Batumelebi | ორთაბრძოლების კლუბი ბათუმში ორთაბრძოლების კლუბი ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ორთაბრძოლების კლუბი ბათუმში

ირაკლი დარცმელიძე

 

FIGHT CENTER   ასე იწოდება ორთაბრძოლების კლუბი, რომელიც ახლახან ბათუმში გაიხსნა. სამი მეგობრის: გივი კერესელიძის, გოჩა აბაშიძისა და არტურ უსტიანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიკბოქსინგის, კრივისა და კარატეკიოკუშინკაის შეისწავლიან კლუბში. ბათუმელები კლუბის ერთერთ დამფუძნებელს გივი კერესელიძეს ესაუბრა


გივი კერესელიძე: გოჩა აბაშიძესა და არტურ უსტიანთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეხსნა აღნიშნული კლუბი, სადაც ეს სამი სახეობა შეისწავლებოდა. ვიქირავეთ ფართობი გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სტამბის (გორგილაძის 91, მე-2 სართული) შენობაში და საკუთარი ხარჯებით გავარემონტეთ. სპორტსმენები და მათი მშობლებიც დაგვეხმარნენ. მართალია, ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის სამუშაოები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება. მიუხედავად ამისა, ვარჯიშები უკვე მიმდინარეობს და მსურველებიც ბლომად გვყავს. რინგის აწყობას მალე დავასრულებთ, სამომავლოდ ტატამსაც დავაგებთ. კლუბის თავმჯდომარე გოჩა აბაშიძეა, წარსულში ცნობილი მოკრივე და ამჟამად არანაკლებ ცნობილი მწვრთნელი, რომელმაც არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა.

 

 

კერძო სექტორი ხართ, ფინანსური ინტერესიც გაქვთ ალბათ

 

 

– როდესაც ამ საქმეს ვიწყებდით, ფინანსებზე არ გვქონდა საუბარი. უბრალოდ გვიყვარს ჩვენი საქმე და ვცდილობთ, მომავალი თაობა აღვზარდოთ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რაიონების სპორტულ სკოლებთან და შაბათ-კვირას ხშირად გვსტუმრობენ. ერთობლივ წვრთნებსა და სპარინგმატჩებს ვატარებთ, სადაც საუკეთესო სპორტსმენებს ვავლენთ, რომლებიც, ვიმედოვნებთ, რომ მოგვიანებით, როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ. გარდა ამისა, ამ დარბაზში ჩავატარებთ ლოკალური ხასიათის საერთაშორისო ტურნირებს როგორც ნახევრადპროფესიონალებს, ასევე პროფესიონალთა შორისაც. მებრძოლები ჩამოვლენ თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა კუთხიდან.

 

 

დღეს საკმაოდ პოპულარულია ორთაბრძოლების K1 და M1 ვერსიები

 

 

– ჩვენთან ძირითადად კრივი, კიკ-ბოქსინგი და კარატე-კიოკუშინკაი შეისწავლება, თუმცა, თუკი ვინმეს ექნება რომელიმე ვერსიით ვარჯიშის სურვილი, არც ეგ არის პრობლემა, შეგვიძლია ინდივიდუალური პროგრამა შევუდგინოთ. მივიღებთ ნებისმიერი ასაკის მსურველს და მისი ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩავუტარებთ ვარჯიშს. მართალია, ფასიანი ჯგუფები გვყავს, გადასახადი თვეში 30 ლარამდეა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და აქცენტი ბავშვთა სპორტია და გვინდა, საქართველოს ნაკრების წევრები მოვამზადოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე