ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] განხილვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაც და გარემოს ეროვნული სააგენტოც, გარემოსდაცვით კანონმდებლობას არღვევენ.
საქმე ისაა, რომ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს და ის ამ დრომდე აღარ გამოუქვეყნებიათ.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 27-ე მუხლის მიხედვით კი, სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით გამოქვეყნებული განცხადება აუცილებლად „უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების სავარაუდო დროის, ადგილისა და წესის შესახებ.“
„ბათუმელები“ აგვისტოს შუა რიცხვებშივე დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ თარიღი მერიისგან დადასტურებული არ იყო, ამიტომ აიღეს და მერიისგან პასუხს ელოდებოდნენ.
„თარიღი ბათუმის მერიასთან დაზუსტდება და საჯარო განხილვის შესახებ განცხადებაც უახლოეს დღეებში დაიდება. დოკუმენტაცია ჯერ განხილვის ეტაპზეა“, – გვითხრეს მაშინ სააგენტოში.
ამავე სააგენტოში ბათუმის მერის მიერ 2026 წლის 29 ივლისს გაგზავნილ წერილში კი აღნიშნულია, რომ „საჯარო განხილვის სავარაუდო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი“.

ბათუმის გენერალური გეგმის [გენგეგმის] პროექტის საბოლოო ვერსია ბათუმის მერიას 2022 წელს უნდა ჰქონოდა და დაემტკიცებინა კიდეც, თუმცა ბათუმი ამ დრომდე გენგეგმის გარეშეა.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე“ ბათუმის მერიას ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ 2021 წლის 16 აგვისტოს აქვს გაფორმებული 2 495 700 ლარზე, დღგ-ს ჩათვლით.
„შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების დადებიდან [საპროექტო მომსახურების შედეგის მიღება-ჩაბარების ვადების გარეშე], არ უნდა აღემატებოდეს 370 დღეს. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდი“, – აღნიშნული იყო ხელშეკრულებაში.
ეს ხელშეკრულება რამდენჯერმე შეცვალეს. გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაც [ბოლო ცვლილებით 2027 წლის 20 აპრილამდე].
ამ დროისთვის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 1 796 904 ლარი გადაუხადეს.

ხელშეკრულებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით, კომპანია და მერია შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების „თითოეული ეტაპი დაკავშირებულია მიღების/შესრულების/შემოწმების/სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაგზავნის/ხარვეზის დადგენის/მიღება-ჩაბარებისათვის მომზადების ვადებთან.
ჩაბარებული ეტაპების ნაწილი წარმოდგენილი იქნა ხარვეზით, ნაწილი ვადაგადაცილებით, რიგ შემთხვევებში დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული „სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან“ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეგმების სამუშაო ვერსიის და სგშ ანგარიშების განხილვა, რომელიც გადაგზავნილია გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოებში და არ არის მოსული საპასუხო წერილები“, – წერია 2026 წლის 8 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში.
ადმინისტრაციულ ორგანოებში კანონით გათვალისწინებული თუ დადგენილი მოთხოვნები და წესები რომ ნამდვილად ირღვევა, ამის მაგალითად ეს შემთხვევაც [სგშ-ს განხილვა] მოწმობს.
იმავე კოდექსის მიხედვით, მე-12 მუხლი ამბობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების [სგშ-ს ანგარიშის] განთავსებიდან 40 დღის ვადაში, გარემოს სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით.
ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი, მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინება ზეპირადაც, საჯარო განხილვის დროს.
საჯარო განხილვის დრო კი, სგშ-ს ანგარიშის გამოქვეყნებიდან, ანუ 11 აგვისტოდან დღემდე – 18 სექტემბრამდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
2026 წლის 11 სექტემბერს ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, რომ რაღაც დოკუმენტაციას ელოდებიან და გადააგზავნიან სააგენტოში: „გვაქვს უკვე. გადაეგზავნება სააგენტოს და ორშაბათს [14 სექტემბერს] გამოაქვეყნებენ [საჯარო განხილვის თარიღს]. დაველოდოთ ორშაბათს. ყოველ შემთხვევაში გონივრული ვადა იქნება იმისათვის, რომ საზოგადოება სრულყოფილად გაეცნოს“.
18 სექტემბერს, „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს და სმს-შეტყობინებებს არც ბათუმის მერიაში უპასუხეს და არც გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ბათუმის გენგეგმის პროექტთან და ამავე პროექტის სგშ-სთან დაკავშირებით შეგიძლიათ ვრცლად ნახოთ ამ ბმულებზე:
რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში
რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი
სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია
რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია













