიმის ცხოვრების მთავარი საქმე იყო“, – ამბობს ეკატერინა ბლაგოვესტნი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 8 ივლისს ვადიმ ბლაგოვესტნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს

„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის.

ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ.

„ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს – 2250 ლარი წელიწადში და საარსებო ხარჯები – 2100 ლარი წელიწადში.

ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან.

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა, რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვა“, – ნათქვამია „ამერიკის სავაჭრო პალატას“ განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე გეგმავს სტიპენდიატების მხარდაჭერას სხვა მიმართულებითაც.

მაგალითად, მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში ასოციაციის წევრ კომპანიებთან, „რათა ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებასა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებას. ასევე, შესაძლოა, ინგლისური ენისა და საოფისე საბაზისო უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.

დავიქირავებთ მრჩეველს სტუდენტებისთვის, რომელიც რიგ პრაქტიკულ საკითხებში დაეხმარება მათ“, – ნათქვამია AmCham-ის განცხადებაში.

სტუდენტის სოციალური ქულა უნდა შეადგენდეს 70 000 ან ნაკლებს, ჰქონდეს ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და სურდეს მისი გაუმჯობესება, სურდეს ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი პიროვნული ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.

სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა, განაცხადი უნდა შეავსონ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

განაცხადის შევსების გარდა, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, არა უმეტეს 500 სიტყვისა, სადაც განმცხადებელმა უნდა აღწეროს, თუ რატომ სურს არჩეულ საუნივერსიტეტო პროგრამაზე სწავლა და ასევე რატომ სურს შემოუერთდეს ამერიკის სავაჭრო პალატის ქსელს.

ონლაინ განაცხადის ფორმის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 8 სექტემბერია.

ორგანიზაციის განცხადებით, ამერიკის სავაჭრო პალატა წარმოადგენს ბიზნეს სექტორში მოღვაწე ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მთავარი მიზანია დემოკრატიული, ღია და დასავლური ორიენტაციის საქართველოს გაძლიერება.

დააკავეს კაცი, რომელმაც 4 პირი დაჭრა ბათუმში, ავტოსახელოსნოში

დააკავეს კაცი, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში 4 პირი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 22 აგვისტოს, მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ. 1966 წელს დაბადებული გ.ქ. 1988 წელს დაბადებული ი.ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოსკოვში დრონი ისევ დაეჯახა ცათამბჯენს „მასკვა სიტიში“ – უკვე მეოთხედ

23 აგვისტოს, ღამით, დრონების მორიგი თავდასხმა იყო მოსკოვში, რუსეთის დედაქალაქში. ერთი დრონი „მასკვა სიტიში“ დაეჯახა შენობას.

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ორი დრონი ჩამოაგდო მოსკოვის ოლქის მოჟაისკის და ხიმკის რაიონებში, მეორე დრონი კი „მასკვა სითიში“ მშენებარე შენობას დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ტელეგრამის რუსულ არხებზე ქვეყნდება ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავი მოსკოვის შენობას ეჯახება. ისინი აჩვენებენ ნათელ ნათებას აფეთქების შემდეგ.

ეს დრონების უკვე მეოთხე თავდასხმაა „მასკვა სიტიზე“. დრონებმა „მასკვა სიტის“ შეუტიეს 31 ივლისს, პირველ და 18 აგვისტოსაც.

რომელი პორტფელი სჯობს, საპენსიო დანაზოგი რომ არ დავკარგოთ – ეკონომისტის რჩევა

„პენსიის დაკარგვის რისკი არ უკავშირდება დანაზოგების საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილებას, მაგალითად, მე ვტოვებ საკუთარ დანაზოგს მაღალრისკიანთა პორტფელში,“ – ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. მას ვესაუბრეთ საპენსიო დანაზოგის დაბანდების 3 ვარიანტზე, რომელთა არჩევაც საპენსიო სქემის მონაწილეებს ვადა 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო სქემაში ამ ეტაპზე საქართველოში 1 მილიონ 426 ათასი ადამიანი მონაწილეობს. სასურველი საინვესტიციო პორტფელის შესარჩევად ადამიანებმა საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ, იუსტიციის სახლებს ან პირად ელექტრონულ გვერდს: my.pensions.ge. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერა.

თუ მოქალაქე თავისი ინიციატივით საპენსიო სააგენტოს არ მიმართავს, მისი საპენსიო დანაზოგი ასაკის მიხედვით გადანაწილდება მაღალრისკიან [40 წლამდე ასაკის ადამიანები], საშუალორისკიან [40-დან 50 წლამდე] და დაბალრისკიან [50 წელს ზევით] პორტფელში.

პორტფელის ცვლილება შესაძლებელი იქნება მომავალი წლის სექტემბერშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული ხელმოწერით საქართველოში ბევრი არ სარგებლობს, ხოლო იუსტიციის სახლებში რიგებია, ხომ არ ჩანს საპენსიო სააგენტოს წინასწარი გათვლა, რომ პორტფელს თავისი სურვილით ნაკლებად აირჩევს ვინმე?

„მართლაც ეს ბარიერია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება განგებ იყოს გაკეთებული. პორტფელი არის ლოგიკურად დივერსიფიცირებული, ერთი პორტფელიდან მეორეში დიდი გადასვლა-გადმოსვლა არ არის სასურველი და შესაძლოა იმიტომაც არ არის მიმართვის სხვა ფორმა, რომ ბევრი გადანაცვლება არ ყოფილიყო.

საპენსიო სააგენტოს უფრო მართებდა ადამიანების მეტად ინფორმირება, რომ ეს აჟიოტაჟი არ ყოფილიყო. სააგენტოს არ აუხსნია მკაფიოდ, რა იცვლება. ეს არ არის სპონტანური ცვლილება და წლების წინ იყო გაწერილი, რომ მოხდებოდა დივერსიფიცირება. სააგენტოს უნდა აეხსნა, რატომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს დივერსიფიცირება საპენსიო დანაზოგის დაკარგვას.

ახლა ხალხი პანიკაშია, რომ შესაძლოა საპენსიო დანაზოგი დავკარგოთ, მაგრამ ვამბობ, რომ ეს ამ დივერსიფიცირებაზე არ არის დამოკიდებული, პოლიტიკური რისკი რჩება პოლიტიკურ რისკად: მაგალითად, ეს დანაზოგი გამოიყენონ წინასაარჩევნოდ, ან ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ანაკლიის პორტისთვის რომ გამოიყენონ, შესაძლოა, ეს არ იყოს ცუდი, მაგრამ ღარიბაშვილი არ უნდა წყვეტდეს ამას, ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად უნდა იღებდეს საპენსიო სააგენტო, “ – განმარტავს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

სოსო ბერიკაშვილი

ეკონომიკის ანალიტიკოსს ასევე ვკითხეთ: რის მიხედვით უნდა შეარჩიონ ადამიანებმა მაღალრისკიანი ან დაბალრისკიანი პორტფელი?

„მაღალრისკიანი ნიშნავს იმას, რომ მაღალი სარგებლის მიღების შანსია, თუმცა არის რისკიც, რომ ეს სარგებელი არ იყოს. 40 წლამდე ადამიანები იმიტომაც არიან ლოგიკურად მაღალრისკიანების კატეგორიაში, რომ ახალგაზრდა ხარ, მეტი დრო გაქვს რისკების გასაწევად.

მაღალრისკიანი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც კაზინოში ითამაშებს ამ ფულით და სულ დაკარგავ, თუმცა მაღალი რისკი ნიშნავს მაღალ რისკს. ამ დროს ეს დანაზოგი ინვესტირდება მაღალრისკიან აქტივებში.

არალოგიკურია მოსაზრება, რომ დანაზოგის დაკარგვის საფრთხე ამ დროს უფრო მაღალია, როცა მაღალრისკიან პორტფელში დებ დანაზოგს. საქართველოში საპენსიო ფონდი დაკავშირებულია უფრო პოლიტიკურ რისკებთან, რაც არის რისკი ყველასთვის – მაღალრისკიანისთვისაც და დაბალრისკიანისთვისაც,“ – გვიყვება სოსო ბერიკაშვილი.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან [2019 წლის 1-ელი იანვარი] 2023 წლის ივლისის ჩათვლით 51.2%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა [ინფლაციის გათვალისწინებით] იმავე პერიოდში 11.7% შეადგინა.

„ამ ეტაპზე ეს ნორმალური მაჩვენებელია. მთავარია, გრძელვადიან პერიოდში ეს იყოს მდგრადი… საპენსიო სააგენტოს ორი ხელმძღვანელი საკუთარი ინიციატივით წავიდა ამ თანამდებობიდან, რაც კითხვებს აჩენს: რატომ არ შეიძლება სურდეს ადამიანს დარჩენა ასეთ სამსახურში ნორმალურ ანაზღაურებაზე? ეს რეპუტაციულად სააგენტოსთვის კარგი არ არის.

სააგენტოს დამოუკიდებლობა კანონით უზრუნველყოფილია, მაგრამ რა შეუშლით ხელს, რომ შეცვალონ კანონი? გამოსავალი არის უკეთესი ხელისუფლება, რომელიც კანონს არ გადაახტება,“ – მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

ბათუმში 2 კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მესამეს კი მანქანა დააჯახეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს – ავტომანქანით დაეჯახნენ. შემთხვევა დღეს, 22 აგვისტოს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოსთან მსუბუქი ავტომანქანით მივიდა, მანქანით ერთ ხელოსანს დაეჯახა, ხოლო ორი ხელოსანი დაჭრა. დაჭრილები მამა და შვილები არიან.

თვითმხილველის თქმით, კაცი, რომელიც ავტოსახელოსნოში მივიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მალევე ავტომანქანით მიიმალა.

ინფორმაცია განახლდება.

რუსეთიდან 73.82 მლნ დოლარამდე შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2023 წლის ივლისშიც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში რუსეთიდან საქართველოში 73.82 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიური ტემპის მაჩვენებელში 26%-იანი კლებაა.

ზაფხულის სეზონის დადგომამდე კი, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში. მაგალითად, 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267.62 მლნ აშშ დოლარი დარიცხეს, რაც წლიური მაჩვენებლით 1095 %-იანი ზრდაა.

საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის მიუხედავად, რომ რუსეთიდან ზაფხულში ტურისტების ნაკადის შემოსვლა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ზამთართან შედარებით, ზაფხულში რუსეთიდან ფულის შემოსვლის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო: მაისში რუსეთიდან საქართველოში 157.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, ეს 49 %-იანი კლებაა საერთო მოცულობის წლიურ მაჩვენებელში. კლება დაფიქსირდა 2023 წლის ივნისშიც [-44%].

———————-

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა – 2022 წლის აპრილში, მაგალითად, რუსეთიდან საქართველოში  გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 300%-იანი ზრდა იყო.

დღემდე ხელისუფლება არ ამბობს კონკრეტულ ციფრს: რუსეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად საქართველოში.

___

ამ თემაზე:

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

იგეგმება დიდაჭარის კაშხლიდან წყლის გაშვება, აჭარისწყლის დონე 15-20 სმ-ით მოიმატებს

დღეს, 22 აგვისტოს, დაგეგმილია დიდაჭარის კაშხლის წყალსაცავიდან წყლის ტექნიკური გაშვება, რის გამოც მდინარე აჭარისწყალში წყლის დონემ შესაძლოა 15-20 სმ-ით მოიმატოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ადასტურებენ.

იმისათვის, რომ მდინარეში წყლის დონის მატებამ საფრთხე არ შეუქმნას მდინარის კალაპოტთან ახლოს მყოფ პირებს – მოცურავეებს, ტურისტებს, მეთევზეებს ან პირუტყვს, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება.

„მსგავს ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აწარმოებს, კაშხლის გეგმიური მოვლა-პატრონობის ფარგლებში. მაგრამ, რადგანაც წყლის გაშვებამ შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეში წყლის დონის მატება, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ ამის თაობაზე ვაცნობეთ მუნიციპალიტეტებს, რომ გაითვალისწინონ  და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“.

კომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ არის განთავსებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია პარტნიორ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს მიაწოდეს.

მოსკოვზე მორიგი თავდასხმის მცდელობა დრონებით

22 აგვისტოს, ღამით, რუსეთის დედაქალაქთან, მოსკოვთან ახლოს, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ორი დრონი ჩამოაგდო.

ვიდეომასალა, რომელშიც აფეთქებების ხმა ისმის, სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამის არხებზე წუხელ გავრცელდა.

რუსული მედიის ცნობით, დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის კრასნოგორსკისა და ჩასცოვის რაიონებში. კრასნოგორსკში დრონის ჩამოგდების შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსის ფასადი, სადაც მინები და ეზოში მდგარი ავტომანქანები ჩაიმსხვრა.

დრონების გამო დროებით დაიკეტა ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტები. მოგვიანებით ფრენები განახლდა.

„ბიბისის“ ცნობით, ზედიზედ მეხუთე დღეა მოსკოვზე დრონებით თავდასხმის მცდელობაა, რაც იწვევს რუსეთის დედაქალაქში აეროპორტების დაკეტვას.

კრემლი, ტრადიციულად აცხადებს, რომ ეს კიევის თავდასხმის შედეგია, ოფიციალური კიევი ბრალდებას არ პასუხობს.

______________

ფოტო: ria.ru

 

ოქროს სამკაულები და კოლხური კერამიკული შედევრი – ახალი აღმოჩენები ფიჭვნარის სამაროვნებზე

ფიჭვნარის ბერძნულ და კოლხურ სამაროვნებზე ელინისტური ეპოქის არტეფაქტები აღმოაჩინეს.

აღმოჩენებს შორისაა ოქროსა და ბრინჯაოს სამკაულები, მინისა და მინისებური პასტის მძივები და მძივსაკიდები. ასევე, თიხის ჭურჭელი და სააღაპო მოედნები [მიცვალებულის მოსახსენებელი პურისჭამა].

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამირან კახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, წელს მე-60 გათხრა მიმდინარეობდა ფიჭვნარის სამაროვნებზე.

„ჩვენს ერამდე ძვ.წ-აღ-ის მეხუთე საუკუნის ბერძნული ნეკროპოლის ტერიტორიაზე შევისწავლეთ ადრეული სამარხები, ეს არის მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედი.

გვაქვს არაჩვეულებრივი არტეფაქტები – ოქროს საყურე რგოლები ბეჰემოთის თავის გამოსახულებით, კოლხური კერამიკული წარმოების შედევრი, – საღვინე ჭურჭელი მდიდარი ორნამენტაციით. არის ასევე სხვა მონაცემებიც.

ჩანს, რომ სამაროვანს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია.

ფიჭვნარის სამაროვნების ახალი აღმოჩენები

მეორე ობიექტი გახლდათ ადგილობრივი მოსახლეობის კოლხური სამაროვანი, რომელიც წარმოადგენს მეხუთე და ელინისტური ხანის სამაროვნების შემადგენელ ნაწილს.

ახალი აღმოჩენების მიხედვით, ძველი წ-აღ-ის მეოთხე საუკუნეში ჩანს მჭიდრო კონტაქტები ათენთან. ვხედავთ კოლხებისა და ბერძნების კულტურების თავისებურ შერწყმას. მაგალითად, ჩანს, რომ კოლხებს ბერძნებისგან გადაუღიათ აღაპის ანუ ე.წ. ქელეხის შესრულების რიტუალი.

განსაკუთრებით მდიდარი მასალები აღმოჩნდა ელინისტური ხანის მესამე სამაროვანზე. ესენია: კოლხური მონეტები, თიხის ჭურჭელი, სააღაპო მოედნები, ოქროს ნაკეთობანი, რაც ასევე გვაჩვენებს, რომ ელინიზმის ეპოქაში ბერძნულის კვალდაკვალ ძველი კოლხეთი ამყარებს კონტაქტებს ელინისტური ხანის სახელმწიფოებთან, რომლებიც წარმოიქმნენ ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ“, – ამბობს ამირან კახიძე.

ამირან კახიძის თქმით, წლევანდელი გათხრების მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ მომავალ წელს ბათუმში ტარდება პონტოს ლიმესის საერთაშორისო კონფერენცია და კონფერენციის მსოფლიო მონაწილეები ერთ დღეს ფიჭვნარის ამ უნიკალური აღმოჩენების დათვალიერებას დაუთმობენ.

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს მონიტორინგი

დღეს, 22 აგვისტოს, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტგორინგი 5 და 9 აგვისტოს ჩატარდა.

„კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ – ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 22 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023 წლის ზაფხულის სეზონზე მონიტორინგის წინა შემთხვევებშიც, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 258 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +410]
  • ტანკი – 4 362 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 476 ერთეული [+27 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 295 ერთეული [+31]
  • MLRS – 721 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 491 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 312 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 722 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 797 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 462 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 952 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 445 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 996საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 372 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინული ძალები რობოტინოში ტაქტიკურ წარმატებას აღწევენ – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, 20-21 აგვისტოს უკრაინულმა ძალებმა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, რობოტინის აღმოსავლეთით, მიაღწიეს ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებას დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე და აღმოსავლეთ უკრაინაში – კონტრშეტევის ოპერაციების გაგრძელებისას.

ამის შესახებ აღნიშნულია ISW-ის 21 აგვისტოს ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.

ანალიტიკოსები ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 20 და 21 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რობოტინოს ცენტრალურ ნაწილს და გაარღვიეს რუსული თავდაცვა მალა ტოკმაჩკას სამხრეთით.

ISW-ი ასევე რუსულ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შესაძლოა რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს  ვერბოვეს მახლობლად მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან.

ISW-ის შეფასებით, უკრაინის წინსვლა რობოტინოსთან ტაქტიკურად მნიშვნელოვანია და უკრაინის მუდმივი წინსვლა ამ რაიონში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების დასუსტებას, რომელთაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი ჩადეს რობოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ძალები წინ წავიდნენ ბახმუტისა და კრემინას მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში და განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით.

ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი ბლოგერები წერენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ აღჭურვილობა და აქვთ დაბალი მოტივაცია ფრონტის მთელ ხაზზე.

ასევე, ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქმნის ახალ სამხედრო ფორმირებებს, რომლებიც, შესაძლოა, ხერსონის ოლქში გადანაწილდნენ.

 

რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობის გამო – ქართველი სტუდენტი

23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ელენემ მუსიკის ამ უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსება მოიპოვა სტეტსონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში წარმატებული სტუდენტობის შემდეგ.

ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან მაილს დევისი, ნინა სიმონე, ჩიკ კორეა, არეტა ფრანკლინი და სხვები.

ელენე ჯულიარდში კლავესინს, კლავიშებიან სხვა ისტორიულ ინსტრუმენტებს, ბაროკოს მუსიკას შეისწავლის.

მიუხედავად სასწავლებლის დაფინანსებისა, ქართველი სტუდენტი ამბობს, რომ ვერ უმკლავდება ყოველდღიურ ხარჯებს, რადგან სტუდენტური ვიზითაა ამერიკაში და კვირაში მხოლოდ 20 საათი აქვს მუშაობის უფლება. ამ 20 საათს ის ისევ თავის სასწავლებელში მუშაობს:

ევალება ინსტრუმენტების აწყობა – დღეში 2, 3 კლავესინის და კლავიშებიანი სხვადასხვა ინსტრუმენტის აწყობა უწევს, აკომპანირებას უწევს კლავესინზე სხვა მუსიკოსებს და პროფესორის ასისტენტია. ამ ყველაფრით მისი მინიმალური, სტუდენტური ხელფასი მხოლოდ ტრანსპორტის და საკვების ნაწილის ხარჯს თუ ფარავს.

მუშაობასთან ერთად ელენემ დღის უმეტესი ნაწილი ინსტრუმენტთან უნდა გაატაროს.

საცხოვრებელი და საკვები ხარჯებისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით მივმართე საქართველოს ყველა სამინისტროს, ბანკებს, სხვადასხვა ბიზნესს, განათლების ცენტრს, მუსიკოსთა საქველმოქმედო ფონდს, მედიას – სრულიად უშედეგოდ. პასუხიც კი არ მომწერეს.

საბოლოოდ, ჩემ ოჯახს მოუწია საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, რათა ნიუ-იორკში საცხოვრებელი ხარჯები ჯულიარდში სასწავლებლად ერთი წლით მაინც დამეფარა.

ამჟამად წარმატებით ვსწავლობ, როგორც მეოთხე ქართველი სტუდენტი ჯულიარდის ისტორიაში. თუმცა, ძალიან მიჭირს ნიუ იორკში სრულიად მარტო ცხოვრება და სწავლა პარალელურად, რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობისგან გამოწვეული პრობლემების გამო. არ მაქვს საშუალება საცხოვრებელი ადგილი აგვისტოდან შევინარჩუნო. საქართველოს მხარეს აქტიურად ვეკონტაქტები, წლებია ვაგზავნი ჩემს მონაცემებს სასტიპენდიო კონკურსებზე, სრულიად უშედეგოდ.

პარალელურად წარმატებით ვსწავლობ, ვმუშაობ, ვუკრავ კონცერტებზე ლინკოლნის ცენტრში, მქონდა დებიუტი კარნეგი ჰოლში და სხვა მრავალი წარმატება სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში. ამჟამად არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯულიარდში სწავლის გაგრძელებას/დასრულებას შევძლებ ასეთ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან პასუხად ვიღებ მხოლოდ უარის წერილებს.

მაქვს საუკეთესო აკადემიური მოსწრება, საქართველოს სახელით ნიუ იორკის საუკეთესო სცენებზე გამოვდივარ და ამავდროულად გადარჩენისთვის ვიბრძვი. არის დღეები, როცა მეტროთიც კი ვერ ვმგზავრობ, რათა მივიდე ჯულიარდში. ახლა ზაფხულია და ვიზის შეზღუდვებით კამპუსის გარეთ ვერც კი ვმუშაობ, რადგან სწავლა შეჩერებულია და ჯულიარდში ვარ დასაქმებული სავიზო წესების გათვალისწინებით.

წერილი დავწერე თეა წულუკიანის სახელზე, შვებულებაშია. ვმონაწილეობდი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე, რომელიც ჩემნაირი სტუდენტებისთვის ჰქონდათ. დააფინანსეს ბევრი დამწყები სტუდენტი, ვინც ახლა იწყებს სწავლას, თუმცა ყურადღება არ მომაქციეს  სტუდენტს, ვინც უკვე იქ ვსწავლობ წარმატებით და მიდგას რეალური პრობლემა, რომლის გადაუჭრელობის შემთხვევაშიც შეიძლება სწავლის შეწყვეტა მომიწიოს.

მრჩება განცდა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების და ლგბტქი თემის წევრობის გამო ვიღებ უარებს დაფინანსებაზე ჩემი ქვეყნისგან“, – ამბობს ელენე.

მისი გათვლით, ნიუ იორკში ბინის ქირის, ტრანსპორტის და კვების ხარჯისთვის ერთ ადამიანს დაახლოებით 2500 დოლარამდე სჭირდება.

ელენე ამბობს, რომ შეუძლია პარალელურად იმუშაოს მიმტანად რესტორანში, ან სასტუმროში, ღამის ცვლის სამსახურებში, მაგრამ, მისი თქმით, ჯულიარდის სასწავლებელი მკაცრად აკვირდება საკუთარი სტუდენტების საქმიანობას:

„მეტროში რომ დავდო ქუდი ხურდებისთვის და დავუკრა ან ცენტრალურ პარკში, ამის უფლებაც არ მაქვს. შემნიშნავენ და გამომადეპორტებენ. ამერიკის მოქალაქეებს ან მწვანე ბარათის მქონეებს აქვთ ჩვეულებრივად მუშაობის უფლება.

ჩემი გეგმაა აქ თავშესაფარი მოვითხოვო და ასე მოვიპოვო მუშაობის უფლება. სხვა გზა არ მრჩება. თუმცა ეს ნიშნავს, რომ წლობით ვერ ჩამოვალ საქართველოში და ვერ ვნახავ დედას, გავწყვეტ კავშირს საქართველოსთან და ჩემს მუსიკალურ კარიერასაც ვერ დავუკავშირებ საქართველოს“. – ამბობს ელენე.

სტეტსონის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას ელენე 8 სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა კამპუსზე, რითაც ცხოვრებისა და კვების ხარჯებს იხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ოჯახს.

ბაკალავრიატში სწავლისას ორჯე გახდა ფორტეპიანოს მიმართულების  წლის საუკეთესო სტუდენტი, სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ფლორიდის შტატში, მიიღო საუკეთესო სოლო-კონცერტის ჯილდო მესამე კურსზე, ოთხივე წლის განმავლობაში უკრავდა ორკესტრში კლავესინზე, ფორტეპიანოსა და ორღანზე, უდირიჟორა სტეტსონის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრს.

___

ჯულიარდის კონსერვატორიის ქართველი სტუდენტი აშშ-დან დანახულ საქართველოზე

ჯანმრთელობისთვის საშიში შოკოლადის შემოტანისთვის 2 პირი პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციაში ორი პირია მხილებული.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მის რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში.

სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკროორგანიზმებს.

ასევე, დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

აღნიშნული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლების მიხედვით,  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

70-დან 70 ქულა ინგლისურში – გოგო ხულოს სოფელ დიდაჭარიდან რეპეტიტორების გარეშე

„ერთხელ, სკოლიდან როცა შინ ვბრუნდებოდი, მაშინ მომინდა პირველად ამის გაკეთება: რასაც ვფიქრობდი,  იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე საკუთარ თავს ინგლისურად…

მივეჩვიე ამას და შემთხვევით გზაზე გამვლელს რომ არ გასცინებოდა, ტელეფონს მივიდებდი ყურთან, თითქოს ვიღაცას ვესაუბრებოდი. მთავარი კომუნიკაციაა. ამიტომაც, თუ ვინმე ინგლისურენოვანთან კომუნიკაცია შეუძლებელია, შეიძლება საკუთარ თავსაც მოუყვე რამე,“ – თავის მეთოდს გვიზიარებს ქეთი შავაძე, როგორ ისწავლა ინგლისური ენა რეპეტიტორის გარეშე ისე, რომ ეროვნულ გამოცდებზე 70 ქულიდან 70 აიღო.

ქეთი შავაძე ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. ქეთი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას აპირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა საგნებში ქეთის შედეგები ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა 60-დან 58 ქულა, მათემატიკა – 51-დან 37 ქულა.

ქეთი არც სხვა საგნებში მომზადებულა რეპეტიტორებთან.

„…მე-9 კლასის ჩათვლით ფოთში ვსწავლობდი სკოლაში, რადგან მამაჩემი იქ მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში, შემდეგ გადმოვედით დიდაჭარაში. მხოლოდ მე-12 კლასში სწავლის დროს დავდიოდი სკოლაში გახსნილ მოსამზადებელ ცენტრში, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა.

მოსამზადებელ ცენტრში კვირაში სამჯერ გვიტარებდნენ დამატებით გაკვეთილებს ის პედაგოგები, რომლებიც სკოლაში გვასწავლიდნენ, მხოლოდ ორი პედაგოგი მოდიოდა მეზობელი სოფლიდან.

მე-12 კლასში ვიდრე გადავიდოდი, ინგლისური უკვე საკმარისად ვიცოდი: ხულოში ამერიკული კუთხეა, იქ მოდიოდნენ ინგლისურენოვანი ადამიანები და ვესაუბრებოდი, სოციალურ ქსელშიც არის ხელმისაწვდომი ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები, სადაც უფასოდ შეიძლება დარეგისტრირდე და ესაუბრო ვინმეს ინგლისურად.

ვფიქრობ, მთავარი დროის მენეჯმენტია და დროულად იმის გააზრება: სად გაქვს პრობლემა. ლექსიკა, გრამატიკა… არავის სიამოვნებს დღეში 30 და 40 სიტყვის დაზუთხვა, უნდა სცადო, ეს პროცესი სახალისო გამოვიდეს: მაგალითად, ფილმებს ვუყურებდი ინგლისურად და იქიდან ვიწერდი უცნობ სიტყვებს,“ – გვიყვება ქეთი შავაძე.

რა სახის სირთულეები აქვს მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ აბიტურიენტს?

„ფოთში პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ იქ არავის აუღია მაქსიმალური ქულები, თანაც რეპეტიტორებთან დადიოდნენ… მე დავინახე სოფლის სკოლის მასწავლებლებში მეტი მოტივაცია – აქ მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი აუხსნან მოსწავლეს. შესაძლოა, ისინი არ ფლობენ ყველა იმ ახალ მეთოდს, რასაც ტრენინგებზე ასწავლიან მასწავლებლებს, მაგრამ ცდილობენ, ბავშვებს მაქსიმუმი მისცენ.

მაგალითად, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი დიდაჭარაში ჯემალ გობაძე იყო – ზოგჯერ ერთდროულად გვიმუშავია ამოცანაზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლექციური ხასიათის გაკვეთილი. მთავარია, როცა თანაბრად აღიქვამ მასწავლებელს და პარტნიორობ. ამ დროს აღვიქვი საინტერესოდ მათემატიკაც. სახლშიც მათემატიკაზე მუშაობა უკვე სიამოვნებას მანიჭებდა.

მერე დავიწყე ფიქრი, მათემატიკის ირგვლივ რა სფეროს არჩევა შეიძლებოდა: კომპიუტერული მეცნიერებები ახლა განვითარების პიკშია, მოთხოვნაც მაღალია, მინდა, კომპიუტერულ ინჟინერიას დავუახლოვდე. სხვა შეგრძნებაა, როცა თავად შეგიძლია რაღაც ახალი შექმნა,“ – ამბობს ქეთი შავაძე და შემდეგ რამდენიმე პრობლემას ასახელებს, რაც, მისი აზრით, დღეს არსებობს სკოლაში.

„სოფლად განსაკუთრებით პრობლემაა კვალიფიციური მასწავლებლები – ისინი ნაკლებად რჩებიან სოფლებში, პრობლემაა აღჭურვილობა, მაგალითად, ჩვენ ქიმიის ლაბორატორია არ გვქონდა  და ამის მიუხედავად მასწავლებელი მაქსიმუმს ცდილობდა, რაღაც ეჩვენებინა. წარმომიდგენია, პირველ რიგში, ჩვენი ქიმიის მასწავლებელი როგორ გაიხარებდა, დიდაჭარის სკოლაში რომ ლაბორატორია მოეწყოს.

ლაბორატორია ვერ მოეწყო, ჩვენ ვცადეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს ძვირი ჯდება.

ბევრი რამ იცვლება სკოლაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ესმის ბევრს, როგორ უნდა ისაუბროს სკოლის ასაკის ბავშვებთან, როცა ბავშვები იცვლებიან… სკოლაში არათუ ფსიქოლოგი, სამედიცინო კუთხეც არ გვქონდა. მაგალითად, ფოთის სკოლაში იყო ექიმი, ვისაც შეეძლო მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

ვფიქრობ, თაობა შეიცვალა და სხვაგვარია ამბოხის შეგრძნებაც. ჩვენ ხმის ამოღების არ გვეშინია, უსამართლობას არ შევეგუებით,“ – კატეგორიულია ქეთი შავაძე.

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება, მაგალითად, სოფელში ქალის მიმართ, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობს? – სკოლის კურსდამთავრებულის დაკვირვებით, ბევრ სოფელში ისევ მიიჩნევენ, რომ ქალს უმაღლესი განათლება არ სჭირდება, თუმცა ქეთი შავაძის აზრით, ქალებმა უკვე იციან, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები.

„…ჩემს სოფელში არ მსმენია, ვინმესთვის ეთქვათ, გოგო ხარ და ამიტომ არ უნდა ისწავლო უმაღლესშიო, მაგრამ არის ასეთი სოფლები, სადაც ამას ეუბნებიან გოგონებს, რომ მათი „განათლება“ საჭმლის მომზადება, ქმრის მოვლა და შვილების გაზრდაა.

დღეს გოგოებმა იციან, რომ ბევრად დაცულია ქალი, შესაძლებელია სამოქალაქო ორგანიზაციებს მიმართო.

გამოცდილებაა საჭირო მეტი წარმატებისთვის, მაგალითად,  სკოლის მეტი ქალი დირექტორი გვყავდეს, ან მერის წარმომადგენელი, თანამდებობის პირი. ჩვენ ახლა ამ ეტაპს გავდივართ.

თუმცა არის ერთგვარი შიშიც: შეიძლება მაინც ვერ დაგინახონ ისე, როგორც საჭიროა, არ აღგიქვან კომპეტენტურ პირად მარტო იმის გამო, რომ ქალი ხარ. ეს არ არის მხოლოდ აჭარაში ან საქართველოს სხვა კუთხეებში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასეა…“, – გვითხრა ქეთი შავაძემ.

რამდენად არსებობს ბირთვული ომის სერიოზული საფრთხე – ჰოჯესი რუსეთის მოტივებზე

ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა, უკრაინულ მედიასთან ბირთული იარაღის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია ბირთვული ომის საფრთხე სერიოზულად მიიღოს მსოფლიომ.

ამის შესახებ მან LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერც ამით იხეირებს.

„ატომური ომის საფრთხე სერიოზულად უნდა მივიღოთ. რუსეთს აქვს ათასობით ბირთვული ქობინი და მათ აშკარად არ აინტერესებთ რამდენ უდანაშაულო ადამიანს მოკლავენ. მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“, – თქვა მან.

ჰოჯესმა დასძინა, რომ ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში რუსეთი „ნულოვან“ სარგებელს მიიღებს.

„იქნება ნული. ნულოვანი დადებითი შედეგი იქნება, თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს“, – თქვა გენერალმა.

ჰოჯესის თქმით, რუსეთისთვის ერთადერთი სარგებელი მდგომარეობს სწორედ ამ იარაღის გამოყენებით მუქარაში. და ეს ძალიან საშიშია მოსკოვისთვის, რადგან ის, როგორც გაეროს წევრი, თამაშობს ბირთვული რიტორიკით. გენერალს მიაჩნია, რომ ეს უპასუხისმგებლობაა.

„ისინი ხედავენ: ჩვენ იმდენად შეშფოთებულები ვართ მსგავსი შესაძლებლობით, რომ არ ვაკეთებთ იმას, რაც უკრაინას სჭირდება, მაგალითად, როგორიცაა შორი დისტანციის იარაღის მიწოდება. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ბირთვული ესკალაციის გამო“, – თქვა მან.

გენერალმა აქვე აღნიშნა, რომ როდესაც ბრიტანელებმა და ფრანგებმა უკრაინას მიაწოდეს შორი სიზუსტის იარაღი, მაგალითად, Storm Shadow რაკეტები, რუსეთმა არაფერი გააკეთა. „მათ არაფრის გაკეთება არც შეეძლოთ. ამიტომ ბირთვული ომი – ნაკლებად სავარაუდოა“, – ხაზგასმით აღნიშნა ჰოჯესმა.

მისი აზრით, ასევე ჩინელებმაც უთხრეს რუსებს, რომ არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. „ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა: თუ ისინი ამაზე წავლენ, შედეგები კატასტროფული იქნება. ვფიქრობ, მისი სჯერათ“, – დასძინა გენერალმა.

ჰოჯესმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინა არც იმ შემთხვევაში გაჩერდება, თუ რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს.

„და ბოლოს, მე ასე მგონია, რომ პუტინის გარემოცვა ფიქრობს მის შემდეგ ცხოვრებაზე. ნებისმიერმა იცის, რომ: ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ცხოვრება დასრულდება, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – დასძინა მან.

ჰოჯესმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი შექმნილია ან ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, ან თავდაცვითი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასე, რომ ნებისმიერი დარტყმა არ იქნება ჰიროსიმას მსგავსი.

„არ არის ისეთი ადგილი, სადაც ომი დამთავრდება: ითქვა, თუ ამ ერთადერთ ადგილს გაანადგურებენ, უპირატესობას მოიპოვებენ და გაიმარჯვებენ. ვფიქრობ, მათ უკვე მიაყენეს საკმარისი ზიანი უკრაინის ქალაქებს სხვა რაკეტებით. ამიტომ, არ ვიცი, ისინი ამას სად გამოიყენებენ. შეიძლება იქ, სადაც მოსახლეობა არ არის ან ცოტაა, მხოლოდ იმის საჩვენებლად: აჰა, ჩვენ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა“, – თქვა მან.

გენერლის აზრით, რუსეთს ბირთვული დარტყმისთვის არ გააჩნია კონკრეტული მიზანი.

24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკვე მეორე წელია უკრაინა ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე,  ბათუმში მცხოვრები უკრაინელები ღონისძიებას გამართავენ. იქნება კონცერტი, გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით უკრაინელი მებრძოლებისთვის პირველად სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეიძენენ.

„ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცემათ, მათ შორის, უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებსაც.

ამ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის გარდა საქართველოს კონსტიტუციის დღეც აღინიშნება, ამიტომ გაჟღერდება საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიების გამართვაში გვეხმარებიან როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ბიზნესჯგუფები“ – ამბობენ ბათუმში უკრაინული ორგანიზაციის – „მაიდანბათუმის“ წარმომადგენლები.

„ბათუმელები“ ესაუბრა ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ოლექსანდრა ომელჩენკოს.

„ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა, ბათუმში მყოფი ყველა უკრაინელი გავაერთიანოთ. გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებიც მოვიდნენ ამ ღონისძიებაზე, რადგან საქართველომაც იგივე დღეები გამოიარა 2008 წლის აგვისტოში.

ჩვენ ომის პირველი დღეებიდანვე ვგრძნობთ ქართველების თანადგომას, ისინი გვეხმარებოდნენ ზამთარში კამუფლაჟების მოქსოვაში, რომლებსაც მეომრებისთვის ვაგზავნიდით უკრაინაში.

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს კი შეუძინეს საბრძოლო მანქანა, ჩვენ დღემდე ერთად მოვდივართ ამ გზაზე და ერთად გვინდა, რომ გავიმარჯვოთ რუსეთთან ომში“- ამბობს ოლექსანდრა ომელჩენკო.

„უკვე 544 დღეა, რაც ბათუმში მყოფი უკრაინელები ერთად ვდგავართ მაიდანზე და სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც ახლა ომშია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვერდით არიან საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველების სოლიდარობა, რადგან საქართველოც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დღეს იმავეს აკეთებს რუსეთი უკრაინაშიც.

საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა გაიმარჯვოს.

უკრაინა მეორე წელია, რაც ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ეს დღე ყველაზე წმინდაა ჩვენთვის“ – ამბობს რომან ბელინი.

უკრაინის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაში ჩართულია „ლელოს“ წარმომადგენელი აჭარაში გენო თებიძეც. მისი თქმით, 24 აგვისტოს უკრაინელებთან ერთად ქართველებიც უნდა იდგნენ ევროპის მოედანზე ბათუმში, რადგან ამ ორ ქვეყანას ერთი საერთო მტერი ჰყავს – ოკუპანტი რუსეთი.

„დღეს უკრაინაში რეალურად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედიც წყდება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არ აჩერებს თავის აგრესიულ პოლიტიკას. ჩვენთვის გადამწყვეტია ამ ომის შედეგი და დარწმუნებული ვართ, ამ ომს მოიგებს უკრაინა.

ჩვენ, ქართველი ხალხი, ვალდებულიც ვართ დავაფასოთ ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მათთან ერთად აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ბათუმში“ – თქვა გენო თებიძემ.

ბათუმში ავტობუსის მძღოლს იარაღით დაემუქრნენ – დაიწყო გამოძიება

დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ინცინდენტი მოხდა.

ფაქტს ადასტურებს შს სამინისტროც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მგზავრი ნასვამი იყო და მძღოლს ემუქრებოდა. მას თან ჰქონდა სასიგნალო პისტოლეტი.

შსს-ს ინფორმაციით, მგზავრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით.

____________

ფოტოზე: კადრი ლია მგელაძის ვოდეოდან

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28 -33 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 23-23 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ვინ არის ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილია. იგი 2023 წლის 14 აგვისტოდან გაამწესეს მოსამართლედ ბათუმში.

მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა 2023 წლის 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უარი უთხრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე. მაშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმში მოსამართლედ გამწესებამდე ეკატერინე კულულაშვილი მოსამართლე იყო თბილისში. იგი 2015 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ აურჩევია – 2021 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა, მას შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებდა.

2018 წლიდან ეკატერინე კულულაშვილი უვადოდ არჩეული მოსამართლეა.

2020-2021 წლებში მივლინების საფუძველზე ეკატერინე კულულაშვილი მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში [განიხილავდა „გიორგი შაქარაშვილის საქმეს“] 2021 წლის აგვისტოდან კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

ეკატერინე კულულაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–ტექნიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის განხრით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2009-2014 წლებში მან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები: ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დაცვისა და დავის გადაწყვეტის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თბილისის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში თემაზე – საქართველოს სააპელაციო დაცვა ზეპირი და წერილობითი არგუმენტების გამოყენებით;

ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში, თემა – სასამართლო განაჩენთა და სხვა გადაწყვეტილებათა დასაბუთება;

გერმანიის სასამართლო სტრუქტურა და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები [ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში]; მონაწილეობა მიიღო სემინარში თემაზე – პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.

2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე კულულაშვილი მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე – ბინა მოსამართლეს 2016 წელს შეუძენია 81 000 აშშ დოლარად.

2022 წელს ეკატერინე კულულაშვილის ხელფასი ჯამურად 84 138 ლარი იყო [თვეში – 7011 ლარი].

დღეს ბათუმის ორ ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდება

დღეს, 21 აგვისტოს, 14:00 საათიდან, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება მეტექსას და სელიმ ხიმშიაშვილი ქუჩების აბონენტებს.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 18:00 საათიდან აღუდგებათ.

„სოკარი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბახმუტთან უკრაინელებმა 3 კვ კილომეტრი გაათავისუფლეს გასული კვირას – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას ბახმუტთან 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან.

„ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ სამხრეთ ფლანგზე ბახმუტის გარშემო. გასული კვირის განმავლობაში მათ გაათავისუფლეს 3 კვ.  კილომეტრი და ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბახმუტის გარშემო გათავისუფლებულია 43 კვ. კილომეტრი“ – თქვა მან.

ანა მალიარის თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე, ბახმუტთან, რუსეთი ცდილობს უკრაინის ჯარების განდევნას, რადგან უკრაინელებმა დაიკავეს დომინანტური სიმაღლეები.

„მტერი იქ არის ჩაკეტილი, რადგან მათ არ შეუძლიათ ბახმუტიდან გამოსვლა და სრულმასშტაბიანი წინსვლა, ამიტომ მტერი ჩრდილოეთ ფლანგიდან შტურმს ცდილობს, რათა განდევნოს უკრაინის ძალები. მტერი ამას ვერ ახერხებს, მაგრამ იქ მწვავე ბრძოლებია“ – ამბობს ანა მალიარი.

 

მახუნცეთში მანქანა ამოყირავდა – ავტოსაგზაო შემთხვევა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მანქანა ამოყირავდა.

ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა სოფლის ცენტრში, მახუნცეთის ჩანჩქერის ასასვლელთან ამოყირავდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

______________________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

რუსეთმა შავ ზღვაში სარაკეტო ხომალდების რაოდენობა გაზარდა – უკრაინის თავდაცვა

რუსეთმა შავ ზღვაში გაზარდა სარაკეტო ხომალდების რაოდენობა – ამის შესახებ დღეს, 21 აგვისტოს, უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები იუწყება.

უკრაინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ნავის გარდა, შავ ზღვაში შევიდა მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი და, „შესაბამისად, კალიბრების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. სარაკეტო საფრთხის დონე ძალიან მაღალია“.

რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტდა მონაწილეობას ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში და ფაქტობრივად დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომელთა გემებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებოდნენ.

რუსეთმა განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართულად ჩათვლიდა ყველა იმ ქვეყანას, რომლის დროშის ქვეშ მცურავი გემებიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამოჩნდებოდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 257 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 4 358 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 8 449 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 5 264 ერთეული [+19]
  • MLRS – 719 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 489 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 309 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 692 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 794 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 462 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 913 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 426 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 969 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 357 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ეთამაშე ბათუმის დინამოს“ – ლისინ ივენთის სპორტული აქტივობა ბათუმი ფესტივალზე

ბათუმი ფესტივალი ანბანის კოშკთან დღეს, 8 საათიდან მისულ სტუმრებს საინტერესო სპორტული აქტივობები დახვდებათ. „ეთამაშე ბათუმის დინამოს“ კამპანიის ფარგლებში ფესტივალს ბათუმის დინამოს ფეხბურთელები ეწვევიან.

დღეს, 8 საათიდან 9 საათამდე ფესტივალის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია უფასოდ ეთამაშოს მაგიდის ფეხბურთი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს. კომპანია ლისინ ივენთის წარმომადგენლები ფესტივალის ვიზიტორებს უამრავ სიურპრიზს პირდებიან. „დღეს, 8 საათიდან გაქვთ საშუალება, გვეწვიოთ ბათუმი ფესტივალზე და ეთამაშოთ მაგიდის ფეხბურთი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს. თამაშის გამარჯვებულებს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. ამ აქტივობის შემდეგ კი ფეხბურთელებთან ერთად გეპატიჟებით ღია კინოთეატრში, ფეხბურთის მატჩის საყურებლად“– თათული ჯანჯღავა, ბათუმი ფესტივალის ორგანიზატორი.

ბათუმი ფესტივალი 8 ივლისიდან ანბანის კოშკთან მიმდინარეობს და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბათუმი ფესტივალი არის საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ქუჩის მარკეტი, რომელიც აერთიანებს 6 განსხვავებულ ზონას: საკვები ზონა, საშოპინგო ზონა, საბავშვო გასართობი ზონა, ღია კინოთეატრი, გასართობი ზონა და ბარების ზონა.

ბათუმი ფესტივალის სტუმრებს შეგიძლიათ დააგემოვნოთ აზიური და ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნიმუშები, შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, მეგობრებთან ერთად უყუროთ სპორტულ მატჩებსა თუ ფილმებს, უფასოდ დაესწროთ მაგიურ შოუებსა და კონცერტებს და დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო სხვა აქტივობებით. ფესტივალის ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ბათუმი ფესტივალზე ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის ადამიანი იპოვის გასართობს.

რა ღირს თხილი გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში – გურული ფერმერები დაბალ ფასზე ჩივიან

„ორ ლარზე დავიდა 1 კგ თხილის ფასი გურიაში. თავიდან, როცა მიღება დაიწყეს კარგი თხილი 2,80 ლარი ღირდა [მეგრული ჯიშის თხილი რომაა], შერეული კი 2,60 ლარი. ახლა, ფერისცვალების დღესასწაულის წინ დავარდა ფასი,“ –  ოზურგეთელი ირმა გორდელაძე გურიაში თხილის დაბალ ფასზე საუბრობს.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს 1 კგ პრემიუმ ხარისხის თხილი 6-7 ლარი უნდა ღირდეს, კარგი ხარისხის თხილი კი 4-5 ლარი.

თუმცა გურიაში ამბობენ, დაანონსებული ფასები მათზე არ ვრცელდება. ამის გამო კი მოსახლეობას პროტესტი აქვს.

„აქვე, აჭარაში, სოფელ გვარაში 4 ლარი ღირს თხილი. სამეგრელოს დავუკავშირდი, იქ ტეხენ თხილს და ერთ ჯანსაღ გულში იხდიან 45 თეთრს. ყველაზე სავალალო მდგომარეობა არის ოზურგეთში. მე ამას წლებია ვაბრალებ „თხილის მაფიას“, რომელიც არის ოზურგეთში. უზარმაზარი თხილის სატეხებია გახსნილი. ამ თხილს იღებენ, ტეხენ და გულს ძვირად ყიდიან – 14, 15, 16 დოლარად. ამ დროს მოსახლეობას ერთ დოლარსაც კი არ აძლევენ. ეჭვი გვაქვს, რომ სპეციალურად აგდებენ ფასს,“ – ამბობს ირმა გორდელაძე.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუა გურულებს მოუწოდებს ცოტახანს თავი შეიკავონ თხილის გაყიდვისგან.

„ნუ გაყიდიან, ჩვენი თხოვნაა არ გაყიდონ ახლა. გააშრონ და მერე გაყიდონ. ჯერ არ არის გაყიდვის სეზონი, ტენიანობაც მაღალი აქვს ახლა თხილს, შეიძლება გაუფუჭდეთ. ან ვინც იყიდის იმას გაუფუჭდეს. რისკებია მაღალია. სჯობს გააშრონ.

ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო საშრობი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში. ქობულეთიდან და ხელვაჩაურიდანაც არაა შორი. გურია-აჭარაში არ იყო აქამდე საშრობი, არც ტრადიცია იყო შრობის. დღეს არის და უნდა გამოვიყენოთ ეს აუცილებლად.

მოსავალს რომ ავიღებთ, ამას ჭირდება აუცილებლად შრობა. არასწორი შრობის შედეგად გურიასა და აჭარაში ფუჭდებოდა თხილის ხარისხი. ჩვენი ასოციაცია მზადაა უფასოდ მოემსახუროს  იმ ფერმერებს, ვინც ისარგებლა სუბსიდიით, ვინც კარგად მოუარა თხილს. შრობის და დასაწყობების თანხას არ გადავახდევინებთ წელს. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,“ – გვეუბნება გიორგი თოდუა.

შეუძლია თუ არა გურიაში მცხოვრებ გლეხს შეინახოს თხილი და მოგვიანებით, როცა ფასი აიწევს, მერე გაყიდოს, ვკითხეთ ირმა გორდელაძეს.

მისი თქმით, იმის გამო რომ გურიაში აგვისტოს ბოლოს გლეხების უმეტესობა თხილზე და მისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, თხილის შენახვის ფუფუნება არ აქვთ.

„წლებია ვაკვირდები, თხილზე ფასი ყველა დღესასწაულის ან მნიშვნელოვანი ამბის წინ ეცემა. ეს ხდება ფერისცვალებას, მარიამობას და სწავლის დაწყების წინ. ამ დროს მოსახლეობა, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს, იძულებულია გაყიდოს თხილი და იმ თანხით ოჯახში რამე იყიდოს,“ – გვისხნის ირმა გორდელაძე.

მისი თქმით უსამართლობაა თხილზე დაბალი ფასი მხოლოდ ერთ რეგიონში.

ამასთან მოსახლეობას არ აქვს საშუალება თხილი ჩასაბარებლად სხვა რეგიონში წაიღოს, რადგან ამას ტრანსპორტირება და ფინანსები ჭირდება. ამის გამო იძულებულები ხდებიან მთელი წლის ნამუშევარი დაბალ ფასში გაყიდონ.

რა ღირს თხილი სამეგრელოსა და აჭარაში

„ამჟამად მიმდინარეობს მოსავლის აღება. დაბინავებულია მოსავლის 25-30 %, რაღაცა ნაწილი კი იყიდება, მაგრამ ჯერ მშრალი არაა თხილი. ახლა 4 ლარამდე მერყეობს ფასი, მაგრამ თვის ბოლოსკენ მოლოდინი გვაქვს, რომ ხარისხიანი თხილის ფასი მოიმატებს და შესაძლოა 6-7 ლარი ღირდეს, ოღონდ ხარისხიანი,“- ამბობს „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუა.

მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად წელს 1 კილოგრამი თხილის ფასი ასე განისაზღვრა.

  • მოუვლელი და შეუწამლავი 1 კგ თხილი 3,50 ლარიდან დან 4 ლარამდე ღირს;
  • კარგი ხარისხის 1 კგ თხილის ფასი 4 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს;
  • პრემიუმ ხარისხის 1 კგ თხილის ფასი კი 6-7 ლარია.

„ასეთი ფასები ფიქსირდება დღეს. ყველა რეგიონში დაახლოებით ასეა. თუმცა პირველი დღეებია და თვის ბოლომდე ფასში რაღაც ცვლილებას ველოდებით,“ – გვითხრა გიორგი თოდუამ.

ის რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს, რომ რაც შეიძლება მალე მოკრიფონ თხილი და გააშრონ. ან სპეციალურ საშრობებში ან სახლში, ჩრდილში.

გიორგი თოდუა საუბრობს ქუჩაში გახსნილ მიმღებ პუნქტებზე, რომლებიც თხილს დაბალ ფასად იბარებენ და მოსახლეობას ურჩევს თხილი ქარხნებს ან საშრობებს ჩააბარონ.

„ახლა თხილი არის ტენიანი. ქუჩაში ვინც იღებს თხილს, ისინი დაბალ ფასში იბარებენ, რადგან არ იციან შრობის შემდეგ რა იქნება და თავს იზღვევენ. თავიდან რომ ჩანს რომ კარგია, შრობის მერე შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს.

ქუჩაში თხილის ჩაბარება არაა რეკომენდირებული. მიმართონ საშრობებს და მიმართონ პირდაპირ ქარხნებს, ქუჩაში კაცი რომ დგას, მზეზე მთელი დღე ის ბუნებრივია მაქსიმალურ მოგებაზეა ორიენტირებული. უამრავი საწარმოა, საშრობებია, მიმართონ, გააშრონ და გაყიდონ,“ – ამბობს გიორგი თოდუა.

მისი თქმით, ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, რომელსაც  საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აწარმოებს, ფერმერები, რომლებიც სარგებლობენ სუბსიდიით და 5-6-ჯერ მაინც ჩაატარეს წამლობა თხილის ბაღებში, კარგ მოსავალს იღებენ. მათი თხილი პრემიუმ ხარისხისაა და მაღალ ფასად იყიდება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30-35 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20 აგვისტოს აჭარაში უმეტესად – უნალექო ამინდი იქნება, 21-22 აგვისტოს კი  დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მახინჯაურსა და კახაბერში სასმელი წყლის სისტემა უნდა მოაწყონ – გამოყოფილია 3,5 მილიონი ლარი

მახინჯაურისა და კახაბრის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 564 296 ლარია. „ბათუმის წყალი“ მუნიციპალური კომპანიაა და სამუშაოებისთვის საჭირო თანხას, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საკუთარი შემოსავლებით გადაიხდის.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა მახინჯაურში კონკრეტულ მისამართებზე:

  • თამარ მეფის გამზირის III შესახვევის N32-დან N50-მდე;
  • თამარ მეფის გამზირის I შესახვევის N15-დან N37-მდე;
  • მარკოზ აჭარელის III შესახვევის N38-დან N46-მდე;

ასევე, კახაბრის დასახლებაში [თუმცა, აქ კონკრეტული ქუჩები მითითებული არ არის].

საპროექტო ტერიტორიები შეგიძლიათ ნახოთ ამ რუკებზე:

ტერიტორია მახინჯაურში სადაც სასმელი წყლის სისტემა უნდა მოეწყოს [შემოსაზღვრულია ყვითელი ხაზით] / ფოტო პროექტიდან
კახაბრის დასახლება, სადაც სასმელი წყლის სისტემა უნდა მოეწყოს [შემოსაზღვრულია ყვითელი ხაზით] / ფოტო პროექტიდან
ეს ადგილები ბათუმს შემოერთებული ტერიტორიებია და წყლის სისტემისა და გამრიცხველიანების შემდეგ აბონენტები ბათუმის წყალმომარაგების ერთიან ქსელში ჩაერთვებიან.

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული პროექტები, რომლითაც ზემოთ აღნიშნულ ადგილებში წყლის სისტემა უნდა მოეწყოს, დამუშავებულია „შპს „დიდმშენპროექტი“–ს მიერ 2021 წელს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე [ხელშეკრულება #1].“

აღნიშნული ხელშეკრულებით კი, მერიის სამმართველოს პროექტებში 56 224 ლარი აქვს გადახდილი.

პროექტებში აღნიშნულია, რომ მახინჯაურსა და კახაბერში „მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით. საერთო განაწილების წყალმომარაგების სისტემები არ არსებობს. ზაფხულის პერიოდებში არსებულ ინდივიდუალურ წყალმომარაგების სისტემებში იკლებს დებეტი, მოსახლეობა განიცდის წყლის დეფიციტს, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას.“

პროექტით კი, ზემოთ აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიებზე „თითოეული მოსახლისათვის წყლის მიწოდების მიზნით მოხდება მთელი ტერიტორიის დაქსელვა და მოსახლეობისათვის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეა.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე არ ფუნქციონირებს წყალარინების/კანალიზაციის ქსელიც.

ბათუმის მერია აცხადებდა, რომ წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელი კახაბერსა და მახინჯაურში V ფაზის [KfW-სგან მისაღები სესხისა და გრანტის] ფარგლებში მოეწყობოდა. რატომ გამოაცხადა მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ კახაბრისა და მახინჯაურის ნაწილში წყლის სისტემების მოწყობაზე ცალკე ტენდერი? – აღნიშნულ კითხვაზე პასუხს ბათუმის მერიისგან მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

ამ თემაზე ვრცლად:

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 257 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 4 346 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 8 435 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 5 245 ერთეული [+33]
  • MLRS – 717 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 489 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 304 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 680 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 790 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 461 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 877 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 409 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 951 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 334 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

დიოკნისში და საციხურში მიწის უფასოდ აზომვითი სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამჯერად საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისისა და საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები.

მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის.

  • რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე

დიოკნისსა და საციხურში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემებთან ერთად, ასევე გამოქვეყნდა ხაშურის, მესტიის, ხობის, ბოლნისის, ამბროლაურისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემები:

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2025 წლამდე უნდა დასრულდეს. ამასთან, „2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას“.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, გრაფაში  „აზომვის მოთხოვნა“ – მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი თავი [ე.წ. „მომლოდინეთა სიაში“], სადაც საკონტაქტო ინფორმაციასაც მიუთითებენ და მოითხოვონ მიწის ნაკვეთის უფასოდ აზომვა/რეგისტრაცია. რეესტრი ამ მონაცემებითაც ისარგებლებს.

აჭარაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გეგმა-გრაფიკთან შედარებით გვიან დაიწყო.

2023 წლის ივლისის დასაწყისში საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემები. დიდაჭარის მცხოვრებლებს მონაცემების გადამოწმება 2023 წლის 10 აგვისტომდე შეეძლოთ.

აგვისტოს დასაწყისში კი, რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები გამოქვეყნდა. ამ შემთხვევაში მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ.

ამ თემაზე:

მიწის უფასოდ აზომვა რიყეთშიც დასრულდა – შედეგები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმოთ

ერთად გამარჯვებისკენ – 24 აგვისტოს ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ თარიღის აღსანიშნავად ბათუმში საქველმოქმედო ბაზრობა და უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 17:00 საათზე ევროპის მოედანზე საქველმოქმედო ბაზრობით დაიწყება.

„ჩვენი მიზანია შევაგროვოთ თანხა 100 ტაქტიკური პირველადი სასწრაფო დახმარების ნაკრების შესაძენად. ჩვენ მას გავუგზავნით უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსათვის,“ – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ანონსში.

აქციის ორგანიზატორი „მაიდან ბათუმია“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ბათუმში მცხოვრები უკრაინელების მიერ დაარსდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება ერთგვარი კულტურული წარმოდგენა, რომელშიც ჩართული იქნებიან უკრაინელი ბავშვები.

„უკრაინელი პატარები წარმოადგენენ სპექტაკლს, რომლიდანაც შეიტყობთ უამრავ საინტერესო ამბავს უკრაინისა და მისი კულტურის შესახებ. მიუხედავად ომისა და ყველა იმ საშინელებისა რაც ხდება, ჩვენი ქვეყანა ცოცხალი და გაუტეხელია,“ – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ეკა ჩავლეიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა

ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი, სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა.

ეკა ჩავლეიშვილმა ჯილდო მიიღო ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“.

ეკა ჩავლეიშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია.

ამავე ფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა „შაშვი შაშვი მაყვალი“.

ფილმის რეჟისორი ელენე ნავერიანია და ის თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ელენე ნავერიანი სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

ეს არ არის „შაშვი შაშვი მაყვალის“ ერთადერთი წარმატება. აქამდე ეს ფილმი კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში და ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში იყო.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 257 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 4 340 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 8 424 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 5 212 ერთეული [+19]
  • MLRS – 714 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 486 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 282 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 665 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 785 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 461 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 854 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 387 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 940 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 319 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რას ჰყვება ბაირაქტარის პილოტი, რომელმაც კიევზე მტრის შეტევა შეაჩერა

შეიძლება ყავა არითმიის დროს? – კარდიოლოგის რჩევები

არითმიაა, როდესაც გული სცემს ძალიან სწრაფად, ძალიან ნელა ან არათანაბარი, არარეგულარული რიტმით. ავსტრალიის ეროვნული გულის ასოციაცია წერს, რომ სხვადასხვა ადამიანისთვის, გულის არითმიის ეპიზოდი, შეიძლება დააპროვოციროს სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია კოფეინი, რომელიც შედის ძირითადად ყავისა და ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში.

ამ თემაზე „ბათუმელები“ კარდიოლოგ გიორგი ცხომელიძეს ესაუბრა, ბათუმის სამედიცინო ცენტრის არითმოლოგს. 

  • ბატონო გიორგი, რა არის არითმია და რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ის?

არითმია გახლავთ გულის რეგულარული და თანამიმდევრული მუშაობის დარღვევა. ამ დროს პულსი არის ზედმეტად მაღალი ან დაბალი ან და არარეგულარული – პულსის გასინჯვისას ბიძგებს შორის ინტერვალი სხვადასხვაა. 

ზოგიერთი არითმია შეიძლება იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო, თუმცა არსებობს არითმიები, რომლებსაც შეუძლია თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. ამიტომ არითმიის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმ არითმოლოგს.

  • რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს არითმიის დროს ყავის ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელების ხშირი მოხმარება?

როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, კოფეინის ნორმალური რაოდენობით მიღება არ გახლავთ არითმიის განვითარების მიზეზი. ზოგიერთი კვლევა გვეუბნება, რომ პირიქით შეიძლება დადებითი ეფექტიც კი ჰქონდეს კოფეინის მიღებას გულის ფუნქციონირებაზე. 

თუმცა არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც კოფეინის მიღების დროს ეწყებათ გულის ფრიალის და გულისცემის აჩქარების შეგრძნება. ასეთ ადამიანებს ვურჩევდით, რომ მინიმალური რაოდენობით, ან საერთოდ არ მიიღონ კოფეინი. 

  • თუ არსებობს რეკომენდაციები გულის პათოლოგიების დროს, რა სიხშირით და რა სიმძლავრის ყავა დავლიოთ?

ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით კოფეინის საშუალო დოზით (1-2 ფინჯანი ყავა დღეში) მიღება არის უსაფრთხო გულის პათოლოგიების მქონე პაციენტებში. 

  • რა არის სხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება სტიმულაცია მისცეს არითმიის განვითარებას?

არითმია ძირითადად ვითარდება გულის სხვადასხვა პათოლოგიების დროს (გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, თანდაყოლილი მანკები, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა), რა დროსაც გულის უჯრედები ზიანდება და ეს ხდება არითმიის წყარო. 

ზოგიერთ გარეგან ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს ამ არითმიის კერების სტიმულაცია. 

ეს ფაქტორებია: სტრესი, ალკოჰოლი, თამბაქო (სიგარეტში ან ელექტრო სიგარეტში), ნარკოტიკული საშუალებები, ძილის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია, სხეულის ჭარბი წონა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა, ჭარბი ოფლიანობა, ვირუსული ინფექციები და სხვა. 

pennmedicine: ძილი ხელს უწყობს არითმიის პრევენციას სტრესის დონის შემცირებით ან წონის დაკლების გაადვილებით. ის ასევე გიცავთ დაღლილობისგან, რომელმაც ზოგჯერ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არითმია. მიზნად დაისახეთ იძინოთ დაახლოებით შვიდიდან ცხრა საათი ღამით.

Exit mobile version