მთავარი,სიახლეები

უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთს ფლოტი ყირიმიდან ნოვოროსიისკის პორტში გადაჰყავს

05.10.2023
უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთს ფლოტი ყირიმიდან ნოვოროსიისკის პორტში გადაჰყავს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი ოკუპირებული სევასტოპოლის პორტიდან ნოვოროსიისკის პორტში, კრასნოდარის მხარეში გადაიყვანა, სავარაუდოდ იმისთვის, რომ დაეცვა რუსული ფლოტი უკრაინული ძალების მოსალოდნელი თავდასხმისგან.

სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ რუსულმა ძალებმა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში მინიმუმ 10 ხომალდი გადაიყვანეს, ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი კი ოკუპირებულ სევასტოპოლში დარჩა.

ამავე დროს, ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსული ანალიტიკური ცენტრის თქმით, გემების გადაადგილება ოკუპირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკამდე ჩვეული მოვლენა იყო.

ISW-ი მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და 4 ოქტომბერს მცირედით წინ წაიწიეს.

„4 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები  დაწინაურდნენ ნოვოპროკოპივკას აღმოსავლეთით – დასავლეთ ზაპორიჟიეს ოლქში და უკრაინის გენერალურმა შტაბი ასევე იტყობინება, რომ უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს დასავლეთით“, – წერს ISW-ი.

ანალიტიკოსები წერენ, რომ შემოდგომის ამინდი შეანელებს, მაგრამ არ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას.

ISW-ი წერს, რომ სეზონური ძლიერი წვიმა და ტალახი შემოდგომაზე ანელებს საბრძოლო მოქმედებებს ორივე მხრიდან, თუმცა შემოდგომის წვიმა და ტალახი ჩვეულებრივ ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე გაზაფხულზე. აქვე აღნიშნულია, რომ ზამთრის ყინვის დროს ნიადაგის გამკვრივება, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების ტემპის გაზრდის საშუალებას იძლევა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: