სიახლეები

ქალები მართავენ

10.12.2012 • 2249
ქალები მართავენ

„წლის მენეჯერი“ სადაზღვევო ბიზნესიდან

სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნინო ფაცია გასულ წელს აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აჭარაში საუკეთესო მენეჯერ ქალად დაასახელა. „საერთოდ არ ველოდი ამ სტატუსს. ბათუმში ბევრი მენეჯერი ქალია, რომლებიც უბრალოდ არ ჩანან. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობდი, დავიმსახურე თუ არა. როცა საქმე ჩემს სამსახურს ეხება, აბსოლუტურად ბოლომდე მივყვები, მერე ჩემს თავზე რომ არ დავრჩე ნაწყენი. მთელი დღე რაღაცას აკეთებ და სახლში რომ მიდიხარ, ყველას რომ დააძინებ, ჯდები და ფიქრობ. რამე თუ არ გამოგივიდა, ეს რაღაცნაირად გბურღავს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ საღამოს ეს გრძნობა არ მქონდეს“, – ამბობს ნინო.  

 

ნინომ მუშაობა 17 წლის ასაკში ფოთში დაიწყო, ერთ-ერთ საზღვაო სააგენტოში ასისტენტად. მოგვიანე-ბით ფოთის ნავსადგურში გადავიდა კურიერად. შემდეგ პორტის მარკეტინგის განყოფილებაში მუშაობდა, სადაზღვევო კომპანიაში მისვლამდე კი ფოთში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი სერვისცენტრის მმართველიც იყო“.

 

„2007 წლიდან გადმოვედი სადაზღვევო კომპანიაში. ამ ოფისში რომ შემოვედი პირველ დღეს, ვიტირე. იმიტომ, რომ იყო ჩაკეტილი, გაურემონტებელი, არ ვიცოდი ბათუმის ქუჩები. პირველად დავაზღვიე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია – „ზიმო 7“.

 

მთელი დღეები დავრბოდი, ხან ქარხანაში ვიყავი, რამე არ გამომრჩეს-მეთქი,  ყველაფერს ვამოწმებდი. ბაყაყი რომ ჩავარდება ქოთანში, რძეს იმდენ ხანს დღვიბავს, რომ არაჟანი

 

გაკეთდება და ამოძვრება. ისე ვიყავი ზუსტად. არ მჯერა, რომ ადამიანს რამის გაკეთება არ შეუძლია. ყველაფერი შეუძლია. მთავარია, მონდომება, პასუხისმგებლობა და დანარჩენი ყველაფერი იქნება“, – ამბობს ნინო. 

კითხვაზე, რამ განაპირობა მისი, როგორც მენეჯერის წარმატება, პასუხობს რომ პასუხისმგებლობის გრძნობამ. „ვფიქრობ, ადამიანმა რომ წარმატებას მიაღწიოს, უნდა იყოს შრომისმოყვარე და მთავარია, ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს ყველაფერს მოიცავს, პასუხისმგებლობის გრძნობა სიყვარულს გასწავლის, შრომისუნარიანობას გინვითარებს. ეს არის ალბათ ყველაფრის საწინდარი“.

 

კარიერაზე საუბრისას ოჯახს კარიერის გვერდით აყენებს და ამბობს, რომ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია მისთვის.

 

„ქალი მენეჯერი და ქალი მეოჯახე, ეს ორი განსხვავებული რამეა, რომელთა შორის არ უნდა დაირღვეს ბალანსი. როდესაც ირღვევა ბალანსი, მაშინ ქალი ხდება გაუწონასწორებელი. ქალმა მენეჯერმა იმდენი დრო უნდა დახარჯოს მის სამსახურზე, რამდენსაც ხარჯავს ოჯახზე. სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ ბალანსი დაირღვევა. რაც მთავარია, თუ გიყვარს, ყველაფერი გამოდის. სამსახურში ვმუშაობ, მთელი დღე გადარბენაზე ვარ. საღამოს მივდივარ სახლში და მეორე ცა იხსნება. ადიხარ დაღლილი კიბეებზე, გააღებ კარებს, შეგხვდება მეუღლე და მორჩა, დამთავრდა. შაბათ-კვირას არასოდეს ვმუშაობ. მანამდე დილის ცხრაზე მივდიოდი სახლიდან და საღამოს თორმეტზე შემოვდიოდი. ახლა რაღაცნაირად ეს გავმიჯნე. შაბათ-კვირას ჩემს შვილს ვუთმობ. არ მინდა რამე  შემეშალოს ჩემი შვილის აღზრდაში, რამე გამომეპაროს“.

 

მენეჯერი „რჩეული ვილადან“

 

ეკა გოგიბერიძე
ეკა გოგიბერიძე

 

ეკა გოგიბერიძე ხუთი წელია ბათუმში სასტუმრო „რჩეული ვილას“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია. განათლება შვეიცარიაში მიიღო. სამუშაო გამოცდილებაც მხოლოდ ევროპული ჰქონდა, სანამ სასტუმროს მენეჯერი გახდებოდა. 

 

„მენეჯერად მუშაობის გამოცდილება, სანამ სასტუმროში არ დავიწყე მუშაობა, არ მქონდა, თუმცა ევროპაში გავლილი მქონდა ყველა დაბალი საფეხური მენეჯერამდე. უკვე ხუ-თი წელია ვმუშაობ, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. კლიენტებთან ურთიერთობა ცოტა სპეციფიკურია, ყველა კლიენტთან შეხებაში რაღაც გამოცდილება გიგროვდება და მერე ამ გამოცდილებით სწავლობ. სასტუმროს გარდა, რესტორანს ვმართავ მახინჯაურში“, – ამბობს ეკა.

 

მისი თქმით მთავარი მის სფეროში ის არის, რომ  გამოცდილება თანამშრომლამდე სწორად მიიტანოს: „ერთი თანამშრომელი მყავს სულ, რომელსაც  აქვს ამ სფეროში თეორიული განათლება, ცოტა პრაქტიკაც, დანარჩენი თანამშრომლები დილეტანტები იყვნენ. ჩემი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩემი გამოცდილება მათ გავუზიარო. იმის მისაღწევად, რომ მივლინების პერიოდში, როცა ქალაქში არ ვარ, ვიყო მშვიდად. დაახლოებით სამი წელი დამჭირდა. ახლა როცა გავდივარ ქალაქიდან, აღარ ვღელავ, თუმცა გასული სამი წლის განმავლობაში არც ერთი შაბათ-კვირა არ დამისვენია, თუ გამოუვალი სიტუაცია არ მქონდა. აბსოლუტურად მთელი ობიექტი იყო ჩემზე დამოკიდებული.

 

ქალი მენეჯერის  პლუსი არის ის, რომ  უფრო მოქნილები ვართ ამ სფეროში. ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს ჩემი თანამშრომლის ადგილზე და ვცდილობ ისე მოვექცე, ისე მივცე რაღაც  მითითება ან დავალება, რომ ამას უხეში რეაქცია მისი მხრიდან არ მოყვეს“.

 

კითხვაზე, ქმნის თუ არა სირთულეს მუშაობის პროცესში ის ფაქტი, რომ მენეჯერი ქალია, ეკა პასუხობს:

 

„პრობლემები არის, განსაკუთრებით ქართველი მამაკაცების მხრიდან, როდესაც მამაკაცი გყავს თანამშრომელი, სხვანაირად გიყურებენ და უჭირთ იმის შესრულება, რასაც ქალი ავალებს. ამ შემთხვევაში ისინი არ აქცევენ ყურადღებას, რომ მე მენეჯერი ვარ და რასაც ვეტყვი, ის უნდა შეასრულონ. ყოფილა შემთხვევა, როცა კონტრაქტში დამატებით შესრულებული სამუშაო  შემიტანია, იმიტომ, რომ მამაკაცების მხრიდან ყოფილა – „ეს არ წერია ჩემს კონტრაქტში და არ შევასრულებ“. ქალებთან ურთიერთობა ცოტა უფრო ადვილია“. – ამბობს ეკა.

 

„უარყოფითი თვისება ქალი მენეჯერის ის არის, რომ ნაკლები დრო რჩება ოჯახისთვის. ამას ძალიან განვიცდი, მაგრამ არ გამომდის. როდესაც მეკითხებიან, პირველ ადგილზე რას დააყენებ, ყოველთვის კარიერას ვარჩევ. თუ კარიერა მოწესრიგებული არ არის, პრობლემები მეტია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: