რუსეთმა შავ ზღვაში გაზარდა სარაკეტო ხომალდების რაოდენობა – ამის შესახებ დღეს, 21 აგვისტოს, უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები იუწყება.
უკრაინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ნავის გარდა, შავ ზღვაში შევიდა მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი და, „შესაბამისად, კალიბრების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. სარაკეტო საფრთხის დონე ძალიან მაღალია“.
რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტდა მონაწილეობას ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში და ფაქტობრივად დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომელთა გემებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებოდნენ.
რუსეთმა განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართულად ჩათვლიდა ყველა იმ ქვეყანას, რომლის დროშის ქვეშ მცურავი გემებიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამოჩნდებოდა.






