ასამდე საომარი გაფრენით პილოტმა ვადიმ ბლაგოვესტნიმ რუსულ მხარეს მძიმე დარტყმა მიაყენა, ოკუპანტებს გაუნადგურა 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 80-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საწვავის და საპოხი მასალების 40-ზე მეტი ცისტერნა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ის ცნობით, პილოტმა ბლაგოვესტნიმ 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ეს უკრაინული სამხედრო გამოცემა პერიოდულად აქვეყნებს ცნობებს უკრაინის გმირების შესახებ სამხედრო ჩანაწერებზე, თავდაცვის ძალების ანგარიშებსა და სამხედრო პირების ახლობლების, ოჯახის წევრების მონათხრობზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ ვადიმის მშობლები ჩერნიჰოვოში ცხოვრობენ და არც არასდროს დაუტოვებიათ იქაურობა. ფიქრობდნენ, რომ ვადიმი დაიცავდა ყველგან და ყოველთვის. როცა საბრძოლო ვერტმფრენების ზუზუნი ესმოდათ ჩერნიჰოვოს ცაზე და ოკუპანტების საბრძოლო მასალების საცავების აფეთქებების შესახებ იგებდნენ, შვილს მხოლოდ ერთ რამეს ეუბნებოდნენ, რომ თავს გაფრთხილებოდა.
ვადიმი იცავდა არამხოლოდ მშობლიურ რეგიონს, იცავდა მიკოლაევს, ხერსონს, ლუგანსკის, დონბასს და ხარკოვს. 26 წლის მფრინავი თანამებრძოლების გადმოცემით სიმამაცით და გამბედაობით გამოირჩეოდა.
დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ვადიმი დასთან ერთად გეგმავდა როგორ შეიკრიბებოდნენ ერთად მთელი ოჯახი ჩერნიჰოვის პატარა სოფელში. ვადიმის და, ეკატერინა, ნიდერლანდებიდან უნდა ჩაფრენილიყო უკრაინაში, ვადიმს ხელმძღვანელი დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღით საბრძოლო დავალებებისგან გაათავისუფლებდა.
2022 წლის 7 სექტემბრის დილას კატიამ ძმას მისწერა, რომ ძალიან უყვარდა, რომ ღმერთს სთხოვდა მის მფარველობას. „უკან ვბრუნდები, ესე იგი ყველაფერი კარგადაა“ – მოკლედ უპასუხა დას ვადიმმა შეტყობინებაზე.
ამ მიმოწერიდან რამდენიმე საათში ვადიმი ცაში გარდაიცვალა, ნიკოლაევის თავზე. ეს მისი 95-ე საბრძოლო ფრენა იყო.
ოჯახი ჩერნიჰოვოს პატარა სოფელში შეიკრიბა, მაგრამ არა ვადიმის დაბადების დღის აღსანიშნად. 27 წლის შესრულებას უკრაინელი მფრინავი ვერ მოესწრო.
„ალბათ ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, როცა მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მე მჯეროდა. კარგად მესმოდა, რომ ეს ომი იყო. ომი კი არ განარჩევს, ვინ შეიწიროს და ვინ არა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ძმას ყველაფერი კარგად ჰქონოდა.
24 თებერვლის მერე, როცა ვადიმი ფრონტის წინა ხაზის ამბებიდან მცირე დეტალებს მიზიარებდა, ვხვდებოდი, რომ ის და მისი მეგობრები წარმოუდგენელი ადამიანები იყვნენ. მთელი იმ თვეების განმავლობაში თითქოს ათ-ათი წლით გაიზარდნენ და გმირებად იქცნენ. მათგან ბევრი უკვე ცოცხალი აღარ არის“, – ამბობს ეკატერინა.
მფრინავის და დარწმუნებულია, რომ ვადიმმა ბევრი რამ გააკეთა უკრაინისთვის და ის უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს. ამბობს, რომ ძმა ყოველთვის სამაგალითო, თავგანწირულ ადამიანად დარჩება მისთვის.
„საშინელება იყო ნიკოლაევში, იმ ბინაში მისვლა, სადაც ვადიმი ცხოვრობდა. სიცოცხლე იქ 24 თებერვლის დადგომისთანავე დამთავრდა. ბინა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, უდარდელად ხუმრობდნენ და დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ, უცებ ჩაიძირა მწუხარებაში.
არცერთი ძვირფასი ჯილდო არ გვიბრუნებს ძვირფას ადამიანებს, მაგრამ სამხედრო ავიაცია ვადიმის ცხოვრების მთავარი საქმე იყო“, – ამბობს ეკატერინა ბლაგოვესტნი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 8 ივლისს ვადიმ ბლაგოვესტნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.