ქალები მართავენ

„წლის მენეჯერი“ სადაზღვევო ბიზნესიდან

სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნინო ფაცია გასულ წელს აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აჭარაში საუკეთესო მენეჯერ ქალად დაასახელა. „საერთოდ არ ველოდი ამ სტატუსს. ბათუმში ბევრი მენეჯერი ქალია, რომლებიც უბრალოდ არ ჩანან. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობდი, დავიმსახურე თუ არა. როცა საქმე ჩემს სამსახურს ეხება, აბსოლუტურად ბოლომდე მივყვები, მერე ჩემს თავზე რომ არ დავრჩე ნაწყენი. მთელი დღე რაღაცას აკეთებ და სახლში რომ მიდიხარ, ყველას რომ დააძინებ, ჯდები და ფიქრობ. რამე თუ არ გამოგივიდა, ეს რაღაცნაირად გბურღავს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ საღამოს ეს გრძნობა არ მქონდეს“, – ამბობს ნინო.  

 

ნინომ მუშაობა 17 წლის ასაკში ფოთში დაიწყო, ერთ-ერთ საზღვაო სააგენტოში ასისტენტად. მოგვიანე-ბით ფოთის ნავსადგურში გადავიდა კურიერად. შემდეგ პორტის მარკეტინგის განყოფილებაში მუშაობდა, სადაზღვევო კომპანიაში მისვლამდე კი ფოთში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი სერვისცენტრის მმართველიც იყო“.

 

„2007 წლიდან გადმოვედი სადაზღვევო კომპანიაში. ამ ოფისში რომ შემოვედი პირველ დღეს, ვიტირე. იმიტომ, რომ იყო ჩაკეტილი, გაურემონტებელი, არ ვიცოდი ბათუმის ქუჩები. პირველად დავაზღვიე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია – „ზიმო 7“.

 

მთელი დღეები დავრბოდი, ხან ქარხანაში ვიყავი, რამე არ გამომრჩეს-მეთქი,  ყველაფერს ვამოწმებდი. ბაყაყი რომ ჩავარდება ქოთანში, რძეს იმდენ ხანს დღვიბავს, რომ არაჟანი

 

გაკეთდება და ამოძვრება. ისე ვიყავი ზუსტად. არ მჯერა, რომ ადამიანს რამის გაკეთება არ შეუძლია. ყველაფერი შეუძლია. მთავარია, მონდომება, პასუხისმგებლობა და დანარჩენი ყველაფერი იქნება“, – ამბობს ნინო. 

კითხვაზე, რამ განაპირობა მისი, როგორც მენეჯერის წარმატება, პასუხობს რომ პასუხისმგებლობის გრძნობამ. „ვფიქრობ, ადამიანმა რომ წარმატებას მიაღწიოს, უნდა იყოს შრომისმოყვარე და მთავარია, ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს ყველაფერს მოიცავს, პასუხისმგებლობის გრძნობა სიყვარულს გასწავლის, შრომისუნარიანობას გინვითარებს. ეს არის ალბათ ყველაფრის საწინდარი“.

 

კარიერაზე საუბრისას ოჯახს კარიერის გვერდით აყენებს და ამბობს, რომ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია მისთვის.

 

„ქალი მენეჯერი და ქალი მეოჯახე, ეს ორი განსხვავებული რამეა, რომელთა შორის არ უნდა დაირღვეს ბალანსი. როდესაც ირღვევა ბალანსი, მაშინ ქალი ხდება გაუწონასწორებელი. ქალმა მენეჯერმა იმდენი დრო უნდა დახარჯოს მის სამსახურზე, რამდენსაც ხარჯავს ოჯახზე. სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ ბალანსი დაირღვევა. რაც მთავარია, თუ გიყვარს, ყველაფერი გამოდის. სამსახურში ვმუშაობ, მთელი დღე გადარბენაზე ვარ. საღამოს მივდივარ სახლში და მეორე ცა იხსნება. ადიხარ დაღლილი კიბეებზე, გააღებ კარებს, შეგხვდება მეუღლე და მორჩა, დამთავრდა. შაბათ-კვირას არასოდეს ვმუშაობ. მანამდე დილის ცხრაზე მივდიოდი სახლიდან და საღამოს თორმეტზე შემოვდიოდი. ახლა რაღაცნაირად ეს გავმიჯნე. შაბათ-კვირას ჩემს შვილს ვუთმობ. არ მინდა რამე  შემეშალოს ჩემი შვილის აღზრდაში, რამე გამომეპაროს“.

 

მენეჯერი „რჩეული ვილადან“

 

ეკა გოგიბერიძე
ეკა გოგიბერიძე

 

ეკა გოგიბერიძე ხუთი წელია ბათუმში სასტუმრო „რჩეული ვილას“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია. განათლება შვეიცარიაში მიიღო. სამუშაო გამოცდილებაც მხოლოდ ევროპული ჰქონდა, სანამ სასტუმროს მენეჯერი გახდებოდა. 

 

„მენეჯერად მუშაობის გამოცდილება, სანამ სასტუმროში არ დავიწყე მუშაობა, არ მქონდა, თუმცა ევროპაში გავლილი მქონდა ყველა დაბალი საფეხური მენეჯერამდე. უკვე ხუ-თი წელია ვმუშაობ, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. კლიენტებთან ურთიერთობა ცოტა სპეციფიკურია, ყველა კლიენტთან შეხებაში რაღაც გამოცდილება გიგროვდება და მერე ამ გამოცდილებით სწავლობ. სასტუმროს გარდა, რესტორანს ვმართავ მახინჯაურში“, – ამბობს ეკა.

 

მისი თქმით მთავარი მის სფეროში ის არის, რომ  გამოცდილება თანამშრომლამდე სწორად მიიტანოს: „ერთი თანამშრომელი მყავს სულ, რომელსაც  აქვს ამ სფეროში თეორიული განათლება, ცოტა პრაქტიკაც, დანარჩენი თანამშრომლები დილეტანტები იყვნენ. ჩემი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩემი გამოცდილება მათ გავუზიარო. იმის მისაღწევად, რომ მივლინების პერიოდში, როცა ქალაქში არ ვარ, ვიყო მშვიდად. დაახლოებით სამი წელი დამჭირდა. ახლა როცა გავდივარ ქალაქიდან, აღარ ვღელავ, თუმცა გასული სამი წლის განმავლობაში არც ერთი შაბათ-კვირა არ დამისვენია, თუ გამოუვალი სიტუაცია არ მქონდა. აბსოლუტურად მთელი ობიექტი იყო ჩემზე დამოკიდებული.

 

ქალი მენეჯერის  პლუსი არის ის, რომ  უფრო მოქნილები ვართ ამ სფეროში. ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს ჩემი თანამშრომლის ადგილზე და ვცდილობ ისე მოვექცე, ისე მივცე რაღაც  მითითება ან დავალება, რომ ამას უხეში რეაქცია მისი მხრიდან არ მოყვეს“.

 

კითხვაზე, ქმნის თუ არა სირთულეს მუშაობის პროცესში ის ფაქტი, რომ მენეჯერი ქალია, ეკა პასუხობს:

 

„პრობლემები არის, განსაკუთრებით ქართველი მამაკაცების მხრიდან, როდესაც მამაკაცი გყავს თანამშრომელი, სხვანაირად გიყურებენ და უჭირთ იმის შესრულება, რასაც ქალი ავალებს. ამ შემთხვევაში ისინი არ აქცევენ ყურადღებას, რომ მე მენეჯერი ვარ და რასაც ვეტყვი, ის უნდა შეასრულონ. ყოფილა შემთხვევა, როცა კონტრაქტში დამატებით შესრულებული სამუშაო  შემიტანია, იმიტომ, რომ მამაკაცების მხრიდან ყოფილა – „ეს არ წერია ჩემს კონტრაქტში და არ შევასრულებ“. ქალებთან ურთიერთობა ცოტა უფრო ადვილია“. – ამბობს ეკა.

 

„უარყოფითი თვისება ქალი მენეჯერის ის არის, რომ ნაკლები დრო რჩება ოჯახისთვის. ამას ძალიან განვიცდი, მაგრამ არ გამომდის. როდესაც მეკითხებიან, პირველ ადგილზე რას დააყენებ, ყოველთვის კარიერას ვარჩევ. თუ კარიერა მოწესრიგებული არ არის, პრობლემები მეტია“.

 

პროექტი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულთათვის

„ჰეიფერ ინტერნეშენალ საქართველო“ წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს. 2009 წლიდან „ჰეიფერ საქართველო“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ახორციელებს მეცხოველეობის განვითარების პროექტს. 

 

წვრილ ფერმერული მეურნეობის განვითარების სრული ციკლის შესაქმნელად 2012 წელს „ჰეიფერ პოლონეთმა“ მოიპოვა პოლონეთის მთავრობის გრანტი, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში სუბტროპიკული ხილის საკონსოლიდაციო ცენტრის შექმნას. ამ პროექტის პარტნიორი და განმახორციელებლია „ჰეიფერ საქართველო“. პროექტი განხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაისუბანში ადგილობრივი პარტნიორის,  ბუკნარის ფერმერთა ასოციაციის თანამონაწილეობით.

 

პროექტის განხორციელების შედეგად წვრილ ფერმერულ მეურნეობებს მიეცემა საშუალება სუბტროპიკული ხილის პირველადი დამუშავების, მისცენ საბაზრო სასაქონლო სახე და გაიტანონ პროდუქტი ექსპორტზე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:

 

ქ.თბილისი, მიცკევიჩის 27, მე-8 სართული, „ჰეიფერ ინტერნეშენალ საქართველო“. ტელ.: 231 31 77, ელ-ჰოსტა: ინფო@ჰეიფერ.გე ან ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბუკნარი, გიორგი ჩხარტიშვილი. ტელ.: 593 352 650.

 

პროექტი განხორციელდა 2012 წელს. პროექტის თანადამფინანსებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის განვითარების საკითხებში თანამშრომლობის 2012 წლის პროექტის ფარგლებში.


გოჩა თავდუმაძის საქმის მოსმენა განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაახლა გოჩა თავდუმაძის საქმის მოსმენა. გასულ ხუთშაბათს მოსამართლე ლერი თედორაძემ მოწმეები დაკითხა. პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია, გოჩა თავდუმაძეს დრამატული თეატრისა და მუზეუმის კუთვნილი, დაახლოებით, 80 ათასი ლარის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მითვისებას ედავება.

საქმეზე სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა ვაჟა ცისკარიძე, რომელმაც თქვა, რომ თეატრში დროგამოშვებით ხმის რეჟისორად მუშაობდა. ვაჟა ცისკარიძის ცნობით, 2004 წლის ვარდების რევოლუციიდან მეორე დღეს ის თეატრის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს დაკარგულად გამოცხადებული აპარატურის აღრიცხვაში დაეხმარა.

მოწმის სახით დაიკითხა პაატა ცეცხლაძეც – შს სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი და ყოფილი „აჭარის უშიშროების“ ასევე ყოფილი თანამშრომელი გენადი საფარიძე.

ძალოვანების წარმომადგენლებმა სასამართლოს უთხრეს, რომ დაკარგულად გამოცხადებული აპარატურა მათ დრამატულ თეატრსა და მუზეუმში 1998 წელს დაამონტაჟეს.

პროცესზე ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდა ერთ-ერთი მოწმე – სერგო კუვშინოვი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. პროკურორმა კიდევ ერთი მოწმის შესახებ განაცხადა, რომ ის უკვე გარდაცვლილია.

გოჩა თავდუმაძის საქმე ერთი გარემოებით არის უჩვეულო – სამართალდამცავებმა ის 2004 წელს დააკავეს, მაგრამ ცხრა თვის შემდეგ, ყოველგვარი განაჩენის გარეშე, იმ მიზნით გაათავისუფლეს, რომ ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებაში მიეღო მონაწილეობა. მან მაშინ მართლაც უზრუნველყო აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სინქრონული თარგმანი და მიკროფონების გამართულად მუშაობა.

გოჩა თავდუმაძეს, დაკავების ეტაპზე, სამართალდამცავები ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში სდებდნენ ბრალს.

ჰოლივუდი „ჯინსების თაობას“ გადაიღებს

„ჯინსების თაობას“ ჰოლივუდში გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია www.imdb.com -ზე გამოქვეყნდა.

 

 

ფილმს დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების წიგნის „ჯინსების თაობის“ მიხედვით იღებენ. სცენარის ავტორი ტომას დანია.  ფილმს ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გადაიღებს.  

 

 

www.imdb.com -ის ინფორმაციით, ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები: არმან ასანტე, ჯეისონ ფლემინგი და  სტივენ ბერკოფი შეასრულებენ. ეს უკანასკნელი ფილმში ედუარდ შევარდნაძეს განასახიერებს.

 

 

„ჯინსების თაობა“ 1983 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება. როდესაც  რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. თუმცა ეს მცდელობა კრახით დამთავრდა. გატაცების მცდელობას მსხვერპლი მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც. მათი უმრავლესობა სასამართლოს წინაშე წარსდგა, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად ისინი დახვრიტეს.

 

აჭარის პოლიციის უფროსი კომენტარს ვერ აკეთებს

ვალერი თელია
ვალერი თელია



აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნული ვალერი თელია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ინტერვიუს მიცემა ჟურნალისტებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ამის უფლებას სამინისტროს პრესსამსახური მისცემს.

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი კი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ დღეს გადაწყდება, მისცემენ თუ არა რეგიონებში პოლიციის უფროსებს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლებას.

 

წინა ხელისუფლების პირობებში, შს მინისტრის განკარგულებით, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლება არც ერთ პოლიციელს არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებდნენ პოლიციელები. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება შს სამინისტრო იყო.

 

აჭარის პოლიციის ახალი უფროსი ვალერი თელია, რომელმაც გოგა კოკაია შეცვალა ამ თანამდებობაზე, 34 წლისაა და აქამდე თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლად მუშაობდა.

ძალოვანები აჭარაში

„გუგლის“ საძიებო სისტემაში თეიმურაზ კუპატაძის შესახებ, ძირითადად, ინგლისურენოვანი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და უკავშირდება 2010 წლის საერთაშორისო სკანდალს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ სომხეთიდან უკანონოდ შემოტანილი 18 გრამი გამდიდრებული ურანის ამოღებაზე გაავრცელა ინფორმაცია. სწორედ ამ ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას თეიმურაზ კუპატაძე.

რადიო „თავისუფლება“ 2010 წელს წერდა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლაპარაკია 2010 წლის მარტში სომხეთის ორი მოქალაქის – სუმბათ ტონოიანისა და ჰრანტ ოჰანიანის დაკავების ფაქტზე, რომლის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის აპრილში ვაშინგტონის ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე ისაუბრა“.

 

 

თეიმურაზ კუპატაძეს უკვე ჰყავს ერთი მოადგილე, რევაზ ურუშაძე. კუპატაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მისი მეორე მოადგილე დანიშნული არ არის.

შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი – ვალერი თელიაა. ამ უწყებაში მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა რესან კონცელიძემ. მეორე მოადგილედ კი ემზარ (ბუბა) ბოლქვაძე დაინიშნა, რომელიც 2010 წლიდან 2012 წლის არჩევებამდე ხულოს პოლიციის უფროსად მუშაობდა. ემზარ ბოლქვაძეს ხულოში ვახტანგ ბერიძე ჩაენაცვლა, რომელიც მანამდეც ხულოს პოლიციაში მუშაობდა.

პოლიციის უფროსი არ დაუნიშნიათ შუახევში და სავარაუდოდ არც ქედაში. თუმცა ქედის მუნიციპალიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ თანამდებობაზე ემზარ ბერიძის დანიშვნის შესახებ ბრძანება უკვე დაწერილია თბილისში.

 

 

ამ ეტაპზე პოლიციის უფროსი დაინიშნა ხელვაჩაურშიც – ჯუმბერ აბულაძე. ის აქამდე ბათუმში, „ტაბიძის პოლიციაში“ მუშაობდა.

 

 

სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით მოწვეული პოლიციის უფროსი ჰყავთ ქობულეთში. „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტში უთხრეს, რომ პოლიციის უფროსი დავით დვალიშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ოსიავა – ორივე თბილისიდან არიან გამოგზავნილები.

 

 

ახალი უფროსი ჰყავს ბათუმის პოლიციასაც და ამ ეტაპზე ის ჰამლეტ ჯორბენაძეა.

ცვლილებები განხორციელდა აჭარის პროკურატურაშიც – აჭარის პროკურორს,  ლევან გზირიშვილს ჰყავს ერთი მოადგილე და ის ირაკლი იმერლიშვილია. აჭარის პროკურორის თქმით, „ირაკლი იმერლიშვილი ბათუმელი კაცია. ბოლო დროს კითხულობდა ლექციებს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ასევე ადვოკატობდა. მანამდე მუშაობდა კახეთსა და თბილისის პროკურატურაში“.

 

 

ბათუმის პროკურორის თანამდებობაზე კი ანზორ ხიჯაკაძე დანიშნეს. ლევან გზირიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ხიჯაკაძე მუშაობდა ადვოკატად, მანამდე  – გენერალურ პროკურატურაში. რამდენიმე წლის წინ კი იყო ხაშურის პროკურორი. აჭარის პროკურორის თქმით, „თავის დროზე ის საკუთარი განცხადებით წავიდა პროკურატურიდან“.

 

 

ნაწილობრივ დასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის პროკურატურის ქვედა რგოლის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ. ლევან გზირიშვილი: „ქვედა რგოლებში არიან თანამშრომლები, რომლებიც წასვლაზე ფიქრობენ. ოთხმა კაცმა უკვე გამოთქვა სურვილი წასვლაზე. მე ვთხოვე, რომ გაჩერებულიყვნენ და ეტაპობრივად გავუშვებდი“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა უკვე დატოვა ზვიად ფხაკაძემ. ის 21 მაისის აქციის დროს დაკავებულთა საქმის პროკურორი იყო.

 

რაც შეეხება აჭარაში სოდის, კუდისა და კონტრდაზვერდის პირველ პირებს, შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ მიმდინარეობს ამ სამსახურების რეორგანიზაცია, რის დასრულების შემდეგაც დაინიშნებიან ხელმძღვანელი პირები.

საახალწლო განათებები

სალომე დევაძე, მოსწავლე

სალომე დევაძე
სალომე დევაძე

-ლამაზია ზამთრის საღამოები. განათებებით აკიაფებული ქუჩები და დეკორატიული ხეები, აქაურობის შემხედვარეს იტყვი ზამთრის სული უთუოდ აქ დასახლებულაო,საკუთარ ამოსუნთქვასაც კი ნისლივით ხილული რომ ხდება (ჩემი გმირი 10 წლის თვალანთებული ბიჭუნასავით იკრიჭება) ისიც კი ზამთრისეულია.აქ განსაკუთრებით ლამაზია  ახალი წლის მოლოდინში მილეული დეკემბრის დღეები, კოშკიც კი განსაკუთრებით ელოდება ახალ თორმეტთვეულს.განწყობა კი განწყობა ყველას საახალწლო აქვს ისეთი როგორც ყმაწვილობისას საახალწლო არდადეგებზე. საინტერესოა რატომ ირთვება ქალაქი ასე ზღაპრულად?

 

-ალბათ იმიტომ რომ ადამიანები მიხვდნენ ზოგჯერ ზღაპრის ელემენტებიც საჭიროა…

 

-ვფიქრობ მართალი ხართ,თუმცა აბა ამათ გაჰხედეთ (და ორ პატარა გოგონაზე მიმითითა) ჩვენ გვავიწყდება რომ ნაცრისფერ რეალობა შეპარულ უფროსებთან ერთად ქალაქში ცხოვრობენ პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები. და თქვენს ქვეყანაში როგორ ხვდებიან ახალ წელს?

 

– ჩვენთან? მოგეხსენებათ ჩვენ მთელი რიგი ტრადიციებით გამოვირჩევით, ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რომ საოჯახო სუფრები ღვინისა და სადღეგრძელოების თანხლებით ჩვენი ხორცშესხმული ტრადიციაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამეს ოჯახთან ერთად სუფრასთან ყოფნა, პირველ რიგში ახალ მობრძანებულ წელს ვადღეგრძელებთ, შემდგომ ოჯახს და ასე შემდეგ. მოგეხსენება ალბათ მეკვლის ტრადიციაც, კარგია ჩვენთან ახალი წელი…

 

ჩემს გმირს ღიმილი და ინტერესი დაეტყო, ვიღიმი მეც, ის თანდათან უფრო ინტერესდება ჩემი ქვეყნით, როგორ მოვუთხრო 12 საათზე მთელი დღის ფუსფუსისგან გასავათებული დიასახლისების ფქვილიან მკლავებზე, ახლობლების დასანახად საახალწლო სუფრისთვის თითქმის მთელ ბიუჯეტ გათავებულ ოჯახებზე, ერთმანეთის ჯიბრზე მაგიდის სიმძიმისათვის, გაუთავებელ სადღეგრძელოებზე, ღრეობად ქცეულ მოლხენაზე, ალკოჰოლით გაჟღენთვაზე, გონების დაბინდვაზე, სუფრაზე ჩამოძინებაზე, საცივში თავის ჩადებაზე, კაცების ღრიალზე, 5 მორიგეობა სუფრის განახლებაზე, ნაცნობ-უცნობთან პურ-მარილზე,ღვინის სუნზე,ახალი წლის შეხვედრაზე თითქმის უგონოდ ალკოჰოლის გადამეტებითი დოზის შემდგომ. როგორ მოვუთხრო? და ამ მომენტში სრულად ვეთანხმები ილიას რუსი მხატვრების მიერ  იამშჩიკის ლამაზად გამოსახვის შემდეგ მას ოყრაყულ სანახაობას რომ უწოდებს, ვეთანხმები ილიას და ვციტირებ გულში: „ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ.“ და ავუყევით მე და ჩემი გმირი განათებულ ხეივანს. უკან დარჩა ქალაქს გადმომზირალი მშვიდი ეიფელი და უამრავი საახალწლო განათება.


აჭარის კუდის ყოფილი უფროსი დაკითხვაზე დაიბარეს

თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში
თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში


დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს აჭარის კუდის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე.

 

პატარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ იუსტიციის სამინისტროში. სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, თემურ პატარიძე დაკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული – „დაკითხეს და გაუშვეს“.

 

უცნობია, რის თაობაზე დაკითხეს აჭარის კუდის ყოფილი უფროსი, რომელიც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურში გადავიდა სამუშაოდ.

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალები“ უმცირესობაში

ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას  კიდევ სამი დეპუტატი ბესო ჭოხონელიძე, გია გაბაიძე და თამაზ გორგილაძე ტოვებს.

„ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია არაოფიციალურად საკრებულოს რამდენიმე წევრმა დაუდასტურა, თუმცა საჯაროდ ამაზე საუბრისგან, ჯერჯერობით, ყველა თავს იკავებს. დეპუტატების თქმით, მათ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატების მიერ წასვლასთან დაკავშირებით ფურცელზე დაწერილი განცხადებები.  

 

ბესო ჭოხონელიძე, გია გაბაიძე და თამაზ გორგილაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მას კოლეგების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

თუ ეს სამი დეპუტატიც დატოვებს ფრაქციას, მაშინ 23-წევრიანი საკრებულოდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ 9 დეპუტატი დარჩება, ანუ მმართველ პარტიას საკრებულოში უმრავლესობა აღარ ეყოლება.

 

ამ დროისთვის ბათუმის მერიის შენობაში სამი მოქალაქე შიმშილობს – ისინი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენ სპორტს უნდა ვემსახუროთ და არა კერძო ინტერესებს“

პროფესიით ეკონომისტისთვის სპორტული სამყარო უცხო უნდა იყოს. დეპარტამენტში საიდან მოხვდით?

 

 

– „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ვიყავი, გარკვეულწილად მქონდა შეხება ახალგაზრდებთან, სპორტთანაც. პირადად მე სპორტსმენი არასდროს ვყოფილვარ და ცოტა არ იყოს, ეს სფერო ჩემთვის უცხოა, მაგრამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაა, რომელიც სპორტს და სპორტსმენებს მოემსახურება.

 

 

  სახელმწიფო პოლიტიკაში რას გულისხმობთ?

 

 

– პირველ რიგში, სწორ მენეჯმენტს და რაც მთავარია, კერძო ინტერესების არდაცვას.

 

 

რადგან კერძო ინტერესებს შეეხეთ, გეცოდინებათ ალბათ, რომ მიმდინარე წელს აჭარაში მოქმედ რამდენიმე ფედერაციას, მათ შორის ოლიმპიურ სახეობებსაც, დაფინანსება შეუწყდათ და კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია. ამ საკითხით თუ დაინტერესდით

 

 

– რა თქმა უნდა, დავინტერესდი და სწორედ მაგაში ვგულისხმობ კერძო ინტერესებს, რომლის არაერთი შემთხვევა იყო. თუმცა დღეიდან მსგავსი რამ არ მოხდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სპორტული ფედერაციების მუშაობის სწორი მიმართულებით წარმართვა და ახალგაზრდა თაობის აღზრდა იქნება. გარდა ამისა, ვაპირებთ მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადებას საერთაშორისო დონეზე.

 

 

საკადრო ცვლილებებზე გკითხავთ. ახალ ხელმძღვანელს ყოველთვის ახალი გუნდი მოჰყავს, სპორტული საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ სფეროში გამოუცდელები ხართ და გაგიჭირდებათ. რა კომენტარს გააკეთებთ?

 

 

– როგორც აღვნიშნე, ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ვართ, რომელიც ამ საქმეს უნდა ემსახუროს. აქვე დავძენ, რომ გვექნება შეხვედრები და კონსულტაციები სპორტულ საზოგადოებასთან, რომელთა აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

 

 

პირველ რიგში რა გააკეთეთ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ?

 

– დეპარტამენტის ფინანსური მხარის გაცნობა და შესწავლა დავიწყე. შევხვდი ფედერაციების წარმომადგენლებსაც, არ დაგიმალავთ და გეტყვით, არიან პროფესიონალებიც და არაპროფესიონალებიც. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს სფერო პროფესიონალებმა მართონ. გარდა ამისა, ყველა ფედერაციას მივმართავთ, ეს არ იქნება ბრძანება, არამედ იქნება თხოვნა, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ საკლუბო სისტემას. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოში და მომგებიანია როგორც შედეგების, ასევე ფინანსური მხრითაც. თან კონკურენციაც გაიზრდება.

 

 

იყო ასეთი მოსაზრება, რომ მიუხედავად აჭარის სპორტსმენების ლიდერობისა სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ტურნირებზე მათი რჩეულები დაჰყავდათ, მსგავსი ფაქტები კი რეაგირების გარეშე რჩებოდა, შეიძლება ითქვას, რეგიონის სპორტსმენთათვის დაცვითი მექანიზმი არ არსებობდა

 

 

– ასეთი მექანიზმი აუცილებლად იარსებებს. თუ ჩვენი რეგიონის სპორტსმენი დაიმსახურებს შეჯიბრზე წასვლას, წავა კიდეც, ანუ აღარ დაიჩაგრება.

 

 

ფედერაციებს დაფინანსება გაეზრდებათ?

 

 

– მომავალი წლიდან აუცილებლად ვაპირებთ დაფინანსების გაზრდას. ჩვენ ფედერაციების ხელმძღვანელობასთან ერთად გადავხედავთ სპორტული კალენდრის გეგმას და შევარჩევთ ისეთ ტურნირებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სპორტსმენები და ეს არ იქნება მხოლოდ სახელობითი ტურნირები. ჩვენი მიზანია, რომ სპორტსმენებმა მეტ საერთაშორისო ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, რაც მათ პროფესიონალური დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავისთავად შედეგებზეც აისახება.

 

 

პრიორიტეტი?

 

 

– პრიორიტეტი სპორტის გუნდური სახეობები იქნება, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი… თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სახეობებს უყურადღებოდ დავტოვებთ. პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ფეხბურთია. ბათუმის „დინამოს“ გაძლიერება, სტადიონის მშენებლობა და რაც მთავარია, ბათუმში, „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის დაარსება. როგორც ვიცი, ბათუმში სტადიონის თემით რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა და ვნახოთ, იმედია, ჩვენი მუშაობა წარმატებული იქნება.

“ნაკრების მწვრთნელად აღარ დავბრუნდები”

 აქვე დავსძენთ, რომ 8 დეკემბერს თბილისში საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ახალ პრეზიდენტს ნაკრების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაც მოჰყვება, რომლის ადგილიც ახლა ვაკანტურია. დაბრუნდება თუ არა თამაზ ფუტკარაძე ეროვნული გუნდის მწვრთნელად, რომლის მუშაობის პერიოდშიც აჭარის ნაკრებმა არაერთ წარმატებას მიაღწია?! – „მართალია, შემოთავაზება მქონდა, რომ სათავეში ჩავდგომოდი ეროვნულ გუნდს, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია, მე ნაკრების მწვრთნელად აღარ დავბრუნდები“, – განუცხადა „ბათუმელებს“ თამაზ ფუტკარაძემ. 

ორთაბრძოლების კლუბი ბათუმში

გივი კერესელიძე: გოჩა აბაშიძესა და არტურ უსტიანთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეხსნა აღნიშნული კლუბი, სადაც ეს სამი სახეობა შეისწავლებოდა. ვიქირავეთ ფართობი გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სტამბის (გორგილაძის 91, მე-2 სართული) შენობაში და საკუთარი ხარჯებით გავარემონტეთ. სპორტსმენები და მათი მშობლებიც დაგვეხმარნენ. მართალია, ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის სამუშაოები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება. მიუხედავად ამისა, ვარჯიშები უკვე მიმდინარეობს და მსურველებიც ბლომად გვყავს. რინგის აწყობას მალე დავასრულებთ, სამომავლოდ ტატამსაც დავაგებთ. კლუბის თავმჯდომარე გოჩა აბაშიძეა, წარსულში ცნობილი მოკრივე და ამჟამად არანაკლებ ცნობილი მწვრთნელი, რომელმაც არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა.

 

 

კერძო სექტორი ხართ, ფინანსური ინტერესიც გაქვთ ალბათ

 

 

– როდესაც ამ საქმეს ვიწყებდით, ფინანსებზე არ გვქონდა საუბარი. უბრალოდ გვიყვარს ჩვენი საქმე და ვცდილობთ, მომავალი თაობა აღვზარდოთ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რაიონების სპორტულ სკოლებთან და შაბათ-კვირას ხშირად გვსტუმრობენ. ერთობლივ წვრთნებსა და სპარინგმატჩებს ვატარებთ, სადაც საუკეთესო სპორტსმენებს ვავლენთ, რომლებიც, ვიმედოვნებთ, რომ მოგვიანებით, როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ. გარდა ამისა, ამ დარბაზში ჩავატარებთ ლოკალური ხასიათის საერთაშორისო ტურნირებს როგორც ნახევრადპროფესიონალებს, ასევე პროფესიონალთა შორისაც. მებრძოლები ჩამოვლენ თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა კუთხიდან.

 

 

დღეს საკმაოდ პოპულარულია ორთაბრძოლების K1 და M1 ვერსიები

 

 

– ჩვენთან ძირითადად კრივი, კიკ-ბოქსინგი და კარატე-კიოკუშინკაი შეისწავლება, თუმცა, თუკი ვინმეს ექნება რომელიმე ვერსიით ვარჯიშის სურვილი, არც ეგ არის პრობლემა, შეგვიძლია ინდივიდუალური პროგრამა შევუდგინოთ. მივიღებთ ნებისმიერი ასაკის მსურველს და მისი ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩავუტარებთ ვარჯიშს. მართალია, ფასიანი ჯგუფები გვყავს, გადასახადი თვეში 30 ლარამდეა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და აქცენტი ბავშვთა სპორტია და გვინდა, საქართველოს ნაკრების წევრები მოვამზადოთ.

„ყინულის მოედანი ფასიანი უნდა გახდეს“

„ხუთი წლის განმავლობაში, ხუთი ყინულის მოედანი აიგო და სულ ათი მილიონი ლარია ბიუჯეტიდან დახარჯული. გაუმართავია ინვენტარიც, ოთხი თვე კი საერთოდ უფუნქციოდ იყო.  წელს ყინულის მოაედნის ფუნქციონირებისთვის ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი, რისი წინააღმდეგიც ვარ“. 

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, მშობლებმა ისევე უნდა გადაიხადონ სპორტის ამ სახეობისთვის  ფული, როგორც სხვა სახეობების შესწავლაში იხდიან. „ფასიანი უნდა გახდეს. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იქნება  უფასო. ძალიან ძვირი ჯდება მოედნის შენახვა, მარტო მოციგურავეების კაბები ჯდება თურმე 300-400 ლარი. ეს მაშინ, როცა ბავშვების ფეხბურთის მწვეთნელის ხელფასი 200 ლარია, ბავშვებს არ აქვთ ბურთი, მაისური და საშხაპე. რატომ არის ასე? ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელია ბათუმისთვის პრიორიტეტული სპორტის სახეობა“.  

 

ყინულის სასახლის მწვრთნელების განცხადებით, ყინულის სასახლეში ამ დროსათვის 500-მდე ბავშვი დადის.    

ფსიქიკური დაავადება, რომელზეც არ საუბრობენ

ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანთა ჯგუფებთან წლებია მუშაობს, ამბობს, რომ საქართველოში, როგორც ღვინის ტრადიციების ქვეყანაში, სმის პრობლემა საზოგადოებისთვის მტკივნეული მხოლოდ უკიდურეს ფაზაში ხდება. 

 

„ეს არის ნარკომანიაზე უფრო დიდი სოციალური პრობლემა საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში ყვავის. ალკოჰოლიზმი ნარკომანიაზე უფრო ხშირად ვითარდება მისი უფრო ადვილი ხელმისაწვდომობის გამო.“

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი ნარკოტიკულ საშუალებებზე სწრაფად იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ფსიქიკური აზროვნების დეგრადაციას.

 

ალკოჰოლიკი გ.კ. იხსენებს, რომ წლების წინ, როცა ალკოჰოლის მიღების შემდეგ საცხოვრებელ კორპუსთან ჩნდებოდა, მეზობლები ეზოდან სახლებში შერბოდნენ.

 

„ისეთი აგრესიული ვხდებოდი, ყველას ეშინოდა ჩემი და სასწრაფოდ ტოვებდნენ იმ ადგილს, სადაც მე ვიყავი,“ – ამბობს გ.კ.

 

მას ალკოჰოლიზმის ფონზე ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა, შემდეგ კი მისი ცხოვრება ისე განვითარდა, რომ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში 18 თვე სასჯელს იხდიდა ციხეში, თუმცა,  ფიქრობს, რომ ეს დრო სხვა პატიმრებისგან განსხვავებით კარგად გამოიყენა: „ბევრს ვკითხულობდი. ეს ძალიან დამეხმარა იმის მიღწევაში, რომ დღეს ფიზიკურად და ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ვარ.“

 

ყოფილი ალკოჰოლიკი არ არსებობს. არსებობენ ალკოჰოლიკები, მაგალითად, 5, 10 ან თუნდაც 33 წლის სიფხიზლით. ყველა მათგანი საკუთარ სიფხიზლეს დღემდე სხვა ადამიანების დახმარებით ინარჩუნებს. ხშირად ისინი სიფხიზლის შენარჩუნებაში სხვა ადამიანებსაც ეხმარებიან. ზოგიერთი მათგანი კი AA-ს (Aლცოჰოლიცს Aნონყმოუს -ანონიმურ ალკოჰოლიკთა) ჯგუფის სპიკერი ხდება და დაგროვილი ცოდნით ალკოჰოლიკებს სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

გ.კ. რამდენიმე კვირაა, რაც ანონიმურ ალკოჰოლიკთა თვითდახმარების ჯგუფს ხელმძღვანელობს და „12 ნაბიჯის“ პროგრამით ალკოჰოლზე დამოკიდებულებს სიფხიზლის შენარჩუნებასა და ფსიქიკურ გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

 

ამ მხრივ ალკოჰოლიკების მიერ დაწერილი „12 ნაბიჯი,“ რომელსაც საფუძველი აშშ-ში 1935 წლიდან ჩაეყარა, ერთადერთი აპრობირებული და შედეგიანი პროგრამაა მთელ მსოფლიოში. მისი პირველი ნაბიჯი კი იმის აღიარებას გულისხმობს, რომ „ხარ ალკოჰოლიკი და უძლური მის წინაშე.“ თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოში ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფები ვერ განვითარდნენ. ამ ეტაპზე ქვეყანას ალკოჰოლიზმთან ბრძოლის სტატისტიკაც არ აქვს.

 

„ჩემი დაკვირვებითა და პირადი გამოცდილებით სიფხიზლის შენარჩუნება ალკოჰოლიკებს უფრო უჭირთ, ვიდრე ნარკოდამოკიდებულებს. ჩემივე პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ ნარკოდამოკიდებულებში ეს რიცხვი 4-5%-ია, ალკოჰოლდამოკიდებულებთან მხოლოდ 2-4%. მსოფლიო სტატისტიკა კი, აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-25 %-ია“.

 

ალკოჰოლიზმი, როგორც კომპლექსური დაავადება, გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე, ემოციებსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენს. ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება ყველაზე ბოლო ეტაპია და ალკოჰოლიზმის მკურნალობაც სწორედ ამ ეტაპით უნდა დაიწყოს. 

 

კლინიკა „ურანტი“ წლებია ალკო და ნარკოდამოკიდებულთა პროფილით მუშაობს. მისი ხელმძღვანელი, ზურაბ სიხარულიძე ალკოჰოლიზმის განვითარების სამ სტადიაზე საუბრობს.

 

საწყის სტადიაზე ადამიანს საკუთარი კრიტიკის უნარი ჯერ შენარჩუნებული აქვს და მისი ფსიქიკა დეგრადირებული ჯერ არ არის. მეორე და მესამე სტადიაზე როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა გაუარესებულია. მესამე სტადია, ექიმის განმარტებით, ფსიქიკური თვალსაზრისით თითქმის შეუქცევადი ხდება და პაციენტს ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება და ბოდვები უვითარდება. სამივე სტადიაზე სამედიცინო ჩარევა პაციენტის დეტოქსიკაციით ხდება, რომელიც ალკოჰოლის ნარჩენებისგან ორგანიზმის გასუფთავებას გულისხმობს.

 

„თუმცა, მკურნალობას არანაირი აზრი არ აქვს, სანამ ეს თავად პაციენტის ნება არ გახდება.  კლინიკაში ისინი ძირითადად შეწუხებულ ოჯახის წევრებს მოჰყავთ.“

 

მიმართვიანობის ტენდენცია კლინიკაში მკურნალობის მაღალი საფასურის გამო, დაბალია. ალკოჰოლიზმი, კი, როგორც ექიმი ამბობს, ძირითადად, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირთა დაავადებაა.

 

„ალკოჰოლიზმი მაღალი სოციალური სტატუსის ფენასაც ემართება და მას „ვიქენდების“ ალკოჰოლიზმს ვეძახით. ის ძირითადად, იურისტებს, ბანკირებს და ისეთი პროფესიების ადამიანებს ემართება, ვისაც დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვთ. მთელი კვირა არ სვამენ და პარასკევს საღამოდან იწყებენ. კვირას ძლიერი „პახმელიის“ მოსახსნელად უკვე ჩვენ გვაკითხავენ. იგივე გრძელდება მეორე კვირასაც,“ –  ამბობს სიხარულიძე.

 

კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში გახშირდა უმუშევრობის, მთელი დღე სახლში მარტო ყოფნისა და დეპრესიების ფონზე ქალთა ალკოჰოლიზმიც, რომელიც, ძირითადად, დიასახლისებს ემართება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ალკოჰოლიზმი სიკვდილისა და ინვალიდობის გამომწვევ მეხუთე რისკ-ფაქტორად მიიჩნევა. 

 

მხოლოდ 2004 წელს ამ მიზეზით მსოფლიოში 2,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 320 ათასი 15-29 წლის ასაკში.

 

ალკოჰოლიზმის ძირითად გამომწვევ გარე ფაქტორებად მედიკოსები ბავშვობაში კომუნიკაციის პრობლემებს, მუდმივ სტრესებს, დეპრესიებს, სოციალურ ფონსა და  უმუშევრობას ასახელებენ. სწორედ ამ ბოლო ფაქტორის გამო დეტოქსიკაციაც ხელმიუწვდომელი რჩება.

 

კლინიკებში, როდესაც პაციენტი პირველადი ეტაპისთვის, დეტოქსიკაციისთვის მიდის, მკურნალობა დღეში საშუალოდ 80-120 ლარი ღირს.

 

„დეტოქსიკაციას და ასეთ სამედიცინო ჩარევას ალკოჰოლიზმის მკურნალობაში მინიმალური წილი აქვს. გამოჯანმრთელების პროცესში და სიფხიზლის შენარჩუნებაში მთავარი ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური ჩარევაა, რაც ასევე ხშირად თანხასთან არის დაკავშირებული. ფსიქოთერაპიული დახმარებისა და ანტიდეპრესანტების თანხა მათ არ აქვთ, როგორც წესი. ამიტომ ურჩევნიათ ისევ ორლარიანი არაყი დალიონ. ალკოჰოლიკთა მკურნალობას კი სახელმწიფო არც ერთი პროგრამა არ ფარავს,” – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

 

საქართველო ამ დრომდე არ იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს, – ყოველი გაყიდული ალკოჰოლური სასმელის აქციზიდან მინიმალური თანხა (მაგალითად, 1 თეთრი) გადარიცხოს ალკოჰოლიკთა მკურნალობის ფონდში.

 

„მერწმუნეთ, ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობა მოიხსნას. მაგრამ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს არის საზოგადოების პრობლემა. სახელმწიფო კი ყოველთვის უსმენს საზოგადოებას, რომელიც ფიქრობს – „სვამს, მერე რა მოხდა.“

8 ნოემბრის დარბევის გამოძიება 5 წლის შემდეგ

ბათუმელი მერაბ ღოღობერიძე გასულ კვირას აჭარის პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ღოღობერიძის თქმით, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს აინტერესებდა, რატომ არის 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის შემდეგ დაკავებული ღოღობერიძის საქმის მასალაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება.

მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცავებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტში გაზის გაშვებისა და სტუდენტების დარბევის შემდეგ, ჟურნალისტების თვალწინ დააკავეს. ის თეთრი ფერის უნომრო „07“ მარკის ავტომანქანაში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

დავით ბედია უნივერსიტეტის დარბევის დროს
დავით ბედია უნივერსიტეტის დარბევის დროს

რატომ დევს საქმეში ღოღობერიძის ხელმოწერილი, ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება? – მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელების“ მკითხველისთვის ყვება, თუ რითი დაინტერესდა გამოძიება დარბევიდან ხუთი წლის შემდეგ, ანუ გასულ კვირას:

„მაშინ პროკურატურაში საჩივარი მე არ შემიტანია, სახალხო დაცველმა ჩემს ჩვენებაზე დაყრდნობით მიმართა პროკურატურას. მე სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოვუყევი, როგორ მირტყამდნენ თავში ფეხებს, როგორ დამადეს შუბლზე პისტოლეტი. აი, ამ ახსნა-განმარტების საფუძველზე შეიტანეს მათ საჩივარი, რომელსაც ხელს ვაწერდი.

საქმეში დევს მეორე ოქმიც. ამ ოქმს ხელი იმ დღეს მოვაწერე. –  უნივერსიტეტის ეზოდან წამიყვანეს ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში. მანქანაში ნიღბიანებმა ფეხებში ჩამტენეს და პოლიციაში მისვლამდე თავში ფეხებს მირტყამდნენ. შენობაში პისტოლეტიც კი დამადეს შუბლზე. მცემდნენ და მეუბნებოდნენ, „რა გგონია, შეგრჩებოდა კაბის ჩამოკიდებაო“ – 8 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ვარშალომიძესა და დავით ბედიას კაბები ჩამოვუკიდე სამსახურის წინ.

მერე შემოიყვანეს გამომძიებელი ჯემალ ბერიძე, რომელმაც არც კი იცოდა, რატომ ვიყავი დაკავებული. მან შეადგინა ადმინისტრაციული ოქმი, სადაც ჩაწერა, რომ დამაკავეს რუსთაველისა და ენგელსის ქუჩების კვეთაში პოლიციის შეურაცხყოფისთვის.

მე უარს ვამბობდი ოქმის ხელმოწერაზე. ჯემალ ბერიძემ გამაფრთხილა, ნუ მაგდებ უხერხულ მდგომარეობაში, ეგენი მაინც მოგაწერინებენო. ისევ შემოვიდა სპეცრაზმი… მოვაწერე ხელი, რომ ვიგინებოდი და გამომიშვეს… ცუდად ვიყავი, ტვინის შერყევა მქონდა და ვიწექი.

აი, ამიტომ დევს საქმეში ორი სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტი“.

მერაბ ღოღობერიძემ 8 ნოემბრის დაკავების გამო საჩივარი პროკურატურაში გასულ კვირას შეიტანა. როგორც მერაბ ღოღობერიძე ამბობს, მას „პროკურორი ზვიად ფხაკაზე შეხვდა და ესაუბრა“. ღოღობერიძე ითხოვს სახალხო დამცველის მოხსენების საფუძველზე საქმის ხელახალ გამოძიებას.

აჭარის პროკურორის ლევან გზირიშვილის თქმით, ამ დროისთვის 8 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში მხოლოდ ერთი საქმე დევს. ის ამბობს, რომ თუ უნივერსიტეტის დარბევის ფაქტზე საჩივრები შევა, ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რუსთაველის უნივერსიტეტს ამ დროისთვის პროკურატურისთვის 8 ნოემბრის დარბევის გამოძიების თხოვნით არ მიუმართავს.

რატომ უნდა წავიკითხოთ „ულისე ბაღდადიდან”

მანანა ქველიაშვილი 

 

ერიკ ემანუელ შმიდტი
ერიკ ემანუელ შმიდტი

„მე მქვია საად საადი, რაც არაბულად „იმედ იმედს“, ხოლო ინგლისურად „სევდიან სევდიანს“ ნიშნავს… ჩემთვის უფრო ძვირფასი და ღირებული ამ სახელის არაბული მნიშვნელობაა, რომელიც ცაზე პირდაპირ ყვავილებით მორთულ დაპირებებს ქარგავს“,  –  ეს არის ნაწყვეტი თანამდეროვე ფრანგი მწერლის ერიკ ემანუელ შმიტის ცნობილი რომანიდან „ულისე ბაღდადიდან“. 

 

„ულისე ბაღდადიდან“ ამბავია ერაყელ ბიჭზე, რომელიც ერაყიდან წასვლას ცდილობს. „დაბადების ლატარეის გათამაშებისას ადამიანი ხან იღბლიან ბილეთს გამოკრავს ხელს, ხან უიღბლოს. თუ  ამერიკაში, ევროპაში ან იაპონიაში გიწევს დაშვება, ერთხელ მოიკიდებ მიწაზე ფეხს და მორჩა, ანუ იბადები ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფრის თავიდან დაწყების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგება. მაგრამ ქვეყნიერებას, აი, აფრიკის კონტინენტზე ან ახლო აღმოსავლეთში თუ მოევლინე…“- ნაწარმოების დასაწყისში საადის ეს მონოლოგი მკითხველს თავიდანვე განგაწყობს, რომ მასთან ერთად ბევრ ხიფათს გაივლი, ბევრ დაბრკოლებას გადალახავ იმ სამყაროსკენ მიმავალ გზაზე, რომელ სამყაროში დაბადებასაც პრივილეგიად მიიჩნევს გმირი. 

 

„ამბობენ, რომ „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” შმიტის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, მაგრამ, ჩემი ნება რომ იყოს, პირველობას, „პილატეს სახარებასთან” ერთად, ბაღდადელი ულისეს საოცარ თავგადასავალს მივანიჭებდი. ოღონდ, ისე არ გამიგოთ, თითქოს მხოლოდ დიდი „ოდისეას” ან ჯეიმს ჯოისის საკულტო რომანის სიყვარული მალაპარაკებდეს. შმიტისეული გემრიელი ენით, თხრობის დინჯი, აბსოლუტურად კლასიკური მანერით დაწერილი უაღრესად თანამედროვე რომანი ჩვენი დროის ერაყელ ყმაწვილზე, რომელიც მიწასთან გასწორებული ბაღდადიდან თავის დაღწევას ლამობს და ევროპისკენ მოილტვის… დინამიური სიუჟეტი, თამამი, მკვეთრი ფერებით დახატული სახეები, მკითხველს წამითაც არ მოაწყენს.

 

დღევანდელობის პრობლემები – გლობალიზაცია, მულტიკულტურა, ნარკოტიკები, რელიგიათა დიალოგი – ახლოა, მტკივნეული და ადვილად გასაგები. მახვილგონივრული ალუზიები ზუსტად იმდენია, რამდენიც საჭიროა და „ბაღდადელ ულისეს” ნამდვილად ვერ აღიქვამ მხოლოდ ჰომეროსის უკვდავი შედევრის პაროდიად. ამას აღმოსავლური ზღაპრის სურნელი, იშვიათი სინატიფის დასაწყისი და მერაბ ფიფიას ჩინებული თარგმანიც დაუმატეთ და… გემოვნებაზე რომ არ დაობენ, კი გეცოდინებათ, მაგრამ თუ ცოტაოდენ თავისუფალ დროს გამონახავთ და ორიოდე საღამოს საად საადთან ერთად გაატარებთ, არა მგონია, უსიამოვნოდ დაგირჩეთ,“ – ეს რჩევაა „მოლი ბლუმისგან“, ქართველი პოპოლარული, ანონიმი ბლოგერისგან.

რეალიზმს, რომელიც წიგნის პირველივე ფურცლიდან იგრძნობა, სისხლისა და შიმშილის სუნი აქვს. შმიტი მთავარი გმირის სახეს მისი დაბადებიდან ძერწავს, ამბები, რომელიც საადს გადახდა, რეალურია. განსაკუთრებით მძაფრად არის აღწერილი ცივილიზებული სამყაროდან ერაყის განკვეთის 10-წლიანი პერიოდი, ეკონომიკური ემბარგო, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, უკუშედეგი  გამოიღო. 

 

„ყოველი ერაყელი, ვინც ამ პერიოდს გადაურჩა, დაუდასტურებს და დაარწმუნებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წამოჭიმულ ვაჟბატონებს, რომ ემბარგო საუკეთესო საშუალებაა ისედაც ტანჯული და გაუბედურებული ერის დასასჯელად და მმართველი წრეების გასაძლიერებლად. ემბარგო ცემენტია ტკივილებისათვის, ბეტონი დიქტატორების გასამტკიცებლად“.

 

„ამ წიგნს ვურჩევ ყველას, ყველას ვისაც უნდა, რამე მაინც გაიგოს, რომელ დროში ვცხოვრობთ ჩვენ, რატომ არის უწყვეტი კაცობრიობის ამბები, რა ცივილიზაციაა ევროპული ცივილიზაცია, პრინციპში, რომ ვთქვათ, ევროპული ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, რომელსაც ესმის ოდისევსის ამბავი. იმიტომ, რომ  ვისაც ესმის სხვა ამბები, მაგალითად, ოიდიპოსის ამბავი, იმას ევროპასთან საერთო არ აქვს, ის მსოფლიო ცივილიზაციაა. ევროპული ცივილიზაცია რომ გაიგო, უნდა გვესმოდეს, რომ ოდისევსის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამთ და ჯოისის „ულისე“ რომ გაიგო, გჭირდება არამარტო ჰომეროსის „ოდისეა“,  არამედ ეს წიგნი, რომელიც ჯოისის „ულისეს“ შემდეგ გაცილებით გვიან დაიწერა, მაგრამ ამის გარეშე იმას ვერ გაიგებ. „ულისე ბაღდადიდან“ უნდა წაიკითხოს ყველამ, ჯერ ერთი ახალგაზრდობა მას გაიგებს, ჯოისისგან განსხვავებით. გაიგებს იმიტომ, რომ აქ ლაპარაკი არის ნარკოტიკების გადატანაზე, თითო ნაფაზის დარტყმაზე, მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკზე, თანამედროვე მოგზაურობაზე,“ – ეს პროფესორ ლევან ბერძენიშვილის ერთგვარი  რეცენზიაა ამ წიგნზე, ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც მან ქართველ ბლოგერთა ჯგუფს, ეგრეთ წოდებულ „ტამელის ჰიპებს“ მისცა. 

 

ერიკ-ემანუელ შმიტის „ულისე ბაღდადიდან“ ბესტსელერია, ისევე როგორც მისი თითქმის ყველა წიგნი. რა აქცევს წიგნს ბესტსელერად?

 

„ერთი შეხედვით, ფრიად მარტივი კითხვაა – ყველამ იცის, რომ წიგნის წარმატებულ გაყიდვას და ბესტსელერად ქცევას ავტორის რეპუტაცია, ეფექტური სათაური, სწორი მარკეტინგული პოლიტიკა და კარგად დაგეგმილი პიარი უზრუნველყოფს. ამ ჩამონათვალში, ხშირად, ხარისხს საერთოდ ივიწყებენ და, ჩვენში რომ დარჩეს, სადღაც მართალიც არიან. საკმარისია, ქართული (ან, თუნდაც, მსოფლიო) ბესტსელერების სიას გადახედოთ, და მიხვდებით – თავად ნაწარმოების სიავკარგეს, რბილად რომ ვთქვათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არ აქვს. თუმცა, ბუნებრივია, ეს არც აბსოლუტური წესია და დაინტერესებული მკითხველი საპირისპირო მაგალითებსაც იოლად მოიძიებს,“ – ამბობს ბლოგერი მოლი ბლუმი. 

კარიერის ცუდი დასაწყისი

ნატო გოგმაჩაძე, ადვოკატი

 


ადვოკატებმა კარგად ვიცით, რომ კანონიერი არ ნიშნავს იმავდროულად სამართლიანს, მაგრამ როცა სასამართლო გადაწყვეტილება არც კანონიერია და არც სამართლიანი, ასეთ შემთხვევაში მას მიკერძოებული და უკანონო გადაწყვეტილება ჰქვია. ასეთი გადაწყვეტილებები კი, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში უცხო ჯერ კიდევ არ არის.

 

წინა ხელისუფლებამ „იზრუნა“ მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ფაქტობრივად, მოსამართლეობისთვის იურისტი თავიდან იწყებს სწავლას იუსტიციის სკოლაში, მაგრამ ამ სკოლიდან გამოსული მოსამართლე კანონიერ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და რა შეიძლება ეწოდოს ამას? 

 

სამიოდე თვის წინ ჩავიბარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალბედა მოსამართლის, ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილება, რომლის გაცნობის შემდეგ იმდენად გაოგნებული დავრჩი გადაწყვეტილების უკანონობითა თუ დაუსაბუთებლობით, რომ საერთოდ იმის დაჯერებაც კი გამიჭირდა, რომ ის იურისტის დაწერილი იყო. თუმცა, ეს ალბათ არც უნდა გამკვირვებოდა, რადგანაც მე ადმინისტრაციული აქტის ბათილობასთან ერთად, საჯარო მოხელეთა ქმედების უკანონოდ აღიარებას ვითხოვდი. სავარაუდოდ, ქალბატონ ეკას გაუჭირდა წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეთა ქმედების უკანონოდ აღიარება.

 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მოქალაქეს ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიამ (რომლის არაკვალიფიციურობა იმდენად გამაოგნებელია, რომ ეს ცალკე თემაა) კანონდარღვევით შეუჩერა საკუთრების უფლება. მათი ქმედება სასამართლო წესით გავასაჩივრე. საქმე მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილს დაეწერა, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც მოსამართლეა და ფაქტია, რომ კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო.

 

მან გაითვალისწინა მხოლოდ საჯარო მოხელეთა სიტყვიერი ახსნა-განმარტებები, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე. არ გაითვალისწინა და არ სცნო ჩემ მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულად ჩათვალა საწინააღმდეგო, საჯარო მოხელის სიტყვიერი განმარტებები. ფაქტობრივად, მან დაარღვია პროცესში მონაწილე მხარეთა თანასწორობის პრინციპი. არ ცნო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები, არ დაიცვა ამავე კოდექსით დადგენილი საპროცესო ვადები, მიიღო აბსურდული, დაუსაბუთებელი, კანონსაწინააღმდეგო და მიკერძოებული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და იგი ახლახან გააუქმა სრულად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიის ქმედება მიჩნეულ იქნა უკანონოდ და, შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

კანონის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ქალბატონმა ეკატერინემ იგნორირება გაუკეთა კანონს და მტკიცების ვალდებულება მთლიანად მოუხსნა ადმინისტრაციულ ორგანოს. ეს ასახულია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ყველა ასპექტში ეწინააღმდეგება კანონს. ყოველივე ამის შემდეგ კი გამიჩნდა კითხვა, რისი ბრალია ეს ყოველივე? იუსტიციის სკოლაგავლილ მოსამართლეთა არაკვალიფიციურობის, თუ მხოლოდ იმის, რომ ჩვენს ღრმად განსწავლულ მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება?

 

იმედია, სიტუაცია შეიცვლება. იმედია, მოსამართლე შეძლებს დამოუკიდებლად მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ჩვენც, ადვოკატებსაც, მოგვეცემა საშუალება, ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. იმედია, ბოლოს და ბოლოს კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება.

თევზჭერის სეზონის წინ

საქართველოში სულ 7 ლიცენზიანტია, რომელთაც თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზია აქვთ. 1 ტონა ქაფშიაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 25 ლარს შეადგენს. ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, სარეწაო თევზჭერაში არის კვოტირება – ანუ დასაჭერად დაშვებული თევზის მაქსიმალური ოდენობა.

 

„პრობლემა არის ის, რომ კვოტებს ადგენს თვითონ ლიცენზიანტი, რაც არის უპრეცედენტო. ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში არ გამიგია ხდებოდეს. მეწარმეს, რომელსაც აქვს კომერციული ინტერესი რესურსის მიმართ, მას მივანდეთ ჩვენ რესურსის ათვისების კვოტის განსაზღვრა. დავაკონკრეტებ, ლიცენზიანტები ქირაობენ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებსაც არც ლაბორატორია აქვთ, არც შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნიათ, რომლებიც შემდეგ განსაზღვრავენ ამ კვოტებს. იმთავითვე ჩნდება გარიგების საფრთხე“, – ამბობს არჩილ გუჩმანიძე. 

 

გუჩმანიძის თქმით არსებული მდგომარეობის შეცვლა 2016 წლამდე შეუძლებელია.

„ლიცენზიები ეწურებათ 2016 წელს და მანამდე ვერაფერს შევცვლით. ამ ხალხმა ეს ლიცენზია სწორედ ამ პირობებით იყიდა. რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან დიდი დანაშაული მოხდა,“ – ამბობს გუჩმანიძე.

 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის უფროსი ირაკლი ჭავჭანიძე. ის დეტალურად აღწერს პროცესს, თუ როგორ ხდება კვოტების დადგენა. 

„სეზონის დასაწყისში ლიცენზიანტები ქირაობენ მეცნიერს, ეს იხტიოლოგი შემდეგ  გადის ზღვაში ან თვითონ, ან ლიცენზიანტის გემით, ან ბაზარში მიდის, მონაცემებს აგროვებს. 100-გვერდიან დასკვნას დებენ.

 

ამის საფუძველზე დგება დასკვნა, თუ რა ოდენობის თევზის ამოღება შეიძლება მომავალ წელს. რაც არის დადგენილი, იმაზე მეტს ვერ დაიჭერენ. მას შემდეგ, რაც ლიცენზიანტი მიიტანს კვლევის მასალებს, რომელშიც წერია, რომ, მაგალითად, 2011-2012 წლებში სარეწაო პერიოდში დასაჭერი რაოდენობა არის 80 ათასი ტონა, მე ეს შემყავს პროგრამაში, რომლიდანაც ავტომატურად გამომყავს ყველა ლიცენზიანტის წილი, რომელს რამდენის ჭერის უფლება აქვს. რაც შეეხება კონტროლს, წლის განმავლობაში ჩემ მიერ კონტროლდება, რა რაოდენობა დაიჭირეს, ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველსეზონური კონტროლი ხორციელდება,“ – ამბობს ირაკლი ჭავჭანიძე. 

 

მისივე თქმით, 2006 წლიდან დღემდე დადგენილი კვოტა არცერთხელ არ შესრულებულა.

 

„ერთხელ მოხდა მხოლოდ, რომ ნახევარი დაიჭირეს დაშვებული კვოტის. 60-ათასიანი კვოტები ჰქონდათ და დანაჭერი აქვთ 17 ათასი, 24 ათასი. შარშან 80 ათასი იყო და საერთოდ 9 ათასი დაიჭირეს,“ – ამბობს ჭავჭანიძე. 

 

„2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი მოპოვებული იქნა 2009-2010 წლებში, დაახლოებით 40 000 ტონა. მოპოვების ყველაზე დიდი პრესის ქვეშ მოექცა ქაფშია. სავარაუდოა, რომ ჭარბი მოპოვება საქართველოს სანაპიროსთან ქაფშიის კლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. კლების ტენდენციაზე მიუთითებს ქაფშიის გაცილებით ნაკლები რაოდენობით მოპოვება 2011 წელს,“ – ეს არის ამონარიდი მოსაზრებიდან, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებმა გამოაქვეყნეს. 

 

„შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი და გაანალიზებული შავ ზღვაშ არსებული მდგომარეობა. ამ დოკუმენტის მიხედვით შავი ზღვის ეკოსისტემებზე მოქმედ ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ ჭარბი თევზჭერა არის მიჩნეული.

პროფესორი ზურაბ გურიელიძე, რომელმაც პროფესორთა ჯგუფთან ერთად 93- გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა. საბოლოო დასკვნა თებერვალში დაიდება.

 

„ერთი წლის მონაცემებზე გადაჭრით თქმა შეუძლებელია, ამიტომ ველოდებით წლევანდელ მონაცემებსაც. რეალურად ეს არის ცოცხალი რესურსების საგრძნობი შემცირება ზღვაში, თუმცა საკვები გარემო არის ძალიან მაღალი. ეს ალბათ გამოწვეულია ჭარბი მოპოვებით. თუმცა გადაჭრით ამას ვერ ვამბობ, რადგან ეს არის სამუშაო ვერსია, რომელზეც ვაგრძელებ მუშაობას,“ – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

 

წელს  ქაფშიის მოპოვების კვოტა შარშანდელთან შედარებით შემცირებულია და 60 ათას ტონას შეადგენს. რას მოუტანს ზღვა ქართველ მეთევზეებს, ამის თქმა გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი. 

 

 

 

მიდიან თუ არა გამგებლები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ და აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის გამგებლებმა ზუსტად 20 დღის წინ ხმამაღლა განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა მათ თანამდებობების დატოვებას აიძულებს. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ხულოს გამგებელმა, დავით ჭელიძემ არ დაადასტურა.

 

„ჩემს კოლეგებს რა როგორ შეეხო, არ ვიცი. მაშინ მთავრობაში თათბირს მეც ვესწრებოდი, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. იმის მერე თუ რამე მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს დავით ჭელიძე, რომელიც ამ ეტაპზე თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: „სად უნდა წავიდე, რატომ უნდა წავიდე? არა მგონია, სადმე წასვლას ვაპირებდე“.

 

ხულოს გამგებელი საკრებულოში მიმდინარე ცვლილებებს ასე აფასებს: „არის სურვილი იმის, რომ საკრებულოში ბალანსი შეიცვალოს, მაგრამ რა როგორ შეიცვლება, არ ვიცი. არამგონია, ბალანსის შეცვლა იყოს მოსალოდნელი, ჯერჯერობით მაინც“.

 

თანამდებობიდან წასვლას გამორიცხავს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ თავართქილაძეც: „მე არჩეული ვარ ოთხი წლით, ეს ვადა 2014 წლის ოქტომბერში გაგვდის. საკრებულოში დიდი ცვლილება არ მომხდარა – ნაციონალური მოძრაობა ადრე 19 წევრით იყო წარმოდგენილი, არჩევნების შემდეგ ფრაქცია ორმა დეპუტატმა დატოვა. არის კიდევ ერთი ფრაქცია სამი წევრით. შეიძლება შეიქმნას მაჟორიტარების ფრაქციაც, სავარაუდოდ, 4-5 კაცი შევა ამ ფრაქციაში“.

 

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის, იური ქათამაძის თქმით, მას ჯერ არ დაუწერია რაიონის გამგებლის, ნუგზარ ამაღლობელის გათავისუფლების ბრძანება და ამას არც აპირებს.

 

ხულოსგან განსხვავებით, შუახევში დეპუტატებს შორის ბალანსი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბევრად კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და ეს ზღვარი ასე გამოიყურება – 8:11

 

„არჩევნების შემდეგ ხუთმა დეპუტატმა დატოვა ფრაქცია და გადავიდა „ქართული ოცნებაში“. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ არა. ჯერჯერობით, ბალანსი შენარჩუნებულია და გადადგომას არ ვაპირებ. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ჩემი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას“, – ამბობს იური ქათამაძე.

 

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვაჟა ბოლქვაძე ქედის გამგებლად ბოლო არჩევნების შემდეგ დანიშნეს. ისიც ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ, ტყუილია: „ზეწოლასთან დაკავშირებით ჩვენი განცხადების გაკეთების შემდეგ ზეწოლის განმეორების მცდელობა არ ყოფილა. სხვათა შორის, კარგად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან. საკრებულოში როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. ჯერ ფრაქცია არავის დაუტოვებია“.

 

დეპუტატებს შორის არსებული ბალანსი საგანგაშო არც ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ბადრი დიასამიძისთვის არის: „მმართველ პარტიაში ვართ 13 დეპუტატი, სხვადასხვა ფრაქციაში კი 6 დეპუტატია“.

 

შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მას გადადგომა არ მოუწევს. „რატომ უნდა გადავდგე? რამე თუ დავაშავე მითხარით, – შეიძლება დაშავებული გვაქვს რამე. მე გადადგომას არ ვაპირებ“.

 

გურამ საფარიძის – ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით, მათ საკრებულოში ძალთა ბალანსი ასე გამოიყურება: 9:13 „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 

„არა მგონია, დეპუტატების გადასვლის ტენდენცია გაგრძელდეს, ვინც ამას აპირებდა, თავის დროზევე შეეტყოთ“, – ამბობს გამგებელი, რომელსაც იმედი აქვს, რომ  `ნაცმოძრაობა~ თვითმმართველობის მორიგ არჩევნებამდე, ანუ 2014 წლამდე, `მმართველ ძალად დარჩება ხელვაჩაურში“.

 

ქობულეთის საკრებულო ერთადერთია აჭარაში, სადაც დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ დაუტოვებიათ. ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხრივ მათთან არაფერი აღარ ხდება: „ზეწოლის მცდელობა გამგებლების ცნობილი განცხადების შემდეგაც იყო მთავრობიდან – მისვლები, გადაბირებები… ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში და ქართული ოცნების აქტივისტები“.

 

ქობულეთის საკრებულოში სულ 28 დეპუტატია, აქედან 23 ყოფილი ხელისუფლების ფრაქციის წევრია, 5 დეპუტატი კი ოპოზიციას წარმოადგენს.

წინწყაროში ქართველ მუსლიმებს ლოცვას უშლიან

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოფელ წინწყაროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„შეშფოთებული ვართ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, მომხდარი ფაქტის გამო, რომელიც ეხება სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მიერ არასამართლიანად, ამავე სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მეჩეთში ლოცვის შესრულებაზე ხელის შეშლას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, არამუსლიმი მოსახლეობა მიუვარდა მუსლიმ წინამძღვარს, რომელებმაც მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეჩეთის გაუქმებასა და პარასკევობით პარასკევის ლოცვის ჯგუფურად შესრულების გაუქმებას. აღნიშნული ფაქტი მეორე შემთხვევაა ნიგვზიანის შემდეგ. 

აქვე გაცნობებთ, ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, დღეს 30 ნოემბერს მოცემულ სოფელში ჩვეულებრისამებრ შესრულდება პარასკევის ჯგუფური ლოცვა.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა აღნიშნულმა ფაქტებმა არ მიიღოს სისტემატიური ხასიათი. შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს კონსტუტიციით აღიარებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მხრივ, საქართველოს მოქალქე მუსლიმი მრევლის უფლებების რეალიზება. ვთხოთ, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო რელიგიურ დაპირისპირება.

 

აქვე დავაზუსტებთ, რომ მოცემულ სოფელში ცხოვრობენ სვანეთისა და აჭარის რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნულს ფაქტს კარგად გაანალიზებს საქართველოს ყველა მოქალაქე და თავიდან ავიცილებთ რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაპირისპირებას“.

მძღოლები საქალაქთაშორისო ხაზების კონტროლს ითხოვენ

 ლელა დუმბაძე

 

 

ბათუმში საქალაქთაშორისო ხაზებზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები სამგზავრო გადაზიდვებზე შექმნილ ქაოსურ სიტუაციას აპროტესტებენ.  მძღოლებმა  აქცია დღეს ბათუმის მერიის წინ გამართეს, მათი განცხადებით სხვადასხვა ქალაქებში მომუშავე მძღოლები, თვითნებურად აწარმოებენ მგზავრთა გადაყვანას საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.  „ყველა კუთხეში დგანან და ყველა მიმართულებით დადიან. სადგური არ აქვთ და ზოგჯერ შუა გზაში ტოვებენ მგზავრს, გამოტანებული ტვირთები იკარგება და ჩვენთან ეძებენ მეპატრონები მათ კოორდინატებს. ასამდე მძღოლია შემოსული, ეძებენ მგზავრს კაფეებში, რესტორნებში   არც მგზავრის უსაფრთხოებაა დაცული“.   – განუცხადა „ბათუმელებს” მერიასთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

 

მძღოლები აცხადებენ, რომ სამგზავრო გადაზიდვებს დღეს არცერთი სახელწიფო სტრუქტურა არ აკონტროლებს: „ტრანსპორტის სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს წესით, მაგრამ მიშვებულია პროცესი. უკონტროლო მგზავრთა გადაზიდვები თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და ყურადღებას არავინ აქცევს. ამის გამო გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევებიც, ჩნდება კონფლიქტი მძღოლებს შორის. აუცილებელია ეს პროცესები დარეგულირდეს. თუ მუშაობა უნდათ, ოფიციალურად დარეგისტრირდნენ, გააკეთონ სადგური, გაყიდონ ბილეთები და თუ კონკურენციას გაგვიწევენ, კი ბატონო იარონ“.

მძღოლები ქალაქის მერთან შეხვედრას ელოდებიან.

 

ნახვამდის, უფრო ზუსტად, დროებით!

სესილია, ჩემი ექვსი წლის შვილი, შეიძლება ითქვას, რომ „ბათუმელებში“ გაიზარდა. ერთი თვის წინ მის სკოლასთან მანქანა დაიწვა, სამსახურში მომაკითხა და ამბების მოყოლა ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მე დავიწყებდი,  პირველივე საფეხურიდან. „იცით რა მოხდა? დიდი კვამლი იყო, მანქანა იწვოდა, სასწრაფო იყო, ცეცხლი დიდმა მანქანებმა ჩააქრეს, ბავშვებს შეგვეშინდა, ჩემმა მეგობარმა იტირა, მეც…“ – სწრაფად და სულმოუთქმელად საუბრობდა, ისტორიის მოყოლა რედაქტორის კაბინეტში დაასრულა. მე ვვარაუდობ, რომ სესილიას არჩევანიც რეპორტიორობა იქნება. არ ჩავერეოდი, თუმცა ვისურვებდი, რომ მის კარიერაშიც იყოს ისეთ გაზეთი, როგორშიც მე ვიმუშავე ბოლო ოთხი წელი.

 

 

გამოდის, რომ 11 წელია რეპორტაჟებს ვწერ, უბრალოდ მედიასაშუალებებს ვიცვლი. სამსახურებიდან ძირითადად ჩემი სურვილით მოვდივარ და არასდროს მაქვს განცდა, რომ იქნებ სჯობდა კიდევ დავრჩენილიყავი. `ბათუმელების“ შემთხვევაში კი რაღაც უცნაური განცდა მაქვს. მივდივარ და გულისტკივილი მაქვს. ვტოვებ ქალაქს, სახლს, შვილებს და სამუშაო მაგიდას „ბათუმელებში“, სადაც  დევს ნახევრად შესწავლილი ასობით დოკუმენტი (აქ დოკუმენტის გარეშე არფერი დამიწერია),  ახალნაყიდი ლამფა, ყავის კერამიკულაი მადუღარა ორი ჭიქით, ორი დეკორატიული სანთელი და ერთი აქციდაან წამოღებული პლაკატი, რომელიც იმიტომ წამოვიღე, რომ როცა ამ ორგანიზაციას დახურავდნენ, არ გამეპროტესტებინა. 

 

 

წასვლის წინ გამონაკლისს დავუშვებ და პირად ნივთებს, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, არ წავიღებ, იმიტომ რომ ვიცი, წლების შემდეგ აქ დავბრუნდები. რთულია ამის ხმამაღლა თქმა, შეიძლება დრომ გადააფასოს, მაგრამ ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ შედარებით მნიშვნელოვანი რეპორტაჟების მომზადება სწორედ აქ მოვახერხე. მქონდა დიდი იმედგაცრუებაც, როცა საგამოძიებო წერილებს ვაქვეყნებდით, მინდოდა, რომ შედეგი და ცვლილება დამენახა. ამის ნიშანწყალიც კი არ იყო, მაგრამ აქ ჰქონდათ არგუმენტი, რატომ უნდა გაგვეგრძელებინა და ეს სიმართლე აღმოჩნდა.

 

 

ათასჯერ მომისმენია ჩვენი მისამართით _ „საქმე არ გაქვთ, წერეთ და იკითხეთ“,  „გვაკრიტიკებთ პრემიების გამო, იმიტომ რომ გშურთ“, „ოპოზიცია ხართ“, „გულში მთავრობისკენ ხართ“, „ლიბერტანიალებო“, „გამოკითხვებით მანიპულირებთ“ – ამ ფრაზების ავტორების ერთი ნაწილი უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები არიან,  ნაწილი კი – ოპოზიციის. ბუნებით ცინიკოსი არ ვარ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა დამიცინია გულში პოლიტიკოსისათვის, ზოგჯერ ასეთი ფრაზის გამოც, რომელსაც მაშინ წარმოთქვამენ, როდესც კითხვაზე პასუხი არ აქვთ; როცა პარტიის ოფისში ინტერვიუს ჩასაწერად ვყოფილვარ და მინახავს, როგორი პატივისცემით ექცეოდნენ კოლეგებს დედაქალაქიდან მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქალაქიდან იყვნენ.

 

 

ეს არ გამაღიზიანებდა, რომ არ მომესმინა რეგიონში ერთადერთი ღია ეთერის გადაცემის წამყვანის დაუმსახურებელი კრიტიკა, ან ეთერში რომ არ მენახა, როგორ უყვიროდნენ წამყვანს ადამიანები, რომლებიც თავს პოლიტიკოსს ეძახიან. ჯაბა ანანიძის შესახებ ვსაუბრობ. არადა, თამამად მინდა ვთქვა, მან ქართულ ჟურნალისტიკაში პრეცედენტი შექმნა. ტელევიზიაში, რომელშიც მუშაობდა, მისი მფლობელების წინააღმდეგ გაზეთ „ბათუმელების“ წამოწყებული გამოძიება გააგრძელა და მფლობელების მიერ ტელევიზიის გასხვისების კანონიერებაზე ეჭვი მიიტანა. პრეცედენტი იყო ისიც, რომ ამ ფილმის შემდეგ მან სამსახური შეინარჩუნა, სარედაქციო პოლიტიკა მფლობელებისგან გაიმიჯნა.

 

 

რისი ახსნა მინდა ამით? „ბათუმელებიდან“ იმიტომ კი არ მივდივარ, რომ მეც ზოგიერთი პოლიტიკოსივით ვფიქრობ: თითქოს რეგიონული მედია ნაციონალურს განვითარების დონით ჩამორჩება. პატიოსანი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ შეიძლება ვცდები, მაგრამ ხანდახან პირიქითაც მგონია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში გაზეთი „ბათუმელები“ ყველაზე კარგი გაზეთია. აქ არის მცდელობა მოვლენების ანალიზის, აქ ყველას ყველაფერზე ერთი აზრი არ აქვს, საერთო მხოლოდ ძირითადი ღირებულებებია. აქ შეიძლება არ მოგეწონოს რომელიმე რედაქტორისგან თემის შემოთავაზება და თუ მწვავე კამათის დროს ბოლო არგუმენტი შენია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სხვა თემაზე იმუშავებ.

 

 

თუ ასეთია სივრცეა, რატომ მივდივარ?  ტელევიზიაში დაბრუნება და ცვლილება მჭირდება. ბათუმში ორი ტელევიზიაა, ორივეში მიმუშავია, არც ერთ მათგანში დაბრუნების სურვილი აღარ გამჩენია.

 

 

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ამ ტელევიზიების ბედი სულერთია. ვცდილობდი ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით დისკუსიაში არ ჩავრთულიყავი, თუმცა დიდი ინტერესით წავიკითხავ ინფორმაციას ტელევიზიის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ. ეს ჩემთვის, როგორც ერთი ჟურნალისტისთვის, რეგიონული მთავრობის ტესტია დემოკრატიაზე. იმედს ვიტოვებ, ეს პირი იქნება ის, ვისაც 8 წლის მანძილზე ერთხელ მაინც გაუპროტესტებია მთავრობის მედიაზე გავლენა. ამ ტელევიზიისთვის ბიუჯეტიდან მიღებულ ფულზე უფრო მნიშვნელოვანი ხალხის ნდობაა, რომელიც ჩემდა სამწახუროდ, არასდროს ჰქონია.

 

 

ეს წერილი „ბათუმელებში“ ორშაბათს გამოქვეყნდება. ორშაბათს აქ დიდი თათბირის დღეა. შეიკრიბებიან ცაგო, მანანა, ნანა, ლელა, ეთერი, ირაკლი, ქეთი და შემდეგი ორშაბათის გაზეთს დაგეგმავენ. დაიგეგმება გარემოს, საზოგადოების, ეკონომიკის, სამართლის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვის, ბულვარისა და რევიუს რუბრიკები, ბუნებრივია პოლიტიკაც. ამ დროს მზია კიბეზე აივლის გაზეთით ხელში, მისი გამომეტყველება ალბათ ისევ ისეთი იქნება, „უკეთესიც შეიძლებოდა“ (მზია მენეჯერია), ალბათ ცაგო ისევ ყველაზე ცოტას ილაპარაკებს, ლელას ჩემი გაჩუმება აღარ მოუწევს. მე ამ თათბირის ნაცვლად უკვე ახალ სამსახურში ვიქნები, „ბათუმელებს“ კი, როგორც მკითხველი დაველოდები. 

 

 

ადრე ვწერდი, „ბათუმელებში“ რაც არ გვაქვს, სარკეა-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რატომ არ არის საჭირო ის. გაზეთია საზოგადოების სარკე და თუ ის სარკის ფუნქციას კარგავს, კარგავს კონტაქტს მთავართან. ტელევიზიას, რომელშიც მე გადავდივარ სამუშაოდ, რამდენიმე თვის წინ სარკის ფუნქცია ჰქონდა დაკარგული, ახლა „იმედდთან“ დაკავშირებით იმედი გაჩნდა. 

 

 

მინდოდა მეთქვა ნახვამდის, მაგრამ ალბათ უფრო ზუსტი იქნება – დროებით. როცა საზოგადოების გულგრილობას, ან პირიქით, საზოგადოების მიმართ გულგრილობას აუღელვებივარ, აქ მოვრბოდი, „ბათუმელებში“, რომელსაც ხუმრობით ევროპასაც ვეძახდი. ჰო, მართალა, ჩემი მუშაობიდან 4 წლის შემდეგ რედაქციაში აღარ არის წარწერები სიჩუმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ალბათ აზრი დაკარგა. მოწოდების მიუხედავად, ჩუმად ყოფნა არასდროს შემეძლო.

 

აჭარის მთავრობის საკადრო პოლიტიკა

„აპარატიდან ორი პირის ხელმოწერილი დოკუმენტი გადის, თავმჯდომარის და აპარატის უფროსის. მე რომ არ ვთქვა, სანდოობა ერთადერთი კრიტერიუმია-მეთქი, ხომ არ დაიჯერებთ?“ – ამბობს აპარატის ახლადდანიშნული უფროსი.

 

 

აჭარის მთავრობაში შეიცვალა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. ამ დეპარტამენტს ახლა პარმენ ჯალაღონია ხელმძღვანელობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ყოფილი უფროსი.

 

 

აპარატის ადმინისტრაცია მურმან დუმბაძის თანაგუნდელს ნუგზარ კეკელიძეს ჩააბარეს, მონიტორინგის დეპარტამენტს კი კობა ჩხეიძე ხელმძღვანელობს.

 

 

მასმედიისა და საზოგადოების ურთიერთობათა დეპარტამენტს სავარაუდოდ ნათია სირაბიძე უხელმძღვანელებს, თუმცა ოფიციალურად ეს დანიშვნა ჯერ არ განხორციელებულა. ნათია სირაბიძე, რომელიც ასეთივე სამსახურს ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადასტურებს, რომ მასთან ამ საკითხზე კონსულტაცია მიმდინარეობს.

 

 

ჯერ ისევ ვაკანტურია საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. ზაზა გუმბერიძე, რომელიც ლევან ვარშალომიძის თანაკურსელი იყო, თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე ხაბაძის მოსვლის შემდეგ გადადგა.

 

 

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, რამდენიმე ძველ თანამშრომელს არჩილ ხაბაძემ „ცხრაჯერ შესთავაზა რომ დარჩენილიყო, ასეთები არიან: ქეთი ასამბაძე და ირმა ფარსენაძე, რომელთაც ვარშალომიძის დროს თანაშემწეების პოზიციები ეკავათ, თუმცა მათ კატეგორიული უარი განაცხადეს“.

 

 

მალე აჭარის მთავრობაში კიდევ ერთი ვაკანსია იქნება, პროტოკოლის უფროსი შვებულებაშია და ის სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს.

 

 

აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯალაღონია ამბობს, რომ სამსახურში ახლად მიღებული პირები კანონის თანახმად მოვალეობის შემსრულებლად ინიშნებიან. „საჯარო მოხელეთა შესახებ“ კანონის თანახმად ვაკანსიებზე კონკურსი 2013 წლის მარტამდე უნდა გამოცხადდეს. თუმცა კონკურსი არ ეხება მაღალი თანამდებობის პირებს. ჯალაღონიას განმარტებით, მთავრობის აპარატს აქვს მზაობა, კანონით განსაზღვრულ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადოს.

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯერჯერობით ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. აპარატის უფროსი ლევან ხოზრევანიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. „მითხრეს განცხადება დაწერეო და წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. მითხრეს, დაგასაქმებთო, მაგრამ რისი დამსაქმებლები არიან“ – ამბობს ლევან ხოზრევანიძე.

 

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს. ამ სამინისტროში ორმა მოადგილემ თანამდებობა შეინარჩუნა. ადგილზე დარჩა რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს, 2009 წლიდან მინისტრის მოადგილეა და დევნილთა და განსახლების საკითხებს მეთვალყურეობს. ასევე სავარძელი შეინარჩუნა ნონა გალოგრემ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს, ამ ხნის განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, 2008 წლიდან არის მინისტრის მოადგილე ფინანსურ საკითხებში.

 

 

პროფესიით ექიმი რომან ბოლქვაძე მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იგი სამინისტროში კურირებას გაუწევს ჯანდაცვის დეპარტამენტს.

 

 

მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, ლევან გორგილაძე, აქამდე „ნარკოლოგიურ ცენტრში“, ექიმ ნარკოლოგად, განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად მუშაობდა. გორგილაძე სამინისტროში კურირებას სოციალურ დეპარტამენტს გაუწევს და განახორციელებს აჭარის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მეთოდურ ზედამხედველობას.

 

 

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის ოთხივე მოადგილე შეიცვალა. მოადგილის სავარძლები დაიკავეს: ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც სამინისტროში არასამთავრობო სექტორიდან გადავიდა; ვალერი ბერაძემ სპორტის საკითხებში; ქეთევან მანელიშვილი კულტურის დარგში იქნება მინისტრის მოადგილე, სულიკო თებიძე კი განათლების საკითხებს უხელმძღვანელებს.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსაც ოთხი მოადგილე ჰყავს. მათგან ჯერჯერობით მხოლოდ სამი არის დანიშნული. პრივატიზების საკითხს მოადგილის რანგში სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ყოფილი ფინანსური მენეჯერი დავით ბალაძე უხელმძღვანელებს, საბიუჯეტო საკითხებში მინისტრის მოადგილე ისევ რამაზ ბოლქვაძეა, ასევე მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა პროფესორმა ბესიკ ბოლქვაძემ.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთხივე მოადგილე შეცვალა. ავთანდილ მესხიძე ბათუმის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელია, იოსებ აბულაძე მინისტრის პირველი მოადგილეა, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა სულიკო ბერიძეც, ფერმერთა სახლის ყოფილი კონსულტანტი. მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე როსტომ შერვაშიძეა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ბელორუსიაში ქალაქ მინსკში იყო, იგი შპს Батумский дельфин-ის დირექტორად მუშაობდა.

 

 

ჯერჯერობით, საკადრო ცვლილებები სამინისტროში მხოლოდ მოადგილეებს შეეხო.

1 ლარად გასხვისებული ქონების რევიზია

ბატონო გიორგი, ფინანსთა სამინისტროში მუშაობს კომისია, რომელიც შეისწავლის იმ ხელშეკრულებების მართლზომიერებასა და კანონიერებას, რაზე დაყრდნობითაც გაიცა ქონება 1 ლარად. რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

პირველი ამოცანა ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით კითხვითი ნიშნები არ უნდა დაისვას. ამ კუთხით ბევრი ვიმუშავეთ. გარკვეული ობიექტების ჩამონათვალი არსებობს, რომლებსაც ვადები აქვს დარღვეული და არ არის გამორიცხული, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდეს…

 

ბიზნესიდან მოსული კაცი ვარ, წლებია კომერციული ბანკების ფილიალების ხელმძღვანელი ვიყავი ოთხ სხვადასხვა ბანკში და ჩემთვის პრიორიტეტია – არ უნდა დაირღვეს ინვესტორის უფლება. ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. თუ ინვესტორს ყველაფერი პირნათლად აქვს შესრულებული, კერძო საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს.

ჩვენ, უბრალოდ, რევიზიას ვიწყებთ, ყველაფერს უნდა გადავხედოთ.

 

თქვენ თქვით, რომ არის რამდენიმე ობიექტი, რომლის მეპატრონეც ვერ ასრულებს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. ხომ ვერ დაასახელებთ, რომელ ობიექტებზეა საუბარი?

იურისტთან კონსულტაციებს გავივლი და თუ ეს ინფორმაცია არის საჯარო, მე ვარ საჯაროობის მომხრე. თუ იურისტი მიიჩნევს, რომ ამის გავრცელება კანონთან შესაბამისობაშია, კი ბატონო, დასამალი არაფერია. უბრალოდ, საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენები არიან და ვერც ერთი მინისტრი ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას.

 

კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ, რის გასხვისებასაც საზოგადოება აპროტესტებდა. ვგულისხმობ „სისთემ ინშაათისთვის“ დრამატული თეატრის მიმდებარედ 1 ლარად მიცემულ მიწის ნაკვეთს, გმირთა სკვერს. აპირებთ თუ არა გადახედოთ ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს?

ეგ თემა თავიდან ბოლომდე შესასწავლია, შესაბამისად, აუცილებლად ყველა ხელშეკრულებას გადავხედავთ. ბევრ თემას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგალითად, სასამართლო არბიტრაჟს. მოკლედ, ეს ყველაფერი გადაიხედება, უბრალოდ, ამას უნდა დრო და შესწავლა. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უსამართლობით რაღაც სამართალი დავაკანონოთ, ამიტომ დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ ყველა დეტალი. არ გვინდა არც ბიზნესმენის და არც სახელმწიფოს დაზარალება. ადამიანებს არ უნდა გავუჩინოთ უსამართლობის განცდა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ცინცაძე:

 

რამდენიმე კომპანიას არ აქვს ვალდებულება შესრულებული, შესაბამისად უკვე გვაქვს წარმოების დაწყების ბრძანებები. ერთ-ერთია შპს „საქართველო“ ქობულეთში, რომლის დამფუძნებელიც თემურ ჭყონიაა. არის კიდევ რამდენიმე ობიექტი.

 

თემურ ჭყონიას შემთხვევაში რა ტიპის დარღვევა არსებობს?

ჭყონიასთან დაკავშირებით გვქონდა სამუშაოს დაწყებასა და თანხის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულება. სამუშაოების ვადა დამდგარი იყო, ვალდებულება კი არ ჰქონდა შესრულებული, ამიტომ ხელშეკრულების შესაბამისად დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი საფუძვლები უნდა დადგინდეს. გამოიკვეთება ადმინისტრაციული საფუძვლები – თუ რამე საპატიო მიზეზი ჰქონდა და ამის გამო ვერ შეასრულა, მივიღებთ მხედველობაში, თუ არა ჰქონდა საპატიო მიზეზი, ხელშეკრულება გაუქმდება, ანუ ქონება აჭარას დაუბრუნდება საკუთრებაში. კომპანიას პირგასამტეხლოც დაეკისრება.

 

მხარეს აცნობეთ ამის შესახებ?

ყველას გავუგზავნეთ წარმოების დაწყების ბრძანებები. ვადა აქვთ, რომ თავიანთი მოსაზრებები წარმოგვიდგინონ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილებას განხილვის მერე მივიღებთ.

 

„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლების ახლობლებისთვის 1 ლარად გაცემული ქონების ხელშეკრულებების გადახედვა თუ იგეგმება?

მაგასთან დაკავშირებით სამინისტროში წარმოება იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ დაიწყებოდა, რომ ეს ობიექტები ჩვენს სამინისტროს და არც მთავრობის თავმჯდომარეს არ გადაუცია. ეს საკუთრება პრეზიდენტს აქვს გადაცემული პირდაპირი მიყიდვის წესით. ამასთან დაკავშირებით წარმოების დაწყება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.

 

თემურ ჭყონიას გარდა სიაში რომელიმე სხვა მსხვილი ბიზნესმენიც თუ ფიგურირებს?

ერთ კომპანიას ახალ ბულვარში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, კვიპროსელები არიან. უნდა დაეწყოთ სასტუმროს მშენებლობა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არაფერი დაუწყიათ, ამიტომაც მიმდინარეობს წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე. ასევე სხვა კომპანიას ბენზეში, ჭადრაკის სასახლის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი ჰქონდა. არც მათ აქვთ ხელშეკრულების პირობა შესრულებული. ჩინური ინვესტიციაა კიდევ ერთი, ჩაის ნაკვეთი ჰქონდათ, ქართული წარმოების ჯიშები უნდა გაეკეთებინათ. აქაც არ არის შესრულებული პირობა.

 

ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ისევ „სისთემ ინშათის“ საკუთრებაა?

მიწის ნაკვეთი თეატრთან უკვე აჭარის საკუთრებაა. მის სანაცვლოდ კომპანიას მიწის ნაკვეთი გადაეცა სასტუმრო „რედისონის“ წინ შემოღობილ ტერიტორიაზე. კომპანიას 40-სართულიანი სასტუმროს აშენების პირობა აქვს და ხელშეკრულების პირობებიც დაცულია.

 

სასტუმრო „მარინასთან“ ზარიფა ჰამზაევასთვის 1 ლარად გაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რა ხდებაასრულებს კომპანია ხელშეკრულების პირობებს?

დიახ, მას სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული აქვს. ეს არის აზერბაიჯანული ინვესტიცია. ჰამზაევამ ახლა შპს დააფუძნა და იმ შპს-ში შეიტანა ეგ ქონება საწესდებო კაპიტალის სახით. მას 100-ნომრიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება აქვს აღებული.

ჩემპიონატის დებიუტანტი – „ბათუმი“

მალხაზ დოხაძე: პირადად მე კალათბურთელი არ ვყოფილვარ. 1989 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდს თავკაცობდა ბიძაჩემი ბადრი შამილაძე, ეს ის გუნდია, რომელმაც 21 თამაშიდან 21-ვე მოიგო. სწორედ მან შემომთავაზა, ასე ვთქვათ, ასისტენტობა გამეწია მისთვის. შემდეგ 1993 წელს დაბადებულ ჭაბუკებს ვავარჯიშებდით. ბოლო ორი წელია კი 2000-2001 წლებში დაბადებულთა გუნდს ვხელმძღვანელობთ მე და ედუარდ ტოროსიანი. ის ბიჭები, რომლებიც ახლა ჩვენს გუნდში ირიცხებიან, ადრე სხვადასხვა გუნდებში იყვნენ გადანაწილებულნი, მაგრამ ჩვენ ისინი შევკრიბეთ. შარშან საკალათბურთო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მეხუთე ადგილი დავიკავეთ, წელს კი საქართველოს ჩემპიონატში გვექნება დებიუტი.

 

 

ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, თქვენ დებიუტანტები ხართ. რა მიზანს ისახავთ წლევანდელ გათამაშებაში?

 

 

– ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს აკადემიისა და რუსთავის გუნდის სახით, სხვებიც არიან და იოლი თამაში არავისთან გვექნება. თუმცა ჩვენი ბიჭების მომზადების დონე, ჟინი და მონდომება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხუთეულისთვის ბრძოლას შევძლებთ და მოვხვდებით კიდეც ამ ხუთეულში.

 

 

გუნდში რამდენი კალათბურთელი ირიცხება?

 

 

– განაცხადში 12 მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, მათი 60 პროცენტი დიდი კალათბურთის თამაშს შეძლებს. განსაკუთრებით დიდ იმედებს ვამყარებთ ორ ბიჭზე, გიორგი ოჩხიკიძესა და დათო ჟღენტზე. გიორგი 2004 წელშია დაბადებული და გუნდში ასაკით ყველაზე პატარაა. დათოს რაც შეეხება, ბიჭი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა და უკვე 188 სმ-ია სიმაღლეში. ერთი ჩვენი აღზრდილი, ლუკა მაზიაშვილი კი უკვე „აკადემიაში“ ჩაირიცხა.

 

 

_ სხვებიც გაგვაცანით

 

 

– ზურა გოლეთიანი, ლუკა კუპრეიშვილი, ნიკა მედილიში, ნიკა ჯაიანი, ენრი ფარტენაძე, ვაჟა ხიმშიაშვილი, ნიკიტა ბონდარევი, კახი კინწურაშვილი, რომა პაპაძე და ლევან დევაძე. ეს ის გუნდია, რომლითაც წელს საქართველოს ჩემპიონატზე წარვსდგებით.

 

 

როდის იწყება პირველობა?

 

 

– დეკემბერში ან იანვარში. კონკრეტულად გადაწყვეტილი არ არის.

 

 

შეიძლება ითქვას, ბავშვთა კალათბურთით ძირითადი გუნდის ბაზას ამზადებთ

 

 

– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც ეგაა, რომ თავის დროზე, უმაღლესი ლიგის გუნდმა სათანადო შევსება მიიღოს. აქვე დავსძენ, რომ ძალიან გვეხმარება რჩევებით „ბათუმი-რსუ“-ს მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე. სხვებიც დიდ ყურადღებას გვაქცევენ.

 

 

ვის დაფინანსებაზე ხართ?

 

– ბათუმის სასპორტო სკოლა გვაფინანსებს. ეს იქნება ეკიპირება, შეკრებები თუ შეჯიბრზე გამგზავრება, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ. ზაფხულში ჩვენი გუნდი სურამში იმყოფებოდა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც სპორტსკოლამ დაგვიფინანსა. ტრაპიზონის სპორტულ კლუბ „იდმანოჯაგისთან“ მოვილაპარაკეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით მათთან ჩავალთ, ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გავივლით და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც გავმართავთ, რაც ჩვენს გუნდს დამატებით გამოცდილებას შესძენს.

დასავლეთი გაერთიანდა

ამხანაგურ ტესტ-მატჩებში მონაწილეობა 40-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. როგორც სამივე გუნდის თავკაცებმა განაცხადეს, ასეთი ტიპის შეკრებები ხშირად გაიმართება, რაც სპორტსმენთა დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. უახლოეს დღეებში უკვე ბათუმელები გაემგზავრებიან ფოთში, სადაც დასავლეთ საქართველოს ყველა გუნდი შეიკრიბება.

აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აკაკი ცენტერაძის განცხადებით, თურქების სტუმრობის შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა ბათუმში ერთობლივი შეკრების გავლის სურვილი. „ამ ეტაპზე არის სამი ქვეყანა, რომლებმაც ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ“, – აღნიშნა ცენტერაძემ.

„თავისუფლები“ მედლებს აგროვებენ

რამაზ თურმანიძე (35), ალეკო გოგობერიძე (-42), გურამ კუნჭულია (-46) და თენგო სურმანიძე (50) ჩემპიონები გახდნენ. მეორე ადგილზე გავიდნენ გრიგორი კეკიეშვილი (-32), ლევან ღოღობერიძე (-42) და ჯონი დიასამიძე (-53).

გუგა შეშელიძემ (29), თორნიკე დიასამიძემ (32), კახა შავაძემ (-38) და ნიკა კაკაბაძე (46) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში პირველად მონაწილეობდა სომხეთის ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ბათუმს 24-კაციანი გუნდით ეწვია და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ხიფათი ნაგვის ურნებიდან

ბოსტნეულის ნაფცქვენები, პამპერსები, ფერადი პარკები და ნაგვის ნარჩენები  შარაბიძეების დასახლების შესასვლელთან ცენტრალური მაგისტრალის მეორე მხარესაა მიმობნეული. ერთ მხარეს კი ორი თუნუქის კონტეინერი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით თითქმის სავსეა. ოდნავ მოშორებით განთავსებულ კიდევ ერთ კონტეინერთან ძროხებისა და ძაღლების სიმრავლე შეიმჩნევა. ისინი ამ კონტეინერიდან იკვებებიან.

 

ნაგვის კონტეინერების უკანა მხარეს კორპუსებია, რომლის ეზოშიც ხშირად თავს იყრიან იქვე მცხოვრებნი, ხშირად იმ ძროხების პატრონებიც, რომლებსაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვთ, ან დიქტოფონთან საუბარი არ უნდათ. – ასეთ სურათს შარაბიძეების დასახლების შესასვლელთან ყოველდღე ნახავთ.

 

თითქმის იგივე სიტუაციაა ხოფის დასახლებასა და ქალაქის სხვა გარეუბნებშიც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი ეს საკითხი შედარებით მოწესრიგებულია. 

 

მოსახლეობა ამბობს, რომ ზოგჯერ არც კონტეინერის ირგვლივ ყრია ნაგავი და კონტეინერს თავსახურიც ახურავს, მაგრამ ნაგვის სუნი კორპუსებამდე მაინც აღწევს. „ხშირად ამ კონტეინერებს იმდენად ბევრი მწერი ესევა, რომ  ახლოს მისვლაც შეგეშინდება“. – ამბობს ხატია დიასამიძე. მისი თქმით, იყო შემთხვევებიც, როცა გავსებული კონტეინერიდან ნაგავი სამი დღის განმავლობაში არ გაუტანიათ, რამაც ეზოში სუნი და მწერების მომრავლება გამოიწვია: „ცხელ ხაზზეც დავრეკეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით“.

 

„ჩვენ თვითონაც ცუდად ვიქცევით, ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა, ხალხს პირდაპირ ვედროთი გამოაქვს ნაგავი და კონტეინერში ასე ყრის. არ შეიძლება პარკში შეაგროვო და ისე მოათავსო კონტეინერში? ან რომ ჩაყრი, თავი დაახურო კონტეინერს? – მაგრამ ჩვენ არაფერი გვეშველება. ამას რომ ვამბობ, კიდევ კარგი არ ესმით, თორემ აქეთ შემომედავებიან, რას ლაპარაკობო. აბა, იმ პატიოსან ხალხზე რა უნდა ვთქვა, კი აგვიანებენ ხანდახან ორ და სამ დღეს არ მოდიან, მაგრამ ჯერ ჩვენი ვთქვათ და მერე სხვისი“, – ამბობს მურად შარაბიძე.

 

სპეციალისტების განმარტებით, კონტეინერი მეორე, სუფთა კონტეინერით ჩანაცვლება მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა ხდებოდეს, აუცილებელია ყოველდღიურად ირეცხებოდეს სატვირთო მანქანებიც, რომლებითაც „სანდასუფთავებას“ კონტეინერებში შეგროვილი ნარჩენები ნაგავსაყარზე გააქვს.

 

„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული ნაგავსაყარი. არსებულ ნაგავსაყარზე კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ამიტომ იქ შესული მანქანა გაურეცხავად და საბურავების სპეციალურ გამწმენდზე შემოწმების გარეშე ქალაქში არ უნდა გამოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ ამ მანქანების საშუალებით რაიმე დაავადება გავრცელდეს“. – ამბობს გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ კონცელიძე. 

 

ქალაქის დასუფთავებისთვის მერიის 2012 წლის ბიუჯეტში 6 მილიონ 479  ათასი  ლარია გათვალისწინებული. სანდასუფთავების მუშაობას კი მერია  მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით აკონტროლებს. ამ სამსახურის თანამშრომლის თამაზ ველიაძის თქმით, გარეუბნებში დასუფთავების პრობლემა დგას, თუმცა სპეციალისტი „ბათუმელებთან“ ყურადღებას პრობლემის მიზეზებზე ამახვილებს: „გასულ წელს მხოლოდ იმ კონტეინერების რეცხვას ახერხებდნენ, რაც ქალაქის ტერიტორიაზეა განთავსებული. შემოერთებულ ტერიტორიებსა და გარეუბნებში განთავსებული კონტეინერების რეცხვას კი ვეღარ ასწრებდნენ, რადგან ტერიტორიების შემოერთებასთან ერთად სამსახურს საქმე მოემატა, გაიზარდა მოცულობა და გასატანი კონტეინერების რიცხვიც“.

 

 თამაზ ველიაძის თქმით, ზოგ შემთხვევაში მათი რეცხვა სამ თვეში ერთხელ ხერხდებოდა, რაც საკმარისი არ არის, მაგრამ მათ მეტს ვერ მოსთხოვდნენ, რადგან შესაბამისი სახსრები გათვალისწინებული არ ჰქონდათ: „მომავალში ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

 

„სანდასუფთავების“ ფინანსური მენეჯერის ნარგიზ ფალავანდიშვილის განმარტებით კი მათი სამსახური იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე ეს ტენდერის პირობებითაა გათვალისწინებული: „ჩვენ გვაქვს პირობა, რომ შეგროვილი ნარჩენები დღეში ორჯერ გამოვიტანოთ, მაგრამ როცა ამის საჭიროება არის, მესამედაც გავდივართ. კარგი იქნება, თუ მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც შეეხებით, რადგან ხშირად ნაგვის ურნამდე მიტანაც არ უნდათ და პარკებით სადარბაზოსთან ტოვებენ. რაც შეეხება კონტეინერებს – მათ მონაცვლეობით ვრეცხავდით, რადგან როცა კონტეინერს გასარეცხად წამოიღებ, მის ნაცვლად სხვა უნდა დატოვო. საკმარისი რაოდენობის კონტეინერი კი არ გვქონდა. ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ტენდერი გამოვაცხადეთ, რაც დროში გაწელილი პროცესია. ამჯერად უკვე გვაქვს საკმარისი რაოდენობის კონტეინერი და გარეუბნებშიც სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, მაგრამ მოსახლეობის მიდგომაც უნდა შეიცვალოს“.

 

ბათუმის საკრებულოს 2012 წლის იანვრის დადგენილებით, ქვეითად მოსიარულეების მიერ ან ავტოსატრანსპორტო სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრა მოქალაქის 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ბულვარში, პარკსა და სკვერში ნარჩენების დატოვებისთვის  ფიზიკური პირი 50 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით უნდა ჯარიმდებოდეს. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმები უნდა გაორმაგდეს. ამ დადგენილების აღსრულება მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობებშია. 

 

გარემოს დამცველების ინფორმაციით შესაცვლელია სანდასუფთავების მიდგომებიც. გასულ წელს ეს სამსახური გარემოს დაცვის სამმართველოს შუამდგომლობით არსატანდარტული მუშაობისთვის დაჯარიმდა.  

რა კავშირი აქვს მადრიდის „რეალს“ ბათუმის „დინამოსთან“

ირაკლი დარცმელიძე



ბათუმის „დინამო“ უკვე რამდენიმე წელია სტადიონის გარეშეა დარჩენილი. წლებია საუბრობენ, რომ ბათუმს სტადიონი სჭირდება, იქნება, აშენდება და ასე შემდეგ, მაგრამ სავარაუდო ადგილების გამოყოფის გარდა, კონკრეტულად არაფერი გაკეთებულა.

 

 

ბათუმის სტადიონის მაკეტი
ბათუმის სტადიონის მაკეტი

 

 

„დინამო“ საშინაო მატჩებს ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ მართავს. რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, რომ ახალი სტადიონი თითქოსდა ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

 

 

„ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში სტადიონის აშენების სურვილი ერთ-ერთმა ესპანურმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა:

 

 

„საქართველოში ჩამოვიდნენ ესპანური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ჩემთან შეხვედრა ითხოვეს. როგორც მითხრეს, მათი კომპანია მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ამ კომპანიამ შეადგინა ბათუმის სტადიონის პროექტი, რომელიც მაჩვენეს და მომეწონა. საუბარია 30-ათასიანი, ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე, თავისი სათადარიგო მოედნით, სპორტული კომპლექსითა და დასასვენებელი პარკით.  ეს არის კერძო შემოთავაზება, ესპანელებს დავაკავშირებ იმ ხალხს, ვის კომპეტენციაშიც შედის სტადიონის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ბათუმში სტადიონი რომ უნდა აშენდეს და ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული უნდა იყოს, ეს უდავოა“. – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

 

 

„ბათუმელები” ინფორმაციის გადამოწმებას აჭარის ფეხბურთის ფედერაციაშიც შეეცადა, თუმცა, „რეალის“ თავკაცის ბათუმით დაინტერესების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სტადიონი ადლიაში აღარ აშენდება და ის ქალაქში განთავსდება. თუ კონკრეტული სად, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.



აქცია მაჭახელში ჰესის მშენებლობას წინააღმდეგ

 

 

შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ
შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

 

 

 

 

მაჭახლის ხეობაში მოსახლეობა მდინარე მაჭახელაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ დღეს სოფელ აღმართის საჯარო საკოლაში  საპროტესტო აქცია მოაწყეს და მთავრობას პროექტის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. აქციას ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე ხელმძღვანელობდა. მანვე წაიკითხა სპეციალური მიმართვა, რომელითაც მაჭახლელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და გარემოს დაცვის სამართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძეც ავიდნენ.   მაჭახელაში მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დაპირება, რომ პროექტი შეჩერდება. ამ ხეობაში ორი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიცა.

აქციის მონაწილეებმა შემდეგი მიმართვა გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის:

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ახლი პარლამენტი და ახლად არჩეული მთავრობა დროულად, ობიქტურად და სწორად შეაფასებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა სახის კაშხლების მშენებლობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსების გაუთვალისწინებლად მუშაობს ორ პროექტზე მდინარე მაჭახელაზე: 22 მგვტ. „მაჭახელა 1“ ჰესისა და 20 მგვტ „მაჭახელა 2“ ჰესზე. ფონდის ვარაუდით, მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, ჯამური დადგმული სიმძლავრე უნდა იყოს 42 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 250 GWh.

მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით ამ პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელაზე. მაჭახელის ხეობა წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ყველაზე მაღალმთიან ბიომრავალფეროვნების უნიკალურობით და მაღალი ხარისხით გამორჩეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. მჭიდროდ დასახლებული სოფლები, ძირითადად, გაშენებულია მთის ფერდობებსა და მდინარე მაჭახელას გასწვრივ.

ხეობის მოსახლეობამ უძველესი დროიდანვე მდიდარი კლტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა შექმნა. აქ დამზადდა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი „მაჭახელას“ სახელწოდებით, აიგო მრავლი ციხესიმაგრე, დღემდე მნახველთა განცვიფრებას იწვევს აქ არსებული მარან-საწნახლები, მოქმედი ქვისთაღიანი ხიდები და სხვა.

ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია მდინარე მაჭახელა, რომელიცსათავეს თურქეთის სახელმწიფო საზღვრებიდან იღებს. მდინარე მაჭახელაში ტოფობს, ანუ ქვირითობს საქართველოს შავი ზღვის თევზის ენდემური სახეობა ორაგული (კალმახი), რომელიც  წითელ ნუსხაშია შეტანილი. სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ხეობის დიდი ნაწილი 2012 წლის მაისიდან გამოცხადდა ეროვნულ პარკად. ჰესების მშენებლობა გამოიწვევს მდინარე მაჭახლის გაქრობას, ეროზიულ პროცესების გააქტიურებას, მოსახლეობის ტარდიციული ცხოვერების წესის შეცვლას, ადამიანის საარსებო გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტული ფასეულობების მოშლას და ამ უნიკალურობის გაქრობის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობის ნების საწინაღმდეგოდ ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, რომელიც, ჯერჯერობით, არაა დაწყებული. ვითხოვთ, დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა“.

კანონი გარემოს წინააღმდეგ

ბოლო ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ხე-ტყის უკონტროლო ჭრას აპროტესტებს. ტყე დაუცველი მას შემდეგ დარჩა, რაც კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ხე-ტყის მოჭრაზე შეზღუდვები მოიხსნა.

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №366 2012 წლის 6 სექტემბრით თარიღდება. ამ დადგენილებით ცვლილებები შევიდა  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში.  ცვლილებების შედეგად გაუქმდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ასევე საშეშე ხე-ტყის 1-ელ მეტრამდე კოტრებად დაჭრის ვალდებულება, სამასალე მორის მარკირება, დაფირნიშება, სახერხი საამქროს რეგისტრაცია და შესაბამისი ელექტრონული ანგარიშგების წარმოება,  ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა 2 თვიდან 1 წლამდე გაიზარდა. ამასთან,  შესაძლებელია სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის კომერციული მიზნით გამოყენება. ცვლილება შეეხო  ლიცენზიანტებსაც.  გაუქმდა  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და სპეციალური ფირნიშით მარკირების ვალდებულება.

 

 

„დღეს ადამიანს შეუძლია აიღოს ბილეთი, მოჭრას ნებისმიერი ხე, რომელიც მოენდომება და რამდენს მოჭრის, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ფაქტობრივად, უკვე დავიწყებული ერთწლიანი ლიცენზია აღდგა, როგორიც იყო 90-იანი წლების დასაწყისში და  კონტროლის ყველა მექანიზმი მოისპო. ახალი მექანიზმები კი ჯერაც არ შექმნილა. მოხდა ისე, რომ რაიონებში 6-7 წლის განმავლობაში გაჩერებული უკანონო ჭრა და სახერხები, რომლებიც უკანონოდ მოპოვებულ სამასალე მერქანს ამუშავებდნენ, ახლა პრაქტიკულად ყველა რაიონში დაიქოქა და ამუშავდა. უკონტროლო ჭრებს ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ, ჯერ ერთი, შეშის დამზადების სეზონია, ზამთარი ახლოვდება, ხალხი ცდილობს, მოიმარაგოს, გაისად კაცმა არ იცის, რა იქნება“, – ამბობს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში პროცესსს შესაძლოა ხელს ადგილობრივი ხელისუფლებაც უწყობდეს. „ჩვენ გვიკავშირდებიან სხვადასხვა რაიონებიდან და გვაწვდიან ერთნაირი ტიპის ინფორმაციას: იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს ჭრას,“ –  ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

 

 

როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა? ენერგეტიკის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც არის დღემდე ბუნებრივი რესურსები, აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაბრუნების პროცესი. როდის დასრულდება ეს პროცესი, ამ გარდამავალ პერიოდში როგორ გაკონტროლდება ხე-ტყის უკანონო ჭრა და რას აპირებს  გარემოს დაცვის სამინისტრო  ამ მიმართულებით, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ.

 

 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები  ერთობლივად მუშაობენ საკანონმდებლო სივრცის შესაცვლელად.

 

 

„ვმუშაობთ, რომ  ის მარეგულირებელი აქტები, რომლებმაც გაათავისუფლეს ხე-ტყე კონტროლისაგან, დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს უნდა გაკეთდეს შემდეგ კვირას,“ – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ „ბათუმელებთან“.

 

 

დადგენილებების გაუქმებაში ხედავს გამოსავალს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილიც.

 

 

„მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს ეს დადგენილებები და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელიც ქმნის საფუძველს, რომ განუკითხავად მოიჭრას ტყე რაიონებში. ახლა სიტუაციას  ამძიმებს ის გარემოებაც, რომ გაცხადდა ახალი მთავრობის პოზიცია:

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ბუნებრივი რესურსების სააგენტო და კონკრეტულად სატყეო სექტორის მართვა, გადავა ენერგეტიკის სამინისტროდან გარემოს დაცვის სამინისტროში. ამას კი პროცედურებისა და კანონის შესაბამისად, გარკვეული დრო სჭირდება. არ ვიცი ვერ აკეთებენ, თუ არ აკეთებენ, რაღაც სტაგნაციაში არიან. ენერგეტიკის სამინისტროს ამისთვის არ სცალია, გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიულადაც არ მიუწვდება ხელი, რომ რეაგირება მოახდინოს. სატყეო დეპარტამენტის ახალ სტრუქტურაში კი იგივე მოხელეები მუშაობენ, ვის პასუხისმგებლობასაც არის თუნდაც ზემოხსენებული დანაშაულებრივი ცვლილებები ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დღეს არსებული სრულიად უვარგისი სტრუქტურა. მოსახლეობა და სახერხები კი, როგორც ჩანს, რასაც მოასწრებენ ამ ზამთარში, გაჩეხავენ“, – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

 

 

რით იყო განპირობებული და რატომ გახდა აუცილებელი ამ ცვლილებების შეტანა დადგენილებებში? მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხე-ტყის უკონტროლოდ მოჭრის თემა ისტორიულად წინასაარჩევნოდ აქტიურდება. ამის დასტურად 2003 წლის არჩევნებს იხსენებს და ამბობს, რომ 2003 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა არჩევნები ადიგენში სწორედ ამის გამო წააგო:

 

 

„ახლაც, ამ ცვლილების ერთ-ერთი ინტერესი ნამდვილად იყო ის, რომ ხალხის გული მოეგოთ, ეს არის ცნობილი  საარჩევნო ტექნოლოგია, როდესაც ეუბნებიან ხალხს, რომ თქვენ რაც გინდათ, ის მოჭერით, ოღონდ ხმა მომეცით. სხვათა შორის, ამ მეთოდით თვითონ მერაბიშვილმა წააგო არჩევნები ადიგენში“.                    

 

 

უნივერსიტეტში თვალთვალი გრძელდება

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში კამერები გამოჩნდა, რამდენად გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი? – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ხალვაში ამ შეკითხვას ასე პასუხობს: „ვერ გეტყვით, რომ კამერების დამონტაჟების შემდეგ სრულად გამოსწორდა სიტუაცია, ვიდეომონიტორინგი ერთ-ერთი გზაა პრობლემების მოსაგვარებლად, გარკვეულ შედეგზე მომავალში უფრო გავალთ. ვიდეომონიტორინგის მეშვეობით, იმედია, მალე „შპარგალკებსაც“ აღმოვფხვრით. გარკვეული შედეგი უკვე გვაქვს, სტუდენტები აღარ მოდიან გამოცდაზე გადაწერის იმედით, ლექციებზე აღარ ერთობიან ჟურნალების თვალიერებით და ტელეფონის აწყობით.

 

პროფესორებმა აბსოლუტურად სახე იცვალეს ვიდეოკამერების დაყენების შემდეგ, ვფიქრობ, სტუდენტების დიდმა ნაწილმა სწორედ დაინახა, რა იყო კამერების დამონტაჟების მიზანი. კამერების დამონტაჟების მიზანი მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა. 534 აუდიტორიაა ჩვენს უნივერსიტეტში და მხოლოდ 34-შია კამერა, დიდ აუდიტორიებში და საგამოცდო ცენტრებში, 30 კამერა კი დერეფნებშია დამონტაჟებული“. 

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტი გამონაკლისი არ არის, სადაც ვიდეომონიტორინგი ხორციელდება. „თურქეთის თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში განთავსებულია ვიდეოკამერები, ასევე ტალინის უნივერსიტეტის ყველა აუდიტორიაშია. ტალინში ვიზიტისას ჩვენმა კოლეგებმა მათ ჰკითხეს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს კამერები, ღიმილით გვიპასუხეს, რომ ზუსტად ის მიზანი ჰქონდათ, რაც ჩვენ გვაქვს – სწავლის ხარისხის გაუმჯობესება“.

 

რამდენად სწორად მიაჩნიათ სტუდენტებს ვიდეომონიტორინგი უნივერსიტეტში და მიიჩნევენ თუ  არა, რომ კამერებმა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე იმოქმედა? „ბათუმელები” სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობის კანდიდატებს ესაუბრა, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. მათი უმეტესობა უნივერსიტეტში კამერების არსებობას უარყოფითად აფასებს, ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ ვიდეომონიტორინგი არ უნდა ხორციელდებოდეს ხმის ჩაწერით.

 

გოჩა სურგულაძე: „ჩემი აზრით, კამერების დამონტაჟება განპირობებული იყო პოლიტიკური სიტუაციიდან და მას არავითარი კავშირი არა აქვს სწავლის ხარისხთან. ლექტორების შემოწმება თუ უნდოდათ, მაშინ შეემოწმებინათ, როცა სამსახურში აჰყავდათ. კამერებმა დააკომპლექსა სტუდენტებიც, სწავლის ხარისხი არანაირად არ ამაღლებულა. გამოცდების დროს ვიდეომონიტორინგი საჭიროა, თუმცა ამისთვის არსებობს საგამოცდო ცენტრები. მე ვაპირებ ბრძოლას კამერების მოხსნის მოთხოვნით როგორც რიგითი სტუდენტი და თუ სტუდენტები მხარს დამიჭერენ, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე.“

 

გულო თურმანიძე, რომელიც ასევე სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატია, ამბობს, რომ პირადად მას ვიდეომონიტორინგი ხელს არ უშლის, თუმცა საკმაოდ ბევრ სტუდენტს  უქმნის დისკომფორტს: „ვიდეოთვალის საჭიროებას პირადად მე ვერ ვხედავ. თუმცა  რაღაც პრობლემები მოაგვარა, თუნდაც ის, რომ სტუდენტი კარებს ფეხით აღარ აღებს ლექციაზე შესვლისას. თვითმმართველობის პრეზიდენტი თუ გავხდები, სტუდენტთა უმრავლესობის სურვილს გავითვალისწინებ და იმ მოთხოვნას დავაყენებ დღის წესრიგში, რაც მათ ექნებათ“, – ამბობს  იგი. 

 

ლევან დუაძე კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ვიდეოკამერებს ახლავს მოსასმენი აპარატები: „ეს კანონდარღვევაა. მე დაცვის კაბინეტში მაქვს მოსმენილი ჩანაწერი. ტყუილია, როცა გვეუბნებიან არ ისმინებაო. თუ გარკვეული ლექციის ჩაწერა შეუძლიათ, ესე იგი უსმენენ ყველას, რადგან ყველა კამერა მთლიან სისტემაშია ჩართული, თუ ერთს ჩართავენ, ავტომატურად ირთვება ყველა. კამერები არ ემსახურება არც ხარისხის გაუმჯობესებას და არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვას, მხოლოდ გასაკონტროლებლად იყენებენ მას. 64 ათასი დაიხარჯა ვიდეოკამერებში, როცა ამ თანხად მართლა შეეძლოთ ხარისხის გაუმჯობესება, თუნდაც წიგნების შეძენით, ლექტორების მოწვევით და მოქმედი ლექტორების გადამზადებით. შიშით სწავლის გაუმჯობესება არ ხდება, მოიყვანონ ბარემ ზონდერბრიგადები და ავტომატები მოგვიშვირონ, მაშინ უფრო უკეთ ვისწავლით.

 

უნივერსიტეტი არ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, უნივერსიტეტმა თავისუფალი ახალგაზრდები უნდა აღზარდოს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფოს მმართველები გახდებიან. კამერების დამონტაჟება არის სისულელე. ბევრი დააჯერეს, რომ ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, მაგრამ უმეტესობას არ გვჯერა. ვიცით, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი. მე ამ საკითხს დავაყენებ აქტიურად. კამერები უნდა მოხსნან, თუ უნდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადასცენ, ჩვენ იარაღი არ გვაქვს და ტერორისტები არ გვყავს, რომ საჭირო იყოს მსგავსი კონტროლი“.

  

ხმის ჩაწერის უკანონობაზე საუბრობს ზურა მესხიძეც, თუმცა იგი ფიქრობს, რომ ვიდეომონიტორინგი საჭიროა: „თუნდაც ლექტორების გასაკონტროლებლად, ზოგიერთი ლექტორი ლექციაზე ტყუილად შედიოდა აქამდე. ლექციაზე კარტს თამაშობდნენ სტუდენტები, მართალია შიშის მეშვეობით შეძლეს ამის აღმოფხვრა, მაგრამ რამე გზით ხომ უნდა შეეცვალათ ეს მდგომარეობა. არ მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა, თუმცა უსაფრთხოებისთვის საჭიროა. კამერები აღარ უნდა მოიხსნას თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი თანხაა დახარჯული. ლექციაზე ნახონ როგორ ვსწავლობთ, მთავარია აუდიომონიტორინგი არ მიმდინარეობდეს, ეს ფაქტი გვაეჭვებს და გვგონია, რომ ხმას ისმენენ, ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევაა.“

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ სტუდენტების ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაცია სტუდენტებს უსმენს, უსაფუძვლოა: „ეს გამორიცხულია. ნებისმიერ დროს მოიყვანონ საუკეთესო სპეციალისტი და შეამოწმონ, თუ მიმდინარეობს ხმის ჩაწერა. რატომ უნდა მოვუსმინოთ სტუდენტებს? დამონტაჟებიდან მხოლოდ ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხმის ჩაწერა, უსმენდნენ პროფესორებს, თუ როგორ კითხულობდნენ ლექციებს, ახლა ლექციის ჩაწერა ხდება მხოლოდ პროფესორთან შეთანხმებით. ამ ეტაპზე ჩაწერილი გვაქვს ანზორ დიასამიძის და ვლადიმერ ბალაძის  ლექციები, რომელიც „ბსუ“-ს საიტზეც დევს და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

ღალატის ბრალდებით დაკავებულის ცხოვრება – გოჩა თავდუმაძის საქმე

გოჩა თავდუმაძის დაკავება მედიამ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ფართოდ გააშუქა. მაშინ პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულის ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს მოსასმენი აპარატურა და ეჭვმიტანილი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაშია ბრალდებული. საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ თავდუმაძე დრამატულ თეატრსა და სხვა დაწესებულებებში 80 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ვიზუალური კონტროლის, ვიდეოჩამწერი და სხდომების წასაყვანი აპარატურის მითვისებაში დაადანაშაულა. საქმის მასალებში თავდუმაძე მოხსენიებულია, როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახურის დანაყოფის უფროსი.

განსასჯელი ამბობს, რომ გათავისუფლების დროს შემდეგი პირობები წაუყენეს – არ ელაპარაკო ჟურნალისტებს, არ წახვიდე რუსეთში… გოჩა თავდუმაძე 8-წლიან დუმილს არღვევს და ყვება იმაზე, თუ რატომ დააკავეს, როგორ გაათავისუფლეს, როგორ აიძულებდა პროკურატურა უფასო შრომას:

დაკავების დროს თქვეს, რომ მანქანის საბარგულში მქონდა მოსასმენი აპარატურა, გადამცემები, მაშხალა და ვმუშაობდი რუსეთის სასარგებლოდ. 24 საათი ვყავდი პოლიციაში. მათ ვეკითხებოდი, ვიყავი თუ არა დაკავებული. მეუბნებოდნენ, რომ არა. ვეკითხებოდი – შეიძლება წავიდე? მეუბნებოდნენ – არა. 29 ნოემბერს, დაკავებიდან 48 საათში, სასამართლოში მიმიყვანეს. უნდოდათ პოლიტიკური მუხლის წაყენება – სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა, მაგრამ შემდეგ შეცვალეს მუხლი.

საქმე ჩქარი ტემპით შეკერეს და იმდენად ბევრი შეცდომაც დაუშვეს, რომ ოთხმა მოსამართლემ თქვა უარი საქმის ბოლომდე მიყვანაზე. შესაბამისად, ამ დრომდე არ გავუსამართლებივარ.

9 თვეს ვიჯექი ციხეში, აქედან ერთი თვე ვიყავი სამინისტროში, კანონით სამინისტროში მხოლოდ 3 დღეს უნდა დავეტოვებინე… მათ ვუხსნიდი, რომ გაცილებით ადვილია ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტით და ამ საქმეს გადამცემი არ სჭირდება. 9 თვის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა მემუშავა: ბათუმში ჩამოდიოდნენ უკრაინის, აზერბაიჯანისა და ჩვენი პრეზიდენტები. შეხვედრა თეატრში იმართებოდა. სინქრონული თარგმანი და მიკროფონების გამართულად მუშაობა უზრუნველვყავი ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ ციხეში აღარ დავუბრუნებივარ.

  • თქვენ თქვით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავდაცვისა და შს მინისტრებისგან მიიღეთ შეკვეთა. რა სამუშაო შეასრულეთ?

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თითქმის ორი წელი ჩემთვის ხელი არ უხლიათ. წვრილ-წვრილ დაკვეთებს ვიღებდი კერძო სახლებში.

ერთ დღესაც დამიძახეს ბაჩო ახალაიასთან, ახალი დანიშნული იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. ეს ომის შემდეგ იყო. ახალაიამ როდესაც გაიგო, რომ ღალატის მუხლით დამაკავეს, თავის მოადგილესთან გადამამისამართა. მათ უნდოდათ რადიოსიხშირე გაეკონტროლებინათ – მაღალ მთებზე სპეციალურ რეტლანსლატორებს ვაყენებდი.

დეტალურად არ შემიძლია იმის თქმა, რაც თავდაცვის სამინისტროში გავაკეთე – საიდუმლო ინფორმაციაა.

რადიოსიხშირეზე ლაპარაკი ექვემდებარება კონტროლს. ვინც არასანქცირებულად იყენებს რადიოსადგურებს, კანონს არღვევს. არის სპეციალური სკანერები, რომლითაც ეს კონტროლდება.

  • ბათუმის იუსტიციის სახლში რა პროექტი დაგიკვეთათ ხელისუფლებამ?

იუსტიციის სამინისტროში დავამონტაჟე აპარატურა, რომელიც ინტერნეტით მშენებლობის კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა. იძულებული ვიყავი, ჩემი ძირითადი სამუშაო მიმეტოვებინა, მაშინაც პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს – თუ არ გინდა დაგაკავოთ, მიდი, იმუშავე.

  • იცით ვინც გირეკავდათ?

არასდროს შევხვედრივარ იმათ, ვინც მირეკავდა. საჭირო მასალებს სამუშაო ადგილზე მახვედრებდნენ. იუსტიციის სახლის შემთხვევაში კი საქმის პროკურორმა დამირეკა – ფრიდონი ერქვა. მითხრა რა უნდა გამეკეთებინა. სამუშაოზე წასვლა მხოლოდ იმიტომ არ მინდოდა, რომ ვმუშაობდი იმ სასტუმროში, რომელიც სტადიონის ადგილზე შენდება. პრეზიდენტმა დაათვალიერა ეს სასტუმრო, რის შემდეგაც მითხრეს, რომ იმავეს გაკეთება უნდოდათ იუსტიციის სახლზეც.

  • შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ იუსტიციის სახლზე იმუშავეთ?

რანაირად ვერ დავამტკიცებ. ის ვერ დავამტკიცე, რომ უმაღლეს საბჭოდან აპარატურა ნებართვით გავიტანე – მითხრეს, რომ მოვიპარე და მორჩა.

  •  იუსტიციის სახლზე მუშაობის შემდეგ თანხა გადაგიხადეს?

არა. იქ თურქული ფირმა მუშაობდა და სხვებიც, მე თითქოს რჩევებს ვაძლევდი.

  • ანუ საქმე თქვენ შეასრულეთ, მაგრამ ფული სხვამ მიიღო?

შეიძლება მიიღეს კიდეც ან არც მიუღიათ. ბუღალტერიაში არ ჩამიხედია. ისე, თავიდანაც მგონი იმის გამო დამაკავეს, რომ უფასო მუშაობაზე უარი ვთქვი.

  • რას გულისხმობთ?

რევოლუციის შემდეგ ლევან ვარშალომიძემ შემომთავაზა მუშაობის გაგრძელება. მე დავთანხმდი და 4 თვე, ნოემბრამდე ვმუშაობდი. გაფორმებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ტექნიკა მე მებარა. ერთ დღესაც ვარშალომიძის დაცვის უფროსმა, კაზაზიშვილმა გადმომცა, – ლევანმა თქვა, 170 ლარად იმუშავოსო. მე ამ თანხის სანაცვლოდ მუშაობაზე უარი ვთქვი. ორ დღეში დამაკავეს.

  • იყავით ეჭვმიტანილი სახელმწიფო ქონების მითვისებაში, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან იღებდით შეკვეთას?

ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ამ ამბების შემდეგ მე ლევან ვარშალომიძის სახლშიც ვმუშაობდი. საშხაპის შუშის გამოსაცვლელად წამიყვანეს.

  • ბევრი ადამიანი დააპატიმრეს, ბევრიც საპროცესოთი გაათავისუფლეს. თქვენ რატომ მოგექცნენ განსხვავებულად, ასეთი განუმეორებელი სპეციალისტი ხართ

არ ვიცი, შეიძლება მათ მოვწონდი. არც იმას ვიტყვი, რომ მე დეფიციტური სპეციალისტი ვარ… შეუცვლელი სპეციალისტი არ არსებობს – ხვალვე შეიძლება ჩემნაირი სპეციალისტის ნახვა სუფთა წარსულით, მე ხომ პატიმარი ვიყავი.

  •  თქვენ თქვით, რომ სინქრონულად იწერდით უმაღლესი საბჭოს სხდომების მიმდინარეობას, ამის დოკუმენტი თუ არსებობს?

აპარატურა, რომლის მითვისებაშიც მე დამდეს ბრალი, პირადად ასლან აბაშიძეს ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, მიკროფონები არავის ბალანსზე არ იყო აყვანილი. რევოლუციის მერე ეს აპარატურა გამოყარეს თეატრიდან, უმაღლეს საბჭოში კი ადგილი არ ჰქონდათ. როდესაც მიხეილ მახარაძე გახდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვკითხე რა მექნა აპარატურისთვის. მან მითხრა, რომ ჯერ მე მქონოდა და ადგილს მერე მოუნახავდნენ. ეს გაგრძელდა ოთხ თვეს. ამ პერიოდში აპარატურა უმაღლეს საბჭოში 15-ჯერ მივიტანე, დავამონტაჟე, შემდე ავალაგე და ისევ წავიღე. ამხელა აპარატურის რამდენჯერმე შეტანა და გამოტანა უმაღლეს საბჭოში, სადაც არის დაცვა, უსაფრთხოების სამსახური, ნებართვის გარეშე შესაძლებელია?!

ბრალდება კი სწორედ ამ აპარატურის მითვისება იყო.

  • გაქვთ იმის მტკიცებულება, რომ ნამდვილად მიიტანეთ აპარატურა?

საქმეში დევს „მითვისებული“ ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც თეატრის ბუღალტერი და დირექტორი აწერენ ხელს.

  • ახლა რას ითხოვთ?

არაფერს, თავისუფლებას ვითხოვ.

  • თქვით, რომ გერმანიიდან იღებდით დაკვეთებს. ახლაც ახერხებთ უცხოეთში მუშაობას?

გერმანიიდან 15-დღიანი მონტაჟის დაკვეთები მქონდა, ეს ყველაზე კომფორტული საქმე იყო. ერთი წლის წინ ისევ მივიღე იგივე დაკვეთა, მაგრამ არ გამიშვეს. ელჩს ვუთხარი გასასამართლებელი რომ ვიყავი. საელჩომ იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია. წარმოუდგენელია, მაგრამ იქედან მიწერეს, რომ მე პროკურატურასთან ქონებრივი პრეტენზია მაქვს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის ორი მხარე

თამარ, აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, შეძლებს მაუწყებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას?

კარგი ფაქტია, როცა ვიღაცას გაახსენდა, რომ სახელმწიფო ტელევიზია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, კარგია, რომ ვიღაც ზრუნავს მისი სტატუსის შეცვლაზე. მაგრამ ამ კანონპროექტში ერთი მნიშვნელოვანი რამ არ ჩანს: ტელევიზიის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის უფლებამოსილებები არ არის კარგად განსაზღვრული და საერთოდ არ არის განსაზღვრული უფლებამოსილების შეწყვეტის ფორმები. მესმის, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამავალი დებულება, მაგრამ ამ ფორმით მისი მიღება, ალბათ, რთული იქნება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია აღებულია მაუწყებლობის შესახებ კანონიდან. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ მაუწყებლის ფორმირების ეს პრინციპები მიუღებელია და პროფესიული წრეები მუშაობენ მის შეცვლაზე. მაგალითად, კანდიდატების დასახელების უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა არჩევდეს დასახელებულ კანდიდატთაგან სამს, ეს პარლამენტის პრეროგატივა უნდა იყოს. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტთან დაკავშირებითაც იგივე მოდელია შერჩეული – მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ წარუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად. 

თქვენი აზრით, ვინ უნდა წარადგინოს კანდიდატები?

ეს შეიძლება უმაღლესი საბჭოს ფუნქცია იყოს… თუ ამ პროექტს საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნონ, რომ ეს არის დროებითი მოქმედების წესი და არა საკითხის კონცეპტუალური გადაწყვეტა.

 

თქვენ, როგორც იურისტი, ამ კანონში რას შეცვლიდით?

უკვე მომზადებული პროექტი იმ მოდელის შესაბამისია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი პირების დამოუკიდებლობას. ისინი დამოკიდებულნი არიან იმათზე, ვინც მათ ირჩევს. შესაბამისად, მოდელის განმეორება მაშინ, როცა შეგვიძლია კარგი მოდელი გავაკეთოთ, პროგრესული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს. მაგრამ გარდამავალ ეტაპზე, როცა, მაგალითად, აჭარის მთავრობას ბიუჯეტი აქვს შესამუშავებელი და არ სურს ჰქონდეს სახელმწიფო ტელევიზია, ეს კარგია. ოღონდ მის ამ სურვილის გათვალისწინება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე.

 

ახალი და კარგი მოდელი რა არის?

რა პრობლემები არსებობს დღევანდელ საზოგადოებრივ მაუწყებელში? – მაუწყებლის საბჭოსა თუ დირექტორის არჩევის წესი ხარვეზებს შეიცავს. უფრო მეტად სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესშია ხარვეზები, რადგან პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება საბჭოში. ამ კანონით მაღალი იმუნიტეტი აქვს საბჭოს, ხოლო გენერალური დირექტორი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშეც კი – გენერალური დირექტორი ხელშეკრულებით და კანონით მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები, მაგრამ ეს გარანტიები საკანონმდებლო უპასუხისმგებლობაში არ უნდა გადადიოდეს. დღეს სწორედ ამ ფარგლებში ვართ – თუ გენერალური დირექტორი სათანადოდ ვერ ასრულებს მოვალეობას და სამეურვეო საბჭო თვალს ხუჭავს ამაზე, დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენება გარედან შეუძლებელია, თუ, ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაული არ დამტკიცდა. საზოგადოებამ რომც დაამტკიცოს, რომ გენერალური დირექტორი ცუდი მენეჯერია, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული. ეს არის ცუდი.

 

სამეურვეო საბჭო და დირექტორი აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, ინიშნებიან ერთი წლის ვადით. ამ პირობებში რამდენად ქმედით ორგანოს მივიღებთ?

ასე, ალბათ, სწორედ იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი დროებითია. თუმცა მისი დაფინანსების წყაროც ზუსტად ისეთივეა, როგორიც საზოგადოებრივ მაუწყებელში – პირდაპირ არის ბიუჯეტზე მიბმული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დამოუკიდებლობას მარტო ფორმირების წესი არ უზრუნველყოფს, მას განსაზღვრავს ფინანსები. დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნისათვის სამართლებრივი ნორმები არ არის საკმარისი.

 

დაფინანსების რა მეთოდით შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამოუკიდებლობის მყარი გარანტიების მიცემა?

საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება არსებობდეს მოქალაქეების გადახდილი საშემოსავლო გადასახადის წილიდან, მაგრამ, თავის დროზე, როდესაც ამაზე მიდიოდა მსჯელობა, ითქვა, რომ ეს გაუზრდიდა საშემოსავლო გადასახადებს მოქალაქეებს, რაც გამოიწვევდა უკმაყოფილებას, ამიტომაც შემოიღეს დაფინანსების დროებითი წესი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ საკითხზე მსჯელობა არ მიდის. საშემოსავლო გადასახადებიდან დაფინანსების მუხლის სრულყოფილად ამოქმედებამდე საქართველოს მაუწყებელს ბიუჯეტი 0,13 პროცენტით აფინანსებს.

 

ესაუბრა ეთერ თურაძე

„ჩამორჩენილი“ და „დაუფასებელი“ სამინისტროს ახალი, მდიდარი მინისტრი

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ბიზნესიდან მოვიდა და მინისტრად დანიშვნიდან 10 დღეში ბიზნესი უნდა გაესხვისებინა. ამბობს, რომ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა – წლიური მოგება 100 000 ათასზე მეტ დოლარს შეადგენდა.

 

ზაურ ფუტკარაძე, რომელიც ბიზნესსაქმიანობას ევროპის ქვეყნებშიც ეწეოდა, ოფიციალურად ფლობდა შპს „ფერმერთა სახლის“ 50 პროცენტს და კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „საბატას“ 30 პროცენტს. მინისტრი ირწმუნება, რომ ორივე წილი უკვე გაასხვისა, პარტნიორებს დაუთმო: „რამდენად გავყიდე, ამას არ გეტყვით“, – ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

 

ბიზნესიდან მოსული მინისტრის შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ. ერთი ლონდონშია, მეორე – პოლონეთში. არც ერთ მათგანს მინისტრი მამის დახმარება აღარ სჭირდება, ორივე მუშაობს და საკუთარი სოლიდური შემოსავალი აქვს. 

 

კერძო კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს მინისტრის მეუღლეც.

 

ზაურ ფუტკარაძეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კავშირი მანამდეც ჰქონდა, ვიდრე მინისტრი გახდებოდა.

 

2005-2008 წლებში მის მიერ დაფუძნებული კომპანია ამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდა. მთავრობის დაფინანსებით მინისტრის მიერ დაფუძნებული კომპანია ამერიკულ პეპელას ებრძოდა, თუმცა ამბობს,რომ ამას იძულებით აკეთებდა. კითხვაზე: ვინ აიძულებდა? პასუხობს, რომ შესაბამისი სამსახურები,  „ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემზეც მოქმედებდა, როცა ვხედავდი მცენარეზე ფოთოლი აღარ იყო, ვალდებულებასაც ვგრძნობდი“.

 

ჯამში ბიუჯეტიდან მიღებული თანხა 300 000 ლარს შეადგენდა.

 

წარსულზე, ბიზნესსა და მთავრობაზე საუბარი არ მოსწონს მოტივით – „ჩემი წარსული აქ მოსვლამდე იყო სუფთა, ნათელი“ – ამბობს ის.

 

მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მედიის მიმართ კეთილგანწყობილია, მაგრამ როცა ჟურნალისტი ღია ეთერში უსვამს კითხვას – „რატომ დაგეხმარათ ლევან ვარშალომიძე კრედო “ბანკიდან სესხის მიღებაში“, ფიქრობს, რომ ჟურნალისტს „შოუს შექმნის“ ან მისი დისკრედიტაციის მიზანი აქვს. „როცა წარმატებული ბიზნესია და არსებობს ბიზნესგეგმა, ბანკის ინტერესია გასცეს სესხი. მე პროკრედიტ ბანკიდანაც ამიღია 150 000 დოლარი სესხად, რად მინდოდა ლევან ვარშალომიძის შუამდგომლობა“.

 

ენდობა თუ არა მინისტრი მედიას, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ „ბათუმელებისა“ და მინისტრის ამ ინტერვიუს მისი თანაშემწე, პარალელურად თავიდან ბოლომდე იწერდა. 

 

სამინისტრო, რომელსაც ახლა წარმოადგენს ზაურ ფუტკარაძე, მიაჩნია, რომ ჩამორჩენილი იყო. „არა იმიტომ, რომ აქ არაპროფესიონალები მუშაობდნენ, იმიტომ, რომ ბიუჯეტი დაბალი ჰქონდათ. 3 მილიონად სოფლის მეურნეობას ვერ ამოქოქავ“ – ამბობს ის.

 

მისი მინისტრობის პერიოდში ვარაუდობს, რომ მიზნობრივი პროგრამების ოდენობა 2-დან 10-მდე გაიზრდება, ბიუჯეტი კი 3 მილიონის ნაცვლად 12 მილიონს მიაღწევს.

ამბიციური გეგმების განხორციელება ახალმა მინისტრმა საკადრო პოლიტიკით დაიწყო. შეცვალა მინისტრის ოთხივე მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი.

 

ამბობს, რომ უხერხულობას არ გრძნობს იმის გამო, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე, სულიკო ბერიძე, ბოლოს მის კომპანიაში მუშაობდა. სულიკო ბერიძე სამინისტროში მეცხოველეობის დარგს უხელმძღვანელებს, მინისტრიც და მოადგილეც სამინისტროში თითქმის ერთდროულად მოვიდნენ. „დღეის მონაცემებით აჭარაში გვყავს ორი მეცნიერებათა დოქტორი მეცხოველეობის დარგში, ვაჟა იაკობაძე, რომელიც 70 წელსაა გადაცილებული და სულიკო ბერიძე“ – ამბობს ზაურ ფუტკარაძე. 

 

საკადრო ცვლილებებს იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ თანამშრომლებს მონდომება და საქმის სიყვარული ვერ შეამჩნია.

 

თანამშრომელთა დათხოვნის შემთხვევაში არჩევანი დიდი აქვს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის დაწყების მსურველთა რაოდენობა უკვე 400 აღწევს.

 

მინისტრის მოსაცდელში რიგი დგას. უმრავლესობას მინისტრთან შეხვედრა და მისი მონახულება სურს.

 

ახალ მინისტრს მომავლის ასეთი გეგმები აქვს: სამინისტრო აპირებს აღადგინოს ჩაის პლანტაციები და „აბიბინებულ ჩაის რომ დაინახავს ინვესტორი, 1 ლარს კი არა 100-ს და მეტს გადაიხდის. ადრე ერთ ლარად გასხვისდა ჩაის პლანტაცია და ახლა მოვიწვიეთ ინვესტორის წარმომადგენელი. რაც უნდა ყოფილიყო გაკეთებული, საერთოდ არაფერი შესრულებულა. კიდევ ერთ ინვესტორს შევხვდით და ვუთხარით, რომ  ალტერნატიულ სახელმწიფო მინიფაბრიკებს შევქმნით, რომ თქვენ არ მოახდინოთ მონოპოლიზება. ინვესტორმა გვითხრა, რომ მას  ჩაი თურქეთიდან შემოაქვს და თქვა, რომ თუ ადგილზე იქნება, ის მზად არის, მოკრეფილ ჩაიში 80 თეთრი ან ლარი გადაიხადოს. 80 თეთრს რომ მიიღებს მოკრეფილ ჩაიში, ოჯახი ამოისუნთქავს“ – ამბობს მინისტრი, რომელიც გვარწმუნებს, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფო ფაბრიკები სულაც არ ნიშნავს სოციალიზმის დაბრუნებას, „თუმცა სოციალიზმის ელემენტებს თუ სწორედ გამოიყენებ, არ არის ცუდი, ჩინეთის ეკონომიკა ძალიან წარმატებულია, ამერიკული ფერმერული მეურნეობიდანაც შეიძლება რამდენიმე დეტალის გადმოტანა“.

 

ზაურ ფუტკარაძე დარწმუნებულია, რომ კურსი, რომელიც სოფლის მეურნეობაში აქვს არჩეული, შედეგს მოიტანს. დაკმაყოფილდება ადგილობრივი ბაზარი და მყარი ვალუტა საზღვარგარეთ აღარ გავა კიტრისთვის, პომიდვრისა და გაყინული ქათმისთვის.

 

კიდევ ერთი მიზნობრივი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მინისტრი გეგმავს, მცენარეთა ნერგების დარიგებას ითვალისწინებს თანადაფინანსების პრინციპით, „თუ ჩვეულებრივი პომიდორი ისხამს 3 კილოგრამს, ამ შემთხვევაში მოისხამს 10-12 კილოგრამს. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ოჯახი, ვინც სოფელში ცხოვრობს. ამით ბოსტნეულის იმპორტი ოცდაათი პროცენტით შემცირდება“ – ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

 

მინისტრს, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს კულტურის დაბრუნებაზე. იგი მოსახლეობას კაკლის ახალ ჯიშს შესთავაზებს, რომელიც ნაყოფს ორ წელში იძლევა და მისი გატეხა ხელითაც შეიძლება. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა კვლევის შედეგს ნახავს იმის შესახებ, რომელი უფრო მომგებიანი იქნება, კაკალი თუ წებოვანი თამბაქო. კაკალი,  ჩაის „აბიბინებული პლანტაციაც“ და მსხმოიარე პომიდორიც მომავლის გეგმებია. სამინისტროს ახალ შემადგენლობას პირველი გამოცდის ჩაბარება ნარინჯისფერ რთველზე მოუწევს. აჭარაში მანდარინის კრეფა უკვე დაიწყეს. პრობლემა გასაღების ბაზარია.

ვახო წულაძე აჭარის პირველი გარემოსდამცველი გახდა

„…ძილის მდგომარეობაში მყოფი სამმართველოდან უნდა გადავიქცეთ აქტიურ ორგანოდ, მინდა გითხრათ, რომ ექვსი თვე ვერ დავიძინებთ და მეც თქვენთან ერთად ვიქნები“ –  ამ სიტყვებით დაიწყო თანამშრომლებთან ურთიერთობა გარემოს დაცვის სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა. სამმართველოს თანამშრომლებს მისი შეფასება არ გაუპროტესტებით, დუმილით უპასუხეს მოსალოდნელი ექვსთვიანი უძილობის შესახებ შეტყობინებასაც.  

 

 

პირველ რიგში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალში, სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა დონორი ორგანიზაციების მოძიება და სტრუქტურული ცვლილებები დაასახელა. ახალ ხელმძღვანელს  სამუშაო მაგიდაზე წინამორბედისგან  სამმართველოს დოკუმენტები, სამუშაო მაგიდასთან კედელზე კი მიხეილ სააკაშვილის ფოტო დახვდა.   

 

სამმართველოს უფროსის თანამდებობა ვაკანტურია გასული პარასკევიდან, მას შემდეგ, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა ოლეგ ბოლქვაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

 

 წინამორბედისგან განსხვავებით ვახო წულაძეს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის არაერთი საერთაშორისო გარემოს დაცვითი პროექტის კოორდინატორი, მათ შორის ბუნების დაცვითი მსოფლიო ფონდის (WWF) მტირალას ეროვნული პარკის კოორდინატორი და UNDP -ის  კონსულტანტი იყო აგროეკოლოგიისა და ეკონომიკის დარგში. ბოლო პერიოდში კი ის ბათუმის ბულვარის მარკეტინგულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.   

 

Exit mobile version