განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვი 15 დღეა სკოლაში არ წასულა, არც არავის მოუკითხია – მოსწავლის დედა

05.10.2023 • 23154
ბავშვი 15 დღეა სკოლაში არ წასულა, არც არავის მოუკითხია – მოსწავლის დედა

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლე 15 დღეა სასწავლო პროცესს არ ესწრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ერთი რესპონდენტის ვინაობას.

მოზარდის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი კლასში მიზანმიმართულად ჩატოვეს, „ბავშვი ამ ფაქტს განიცდის, ტირის და ამბობს, რომ იმავე კლასში არ დაჯდება. გვითხრეს, რომ დამატებით გამოცდას დაუნიშნავდნენ, მაგრამ არავინ გვეხმიანება“, – გვეუბნება დედა.

მისი თქმით, სკოლაში უთხრეს, რომ თუკი ბავშვს სხვა სკოლაში გადაიყვანდა, ნიშანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუწერდნენ.

„ჩემი შვილი ორი წელია, რაც ამ სკოლაში სწავლობს და მისვლის დღიდანვე აითვალწუნეს.

ჯერ ჩაცმულობით დაიწყეს, ჩაცმულობა არ აქვს კარგი, ბიჭებს აღიზიანებსო. ჯერ ერთი, მასწავლებელი ასე რატომ უნდა ელაპარაკოს ბავშვს. თუ კლასში ვინმე რაიმეს დააშავებდა, ყველაფერს ჩემს შვილს აბრალებდნენ.

წლის ბოლოს ინციდენტიც მოხდა, თანაკლასელმა ბიჭმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მინდოდა მეჩივლა იმ ბიჭისთვის, მაგრამ ბავშვია, არ უჩივლოო და სკოლამ არ დამიჭირა მხარი.

ისეთი შემთხვევაც იყო, ჩემი შვილს ჩანთაში ფურცლები ჩაუყარეს, სადაც ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა, ამხელა ქალი ვარ და მე არ გამიგონია აქამდე“, – ამბობს დედა.

მას ვკითხეთ, რა ზომები მიიღო თავად სკოლამ კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და რა იყო კონფლიქტის მიზეზი. აცხადებს, რომ მანდატურმა მისი შვილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადაამისამართა, თუმცა სხვა ბავშვებთან, სავარაუდოდ არ უმუშავიათ.

„არ წავიდა ჩემი შვილი ამ ცენტრში. ახლა კი კლასშიც ჩატოვეს და არ ფიქრობენ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მაიძულებენ, რომ ბავშვი სხვა სკოლაში გადავიყვანო. აქ დისციპლინაა მთავარი და შენს შვილს დისციპლინა არ აქვსო“, – გვეუბნება დედა.

მისი თქმით, რადგან სკოლა არ იყო მისი შვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი, გადაწყვიტა, რომ სხვა სკოლაში გადაეყვანა, თუმცა დედა ირწმუნება, რომ სკოლის დირექტორმა აქაც შეუშალა ხელი. „დაურეკიათ იმ სკოლაშიც და უთქვამთ, ცუდი ბავშვია და არ მიიღოთო. თვითონ იმ სკოლის დირექტორმა გვითხრა ამის შესახებ“, – ირწმუნება დედა.

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა, მეშვიდეკლასელი მოზარდი კი, დედის თქმით, ამ დრომდე არავის მოუკითხია.

„ძალიან განიცდის. როცა ვეუბნები, რომ დაჯექი მეშვიდეში-მეთქი, უარს ამბობს. რადგან ჩემი უფლება დავიცავი და თავი არ დავამცირებინე, ამისთვის უნდა დავისაჯოო? – გვეუბნება და უარს ამბობს იმავე კლასში სწავლის გაგრძელებაზე“, – ამბობს დედა.

სიტუაციაში გარკვევის მიზნით „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ არ დადის მოზარდი სკოლაში და რა ზომების მიღებას აპირებენ.

მას ასევე ვკითხეთ, რატომ ვერ მოახერხა მოზარდმა კლასის დაძლევა და იმუშავა თუ არა მასთან პედაგოგმა სათანადოდ?

დირექტორი ირწმუნება, რომ სკოლამ მოზარდისთვის „ყველაფერი გააკეთა“, თუმცა მან ინგლისურის საშემოდგომო გამოცდა ვერ ჩააბარა და კლასში დარჩა.

„კლასში იმიტომ დარჩა, რომ არ დაწერა გამოცდა, ცარიელი ფურცელი დააბრუნა“, – გვეუბნება დირექტორი.

ის კატეგორიულად უარყოფს მოზარდზე ზეწოლას და ამბობს, რომ არც ბავშვებს შორის კონფლიქტს ჰქონია ადგილი.

„ვინ იძალადა? რა აბსურდია.

ეს ბავშვი არ სწავლობდა, საშემოდგომოზეც არ იმეცადინა და ჩარჩა კლასში. სხვა ბავშვებიც არიან, ვინც ვერ სწავლობს, ვერ აბარებს და აგრძელებენ იმავე კლასში სწავლას. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ახლა ერთი შანსი აქვს მხოლოდ, თუ ექსტერნის გამოცდა გამოცხადდება, ის ჩააბაროს და ისე გადავიდეს მერვე კლასში. სხვა შემთხვევაში, ნიშანს როგორ დავუწერთ, გამოცდები აღარ არის“, – გვეუბნება დირექტორი.

ერთი მოზარდის გარდა, კიდევ რამდენმა ბავშვმა ვერ დაძლია წელს კლასი, ამის შესახებ დირექტორი ინფორმაციას არ გვაწვდის.

არც იმაზე გვესაუბრება, მთელი წლის განმავლობაში კონკრეტულად რა გააკეთა სკოლამ და საგნის მასწავლებელმა, რომ მოზარდს კლასი დაეძლია.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც სკოლებში გვეუბნებიან, ორიენტირებულია კონკრეტულ მოსწავლეზე და მის კონკრეტულ საჭიროებებზე. თუმცა დირექტორი არ საუბრობს, რა ნაბიჯები გადადგა სკოლამ ამ ბავშვის საჭიროებებისთვის.

„შეფასებაც მოხდა, დახმარებაც, მშობლის დაბარებაც, – ყველაფერი, რასაც კანონი ითვალისწინებს.

ამიტომ, მშობლების მოგონილ ნალაპარაკევზე, კომენტარებს ვერ გავაკეთებ.

რაც სწავლა დაიწყო, მშობლებს ვურეკავთ, ვეძებთ და არ მოდიან. ამ ხნის განმავლობაში ერთხელ არ მოსულა დედა სკოლაში, მამა მოვიდა ერთხელ და შემდეგ აღარც ის გამოჩენილა.

ახლა დამრიგებელი მივა მოზარდის სახლში, მოიკითხავს და როგორც კანონი ითვალისწინებს, 20 დღის შემდეგ ჩაერთვება სოციალური მუშაკი და გაარკვევს, თუ რატომ არ დადის“, – გვეუბნება დირექტორი.

მოზარდის დედას ისევ ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა დირექტორს მასთან კომუნიკაცია, რაზეც გვითხრა, რომ დირექტორი არ უნახავს, „რადგან არც კონფლიქტის დღეს იყო სკოლაში“, მის მეუღლეს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ცდილობს ნერვიულობას მოარიდოს.

„რამდენჯერაც მივიდა, ცუდად გახდა. არც მე მცალია, რომ ყველა დარეკვაზე სკოლაში მივიდე, სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობ და არ მაქვს უფლება, ამდენჯერ მივატოვო სამუშაო“, – გვეუბნება მოზარდის დედა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით კლასი ვერ დაძლია 814-მა მოსწავლემ.

მიმდინარე წლის შედეგებზე „ბათუმელებს“ ასევე გამოთხოვილი აქვს ანალოგიური ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომელი საფეხურის რამდენი მოსწავლე დგას მსგავსი პრობლემის წინაშე და რატომ ვერ ახერხებს სკოლა დააძლევინოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: