მთავარი,სიახლეები

რამდენად არსებობს ბირთვული ომის სერიოზული საფრთხე – ჰოჯესი რუსეთის მოტივებზე

21.08.2023 • 2440
რამდენად არსებობს ბირთვული ომის სერიოზული საფრთხე – ჰოჯესი რუსეთის მოტივებზე

ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა, უკრაინულ მედიასთან ბირთული იარაღის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია ბირთვული ომის საფრთხე სერიოზულად მიიღოს მსოფლიომ.

ამის შესახებ მან LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერც ამით იხეირებს.

„ატომური ომის საფრთხე სერიოზულად უნდა მივიღოთ. რუსეთს აქვს ათასობით ბირთვული ქობინი და მათ აშკარად არ აინტერესებთ რამდენ უდანაშაულო ადამიანს მოკლავენ. მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“, – თქვა მან.

ჰოჯესმა დასძინა, რომ ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში რუსეთი „ნულოვან“ სარგებელს მიიღებს.

„იქნება ნული. ნულოვანი დადებითი შედეგი იქნება, თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს“, – თქვა გენერალმა.

ჰოჯესის თქმით, რუსეთისთვის ერთადერთი სარგებელი მდგომარეობს სწორედ ამ იარაღის გამოყენებით მუქარაში. და ეს ძალიან საშიშია მოსკოვისთვის, რადგან ის, როგორც გაეროს წევრი, თამაშობს ბირთვული რიტორიკით. გენერალს მიაჩნია, რომ ეს უპასუხისმგებლობაა.

„ისინი ხედავენ: ჩვენ იმდენად შეშფოთებულები ვართ მსგავსი შესაძლებლობით, რომ არ ვაკეთებთ იმას, რაც უკრაინას სჭირდება, მაგალითად, როგორიცაა შორი დისტანციის იარაღის მიწოდება. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ბირთვული ესკალაციის გამო“, – თქვა მან.

გენერალმა აქვე აღნიშნა, რომ როდესაც ბრიტანელებმა და ფრანგებმა უკრაინას მიაწოდეს შორი სიზუსტის იარაღი, მაგალითად, Storm Shadow რაკეტები, რუსეთმა არაფერი გააკეთა. „მათ არაფრის გაკეთება არც შეეძლოთ. ამიტომ ბირთვული ომი – ნაკლებად სავარაუდოა“, – ხაზგასმით აღნიშნა ჰოჯესმა.

მისი აზრით, ასევე ჩინელებმაც უთხრეს რუსებს, რომ არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. „ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა: თუ ისინი ამაზე წავლენ, შედეგები კატასტროფული იქნება. ვფიქრობ, მისი სჯერათ“, – დასძინა გენერალმა.

ჰოჯესმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინა არც იმ შემთხვევაში გაჩერდება, თუ რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს.

„და ბოლოს, მე ასე მგონია, რომ პუტინის გარემოცვა ფიქრობს მის შემდეგ ცხოვრებაზე. ნებისმიერმა იცის, რომ: ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ცხოვრება დასრულდება, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – დასძინა მან.

ჰოჯესმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი შექმნილია ან ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, ან თავდაცვითი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასე, რომ ნებისმიერი დარტყმა არ იქნება ჰიროსიმას მსგავსი.

„არ არის ისეთი ადგილი, სადაც ომი დამთავრდება: ითქვა, თუ ამ ერთადერთ ადგილს გაანადგურებენ, უპირატესობას მოიპოვებენ და გაიმარჯვებენ. ვფიქრობ, მათ უკვე მიაყენეს საკმარისი ზიანი უკრაინის ქალაქებს სხვა რაკეტებით. ამიტომ, არ ვიცი, ისინი ამას სად გამოიყენებენ. შეიძლება იქ, სადაც მოსახლეობა არ არის ან ცოტაა, მხოლოდ იმის საჩვენებლად: აჰა, ჩვენ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა“, – თქვა მან.

გენერლის აზრით, რუსეთს ბირთვული დარტყმისთვის არ გააჩნია კონკრეტული მიზანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: