განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე

30.03.2023 • 2592
რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა პირველი ქართველი მასწავლებელია, რომელიც ომში მყოფ უკრაინაში ჩავიდა და ომგამოვლილი ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოიარა. მან ბუჩაში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული 500-მდე ბავშვის ქართველი მასწავლებლების სახელით ამდენივე სანთლები დაანთო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც წამოიღო – უკრაინის დროშა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა მასწავლებლებმა აჩუქეს წარწერებით – „ლადო, დიდი მადლობა, რომ აქ ხარ“, „მადლობა ქართველ მასწავლებლებს“.

ლადო აფხაზავამ უკრაინის დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციის მეშვეობით, გასულ წელს 700 000 დოლარის შეგროვება შეძლო.

ლადო აფხაზავა ორი დღის წინ დაბრუნდა კიევიდან. მან „ბათუმელებთან“ ომში მყოფი უკრაინელებისგან მიღებულ ემოციებზე ისაუბრა.

„როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინაც მინდოდა ჩასვლა, მაგრამ ბავშვები ვერ დავტოვე მარტო სახლში, ამიტომ ცოტა ხნით გადაიდო ჩემი წასვლა. შარშან ჩვენთან ჩამოსული იყო ერთი უკრაინელი მასწავლებელი, რომელთანაც დამეგობრებული ვიყავი და მისი მიწვევით გავემგზავრე ამჯერად უკრაინაში.

რადგან პირდაპირი ფრენები არ არის, საკმაოდ ძვირი ჯდება მგზავრობა, მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოება, EdCamp Georgia დამეხმარა გამგზავრებაში.

მესაზღვრეებს გაუჭირდათ ჩემი შეშვება, რადგან მანამდე უკრაინაში ნამყოფი არ ვიყავი, თუმცა ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მენახა ჩემი კოლეგები და გამემხნევებინა. ამის შემდეგ შემიშვეს“ – გვითხრა ლადო აფხაზავამ.

უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნისთვის ლადო აფხაზავამ ქართველი მასწავლებლების სახელით 500-მდე სანთელი აანთო

მისი თქმით, როცა ბუჩაში ჩადიხარ, ძალიან დიდი სევდა გიპყრობს, რადგან ადგილობრივები ჰყვებიან, როგორ ხოცავდნენ რუსი სამხედროები ადამიანებს ქუჩაში და ბევრს ამის ამსახველი კადრებიც აქვთ შემონახული. უკრაინელები ჰყვებიან, როგორ მოჰქონდათ რუსებს იარაღთან ერთად სადღესასწაულო დროშები და დეკორაციები, რადგან ფიქრობდნენ, რომ სამ დღეში კიევში იქნებოდნენ.

„მოსახლეობა ცარიელი ხელებით აჩერებდა რუსეთის არმიას და ყველამ ვნახეთ, როგორი ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს.

როცა ჩავედით, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი დაგვხვდა, რომელმაც დაგვათვალიერებინა ქალაქი. მიყვებოდა ამ დაბომბილი სახლების, ყველა იმ მოკლული ადამიანის შესახებ, რომლებსაც ცხოველებივით ხოცავდნენ რუსები ქუჩაში.

მოდიოდნენ მასწავლებლები და მოჰქონდათ საქართველოდან გაგზავნილი წერილები. ომის დროს რომ სკოლებიდან დახმარებები გავგზავნეთ, ყველა ჩასულა. ერთმა მასწავლებელმა მითხრა, ვერ ვხვდებოდი რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ სულ ვკოცნიდი ქართულ წარწერებსო.

მე ვუთარგმნე. ერთ-ერთი წერილი აჭარიდან იყო. მოსწავლე წერდა მის სახელს, ელექტრონულ ფოსტას და ეუბნებოდა, ვწუხვარ, რომ სხვა ვერაფრით გეხმარებით და მხოლოდ ტკბილეულს გიგზავნითო.

ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, საიდანაც ასეთი წერილები მოგვდისო – მითხრეს.

მე ვუთხარი, აქ მე ერთი ლადო ვარ ჩამოსული, თუმცა ჩემ უკან ძალიან ბევრი ქართველი მასწავლებელია, ვისაც აქ ყოფნა უნდოდა – მეთქი და ძალიან გაუხარდათ“ – გვეუბნება ლადო.

მისი თქმით, უკრაინელები ემოციურები არიან და სამშობლოს გულისძგერას ძალიან კარგად გრძნობენ.

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ სჭირდება მხედართმთავარი, თავად მოქმედებენ კრიტიკულ დროს. სამი ხიდიდან ორი ადგილობრივებმა ააფეთქეს თავიანთი ძალებით, რომ მტერს ვერ გადმოელახა.

მასწავლებლები სწრაფად ჩაეწერნენ მოხალისეებად და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამშვიდობოს გაეყვანათ ბავშვები. ტყეებიდან, ტბორებიდან ცდილობდნენ მათ გაყვანას.

ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელიც ასევე მოხალისედ იყო ჩაწერილი, ჰყვებოდა როგორი რთული იყო ემოციურად ეს ყველაფერი, რადგან ხედავდნენ, მათ თვალწინ როგორ იღუპებოდნენ ადამიანები. დავინახე ქალი და ბავშვი მორბოდნენ, სულ ახლოს იყვნენ თავშესაფართან და იმ დროს მოკლეს ბავშვიო.

იყო შემთხვევა, როცა თითქმის თავშესაფართან მისული ბებია მოკლეს და ბავშვი გადარჩა. აი, ასეთი მძიმე დღეები გამოიარა ამ ხალხმა.

ვნახე მასწავლებელი, რომელსაც შვილი დაეღუპა და ეს ტანჯვა და მწუხარება დღესაც აქვს სახეზე აღბეჭდილი. ვნახე მასწავლებელი, რომელსაც მთელი ოჯახი დაეღუპა და მარტო დარჩა, გაუნადგურდა სახლიც.

ამ ხალხის დანგრეული სახლების ფოტოები ინტერნეტშია განთავსებული და მთელი მსოფლიოდან ეხმარებიან ადამიანები ამ სახლების აღდგენაში ან ახლის აშენებაში.

ერთმა ამერიკელმა ცოლ-ქმარმაც აუშენა ძალიან ლამაზი ხის სახლი ერთ-ერთ უკრაინელს და ასეთი შემთხვევები სხვაც ბევრია. როგორც ვიცით, საქართველოს სახელით ბუჩაში საბავშვო ბაღიც შენდება და ეს ძალიან მიხარია“- ამბობს ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა უკრაინაში/რუსეთის მიერ დაბომბილ მოედანზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ

მისი თქმით, ძალიან ემოციური იყო, როცა ბუჩაში დაბომბილ სტადიონზე მოთამაშე ბავშვები დაინახა.

„ცრემლები მომადგა, მაშინ მივხვდი, რომ უკრაინული სული არის გაუტეხელი. ბიჭებმა მკითხეს, რატომ ტირიო, მაგრამ ვერ ავუხსენი, როცა იქ ჩადიხარ, ყველაფერი ემოციას იწვევს.

ყვავილი რომ იყო მიწიდან ამოსული, იმასაც კი რაღაც დატვირთვა მივეცი, ახალგამოსულ ყლორტებსაც სხვა თვალით ვუყურებდი, რადგან სიცოცხლე ახლდება ბუჩაში, ირპენში, იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ბავშვი მოკლეს.

ამ ბავშვების სახელზე პატარა ხე დგას. მკვდარი ხე ჰქვია, რადგან აღარ გაიზრდება იმ მოკლული ბავშვებივით. ხეზე განთავსებულია დაღუპული ბავშვების ნივთები – წითელი მანქანა, თოჯინები, რომლებიც დაბომბილი ადგილებიდან არის ამოღებული. ძალიან სევდიანი და დამთრგუნველია ამის ნახვა.

მე ამ ბავშვების სახელზე 518 სანთელი დავანთე. ამ სანთლებისთვის თანხა ქართველმა მასწავლებლებმა შეაგროვეს და მე მათი სახელით ავანთე. ამ პატარა ხესთან ინსტალაციები მივიტანეთ, „ანგელოზები“, „მტრედები“ დაფრინავდნენ ამ დაღუპული ბავშვების სულების მოსაგონრად“ – გვითხრა ლადომ.

ლოდო აფხაზავამ კიევში ყოფნის დროს არაერთხელ გაიგონა განგაშის სიგნალი. ამ დროს ყველაფერი ჩერდება ქალაქში და ყველა თავშესაფარში მიდის. „ადამიანები უკვე მიჩვეულნი არიან ამ ხმას, ცხოველები უფრო რეაგირებენ, აჩქარებით მირბიან ისინიც თავშესაფრისკენ. ამის ნახვა იყო რაღაც საოცრება ჩემთვის.“

ლადო აფხაზავა ამბობს, რომ მისი სურვილია, როცა ისევ ჩავა უკრაინაში, ისეთი დახვდეს კიევი, როგორც დღეს არის – ზომიერი ყველაფერში, სამშობლოს სიყვარულის გარდა.

„უზომო მხოლოდ სამშობლოს სიყვარული დავინახე, მისი ერთი პატარა გოჯი მიწისთვისაც შეიძლება გასწირონ ცხოვრება. ერი, რომელიც უფრო მეტად გააძლიერა, გაამთლიანა ომმა.

უკრაინელი მასწავლებლების მიერ ნაჩუქარი დროშა და „მკვდარი ხე“ ბუჩადან

ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც უკრაინაში ყოფნის დროს მივიღე, იყო ის დროშა, რომელიც უკრაინელ მასწავლებლებს ფრონტის ხაზზე ჰქონდათ და სწორედ ეს დროშა მომიტანეს სახსოვრად.

მინდა, ჩემს მოსწავლეებსაც ვანახო ეს წარწერები: „ლადო, დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის“, „მადლობა ქართველ მასწავლებლებს“. ჩემი სახელი რომ დავინახე, უფრო ამეტირა, რადგან ეს მოგზაურობა იყო გაზიარების, თანაგრძნობის, იმის თქმის, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.

დღეს თუ რომელიმე ქართველი ჯერ კიდევ არ არის უკრაინისკენ და არ სურს უკრაინის გამარჯვება, უბრალოდ უნდა მიხვდეს, რომ ის არ არის სწორ მხარეს.

იმ დარბაზში, სადაც ყველაზე ბევრი მასწავლებელი იყო იმ დღეს, მე ქედი მოვიხარე და ვუთხარი, რომ ომს დღეს უკრაინაში მასწავლებლები და დედები იგებენ, რადგან უკრაინელებს სამშობლოს ასეთი სიყვარული ასწავლეს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: