„ჩვენ ცოცხლად ვიმარხავთ თავს მიწაში, რომ სიკვდილს შევეგუოთ“ – როგორ ასრულებენ დაზვერვის მებრძოლები სპეცოპერაციებს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ის უკრაინული რედაქცია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ემზადება მისიისთვის დაზვერვის სპეცსამსახური. „ბათუმელები“ გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან.
„ჩვენ ვართ როგორც სკალპელი ძალიან გამოცდილი ქირურგის ხელში, რომელიც დელიკატურად აშორებს სიმსივნეს“, – ასე აღწერს უკრაინის სპეცრაზმის მუშაობის სპეციფიკას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სადაზვერვო დანაყოფის მეთაური.
წელს, აგვისტოში, დაზვერვის სპეცრაზმმა, „არტანმა“, ჩაატარა სპეცოპერაცია ეგრეთ წოდებულ „ბოიკოს კოშკებზე“. ამას წინ უძღოდა სხვა, ათობით სპეცოპერაცია.
ამის წყალობით სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა შეძლეს უნიკალური გამოცდილების დაგროვება, თუმცა მთელი ომის განმავლობაში ისინი იძულებული იყვნენ ემოქმედათ სამხედრო საავიაციო საფარის გარეშე. საჰაერო მხარდაჭერის გარეშე მათი სიცოცხლისთვის რისკი იზრდება „10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 100-ჯერ“.
იგივე ეხება წყალსაც: დესანტის გადასხმის დროს საფარი არა მხოლოდ თვითმფრინავებით, არამედ დიდი სამხედრო გემებითაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. უკრაინას ასეთი გემები და თვითმფრინავები ჯერ არ ჰყავს.
ქვეყანა იმედოვნებს, რომ მხოლოდ მომავალ წელს მიიღებს მინიმუმ 42 ერთეულ, მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავ F-16-ს უცხოელი პარტნიორებისგან.
„ამერიკული სპეცრაზმი არასოდეს დათანხმდება იმას, რასაც მათი უკრაინელი კოლეგები აკეთებენ. ამერიკელები საფარს, დაზღვევას მოითხოვდნენ. მათი ოპერირება შეუძლებელია საჰაერო დაცვის გარეშე“, – ამბობს პაველ ლაკიჩუკი, გლობალური კვლევების ცენტრის – „სტრატეგია XXI“-ს უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელი.
BBC-ის უკრაინულმა რედაქციამ ისეთი ამოცანების მომზადების, მათი დაგეგმვისა და შესრულების ზოგიერთი დეტალი გაარკვია, რაც „შეუძლებელს შესაძლებელს“ ხდის.
„ომის დროს BBC-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამხედროების მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია, მაგრამ თავის წყაროებს საიმედოდ მიიჩნევს, ხოლო ამ მოვლენების მონაწილის, სადაზვერვო ჯგუფის მეთაურის მტკიცებულებები თანხვედრაშია სხვა ისტორიებთან ენერგოდარში და „ბოიკოს კოშკებზე“ სპეცოპერაციების შესახებ“, – აღნიშნულია სტატიაში.
„სპეციალური ოპერაციისთვის მზადება იერარქიულია. რთული ოპერაციები შემუშავებულია ძალიან გამოცდილი ადამიანების უშუალო ხელმძღვანელობით. ვინ რა დონეზეა ჩართული, მე არ შემიძლია გავამხილო. დაგეგმვაში დაშვებული არიან ადამიანები მათი მონაწილეობის დონის მიხედვით“, – ამბობს სპეცდანიშნულების რაზმ „არტანის“ მეთაური, მეტსახელად „საბა“.
ის ხაზს უსვამს, რომ არც ერთ სპეცრაზმელს არ აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ, ვიდრე საჭიროა მისთვის დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად.
რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ იგი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალებში მსახურობდა და იბრძოდა ATO-ში [ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ატარებდნენ].
სამხედრო საქმეზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
ურთულესი ოპერაციების ჩატარების მოტივაციას იგი ასე განმარტავს:
„ჩვენი მენტალიტეტია, რაც შეიძლება მეტი მტრის განადგურება.
შეიძლება რაიმეს ეშინოდეს ადამიანს, რომელიც 30 წელზე მეტისაა და თვეში 101 დაბადების დღე აქვს? რა არის შიში ასეთი ადამიანისთვის? რა არის აღიარება ასეთი ადამიანისთვის? ჩემთვის აღიარებაა, როცა ჩემი ძმები მზად არიან ჩემთან ერთად წამოვიდნენ, თუნდაც მთვარეზე და როცა ყველა ცოცხალი ბრუნდება მისიიდან“.
თითოეული სპეცოპერაციისთვის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები გულდასმით ამუშავებენ ოთხ გეგმას: მთავარი, სათადარიგო, ალტერნატიული და სარეზერვო. მაგალითად, ფოსფორის ბომბებით დაბომბვამ შეიძლება აიძულოთ უარი თქვან მთავარ გეგმაზე და შემდეგ სათადარიგო გეგმა გამოიყენება. თუ ეს არ მუშაობს, არის მინიმუმ კიდევ ორი კარგად გააზრებული ვარიანტი. ყველაფერი დამუშავებულია უმცირეს დეტალებამდე.
სადაზვერვო ჯგუფი მისიის შესასრულებლად დამოუკიდებლად არ მიდის. არის თავდასხმის, დაზვერვის, სარეზერვო და ევაკუაციის ჯგუფებიც. თავდასხმის ჯგუფი აქტიურ მოქმედებას იღებს თავზე, დაზვერვის ჯგუფზეა ჩასაფრება და ტყვედ ჩავარდნილთა შემოწმება. სარეზერვო ჯგუფი აქტიურდება, როდესაც დამატებითი ძალების საჭიროებაა. ევაკუაციის ჯგუფს შეუძლია ჯარისკაცების სხვა ქვედანაყოფებიდან ევაკუაციის დაზღვევა და, ასევე, დაჭრილებისა და დაღუპულების გადაყვანა.
სამხედრო დაზვერვის ოფიცრები სპეციალური მისიებისთვის ემზადებიან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მაგალითად, ფოსფორის ჭურვისაგან თავდაცვა, „საბა“ პასუხობს: „კი. ფსიქოლოგიური მომზადების გავლით“.
მის ქვედანაყოფში ყველა მებრძოლი გადის „მეომრის დაკრძალვის“ პროცედურას, უძველეს რიტუალს სიკვდილის შიშისგან გასათავისუფლებლად.
რიტუალს ჯერ მეთაური ასრულებს.
მებრძოლი თავისთვის ითხრის ერთი მეტრის სიღრმის საფლავს. შემდეგ ფურცელზე წერს ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში არასაჭიროდ თვლის და რაც მზადაა მოიშოროს. ქაღალდს წვავს. შემდეგ წვება ორმოში და მარხავენ. სუნთქვისთვის მას უკეთებენ მყვინთავის ნიღაბს მილით. ასეთ „საწვრთნელ საფლავში“ სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი 40 წუთიდან ოთხ საათამდე წევს.
„მიწისქვეშ დამარხული ვეღარ გრძნობ სხეულს, მთლიანად კარგავ მასზე კონტროლს. ცხადი ხდება, რამდენად შეგიძლია აკონტროლო შენი გრძნობები და აზრები. ჩვენი საქმე მოითხოვს სრულ თვითკონტროლს და ნდობას იმ თანამებრძოლების მიმართ, რომლებმაც უნდა ამოგთხარონ. შენ მთლიანად სხვაზე ხარ დამოკიდებული“, – აღწერს „საბა“ ამ გამოცდილებას.
ის დასძენს, რომ წლების განმავლობაში ვარჯიშის შემდეგ, ამ რიტუალის შესრულებისას ის უკვე „აღარაფერს არ გრძნობს“:
„ჩემთვის ეს უკვე ისეთი უნარია, როგორიც სროლაა. მე არ მჭირდება ყოველდღე ვარჯიში ამ უნარის შესანარჩუნებლად. საკმარისია ამის გაკეთება კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ“.
თითოეულ მეთაურს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ჩართოს თუ არა ასეთი წვრთნა დაზვერვის სპეცრაზმის მომზადებაში. ეს ტრენინგი ასწავლის უზარმაზარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის ატანას.
„ჩვენ თავს ცოცხლად ვიმარხავთ მიწაში, რათა შევეგუოთ სიკვდილს. ამის შემდეგ მივდივართ სპეციალურ მისიაზე. როგორც კი აღიარებ, რომ შეიძლება მოკვდე, შეგიძლია მშვიდად და ეფექტურად შეასრულო შენი საქმე“, – ამბობს „საბა“.
სამხედრო დაზვერვის ოფიცრები სწავლობენ სროლას მარცხენა ხელით, უნდა იცოდნენ რუსული იარაღის ყველა ტექნიკური მახასიათებელი და შეეძლოთ ცურვა შეკრული ხელებითა და ფეხებით.
„საკუთარი დაკრძალვის“ და წვრთნების შემდეგ დგება მტრის ხაზზე გასვლის დრო. მიუხედავად ამისა, სპეცრაზმის მომზადება არასდროს წყდება.
წყარო: BBC
______________
მთავარი ფოტოზე: სპეცრაზმი „არტანი“. ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა/facebook