მთავარი,სიახლეები

გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

15.08.2023 • 3888
გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

15 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. რუსული რაკეტებით დაბომბეს ქალაქი ლვოვი. ამას წინ უძღოდა დრონებით თავდასხმა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვშიც. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ლვოვის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის მხრიდან იყო ერთგვარი შურისძიება დრონებით თავდასხმის გამო.

რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომში და რას ნიშნავს წინსვლა, რომელიც უკრაინის არმიას აქვს? „ბათუმელების“ კითხვებს სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პასუხობს. ის ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი.

  • ბატონო ვახტანგ, ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ, რა მდგომარეობაა ამჟამად უკრაინის ფრონტზე?

აღმოსავლეთ უკრაინის ოპერაციების თეატრში შესაძლებელია გამოიყოს სამი საოპერაციო რაიონი – ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქ არ მომხდარა, ტენდენციები იგივეა – კერძოდ, ჩრდილოეთ რაიონში რუსები უტევენ კუპიანსკის მიმართულებაზე. აღებული აქვთ პირველი ლიმანი, უახლოვდებიან კალინოვოს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსებმა შეძლეს მდინარე ჟერებეცის ფორსირება ორ მონაკვეთში. შექმნეს პლაცდარმი, შემდეგ ეს ორი პლაცდარმი შეაერთეს და ახლა ერთიანი ძალით უტევენ კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებიდან.

რადგან რთული ვითარებაა, უკრაინელებმა დაიწყეს მოსახლეობის გახიზვნა კუპიანსკიდან და მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან. ასევე დაიწყეს დანაღმვა, სტრატეგიული, ოპერატიული დონის ობიექტების. ჩანს, რომ მიღებული აქვთ გადაწყვეტილება მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკის მიმართულება.

აქტიურობენ უფრო სამხრეთით, სვატოვეს მიმართულებაზე. ძირითადად იცვლება საცეცხლე დარტყმები, მაგრამ წინსვლა არც ერთ მხარეს არ გააჩნია.

ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე ცენტრალურ რაიონში ასევე პოზიციური დაპირისპირებაა. ერთი კვირის წინ შეძლეს წინ წაწევა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე. რუსებმა შეძლეს სოლედარის მიმართულებაზე ოდნავ წინ წაწევა. იქაც საცეცხლე დარტყმები ხორციელდება ერთმანეთში. დანაკარგი ორივე მხარეს აქვს.

ყოველ შემთხვევაში, მთავარი შეტევა ბახმუტისკენ ჯერ არ დაწყებულა. დაიწყება თუ არა, ეს უცნობია, ვინაიდან უკრაინელები ცდილობენ ალყაში მოაქციონ რუსები, მაგრამ ამისთვის საკმაოდ დიდი მანძილი აქვთ გასავლელი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე – უკრაინელებმა აიღეს უროჟაინოე. ეს არის დასახლება, სადაც დიდი ხანია მიმდინარეობს დაპირისპირება. დასახლებული პუნქტი იყო ორად გაყოფილი – ნაწილი რუსებს ეკავათ, ნაწილი უკრაინელებს. ახლა სრულად დაიკავეს უკრაინელებმა, თუმცა რუსები ახორციელებენ საცეცხლე დარტყმებს.

ეს და კიდევ რამდენიმე დასახლება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა შეძლონ მთავარი ძალისხმევის მიმართვა ტოკმაკის მიმართულებაზე. ეს არის რუსეთის მიერ მომზადებული თავდაცვითი რაიონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული რაიონია – ფაქტობრივად, ტოკმაკი არის ცენტრალური პოზიცია იმ თავდაცვის სისტემაში, რომელიც რუსებმა მოამზადეს ზაპოროჟიეს ოლქში.

უკრაინელებმა შეძლეს რობოტინოში შესვლა. ეს დასახლებული პუნქტია უკრაინის სამხრეთ მიმართულებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბრძოლა მიდის დასახლებულ პუნქტში. მთლიანად არ აუღიათ.

საპასუხოდ რუსებმა შეძლეს დაებომბათ ლვოვი, კრამატორსკი და ხარკოვი.

რომ შევაჯამოთ, მთავარი არის სტრატეგიულ დონეზე უკრაინელების მცდელობა, ომი გადაიტანონ რუსეთში. რაც გამოიხატება იმ დარტყმებით, რომელიც მოსკოვში განხორციელდა და რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც.

ოპერატიულ დონეზე ეს არის უკრაინელების მცდელობა, სიღრმეში განახორციელონ დარტყმები მომარაგებისა და სტრატეგიულ ობიექტებზე.

სიახლე აქ არის ის, რომ დარტყმები ხორციელდება არა მარტო რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც – ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის ოლქებშიც.

ტაქტიკურ დონეზე სიახლეები ნაკლებადაა. მცირე დარტყმებს ახორციელებენ ისევ უკრაინელები, თუმცა სიახლე არის ის, რომ ცდილობენ ლოკალურ დარტყმებს, მცირე წარმატებებს, შემდეგ კი – წარმატების გამყარებას. არ ცდილობენ ფართომასშტაბიან და სიღრმით მოქმედებებს. ნაბიჯ-ნაბიჯ, გოჯ-გოჯ მიდიან წინ.

  • დღეს, 15 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვი დაბომბეს – 40-მდე სახლი დაზიანდა. აქამდე დასავლეთი უკრაინა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მხარე იყო. რას შეიძლება უკავშირდებოდეს დასავლეთ ნაწილზე შეტევები?

ჩემი აზრით, ეს, პირველ რიგში, უკავშირდება უკრაინელების მცდელობას, რომ ომი რუსეთში გადაიტანონ. ეს არის საპასუხო მცდელობა კიდევ ერთხელ დასაჯონ უკრაინა – „აი, თქვენ რუსულ ქალაქებს ურტყამთ და ჩვენ დავარტყამთ თქვენს სიღრმეში არსებულ დასახლებულ პუნქტებს“.

რატომღაც კარგად ვერ იმუშავა საჰაერო თავდაცვამ. როგორც წესი, მუშაობდა ხოლმე. შედეგად რაკეტები ჩამოვარდა ლვოვში.

მოკლედ, ეს არის რუსეთის საპასუხო ქმედება უკრაინელების შეცვლილ სტრატეგიაზე, რომ ომი გადაიტანონ რუსეთში.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებაზე და იქ მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან. რატომ არის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი?

როგორც მოგახსენეთ, ეს არის ტოკმაკის მიმართულება, შესაბამისად, გზა მარიუპოლისა და აზოვის ზღვაზე გასასვლელისკენ.

უროჟაინოეს აღების შემდეგ უკრაინელებმა თუკი შეძლეს ამ მიმართულებით შეტევის განვითარებას, მათ შეუძლიათ ახალი მანევრი განახორციელონ დასავლეთით – შემოუარონ დნეპრს ისე [მდინარის მარცხენა მხარეს გავიდნენ], რომ მდინარის ფორსირება არ დასჭირდეთ.

მე ამას ვამბობ ჰიპოთეტურად, ჯერ ამისთვის ძალიან ბევრი აქვთ გასავლელი უკრაინელებს. მაგრამ ეს მიმართულება ამდენადაა მნიშვნელოვანი.

უროჟაინოე არ არის რაღაც ძალიან დიდი წარმატება… რა თქმა უნდა წარმატებაა, რა თქმა უნდა უკრაინის მიწის თითოეული სანტიმეტრი არის მნიშვნელოვანი უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ოპერატიული თვალსაზრისით არ არის დიდი წარმატება. უკრაინელებს ბრძოლა ჯერ კიდევ უწევთ რუსეთის თავდაცვის უზრუნველყოფის ზოლში. ჯერ პირველ ხაზამდე ვერ მივიდნენ.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს უკრაინელების წინსვლის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა აღნიშნავს, რომ რუსები დასავლეთ ზაპოროჟიეს ზოგიერთ რაიონში დაწინაურდნენ. თქვენი ინფორმაციით, რა სურათია ამჟამად ფრონტზე?

რუსები ახორციელებენ კონტრშეტევებს, დაკარგული ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენისთვის. ისინი ცდილობენ გაასწორონ ის ფრონტი, სადაც უკრაინელებმა შეძლეს წინ წაწევა და სოლისებურად შეიჭრნენ. არა დიდ სიღრმეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეულ სიღრმეზე.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბოლო პერიოდში 40 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკრაინელებმა.

უხეშად რომ ავიღოთ, ეს 40 კვადრატული კილომეტრი არის 8 კილომეტრი 5 კილომეტრზე. 5 კილომეტრი არის ბატალიონის თავდაცვის სიღრმე, მეტი არა. ასე რომ, უკრაინას ძალიან დიდი წინსვლა არ აქვს. დიდი წინსვლები და მოძრაობები ჯერჯერობით არ ჩანს. გარღვევა ჭირდება უკრაინას და გარღვევამდე, ჯერ თავდაცვის პირველ ხაზამდე აკლიათ მისვლა.

  • უკრაინა ამჟამად გერმანიისგან ითხოვს „ტაუროსის“ რაკეტებს, რომელიც ბრიტანული „შტორმ შადოუს“ ანალოგია. რა შეიძლება შეიცვალოს ამ რაკეტების მიწოდების შემთხვევაში?

მნიშვნელობა აქვს ასევე ამ რაკეტების რაოდენობას. სიმართლე გითხრათ რაღაც დიდი, მნიშვნელოვანი გადამწყვეტი გამარჯვებების მოპოვება ალბათ არ შეუძლია, თუმცა ამით შეუძლია სიღრმითი დარტყმის განხორციელება, რის შედეგადაც შეაფერხებს რუსეთის სანგრებში მყოფი დანაყოფების როტაციასა და მომარაგებას.

ეს, თავისთავად, ფსიქოლოგიურ და მორალურ ზემოქმედებას მოახდენს ჩასანგრებულ რუს ჯარისკაცებზე. რა თქმა უნდა, ეს გაზრდის უკრაინელების შესაძლებლობებს განახორციელოს ზუსტი დარტყმები მოწინააღმდეგის ზურგში.

მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს არ გაძლევს ომის მოგების შესაძლებლობას.

  • ამ დროისთვის, რა მიმართულებზე აქვს რუსეთის არმიას წარმატება და სად რეალური მარცხი უკრაინაში?

დაკავებული ტერიტორიები, რომელიც აქვს, ეს მისი წარმატებაა. ეს არის ხერსონის რაიონი, ზაპოროჟიეს რაიონი, რითაც უკრაინა მოწყვიტა აზოვის ზღვას. ამის გარდა, რუსებს აქვთ გარკვეული ტაქტიკური წარმატებები აღმოსავლეთ რაიონში, კუპიანსკის მიმართულებაზე. იქ არის სერებრიანსკის სატყეო მეურნეობა, სადაც წარმატებულად მოქმედებენ. დიდი წინსვლა არ აქვთ, მაგრამ წარმატებით მოქმედებენ და აიძულებენ უკრაინას რეზერვები გადაისროლოს ხერსონის მიმართულებიდან კუპიანსკის მიმართულებაზე, რუსეთის შეტევის შეჩერება რომ შეძლოს.

რუსეთის წარმატებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მათ შეძლეს თავდაცვითი მრეწველობის ადაპტირება. არ მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა, რომ დაუმთავრდებოდათ რაკეტები, დაუმთავრდებოდათ საარტილერიო ჭურვები და ა.შ.

რუსეთმა გარდაქმნა თავისი წარმოება – შაჰიდების გამოშვება თავად დაიწყო, ასევე საკმაოდ წარმატებით უშვებენ და იყენებენ რუსები უპილოტო საფრენ აპარატ „ლანცეტებს“, რომლითაც  ჩაანაცვლეს საბატარეო ბრძოლა.

საბატარეო ბრძოლა ნიშნავს უკრაინელების ბატარეების და ანგრების წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლას.

ვინაიდან უკრაინელებს აქვთ კარგი საარტილერიო სისტემები დასავლეთის დახმარებით, საარტილერიო დაპირისპირებაში, საარტილერიო დუელში, რუსები ვერ სჯობიან უკრაინელებს. შესაბამისად, რუსებმა აქტიურად დაიწყეს გამოყენება უპილოტო საფრენი აპარატების, „ლანცეტის“. ეს შეიძლება წარმატებადაც ჩაითვალოს რუსების, რომ მათ მოძებნეს პარტნიორები, თუნდაც ირანის ან ჩრდილო კორეის სახით, საიდანაც ალბათ მიიღებენ არა პირველი კლასის და უმაღლესი ხარისხის, მაგრამ რაოდენობრივად საკმარისს საბრძოლო მასალას.

  • უკრაინის მონაცემებით, რუსეთმა ამ ომში 254 ათასი ადამიანი დაკარგა – ნაწილი დაიღუპა, ნაწილი სამხედრო თვალსაზრისით გამოუსადეგარია. რამდენი ათასიანია ახლა რუსეთის არმია. რა ძალით ომობს რუსეთი?

ჩემი მონაცემებით, რაც ღია წყაროებში იძებნება, 160 ათასიდან 200 ათასამდე მებრძოლი ჰყავს ფრონტზე. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ისევ აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას, რათა კიდევ ერთხელ მოახერხოს მომზადება ახალი მობილიზებულების და შემდეგ გარკვეული როტაცია მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. ასე რომ, ხალხი მას საკმარისად ჰყავს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინასაც უწევს მობილიზება. უკრაინის დანაკარგები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, დაბალი რგოლის მეთაურების 80 % ალბათ შეიცვალა ან შეიცვლება, ვინაიდან დანაკარგები მაღალია. პოლონეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უმზადებენ უკრაინელებს ჯარისკაცებს. მხოლოდ აშშ-დან 113 მილიარდი დოლარის დახმარებაა გახარჯული.

ამ დანაკარგების გამო მუდმივად შეჰყავთ ახალმომზადებული დანაყოფები ბრძოლებში.

ომი ჩიხშია შესული.

ალბათ ორივე მხარე ემზადება ზამთრის კამპანიისთვის, ვინაიდან მალე დაიწყება წვიმების სეზონი, აქტიურობაც დაიკლებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე თუ უკრაინამ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წინსვლა, რუსეთმა შეიძლება კვლავ განაახლოს შეტევები. ძირითადად მაინც ხარკოვის მიმართულებაზე. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით ჩანს, რომ დაპირისპირება ჩიხში შედის.

მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები მოდის ბევრ ქვეყანაში. პოლონეთში არჩევნები იქნება, აშშ-ში არჩევნები იქნება. მნიშვნელოვანია ასევე რა ცვლილებები მოხდება ევროპის კიდევ ბევრი ქვეყანაში, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას. რუსეთშიც არჩევნების პერიოდია. აი, ეს გარკვეულ პოლიტიკურ დაპირისპირებას იწვევს და შეიძლება ცვლილებებიც მოჰყვეს.

შეიძლება კულუარულ დონეზე მაინც დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე.

ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები ნამდვილად იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: