ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციაში ორი პირია მხილებული.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მის რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში.
სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკროორგანიზმებს.
ასევე, დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
აღნიშნული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლების მიხედვით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით – იუწყება საგამოძიებო სამსახური.