ბათუმის ახალ ბულვართან სანაპიროზე ფოლადის ხიმინჯები [შპუნტები] შეაქვთ. ამ 9-მეტრიანი ხიმინჯებით აქ შტორმით დანგრეული სანაპირო ზოლი უნდა გაამაგრონ.
ხელშეკრულება კომპანია „გზასთან“ 15,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული, საიდანაც 4,6 მილიონი ლარი კომპანიისთვის ავანსად უკვე გადარიცხულია.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „სექტემბრის ბოლოსთვის განხორციელდება დამუშავებული შპუნტების სამონტაჟო სამუშაოები“, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით სანაპიროზე მხოლოდ შპუნტების გარკვეული რაოდენობაა შეტანილი.
ფოლადის ხიმინჯები პლაჟზე, ახალ ბულვართან / 7.10.2023
ხელშეკრულების ფარგლებში უნდა აღადგინონ სასეირნო ბილიკიც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.
შტორმით დანგრეული სანაპირო ზოლი ახალ ბულვარში / 7.10.2023
სამუშაოების პროცესში სამშენებლო ტერიტორია კვლავ შემოიღობება.
პლაჟზე დასაწყობებული რკინის ღობე / 7.10.2023
ახალ ბულვარში დანგრეული პირსიდან აკვაპარკამდე მონაკვეთში სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიანი ზოლი უნდა გაამაგრონ ფოლადის ხიმინჯებით.
სანაპირო ზოლი ახალ ბულვართან, რომელიც ზღვამ დაანგრია და სადაც პლაჟი ხელოვნურად [ხრეშის შეტანით] აღადგინეს / 7.10.2023ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 15 831 978 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
ნაპირდამცავი ნაგებობა ლითონის შპუნტებისაგან ქობულეთში [ბობოყვათის რეზიდენციის მიმდებარედ] / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან:
მერიის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმის ახალ ბულვარში „სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის დეკემბრის თვე“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის 21 საათიდან 9 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი; ელვა-ჭექა; მაღალ მთაში ნალექი;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერდება – 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 16 – 21 გრადუსი
ღამით: 11 – 16 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 6 – 11 გრადუსი
ზღვაზე ტალღის სიმაღლე ღამით 2-3 ბალი, ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან კი, 4 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 10 და 11 ოქტომბერს მოსალოდნელია ღამით უმეტეს, დღისით კი, ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა.
დასავლეთში განათლების მიღებაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, რადგანაც არავინ დავობს, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ხარისხიანი და პრაქტიკაში გამოყენებადია. თუმცა ხარისხის შესაბამისი სწავლის მაღალი გადასახადი, რომლის გადახდაც რიგითი ქართველისთვის წარმოუდგენელია, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს აქრობს. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი ნათია სირაბიძე ამბობს, აღნიშნული მცდარი მოსაზრებაა და ქართველ ახალგაზრდებს ძალიან დიდი შანსი აქვთ მოხვდნენ ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში და მიიღონ სრული დაფინანსება.
სად უფრო მეტი შანსი აქვთ ახალგაზრდებს დაფინანსება მიიღონ ამერიკულ უნივერსიტეტებში თუ ევროპაში?
ამერიკულ უნივერსიტეტებში მეტი შანსია დაფინანსების მოპოვების, ჩაბარება ერთია და 70-80 000 დოლარიანი სწავლის გადასახადის გადახდა კიდევ მეორე. ამერიკაში დიდი შანსია სულ მცირე 50%-იანი დაფინანსება მაინც მოიპოვო, პარალელურად დასაქმების შანსიც მეტია და იმ დარჩენილი თანხის დამოუკიდებლად გადახდის.
ევროპაში უმრავლეს შემთხვევაში სწავლის გადასახადს უფინანსებენ ნიჭიერ სტუდენტებს, ცხოვრების და კვების გადახდა თავად უწევთ, რაც არც თუ ისე მცირეა. ამიტომაც ამერიკულ უნივერსიტეტებს ვანიჭებ უპირატესობას, მათ შორის ევროპაში მოქმედ ამერიკულ უნივერსიტეტებს.
როგორ ხდება აბიტურიენტების შერჩევა? როგორ ახალგაზრდას აქვს სწავლის და დაფინანსების მოპოვების შანსი?
ამერიკელებს აქვთ ჰოლისტიკური მიდგომა, რაც მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: აკადემიური მოსწრება – ნიშნები და საერთაშორისო გამოცდების შედეგები; პიროვნული ღირებულებები – რამდენად აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდა სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში; ინგლისური ენის ცოდნა – TOEFL / ILTS / Duo lingo გამოცდის შედეგები, ანუ რამდენად შეძლებს ინგლისურად სწავლას; მიღწევები – რა გაუკეთებია, რით გამოირჩევა სხვებისგან, რამდენად ჰქონდა ინტერესი კონკურსებში მონაწილეობის, რას მისცემს უნივერსიტეტს ამ ახალგაზრდას დაფინანსება.
თუმცა ეს ყოველივე არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად საუკეთესო უნდა იყო ყველაფერში, უბრალოდ შეიძლება ნიშნები სულაც არ ჰქონდეს კარგი, მაგრამ ფლობდეს ენას და ლიდერული თვისებებით გამოირჩეოდეს. ერთ ადამიანსაც კი თუ დახმარებიხარ, თუ გაქვს ემპათიის უნარი და ამას წარმოაჩენს სწორად, დიდი შანსი გაქვს უნივერსიტეტში მოხვედრის.
გამოდის, რომ მომავალ ლიდერებს ეძებენ?
მხოლოდ ლიდერებს არა, მათთვის მთავარია სტუდენტმა ცოდნა შეიძინოს და ამავდროულად რაიმე შესძინოს საუნივერსიტეტო თემს (community), სამოქალაქო შეგნება, ტოლერანტობა, აზროვნების უნარი, განვითარებაზე ორიენტაცია და სიახლეებისკენ სწრაფვა მაღალ შეფასებას იღებს. ასევე თუ ახალგაზრდას აქვს რაიმე ნიჭი ხელოვნების მიმართულებით, სპორტულ აქტივობებშია ჩართული, ესეც ძალიან დაფასებულია, რადგან მომავალში ეს ახალგაზრდა შეძლებს უნივერსიტეტის სახელით გამოფენებში, კონცერტებზე, სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობას და სახელს გაუთქვამს უნივერსიტეტს.
რამდენად კარგად უნდა ფლობდე ინგლისურ ენას, რომ შეძლო ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა? და რამდენად საჭიროა ენის დამადასტურებელი სხვადასხვა სერტიფიკატი?
ინგლისური ენის შესწავლისას აუცილებელია ოთხივე კომპონენტის თანაბრად შესწავლა: მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა. ეს ყველაფერი უნდა იცოდე, რომ მოსმენილი გაიგო, საკუთარი აზრი გადმოსცე გასაგებად, წაკითხული გაიაზრო და დაწერო დავალებები.
ტესტირებებიც ამ კომპონენტებს მოიცავს, მაგრამ ის სერტიფიკატები, რომლებსაც სკოლის პერიოდში იღებენ, ნაკლებად გამოსადეგია უნივერსიტეტებისთვის. უნივერსიტეტები თავად ადგენენ, რომელი ტესტის შედეგები იქნება ვალიდური, უმთავრესად ენის ფლობის დამადასტურებელი TOEFL / IELTS / Duolingo და შედეგებიც მათ პირდაპირ ეგზავნებათ და არა ამობეჭდილის დასკანერებულის სახით არის ხელმისაწვდომი.
Duolingo-ს შედეგებს იღებენ უნივერსიტეტები?
პანდემიის პერიოდში აქტუალური გახდა Duolingoს ტესტი, რომელიც საშუალებას აძლევს პიროვნებას სახლიდან ან მისთვის მოსახერხებელი ადგილიდან დისტანციურად ჩააბაროს ინგლისური ენის ტესტი. გარდა არასტრესული გარემოსი, Duolingo გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა საერთაშორისო ტესტები. უნივერსიტეტების უმრავლესობა მას იღებს, თუმცა წინასწარ სჯობს გადამოწმება.
შეუძლია ახალგაზრდას დამოუკიდებლად შეავსოს ამერიკულ უნივერსიტეტში მოსახვედრი განაცხადის ფორმა?
რა თქმა უნდა, არიან დეტალებზე ორიენტირებული ახალგაზრდები, ყველაფერს თავისით აკეთებენ და შედეგზეც გადიან, თუმცა ისევე როგორც მედიაში – რაც უნდა პროფესიონალი იყოს ჟურნალისტი, მაინც სჭირდება დაწერილს გადახედვა, რომ სხვა თვალით დაინახონ და შეაფასონ, ასევე პერსონალური ესე იქნება თუ რეკომენდაციები, უმჯობესია თუ გამოცდილების მქონე ადამიანი გადახედავს და დააკვალიანებს, რას მიაქციოს ყურადღება, რა მიმართულება აიღოს, თუნდაც რით დაიწყოს და როდის?
ამერიკულ აკადემიაში ამ ყოველივეს უზრუნველყოფთ?
ჩვენი მთავარი მიზანია გზა გავუხსნათ ქართველ ახალგაზრდებს ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად. ჩვენ ყველას ვუწევთ უფასო კონსულტაციებს, ვინც მოგვმართავს და მიმართულებას ვაძლევთ. ამჟამად რამდენიმე უნიჭიერეს ახალგაზრდას ვუწევ დახმარებას, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა Princeton და Stanford მიიღებენ და დაფინანსებასაც მისცემენ მათ.
რამდენად დიდია მოთხოვნა ამ ყოველივეზე, რამდენად ოცნებობენ ახალგაზრდები დასავლეთში განათლების მიღებაზე?
მოთხოვნა არის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერებასთან შედარებით ნაკლები, რადგან ვერც კი წარმოუდგენიათ მათ, რომ ეს ყოველივე შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრების საბაბს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაც აძლევს, სრული დაფინანსებაც რომ აიღონ, გზის თანხა ექნებათ გადასახდელი, ინგლისურის კარგად სწავლას ხარისხიანი სკოლა და პედაგოგები სჭირდება, რაც ასევე ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, სამომავლოდ გვინდა შევქმნათ ფონდი, მომავალზე ორიენტირებული ბიზნესმენების დახმარებით, რომლებიც “ამერიკულ აკადემიასთან” ერთად უზრუნველყოფენ ნიჭიერი ბავშვებისთვის ინგლისური ენის სწავლას და საჭიროების შემთხვევაში გზის დაფინანსებაც.
სამომავლოდ მარტოხელა დედების ინგლისურში მომზადებასაც ვგეგმავთ, რადგან ქალების გაძლიერებით მათ შვილებსაც გავაძლიერებთ. დიდი გეგმები გვაქვს, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ.
ვისაც გსურთ უფასო კონსულტაცია მიიღოთ ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ FB გვერდი: წარმატების გასაღები ან ამერიკული აკადემია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 282 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
ტანკი – 4 821 ერთეული [+21]
ჯავშანტექნიკა – 9 123 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 6 705 ერთეული [+17]
MLRS – 808 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 542 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 190 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 111 ერთეული [+38]
სპეცტექნიკა – 959 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
487 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 645 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 415 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 161 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 685 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
13 934 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
28 წლის კაცმა 14 წლის ბავშვი გაიტაცა, შემდეგ კი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 6 ოქტომბერს მოხდა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში.
როგორც ითქვა, ბრალდებული 14 წლის ბავშვს აიძულებდა მისი ცოლი გამხდარიყო.
კანონის შესაბამისად, 14 წლის ბავშვი ვერ იქნება მეუღლე, ცოლი, შესაბამისად, ბავშვის ჯერ გატაცებას და შემდეგ მკვლელობას დამნაშავე მხარეები ჰყავს.
ვის უნდა დაეცვა არასრულწლოვანი და რატომ არ იმოქმედა პოლიციამ მყისიერად ბავშვის გადასარჩენად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ, უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილს ესაუბრა, რომელიც ადრე შს სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსაც ხელმძღვანელობდა.
გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილის თქმით, 14 წლის ბავშვის მკვლელობის საქმემ კარგად აჩვენა სახელმწიფოს უუნარობა – დროულად გამოავლინოს და აღკვეთოს მსგავსი შემთხვევები.
ძალადობის მსხვერპლი გოგონას საქმე, ასევე კარგად აჩვენებს თუ რამდენად სუსტი კოორდინაცია არსებობს სახელმწიფო უწყებებს შორის.
რამდენი დამნაშავე ჰყავს ამ საქმეს და ვინ შეიძლება იყვნენ ეს პირები?
გოგა ხატიაშვილის თქმით, ეს დანაშაული არ შეიძლება მხოლოდ იმ პირის პასუხისმგებლობით შემოიფარგლოს, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა.
„პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირებსაც, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას ბავშვზე ძალადობის შესახებ, ჰქონდათ ვალდებულება, რომ შეტყობინება გაეკეთებინათ პოლიციაში, თუმცა ეს არ გააკეთეს.
ამ პირებში მოვიაზრებ როგორც ბავშვის ოჯახის წევრებს, ასევე მეზობლებს, ახლობლებს და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს.
საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, სკოლას, მანდატურის სამსახურს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, – ყველა იმ პირს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი ვალდებულება, ხელი შეუწყონ ძალადობის ფაქტების გამოვლენას და გადამისამართებას პოლიციაში“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, შესაძლებელია გამოიკვეთოს სამსახურებრივი გულგრილობის საკითხიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ვისაც რეაგირების ვალდებულება აკისრია ასეთ ფაქტებზე. „ამიტომ მთავარია გაირკვეს, იცოდა და თუ არა რეაგირებაზე პასუხისმგებელმა პირმა ამ შემთხვევის შესახებ.
როგორც ვიცით, ბავშვის მკვლელობამდე ამ ამბავს წინ უძღოდა სხვა ტიპის დანაშაული, როგორიც არის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ასევე, გაუპატიურება. თუ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო, მაგალითად შს სამინისტროსთვის, მათ ევალებოდათ რეაგირება“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მას ვკითხეთ, თუ პოლიციამ განაცხადა, რომ შეტყობინება არ შესულა ბავშვის გატაცებაზე, ეს ათავისუფლებს თუ არა სამართალდამცავებს პასუხისმგებლობისგან.
როგორც გოგა ხატიაშვილი განმარტავს, სამართალდამცავი უწყებების მოქმედებას სხვადასხვა კომპონენტი აქვს.
„პირველი, როგორც წესი, როცა ხდება არასრულწლოვანების თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ქორწინების იძულების მიზნით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი, თავად არასრულწლოვანი გოგოს მშობლები უკავშირდებიან ხოლმე პოლიციას.
ეს ტენდენცია იყო ადრე, როცა მე ვმუშაობდი შს სამინისტროში. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გადამოწმდეს, მშობლებმა გააკეთეს თუ არა პოლიციაში შეტყობინება“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მედიაში გავრცელებულ კომენტარში მოკლული ბავშვის დედა ამბობს, რომ ბრალდებული მას ემუქრებოდა მოკვლით, თუ ის პოლიციას დაუკავშირდებოდა.
თუმცა, კომენტარში ქალი არაფერს ამბობს იმაზე, აცნობა თუ არა მუქარის შესახებ ვინმეს და კონკრეტულად ვის და კიდევ ვინ იცოდა ბავშვის გატაცების და მასზე ძალადობის შესახებ.
გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ რომც არ დაფიქსირებულიყო ეს შეტყობინება პოლიციაში, ეს არ ხსნის პოლიციას პასუხისმგებლობას, რადგან პოლიცია ვალდებულია იმუშაოს ადგილობრივ დონეზე და იქიდან მიიღოს ინფორმაცია.
„ამიტომ არიან უბნის ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, რომ მათ ევალებათ ჰქონდეთ წვდომა ასეთ ინფორმაციაზე და ფაქტებზე. ასევე ოპერატიული-სამძებრო საქმიანობა გულისხმობს ოპერატიული ღონისძიების გატარებას დანაშაულის გამოსავლენად და აღსაკვეთად.
ამ სამსახურის ფუნქციაა ცნობების შეგროვება, გასაუბრება და ამის საფუძველზე მოქმედება. ამიტომაც, ადგილობრივ დონეზე თუ პოლიციელი გულისხმიერად და კეთილსინდისიერად იმუშავებს, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ.
არაერთი შემთხვევა იყო, როცა პოლიციაში არ შემოსულა ოფიციალური შეტყობინება, თუმცა დადგენილა, რომ ადგილობრივმა პოლიციელებმა ყველაფერი იცოდნენ. ამიტომ არ არის სწორი, რომ მაინც და მაინც ოფიციალურ განცხადებას დაელოდოს პოლიცია.
კანონი ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოს ევალება ნებისმიერი დანაშაულის შემცველ ფაქტზე მოახდინოს რეაგირება რომელიც მისთვის გახდება ცნობილი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით მიიღებს ამ ინფორმაციას“ – გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.
მედიის მიერ მოპოვებული კომენტარებით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლი გოგონა სკოლის მოსწავლე იყო და შესაბამისად, გოგონას გატაცების და მასზე ძალადობის ფაქტი მისთვისაც უნდა ყოფილიყო ცნობილი.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ რაც სწავლა დაიწყო, ბავშვი სკოლაში არ გამოცხადებულა. თუმცა, ადმინისტრაცია დაუკავშირდა ბავშვის დედას.
კანონმდებლობით, კლასის დამრიგებელს აკისრია ვალდებულება, მოიკითხოს და დაადგინოს, თუ რატომ არ ესწრება მოსწავლე გაკვეთილებს. საეჭვო გარემოებების შემთხვევაში კი აცნობოს როგორც პოლიციას ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს.
„2016 წელს გამოცემული მთავრობის დადგენილება სკოლებს ავალდებულებს მოიკვლიონ ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია. დადგენილება მათ აკისრებს ვალდებულებას, რომ პროაქტიულად გამოავლინონ ძალადობის შემთხვევები და გადაამისამართონ შსს-სა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
თუმცა, პრობლემაა ის, რომ რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირები არ ფლობენ ამ ინფორმაციას და უმეტეს შემთხვევაში, სპეციალისტებს ჰგონიათ, რომ უნდა დაელოდონ როდის მივა მათთან მსხვერპლი და მოუყვება თავისი გასაჭირის შესახებ“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, ეს დადგენილება სკოლებს ინსტრუქციასაც აძლევს თუ როგორ უნდა შეძლონ ძალადობის ფაქტების გამოვლენა.
„დადგენილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ ბავშვი არარეგულარულად დადის სკოლაში, ან საერთოდ არ დადის, ეს არის უკვე ეჭვის გაჩენის საფუძველი, რომ შესაძლოა ბავშვზე ძალადობა ხორციელდება“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
შეიძლება თუ არა დადგეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი? – ვკითხეთ მას.
ხატიაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და დაფარვა არის დასჯადი.
„ბუნებრივია, ეს სტანდარტი გავრცელდება მშობლებზეც. იმიტომ, რომ მკვლელობამდე ჩადენილია ორი მძიმე დანაშაული, – თავისუფლების უკანონო აღკვეთა და არასრულწლოვანის გაუპატიურება.
როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მოკლული გოგონა ცდილობდა გაქცევას, ამიტომ ასეთი ქცევა ვფიქრობ არ უნდა ყოფილიყო შეუმჩნეველი სხვებისთვისაც.
ეს ხომ ნიშნავს, რომ რაღაც არასასურველი, მოზარდის სურვილის საწინააღმდეგო ხდება?
ამიტომ გაუგებარია, როგორ იყო ეს სხვებისთვის შეუმჩნეველი, თუკი ვინმე იტყვის, რომ ვერ შეამჩნია“ – გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.
საქართველოს პროკურატურა გარკვეულ რეგიონებში და თემებში პერიოდულობით ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ ტრენინგებს და ცდილობს გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება ამ თემაზე.
ტრენინგები იმართება როგორც საგანმანათლებლო სფეროს, ასევე თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვისაც, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ძალადობა და იქონიონ მყისიერი რეაგირება.
„მხოლოდ ცნობიერების ამაღლებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგან სხვა დამატებითი ღონისძიებების გარეშე, ასეთი კამპანიები იქცევა სიმბოლურ აქტად, რომელიც შედეგს ვერ მოგვცემს.
კამპანიების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პირებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა.
მაგალითად, როცა თეთრიწყაროში ქორწინების იძულების ერთ-ერთ საქმეზე ვმუშაობდი (ჩინარა კოჯაევას საქმე), ბავშვის მამა იქნა პასუხისგებაში მიცემული და ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმის თაობაზე, რომ ასეთი ტიპის ქმედება არის დანაშაული და დამნაშავე დაისჯება.
კანონის აღსრულების ძალაა მნიშვნელოვანი, რადგან ეს უწყობს ხელს ცნობიერების გაზრდასაც და ინფორმირებულობასაც“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, ასევე უნდა შეთანხმდეს საზოგადოება, მედია იმაზე, რომ „ცოლი“, „მეუღლე“ არ ვუწოდოთ 14 წლის ბავშვს, რადგან ბავშვი ვერ იქნება ცოლი.
„2018 წლიდან, კანონმდებლობით არასრულწლოვანთან ქორწინება დაუშვებელია. ამიტომ ბავშვზე ძალადობას არ უნდა შევხედოთ როგორც საქორწინო ურთიერთობას, როგორც ოჯახს და ბუნებრივია არ გამოვიყენოთ მსგავსი ტერმინები, რადგან რეალურად ასეთ დროს ჩვენ საქმე გვაქვს დანაშაულთან“-გვეუბნება ის.
გოგა ხატიაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველმა ქვემო ქართლში ჩაატარა განწყობების კვლევა, რომელმაც აჩვენა პოლიციელების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სოცმუშაკებს, მასწავლებლების დამოკიდებულება ბავშვთა ქორწინების მიმართ და აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა ძალინ სტერეოტიპულად უყურებს ამ საკითხს. განსაკუთრებით – პოლიციელები.
„ისინი ბავშვების გატაცებას აღიქვამენ როგორც ტრადიციას, ამას ხსნიან ადგილობრივების ჩამორჩენილობით ან გაუნათლებლობით და ფიქრობენ, რომ ეს არის მათი ცხოვრების სტილი. განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.
ამიტომ, პოლიციელები ფიქრობდნენ, რომ ასეთ საკითხებში ჩარევა არ ღირდა, რადგან მოძალადე და მსხვერპლი სამომავლოდ შერიგდებიანო. აი, ასეთი განწყობით მუშაობენ ისინი.
რა ცნობიერება უნდა ავამაღლოთ, თუ სამართალდამცავები ასეთი განწყობით არიან და ძალისხმევას არ იჩენენ, არ რეაგირებენ ბავშვის გატაცებაზე, რადგან ამას არ აღიქვამენ სერიოზულ დანაშაულად.
შს მინისტრი, მისი მოადგილეები ხომ ხედავენ ამ განწყობებს, არა?! ამაზე უნდა ჰქონდეთ მყისიერი რეაგირება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ტიპის ფაქტებზე არც ბრიფინგები ტარდება, არც განცხადებები კეთდება და გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბავშვთა მიმართ ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლა შსს-თვის პრიორიტეტული აღარ არის“-ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, მსგავს ფაქტებზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სკოლებს და სამართალდამცავებს, ასევე მშობლებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს.
„დანაშაულის შეუტყობინებლობის გარდა, ძალიან ხშირად, მშობლები მხარს არ უჭერენ შვილებს, როცა ხდება მათი მოტაცება და რაღაც სტერეოტიპული აზრის გამო, რომ მოტაცებულს სახელი აქვს თურმე გატეხილი და მოძალადესთან უნდა დარჩეს, მსხვერპლს ტოვებენ დამნაშავესთან.
მშობლის ასეთი ქცევა არის ბავშვის მიმართ ძალადობა და ძალადობის ამ ფორმას ჰქვია უგულებელყოფა. ამიტომ, ასეთი მშობლების მიმართ არაერთხელ გამოგვიცია შემაკავებელი ორდერები და აგვიკრძალავს ბავშვთან კომუნიკაცია, მიახლოება რაღაც პერიოდის განმავლობაში, რომ მშობლებს არ მოეხდინათ არასრულწლოვანზე გავლენა და ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ, რომ კომპლექსურად იმუშაოს 14 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე და იზრუნოს იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს, საუკეთესო პრევენცია კი ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაა, ვინც ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა ბავშვის გატაცების, მასზე ძალადობის ფაქტზე, თუმცა გულგრილად მოიქცა.
ისრაელზე ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეტევის ფაქტს, საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ში (ყოფილი twitter-ი) გამოეხმაურა.
„ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით.
საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტებში. ტერორს და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“-წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, 7 ოქტომბერს, შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.
პალესტინური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის” მიერ დაწყებული შეტევის შემდეგ, ისრაელში, სულ მცირე, 22 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო სამსახურები ავრცელებენ.
დღეს 7 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებს ხვდება. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო ბილტომრში მიმდინარეობს.
შეხვედრას ასობით ადამიანი ესწრება. როგორც თავად ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე განმარტა, ძირითადად თბილისის წარმომადგენლობა შეიკრიბა, რეგიონებიდან კი 150 თანამოაზრე იმყოფებოდა.
„დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებსაც არა უბრალოდ გვინდა უკეთესი ქართული სახელმწიფო, უკეთესი მომავალი, არამედ გვჯერა მომავლის, გვჯერა წარმატების, გვჯერა, რომ იქნება გამარჯვება და გვჯერა, რომ ამ გამარჯვებაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.
ქვეყნის გამარჯვების საქმეში.
აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ.
ვისაუბრებთ პარტიაში შექმნილ რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამ კრიზისის დაძლევის გზებს”, – განაცხადა მელიამ.
მან არ დააკონკრეტა ზუსტად რაზე იქნება საუბარი აღნიშნულ შეხვედრაზე და თქვა, რომ ამაზე მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
შეხვედრას ესწრებიან ენმ-ს წევრები. ადგილზე მივიდა ენმ-ს ყოფილი წევრი, ხატია დეკანოიძეც.
მელიას თქმით, აპირებს მოისმინოს მისი ყოფილი თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების პოზიციებიც.
„მე ვერ ვხედავ პარტიაში ერთიანობის ვერანაირ იმედს და მომავალს. ის პრობლემები, რომლის გამოც მე დავტოვე პარტია, კვლავ სახეზეა და არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა.
ამიტომ, მოვუსმენ, გავესაუბრები. ეს ადამიანები ჩემთვის უცხოები არ არიან. მათთან ერთად ვიბრძოდი ძალიან დიდი ხანი“-ამბობს მელია.
ნიკა მელია თანამოაზრეებთან შეხვედრას მართავს.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ის ნიკა მელიასთან ერთად საერთო პარტიაში იხილონ, დეკანოიძე ამბობს:
„მე აქ მოვედი, რადგან თხოვნა იყო ძალიან ბევრი მეგობრის და თავად ნიკასი. რაც შეეხება ჩვენი პოზიციების დამთხვევას, ჩვენი პოზიციები პარტიაში ემთხვეოდა, ისევე, როგორც ამ ადამიანის პოზიციები და ნებისმიერი ადამიანის, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება და არის აქტიურად ჩართული.
რაც შეეხება დანარჩენ განვითარებას და იმ აივრცეს, რა სივრცეშიც ნიკა იმოქმედებს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე შემიძლია მხოლოდ მოვუსმინო და გავუზარო ჩემი მოსაზრებები”, – განმარტა დეკანოიძემ.
ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი რესტორანი გაიხსნა. სტუმრებს მაკდონალდსის რესტორანი ახლადგახსნილ „გრანდ მოლში“ უმასპინძლებს. ახალი სივრცე მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.
რესტორანი მომხმარებელს 6 ოქტომბრიდან ელის. სივრცე ოფიციალურად გაიხსნა და საზეიმო დახვედრაც მოეწყო. სტუმრად მოსულ ყველა ბავშვს საჩუქრად გადაეცა საჰაერო ბუშტი და რესტორნის დიასახლისებმა პატარებს, სურვილისამებრ, სახე ბრჭყვიალა და ფერადი საღებავებით მოუხატეს.
რესტორანში, მაკდონალდსთან ერთად განთავსებულია უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი მაკკაფეც, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია და სადაც სტუმრებს არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და უგემრიელესი დესერტების არჩევანის შესაძლებლობა აქვთ.
ბათუმში მდებარე ახალი რესტორანი მომხმარებელს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ყოველდღიურად მოემსახურება.
მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით.
აღსანიშნავია, რომ გრანდ მოლში მდებარე მაკდონალდსი რიგით 22-ე რესტორანია საქართველოს მასშტაბით. ახალ პროექტში კომპანიამ 4,3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 50-მდე ადამიანი დაასაქმა.
„მაკდონალს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით კომპანიამ 1900-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.
გახსნის პირველი დღიდან დღემდე, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
მნიშვნელოვანია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მომავალში რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილი რესტორნების ინვესტიცია 9,8 მილიონ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში „მაკდონალს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 135 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 185 მილიონ ლარს აღწევს.
„გრანდ მოლი“ დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელშიც წარმოდგენილია 100-ზე მეტი ბრენდული მაღაზია, კინოთეატრი, ფიტნეს კლუბი, ბავშთა გასართობი ცენტრი და ბოულინგი.
დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში ღვინის ფესტივალი იმართება „ღვინის დღეების“ ფარგლებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ფესტივალი ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
გაიმართება ღვინის გამოფენა-გაყიდვა და შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაციაც.
კვების სივრცეში მზარეული მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. მომზადდება ფელამუში და ჩურჩხელა, საბავშვო სივრცეში კი ბავშვებს შეეძლებათ ძერწვა, თიხის მოხატვა.
საღამოს 19:00-21:00 საათზე, კოლონადების მიმდებარედ დაგეგმილია კონცერტი, სადაც მომღერალი ნანი ბრეგვაძე იმღერებს. კონცერტზე მოწვეული არიან სხვა შემსრულებლებიც.
„ღვინის დღეები“ 7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ“ – ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს, დღეს 7 სექტემბერს.
7 ოქტომბერს ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა.
შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცენდენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გასცა ბრძანება რეზერვის მობილიზაციის ბრძანება და ამ წუთებში მიმდინარეობს დასახლებების „გაწმენდა ტერორისტებისგან“.
„მტერი გადაიხდის ფასს, რომელიც არასოდეს იცოდა. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს და შიდა სარდლობის მითითებებს. ჩვენ ვართ ომში ვართ და გავიმარჯვებთ“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ჰამასმა “მძიმე შეცდომა დაუშვა” და განაცხადა, რომ “ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში”.
ამავე დროს, „როიტერსი“ ავრცელებს პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებას, რომ პალესტინელ ხალხს უფლება აქვს დაიცვას თავი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევა ბახმუტის მახლობლად და 6 ოქტომბრის მონაცემებით დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში წინ მიიწევენ.
ამის შესახებ ISW-ი 6 ოქტომბრის ანგარიშში წერს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების თანახმად, უკრაინული ძალები მიიწევენ რობოტინოსა და ვერბოვოს შორის, რობოტინოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 6 კილომეტრში.
ISW-ი ციტირებს უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსპიკერს ილია ევლაშინს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინული ძალები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან და მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ და ნისლიანმა ამინდმა შეიძლება გაართულოს დრონების და ავიაციის გამოყენება, უკრაინული ძალები გააგრძელებენ ბრძოლას ზამთრის განმავლობაში.
ISW-ი წერს, რომ ამინდი ხელს არ შეუშლის არცერთ მხარეს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაში 2023-2024 წლების ზამთრის განმავლობაში, თუ ისინი კარგად არიან მომარაგებული.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს პოლკის როტაცია ორიხოვოს მიმართულებით, რითაც აჩვენეს თავდაცვის უნარი ფრონტის ხაზის ამ კრიტიკულ სექტორში.
ასევე, ISW-მ სექტემბრის ბოლოს დააფიქსირა რუსეთის 42-ე მოტორიზებული დივიზიის ნაწილი ნოვოპროკოპოვკას მახლობლად, რაც ფრონტზე მათი დაბრუნების ნიშანია დასვენებისა და ძალების აღდგენის შემდეგ. სავარაუდოდ, რუსულმა ძალებმა ჩაატარეს პოლკის როტაცია ამ სექტორში.
ISW-ი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 6 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა განაახლეს შეტევა კუპიანსკთან, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ფრონტის ამ სექტორში განლაგებული რუსული ძალების უმრავლესობა, სავარაუდოდ, არაეფექტურად იბრძვის.
კუპიანსკის მახლობლად რუსული შეტევითი ოპერაციების განახლება, მიზნად ისახავს უკრაინის ყურადღების მიქცევას სამხრეთ უკრაინის ფრონტის სხვა სექტორებისგან – წერს ISW-ი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 281 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
ტანკი – 4 800 ერთეული [+23]
ჯავშანტექნიკა – 9 102 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 6 688 ერთეული [+22]
MLRS – 808 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 541 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 185 ერთეული [+27]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 073 ერთეული [+58]
სპეცტექნიკა – 956 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
487 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 610 უპილოტო საფრენი აპარატი
440 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 387 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 161 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 679 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
13 892 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა. შესაძლებელია, ასევე გააღრმაონ ფსკერი,“ – გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, რამდენი მიმართულებით შეიძლება შექმნას საფრთხე რუსულმა ბაზამ ოჩამჩირეში.
გადამდგარი გენერლის აზრით, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის მოწყობა, პირველ რიგში, პოლიტიკური გზავნილის გამოსაკვეთად სურს: „არსადაც არ მივდივარო“.
ვახტანგ კაპანაძის აზრით, გადამწყვეტი მოქმედებები უკრაინაში გაზაფხულზე დაიწყება, მანამდე კი, მხარეები ზამთრის კამპანიისთვის ემზადებიან. გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ახლა უკრაინამ ოპერატიული პაუზა აიღოს და მთავარი აქცენტი დრონებზე გაკეთდეს. „ყველაზე მეტი წარმატება უკრაინელებს კონტრშეტევის დროს დრონების გამოყენებით ჰქონდათ,“ – დასძენს ის.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
მეორე დღეა ხარკოვის ოლქი რუსეთის სამიზნეა. მხოლოდ გუშინდელი დაბომბვების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. დაიწყეს რუსებმა კონტრშეტევა ამ მიმართულებით?
ეს არ არის ფართომასშტაბიანი შეტევა, გააქტიურებაა, უფრო მოსამზადებელი, მაფორმირებელი სტადია, თუმცა ხარკოვის მიმართულებაზე რუსები მცირე, ლოკალური მასშტაბით ახორციელებენ შეტევებს.
გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ მალე შეტევა დაიწყება. ეხლა ორივე მხარე ემზადება ზამთრის კამპანიისთვის. ამიტომაც, შემოდგომაზე იქნება შედარებით სტაბილურობა ფრონტზე. მე ისევ მიმაჩნია, რომ ძირითადი, გადამწყვეტი მოქმედებები, თუ მანამდე რამე მნიშვნელოვანი არ მოხდა, იქნება მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.
გარდა ამისა, რუსები კუპიანსკი-სვატოვოს მიმართულებაზე გააქტიურებით ცდილობენ განმუხტონ ის წნეხი, რაც აქვთ სამხრეთ მიმართულებაზე – აიძულონ უკრაინელები, ყურადღება დაუთმონ ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებასაც. ეს ნიშნავს ძალების გაყოფასა და გადანაწილებას.
რა სახის წარმატება აქვთ სამხრეთით უკრაინელებს?
ლოკალური წარმატება აქვთ – 8 კილომეტრი გაათავისუფლეს უკრაინელებმა, უზრუნველყოფის ზოლში შეჭრილი არიან და ცდილობენ მის გაფართოებას. რობოტინოს მიმართულებაზე უტევენ უკრაინელები, ვერბოვოს მიმართულებაზე – რუსები. შემხვედრი შეტაკებებია ბევრი, თუმცა მასშტაბი არ არის დიდი.
უკრაინელები ცდილობენ, მცირე ზომის დანაყოფებით, მოწინავე, მოიერიშე რაზმის ფუნქციებით განახორციელონ შეტევა, რუსებიც მცირე რაზმებით ცდილობენ უკრაინელების მიერ დაკავებული პოზიციების უკან დაბრუნებას.
სამწუხაროდ, უკრაინელები უახლოვდებიან ე.წ. „კულმინაციის წერტილს“. ამ რესურსებით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გადამწყვეტ წარმატებასა და წინსვლას. უკრაინამ უნდა აიღოს ოპერატიული პაუზა, რათა გადაახალისონ, გეგმებს გადახედონ, რეზერვები შემოიყვანა… უკრაინას შეუძლია, შეამციროს აქტიურობა და გარკვეულწილად გადავიდეს დაცვის ფაზაში, ან დაკავებული ტერიტორიის მოწყობის ფაზაში. შესაძლოა, ამ დროს გადახედონ მეთოდებსა და ტაქტიკას, ძალებსა და საშუალებებს, ასევე კუმულაცია დადგეს იმ დახმარების, რომელსაც იღებს უკრაინა დასავლეთიდან.
ეს მეტ საშუალებას არ მისცემს რუსეთს გააქტიურდეს იგივე ხარკოვის მიმართულებაზე?
იქნება საავიაციო დარტყმები რუსეთიდან, საჰაერო დარტყმები, მაგრამ რუსეთს არ აქვს იმის ძალა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს.
რატომ, ისიც უახლოვდება კულმინაციის წერტილს?
არა, რუსეთი თავდაცვაშია. რუსეთისთვის კულმინაციის წერტილია იქნება მომენტი, როცა ის ვეღარ გააგრძელებს დაცვას. იმის გამო, რომ უკრაინა გაჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსები აუცილებლად დაიწყებენ შეტევას. რუსეთი, რა თქმა უნდა, განაგრძობს პოზიციების გამაგრებას, იქნება ცალკეული, ლოკალური შეტაკებები, თუმცა არა მგონია, შემოდგომაზე მნიშვნელოვანი ოპერაციები დაიწყოს.
მოცემულობა უკრაინის ლანდშაფტის ამ მონაკვეთის ბრძოლის ველზე ახლა ასეთია: სამხედრო ერთეულის გადაადგილების დაფიქსირებას სჭირდება 3-5 წუთი. იგივე დრო სჭირდება ასევე კოორდინატების გადაცემას და ცეცხლის გამოძახებას. სადღაც 10 წუთი გაქვს სიცოცხლისუნარიანობა, ვიდრე მოხვდები საცეცხლე ზემოქმედების ქვეშ. ქარსაცავიდან ქარსაცავ ზოლში უნდა შეაღწიო, რომ დაიმალო – გააკეთო პოზიცია თავდაცვისთვის, ან შეტევისთვის მოემზადო.
შემდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა შემდეგი ქარსაცავისთვის. ამ ტერიტორიებს იყენებს ახლა ორივე მხარე, რათა მოაწყოს თავდაცვა, ან გადაადგილდეს ფარულად და შეტევისთვის მოემზადოს. მალე ფოთოლს დაყრის ხეები, წვიმები დაიწყება და გადაადგილება გართულდება – ეს, რა თქმა უნდა, გაართულებს ვითარებას, განსაკუთრებით შეტევაში მყოფებისთვის.
ჩემი აზრით, მოსაფიქრებელია ახალი ტაქტიკა, რადგან ასეთ დროს ასეთი რესურსების ხარჯვა… მესმის, რომ უკრაინელებისთვის თითოეული მეტრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსებთან შეჯიბრი ადამიანური რესურსებით, ტექნოლოგიურად გადამწყვეტი უპირატესობის გარეშე, არასწორია. ომმა მიიღო გაჭიანურებული, პირველი მსოფლიო ომის საომარი მოქმედებების ხასიათი.
თქვენ რა ტაქტიკას არჩევდით უკრაინის ადგილზე?
ჩემი აზრით, უკრაინამ თავისი ძალისხმევა უნდა მიმართოს დრონების რაოდენობის, ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდაზე. დრონების გამოყენება ყველაზე კარგად გამოსდის უკრაინას.
არ ვიცი ზუსტი ოპერატიული მონაცემები. შესაძლებელია, შტაბში აქვთ მონაცემები, რომ, მაგალითად, რობოტინოდან მარიუპოლამდე რუსების თავდაცვა დემორალიზებულია და გაქცეულები არიან პოზიციებიდან. მე ვმსჯელობ ღია წყაროებზე დაყრდნობით და იმ ტემპზე დაკვირვებით, რასაც ახლა ვუყურებ. მე ავიღებდი ოპერატიული პაუზას და მოვემზადებოდი, გავამაგრებდი დაკავებულ ტერიტორიებს, გავააქტიურებდი დივერსიული ჯგუფების მოქმედებას და მაქსიმალურ აქცენტს სპეცოპერაციებზე გადავიტანდი.
რაც მთავარია: გავაძლიერებდი დრონებით ზემოქმედებას მოწინააღმდეგეზე, რადგან ყველაზე მეტი წარმატება უკრაინელებს კონტრშეტევის დროს დრონების გამოყენებით ჰქონდათ.
თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად იყენებენ უკრაინელები დასავლეთიდან მიწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას?
ტანკებს იყენებენ უკრაინელები, როგორც მოიერიშე საცეცხლე საშუალებას, როგორც მეორე მსოფლიო ომში იყო მოიერიშე ქვემეხები – მიყვებოდა ქვეითებს და მხარს უჭერდა. ყველა ტანკი ფეთქდება, არ არსებობს ისეთი ტანკი, რომ არ აფეთქდეს, მით უმეტეს, ნაღმზე. არ მახსოვს, რამდენი „ლეოპარდი“ აუფეთქეს რუსებმა უკრაინელებს, მაგრამ ვიცი ზუსტად, რომ 4 „ლეოპარდი“ დაეკარგათ, რასაც ჰქვია აუნაზღაურებელი ზარალი, დანარჩენი, ყველა „ლეოპარდის“ გარემონტება არის შესაძლებელი.
რაც მთავარია: ყველა ეკიპაჟი ცოცხალი გადარჩა. დასავლურმა ტექნიკამ ეს უპირატესობაც აჩვენა, რომ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვნად ფასობს. სიცოცხლისუნარიანობა გააჩნია ეკიპაჟს იგივე „ბრედლიში“: რუსებმა რამდენიმე მათგანი ააფეთქეს, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები გადარჩნენ.
იგივე „აბრაამსი“ შექმნილი იყო ცივი ომის პერიოდში საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ საბრძოლველად. ტანკი შეიძლება იყოს განკუთვნილი გარღვევისთვის და ტანკების საწინააღმდეგოდ. სატრანშეო ბრძოლაში კი, იმდენად ეფექტური არ არის საჰაერო მხარდაჭერის გარეშე.
მეორეცაა: ამ ვითარებაში მათი გამოყენება შესაბამისი საინჟინრო მოსამზადებელი სამუშაოებისა და გამნაღმელი ტექნიკის თანხლების გარეშე დანაღმულ ველებზე არ მიმაჩნია სწორად. მთლიანობაში, უკრაინელები სწორად იყენებენ ამ ტექნიკას. მოცემულობაა და მთავარი გამოწვევა ისევ არის ის, რომ უკრაინელებს, როგორც იცით, არ გააჩნიათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკმარისი შესაძლებლობები.
რამდენიმე თვეში უკრაინა მიიღეს F16-ებს. შესაძლებელია, მაშინვე ჩართონ ეს თვითმფრინავები საომარ მოქმედებაში? რამდენად აქვს უკრაინას მზად შესაბამისი ადამიანური რესურსი, ასევე ინფრასტრუქტურა?
მიმდინარეობს პერსონალის მომზადება კარგა ხანია. ვერ გეტყვით, რამდენად არის უკრაინაში მომზადებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა. F 16 მსუბუქი გამანადგურებელია, მრავალფუნქციური, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაოდენობას.
როგორც ვიცი, მომავალი წლის დასაწყისში 6 ერთეულს აძლევენ უკრაინას, ამ რაოდენობით შეიძლება გააძლიერო საჰაერო თავდაცვა, მაგალითად, სტრატეგიულ ქალაქებში. თითოეულ თვითმფრინავს აქვს საბრძოლო დატვირთვა რამდენჯერ შეიძლება აფრინდეს, მაგალითად, დღის განმავლობაში მაქსიმუმ. ორი საბრძოლო გაფრენა შეუძლია ერთ მფრინავს.
რამდენად ლოგიკურია ვარაუდი, რომ რუსეთს შეიძლება შეუმცირდეს ომის დაფინანსების წყარო, როგორიცაა გაზის და ნავთობის ექსპორტი დასავლეთში?
ჯერჯერობით არ ჩანს ეს. ამ ეტაპზე არ გამოჩნდა სანქციების ეფექტი ისეთი, რომ რუსეთის სამხედრო მრეწველობაზე რაოდენობრივი თვალსაზრისით ასახულიყო, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა. რუსეთი ტექნოლოგიურად საჭირო ელემენტებს ჩინეთიდან იღებს დიდი ალბათობით, საბჭოთა კალიბრის იარაღის საწარმოებლად კი, აგერ, ჩრდილოეთ კორეა არის მზად.
რუსეთს აწყობს ამ ეტაპზე დაკმაყოფილდეს იმით, რაც მიიღო და ეს გაყიდოს შიდა აუდიტორიაზე, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიოზული გამარჯვება. 2008 წლიდან ემზადებოდა რუსეთი ამისთვის, შეიარაღებული ძალების ორი რეფორმა ჩაატარეს და რაც მოამზადეს, გამოჩნდა უკრაინაში.
ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთი ეძებს შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვის გზებს „არა იმიტომ, რომ მას მშვიდობა სურს, არამედ იმიტომ, რომ სამხედრო პოტენციალის აღდგენა სჭირდება“. ზელენსკი ვარაუდობს, რომ 2028 წელს რუსეთი კვლავ დაიწყებს შეტევას.
თუ უკრაინა გაჩერდა და არაფერს გააკეთებს სომხეთივით ყარაბაღში, მაშინ, რა თქმა უნდა, გაძლიერდება რუსეთი. არ უნდა მისცენ რუსეთს გაძლიერების საშუალება. გაყინული კონფლიქტიც არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ ხდება კონკრეტული მოქმედებები და ძირგამომთხრელი საქმიანობა. გაყინული კონფლიქტი იყო, მაგალითად, ავღანეთში და გაიმარჯვეს ავღანელებმა.
უკრაინას სჭირდება დრო, რომ ჯარი გარდაქმნას იგივე დასავლეთიდან მიღებული ტექნიკის ინტეგრაციისთვის. დღეს რა ტექნიკაც შედის უკრაინაში, იხარჯება ბრძოლაში. უკრაინას სჭირდება თავდაცვის სისტემის გარდაქმნა, ამოსუნთქვა და მომზადება. უკრაინისთვის დახმარება უნდა იყოს უფრო სისტემატური და გეგმაზომიერი – რაც საჭიროა, ის უნდა მისცენ და არა – რაც ზედმეტობაში აქვთ.
აშკარაა რუსეთის პოლიტიკური განაცხადი შავ ზღვაზე, როცა ის ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსებას აანონსებს. თქვენი შეფასებით, რა სახის საფრთხეებს ქმნის ეს სიახლე სამხედრო თვალსაზრისით საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თავად ოკუპირებული აფხაზეთისთვის?
არ ვიცი, რა ზომის ბაზა იქნება ეს, თუმცა რუსებს დღეს-დღეისობით შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა. 2009-ში რუსებმა გააღრმავეს ამ ნავმისადგომის ფორვატერი 9 მეტრამდე და 10 000 ტონიანი ხომალდის შეყვანა შეუძლიათ. ამ წყალწყვის ხომალდი არც ყავს უკვე რუსებს შავ ზღვაში, რაც ჰყავს, ყველას შეუძლია შევიდეს.
თუმცა აქამდეც შეეძლოთ იქ შესვლა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა უარს არ იტყოდა, ცხადია, თუნდაც რეიდზე დამდგარიყო. ხომალდი არის პლატფორმა, რომელიც არის სავსე სადაზვერვო, ჰაერსაწინააღმდეგო და საცეცხლე დარტყმის შესაძლებლობებით. ამით საქართველოსთვის მნიშვნელოვნად იზრდება საფრთხე, რაც მუდმივად დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული. თუ იქ რამდენიმე ხომალდი შემოვა, ჩათვალეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო საფრთხე საქართველოსთვის.
აფხაზებისთვის ეს არის, ერთის მხრივ, დაცულობის მეტი შეგრძნება, მეორეს მხრივ კი, თუ მოეწყო ეს რუსული სამხედრო ბაზა, წარმოიდგინეთ, რამდენი რუსი ეროვნების მომსახურე პერსონალი იქნება იქ, მათი ოჯახის წევრები, რა შენობები და ნაგებობები მოეწყობა მათთვის, აფხაზები ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.
რუსეთი აქედან სომხეთსაც შეიძლება მისწვდეს. თანაც, კასპიის ზღვაშიც თავისი ფლოტილია აქვს. რუსეთს აქამდეც შეეძლო შესულიყო ხომალდით ოჩამჩირეში და აქედან გაეშვა რაკეტა, მაგრამ ახლა ამას აქვს უფრო კაპიტალური ხასიათი, ეს არის უფრო იმის ჩვენება, რომ არსადაც არ მიდის ამიერკავკასიიდან. ეს იქნება რუსეთის მეორე „საზღვარგარეთული“ ბაზა სირიის შემდეგ.
კიდევ ერთი ფაქტორია: რუსეთმა აქ შეიძლება შემოიყვანოს ხომალდები, რომელიც კონკრეტული მომენტისთვის არ სჭირდება ყირიმთან. უკრაინისთვის ამით საფრთხე არ გაიზრდება, მაგრამ რუსული ხომალდები აქ უფრო დაფარულად იქნებიან.
დაზვერვა ახსენეთ – რუსული ბაზა ოჩამჩირეში რამდენად ზრდის საფრთხეს საქართველოსთვის ამ კუთხით?
რა თქმა უნდა, იქნება რადიოელექტრონული დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და ეფექტურადაც შეიძლება ეს გამოიყენონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რაღაც 35 კილომეტრია ოჩამჩირიდან ადმინისტრაციულ საზღვრამდე.
ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთში, ჩაქვში / ფოტო: „ბათუმელები“/2021წ.
ლაო ჯინ ჯაოს სახლს, 2016 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ამ სახლში, ჩინელი მეწარმე, ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა.
„ძალიან ვამაყობთ, რომ განსაკუთრებული ადგილი გვაქვს შავ ზღვასთან ახლოს. ეს იმ კაცის სახლია, რომელმაც ჩაი შემოიტანა საქართველოში. რა თქმა უნდა, ვამაყობთ ამ ისტორიითა და მემკვიდრეობით“ – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ეს „მემკვიდრეობა“ დღემდე მიტოვებული და მოუვლელია.
წლების წინ აქ ჩაის მუზეუმის გახსნის იდეა განიხილებოდა.
განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც ახალ დირექტორებს წარადგენენ.
საქართველოს რამდენიმე სკოლაში უკვე გააპროტესტეს ერთკანდიდატიანი არჩევნები და აქციებიც გამართეს.
„ბათუმელები“ იმ სკოლების დირექტორებს ესაუბრა, სადაც ბავშვები და მასწავლებლები მოქმედ დირექტორებს უჭერენ მხარს და უარს ამბობენ ერთკანდიდატიან არჩევნებში მონაწილეობაზე.
მაგალითად, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა მხარს უჭერს მოქმედ დირექტორს და აქციას აანონსებს მის მხარდასაჭერად.
სკოლას განცხადება ფეისბუქშიც აქვს გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და სამინისტრო არ უნდა წყვეტდეს ვინ იქნება დირექტორი.
ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე.
„ჯერჯერობით ვასრულებ მოვალეობას, ჩემ საქმეს ვაკეთებ და ველოდებით, რომ დაანონსდება არჩევნები და რა მოხდება ამ არჩევნებზე, არავინ არ იცის. ან დაუჭერს სამეურვეო საბჭო ახალ კანდიდატს მხარს, ან არა.
თუმცა, ამ ეტაპისთვის მასწავლებლები და მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და მე მიჭერენ მხარს და აქვთ კითხვები, თუ რატომ არ წარადგინა სამინისტრომ ჩემი კანდიდატურა.
ხომ შეიძლება, რომ ორი კანდიდატი ყოფილიყო წარდგენილი? თუმცა სამინისტრომ სკოლას არ მისცა არჩევანის შესაძლებლობა“, – ამბობს ტარიელ კალანდაძე.
რატომ არ წარადგინა თქვენი კანდიდატურა სამინისტრომ, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? – ვკითხეთ ტარიელ კალანდაძეს. იგი ამბობს, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.
„ეჭვების და ვარაუდების დონეზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ წარდგენილი კანდიდატი ხათუნა ლომთაძე, რომელიც ამავე სკოლის ქართულის მასწავლებელია, ურეკავს სხვა მასწავლებლებს და ეუბნება, რომ მისი დირექტორად განწესების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რომ აზრი არ აქვს მათ ვნებათაღელვას. საიდან იცის, რომ უკვე გადაწყვეტილია?!
მე არ მაქვს დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ამიტომ ზუსტად იმასაც ვერ გეტყვით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო“, – გვეუბნება ტარიელ კალანდაძე.
იგი ამბობს, რომ სხვა სკოლა მითითებული არ ჰქონდა, მხოლოდ ერთი სკოლა მიუთითა არჩევანში.
„მასწავლებლებმა მთხოვეს, რომ რადგან ახლა სკოლები დიდი გამოწვევის წინაშე არიან და ავტორიზაციის პროცესი აქვთ გასავლელი, დავრჩენილიყავი ამ სკოლაში, რადგან დირექტორობის გარდა, მე ვარ ხარისხის მართვის ექსპერტი და სკოლებს ვეხმარები ამ მიმართულებით.
რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შინაგანი პროტესტი ამ არჩევნების გამო, რადგან ოზურგეთში მხოლოდ ჩემი კანდიდატურა არ წარადგინეს, სხვა ყველა გაუშვეს, მაგრამ მე ვრჩები სკოლაში, მასწავლებელი ვარ და ამ სკოლისთვის მაინც ბევრ რამეს გავაკეთებ“, – გვეუბნება ტარიელ კალანდაძე.
სკოლის დირექტორის არჩევნებს პოლიტიკურს უწოდებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი დიმონ არახამია. მისი აზრით, სამინისტრომ მისი კანდიდატურა მხოლოდ იმიტომ არ წარუდგინა სკოლებს, რომ არჩევნებზე მმართველი პარტიის მითითებებს არ ასრულებდა.
„მე ორჯერ არჩეული დირექტორი ვარ და არ მქონდა ამ სკოლაში წარდგენის უფლება, მაგრამ სხვა სკოლაც მქონდა მითითებული, თუმცა არც იქ წარმადგინეს.
ეს გააპროტესტეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც.
მე სკოლის დირექტორი ვიყავი და არა „ოცნების“ აგიტატორი. ამათ კი უნდოდათ ისეთი დირექტორი, რომელიც თან „ოცნების“ აგიტატორია. მე ყოველთვის ჩემი საკუთარი აზრი მქონდა. საერთოდ არ ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მინდოდა ერთგვარი ტესტი ჩამეტარებინა ხელისუფლებისთვის და ვნახეთ კიდეც, რომ მე მათთვის ვარ მიუღებელი პოლიტიკური ნიშნით.
კანდიდატი, რომელიც ჩემ სკოლაში წარადგინეს, „ოცნების“ მხარდამჭერია – თვითონაც და მისი ოჯახიც და ალბათ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ ის იქნება დირექტორი, ყველა მასწავლებელი იმუშავებს მათ სასარგებლოდ. უსამართლობის პიკია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის ღირსება უმთავრესია და არასდროს ვიკადრებ, რომ მასწავლებელს ან მშობელს ვუკარნახო, რომელ პარტიას მისცეს ხმა“, – გვეუბნება დიმონ არახამია.
მისი აზრით, ეს კომუნისტური „არჩევნებია“, სადაც რეალურად არავის აქვს არჩევანის უფლება.
„მაგრამ ჩემთვის მთავარია სკოლა და ბავშვები იყვნენ წარმატებული. მე სამოქალაქოს მასწავლებელი ვარ და ბავშვებს ვასწავლი, რომ საკუთარი აზრი უნდა ჰქონდეთ და თუ უსამართლობას ხედავენ, უნდა გააპროტესტონ. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი და არა დირექტორობა.
უბრალოდ, გული მწყდება, რომ სხვა სკოლაშიც არ წარმადგინეს და უარი მითხრეს“, – ამბობს დიმონ არახამია.
კიდევ ერთი დირექტორი, რომელიც არცერთ სკოლაში არ წარადგინა სამინისტრომ, სულხან ჯიჯელავაა, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის თემის პირველ სკოლაში მუშაობს.
„მე სერტიფიცირებული დირექტორი ვარ და მხოლოდ ერთი სკოლა მქონდა მითითებული – ის, სადაც ახლა ვმუშაობ.
რატომ არ წარმადგინეს, ვერ გეტყვით. მიზანს და მიზეზს შორის რომ აცდენაა, ფაქტია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა მან.
ახუთის საჯარო სკოლაში ბავშვები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოქმედ დირექტორს უჭერენ მხარს. თუმცა, მიაღწევს თუ არა სკოლა შედეგს, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება.
რაც შეეხება ბათუმის საჯარო სკოლებს, აქ 16 საჯარო სკოლაშია დირექტორობის კანდიდატი წარდგენილი. თუმცა, როგორც რესურსცენტრში გვეუბნებიან, ფაქტობრივად ყველა სკოლაში უკვე მოქმედი დირექტორის კანდიდატურაა წარდგენილი და არჩევნები აქაც ერთი კანდიდატით წარიმართება.
ქედაში 8 სკოლაში უნდა აირჩიონ ახალი დირექტორი, ქობულეთში – 15 სკოლაში, შუახევში – 7 სკოლაში, ხელვაჩაურში – 18 სკოლაში და ხულოში – 12 სკოლაში.
____________
მთავარ ფოტოზე: საპროტესტო აქცია ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის წინ/facebook
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ორი სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის.
სააგენტოს ცნობით, „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ 7 პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.
„საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს”, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება“ – იუწყება სააგენტო.
ასევე, სააგენტო წერს, რომ შპს „იმედის კლინიკაში“ ორ მცირეწლოვან პაციენტს, ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა, მიუხედავად იმისა, რომ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა სააგენტომ, დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო, კლინიკას 13 სექტემბერს შეუჩერა.
სააგენტოს ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულებები 20 000-20 000 ლარით დაჯარიმდნენ.
სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.
თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა მრავალჯერ განიცდის ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ტკივილი თავის ან სახის არეში, რომელიც ხშირად აღწერილია, როგორც პულსირებადი, მუდმივი, მკვეთრი ან ყრუ.
თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, სიმძიმის, ლოკალიზაციისა და სიხშირის მიხედვით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი ნევროლოგი ელგა ჩხენკელი ამბობს, რომ მართალია, თავის ტკივილი ხშირად საშიში არ არის, თუმცა მისი ზოგიერთი ტიპი შეიძლება უფრო სერიოზული მდგომარეობის მანიშნებელი იყოს, ამიტომ ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
ქალბატონო ელგა, რა სახის თავის ტკივილი არსებობს?
თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სრულიად ბანალური, ძალიან მარტივი მიზეზით, მაგრამ შეიძლება მის უკან იმალებოდეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც.
მაგალითად, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, ნებისმიერი ინტოქსიკაცია შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილით. იმის დიფერენცირებას, თუ რა ხასიათისაა თავის ტკივილი, ახდენს ნევროლოგი.
არის ნერვული სისტემის დაავადებით გამოწვეული თავის ტკივილი და არის ნერვული სისტემის გარეთ, სხვა სისტემების დაავადებებით გამოწვეული თავის ტკივილი, რა შემთხვევაშიც თავის ტკივილი არის ზოგადი სიმპტომი.
თავის ტკივილის ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა ისინი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: პირველადი და მეორადი ტკივილი.
პირველადი თავის ტკივილი ნიშნავს, რომ უშუალოდ ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის ერთ-ერთი ნიშანი არის თავის ტკივილი, მეორადი ნიშნავს, რომ თავის ტკივილი არის სხვა დაავადების ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება – სიმპტომი ან ნიშანი.
რა შეიძლება იყოს პირველადი თავის ტკივილის მიზეზები?
პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპია დაძაბვის თავის ტკივილი, რომლის ძირითადი გამომწვევიც სტრესია (ახასიათებს მოჭერითი ხასიათის ტკივილი); საკმაოდ ხშირია პოპულაციაში შაკიკის თავის ტკივილი.
ასევე, არის კლასტერული თავის ტკივილი, რომელიც მართალია, ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ მაინც გვხვდება – ეს არის ძალიან ძლიერი, აუტანელი ნევრალგიური ტკივილის შეტევები, რომელიც გვხვდება უფრო 20-45 წლის კაცებში. მისი წარმოშობის მექანიზმი და მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის (შაკიკის მსგავსად). თავის ტკივილი გრძელდება 30-45 წუთი, თუმცა ზოგჯერ უფრო ხანმოკლეა, ზოგჯერ – უფრო ხანგრძლივი. შეტევები შეიძლება გაგრძელდეს 10-14 დღის განმავლობაში.
არსებობს კიდევ რამდენიმე, პირველადი თავის ტკივილის ნაკლებად გავრცელებული ფორმა.ზოგიერთი პირველადი თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით ან სიტუაციებით – მაგალითად, ძილის ნაკლებობით, შიმშილით. ასევე, თავის ტკივილი შეიძლება განვითარდეს ხველისა და ტირილის გამო.
რა შეიძლება იყოს მეორადი თავის ტკივილის მიზეზი?
მეორადი თავის ტკივილი აღმოცენდება, როგორც სხვა დაავადების თანმხლები სიმპტომი და თავისი კლინიკური მნიშვნელობით შეიძლება იყოს ძალიან საყურადღებო იმიტომ, რომ შეიძლება მეორადმა თავის ტკივილმა დამალოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
მაგალითად, ნებისმიერი მოცულობითი წარმონაქმნი – სიმსივნე, აბსცესი, პარაზიტული ჩანართი, ანევრიზმა – შეიძლება დასაწყისში გამოვლინდეს თავის ტკივილით, ასევე ნეიროინფექციების (მენინგიტი და ენცეფალიტი) ერთ-ერთი უხშირესი გამოვლინება თავის ტკივილია.
Clevelandclinic: მეორადი თავის ტკივილის ტიპები, რომლებიც არ არის საშიში და ქრება ძირითადი მდგომარეობის მკურნალობის შემდეგ, მოიცავს: დეჰიდრატაციით გამოწვეულ თავის ტკივილს, სინუსურ [ჰაიმორიტი, ფრონტიტი] თავის ტკივილსა და მედიკამენტების ჭარბად გამოყენების გამო თავის ტკივილს.
აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მეორადი თავის ტკივილის მიზეზი ხშირად ხდება შფოთვითი აშლილობა. საქმე ის არის, რომ ამ დროს ხდება ნეირომედიატორების გამოყოფა, რაც იწვევს კუნთების დაჭიმულობას, შემდეგ იჭიმება აპონევროზი (სკალპი). დაძაბვის თავის ტკივილიც სწორედ ამას ნიშნავს, რომ აპონევროზი დაიჭიმა და იმის მიხედვით, თუ რომელი ქსელი დაიჭიმება აპონევროზის – ხან ერთ მხარეს სტკივა პაციენტს, ხან მეორე მხარეს.
ხშირად დაძაბვის თავის ტკივილი ვითარდება როცა ხერხემლის გამო ტანადობა არის დარღვეული, მაგალითად სკოლიოზის დროს ზურგის, კისრის კუნთები არასწორად იჭიმება, დაჭიმულია აპონევროზიც და ძალიან ხშირად ყოფილა, რომ თავის ტკივილის მიზეზი ხერხემლის გამრუდება ან სქოლიოზის რომელიმე ფორმა აღმოჩენილა.
რამდენად უსაფრთხოა გამაყუჩებლებით თვითმკურნალობა?
გარდა იმისა, რომ შესაბამისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გარეშე შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა გამოგვეპაროს, ძალიან ხშირია, როცა თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება თავად იმ მედიკამენტების (ანალგეტიკები, არასტეროიდები) ხშირი გამოყენება, რომლებსაც ადამიანი ტკივილის გასაყუჩებლად მოიხმარს.
სხვათა შორის, ამით გამოწვეული თავის ტკივილის მკურნალობა ძალიან რთულია. ძალიან ძნელია ამ დროს მედიკამენტების ჩანაცვლება, ამიტომ არ არის რეკომენდებული გამაყუჩებლების სისტემატური გამოყენება და უნდა მივმართოთ ექიმს.
რამდენად ხშირია თავის ტკივილი, რომლის რეალური მიზეზიც წნევაა?
კლინიკურად, ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირია არტერიული წნევის მომატებით განპირობებული თავის ტკივილი. როგორც კი პაციენტი წნევას დაარეგულირებს, თავის ტკივილი ლაგდება.
უმრავლეს შემთხვევაში პაციენტები ამბობენ, რომ თავის ტკივილის დროს წნევას არ იზომავენ. მიიჩნევა, რომ წნევა არ არის ახალგაზრდა ასაკის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება მაღალი არტერიული წნევა, რაც საკმაოდ საყურადღებოა.
მაგალითად, გაიზომავს წნევას ზოგი და იმ შემთხვევაშიც, თუ არის 140, 150, მერე 170, ამბობენ – „მერე რა“, ამ დროს ეს არის არტერიული ჰიპერტენზიის უკვე პირველი სტადია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება არის თავის ტკივილი. არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის ძალიან საშიში მდგომარეობების გამოწვევა.
რა რეკომენდაციები არსებობს თავის ტკივილთან მიმართებაში?
პირველ რიგში, თავის ტკივილის დროს ადამიანებმა უნდა გაიზომონ წნევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ თავის ტკივილი რომელიც გამოწვეულია ჰიპერტენზიით, მომავალში არის ინსულტის განვითარების დიდი რისკფაქტორი .
ექიმთან მისვლამდე ძალიან კარგი იქნება ჟურნალის წარმოება, თავის ტკივილის სიხშირესა და ინტენსივობაზე, ასევე მაპროვოცირებელ მიზეზებზე, რომელთა განსაზღვრაც მომავალში დაგვეხმარება თავის ტკივილის პრევენციაში.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ძილის მოწესრიგება.
Clevelandclinic: დროდადრო განვითარებული, მსუბუქი თავის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში, ტკივილგამაყუჩებლების გარეშე, შესაძლებელია თავზე თბილი ან ცივი კომპრესების მიდებით; გაჭიმვითი ვარჯიშებით; თავის, კისრის ან ზურგის მასაჟით; ბნელ და წყნარ ოთახში დასვენებით და გასეირნებით.
Clevelandclinic: თავის ტკივილის სიმპტომები, რომლებიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი; თავის ტკივილი ცხელებით, ქოშინით, კისრის გაშეშებით ან გამონაყარით; თავის ტკივილი, რომელიც წარმოიქმნება თავის ტრავმის ან უბედური შემთხვევის შემდეგ;
ასევე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თავის ტკივილი დაკავშირებულია ისეთ ნევროლოგიურ სიმპტომებთან, როგორიცაა: სისუსტე, თავბრუსხვევა, წონასწორობის უეცარი დაკარგვა ან დაცემა, დაბუჟება, დამბლა, მეტყველების სირთულეები, დაბნეულობა, კრუნჩხვები, შეცვლილი/შეუსაბამო ქცევა და მხედველობის ცვლილებები (ბუნდოვანი ხედვა, გაორებული ხედვა ან ბრმა ლაქები).
5 ოქტომბერს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში რუსეთის დაბომბვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვი.
რუსეთმა დაბომბა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია და კაფე, სადაც ქელეხი იმართებოდა და ათობით ადამიანი იყო თავმოყრილი. უკრაინული მედიის ცნობით, ქელეხზე შეკრებილები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ჯარისკაცს, ანდრეი კოზირს გლოვობდნენ, როცა შენობას ჭურვი მოხვდა.
დაბომბვისას დაიღუპა გარდაცვლილი ჯარისკაცის ცოლი, ალისა და შვილები: დენისი და ლიზა.
უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“ წერს, რომ სოფლის მცხოვრებმა ოლგამ მათ აჩვენა დაღუპული ჯარისკაცის, ანდრეის და მისი ოჯახის ფოტო.
„ერთი რაკეტით დამარხეს მთელი სოფელი. სოფელში თითოეულ სახლს ახლა ექნება არა ერთი კუბო, არამედ ხუთი, სამი კუბო ერთდროულად… თითო-ოროლა დარჩა აქ. არავინაა. მთელი სოფელი იქაა [აფეთქების ადგილას] და მეშინია იქ წასვლის, იქ გახედვის“ – უთხრა ქალმა „ჰრომადსკეს“.
ფოტო: კადრი „ჰრომადსკეს“ ვიდეომასალიდან
რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზას 5 ოქტომბერს დაახლოებით 13:25 საათზე დაარტყეს. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული იყო „ისკანდერის“ რაკეტა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ერთ-ერთ ადგილობრივ კოლაბორანტს განესაზღვრა რაკეტის „სამიზნე“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ოქტომბრის 21 საათიდან 7 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება – 17-22 მ.წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 14 – 19 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 8–9 ოქტომბერს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 281 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
ტანკი – 4 777 ერთეული [+20]
ჯავშანტექნიკა – 9 082 ერთეული [+30]
საარტილერიო სისტემა – 6 666 ერთეული [+23]
MLRS – 806 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 158 ერთეული [+29]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 015 ერთეული [+35]
სპეცტექნიკა – 951 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
486 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 572 უპილოტო საფრენი აპარატი
440 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 361 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 161 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 666 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
13 850 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
33 წლის ეთო ბეგლარაშვილი შვილთან, 5 წლის ლიკასთან ერთად, ამერიკამდე მექსიკის გზით ჩავიდა 2023 წლის ოქტომბერში. ეთომ და ლიკამ რთული და გრძელი გზა გაიარეს ირაკლისთან ჩასვლამდე. ირაკლი ლიკას მამაა, რომელმაც საქართველო წელიწად-ნახევრის წინ დატოვა და სამუშაოდ წავიდა ამერიკაში, ასევე მექსიკის რთული გზით.
ამერიკამდე გასავლელ გზაზე ეთომ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ 5 წლის ლიკას ოდნავადაც არ უნდა ეგრძნო გზის სირთულე, უნდა ჰგონებოდა, რომ სამოგზაუროდ დადიან პარიზი, მექსიკაში, არიზონას ცივ უდაბნოში მდინარის გავლით, არიზონადან ნიუ-იორკამდე და ნიუ-იორკიდან კონექტიკუტში, შიგადაშიგ კი საემიგრაციო მოსაცდელებში ღამისთევით.
ეთო ბეგლარაშვილი „ბათუმელებთან“ ვრცლად ჰყვება საკუთარ გზაზე თბილისიდან ნიუ-ჯერსამდე.
„რატომ წავედი“
ძალიან ბევრი სამსახური გამოიცვალა ჩემმა ქმარმა, ბევრს შრომობდა და დაუფასებლად. ხელფასი საარსებოდაც კი არ გვყოფნიდა, ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მშობლების დახმარება გვჭირდებოდა სულ.
ირაკლიმ გადაწყვიტა ამერიკაში წასულიყო და ჩვენი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დაეწყო ზრუნვა.
მე ამ დროს მაგისტრატურის კურსს გავდიოდი საფრანგეთში და სტაჟირებისთვის ვემზადებოდი, ირაკლიმ წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, მერე ჩამოვედი საქართველოში. ბავშვი ჩემი სწავლის პერიოდში მამასთან იყო, რომ დავბრუნდი, ბავშვი დარჩა ჩემთან და ირაკლი ამერიკაში გავაცილეთ, მექსიკის გზით გადავიდა.
ამ დროს სამაგისტრო თემას ვამზადებდი და პარალელურად წინანდლის მუზეუმში დავიწყე მუშაობა. სწორედ მაგისტრატურის გამო ვერ მივიღე გადაწყვეტილება, ერთად წავსულიყავით ამერიკაში და შევთანხმდით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ირაკლი საქართველოში დაბრუნდებოდა და აქ გავაგრძელებდით ცხოვრებას.
ირაკლიმ ამერიკაში დარჩენა გადაწყვიტა. ლიკას ძალიან ენატრებოდა მამა, მეც ძალიან მიჭირდა უკვე ცხოვრების მარტო გაგრძელება ირაკლის გარეშე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უკეთ ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკაში წასვლა. ვიდრე მექსიკის გზას დავადგებოდით, ამერიკის ვიზის ლეგალურად მოპოვება ვცადე.
„მინდოდა ჩემი მშობლიური მხარის განვითარებისთვის გამომეყენებინა საფრანგეთში მიღებული ცოდნა“
საქართველოში ფრანგი მომხმარებლების მომსახურების სპეციალისტად ვმუშაობდი „ჯორჯიან სერვის გრუპში“. მანამდე 2 წელი ემიგრაციაში ვიყავი საფრანგეთში, ვსწავლობდი და ვმუშაობდი.
ჩემი ბოლო სამსახური საქართველოში იყო წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი, სადაც სტაჟირების პარალელურად ვწერდი სადიპლომო ნაშრომს. ფრანგულენოვანი გიდი ვიყავი.
საქართველოში ანაზღაურების შესახებ არაფრის თქმა არ მინდა, ამ სამსახურებში ისევ მუშაობენ ჩემი ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც დავუმეგობრდი. ეს იყო მიზერული ხელფასი, არაფერში რომ არ გყოფნიდა და ისევ გვიწევდა ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მშობლების შეწუხება.
მინდოდა ჩემი მშობლიური მხარის განვითარებისთვის გამომეყენებინა საფრანგეთში მიღებული ცოდნა. ჩემს რაიონში გამოჩნდა ჩემთვის სასურველი სამსახური, სადაც მიუხედავად ბევრი დისკომფორტისა მაინც ვიმუშავებდი, თუმცა ამაოდ ველოდი დადებით გადაწყვეტილებას და ესეც ერთ-ერთი იმედგაცრუება იყო.
ყველა ეს პატარა ამბავი დაგროვდა. ოჯახიც უკვე ცალ-ცალკე ვიყავით და ასე ვერ გაგრძელდებოდა.
ჯერ წავედი გერმანიაში, ბერლინში შევედი ამერიკის საელჩოში, მაგრამ ვიზა ვერ მივიღე, არ მომცეს.
სწორედ ამის მერე გადავწყვიტე მექსიკის გზით წავსულიყავი ამერიკაში 5 წლის შვილთან ერთად.
„არასდროს გამომიცდია რას ნიშნავს, როცა შენი ეროვნების გამო გხსნიან ფრენიდან, ეს ძალიან დამამცირებელი იყო“
სანამ მექსიკის გზას დავადგებოდი წავედი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში და მოვიპოვე ამ ქვეყნის ვიზა და სამუშაო უფლება ჩემს შვილთან ერთად რომ მექსიკაში შესვლის უფლება მქონოდა. ვიცოდი, რომ მექსიკაში საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა, მაგრამ მექსიკის სახელმწიფო საზღვარზე ამის მიუხედავად აღარ უშვებენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პასპორტით.
მექსიკამდე გზა იყო ძალიან რთული, მოიცავდა ოთხ ქვეყანას, ხუთ ქალაქს და 30-საათიან ფრენებს.
ასე დაიგეგმა ჩემი მოგზაურობა მექსიკაში. ჯერ პარიზში ჩავფრინდი, საიდანაც ფრენა გვქონდა მექსიკის ქალაქ კანკუნში. კანკუნში მე და ლიკამ 6 დღე გავატარეთ და ველოდებოდით მითითებებს, თუ როდის და საით უნდა წავსულიყავით.
კანკუნიდან ერთ-ერთ ფრენაზე ბორტიდან მომხსნეს, რახან საქართველოს მოქალაქე ვიყავი. სხვა მიზეზი არ უთქვამთ ჩემთვის, ფრენამდე 10 წუთით ადრე გამომიყვანეს და დამტოვეს ქუჩაში ბავშვთან ერთად. კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა. დავბრუნდი სასტუმროში და დაველოდე ისევ შემდეგ ფრენას, რომ გავფრენილიყავი სხვა ქალაქში, იმ სხვა ქალაქიდან კიდევ სხვა ქალაქში და მივსულიყავი რომელიმე სასაზღვრო ქალაქამდე.
დიდ გზაზე ბევრი რთული მომენტი იყო. მექსიკის ერთ ერთი ქალაქის აეროპორტში ცუდი ამინდის და ტურბულენტობის გამო თვითმფრნავმა ვერ შეძლო დაჯდომა და სამჯერ, ოთხჯერ მოუწია მყისიერად დაჯდომა და აფრენა. ამ დროს ლიკას ეძინა და ვცდილობდი არ შემშინებოდა, ხალხის სახეები რომ დავინახე გარშემო, მივხვდი, რაღაც ვერ იყო კარგად და მაგ დროს გავიფიქრე, შეუძლებელია რამე ცუდი მოხდე, აქამდე ჩამოვაღწიე და ახლა წარმოუდგენელია აქ დასრულდეს ჩვენი გზა-მეთქი.
მამშვიდებდა მხოლოდ ის, რომ ლიკას ეძინა და რამე რომ დაგვმართოდა, ვერაფერს გაიგებდა. ყველა საზღვარი, ყველა შემოწმება იყო უზარმაზარი შიში.
არასდროს გამომიცდია რას ნიშნავს, როცა შენი ეროვნების, ნაციონალური იდენტობის გამო გხსნიან ფრენიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე ხარ. ეს ძალიან დამამცირებელი შეგრძნება იყო.
არასოდეს არ მქონია შიში, რომ სადმე ვერ გავფრინდებოდი, გადაადგილებას თავისუფლად ვერ შევძლებდი. ლიკასთან ერთად გარეგნულად ყველა ეს სტრესი უნდა დამებლოკა. ვერ უნდა მიმხვდარიყო ჩემი გოგო, რომ მე მეშინოდა. ყველა საკონტროლო და სასაზღვრო პუნქტი გავიარეთ სიცილ-კისკისით, მაგრამ შინაგანად დაძაბული ვიყავი, უცხო თვალით რომ გენახეთ, მხიარულ, მოგზაურ ტურისტ დედა-შვილს ვგავდით, სინამდვილეში კი ეს ასე არ იყო. მე ვდგამდი ამ სპექტაკლებს. ყველა სასტუმრეოში, ყველა წერტილში სადაც ვიყავით, მიწევდა უზარმაზარი შიშის შეფუთვა.
ეთო და ლიკა
„ამერიკამდე მექსიკის გზით ჩასასვლელად ერთი სახლის ფული სჭირდება ოჯახს“
მქონდა სამი ფრენა და სამანქანო გრძელი გზა, რომ მივსულიყავი დანიშნულების ადგილამდე. დანიშნულების ადგილი არიზონას სასაზღვრო სოფელი იყო, სადაც 7-8 საათი გავატარე პატარა სახლში. ჩემთან ერთად იყო 70-80 ადამიანი.
იმ პატარა სახლში იყვნენ კოლუმბიელები, ფილიპინელები და ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები. დაახლოებით 6 ქართველი იყო, რამაც ძალიან გამახარა. მთელი ათი დღე ვიმგზავრე ისე, რომ ერთი ქართველიც არ შემხვედრია, არადა ყველგან მათ ვეძებდი თვალებით, ჩემი და ლიკას მარტო სიარული ძალიან მაშინებდა ხანდახან.
ყველანი ველოდებოდით შესაფერის მომენტს, რომ საზღვრამდე გადავეყვანეთ.
სანამ არიზონას საზღვრამდე მივიდოდით, მოგვიწია რამდენიმე საათი ქვიშიან, ცივ უდაბნოში ლოდინი და წყლის გადალახვა. ლიკა წყალში ვერ ივლიდა. გაგვიმართლა და ქართველმა ბიჭმა, ირაკლიმ, რომელიც დღესაც არ გამოსულა საემიგრაციოდან, ისევ დაკავებულია, აიყვანა ლიკუნა ხელში და ასე გადაიყვანა, სამწუხაროდ ვერ ჩავინიშნე ამ ადამიანის გვარი, რომ მერე მომეძებნა და მადლობა გადამეხადა სიკეთისთვის.
ასე მივაღწიეთ საზღვრამდე და არიზონას კედელთან აღმოვჩნდით. ეს საემიგრაციო საზღვარი იყო.
გახსოვთ ფილმი Arizona Dream? მეც ამ ფილმიდან ვიცოდი არიზონას შესახებ, ჩემი საყვარელი ფილია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ არიზონაში ასე და ამ ფორმით მოვხვდებოდი.
არიზონაში სასაზღვრო პატრული დაგვხვდა, გადაგვანაწილეს ავტობუსებში და საემიგრაციო განყოფილებაში. მე და ლიკა ქალებთან და ბავშვებთან ერთად გადაგვიყვანეს.
ეს იყო უზარმაზარი სივრცე, სადაც იატაკზე გვეძინა, რეზინის გაშლილ ლეიბებზე, ფოლგებში გახვეულებს, რადგან იქ მუდმივად არის ჩართული კონდიცირება და ფოლგა გეხმარება სხეულის ტემპერატურა შეინარჩუნო და არ შეგცივდეს. ამ დროს ტელეფონები ჩამორთმეული გვქონდა, მერე დაგვიბრუნეს.
არიზონადან გადავფრინდით ნიუ იორკში, სადაც შევხვდით ირაკლის.
ძალიან ძვირი ღირს მექსიკის გზით ამერიკამდე ჩამოღწევა, ოჯახს ეს გზა ერთი სახლის ფული უჯდება.
ამერიკაში წამოსვლამდე ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, წასვლამდე ერთი თვით ადრე დამეწყო საშინელი დეპრესია იმის წარმოდგენაზე, რომ მიწევდა ჩემი საყვარელი სახლის, საყვარელი ადამიანების დატოვება, საყვარელი გარემოს, მეგობრების, რადგან ძალიან ვიყავი მიჯაჭვული ჩემს კომფორტის ზონას, ამ ყველაფერს უნდა გამოვთიშვოდი. ეს არ იყო მარტივი და უკან დასახევი გზა აღარ მქონდა.
ერთადერთი, რაც მეხმარებოდა ამ დროს, 5 წლის ლიკას განწყობა იყო, ხშირად ვუხსნიდი რამხელა არჩევანის წინაშე ვიდექით, ხშირად ვეკითხებოდი რა ერჩივნა, საქართველოში თავის მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა თუ მამასთან წასვლა. ერთადერთი პასუხი იყო – მამა. სასწორის ერთ მხარეს იყო მამა, მეორე მხარეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საქართველოში უნდა დაგვეთმო და დაგვეტოვებინა. მამამ გადაწონა. არც დაფიქრებულა ლიკუნა. რთულ პერიოდში სწორედ ეს მიმანიშნებდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
„აქ ვნახე ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ მანქანებში, ქირაში არ ხარჯავენ ფულს, რომ ოჯახებში გაგზავნონ“
სანამ წამოვიდოდით ხშირად იმეორებდა ლიკა, არ მინდა საჩუქრები, მამასთან მინდაო. ვცდილობდით სურვილების ასრულებით, საჩუქრებით გაგვენეიტრალებინა მისი მონატრება, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჩვენ ახლა კონექტიკუტში ვცხოვრობთ. როცა საქართველო მოგვენატრება, ბრუკლინში წავალთ ხოლმე, სადაც უამრავი ქართველია, მაღაზიებით დაწყებული, ბანკებით დამთავრებული – ყველგან მუშაობენ ქართველები. ყოველ ნაბიჯზე გაიგონებ ქართულად საუბარს, ქართული დროშებია გამოფენილი ბრუკლინში, ქართული წარწერებია მაღაზიებზე, საქართველო თუ მოგენატრება, ბრუკლინში ნოსტალგიას გაიქრობ.
ჯერ ერთი თვეა რაც ჩამოვედი. საბედნიეროდ მე აქ დამხვდა ოჯახი, სახლი, ყველაფერი, რაც ნორმალურად ცხოვრებისთვისაა საჭირო, მაგრამ ვნახე ქართველები, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის, არ აქვთ საბუთები და მუშაობენ არანორმალურად, ცხოვრობენ მანქანებში, რომ არ დაეხარჯოთ ქირაში ფული და ეს ფული გაგზავნონ საქართველოში, ოჯახის წევრებთან, რამაც ძალიან დამთრგუნა.
ჩემს გარშემო მყოფი უამრავი ადამიანი მხოლოდ იმიტომ წამოვიდა ემიგრაციაში, ჩემი ოჯახი მათ შორის, რომ ბევრი შრომის მიუხედავად, ბევრი სამსახურის გამოცვლის მიუხედავად საქართველოში ვერ დასაქმდნენ ისე, რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონოდათ და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება შეძლებოდათ.
„საქართველოში დავბრუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში გამოჩნდება რეალური ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ძალა“
წარმოუდგენელი და შეუძლებელია ადამიანი მუშაობდეს 10-11 საათი და ჰქონდეს ისეთი დაბალი ანაზღაურება, რომ თვიდან თვემდე მიღწევა, გადასახადების გადახდა და შვილებისთვის, ოჯახისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ბანკის გადასახადების გადახდა უჭირდეს. ადამიანები საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს და ემიგრაციაში მიდიან.
არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მიდიან ემიგრაციაში. ვგულისხმობ უმცირესობებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ვერ რეალიზდებიან, საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, არ აქვთ სამსახურები და მუდმივად იდევნებიან. ამ რეალობის შესაცვლელად ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ჩვენმა სახელმწიფომ.
ნორმალური ანაზღაურება, სამუშაო ადგილები და უსაფრთხო გარემო ის მთავარი საყრდენებია, რაც გვჭირდება ჩვენ და ჩვენს შვილებს, ყველას, ქვეყანაში რომ დაგვედგომებოდეს.
მთავარი ჩვენი ქვეყნის განვითრებისთვის ევროინტეგრაცია და სწორი ევროპული კურსია, ძალიან განვიცდი, რომ დღეს მიზანმიმართულად ხდება საქართველოს რუსიფიკაცია. ჩვენი ხელისუფლება ყველა კარს უღებს რუსეთს.
ყველა საპროტესტო აქციაზე დავდიოდი საქართველოში, გავრილოვის აქციიდან დაწყებული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებით დამთავრებული.
საქართველოში დავბრუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში გამოჩნდება ნორმალური ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურ ევროინტეგრაციას.
ტურიზმის სპეციალისტი ვარ და ამერიკაში ვაპირებ ჩემი პროფესიით ვიპოვო სამსახური. თავიდან ვაპირებ ადგილზე მიტანის სერვისში ვიმუშაო, ეს აქ ძალიან გავრცელებული და სახელდახელო სამსახურია. როცა ჩემს ინგლისურს სრულვყოფ, აუცილებლად დავიწყებ ტურიზმის მიმართულებით სამსახურის ძებნას და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა.
ზუსტად ვიცი ისიც, რომ მე დავბრუნდები ჩემს სამშობლოში და გავაკეთებ იმას, რაც სულ მინდოდა, მივიღებ მონაწილეობას იმ ადგილების განვითარებაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
ძალიან ამაყად მეჭირა თავი საქართველოდან ამერიკამდე მექსიკის გავლით, შიშს არ ვიმჩნევდი, მაგრამ ჩამოსვლის მერე მივხვდი, რომ ეს ძალისხმევა, რაც აქ ჩამოსასვლელად გამოვიყენე, იმდენად დიდი იყო, რომ ერთიანად გამომაცალა ყველა ძალა და ენერგია, მოვიცელე. ერთი თვეა აქ ვართ და ახლა ვიწყებ გამოფხიზლებას. ნელ-ნელა ვიწყებ გარემოსთან შეგუებას.
მთელი ამ რთული გზის მანძილზე ერთი წუთითაც არ მინანია გადაწყვეტილება, რაც მივიღე. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გზას გავივლიდი და მივიდოდი იქ, სადაც უნდა მივსულიყავი.
როდის ჩავალთ მამასთან? – მთელი გზა ამას მეკითხებოდა ლიკა. მოთმინებით იტანდა ყველაფერს, მე მსგავსი რამ არ მინახავს, არც მსმენია 5 წლის ბავშვს ამდენი სირთულისთვის გაეძლოს. მტკიცედ აეტანა ყველაფერი, რაც გავიარეთ.
ყველაფერს ვეცადე, რომ ეს დღეები არ ყოფილიყო მისთვის დამთრგუნველი და რთულად გასახსენებელი. მგონი გამომივიდა კიდეც. ლიკას ეს დღეები არასდროს გაახსენდება როგორც საშიში ფილმის კადრი.
ამერიკაში გახდა ჩემი გოგო ექვსი წლის და შეხვდა მამას, რომელიც წელიწად-ნახევარი არ ჰყავდა ნანახი.
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი გამოვლინდა.
წლის მასწავლებლად ნინო ფსუტური დასახელდა, რომელიც გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება. მას ასევე შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსშიც.
ნინო ფსუტური მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა
ფულადი პრიზი – 5-5 ათასი ლარი გადაეცემათ ხუთეულში მოხვედრილ პედაგოგებსაც. ხოლო ათეულის წევრი პედაგოგები 2-2 ათასი ლარით დაჯილდოვნებიან.
ეროვნული ჯილდოს ფინალში წელს წარდგენილნი იყვნენ:
ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალატეტიდან, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. პირველი ფინალისტი, ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.
ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგებმა, უკრაინელი კოლეგების სოლიდარობის მიზნით ვიდეორგოლიც ჩაწერეს, სადაც ისინი გმობენ რუსულ აგრესიას და უკრაინას მშვიდობას და გამარჯვებას უსურვებენ.
ეროვნულ ჯილდოს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და ილიას უნივერსიტეტი უწევს ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე ჰყავს სხვა შემომწირველებიც.
„ჩემი უფლებაა, ისრაელი და ნიკარაგუა ვახსენო,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როცა მას პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი ჩააცივდა: „დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც იგივე წესები მოქმედებს და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე თავის კოლეგას ტელეფონზე უპასუხოს?”
5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა დეპუტატების კონსტიტუციური წარდგინების განხილვა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე.
სასამართლომ ამ წარდგენის მიღებიდან ერთ თვეში უნდა დადოს დასკვნა: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა, როცა ის საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვდა ევროპელ ლიდერებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ შეუძლია პარლამენტს კენჭი უყაროს საკითხს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.
„ქართული ოცნება“ მთავარ აქცენტს კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში“.
თავის მხრივ კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მიუთითებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
საკონსტიტუციო სასამართლოში 3 დღე გრძელდებოდა კონსტიტუციური წარდგინების განხილვა.
„აღმოჩნდა, რომ საკუთარი ჯილდოს მისაღებადაც არ უნდა წავიდეს თურმე, მთავრობასთან თანხმობის გარეშე,“ – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა და გააპროტესტა, როცა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის როლის ანალოგის მაგალითად ისრაელი დაასახელა.
„ისრაელი მკვეთრი მაგალითია, დემოკრატიული ქვეყანაა და მოქმედებს კონსტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ქვეყნიდანაც ვერ გავა. ჩვენც არანაკლები გამოწვევები გვაქვს, განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე,“ – უკან არ დაიხია ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ევროპული ქვეყნების კონსტიტუციებში მსგავსი კონკრეტიკა არ არის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით, „მაგრამ იქ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურა, მაგალითად, პორტუგალიაში პრეზიდენტს აქვს ვიზიტები ძირითადად გამოფენებზე, პოლიტიკურ საკითხებში არ ერევა, იცის, რომ ეს არის საპარლამენტო სისტემა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას შემდეგ, როცა თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პასუხი ვერ მიიღო კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე, სადაც პრეზიდენტს ისე ზღუდავენ, როგორც საქართველოში და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ირაკლი კობახიძემ სხვა არგუმენტი სცადა:
„დამაცადეთ პასუხი, ასეთი სიმკაცრით ნორმებით არ გვხდება სხვა კონსტიტუციებში… რამდენი კონსტიტუციაა იცით, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ ნიშნავს პრემიერს, ის დანიშნულად ჩაითვლება? მე მხოლოდ ერთი ვიცი – საფრანგეთი. საფრანგეთი ჩავწერეთ იმიტომ, რომ ეს არ ხდება სხვაგან… პრაქტიკა მე არ ვიცი, როგორ არის. ზოგადი პრაქტიკა არის ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი იშვიათად ერთვება საგარეო ურთიერთობებში და თუ ერთვებიან, გამორიცხულია არ იყოს პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობასთან“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და პაუზის შემდეგ დასძინა:
„სიგიჟეზე გვიწევს ლაპარაკი სამი დღეა“, – კობახიძემ მოსამართლეებს გახედა.
„კი, სიგიჟეზე გვიწევს საუბარი,“ – ირონიას გაჰყვა თამარ ჩუგოშვილიც.
„ტოტალურ სიგიჟეზე,“ – გაიმეორა ირაკლი კობახიძემ, თითქოს იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა თავად არ წამოიწყო.
„კონსტიტუციაში ჩვენ შავით თეთრზე გვიწერია, რომ მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საქართველოს პრეზიდენტი, სამი დღე ამაზე გვიწევს საუბარი,“ – გაცხარდა ირაკლი კობახიძე.
„თინათინ ერქვანია წერს, რომ ეს არაკონსტიტუციური ნორმაა კონსტიტუციაშიაო,“ – კამათის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას ერთ-ერთი ამიკუსი გაახსენდა. თინათინ ერქვანია პარლამენტს წარმოადგენდა წლების წინ საკონსტიტუციო სასამართლოში. მისი აზრით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არალეგიტიმურია.
„ქალბატონ თინას არ ახსოვს, რომ პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით დებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს, ეს მანამდეც ეწერა კონსტიტუციაში. ჩვენ დავაზუსტეთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილი…“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და შემდეგ გაიხსენა, რას ურჩევდნენ კონსტიტუციონალისტები, როცა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდნენ.
„კონსტიტუცია იმაზეც უნდა იყოს გათვლილი, პრეზიდენტი რომ გაგიჟდეს… დაზღვევის მექანიზმი ჩაიდო ყველაფერთან დაკავშირებით,“ – მოსამართლეებს მიუბრუნდა ირაკლი კობახიძე.
მორიგი უხერხულობა პრეზიდენტის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ამ შეკითხვით შეუქმნა: რატომ არ ახდენს პარლამენტი რეაგირებას, როცა პრემიერი და მთავრობა არღვევენ კონსტიტუციას?
თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ კონსტიტუციის 43-ე მუხლის მიხედვითაც მთავრობა ვალდებულია, პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხოს.
„პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
„მთავრობის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ეს მუხლი, ეს არის პარლამენტის სისტემური იგნორი პრემიერიდან დაწყებული… ხომ ამბობთ, რომ კონსტიტუციის დაცვა უდიდეს ღირებულებას წარმოადგენსო, საპროცედურო კომიტეტს აქვს ასეთი დარღვევების ბევრი ფაქტი,“ – თამარ ჩუგოშვილმა შეხედა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს, რომელიც ასევე ესწრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის განხილვას.
„ვსწავლობთ ამ საკითხებს,“ – გიორგი კახიანმა ვერ უარყო, რომ მთავრობიდან პასუხებს ხშირად პარლამენტიც ვერ იღებს.
„რას ვაკეთებთ აქ, სად ვართ? პარლამენტმა დაიწყო იმპიჩმენტის პროცესი იმისთვის, რომ პრეზიდენტი შეხვდა ევროპელ ლიდერებს და სთხოვა მხარდაჭერა სტატუსის მინიჭების დროს,“ – გაღიზიანება არ დამალა თამარ ჩუგოშვილმა დასკვნით სიტყვაში.
„სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური პოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია… სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება 78-ე მუხლს, სამარცხვინო ქალბატონია,“ – პოლიტიკურ გზავნილებზე გადაერთო ამჯერად ირაკლი კობახიძე.
„როცა თქვენ აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტს პრეზიდენტობის ღირსად არ მიიჩნევთ, რამდენად შეესაბამება ასეთი მიდგომა კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს?“ – ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა მიმართა.
„ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება, ეს იყო სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ თუ პარლამენტი საბოლოოდ იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ ან ვერ დაუჭერს, პრეზიდენტი განაგრძობს საქმიანობას.
„მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური მიზანი არის გადაყენება, წარდგინების ავტორები არ მიიჩნევენ პრეზიდენტს თანამდებობის ღირსად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ასეთ შემთხვევაში გაგრძელდება ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, პრეზიდენტის ნდობა არ აქვს საქართველოს მთავრობას,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ეს არის კონსტიტუციის მავნებლური განმარტება პოლიტიკური მიზნებისთვის,“ – ბოლო სიტყვაში იმას გაუსვა ხაზი მაია კოპალეიშვილმა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიხედვით მოქმედებს და იმპიჩმენტის შესახებ წარდგინებას რეალურად სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
„დადგენილ ვადებში პლენუმის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს,“ – ამ სიტყვებით დაასრულა საქმის განხილვა მოსამართლე მერაბ ტურავამ. ვიდრე სხდომათა დარბაზს დატოვებდა, მან ასევე თქვა: „ბევრი დამსახურებული და დაუმსახურებელი კრიტიკა წავიკითხე, უმჯობესია, ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – დასძინა მან.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი
ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლე 15 დღეა სასწავლო პროცესს არ ესწრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ერთი რესპონდენტის ვინაობას.
მოზარდის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი კლასში მიზანმიმართულად ჩატოვეს, „ბავშვი ამ ფაქტს განიცდის, ტირის და ამბობს, რომ იმავე კლასში არ დაჯდება. გვითხრეს, რომ დამატებით გამოცდას დაუნიშნავდნენ, მაგრამ არავინ გვეხმიანება“, – გვეუბნება დედა.
მისი თქმით, სკოლაში უთხრეს, რომ თუკი ბავშვს სხვა სკოლაში გადაიყვანდა, ნიშანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუწერდნენ.
„ჩემი შვილი ორი წელია, რაც ამ სკოლაში სწავლობს და მისვლის დღიდანვე აითვალწუნეს.
ჯერ ჩაცმულობით დაიწყეს, ჩაცმულობა არ აქვს კარგი, ბიჭებს აღიზიანებსო. ჯერ ერთი, მასწავლებელი ასე რატომ უნდა ელაპარაკოს ბავშვს. თუ კლასში ვინმე რაიმეს დააშავებდა, ყველაფერს ჩემს შვილს აბრალებდნენ.
წლის ბოლოს ინციდენტიც მოხდა, თანაკლასელმა ბიჭმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მინდოდა მეჩივლა იმ ბიჭისთვის, მაგრამ ბავშვია, არ უჩივლოო და სკოლამ არ დამიჭირა მხარი.
ისეთი შემთხვევაც იყო, ჩემი შვილს ჩანთაში ფურცლები ჩაუყარეს, სადაც ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა, ამხელა ქალი ვარ და მე არ გამიგონია აქამდე“, – ამბობს დედა.
მას ვკითხეთ, რა ზომები მიიღო თავად სკოლამ კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და რა იყო კონფლიქტის მიზეზი. აცხადებს, რომ მანდატურმა მისი შვილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადაამისამართა, თუმცა სხვა ბავშვებთან, სავარაუდოდ არ უმუშავიათ.
„არ წავიდა ჩემი შვილი ამ ცენტრში. ახლა კი კლასშიც ჩატოვეს და არ ფიქრობენ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მაიძულებენ, რომ ბავშვი სხვა სკოლაში გადავიყვანო. აქ დისციპლინაა მთავარი და შენს შვილს დისციპლინა არ აქვსო“, – გვეუბნება დედა.
მისი თქმით, რადგან სკოლა არ იყო მისი შვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი, გადაწყვიტა, რომ სხვა სკოლაში გადაეყვანა, თუმცა დედა ირწმუნება, რომ სკოლის დირექტორმა აქაც შეუშალა ხელი. „დაურეკიათ იმ სკოლაშიც და უთქვამთ, ცუდი ბავშვია და არ მიიღოთო. თვითონ იმ სკოლის დირექტორმა გვითხრა ამის შესახებ“, – ირწმუნება დედა.
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა, მეშვიდეკლასელი მოზარდი კი, დედის თქმით, ამ დრომდე არავის მოუკითხია.
„ძალიან განიცდის. როცა ვეუბნები, რომ დაჯექი მეშვიდეში-მეთქი, უარს ამბობს. რადგან ჩემი უფლება დავიცავი და თავი არ დავამცირებინე, ამისთვის უნდა დავისაჯოო? – გვეუბნება და უარს ამბობს იმავე კლასში სწავლის გაგრძელებაზე“, – ამბობს დედა.
სიტუაციაში გარკვევის მიზნით „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ არ დადის მოზარდი სკოლაში და რა ზომების მიღებას აპირებენ.
მას ასევე ვკითხეთ, რატომ ვერ მოახერხა მოზარდმა კლასის დაძლევა და იმუშავა თუ არა მასთან პედაგოგმა სათანადოდ?
დირექტორი ირწმუნება, რომ სკოლამ მოზარდისთვის „ყველაფერი გააკეთა“, თუმცა მან ინგლისურის საშემოდგომო გამოცდა ვერ ჩააბარა და კლასში დარჩა.
„კლასში იმიტომ დარჩა, რომ არ დაწერა გამოცდა, ცარიელი ფურცელი დააბრუნა“, – გვეუბნება დირექტორი.
ის კატეგორიულად უარყოფს მოზარდზე ზეწოლას და ამბობს, რომ არც ბავშვებს შორის კონფლიქტს ჰქონია ადგილი.
„ვინ იძალადა? რა აბსურდია.
ეს ბავშვი არ სწავლობდა, საშემოდგომოზეც არ იმეცადინა და ჩარჩა კლასში. სხვა ბავშვებიც არიან, ვინც ვერ სწავლობს, ვერ აბარებს და აგრძელებენ იმავე კლასში სწავლას. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ახლა ერთი შანსი აქვს მხოლოდ, თუ ექსტერნის გამოცდა გამოცხადდება, ის ჩააბაროს და ისე გადავიდეს მერვე კლასში. სხვა შემთხვევაში, ნიშანს როგორ დავუწერთ, გამოცდები აღარ არის“, – გვეუბნება დირექტორი.
ერთი მოზარდის გარდა, კიდევ რამდენმა ბავშვმა ვერ დაძლია წელს კლასი, ამის შესახებ დირექტორი ინფორმაციას არ გვაწვდის.
არც იმაზე გვესაუბრება, მთელი წლის განმავლობაში კონკრეტულად რა გააკეთა სკოლამ და საგნის მასწავლებელმა, რომ მოზარდს კლასი დაეძლია.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც სკოლებში გვეუბნებიან, ორიენტირებულია კონკრეტულ მოსწავლეზე და მის კონკრეტულ საჭიროებებზე. თუმცა დირექტორი არ საუბრობს, რა ნაბიჯები გადადგა სკოლამ ამ ბავშვის საჭიროებებისთვის.
„შეფასებაც მოხდა, დახმარებაც, მშობლის დაბარებაც, – ყველაფერი, რასაც კანონი ითვალისწინებს.
ამიტომ, მშობლების მოგონილ ნალაპარაკევზე, კომენტარებს ვერ გავაკეთებ.
რაც სწავლა დაიწყო, მშობლებს ვურეკავთ, ვეძებთ და არ მოდიან. ამ ხნის განმავლობაში ერთხელ არ მოსულა დედა სკოლაში, მამა მოვიდა ერთხელ და შემდეგ აღარც ის გამოჩენილა.
ახლა დამრიგებელი მივა მოზარდის სახლში, მოიკითხავს და როგორც კანონი ითვალისწინებს, 20 დღის შემდეგ ჩაერთვება სოციალური მუშაკი და გაარკვევს, თუ რატომ არ დადის“, – გვეუბნება დირექტორი.
მოზარდის დედას ისევ ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა დირექტორს მასთან კომუნიკაცია, რაზეც გვითხრა, რომ დირექტორი არ უნახავს, „რადგან არც კონფლიქტის დღეს იყო სკოლაში“, მის მეუღლეს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ცდილობს ნერვიულობას მოარიდოს.
„რამდენჯერაც მივიდა, ცუდად გახდა. არც მე მცალია, რომ ყველა დარეკვაზე სკოლაში მივიდე, სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობ და არ მაქვს უფლება, ამდენჯერ მივატოვო სამუშაო“, – გვეუბნება მოზარდის დედა.
ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით კლასი ვერ დაძლია 814-მა მოსწავლემ.
მიმდინარე წლის შედეგებზე „ბათუმელებს“ ასევე გამოთხოვილი აქვს ანალოგიური ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომელი საფეხურის რამდენი მოსწავლე დგას მსგავსი პრობლემის წინაშე და რატომ ვერ ახერხებს სკოლა დააძლევინოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა.
„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ცეცხლაძისგან დღემდე მხოლოდ 106 ათას 904 ლარია ამოღებული – ეს აღნიშნულია „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია ხელმოწერილი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ [ყოფილი „ჰიგიენა 2009“], რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ირაკლი ცეცხლაძეს კიდევ 5 322 108 ლარი აქვს გადასახდელი.
ირაკლი ცეცხლაძემ, როგორც სასამართლომ დაადგინა, ეს თანხა „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორობის დროს მიითვისა.
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ყოფილ დირექტორს [ირაკლი ცეცხლაძეს], „ბრალად დაედო კომპანიის სახსრების უკანონოდ მითვისება [2016 და 2017 წლებში] 2017 წლის 16 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებით. მას დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ 5 026 816 ლარის გადახდა.
2018 წლის 5 თებერვალს იქნა ახალი განაჩენი გამოტანილი, სადაც მისი გადასახდელი ვალდებულება გაიზარდა 402 260 ლარით და შეადგინა 5 429 076 ლარი.
2019 წლის 31 დეკემბრისათვის, გადასახდელი თანხის ნაწილი – 106 904 ლარის ოდენობით მიღებულ იქნა ირაკლი ცეცხლაძისგან აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით.“
ამ დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიას, უკვე მეოთხე წელია, ირაკლი ცეცხლაძისგან, დამატებით თანხა აღარ მიუღია.
„ჰიგიენა 2009“-ს EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინა. პროექტის საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევრო იყო და ის ითვალისწინებდა ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას სოფელ ცეცხლაურში, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას. ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა გვიან დაიწყო, გახსნა კი, რამდენჯერმე დააანონსეს, თუმცა, ის დღემდე არ გახსნილა.
„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 2017 წლის მაისში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, ცეცხლაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობდა.
„ბათუმელებმა“, 2017 წლის ბოლოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია – „კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიითვისა შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილმა დირექტორმა, დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი და კონკრეტულად რამდენი?“
სამინისტრომ ამ კითხვებზე პასუხი არ მოგვწერა და ჩვენი წერილი მაშინდელ შპს „ჰიგიენა 2009“-ს გადაუგზავნა. კომპანიიდან კი, „ბათუმელებს“ მოგვწერეს, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია „წარმოადგენს ინფორმაციას, რომელზე დაშვებაც არ აქვს მესამე პირს“.
„ჩვენ ცოცხლად ვიმარხავთ თავს მიწაში, რომ სიკვდილს შევეგუოთ“ – როგორ ასრულებენ დაზვერვის მებრძოლები სპეცოპერაციებს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ის უკრაინული რედაქცია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ემზადება მისიისთვის დაზვერვის სპეცსამსახური. „ბათუმელები“ გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან.
„ჩვენ ვართ როგორც სკალპელი ძალიან გამოცდილი ქირურგის ხელში, რომელიც დელიკატურად აშორებს სიმსივნეს“, – ასე აღწერს უკრაინის სპეცრაზმის მუშაობის სპეციფიკას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სადაზვერვო დანაყოფის მეთაური.
წელს, აგვისტოში, დაზვერვის სპეცრაზმმა, „არტანმა“, ჩაატარა სპეცოპერაცია ეგრეთ წოდებულ „ბოიკოს კოშკებზე“. ამას წინ უძღოდა სხვა, ათობით სპეცოპერაცია.
ამის წყალობით სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა შეძლეს უნიკალური გამოცდილების დაგროვება, თუმცა მთელი ომის განმავლობაში ისინი იძულებული იყვნენ ემოქმედათ სამხედრო საავიაციო საფარის გარეშე. საჰაერო მხარდაჭერის გარეშე მათი სიცოცხლისთვის რისკი იზრდება „10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 100-ჯერ“.
იგივე ეხება წყალსაც: დესანტის გადასხმის დროს საფარი არა მხოლოდ თვითმფრინავებით, არამედ დიდი სამხედრო გემებითაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. უკრაინას ასეთი გემები და თვითმფრინავები ჯერ არ ჰყავს.
ქვეყანა იმედოვნებს, რომ მხოლოდ მომავალ წელს მიიღებს მინიმუმ 42 ერთეულ, მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავ F-16-ს უცხოელი პარტნიორებისგან.
„ამერიკული სპეცრაზმი არასოდეს დათანხმდება იმას, რასაც მათი უკრაინელი კოლეგები აკეთებენ. ამერიკელები საფარს, დაზღვევას მოითხოვდნენ. მათი ოპერირება შეუძლებელია საჰაერო დაცვის გარეშე“, – ამბობს პაველ ლაკიჩუკი, გლობალური კვლევების ცენტრის – „სტრატეგია XXI“-ს უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელი.
BBC-ის უკრაინულმა რედაქციამ ისეთი ამოცანების მომზადების, მათი დაგეგმვისა და შესრულების ზოგიერთი დეტალი გაარკვია, რაც „შეუძლებელს შესაძლებელს“ ხდის.
„ომის დროს BBC-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამხედროების მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია, მაგრამ თავის წყაროებს საიმედოდ მიიჩნევს, ხოლო ამ მოვლენების მონაწილის, სადაზვერვო ჯგუფის მეთაურის მტკიცებულებები თანხვედრაშია სხვა ისტორიებთან ენერგოდარში და „ბოიკოს კოშკებზე“ სპეცოპერაციების შესახებ“, – აღნიშნულია სტატიაში.
„სპეციალური ოპერაციისთვის მზადება იერარქიულია. რთული ოპერაციები შემუშავებულია ძალიან გამოცდილი ადამიანების უშუალო ხელმძღვანელობით. ვინ რა დონეზეა ჩართული, მე არ შემიძლია გავამხილო. დაგეგმვაში დაშვებული არიან ადამიანები მათი მონაწილეობის დონის მიხედვით“, – ამბობს სპეცდანიშნულების რაზმ „არტანის“ მეთაური, მეტსახელად „საბა“.
ის ხაზს უსვამს, რომ არც ერთ სპეცრაზმელს არ აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ, ვიდრე საჭიროა მისთვის დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად.
რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ იგი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალებში მსახურობდა და იბრძოდა ATO-ში [ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ატარებდნენ].
სამხედრო საქმეზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
მარჯვნივ – „საბა“. ფოტო: BBC
ურთულესი ოპერაციების ჩატარების მოტივაციას იგი ასე განმარტავს:
„ჩვენი მენტალიტეტია, რაც შეიძლება მეტი მტრის განადგურება.
შეიძლება რაიმეს ეშინოდეს ადამიანს, რომელიც 30 წელზე მეტისაა და თვეში 101 დაბადების დღე აქვს? რა არის შიში ასეთი ადამიანისთვის? რა არის აღიარება ასეთი ადამიანისთვის? ჩემთვის აღიარებაა, როცა ჩემი ძმები მზად არიან ჩემთან ერთად წამოვიდნენ, თუნდაც მთვარეზე და როცა ყველა ცოცხალი ბრუნდება მისიიდან“.
თითოეული სპეცოპერაციისთვის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები გულდასმით ამუშავებენ ოთხ გეგმას: მთავარი, სათადარიგო, ალტერნატიული და სარეზერვო. მაგალითად, ფოსფორის ბომბებით დაბომბვამ შეიძლება აიძულოთ უარი თქვან მთავარ გეგმაზე და შემდეგ სათადარიგო გეგმა გამოიყენება. თუ ეს არ მუშაობს, არის მინიმუმ კიდევ ორი კარგად გააზრებული ვარიანტი. ყველაფერი დამუშავებულია უმცირეს დეტალებამდე.
სადაზვერვო ჯგუფი მისიის შესასრულებლად დამოუკიდებლად არ მიდის. არის თავდასხმის, დაზვერვის, სარეზერვო და ევაკუაციის ჯგუფებიც. თავდასხმის ჯგუფი აქტიურ მოქმედებას იღებს თავზე, დაზვერვის ჯგუფზეა ჩასაფრება და ტყვედ ჩავარდნილთა შემოწმება. სარეზერვო ჯგუფი აქტიურდება, როდესაც დამატებითი ძალების საჭიროებაა. ევაკუაციის ჯგუფს შეუძლია ჯარისკაცების სხვა ქვედანაყოფებიდან ევაკუაციის დაზღვევა და, ასევე, დაჭრილებისა და დაღუპულების გადაყვანა.
სამხედრო დაზვერვის ოფიცრები სპეციალური მისიებისთვის ემზადებიან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მაგალითად, ფოსფორის ჭურვისაგან თავდაცვა, „საბა“ პასუხობს: „კი. ფსიქოლოგიური მომზადების გავლით“.
მის ქვედანაყოფში ყველა მებრძოლი გადის „მეომრის დაკრძალვის“ პროცედურას, უძველეს რიტუალს სიკვდილის შიშისგან გასათავისუფლებლად.
რიტუალს ჯერ მეთაური ასრულებს.
მებრძოლი თავისთვის ითხრის ერთი მეტრის სიღრმის საფლავს. შემდეგ ფურცელზე წერს ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში არასაჭიროდ თვლის და რაც მზადაა მოიშოროს. ქაღალდს წვავს. შემდეგ წვება ორმოში და მარხავენ. სუნთქვისთვის მას უკეთებენ მყვინთავის ნიღაბს მილით. ასეთ „საწვრთნელ საფლავში“ სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი 40 წუთიდან ოთხ საათამდე წევს.
„მიწისქვეშ დამარხული ვეღარ გრძნობ სხეულს, მთლიანად კარგავ მასზე კონტროლს. ცხადი ხდება, რამდენად შეგიძლია აკონტროლო შენი გრძნობები და აზრები. ჩვენი საქმე მოითხოვს სრულ თვითკონტროლს და ნდობას იმ თანამებრძოლების მიმართ, რომლებმაც უნდა ამოგთხარონ. შენ მთლიანად სხვაზე ხარ დამოკიდებული“, – აღწერს „საბა“ ამ გამოცდილებას.
„დამარხვის რიტუალი“. ფოტო: BBC
ის დასძენს, რომ წლების განმავლობაში ვარჯიშის შემდეგ, ამ რიტუალის შესრულებისას ის უკვე „აღარაფერს არ გრძნობს“:
„ჩემთვის ეს უკვე ისეთი უნარია, როგორიც სროლაა. მე არ მჭირდება ყოველდღე ვარჯიში ამ უნარის შესანარჩუნებლად. საკმარისია ამის გაკეთება კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ“.
თითოეულ მეთაურს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ჩართოს თუ არა ასეთი წვრთნა დაზვერვის სპეცრაზმის მომზადებაში. ეს ტრენინგი ასწავლის უზარმაზარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის ატანას.
„ჩვენ თავს ცოცხლად ვიმარხავთ მიწაში, რათა შევეგუოთ სიკვდილს. ამის შემდეგ მივდივართ სპეციალურ მისიაზე. როგორც კი აღიარებ, რომ შეიძლება მოკვდე, შეგიძლია მშვიდად და ეფექტურად შეასრულო შენი საქმე“, – ამბობს „საბა“.
სამხედრო დაზვერვის ოფიცრები სწავლობენ სროლას მარცხენა ხელით, უნდა იცოდნენ რუსული იარაღის ყველა ტექნიკური მახასიათებელი და შეეძლოთ ცურვა შეკრული ხელებითა და ფეხებით.
„საკუთარი დაკრძალვის“ და წვრთნების შემდეგ დგება მტრის ხაზზე გასვლის დრო. მიუხედავად ამისა, სპეცრაზმის მომზადება არასდროს წყდება.
„არასერიოზულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასეთ აბსურდს წერს,“ – გვითხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საიას შეფასებისშესახებ დღეს, 5 ოქტომბერს ვკითხეთ.
მესამე დღეა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტისსაკითხი განიხილება. წარდგინებაზე დასკვნა სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.
პრეზიდენტის ვიზიტები, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინ, რაზეც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, საია-ს შეფასებით, არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო „მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს“.
საუბარია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
„არ არსებობს ნდობა მთავრობას და პრეზიდენტს შორის. მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს. იმიტომ, რომ პრეზიდენტი გამოვიდა, მაგალითად, 26 მაისს სამარცხვინოდ და ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა პრეზიდენტს?
აქ ნდობაზეც არ არის საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი?“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მას საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი შევახსენეთ, რომლის მიხედვით, „პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.
„ამ ყველაფერს პასუხს გავცემ“, – გვითხრა ირაკლი კობახიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზისკენ მიგვითითა, სადაც იმპიჩმენტის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა გრძელდება.
„მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი ეხება სტატუსის მინიჭებას… სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიზანია, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
რა ხდება
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო დავა, რომელსაც საფუძვლად უდევს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს, ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია მის იმპიჩმენტს კენჭი უყაროს. ამისთვის „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ თიბისისთან ერთად ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, ნაკრების გასამხნევებლად სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. პირველი მატჩის ღია ჩვენება თბილისში შედგა, საგულშემატკივრო ფან-ზონა მოეწყო ქუთაისშიც. მომდევნო თამაშზე ეროვნული ნაკრების გამხნევებას გულშემატკივრები ზუგდიდში თიბისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეძლებენ.
სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა თიბისის ფან-ზონებიდან ექნებათ. 7 ოქტომბერს რიგით მესამე ღია ჩვენება ზუგდიდში ჩატარდება. უელსი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.
ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.
თარიღი & დრო: 7 ოქტომბერი, 15:00 საათი
ლოკაცია: ზუგდიდის სკეიტ პარკი
თამაში: უელსი vs საქართველო
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე.
#ერთადგავიმარჯვებთ ღონისძიების მხარდამჭერები: ზუგდიდის მერია, საქართველოს პირველი არხი.
ეს შუახევის მთაა, რომელსაც ადგილობრივების თქმით სამი სახელი აქვს: საბერწია, მთისკალთა და დღვანის მთა.
საბერწია ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, თურქეთის საზღვართან მდებარეობს.
მთის ძირში საზაფხულო იალაღია, სადაც ყველაზე ახლოს მდებარე, შუახევის სამი სოფლის: დღვანის, გოგინაურისა და კვიახიძეების მოიალაღეთა სახლებია. ხის სახლების მდგომარეობის გათვალისწინებით მარტივი მისახვედრია, რომ იალაღი თითქმის მთლიანად დაცლილია. ბევრ სახლს გამოცლილი აქვს საყრდენი ბოძები, დაზიანებულია სახურავი და კედლები.
საბერწიის მთაზე მოსაზღვრეებს შევხვდით, რომლებმაც მთის დაცარიელება დაგვიდასტურეს. მათი თქმით, წელს მხოლოდ 4 მოიალაღე ცხოვრობდა აქ.
თუ საბერწიის მთის მონახულებას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთაზე გადაადგილებისთვის დაგჭირდებათ საშვი, რადგან მთა სასაზღვრო ზოლში მდებარეობს.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ევროპულ ნაწილში, 8 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია იხსნება.
„ამ მოვლენას ისტორიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ მთლიანად თურქეთისთვის, რადგან ესაა პირველი ეკლესიის ნულიდან აშენების ფაქტი თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე“ – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“.
ეკლესიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო ასირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მოთხოვნით. ტაძარი 750 მორწმუნეზეა გათვლილი და მისი აგება დაახლოებით 4 მლნ დოლარი დაჯდა. ეკლესია საზოგადოების შემოწირულებებით აშენდა.
ეკლესია 2023 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო, თუმცა ღონისძიება გადაიდო თურქეთის პროვინციებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისშემდეგ.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი ოკუპირებული სევასტოპოლის პორტიდან ნოვოროსიისკის პორტში, კრასნოდარის მხარეში გადაიყვანა, სავარაუდოდ იმისთვის, რომ დაეცვა რუსული ფლოტი უკრაინული ძალების მოსალოდნელი თავდასხმისგან.
სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ რუსულმა ძალებმა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში მინიმუმ 10 ხომალდი გადაიყვანეს, ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი კი ოკუპირებულ სევასტოპოლში დარჩა.
ამავე დროს, ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსული ანალიტიკური ცენტრის თქმით, გემების გადაადგილება ოკუპირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკამდე ჩვეული მოვლენა იყო.
ISW-ი მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და 4 ოქტომბერს მცირედით წინ წაიწიეს.
„4 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები დაწინაურდნენ ნოვოპროკოპივკას აღმოსავლეთით – დასავლეთ ზაპორიჟიეს ოლქში და უკრაინის გენერალურმა შტაბი ასევე იტყობინება, რომ უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს დასავლეთით“, – წერს ISW-ი.
ანალიტიკოსები წერენ, რომ შემოდგომის ამინდი შეანელებს, მაგრამ არ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას.
ISW-ი წერს, რომ სეზონური ძლიერი წვიმა და ტალახი შემოდგომაზე ანელებს საბრძოლო მოქმედებებს ორივე მხრიდან, თუმცა შემოდგომის წვიმა და ტალახი ჩვეულებრივ ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე გაზაფხულზე. აქვე აღნიშნულია, რომ ზამთრის ყინვის დროს ნიადაგის გამკვრივება, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების ტემპის გაზრდის საშუალებას იძლევა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 280 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
ტანკი – 4 757 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 9 052 ერთეული [+26]
საარტილერიო სისტემა – 6 643 ერთეული [+31]
MLRS – 804 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 129 ერთეული [+8]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 8 980 ერთეული [+18]
სპეცტექნიკა – 948 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
484 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 518 უპილოტო საფრენი აპარატი
440 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 334 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 160 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 658 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
13 809 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„დილის ხუთ საათზე ვდგები, ვლოცულობ და მაშინვე მივდივარ ბოსელში. ამოხვალ, რძე უნდა გამოწურო, ყველი აიღო, საჭმელი გააკეთო, სახლი დაალაგო, ბოსტანში ჩახვიდე და რა ვიცი, ყველაფერი ერთ ქალს გიცდის. დაძინება არ არის ჩვენთან. ბარში რომ ჩავალ, კარგად დავისვენებ, 2-4 საათი მაინც უნდა დავისვენო, ისე გადავიღალე, რომ რა ვიცი“, – მეუბნება 57 წლის ნათელა კახაძე, რომელიც აგერ უკვე 20 წელია, რაც მემთეურია.
ნათელას დაუთვლია – 3 თვე და 13 დღეა მთაშია და ამ პერიოდში სხვაგან არსად ყოფილა. ვერც სოფელში ჩავიდა, რომელიც უკვე ძალიან ენატრება.
დღეს ნათელასა და მისი ოჯახის შესახებ მოგიყვებით, თუ როგორი პროცესია იალაღიდან ბარში დაბრუნება და რისი გაკეთება უწევთ ამ დროს მემთეურ ქალებსთუ ოჯახის სხვა წევრებს.
გადაბარგების წინა ღამე
ნათელა ძირითადად მარტო იყო იალაღზე, პატარა სანდრასთან ერთად, რომელიც მისი შვილიშვილია და უკვე ძალიან ბევრი რამის გაკეთება იცის – მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს ბებოს.
ნათელას ყავისფერ მაგიდაზე დიდი ჭურჭელი შემოუდგამს, საიდანაც ცომს სინებზე ანაწილებს და თან მიხსნის: „ეს „იაღლიპურია“ და კაიმაღით იზილება. კიდევ „პიჩენიები“ გამოვაცხვე და ამაღამ „ძინაღებასაც“ მოვადუღებ, რათა კარგად გაცივდეს, თბილი არ ვარგა“.
მემთეურის თქმით, მთიდან ბარში „ხელცარიელი“ ჩასვლა დაუშვებელია.
„20 წელია მემთეური ვარ და არასდროს ამათ გარეშე არ ჩავსულვარ. ეს ერთგვარი ტრადიციაა. ჩავიტან და დავურიგებ მეზობლებს, სანათესავოს, სულ ყველას.
ხშირად ღამე მიწევს მათი გაკეთება. მინდა, ყველაფერი ერთად გავაკეთო, მაგრამ მარტივი არ არის, თან ახლა ყველაფერი უნდა გარეცხო, რომ გადაიბარგო. აბა, ჭუჭყიანს ხომ არ დატოვებ სახლ-კარს? „დაროშკები“ მქონდა გაკიდული ყველგან, ჩამოვხსენი, დავრეცხე. თეთრეული გავრეცხე და კიდევ ათასი ამისთანა რამ“, – მიყვება ნათელა და თან ოთახში გამოჭრილ პატარა ხის ფანჯარას თვალს არ აშორებს – „აი, მოჰყავს ჩემს ქმარს საქონელი. გახედე, აი, აგერ“, – მითხრა მალევე.
ნათელამ სანდრა დაარიგა, როგორ უნდა გამოეცხო ცომი ისე, რომ კარგი გამოსულიყო, თვითონ კი საქონლის მოსაწველად წავიდა.
სანდრა და კატა, ტასო.
ქალს კარგად ახსოვს მემთეურობის პირველი წელი. „საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. მეცხრე კლასიდან გამომათხოვეს და იქამდე მთაში ერთხელაც არ ვიყავი ნამყოფი. გათხოვების პირველივე წელს გამგზავნა დედამთილმა მთაში, ქმრის მამიდასთან ერთად. მამიდამ პირველ დღეს ამიღო ყველი, მეორე დღეს, მესამე დღეს, ბოლოს კი მითხრა, ყველის აღების ცოდნა დედის მუცლიდან არავის დაჰყოლია, დამაკვირდი და ისწავლეო. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ რომ ჩამაბარა ყველის აღება, მას შემდეგ არც ერთხელ არ გამფუჭებია ყველი“, – იხსენებს ნათელა.
ნათელას გული წყდება, რომ მშობლებმა ნაადრევად დააქორწინეს, მაგრამ უფრო მეტად განიცდის, რომ მან და ეიზამ, ნათელას მეუღლემ, ხელი ვერ შეუშალეს უფროსი ქალიშვილის ნაადრევ დაქორწინებას.
„ნაადრევი ქორწინება არ არის სწორი. ყველაფერს მოესწრება ქალი. ჩემს გოგოს სამი შვილი ჰყავს და მისი ასაკის ჩვენი ნათესავი ახლა დაქორწინდა. წელი რატომ უნდა მოიტეხოს ქალმა მალევე, როცა შეუძლია თავისუფლად იცხოვროს?
ჩემი შვილი არ დაქორწინებულა სიყვარულით. სოფლიდან შვიდი მაჭანკალი მოვიდა. ძილიც აღარ გვქონდა. ჩემი ქმარი მაინც უარზე იყო, მაგრამ დააძალეს დედამთილ-მამამთილმა, ჩემმა მშობლებმა და მარტო ეს ერთი ვერაფერს გახდა. არც მე მინდოდა მისი ადრე გათხოვება, მაგრამ დედამთილ-მამამთილს ხათრი ვეღარ გავუტეხე. ახლა ძალიან ვნანობ, ასე ადრე რომ დაედგა თავზე რკინის უღელი. 16 წლისაც არ იყო მაშინ. იქამდე, სანამ ჩვენთან იყო, სწავლობდა – წიგნს და რვეულს არ უშვებდა ხელიდან. რომ მესწავლებინა და მერე გამეთხოვებინა, ხომ არ აწყენდა?“ – ამ კითხვით დაასრულა საუბარი ნათელამ და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, „ნუ გათხოვდებით ახალგაზრდა გოგონები 25 წლამდე მაინც“.
მოწველა ნათელამ 7 ძროხა, აჭამა საქონელს ნარცხი, რძე აიტანა სახლში, დახვეტა ბოსელი. გარეთ დაბნელდა, აცივდა, მაგრამ სანამ ნათელა სახლში ავიდოდა და გათბებოდა, ეზოში მოწყობილ ჭურჭლის სარეცხ მაგიდაზე ალუმინის მაღალ ქვაბებს მთელი ძალით დაუწყო ხეხვა. ლამის მთელი ცხოვრება ამ ალუმინს ვხეხავო. იმდენ ხანს რეცხა ნათელამ ჭურჭელი, რომ კიდევ უფრო აცივდა და დაბნელდა.
ქალს სახლში ქმარი, შვილი და შვილიშვილი ელოდა – უკვე ყველას შიოდა.
ნათელა არ ჩამომჯდარა და არც იმის დრო ჰქონია, რომ გაყინული, ჭარხალივით წითელი ხელები მოეთბო. მაშინვე საჭმლის კეთება დაიწყო და მაგიდაც მალევე გაშალა. შემდეგ მოადუღა „ძინაღება“, აალაგა მაგიდა, გარეცხა ჭურჭელი. თითქმის ღამის ორი საათი იყო, როცა ნათელა საქმეს მორჩა და დასაძინებლად დაწვა.
მემთეურმა დილის 5 საათზე გაიღვიძა. ილოცა და ბარგის ჩალაგება დაიწყო. ფრთხილობდა, უცებ არავინ გავაღვიძოო და სამზარეულოში ნელი ნაბიჯებით მიმოდიოდა: ქვაბებში ალაგებდა ჭურჭელს, რომელსაც მთის სახლში ტოვებს. თან ახარისხებდა, რაიმე ხომ არ არის, რაც ბარშიც შეიძლება დამჭირდესო. მას შემდეგ, რაც ნათელამ ყველაფერი ჩაალაგა, ეიზამ და რამინმაც გაიღვიძეს. რამინი ნათელას შვილია და ცდილობდა დედას დახმარებოდა.
ნათელას ოჯახს მანქანა არ აქვს, ამიტომ გადაბარგებისთვის მანქანა იქირავეს. რვის ნახევარზე მძღოლი უკვე ეზოში იყო, რამინმა და ეიზამ თივის დატვირთვა დაიწყეს.
ნათელამ მოწველა ძროხები. ოცნებობს, რომ საწველი მანქანა ჰქონდეს. შემდეგ საუზმე გაამზადა ყველასთვის. თავად არ უსაუზმია – არ მცალია ჯერო.
ეიზა და რამინი ნათელას გამუდმებით ეკითხებოდნენ, თუ რა მიჰქონდათ სოფელში და რას ტოვებდნენ, როცა ბარგის დატვირთვა დაიწყეს.
რამინი ბარგის დატვირთვისას
ნათელა ყველა კითხვას სწრაფად იგერიებდა და მითითებებსაც გასცემდა. არ დაგავიწყდეთ, სანდოდ შეინახეთ და ა.შ. როცა ყველაფერი დატვირთეს, ნათელამ სახლის ყველა კუნჭული გულდასმით დახვეტა.
ახლა ძროხების გაშვების დროა. პირუტყვი ბარში რამინს მიჰყავს ფეხით, ვარაუდობს, რომ საღამოს 6-7 საათისთვის უკვე სოფელში იქნება. ნათელამ დაალაგა და დაასუფთავა ბოსელიც.
მემთეურმა ვერ მოასწრო ეჭამა და გამოეცვალა ტანსაცმელი. პირველზე ნაკლებად ღელავს. უფრო მეტად იმაზე წუხს, ამ ტანსაცმლით სად წავიდეო.
სოფლისკენ
ეიზა და ნათელა სატვირთო მანქანაში წინ სხედან, სანდრა უკან ზის მოუსვენრად. მძღოლი და ეიზა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე საუბრობენ და თანხმდებიან, რომ გზის მდგომარეობა სავალალოა, რაც მუდმივად აფუჭებს მანქანას და ზრდის ადგილობრივების ხარჯებს.
2 საათზე სოფელში ჩავედით. სახლამდე ფეხით 10 წუთის სავალზე მძღოლმა მანქანიდან ჩამოსვლა გვთხოვა იმ მიზეზით, რომ ამის შემდეგ რთული მოსახვევია და ფრთხილობს, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს.
სახლისკენ მიმავალი ნათელა
ნათელას თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, რაც მანქანა მათ სახლამდე მიდის. მანამდე სახლიდან ბარგს ჯერ ხარით, შემდეგ ტრაქტორით ეზიდებოდნენ იმ ადგილას, სადამდეც მანქანას შეეძლო მისვლა.
„ახლა, როცა ავდარია, მანქანა ვერ მოდის ჩვენამდე და აგერ, ნახეთ, არც ღამის განათებაა ჩვენთან“, – მეუბნება ნათელა.
სახლს რომ მივუახლოვდით, მეორე შვილიშვილი ნათელა ბებოსთან ჩასახუტებლად გამოიქცა. ქალს კარებში დახვდა რძალი და ყველანი სახლში შეგვიპატიჟა. ძალიან დაღლილია ნათელა. უკვე 2 საათია, მას კი ჯერ ისევ არ უსაუზმია.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილზე ადრე, 5 ოქტომბერს, დილის 11 საათიდან დაიწყება.
კომპანიის განმარტებით ქუჩები ეტაპობრივად ჩაირთვება და ეს პროცესი შესაძლოა 6 ოქტომბრამდე გაგრძელდეს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის გათიშვა უხვი ნალექის შედეგად „სოკარ ჯორჯია გაზის“ 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია.